ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ

გოდება უდაბნოდან  (ნაწილი პირველი)

მიმი ტიელიძე 27 ივლისი, 2023
მიმი ტიელიძე 27 ივლისი, 2023 171 ნახვა
171

ჩემი ცხოვრება ერთი გაუთავებელი ომია. ასე მგონია, დაბადებიდან ამოსუნთქვა არ მაცალეს და პირდაპირ შუაგულ ომში მიკრეს თავი. ომში, სადაც არც წინამძღოლი მყავს, არც დამრიგებელი, არც ექიმი და არც მეგობარი. ეს მარტოსულის ბრძოლაა. ბრძოლის ადგილი უდაბნოა. ჰორიზონტზე ოაზისი არ მოჩანს. არანაირი ნიშანი იმისა, რომ აგრილდება, რომ ჩრდილი ჩამოდგება, რომ დახმარება მოვა, რომ წყალს მომაწვდიან მწყურვალს… შორს წავედი ღმერთისგან და მეჩვენება, რომ ამ უდაბნოში  სრულიად მარტო ვარ. დავხეტიალებ… ტანსაცმელი შემომაცვდა ტანზე. ფეხსაცმელებს უკვე ძირი გასძვრა. ყოველი ფეხის გადადგმა სულს მიმწარებს. უდაბნოს ცხელი ქვიშა ისედაც დაწყლულებულ ფეხისგულებს უფრო მეტად მიწვავს. პირი მიშრება… ნეტავ ერთი წვეთი წყალი ვიპოვო. მხოლოდ ერთი წვეთი. ეგეც იმდენს ნიშნავს ჩემთვის… ნუ დამტოვებ მარტო, ღმერთო… საკმარისია ჩემი მარტოსულობა… სული ხელებში ჩამეფშხვნა… გაილია ჩემს ციცქნა სხეულში… დაავადებებმა დამაუძლურა… ძვლები მეშლება… მეუბნებიან, ჯანმრთელი ადგილი აღარ შეგრჩა სხეულშიო… გამომეფიტა ეს თითქოს ვალად მოცემული სხეული… მე ხომ თიხისგან ვარ შექმნილი… ვიფშვნები… და არ არსებობს გამომძერწავი, რომ მოვიდეს და შემაერთოს თავიდან… რომ აღმადგინოს… ნაწილ-ნაწილ ვარ დაქუცმაცებული… გული დამსხვრეულია… მეუბნებიან, ადექი და აკრიფე ეს ნამსხვრევებიო. კი, ავკრეფ, მაგრამ როგორ გავამთელო გული?.. როდის იყო, ნამსხვრევების შეერთებით მთელდებოდა იგი?.. ან სად ვიპოვო ეს ნაწილები, ხან სად დავფანტე და ხან – სად… ყველგან მიმობნეულია ჩემი გული. როგორ წავიდე და ვიპოვო?.. რაც დამრჩა, ნეტავ ისიც არ დავკარგო…

მბჟუტავი პატრუქივითაა ჩემი გული. ცოტაც და ჩაქრება… ნუ ჩააქრობ მას, უფალო… მიეცი საწვავი, რათა აინთოს და უკეთესად გაანათოს, თორემ სადაცაა, ჩავქრები… სული მელევა… ნუ დაუშვებ ჩემს ჩაქრობას… ეს სამყარო ხომ ისედაც სავსეა ჩამქრალი გულებით, რომლებიც ერთ დროს ანთებულნი იყვნენ და შემდეგ ათასმა ცხოვრებისეულმა პრობლემამ და საზრუნავმა გამოიწვია მათი ჩაქრობა… მეც უამრავ საზრუნავში ჩავიძირე, უფალო… ისინი გაუვალი ლაფივით დამაწვა… რაც უფრო წინ წასვლას ვცდილობ, მით უფრო ვეფლობი… მითრევს ეს ჭაობი… ვერაფერს ვეჭიდები… ამ ჭაობს ფსკერი არ გააჩნია… ვიფლობი და ვერ გამოვდივარ ამ პრობლემებისგან… რადგანაც შენ დაგშორდი, ღმერთო, ვგრძნობ, რომ მითრევს უმომავლობა, უიმედობა, უსახსრობა, უსამსახურობა, მარტოსულობა და უმეგობრობა; შური მითრევს, შუღლი და უთანხმოება; ეგოიზმი მაქცევს თავის მარწუხებში… ყველაფერი ჩემს ჩათრევას ცდილობს… პასუხისმგებლობის ბორკილებში ვარ… ტვირთს ვერ ვიშორებ ზურგიდან… არადა, როგორ სწყურია ჩემს სულს თავისუფლება… ბოლოს როდის ვიგრძენი ნეტავ სიმსუბუქე?..

მაკლია ღრუბლებზე სიარულის შეგრძნება… მომენატრა მსუბუქად სიარული… მომენატრა შენი ხელის ჩაჭიდება… შენი ღიმილი უკვე დამავიწყდა… შენი ხმა დიდი ხანია, არ გამიგონია… შენს სუფრასთან ბოლოს როდის ვიყავი, აღარ მახსოვს… აღარაფერი მახსოვს შენზე, უფალო… დამავიწყდა, როგორია შენთან ყოფნა..

და მე ამ ჭაობში ვიძირები…

ცოდვის ბორკილებში ვარ…

გამათავისუფლე, – ვიძახი დამონებული.

მიშველე, – ვიძახი სულგამწარებული.

ხელი მომკიდე, – ვამბობ მიტოვებული.

ამამაღლე, – ამოვთქვამ დამცირებული.

ჩემ მაგივრად შური იძიე, – შემოგღაღადებ იმედგაცრუებული.

დამცინიან ჩემი მტრები. ისე მექცევიან, თითქოს ძაღლი ვიყო ან მათი გასართობი სათამაშო. ხმა ამოიღე ჩემ ნაცვლად, უფალო, და სამაგიერო გადაუხადე! მე ხომ არ მაქვს შურისძიების უფლება… შენ იმოქმედე! ნუთუ ვერ ხედავ, რომ შენს შვილს ამცირებენ. ასწავლე გაკვეთილი მათ! ჩემი გულის იარები კი მოაშუშე. დავით მეფეს ხომ უსმენდი, მისი ღაღადი ხომ არ გამოგრჩენია. ასევე მოაპყარ ყური ჩემს ვედრებას… სამართალი აღასრულე. ნუ გაიხარებს ბოროტი ჩემზე! შემიბრალე! ამამაღლე!

ღმერთო, მომეცი ძალა, რომ შეგისრულო დადებული პირობა, რომ აღარ დავარღვიო ისინი, აღარ გაგიცრუო იმედი; ჩემი საკუთარი ძალისხმევით ამას ვერ შევძლებ; მომეცი ძალა, რომ ვიყო მადლიერი და მუდამ გაღიარებდე ჩემს მხსნელად!..

მიმი ტიელიძე

დატოვე კომენტარი პასუხის გაუქმება

შეინახე ჩემი სახელი, ელ.ფოსტა და ვებგვერდი ამ ბრაუზერში, შემდგომი კომენტარების დასატოვებლად.

შემთხვევითი ბლოგები

ჩვენისთანა ბედნიერი… – წერილი ახალგაზრდებს

14 მაისი, 2018

რამ მომიყვანა შენთან?!

29 დეკემბერი, 2020

დალურსმული ხელები

23 აპრილი, 2022

და მაინც, მან მოგიწოდა

20 ნოემბერი, 2018

კმარა, უფალო!

5 დეკემბერი, 2019

თვალი მიაპყარი ზეცას

15 მარტი, 2019

მალე უფალი გოლგოთას შეუდგება

15 აპრილი, 2020

მე არ დავსრულდი…

20 დეკემბერი, 2019

რწმენით მიღებული ფრთები

2 დეკემბერი, 2020
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    უფალი ლაპარაკობს!

    23 დეკემბერი, 2020
  • 2

    პატიება

    5 დეკემბერი, 2015
  • 3

    სწორად აღვლენილი ლოცვა

    20 სექტემბერი, 2021
  • 4

    „დაემორჩილე უფლის ხმას, წამოდექი!“

    9 ივნისი, 2022
  • 5

    ბარაბას ადგილზე რომ ვყოფილიყავით…

    14 აპრილი, 2023


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ