ოჯახსა და სკოლაში ხშირად გვასწავლიან უფროსებისადმი მორჩილებას. როდესაც პატარა ვიყავი, ამ ყველაფერს თვალდახუჭული ვასრულებდი. ვემორჩილებოდი მშობლებს, ბებია-ბაბუას, ჩემი სკოლის მასწავლებლებსა და სკოლის დირექტორს. მათი სიტყვა ჩემთვის კანონი იყო. ვასრულებდი, რასაც მეტყოდნენ, რადგან ისინი უფროსები იყვნენ. თუმცა, რამდენადაც ერთგული ვიყავი უფროსებისადმი მორჩილებაში, იმდენად ნაკლებად ვუსმენდი და ვემორჩილებოდი ჩემს თანატოლებსა და ჩემზე უმცროსებს, იმიტომ, რომ საზოგადოებამ არ მასწავლა სოციუმის სხვა დანარჩენი წევრების პატივისცემა და მორჩილება. ჩემ გარშემო მყოფ საზოგადოებას დაავიწყდა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ესწავლებინა – დავემორჩილო უფალს, რომელიც ძალიან ხშირად ჩემზე ბევრად უმცროსი ან თანატოლი ადამიანების მორჩილებას მავალებს. ახლა კი მინდა, გავიხსენო ერთი პატარა და ძალიან უბრალო მოვლენა, რომელმაც თვალები ამიხილა უფლის მორჩილებაზე.
ერთხელ ქრისტიანულ ახალგაზრდულ ბანაკში წავედი, სადაც მონაწილეთა და ბანაკის ლიდერთა უმეტესობაც კი ჩემი თანატოლი იყო. პირველ დღეს გვაჩვენეს ბანაკის ტერიტორია და აგვიხსნეს საერთო სარგებლობის ადგილების გამოყენების წესები. მაგალითად, გვითხრეს, რომ ცალკე იყო მონაწილეების და ბანაკის ლიდერების სააბაზანო ოთახები, და რომ მონაწილეები მხოლოდ მათთვის განკუთვნილ სააბაზანოში უნდა შესულიყვნენ. ცნობისმოყვარეობამ მძლია და ცოტა ხნის შემდეგ შევათვალიერე ყველა სააბაზანო ოთახი. აღმოჩნდა, რომ ბანაკის ლიდერების სააბაზანო ბევრად კეთილმოწყობილი იყო. იქ ბევრად კომფორტული იქნებოდა შხაპის მიღება. ეს როგორც კი აღმოვაჩინე, მაშინვე დავიწუნე მონაწილეებისთვის განკუთვნილი სააბაზანო და გადავწყვიტე, რომ ლიდერების სააბაზანოთი მესარგებლა. თუმცა, ასე პირდაპირაც ვერ ვიზამდი ამას. თანხმობა მჭირდებოდა. როცა მოსაღამოვდა, ერთ-ერთ ლიდერს ვკითხე: არ შეიძლება, რომ ლიდერების სააბაზანოში შევიდე? თან ახლა ცარიელია, შიგნით არავინ არის და მგონი, არაფერი მოხდება-მეთქი.
ეს ლიდერი ზუსტად ჩემი თანატოლი იყო, თან ჩემი მეგობარი. მან მითხრა, რომ ბანაკის წესებს ყველა უნდა დაემორჩილოს და თუნდაც ის სააბაზანო ცარიელი იყოს, იქ ლიდერების გარდა არავინ არ უნდა შევიდესო. გული დამწყდა, მე სხვა პასუხს ველოდი, თუმცა არ შევიმჩნიე იმედგაცრუება და დავეთანხმე ამ ადამიანს: კარგი, რადგან არ შეიძლება, არ შევალ-მეთქი. ეს ვუთხარი და გამოვტრიალდი, მაგრამ მაინც არ მასვენებდა ფიქრი იმ სააბაზანოზე. განა როგორი გამორჩეული იყო, გულში ასე რომ ჩაგივარდაო, ალბათ მკითხავთ, მაგრამ გიპასუხებთ, რომ აქ კომფორტი არაფერ შუაში არ იყო. საქმე ჩემს დამოკიდებულებაში გახლდათ: გულში ვფიქრობდი, რომ ბანაკის ლიდერები არავისზე მეტს არ წარმოადგენდნენ და თუკი მათ უნდა მიეღოთ შხაპი კომფორტულად, მონაწილეებსაც უნდა ჰქონოდათ ამის საშუალება.
გულში გადავწყვიტე, რომ მეც არ ვიყავი ვინმეზე ნაკლები. ისე, რომ არ გამიმხელია არავისთვის, ავდექი და მივაშურე ლიდერების სააბაზანოს. დიდი სიხარულით შევვარდი და დავიწყე ბანაობა. შუა პროცესში წყალი გაცივდა. თავიდან ვერ მივხვდი, რა ხდებოდა; წესით, წყალი არ უნდა გაცივებულიყო; ხან რა ვცადე, ხან – რა, მაგრამ ვერაფრით გავაცხელე წყალი. რამდენიმე წუთი ტყუილად რომ ვეწვალე, დავნებდი. ნერვები მომეშალა, გავბრაზდი, ასე ქაფიანი სად გავიდე-მეთქი, მაგრამ მაინც დავიწყე ტანსაცმლის ჩაცმა.
უცბად სიმწრის ოფლმა დამასხა, რადგან გავიაზრე, რაც მოხდა. მე ლიდერის აზრი არაფრად ჩავაგდე, მე მას არ დავემორჩილე, არადა მევალებოდა მისი მორჩილება. მერე რა, რომ ჩემზე უფროსი არ იყო ასაკით; მერე რა, რომ ჩემი მეგობარი იყო. მივხვდი, წყლის გაცივება ნიშანი იყო უფლისგან, რომ მე არასწორად მოვიქეცი. განა უფალს ჩემთვის ცხელი შხაპი დაენანა დამღლელი დღის ბოლოს? არა, უბრალოდ მას არ მოეწონა ჩემი გულის მდგომარეობა, რომ მე: ლიდერების დონემდე ავამაღლე ჩემი თავი; ამავდროულად, სხვა მონაწილეების დონეზე მყოფად არ მივიჩნიე საკუთარი თავი (იმის ფიქრით, რომ მე მეტი მეკუთვნოდა); არ დავემორჩილე უფროსებსა თუ უმცროსებს… ადამიანებისადმი მორჩილება კი, კონკრეტულად ხელმძღვანელობისადმი მორჩილება, უფლის მცნებებში შედის. უფალი ხომ ამბობს:
„დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ მმართველობას უფლის გულისთვის, იქნება ეს მეფე, როგორც უმაღლესი მმართველი, თუ გამგებლები, მისგან წარმოგზავნილები ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილის მოქმედთა საქებრად.“
ამ კონკრეტული ლიდერისადმი ურჩობით მე რეალურად უფლისადმი ურჩობა გამოვავლინე. მივხვდი, რომ ჩემთვის უფალს გაკვეთილის სწავლება უნდოდა ამ მაგალითით. და მე მივიღე ეს გაკვეთილი. ვისწავლე ისიც, რომ უნდა დავემორჩილო ჩემს თანატოლებსა და უმცროსებსაც კი, თუკი ასე სურს უფალს; რომ არ უნდა გავარჩიო ადამიანები; რომ მხოლოდ უცხო ადამიანებისადმი კი არ უნდა მქონდეს რიდი, არამედ მეგობრების მიმართაც; რომ არ უნდა უგულებელვყო ნებისმიერი ადამიანური ხელმძღვანელობა.
„ასევე ახალგაზრდებიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ერთმანეთისადმი მორჩილებით თავმდაბლობა შეიმოსეთ, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს.“
მორჩილება საკვანძო საკითხია ადამიანის ცხოვრებაში. იმ ადამიანს წარმატება არ ექნება, რომელსაც უფლისა და ადამიანების მორჩილება არ სურს. შეძლებით ყველას შეგვიძლია, უბრალოდ ხანდახან ჩვენი სიამაყე გვიშლის ხელს, რომ დავემორჩილოთ უფალს და გარშემო მყოფ ხალხს. ნუ იქნებით ჩემსავით მეამბოხე ადამიანი, რომელმაც საკუთარი მეგობრის მორჩილება არაფრად მიიჩნია; რომელმაც დაივიწყა უფლის მორჩილება და მცნებები. იყავით უფლის ხმის მომსმენნი, დაემორჩილეთ მას, თუნდაც ყველაზე საშინელი ხელმძღვანელებისადმი მორჩილება დაგავალოთ მან; რადგან
„განა ისევე ეამება უფალს სრულადდასაწველნი და მსხვერპლნი, როგორც უფლის ხმის მორჩილება? აჰა, მორჩილება მსხვერპლზე უკეთესია და მოსმენა – ვერძის ლურთებზე.“