ერთხელ იესო ქრისტემ თქვა, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმში და ხალხის მიერ წამებულიყო, ამის გამო მოწაფემ უსაყვედურა და უთხრა, რომ არ წასულიყო იქ, სადაც სიკვდილი ელოდა და იესომ ასეთი პასუხი გასცა: “შენ ღმერთისაზე კი არ ფიქრობ, არამედ კაცისაზე.“
ყველაფერში, რაშიც გინდა, რომ გამარჯვებას მიაღწიო, მოგიწევს ჯვარზე ასვლა! მოგიწევს საკუთარი ეგოისტური სურვილების უარყოფა. ყველაფერში, რაშიც გინდა, რომ გამარჯვებას მიაღწიო, მოგიწევს შენი გულის გადასინჯვა უფლის წინაშე, გადამოწმება შენი ფასეულობებისა, არის კი ისინი უფლისთვის მოსაწონი. ხომ არ არის რაიმე ღმერთზე ძვირფასი?! თუ შენ არ მოუკვდები საკუთარ გულისთქმას უფლის ნების გამო, აღდგომა იმ საკითხში, არ გექნება.
„თუ უფალი არ აშენებს სახლს, ამაოდ ირჯებიან მისი მშენებლები; თუ უფალი არ იცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი.“ (ფსალმუნი 126:1)
უფალი ამბობს: “რომ ქარისა და წვიმის დროს ერთადერთი შენობა გადარჩება, შენობა, რომელიც კლდეზე აშენდება და ეს კლდე ქრისტეა!” და ეს შენობაც მისი სიტვის მორჩილებით შენდება. წარმატებას, კარიერას, ოჯახსა და ყველაფერს მოუწევს გამოცდა და თუ ქრისტეზე ნაშენები არ იქნება, უსაძირკვლო სახლივით, დროთა განმავლობაში, ჩამოიშლება…
ერთხელ იესოს ხალხმა მეფობა დაუპირა… ერთადერთი, რის გამოც უფალს არ სურდა თავისი საქმეების გახმაურება იყო ის, რომ მას არ უნდოდა ამქვეყნიური გზებით გამეფება… იქამდე გამეფება, სანამ არ აღასრულებდა მამის ნებას. “მას არ სურდა მეფობა ხალხისგან!” მას არ სურდა ამქვეყნიური გზებით გამეფება, არამედ უნდოდა, რომ ღმერთს მიეცა მისთვის მეფობა. ამქვეყნიური სურვილები ბევრ რამეს დაგაკარგვინებს, რაც უფალს შენთვის სურდა… გზები, რომელიც სიკვდილზე არ გადის, გზები, რომელიც მოთმინებაზე არ გადის, არც აღდგომაზე გავა!
თუ ინახავ შენს თავს, თუ უფრთხილდები შენს თავს, თუ გვერდზე გადადე შენი შეცვლის გზები, მაშინ დაკარგავ შენს თავს, ასე წერია! ვინც უფლისთვის დაკარგავს თავის სულს, ის შეიძენს მას! რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენს სიცოცხლეს არ დავზოგავთ უფისათვის, ის მოგვცემს ნამდვილ სიცოცხლეს! არ გადადო შენი შეცვლის გზები, შენი სიკვდილის გზები, არ თქვა, რომ ადრე თუ გვიან შეიცვლები… უფალი მოვა ,როგორც ქურდი, ქურდს კი არასოდეს ელოდებიან… ეს რომ ასე არ ყოფილიყო, უფალი არ გვეტყოდა. სხვა გზა რომ ყოფილიყო, აუცილებლად გვეცოდინებოდა… აღდგომის გზა ტკივილსა და სიკვდილზე გადის! შეგიძლია, არ წახვიდე იერუსალიმში, სადაც გაგშოლტავენ, გაფურთხებენ, დიდების გვირგვინის მაგივრად ეკლისას დაგადგამენ და მოგკლავენ კიდეც, მაგრამ დიდია შენი საზღაური და ესაა ძალა ზუსტად, რომ წახვიდე! მიწაში ჩავარდნილი თესლი თუ არ მოკვდა, ნაყოფს ვერ გამოიღებს…
ნუ გგონია, რომ თავი დაიძვრინო… ნუ გგონია, რომ ეშმაკს გამოეპარება ის სფერო, რომელშიც მიძღვნილი არ ხარ…
დაივიწყე ყველა გზა, რაც აქამდე არსებობდა შენს გონებაში და სიკვდილზე არ გადიოდა, რადგან არავის შეუძლია, იცხოვროს საკუთარი თავისთვის და ამავდროულად, ღმერთის ნებაში დარჩეს.
არასოდეს მოკვდება კაცი, რომელიც ამბობს: “მე კი არა, ქრისტემ უნდა იცოცხლოს ჩემში!”
“იესომ თქვა: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინ არის, ვინც ჩემი ანდა სახარების გულისთვის მიატოვებს სახლს ან ძმებს, ან დებს, ან მამას, ან დედას, ან ცოლს, ან შვილებს, ან ყანებს, და ასწილად არ მიიღებს ახლა, ამ ჟამს, სახლებს, ძმებს და დებს, დედებს და შვილებს, და ყანებს, ამ დევნასთან ერთად, ხოლო მომავალ საუკუნეში – საუკუნო სიცოცხლეს.'” (მარკოზი 10:29)
ძალას სიკვდილისას აღდგომის იმედი გაძლევს. უნდა იცოდე, რა აღგითქვა უზენაესმა! იმის რწმენა, რომ შეუმჩნეველი არ დარჩება შენი მცდელობა, ყველაფრის ძალას მოგცემს! იესოს რწმენა და ძალა მესამე დღის მოლოდინში იყო! მან იცოდა, რომ კაცის ძე ეტანჯებოდა მამის ნებისთვის, მაგრამ ეს მხოლოდ ორ დღეს და ამის შემდეგ დადგებოდა “მესამე დღე”!
იესომ პირველმა დაამტკიცა, რომ ღირს მამისათვის ერთგულება!
“ვისაც წილი არ ექნება მის სიკვდილში, არც მის აღდგომაში ექნება წილი!
წადი იერუსალიმში! მოუკვდი საკუთარ თავს, აღასრულე უფლის ნება და გექნება საზღაური როგორც ზეცაში, ისე ქვეყანაზე!