ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ

პატიების ძალა

მიმი ტიელიძე 21 აპრილი, 2021
მიმი ტიელიძე 21 აპრილი, 2021 548 ნახვა
548

დილა გათენდა, მაგრამ ისევ უგემურად. უგემურად იმიტომ, რომ ბოლო რამდენიმე თვე საშინელი შეგრძნებით ვიღვიძებდი და ვაღამებდი. უპატიებლობა მტანჯავდა. ერთმა მეგობარმა იმდენად მატკინა გული, რომ ვერ ვპატიობდი, და ეს უპატიებლობა მე თვითონ მანადგურებდა, თუმცა არ ვიცოდი, როგორ მეშველა ჩემი თავისთვის.

დილა გათენდა და მე ისევ ვიგრძენი, თუ როგორ მსურდა შურისძიება და დასჯა იმ მეგობრისა, რომელიც მტერივით მომექცა. შემდეგ საქმეებს შევყევი და გარკვეული დროის შემდეგ ერთმა მეგობარმა დამირეკა. მოვიკითხეთ ერთმანეთი, ათასი საკითხი განვიხილეთ და არ ვიცი როგორ, მაგრამ პატიების თემასაც შევეხეთ. ვეღარ მოვითმინე და მასთან გადმოვღვარე ჩემი გრძნობები.

– იცი, დავით, ვიტანჯები. მინდა ვაპატიო, მაგრამ ვერ ვპატიობ.

– ჩემო კარგო, უფალს უნდა სთხოვო დახმარება, რადგან ჩვენი ძალებით არ შეგვიძლია პატიება. უფალი მოგცემს საჭირო ძალას, რათა იმ ადამიანს აპატიო, ვინც გული გატკინა.

– კი, ვთხოვ უფალს დახმარებას, მაგრამ მაინც არაფერი ხდება, დავით.

– მთელი გულით გინდა აპატიო? – ამ კითხვას არ მოველოდი და შევცბუნდი.

– კი, მინდა… – ძალდატანებით ვთქვი, თუმცა თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი.

– მგონი, არ ხარ დარწმუნებული.

– როგორ არა, დავით, ნამდვილად მინდა ვაპატიო. – მივხვდი, რომ ვცრუობდი.

– აბა, მაშინ გააგრძელე მთელი სულით და გულით ლოცვა. გულწრფელობაა უფალთან საჭირო, უთხარი მას, თუ როგორ გტკივა გული, ის მოგიშუშებს ამ სულიერ ჭრილობას და განგკურნავს.

მე გავჩუმდი. ავღელდი. ტირილი მინდოდა…

– აქ ხარ? – მკითხა დავითმა, როდესაც რამდენიმე წამი ხმა აღარ ამოვიღე.

– კი, – ძლივს ამოვილუღლუღე. ისევ უხერხული დუმილი ჩამოწვა. მივხვდი, რომ დავითი ჩემგან რაღაცის თქმას ელოდებოდა. გავტყდი და სიმართლე ვაღიარე.

– დავით, მე მოვიტყუე. არ მინდა, იმ ადამიანს ვაპატიო! არ მინდა! მინდა, დაისაჯოს! ოხ, როგორ სასტიკად მინდა დაისაჯოს, უნდა მიეზღოს იმის წილ, რაც მე გამიკეთა. შურისძიება მწყურია, დავით, გესმის? მე ვტიროდი.

– ოო, ღმერთო… არ მსურს, მას ვაპატიო, მაგრამ თან ვიცი, რომ პატიება აუცილებელია, მაგრამ არ მაქვს ამის ძალა. მიშველე, ღმერთო… ახლა უკვე ღმერთს ვესაუბრებოდი. სულ დამავიწყდა, რომ სატელეფონო ზარი დავითთან მქონდა.

ღაპაღუპით ჩამომდიოდა ცრემლები.

– ტირი? – მკითხა დავითმა.

– კი.

– აი, ხომ ხედავ, შენ თვითონ აღიარე, თუ რა ყოფილა შენი პრობლემა. კარგია, რომ შენს თავს აღარ ატყუებ, ჩემო მეგობარო. უფალს ხომ ისედაც ვერ მოატყუებდი. იმან ისედაც კარგად იცის, რომ არ გსურს პატიება. ეს გიშლის ხელს გულწრფელ ლოცვაში. აი, ახლა როგორც აღიარე სიმართლე, ისე გააგრძელე ლოცვა. ყველაფერი უთხარი უფალს. ის გისმენს და ელოდება, როდის შეწყვეტ თვალთმაქცობას. მას მიენდე, ის გაგათავისუფლებს უპატიებლობისგან. მთავარია, გულწრფელად გინდოდეს და არ შეწყვიტო ლოცვა ამაზე.

თვალები შევიმშრალე. გამიხარდა, რომ ეს საუბარი შედგა. დავითს დავემშვიდობე და ამ ყველაფერზე ფიქრი დავიწყე. ვიცი, რომ ეს ზარი შემთხვევითი არ ყოფილა.

რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ისევ მორიგი დილა გათენდა, მივხვდი, რომ ეს მორიგი დილა აღარ იყო, მე გულში სიმძიმის შეგრძნება აღარ მქონდა, აღარც შურისძიების სურვილი დამრჩენოდა გულში. გავაცნობიერე, რომ უპატიებლობისგან გათავისუფლებული ვიყავი. უფალმა შემაძლებინა, რომ მეგობრისთვის მეპატიებინა.

და ისიც გავიაზრე, რამხელა ძალა ჰქონია თურმე აღიარებას, მე ხომ ვაღიარე, რომ არ მსურდა მეპატიებინა. სიმართლემ გამათავისუფლა! უფლის წინაშე გულის წრფელად გადმოღვრამ მიშველა. პატიების ძალა უფალმა იესო ქრისტემ მომცა. მე ქრისტემ გამათავისუფლა!

და თუ შენც იტანჯები უპატიებლობისგან, მოუხმე იესოს, რომელიც ჩვენი შუამდგომელია, ის დაგეხმარება ამ ტვირთის მოხსნაში. მე ეს ჩემით ვერ შევძელი, მაგრამ უფალს ყოველივე შეუძლია. ის ათავისუფლებს ყოველგვარი ბორკილისაგან! ის გვკურნავს ჩვენ სულიერად! და უპატიებლობა – ეს სულიერი სენია, რომელსაც შეუძლია ადამიანის განადგურება. მიდი იესოსთან და სთხოვე გათავისუფლება, რათა მან მოგცეს პატიების ძალა; რათა ისევ მშვიდობიანად იყო ადამიანებთან; რათა ისევ ენდო ადამიანებს და ემეგობრო მათ.

და რაც შეუძლებელი გგონიათ, ის შესაძლებელია უფლისთვის, მუდამ გახსოვდეთ.

მიმი ტიელიძე

დატოვე კომენტარი პასუხის გაუქმება

შეინახე ჩემი სახელი, ელ.ფოსტა და ვებგვერდი ამ ბრაუზერში, შემდგომი კომენტარების დასატოვებლად.

შემთხვევითი ბლოგები

„მოგიხმობს სული ჩემი…“- წერილები ღმერთს

6 ივნისი, 2017

სად ინახავ უფლის სიტყვას?

1 თებერვალი, 2022

და როცა შეხედავ ცას, ჩემი თითების ნამოქმედარს…

13 ივლისი, 2016

ხელახლა მასწავლე სიარული, ღმერთო

7 მარტი, 2023

თვალი უფლისა მის მოშიშებზეა…

12 ნოემბერი, 2021

დიალოგი ღმერთთან

7 დეკემბერი, 2020

მითხარი პრობლემა, უფალს მისი გადაჭრა რომ არ შეეძლოს

18 აპრილი, 2019

გაიღვიძე, მძინარავ!

29 მაისი, 2019

არ დაგავიწყდეთ ღიმილი

1 ნოემბერი, 2018
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    “განმკარგველი თუ მფლობელი?”

    16 დეკემბერი, 2021
  • 2

    მისი სახელია იესო!

    2 დეკემბერი, 2020
  • 3

    მხსნელი უფალი

    26 თებერვალი, 2020
  • 4

    ბარაბას ადგილზე რომ ვყოფილიყავით…

    14 აპრილი, 2023
  • 5

    შენ არ შეგიძლია შეცვალო საკუთარი წარსული − შეცვალე მომავალი!

    24 ნოემბერი, 2016


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ