ფიქრების საბურველში გაეხვია ღამე,
როიალს აკორდები ვარსკვლავებივით სცვივა,
ყინვაა და სუსხი,
რაღაც არ მასვენებს,
მცივა.
საათის ისრები ახმაურებს წამებს, გარეთ ქარი არ აპირებს ძილს.
მოუსვენრად ვათამაშებ თითებს და მოკრძალებული გამბედაობით ვაკაკუნებ საკუთარი გულის კარზე…
გავაღო მინდა, შევიდე, ჩამოვჯდე და თვალი მოვავლო ბნელ კუნჭულებს, მხოლოდ უფალი რომ ხედავს. კუთხეებს და მასში მიმალულ ყოველ სისუსტეს, ვერთქმულ ტკივილს, ფარდაჩამოფარებულ სიბნელეს. მინდა, შევიდე და დავალაგო, მტვერი დაედებოდა სიყვარულის ჭურჭელს…
საგულდაგულოდ გავწმინდო ყველა სარკე, ფანჯარა, მინა, ღმერთს რომ ეამება, ისე.
აბა, როგორ იცხოვრებს არეულ გულში? ვგრძნობ, რომ მელოდება, როდის შევალ და გულის კედლებს სისუფთავით გავანიავებ, შემდეგ შევიყვან და მთელ გულს მივცემ საცხოვრებლად. ელოდება, როდის მივხედავ გულის სარკეს, ხშირად ადამიანები რომ იხედებიან ხოლმე.
რას იფიქრებენ ადამიანები?
დაულაგებელ გულში როგორ ვაცხოვრებ, ან თავად როგორ გაჩერდებიან?
ადგებიან და გაიჯახუნებენ კარს.
ხელს ვკიდებ სახელურს, უჭირს გაღება, ვერავინ მეხმარება, ჩავიმუხლე და ვუყურებ უღონო მაჯებს… რა დამემართა ნეტავ?
ცრემლით ამევსო უპეები, არაფერი გამომდის, ვხედავ.
ფეხის ხმა მესმის, ჟრუანტელის მომგვრელ თბილ ხელს ვგრძნობ მხარზე, ვინ არის, ნეტავ?! ძირს დაცემული თრთოლით ვწევ თავს ზემოთ, უფლის მოღიმარი სახე და თვალები მეგებება.
კარს მიღებს და მეხმარება წამოდგომაში. სახლიდან უსიამოვნო სუნი გამოდის, შევდივარ და ვუყურებ დასვრილ იატაკს, ფარდაგს, კედლებს, სიყვარულის მტვერდადებულ ჭურჭელს.
მრცხვენია…
ნუ უყურებ, ღმერთო, დავალაგებ დასვრილ ბინას, ჩამოვხევ ძველ ფარდებს მიმალული კუთხეებიდან, გავაშიშვლებ ყველა დაფარულს, გადავყრი ძველ ნივთებს, არაფერში რომ არ მადგება.
გადავყრი ძველ ზრახვებს, ძველ ფიქრებს, განვაახლებ ყველა ჭურჭელს და შენთან ერთად სავახშმოდ მოვიწვევ ყველას.
ოღონდ ნუ უყურებ, ღმერთო…
დასალაგებლად მოვედი, მაგრამ ვერ ვაღებდი კარს. შენთვის შესაფერის სუფთა გულში მინდა შემოგიყვანო.
დავალაგებ, ახლავე, ღმერთო!
აი, ეს გეგმები აღარ მჭირდება, გადავყრი, განვაახლებ, არც ეს წყენა მარგებს რამეს, არც ეს სიბრაზე. ყველაფერს ერთად შევკრავ და სანაგვეზე წავიღებ.
მხოლოდ ის პატარა ოთახი მაშინებს, ღმერთო, ბავშვობის ტკივილები რომ შევმალე და კარი საგულდაგულოდ გადავუკეტე. ძლივს შეხორცებული იარების მეშინია, ღმერთო, როგორ შევიდე, ძველი ჭრილობებიდან ისევ რომ დაიწყოს სისხლმა დენა?!.. ყრუ ტკივილით ჯერ ისევ მტკივა, მაგრამ ხშირად აღარ ვფიქრობ ამ იარებზე, დავიწყება მინდა. დავიწყება მინდა ყველა ცუდად მოშუშებული ნაიარევის, ყველა მიტოვების, ვერმიღების, ბალიშის ქვეშ შემალული ყველა ცრემლის.
ხელს მიწვდი?
ერთად შევაღოთ კარი?
იქნებ არ ღირს… ისედაც ხომ ნაცნობია ყველაფერი შენთვის, რაღაა სანახავი?.. დავტოვოთ ისე, როგორც არის.
შენ კვლავ მიღიმი და ხელს მიწვდი.
ათრთოლებული ვდებ შენს ნალურსმებზე ჩემს ბინძურ ხელებს, თვალებს ვხუჭავ, გიცხადებ ნდობას.
ჭრიალით იღება კარი,
უსიამოვნოდ ცივა.
ხელს ძლიერად ვუჭერ, უფალო, შენს მკლავებს, გეჭიდები, გაუბედავად ვახელ თვალებს.
ვგრძნობ, ნელ-ნელა თბება, ნაწილებად იშლება იარები და ქრება, რა ემართება ჩემს ჭრილობებს, ნაგროვებ ცრემლებს?.. ტკივილების გროვა იფანტება და…
სიმყუდროვის სურნელი დგება. სიმშვიდე ეუფლება სულს, თეთრად იმოსება ოთახი და სიმსუბუქე მეხვევა მხრებზე. ცრემლები იწყებს თვალებთან თამაშს.
ხომ არ დავაგვიანე მოსვლა?
ხშირად მახსენებდა თავს აქ გამოკეტილი ყველა განცდა და ყოველ ჯერზე ხელახლა ვაშენებდი კედლებს, როგორმე მათი ხმა რომ გადამეფარა.
ჩემი გულის მკურნალო, მოხვედი და ხელი გამომიწოდე. წამომაყენე და გამამაგრე. ძალა მომეცი და გამამხნევე. მივხვდი, გინდოდა, ჩემთან ერთად დაგენგრია ყველა სისუსტე. ჩემი თვალით მენახა, როგორ ჩამოიშლებოდა შიშით ნასაზრდოები ყველა კარი.
თვალს ვავლებ სახლს, რა სიმშვიდეა, ღმერთო, სად ვიყავი აქამდე?! ჩემი წიაღის საიდუმლოებათა გამომკვლეველო, რას დაგიმალავ შენ?! მამხილე, რომ გამოვიწვრთნა. მომსმენი ყური და გამგები გული მომეცი, რომ შევიყვარო შენი სიტყვა და სამუდამოდ შევინახო ჩემში. მზად არის ჩემი გული, განგადიდო, რადგან ზეცაზე დიდია შენი წყალობა და ჭეშმარიტება შენი უკუნისამდეა!
ახლავე დავუძახებ ყველას, ჩემთან წამოდით, სიყვარულის სუფთა ჭურჭელზე მინდა გავახშმოთ და მოგიყვეთ, როგორ შემიშრო უფალმა ცრემლი, წამომაყენა და გამიღო კარი. უნდა გიამბოთ, როგორ მრცხვენოდა. როგორ გამიქრო ჩემს ტკივილთა ყველა ნაიარევი.
დაწერილია: „გულებს წინადაგიცვეთთ უფალი, შენი ღმერთი, შენ და შენს შთამომავლობას, რათა გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, მთელი თქვენი გულითა და არსებით, რათა იცოცხლოთ.“ (მე-2 რჯული 30:6)
არ შევიზიზღებ შენს დარიგებას და შენი შეგონება არ მომძულდება. დაე, შეიცანი ჩემი გული და შემამოწმე, ბოროტების გზაზე რომ არ ვიარო.
უფალო, ჩემი მტვრიანი და ტკივილებით სავსე გულის დამლაგებელო!..
შენ გითმობ მთელ სახლს, სამუდამოდ იცხოვრე ჩემს გულში შენს ყველა ქმნილებასთან ერთად, მე კი ყოველ დილით ადრე ავდგები, რომ გავანიავო გულის ყველა კუთხე, ყველა ნაწილი.
ვიზრუნებ, სიყვარულის ისეთი სუფთა ჭურჭელი მქონდეს, გამოჩენის რომ არ შემრცხვება. შენთვის შესაფერისი და შენი სიყვარულის მსგავსად უმანკო ჭურჭელი. ყოველდღე ახალ-ახალ სიკეთეს შევმატებ ჩემს გულს, განუზომელ სითბოს შემოვახვევ სახლს მხრებზე და ამ სითბოთი შევეგებები ყველას, ვინც კი კარზე დააკაკუნებს.
პეტრე მოციქულის წერილი გვასწავლის:
„და რაკი ჭეშმარიტებისადმი მორჩილებით განიწმინდეთ თქვენი სულები – უპირფერო, ძმური სიყვარულისთვის, მტკიცედ და სუფთა გულით გიყვარდეთ ერთმანეთი.“ (1-ლი პეტრე 1:22)
საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობ, სისუფთავე სულ სხვა სიმშვიდეს ბადებს.
ღმერთო, მე მთელი გული დაგითმე, შენ კი ჩემს ძველ ტკივილთა განახლებული, პატარა ოთახი ამჯობინე მოსასვენებლად… სიყვარულით გინდა ამივსო მისი სიცარიელე და ამიტომ, არა?!
უფალო, ჩვენი მტვრიანი გულების დამლაგებელო, შეგვაძლებინე, ყოველთვის გვქონდეს დალაგებულ გულში სიყვარულის სუფთა ჭურჭელი.
თუ ჯერ კიდევ დასალაგებელია შენი გული, რაღას უცდი? უფალი შენც გელოდება.