სიმძიმე შემოპარულიყო ჩემს სულში… ისევ მტანჯავდა რაღაც, შიგნიდან მღრღნიდა და მანადგურებდა უიმედობა, ფიზიკური და ემოციური უძლურება… ვხედავდი, რომ არაფერი იცვლებოდა უკეთესობისკენ ჩემს ცხოვრებაში… მერე რა, რომ ბევრი რამ მქონდა – სახლი, ფული, საუკეთესო მეგობრები, საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობა… ო, როგორ მიჭირდა ჩემი საკუთარი სხეულის ტარებაც კი… უკვე მერამდენედ… ყოველდღე ვგრძნობდი, თითქოს ვიშლებოდი… თითქოს სადაცაა, დავეცემოდი… და ამ დროს დღეში ასჯერ მაინც მომდიოდა ნეგატიური ფიქრები: დანებდი, ხომ ხედავ დანებება უფრო მარტივია, ვიდრე ბრძოლა. დანებდი, რათა თავიდან აიცილო უფრო მეტი ტანჯვა. შენ ამას ვერ გაუძლებ. შენ ამას ვერ შეძლებ… მძიმე ემოციების ტყვეობაში მყოფი, კარგ რამეებს ვეღარ ვამჩნევდი ცხოვრებაში. თითქოს ყველასი და ყველაფრის სიყვარულის შეგრძნება გამიქრა. აქამდე რომ ვგიჟდებოდი ჩემს საყვარელ ადამიანებზე, ახლა მათი სიყვარული ტვირთად გადამქცეოდა… და ღმერთი? ჩემი ზეციერი მამის სიყვარულსაც ვეღარ ვგრძნობდი. ყოველდღე ვეკითხებოდი მას: ღმერთო, რატომ ვერ ვგრძნობ შენს თანდასწრებას, რატომ ვერ გხედავ, რატომ არ მესმის შენი? სადა ხარ? ნუთუ მიმატოვე? იცი, მე თავს მარტო ვგრძნობ… აღარაფერი მიხარია, უფალო… და ვიცი, ასე თუ გაგრძელდა, დავიღუპები… მე კი დაღუპვა არ მინდა.. არ მინდა ეშმაკის მხარეს, მე შენთან მინდა… შენთან მინდა… გამოჩნდი, მომეცი მადლიერება, რომ მცირედი მაბედნიერებდეს. მინდა, მომშორდეს ნეგატიური აზრები, უფალო… არ მინდა, მიდრეკილი ვიყო უიმედობისადმი. მჯერა, რომ ამისთვის არ შეგიქმნივარ.
ცხოვრება გრძელდებოდა ამ ტყვეობაში და თითქოს უფალი არ ცვლიდა ჩემს მდგომარეობას. ამასობაში კი ხშირად მახსენდებოდა ხოლმე ფრაზა წმინდა წერილიდან: „შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ“ (იოანე 8:32). და ვფიქრობდი, ღმერთო, რას ნიშნავს ეს? კი ვიცი, რომ ეს ჭეშმარიტება ქრისტეა, მაგრამ ქრისტემ, ანუ ჭეშმარიტებამ როგორ უნდა გამათავისუფლოს-მეთქი. ბოლომდე არ მესმოდა ამ ფრაზის ნამდვილი სათქმელი. მეგონა, რაღაც თეოლოგიური ფილოსოფიის ცოდნა სჭირდებოდა ამ მუხლის შინაარსის გაგებას. კი მჯეროდა, რომ ქრისტეა ჩემი მხსნელი, ჩემი მკურნალი, ჩემი მეგობარი, მაგრამ ვეღარ ვგრძნობდი მის სიახლოვეს; ვეღარ ვგრძნობდი მის მიერ ჩემს გათავისუფლებას ცოდვებისგან და ცუდი დამოკიდებულებისგან…
ერთი მორიგი დღე გათენდა. ჩემს საქმეს ვაკეთებდი და აფორიაქებული ვიყავი. მახსოვს, ოთახში ვარ და ჩემს შინაგანში რაღაც გავიგონე, თითქოს რაღაც ფრაზამ გაიჟღერა. ზოგადად, არაერთხელ მოსულა ჩემს გონებასა თუ გულში რაღაც აზრები, ფიქრები, შეხედულებები, მაგრამ ეს ცოტა განსხვავებული იყო, რადგან გარკვევით არ ჟღერდა. ძალიან ჩუმად გაისმა ფრაზა, იმდენად ჩუმად და იმდენად სწრაფად, რომ მალევე გადამავიწყდა. რამდენიმე საათის შემდეგ, როცა, როგორც იქნა, საქმეებისგან მოვიცალე და დავჯექი, გამახსენდა ეს ფრაზა და დავფიქრდი. დღეს რაღაც ხომ გავიგონე? გონება დავძაბე. ვცადე გამეხსენებინა, დღეს გულის კუნჭულში რა ფრაზამ გამიელვა და ეს, დაახლოებით, ასე ჟღერდა: „შენ კარგი არ ხარ ჩემ გარეშე.“ როგორც კი ეს ფრაზა გავიხსენე, იმწამსვე გამინათდა გონება. მივხვდი ერთ მნიშვნელოვან რაღაცას.
გამახსენდა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ჩემს გულში ვტრაბახობდი ხოლმე – აი, რამდენიმე თვეა, ამ კონკრეტულ საკითხში არ შემიცოდავს; აი, სხვებს გაუჭირდათ ამ პრობლემის გადალახვა და მე რა წარმატებით დავძლიე-მეთქი. მივხვდი, თურმე აქამდე მეგონა, რომ ჩემით დავძლიე რაღაცები, რომ ჩემით ვთქვი უარი ცოდვის ჩადენაზე, რომ საკუთარი ძალებით გავექეცი ცოდვას. ეს გავიაზრე და ცრემლები წამსკდა. თურმე არასწორი დამოკიდებულება მქონია სულსა და გულში. ბოლო პერიოდში რომ ისევ დავეცი, მივხვდი, უფალმა დაუშვა ასე, რათა მივეხვედრებინე, რომ მაშინ ვამარცხებ ცოდვებს, როცა სრულიად დარწმუნებული ვარ ჩემს უძლურებაში და როცა უფალზე ვამყარებ იმედს ცოდვასთან ბრძოლაში. ბოლო პერიოდში თურმე აღარ ვცხოვრობდი იმის გააზრებით, რომ იესო იყო ჩემი გამომსყიდველი და ჩემი ძალა. მე ყველაფერი საკუთარ თავზე მქონდა მიწერილი. მივხვდი, რომ უფლის გარეშე არაფერი არ შემძლებია. ამ ყველაფრის გააზრება, ალბათ, წამის მეასედში მოხდა. მაშინვე დავიჯერე ის ფრაზა, რომელიც სულის ყველაზე ღრმა წერტილში ყველაზე ჩუმად გავიგონე. მე იგი მივიღე, როგორც უტყუარი ჭეშმარიტება და მივხვდი, რომ ეს ფრაზა უფლისგან იყო; რომ ქრისტე ჩაერია; რომ მან ამიხილა თვალი თავისი ჭეშმარიტებით და თვალების გახელა გათავისუფლებას უდრიდა. მე ქრისტემ, ანუ ჭეშმარიტებამ გამათავისუფლა.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქრისტემ გადაწყვიტა, რომ საკმარისი იყო ჩემი ბრმად სიარული; რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, რადგან ასე ის თავის შვილს დაკარგავდა და მე კი – ჩემს სულს… ქრისტე, რომელმაც ჩემი სულის გამოსახსნელად თავისი თავი გაწირა, ვერ დაუშვებდა, რომ მისი ეს მსხვერპლი ამაო ყოფილიყო. მან თქვა: „კმარა! უნდა გავათავისუფლო ჩემი ქალიშვილი, რადგან მე ის მიყვარს.“ ქრისტე ხომ უბრალოდ ჩვენი ცოდვების საპატიებლად არ მოსულა, ის მოვიდა, რათა გვიხსნას ცოდვების ტყვეობისგან და მისი ძალაუფლებისგან. ის მოვიდა, რათა გვიხსნას უიმედობისგან, ავადმყოფური აზრებისგან, ეგოიზმისგან, სუიციდური აზრებისგან, ყოველგვარი უძლურებისგან… ამ ყველაფრისგან მიხსნა მე ქრისტემ. თან სრულიად დაუმსახურებლად… უნდა ვაღიარო, რომ ძალიან ხშირად არ ვლოცულობდი მთელი გულით ჩემს გათავისუფლებაზე, მე უბრალოდ ვიტანჯებოდი… და ვფიქრობდი, რომ ღმერთის კეთილგანწყობა უნდა დამემსახურებინა ჩემი კარგად მოქცევით… მაგრამ რადგან ბოლო პერიოდში ვეღარ ვიმარჯვებდი ცოდვებზე, ვიფიქრე, რომ ღმერთმა მადლი მომაკლო… რომ მან სიყვარული და ყურადღება მომაკლო.
ვცდებოდი… როცა მართლაც ერთი წამი მაშორებდა ყველაფერზე ხელის ჩაქნევისგან, მაშინ გამაგონა ქრისტემ ჭეშმარიტება და ამ ჭეშმარიტებამ გამათავისუფლა. ახლა ვიცი, რას ნიშნავს ჭეშმარიტების შეცნობა. იმ დღიდან მოყოლებული აღარ ვფიქრობ იმაზე, თუ რამდენად უძლური ვარ. სხეულშიც მომემატა ძალა, სულშიც… და თუ აქამდე ერთი წუთიც კი ვერ ვახერხებდი, ჩემი თავისთვის რამე დამეძალებინა, მაგალითად, მეცადინეობა ან უფლისთვის რამის გაკეთება, ახლა ვახერხებ. ვიცი, რომ ისევ უძლური ვარ; ისევ ტალღებზე მიწევს სიარული; ისევ ვულკანი გადმოდის ჩემს ცხოვრებაში; ისევ მიჭრიან გულს, მაგრამ ჩემი თვალები მოსწყდა ჭაობის ყურებას. მე ახლა ამბიცია მაქვს, რომ მთებს ისევ უნდა შევეჭიდო. ისევ მეუბნებიან, რომ არ გამომივა, მაგრამ მივხვდი, რომ უფალი ჩემს მხარეზეა და მან უნდა გამამარჯვებინოს.
ხალხს ავიწყდება, რომ უფალს შეუძლია მთების გადაადგილება. მაშინ, როდესაც ჩემი საკუთარი თავის იმედიც კი აღარ დამრჩა, ველოდები უფლის სასწაულებს ჩემს ცხოვრებაში…
დაფიქრდი, მაშინ, როცა ისე ხარ შენს ტკივილში ჩაფლული, რომ უფალს ვეღარ ამჩნევ, იქნებ გავიწყდება, რომ შენი უიმედო მდგომარეობის შემცვლელი მხოლოდ იესოა და მას უნდა მოუხმო? ქრისტე კი მოვა და თანაც მაშინ, როცა არ ელი; წამის მეათასედში გაგათავისუფლებს და თვალებზე მალამოს წაგისვამს. არა იმიტომ, რომ ჩვენ კარგები ვართ, არამედ იმიტომ, რომ ის არის კეთილი და ასე სურს.
დაე, რაც უფალს სურს, ის აღსრულდეს ჩვენს ცხოვრებაში. შენ კი მოდი, უფალო, და აგვიხილე თვალები. მოდი და გაგვათავისუფლე.
ქრისტე ჩემი ჭეშმარიტებაა.
რა არის შენი ჭეშმარიტება?