ომი, სისხლისღვრა, ათასობით ადამიანის გაუფასურებული სიცოცხლე…
ომი ხმამაღლა გაჰყვირის მთელ მსოფლიოში და ცდილობს დაგვაჯეროს, რომ არაფრად ვღირვართ, რომ არავინ და არაფერი არაა იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე საკუთარი ეგოსა და სურვილის დაკმაყოფილება – ეს, რასაკვირველია, იქამდე, სანამ ჯერი თავად შენზე არ მოდგება.
რა განაპირობებს ომს, რომელიც საბოლოოდ ვერანაირად ვერ ჩაითვლება რაიმე სარგებლის მომტანად და რომელიც მხოლოდ ნგრევასა და განადგურებას ემსახურება?
მოდით შევხედოთ, რა ხდება დღეს მსოფლიოში? (თუმცა ეს ცნება – „მსოფლიო“ ძალიან ზოგადად და ფართოდ ჟღერს; მაგრამ აუცილებელია ვიაზრებდეთ, რომ ყველაფერი, რაც მსოფლიოში ხდება, პირდაპირ გვიკავშირდება თითოეულ ჩვენგანს და პირიქით…) ხდება ის, რაც ჩვენთვის ძალიან ნაცნობია – ერთი, შედარებით დიდი და ძლიერი, ცდილობს მეორეს გადაყლაპვას; ამ მიზნის მისაღწევად კი ის არ უშინდება არც სხვის და არც საკუთარ დანაკარგს; ძარცვავენ ოპონენტს, თუმცა, საბოლოოდ, თავადაც არანაკლებ გაძარცვულნი რჩებიან.
მთავარი, რაც დღევანდელი მსოფლიო მოვლენებიდან უნდა ითქვას, ისაა, რომ ეს ომი, რომელიც ახლა ამდენად შემზარავად გვეჩვენება, ომი, რომლის წინააღმდეგნიც ვართ მთელი მსოფლიო, ომი, რომელმაც თითქოს გაგვაერთიანა კიდეც, სინამდვილეში ისევ და ისევ ჩვენი, დაცემული ბუნების ადამიანებისგან გამომდინარეობს. დიახ, ამ ომის წყარო ისევ და ისევ ჩვენ ვართ. არ არსებობს გარეგანი მდგომარეობა, რომელიც შინაგანიდან არ იწყება.
ომი, რომელსაც დღეს ასე თვალნათლივ ვხედავთ, რეალურად უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს ადამიანთა შორის. ჩვენ ყველანი შეიარაღებულნი ვართ უსიყვარულობის, ადამიანთა დამცირების, ზედაპირულობის, ეგოიზმის, სიამაყის იარაღებით და თავდაუზოგავად ვიბრძვით იმისათვის, რომ თავად წამოვიწიოთ ამ ძალმომრეობის ხარჯზე. ჩვენ დღეს საკუთარი თვალით ვხედავთ ათასობით გვამს, სისხლითა და ცრემლით მორწყულ ქალაქებს, თუმცა ღმერთისთვის ეს დიდი ხნით ადრე იყო ნათელი – ის ამ საზარელ მდგომარეობას ყოველ წამს უყურებს ჩვენს გულებში.
დიახ, ეს ომია და მისი გამომწვევი მიზეზი გულგაცივებული და ეგოცენტრული კაცობრიობაა, რომელსაც თვალები დაუბრმავა საკუთარმა გაუმაძღრობამ, უსიყვარულობამ, სიცარიელისა და მარტოსულობის განცდამ, დაუბრმავა იმდენად, რამდენადაც საკმარისია სხვისი სიცოცხლის, პიროვნებათა ყოველგვარი განცდის, მათი კუთვნილების გათელვისა და განადგურებისთვის.
ვინ იცის, რამდენი ჭრილობა გაქვს შინაგანში, რომელსაც საგულდაგულოდ მალავ; ვინ იცის, რამდენი ხანია, რაც გვამს დაემსგავსე; გვამს, რომელსაც გარეგნულადღა შერჩა სიცოცხლის ნიშანწყალი. შენ ფიქრობ, რომ მალავ; ფიქრობ, არავის დააწვე ტვირთად, მაგრამ იცოდე, რომ შენი ტვირთი დღეს ძალიან ნათელია, ის უკვე სააშკარაოზეა გამოტანილი. ეს ომი შენი გულის გამომზეურებაა, ეს ომი თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაა. ომი, სადაც უსამართლოდ იღუპებიან იარაღით, რომელიც ღმერთისგან არ არის, იარაღებით, რომლებიც ზემოხსენებულია…
დიახ, ეს ფიზიკური ომი შინაგანი, დაფარული მდგომარეობის გამოაშკარავებაა. სწორედ ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი, რომ ადამიანების ცხოვრება ებარებოდეს ცოცხალ, მართალ, მოსიყვარულე, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, რომელშიც არ არსებობს ტკივილი, არეულობა, ჩაგვრა და გაწირვა. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ გვიყვარდეს, ვუფრთხილდებოდეთ, ვზრუნავდეთ, საკუთარ თავზე მეტად მივიჩნევდეთ ერთმანეთს.
გვახსოვდეს, რომ ჩვენ დაცემულ ქვეყნიერებაზე გვიწევს ცხოვრება. ამ დროს ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის ის, რომ ჩავაბაროთ ღმერთს ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ოჯახები, რადგან ის არის ერთადერთი საიმედო თავშესაფარი, ის არის მყარი საყრდენი. მას შეუძლია ჭრილობების მოშუშება, ის არის მოწყალე ღმერთი, რომელიც გვიცავს იმ საშინელებათაგან, რომლებსაც რეალურად უნდა ვიმკიდეთ ჩვენ მიერ დათესილი უღმერთოების გამო…
დასასრულ კი მოგიწოდებთ, რომ ყველაფერზე მეტად დავიცვათ და გავუფრთხილდეთ საკუთარ გულს, რათა მისგან სიცოცხლე მოედინებოდეს ნაცვლად სიკვდილისა.
„ყველაფერზე მეტად დაიცავი შენი გული, რადგან მისგან მოედინებიან სიცოცხლის წყაროები.