გუშინ პარკში სეირნობისას რატომღაც ადამიანთა სახეებზე დაკვირვება გადავწყვიტე. ზოგი ჩაფიქრებული გაჰყურებდა ჰორიზონტს, ზოგი სევდიანი იცქირებოდა, უმიზნოდ, ზოგიც იღიმოდა, თითქოს გულით, მაგრამ იყო მათ ღიმილში რაღაც სევდის მსგავსი. ალბათ, მხოლოდ ღმერთმა იცოდა მათი გულის სიღრმეები, მაგრამ ერთი თვალის მოვლებაც საკმარისი აღმოჩნდა ჩემთვის იმის გასაგებად, რომ სამყაროში ღიმილსა და სიხარულზე მეტად წუხილი და სევდა ტრიალებს. ხალხზე დაკვირვება რომ დავასრულე, მზერა უნებურად მზის სხივებზე გადავიტანე, რომელიც სასიამოვნოდ მითბობდა სხეულის ყოველ ნაწილს, უფალს მადლობას ვუხდიდი, ცივი ზამთრის პერიოდში ერთი ლამაზი, თბილი დღე რომ გამოგვიგზავნა. შემდეგ მზერა ღრუბლებზე გადავიტანე, რომლის ყურებაც ხმაურიანმა ბეღურამ შემაწყვეტინა. პაწაწინა ჩიტუნას ფორიაქმა ღიმილი მომგვარა და ჩემს ხალისიან განწყობას კიდევ ერთი დადებითი მუხტი შემატა. ვხარობდი ყველაფრით, რასაც გარშემო ვხედავდი, ვტკბებოდი და მიხაროდა ცხოვრება, არაამქვეყნიურ, ზეციდან მოსულ სიხარულს ვგრძნობდი და ამ გრძნობის ავტორს მადლობას ვწირავდი გულში. იქნებ იმაზე მეტი პრობლემა და წუხილის მიზეზიც მქონდა, ვიდრე ჩემ გარშემო მყოფ, მოწყენილ ადამიანებს. იქნებ ჩემს ცხოვრებას უფრო ეკუთვნოდა სევდიანი იარლიყი, ვიდრე მათსას, მაგრამ როგორ გინდა მოიწყინო, როდესაც იცი, რომ შენი ცხოვრების ყოველი ნაწილი ღმერთს უკავია? როცა იცი, რომ ერთი შეხედვით დიდ ქაოსს შენი უზენაესი მამა დიდ სიმშვიდედ გარდაქმნის? როდესაც იცი, რომ არ არსებობს არანაირი სიმაღლე, რომელიც უფლის ნებას შეაკავებს შენს ცხოვრებაში?
საკუთარ ფიქრებზე ბედნიერს გამეღიმა. უმალ მივაგენი ჩემში არსებული სიმშვიდის და სიხარულის მიზეზს. გავაანალიზე, რომ ჩემი ცხოვრების ყოველი დეტალი უფლისთვის მქონდა გადაცემული და არ არსებობდა თემა, რომელზეც ვეცდებოდი, რომ საკუთარი ადამიანური ძალებით მეკონტროლებინა. ერთი შეხედვით, ჩემი ცხოვრების ყოველი ნაწილი ქაოსს წააგავდა, უცხო თვალს რომ შემოეხედა, შეიძლებოდა ხმამაღლაც კი დაეყვირა არსებული სიტუაციის დანახვისას, თუმცა მე გასაღიმებლად მზის სხივისაგან წამოსული სითბოც მყოფნიდა.
ვფიქრობ, ყოველთვის, როცა ცხოვრებაში ფორიაქი შემოგვეჭრება, უნდა გადავამოწმოთ, იქნებ ჩვენი ცხოვრების ცხრა ნაწილი ჩავაბარეთ ღმერთს და მეათე არა? იქნებ რომელიმე კარი ვერ დავხურეთ რწმენით და ნერვიულობას დავუტოვეთ სათამაშოდ?
თუკი უფალს შენს ცხოვრებაზე სრულ კონტროლს გადასცემ, თუკი გამოითხოვ ძალას იმისათვის, რომ ყოველი პრობლემის შემაწუხებელი ხმაური რწმენის საგალობლით დაახშო, ერთ დღეს შენც გეყოფა ღიმილის და სიმშვიდის მიზეზად ის, რომ ზამთრის ცივ საღამოს უნებურად გამონათებულმა მზის სხივმა გაგათბო, შენც გაგაღიმებს პაწაწინა ბეღურის უმისამართო მიმოსვლა და მადლობას შესწირავ უფალს, რომ მიუხედავად ყველა პრობლემისა და სიძნელისა, ზეციურმა სიმშვიდემ და სიხარულმა დაიდო შენს გულში ბინა.