შიში ის გრძნობაა, დაბადებიდან რომ თან დაგვყვება და სიკვდილამდე არ გვტოვებს. გვეშინია ყველაფრის: უცხო გარემოდან დაწყებული, მომავლით დამთავრებული. სულ პირველი ამოსუნთქვიდან განვიცდით სტრესს უცხო გარემოსთან შეხვედრით და შემდგომ ნელ-ნელა, დროის მსვლელობასთან ერთად, ახალ-ახალი შიში უერთდება ჩვენს ცხოვრებას. ჩვილობის ასაკში გვეშინია უცხო ადამიანების, ხმაურის. ცოტა მოგვიანებით, საკუთარი საწოლის ქვეშ შეხედვა, სიბნელე და სხვა ოთახში გასვლა გვაშინებს; თან გვდევს შეგრძნება, რომ იქ უჩინარი არსებაა, რომელიც ეს-ესაა ხელს წაგვატანს. გადის დრო და საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას ვიწყებთ, რასაც თან მოაქვს წარუმატებლობის, დამარცხების, საზოგადოებისგან არმიღების შიში…
უფრო მოგვიანებით, როცა სხვათა ზრუნვის ასაკიდან გამოვდივართ და თავად ვხდებით პასუხისმგებელნი საკუთარ ცხოვრებაზე, გვაშინებს მომავალი. ცოტა უფრო მოგვიანებით, როდესაც სტატუსს, ოჯახს და ქონებას შევიძენთ, ყველაფრის დაკარგვის შიში გვიპყრობს; ხანში შესულები ბევრს ვფიქრობთ მარტოობაზე და ჩვენი სიცოცხლის ბოლო წლებში მარტოდ დარჩენის შიში გვიფორიაქებს ცხოვრებას. ამ ყველაფერს, მთელი ცხოვრების განმავლობაში, თან სდევს გაუცნობიერებელი შიშიც სიკვდილისა…
ჩვენი ცხოვრების სწრაფი რიტმი და ინფორმაციის უსაზღვრო რაოდენობა მუდმივად აფართოებს „ნორმალური” ადამიანის მდგომარეობის საზღვრებს. იმისათვის, რომ ყველაფერი მოვასწროთ, ჩვენი ცხოვრების „დაჩქარება“ გვიწევს, მუდმივად სადღაც გავრბივართ ან გვაგვიანდება. გამუდმებული შიში, რომ რაღაც გამოგვრჩება, ან რაღაცას ვერ მოვასწრებთ, მუდმივად დაძაბულ, ნერვულ მდგომარეობაში ყოფნას გვაიძულებს. შედეგად გვიძნელდება სიმტკიცისა და თავდაჯერებულობის შენარჩუნება კრიტიკულ სიტუაციებში. თვითშეფასების დაცემა გარშემო ბევრ რამეს გაუგებარს და სახიფათოს ხდის, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი გონება ამას ასე აღიქვამს. ტექნიკური პროგრესი და მანქანა-დანადგარების დახვეწილი მოდელები გვაიძულებს, გამუდმებით ვამტკიცოთ, რომ საჭირონი ვართ… და გვეშინია… გვეშინია, რომ ერთ დღესაც უსარგებლონი აღმოვჩნდებით, გვეშინია გაუცნობიერებლად და გაცნობიერებულად, ზოგჯერ არც კი ვიცით, რისი, მაგრამ სულს საფრთხის მოახლოების განცდა გვიფორიაქებს…
რა არის შიში? რატომ ვატარებთ მთელ ცხოვრებას მასთან ერთად?…
იობის ისტორია, ერთი შეხედვით, უსამართლობის განცდას გვიტოვებს; თითქოს ღმერთმა და ეშმაკმა ერთგვარი გარიგება დადეს, რომ გამოეცადათ იგი, მაგრამ არის ერთი რამ, რაც ხსნის მთელი ამ ისტორიის მიზეზს: „რადგან მეწია შიშის ზარი, მე რომ მზრავდა; რასაც ვუფრთხოდი, თავს დამატყდა.“ (იობი 3:25) – ამბობს იობი, რომელსაც ჰქონდა ყველაფერი: ოჯახი, შვილები, ქონება, სტატუსი, მეგობრები და სწორედ ამ ყველაფრის დაკარგვის ეშინოდა მას. ძირითადად, ჩვენ საკუთარი გულისთქმანი გვცდიან…
როგორც წესი, ჩვენი ძლიერი მხარეები არ გვაშინებს და რისი გვეშინია ჩვენ? სად არის ჩვენი სუსტი წერტილი?… შიში ეშმაკის იარაღია, რითაც ნელ-ნელა ბორკილებს გვადებს და უმოქმედოს გვხდის. შიში გვაიძულებს, ერთ ადგილას ვიდგეთ, დამარცხების შიში იძულებულს გვხდის, არც არაფერი გავაკეთოთ გამარჯვებისთვის.
უშიშარი ადამიანები არ არსებობენ, ჩვენ ყველას გვეშინია ტკივილის, ავადმყოფობის, პატივისცემის დაკარგვის. უშიშარი შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი გახდეს, ისევე, როგორც მშიშარა გედეონი, რომელსაც ღმერთმა „მამაცი მეომარი“ უწოდა. არის ერთი გზა შიშისგან თავდასაღწევად, ეს გზაა, დაუპირისპირდე მას – უბრალოდ უნდა შეიხედო საწოლის ქვეშ და აღმოაჩინო, რომ იქ არავითარი „არსება“ არ ზის. სულ ესაა.
იესო ამბობდა: „ნუ გეშინია!..“, რადგან ის ხედავდა ადამიანებს – შებორკილთ სიკვდილისა და ავადმყოფობის მარწუხებით; ადამიანებს, რომლებსაც ეშინოდათ მომდევნო დღის გათენების, რომლებიც შიშით შესცქეროდნენ მომავალს. ეს ადამიანები, ღმერთის რჩეული ერიდან, აღთქმულ მესიას ელოდნენ, მაგრამ მათი ხედვა ფოკუსირებული იყო არსებულ პრობლემებზე, მათ იმედს აღემატებოდა ხვალინდელი დღის შიში…
ზუსტად ასევე, ჩვენც გვავიწყდება, რომ ღმერთის გეგმები ჩვენდამი საიმედოა, კეთილი და სრულყოფილი (რომ. 12:2), გვავიწყდება, რომ სრულყოფილი სიყვარული დევნის შიშს (1 იოანე 4:18), რომ არ მოგვეცა შიშის სული, არამედ გაბედულების, იმედის და მშვიდობის, რომ ღვთის შიში არის ერთადერთი შიში, რომელიც უფრო გაბედულს გვხდის, „უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, რათა განერიდო სიკვდილის მახეს“ (იგავ. 14:27). ახლაც, როგორც 2000 წლის წინ იესო ანუგეშებდა ადამიანებს, ისმის სულიწმიდის ჩურჩული: „ნუ გეშინია, რადგან მე შენთან ვარ; ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ მე. გაგამაგრებ და შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სიმართლის მარჯვენით!“ (ესაია 41:10).