ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ

მე, მე და მე

ნატალია ჩიქოვანი 23 მარტი, 2016
ნატალია ჩიქოვანი 23 მარტი, 2016 220 ნახვა
220

რამდენი სისულელე ჩაგვიდენია საზოგადოებრივი წნეხის (უფრო იმის, რომ გვსურს მიღებულნი ვიყოთ) გამო: გვიყიდია ის, რაც არ მოგვწონს ან სულაც არ გვჭირდება, ჩაგვიცვამს ის, რაც ჩვენს გემოვნებაში არ ჯდება…

მთელი ჩვენი ცხოვრება ხომ გამუდმებული მტკიცებაა იმისა, თუ ვინ ვართ საზოგადოებისთვის და რომ ვიმსახურებთ აპლოდისმენტებს. ისე ვართ გართულნი ამ დაუსრულებელი შეჯიბრებით, რომ ვერც ვხვდებით, როდის ვიწყებთ ნერვიულობას წვრილმანების გამო, როდის ვანიჭებთ ბუზს სპილოსხელა მნიშვნელობას…

დღის განმავლობაში რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად ვიბრძვით და ყველგან პირველობა გვსურს. ვერაფერს ვუხერხებთ სურვილს იმისას, რომ ვიყოთ შეუცვლელნი, ვფლობდეთ საუკეთესოს, მთავარი როლი ჩვენს შვილს ეკუთვნოდეს საახალწლო ზეიმში, ვაცხობდეთ საახლობლოში ყველაზე გემრიელ ხაჭაპურს და ა.შ…

ვერც კი ვხვდებით, ეს ერთი შეხედვით უწყინარი, სტიმულატორი ამბიცია როდის იქცევა ხოლმე პარანოიად, როდის დაახარისხებს ადამიანებს შენნაირებად და დანარჩენ, „ბოლოს მიღმა“ სამყაროდ. ვერც კი აფიქსირებ, როდის სწავლობ ირონიულ ღიმილს და როდის ხდება პატივმოყვარეობა ადამიანურ ფასეულობებზე ღირებული, როდის ხდები სხვათა გულისტკენისა და დამცირების მიზეზი. სინამდვილეში კი ნელ-ნელა ბრმავდები, მხედველობის არიდან ქრებიან ნაკლებად მნიშვნელოვანი ადამიანები და მოვლენები და ბოლოს ისე ვიწროვდება, რომ მხოლოდ პატარა სივრცეს ხედავ საკუთარი ცხვირის მახლობლად. ცდილობ დაიმსგავსო შენ გარშემო არსებული სამყარო და ყველაფერი განსხვავებული შენი კრიტიკის ობიექტი ხდება. წყვეტ სხვების მაგივრად, ოცნებებსაც კი თავად სახავ შენი შვილებისთვის. გამუდმებულ სწრაფვას იმისას, რომ აკონტროლებდე ყველაფერს, მოაქვს დაძაბულობა და ყველაფერთან ერთად გარშემო მყოფებს აყვედრი კიდეც, რომ მათ მაგივრად ფიქრობ. კარგავ წვრილმანებით სიხარულის მიღების უნარს, დაკავებული ხარ სხვების ცხოვრებით, იქექები დეტალებში და ვერც კი ხვდები, რომ საკუთარ ცხოვრებას კარგავ.

გარკვეულ მომენტში აცნობიერებ, რომ ბევრი ენერგია და დრო დაკარგე და თავს იმედგაცრუებულად გრძნობ. ტირი, რადგან არავინ „გიფასებს“. უბედური ხარ და არ იცი, როდის დაიწყო ეს ერთი დიდი, გაუგებარი მიზეზშედეგობრივი კავშირი…

როგორღაც ისე ხდება, რომ ეს „პრაქტიკულად სრულყოფილება“ დაუმსახურებელი ცხოვრებისთვის გაგწირა სამყარომ და რაც უფრო ამუქებ ფერებს გარშემო, მით უფრო მეტ ნერვების მომშლელ მიზეზს აწყდები. მაგალითად, ზიხარ სამარშრუტო ტაქსიში და შუქნიშანზე გაჩერებულ ჯიპს ნაცემი ძაღლის თვალებით უყურებ, გაგვიანდება საძულველ სამსახურში, იმიტომ, რომ ყოველი ფეხის ნაბიჯზე გაჩერებაა და დროის გასაყვანად სოციალურ ქსელში თავჩარგული ახლობლის (შენი გათვლებით არცთუ ისე ჭკვიანის) დაწინაურების ამბავს იგებ… გულებიან კომენტარს მაინც დაწერ, მაგრამ სამარშრუტო ტაქსის კარის მთელი ძალით მიჯახუნების შემდეგ აღმოაჩენ, რომ სამყარო უსამართლოა შენ მიმართ, ხოლო დაგვიანების გამო მოცემული საყვედური უფროსისგან საბოლოოდ გარწმუნებს, რომ ღმერთი ადამიანებს „ახარისხებს“.

მოკლედ, აი, ასე, ჩვენი ეგო, რომელიც თავს სრულყოფილად მიიჩნევს, მზად არის გადააბრალოს ყველაფერი სხვებს (მათ შორის ღმერთსაც), ოღონდ არ დაუშვას ის, რომ დიახ, თავად ეშლება და დიახ, თავად აირჩია ის ცხოვრება, რომელიც აქვს. მაგალითად, თავის დროზე დაგვეზარა ზედმეტი დროის დახარჯვა განათლებისთვის, შესაბამისად, გვაქვს სამსახური, სადაც მიგვიღეს და რომელიც ჩვენ თავად არ აგვირჩევია; გვაქვს ხელფასი, რომელიც არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიაროთ საკუთარი ავტომობილით და პრინციპში, ისეთი არაფერი გაგვიკეთებია, დაწინაურება რომ დაგვემსახურებინა.

მთელი ჩვენი ტანჯვის მიზეზი ისაა, რომ არ გვინდა არსებული მოცემულობის მიღება, სადღაც მაღლა, ვარსკვლავებს ვეთამაშებით და ძვირფასი დრო გაგვყავს გამუდმებულ წუწუნში, რომ მეტს ვიმსახურებთ. ვკარგავთ „აქ და ახლას“ ადეკვატურ შეგრძნებას და შესაბამისად, რეალობის მიუღებლობითა და აღუქმელობით ვერც ვცვლით მას სასიკეთოდ…

ცხოვრება ვინმესთან შეჯიბრება არ არის და არც ეტალონი არსებობს, რომელსაც უნდა გადავუსწროთ; ეს არც სილამაზის კონკურსია, სტანდარტებს რომ ვაკმაყოფილებდეთ. ეს ჩვენი ცხოვრებაა, თითოეული ჩვენგანის, რომლებიც ვიღვწით ღვთის სასუფევლისთვის. თითოეული ჩვენგანი განსხვავებულია, თითოეული ჩვენგანი ღმერთმა უნიკალურად ჩაგვიფიქრა, რაც ნიშნავს, რომ არ არის სხვა, მსგავსი, რაც თავისთავად მშვენიერი და დიდებულია; ჩვენ ვარსებობთ, ე.ი. ღმერთმა საუკუნეთა უწინ იფიქრა ჩვენზე, დაგეგმა ჩვენი მოვლინება და თავისთავად, ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი პიროვნებები ვართ, ყველაზე უზენაესის – ჩვენი ზეციერი მამისათვის… ნუ ცდილობ დაიმსგავსო სამყარო ან თავად დაემსგავსო მას. იყავი ის, როგორ ადამიანადაც ჩაგიფიქრა ღმერთმა. ისწავლე წვრილმანებით ტკბობა; აუხსენი შენს შვილს, რომ მეორეხარისხოვანი როლის თამაშიც შეიძლება ისე, რომ ოსკარი დაიმსახურო; შეხედე პრობლემებს იუმორით და გახსოვდეს, რომ ესეც გაივლის; შეეცადე დაინახო და გასცე მეტი დადებითი მუხტი; გაიღიმე და ისწავლე სამყაროსთან ერთად თანაცხოვრება; ნუ გააფერადებ გარშემო სივრცეს შენი ფერებით; გახსოვდეს, რომ სხვა ფერებიც არსებობს და მათი შერწყმა გაცილებით ლამაზი და საინტერესოა…

ნატალია ჩიქოვანი

"ქრისტიანული არხის" ჟურნალისტი.
რუსთავის სახარების რწმენის ეკლესიის წევრი.
მინი-თეატრალური დასის და საკვირაო სკოლის მსახური.

დატოვე კომენტარი პასუხის გაუქმება

შეინახე ჩემი სახელი, ელ.ფოსტა და ვებგვერდი ამ ბრაუზერში, შემდგომი კომენტარების დასატოვებლად.

შემთხვევითი ბლოგები

შობა, იმედის ზეიმი

16 დეკემბერი, 2021

დაღლილი თვალები კვლავ იხილავს ჰორიზონტიდან ამომავალ მზეს

17 მაისი, 2021

პასუხი, რომელიც მოდის საჭირო დროს

28 იანვარი, 2021

თუ უფლის ყურადღების მიპყრობა გსურს

23 მარტი, 2020

უფლის თანდასწრება ცვლის…

22 ოქტომბერი, 2019

სანთელი არაფერს კარგავს სხვა სანთლების ანთებით

8 ოქტომბერი, 2019

ოცდაათ ვერცხლად გაგეცი, უფალო…

28 აპრილი, 2022

ითოვოს ნეტავ…

26 აპრილი, 2018

რით კვებავ შენს ურთიერთობებს?

31 ივლისი, 2019
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    ბარაბას ადგილზე რომ ვყოფილიყავით…

    14 აპრილი, 2023
  • 2

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 3

    სინათლე აღემატება სიბნელეს

    28 იანვარი, 2021
  • 4

    ღმერთი სიყვარულია

    24 მარტი, 2016
  • 5

    მედროვე ადამიანთა ქმედებები…

    22 მარტი, 2019


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ