ხუთი წლის წინ ერთ-ერთი უცხოური უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამაზე ამარჩიეს და სტიპენდია დამინიშნეს. იმდენ ხანს ვოცნებობდი ამ მომენტზე, რომ მინდოდა ყველასთვის მეხარებინა. რა თქმა უნდა, ვახარე მშობლებსაც და ემოციურად უკვე ვემზადებოდი ახალ ქვეყანაში გადასასვლელად. მალე აღმოვაჩინე, რომ ამ სტიპენდიის მიღება ჩემგანაც ითხოვდა გარკვეულ მსხვერპლს. მჭირდებოდა მასპინძელი ქვეყნის ვიზის აღება, ამისთვის კი საბუთების მომზადება, მათ შორის, ფრენის ბილეთის ყიდვაც, რასაც არავინ მიფინანსებდა. რადგან პირადად მე ფული საერთოდ არ მქონდა, ჩემს მშობლებს მივმართე დასახმარებლად. აღმოჩნდა, რომ ამ პერიოდში არც მათ ჰქონდათ ფინანსები და უახლოეს რამდენიმე თვეშიც არ ექნებოდათ. ამან დიდ საფიქრალში ჩამაგდო. ვფიქრობდი, ღმერთო, ასეთ რთულ კონკურსში გავიმარჯვე, იმდენ სტუდენტში მე ამარჩიეს, ჩემი დიდი ხნის ოცნება ახდა და ახლა მხოლოდ იმიტომ ვერ უნდა წავიდე, რომ ბილეთის საყიდელი ფული არ მაქვს? ძალიან ვდარდობდი ამ ყველაფერზე.
გადავწყვიტე არავისთვის შემეჩივლა, რადგან არავის შეეძლო ჩემი დახმარება, ჩემს საკუთარ მშობლებსაც კი. ასე ჩუმად ვიტანჯებოდი და საშინელ განწყობაზე ვიყავი, რადგან ძვირფასი საჩუქარი მაჩუქეს და მისი მიღება არ შემეძლო. თანაც შობა მოდიოდა. არ მინდოდა, ქრისტესშობას სევდიანი შევხვედროდი. სურვილი მქონდა, მეზეიმა ეს დღე, მაგრამ ჩემს გულს არ ეზეიმებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება: ავდგები, სადმე სამსახურს ვიშოვი და ამ დარჩენილ ვადაში (ერთ თვეში) რაიმე თანხას მოვაგროვებ-მეთქი. თან ვიცოდი, რომ დიდად ამ მიზანს ასრულება არ ეწერა. სამსახური რომ უცბად მართლაც გამოჩენილიყო, ერთ თვეში სულ რამდენი უნდა გადაეხადათ, რომ მე ბილეთიც მეყიდა, დაზღვევაც გამეკეთებინა და ვიზის მოსაკრებელიც გადამეხადა? აბსურდი ჩანდა ეს ყველაფერი, მაგრამ მტკიცედ მწამდა, რომ ნებისმიერ ფასად ჩემი საჩუქრისთვის უნდა მებრძოლა, მე ჩემი საჩუქარი უნდა ამეღო აუცილებლად. არადა, გარემოებებს თუ შევხედავდი, საერთოდ არ მეწყობოდა ხელი. ასე გავიდა რამდენიმე დღე, მაგრამ არაფერი არ ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. დრო იწურებოდა, მე კი ვერაფერს ვაკეთებდი.
მახსოვს, გათენდა 25 დეკემბერი. შობის დილა იყო. თითქოს სასიხარულოს არაფერს არ ველოდი, რადგან შობაზე ვერ ვიყავი კონცენტრირებული. ჩემი პრობლემები მაწუხებდა და ის, რომ ვერავინ მეხმარებოდა. სრულიად მარტო ვიყავი ამ ბრძოლაში. შინაგანად არ დავნებებულვარ, მაგრამ ჩემს ხელში მაინც არანაირი იარაღი არ ჩანდა ჩემი მდგომარეობის შესაცვლელად. ცოტა ხანში მირეკავს დედაჩემი, რაღაც ამბავი უნდა გითხრაო. მე არაფერს განსაკუთრებულს არ ველოდი. ის კი მეუბნება: ამ დილით ბანკიდან დამირეკეს. იცი, სესხი შემომთავაზეს ძალიან კარგი პირობებით. თანხა არც ისე დიდია, მაგრამ იმდენია, შენ რომ გჭირდება შენი საბუთების ასაღებად. გადავწყვიტეთ, ეს ფული ვისესხოთ ბანკიდან და შენ მოგცეთ, რომ შეძლო შენს გაცვლით პროგრამაზე წასვლა. აღარ იდარდო, დედი, შენ იქ აუცილებლად წახვალ.
ვერ წარმოიდგენთ, რა საოცარი შეგრძნება დამეუფლა. ასეთი შობა არასდროს მქონია. ჩემს ოცნებას მალე ხორცი შეესხმებოდა, სულ რაღაც ერთი ადამიანის ზარის გამო, რომელმაც შესაფერის დროს და ადგილას დარეკა. მე ვიცი, რომ ის ზარი შემთხვევითი არ ყოფილა, რომ უფლისგან იყო ეს საჩუქარი. თავიდან ბოლომდე უფალი იყო ჩართული ამ საქმეში – მან მომცა მე სტიპენდია და მან უზრუნველყო, რომ ეს საჩუქარი მიმეღო. ამ სიხარულისგან ისეთ ემოციებში ვიყავი, სრულიად დამავიწყდა, რომ შობა იყო. დამავიწყდა, რომ ფიზიკურ საჩუქრებზე მეტიც მოგვცა ღმერთმა. მან მარტო ის კი არ შეძლო, რომ ჩემი ოცნების ასახდენად ფინანსები ებოძებინა, არამედ ჩემთვის და მთელი კაცობრიობისთვის თავისი ერთადერთი ძე გამოიმეტა, რომელიც გახდებოდა ჩვენსა და მას შორის ერთადერთი ხიდი, ერთადერთი შემრიგებელი, ერთადერთი გზა და ჭეშმარიტება მამასთან მისასვლელად.
დღეს შობაა. ჩვენი მაცხოვარი დაიბადა და ამ ქვეყნიერებას მოჰფინა ნათელი, რათა ბნელში აღარ დავდიოდეთ; რათა აღარ წავიბორძიკოთ; რათა უშუალო ურთიერთობა გვქონდეს უფალთან. იესო ხომ ჩვენი ცოდვების ჯაჭვებისგან გასათავისუფლებლად დაიბადა. ის ხომ გლახაკთათვის ხსნის სიტყვის საუწყებლად დაიბადა. ის ჩემთვის, შენთვის, ჩვენთვის დაიბადა.
და რადგან ის დაიბადა, ჩვენი ცხოვრება აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იქნებოდა, ის რომ არ გვყოლოდა: ბნელი, უფერული და უღიმღამო.
ის დაიბადა. გიხაროდეთ!