ალბათ, ბევრ თქვენგანს მიუღია საჩუქარი. რა ემოციები გაქვთ ხოლმე, როდესაც სასაჩუქრე ყუთს ხსნით? სანამ გახსნით, ალბათ, რამდენ რამეს წარმოიდგენთ, რომ იქ დაგხვდებათ სასურველი სათამაშო, სუნამო, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სამკაული ან ტექნიკა. საჩუქრის მიღება კიდევ უფრო სასიხარულო ხდება, როდესაც თქვენთვის ძვირფასი ადამიანი გჩუქნით რამეს. მაგალითად, მშობლებისგან საჩუქრის მიღება განსაკუთრებულად გვაბედნიერებს, რადგან ვიცით, რომ მათ სიყვარული ამოძრავებთ, როდესაც რაიმეს გვჩუქნიან. ყოფილა თუ არა თქვენს ცხოვრებაში ისეთი მომენტი, როდესაც ისეთი განსაკუთრებული საჩუქარი მიიღეთ მშობლებისგან, რომ მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდათ? ჩემს ცხოვრებაში ყოფილა და მინდა ახლა სწორედ ეს გავიხსენო.
დაახლოებით, 6 წლის ვიყავი, როდესაც მშობლებმა პიანინო მიყიდეს. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი მასზე დაკვრა, მაგრამ ჩემს მშობლებსაც ზუსტად ეს სურდათ – მესწავლა ამ ინსტრუმენტზე დაკვრა. ერთი წლის შემდეგ კი მუსიკალურ ათწლედში შემიყვანეს, სადაც პიანინოზე დაკვრის გარდა კიდევ ბევრი სხვა რამეც ვისწავლე. იმის შემდეგ მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და ის კონკრეტული ინსტრუმენტი – ჩემი პიანინო კი ჩემი მეგობარი, რომელიც საკუთარი ემოციების გადმოცემაში მეხმარებოდა და მეხმარება დღემდე. შესაბამისად, მე არ შემიძლია ამ საჩუქრის დავიწყება და მადლიერი ვარ ჩემი მშობლების, რომ წლების წინ ასეთი საჩუქრით გამიხარეს გული.
რა თქმა უნდა, მზრუნველი მშობლების სიყვარული ჩვენს ცხოვრებაში მხოლოდ საჩუქრებით არ შემოიფარგლება. საჩუქარი მხოლოდ მცირე გამოხატულებაა შვილებისადმი მშობლების უკიდეგანო სიყვარულისა და თუკი ჩვენმა ბიოლოგიურმა მშობლებმა იციან, შვილები როგორ გაგვახარონ, დაგვასაჩუქრონ და გაგვაბედნიერონ, მით უმეტეს ამ სამყაროს შემოქმედს, ჩვენს მშობელ უფალს არ ეშლება ჩვენთვის საჩუქრების გამოგზავნა. ხარ ჯანმრთელი? გაქვს სამსახური? გყავს კარგი მეუღლე და შვილები? ეს უფლის საჩუქარია შენს ცხოვრებაში. უფრო მეტიც, ცოცხლები რომ ვართ და დღევანდელი დღე რომ გაგვითენდა, ესეც დიდი საჩუქარია უფლისგან. და ვიმსახურებთ თუ არა ყოველივე ამას, იქნებ დავფიქრებულიყავით.
ღვთის საუკეთესო ქმნილებებს – ადამიანებს რომ ხშირად გულს ვტკენთ და შეურაცხყოფას ვაყენებთ თუნდაც სოციალურ ქსელში, იქნებ უფალს ვაჯავრებთ ამით?
მრავალხნიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთგულ მეუღლესა და შვილებს რომ მივატოვებთ, იქნებ უფლის წინააღმდეგ ვცოდავთ? რომ ვიტყუებით, ვიპარავთ, ვკლავთ და ვმრუშობთ, ამისთვის როგორ შეიძლება, უფლის კეთილგანწყობას ვიხვეჭდეთ?
სწორედ ამიტომ, მე და შენ სიკვდილი დავიმსახურეთ. დავიმსახურეთ, რომ უფალმა ზურგი გვაქციოს, რადგან შეგნებულად ვაგრძელებთ ცოდვას, მოუნანიებელ ცხოვრებასა და დაუმორჩილებლობას უფლისადმი. და იცით, როგორ სტკივა უფალს, როდესაც თავის მიერ გამოძერწილი თითოეული ადამიანი ცოდვას სჩადის? ამიტომ მე და შენ მონანიება გვჭირდება. გვჭირდება, რომ უარი ვთქვათ ცხოვრების ისეთ წესზე, რომელსაც გარდაუვალი სიკვდილი მოაქვს და დავიწყოთ იმ გზაზე სიარული, რომელსაც საუკუნო სიცოცხლისკენ მივყავართ. და რა მიგვიყვანს საუკუნო სიცოცხლემდე? პასუხი მარტივია – ჩვენ გვჭირდება იესო ქრისტე, რადგან მასშია საუკუნო სიცოცხლე, მასშია გადარჩენა და მასშია ცოდვების მიტევება. „ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის საჩუქარი – მარადიული სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში“ (რომაელთა 6:23).
რადგან ღმერთმა ხომ იმდენად შეგვიყვარა, რომ თავისი ერთადერთი ძე – იესო ქრისტე გაიმეტა ჯვარზე გასაკვრელად და ჩამოგვბანა ჩვენი საშინელი ცოდვები ამ უცოდველი კრავის შეწირვით, რადგან სხვა გზა არ არსებობს ღმერთთან მისასვლელად. იესო ქრისტეს მსხვერპლის გარეშე შეუძლებელია უფალთან შერიგება. და რატომ გაიმეტა უფალმა საკუთარი ძე? იმიტომ, რომ მას სურს, მივიღოთ ყველაზე დიდი საჩუქარი – საუკუნო სიცოცხლე; ის სიცოცხლე, მშვიდობა და სიყვარული, რომელიც არ დაგვიმსახურებია და ვერც ვერასდროს ვერ დავიმსახურებთ, რადგან ჩვენი ძალებით არ შეგვიძლია ყველა მცნების დაცვა; არ შეგვიძლია ქრისტეს გამომსყიდველი მადლის გარეშე უფალთან მიახლოება და ჩვენი თავების სრულყოფა. სწორედ ამიტომ, საუკუნო სიცოცხლე არის ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც შეიძლება ადამიანმა მიიღოს; ეს ის საჩუქარია, რომელსაც ვერანაირი ნივთის ბრწყინვალება და ვერც ჩვენი მშობლების მიერ მოძღვნილი ვერანაირი საჩუქარი ვერ შეედრება, რადგან იესო ქრისტეს მსხვერპლი დგას ყველასა და ყველაფერზე მაღლა.
აი, ეს საჩუქარი მოგვცა ჩვენ უფალმა, თუმცა მას გააზრება სჭირდება. უნდა ვიაზრებდეთ, რომ განსაკუთრებულ საჩუქარს განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება. იმაზე მეტი მოფრთხილება, ვიდრე ჩვენს ჩასაცმელს, საჭმელს, ნივთებსა და კავშირებს, რადგან ყველაზე კარგი, სასურველი და სრულყოფილი ის საჩუქარია, რომელიც უფალმა მოგვიმზადა.