მიხვალ ბილიკებზე… და ცხოვრებისგან გათელილი, ამაოდ ეძებ გვირაბის ბოლოს უცნობ სინათლეს… ეს სხვა გზაა, სხვა გვირაბია, რომლის ბოლოს ახალი სიბნელე იწყება…
მიდიხარ დაქანცული და არ უჩანს ბოლო „ამაოების ბაზარს“… ყიდი და ყიდულობ, ყიდი და გყიდიან… ეძებ მოსვენებას, ხარკს უხდი საჭიროებებს, რომ მოგასვენონ და როგორც კი გგონია, რომ ცოტაც და შეხვალ სიმშვიდეში, ყველაფერი მირაჟივით ქრება…
ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს, იმ კალენდრის ფურცლებივით, დილაობით რომ ახევ და არ იცი, უნდა გიხაროდეს თუ გწყინდეს, რომ უახლოვდები დასასრულს… მიდიხარ, მაგრამ არ იცი, სად! არ იცი, იპოვი თუ არა ბოლოს და ბოლოს მოსვენებას… ეგებ და ის დაიმედებული მოსვენებაც მირაჟია… არ იცი, მაგრამ ფიქრის დრო არ გაქვს…
ხვალ, სხვა დროს, სხვა გზაზე იფიქრებ ამაზე… ახლა არა, ახლა ხარკი უნდა გადაუხადო ყველა იმ „მჭამელს“, კართან რომ გელოდება და საზრუნავს რომ არ გილევს… ყველა გეძახის, ყველა რაღაცას ითხოვს, ყველას უნდა ჩაუდო „ლუკმა“, რომ მომდევნო დღემდე გააჩუმო, სულ ცოტა ხნით რომ ამოისუნთქო და აი, როგორც კი დაიწყებ ფიქრს… ყველაფერი თავიდან იწყება, წრეზე ბრუნვას იწყებს… და შენც ხვალ… სხვა დროს… სხვა გზაზე იფიქრებ ამაზე…
შენ აღარ დადიხარ, უკვე დარბიხარ, რომ ერთი ნაბიჯით გაუსწრო ცხოვრებას, რომელიც თავის საჭიროებათა ნუსხით უკან მოგდევს და ჩაყლაპვას გიქადის… გარბიხარ და გრძნობ, როგორ გებჯინება გული ყელში, როგორ მოიქანცე… და ახლა, როგორც არასდროს, გინდა ის ჯერ არნაფიქრი სიმშვიდე, ხვალისთვის რომ გადადე და იმ „ხვალსაც“ რომ არ აქვს დასასრული…
დაიღალე გამუდმებული შეჯიბრებით საკუთარ თავთან, შეჯიბრებით სხვასთან, ბრძოლით ადგილის დამკვიდრებისთვის, თითქოს არ არსებობდეს ადგილი ყველასთვის… მიდიხარ… მირბიხარ და ვერ გასცდი „ამაოების ბაზარს“… ყოველდღე ხედავ ყასბებს… დაფლეთილ გულებს დახლზე… ყიდი და გყიდიან… ატყუებ და გატყუებენ… იცი და მათაც იციან, მაგრამ, რაღაცნაირად, ჩვეულებრივია ეს ყველაფერი…
ყოველ გარბენილ მეტრზე იკლებს სინდისის ქენჯნა… მისი ხმა სულ უფრო შორიდან გესმის და კიდევ უფრო ჩვეულებრივი ხდება ყველაფერი… სულ ერთი წუთით, დაძინებამდე რაღაცას იგრძნობ, თითქოს მოგესმა, მაგრამ არა, ახლა არა… ხვალ… სხვა დროს… სხვა გზაზე იფიქრებ ამაზე…
გარბიხარ და მშვენივრად იცი, რომ სინდისი სიკვდილმისჯილთა ბნელ საკანში გამოკეტე, შენი გულის შორეულ კუთხეში, მაგრამ სინანულის დრო არ გაქვს, ახალი დღეა… უყურებ ყასბების ხარხარს და თავბრუ გესხმის… აღარ გაქვს ძალა… იცი, რომ არ უნდა წაიქცე; თუ დაეცემი, ნაკუწებად დაგგლეჯენ… დაგითითოებენ, მერე გაგყიდიან… ისე, როგორც შენ ყიდდი სხვებს…
შენ უკვე ფიქრობ და ხვდები, განიცდი შენი ცხოვრების ამაოებას… ახლაღა იგებ ცრემლის სიმწარეს, ყოველდღე რომ ხედავდი სხვათა ღაწვებზე… ითავისებ დაცემულის ხვედრს, გახსენდება სიკვდილმისჯილი სინდისი და გიხარია, რომ ჯერ კიდევ არ მოგიკლავს იგი… ნანობ, ყველაფერს ნანობ… რომ შეგეძლოს, რომ შეგეძლოს, დროს უკან დააბრუნებდი… თუმცა გგონია, რომ ვეღარ შეძლებ წამოდგომას, ვეღარ მოახევ კალენდარს ხვალინდელ ფურცელს და ვეღარ გადადებ ჯერ არდამდგარი ხვალისთვის ფიქრს სხვა ცხოვრებაზე, რომელიც გვირაბის ბოლოს გრძელდება… შენთვის აღარ დადგება ‘ხვალ’… ხუჭავ თვალებს და ელოდები, როდის დაგეტაკება ცოფმორეული ცხოვრება, როგორ დაგითითოებენ ყასბები, როგორ გაგყიდიან…
თუმცა არა, ეს არ არის დასასრული… არის სხვა გზაც!.. გრძნობ, ვიღაც გწმენდს ცრემლებს და შენს ძველ კაცს მიათრევს ჯვრისკენ, ახლაღა ხვდები მის სიმძიმეს, სიბილწესა და სულიერ გატიალებას… და პირველად გრცხვენია, რომ ეს შენ იყავი… ცრემლებით იბან ცოდვებით დასვრილ სულს და გრძნობ, რომ პირველად, ცხოვრებაში პირველად ამოისუნთქე, ზუსტად ისე, როგორც დაბადებისას ატირდი თავდაპირველი ამოსუნთქვისას…
შენ ახალი ქმნილება ხარ ქრისტეში…. და ახლა უკვე იცი, რომ არის სხვა გზაც… სხვა გვირაბიც, რომლის ბოლოსაც საუკუნო ნათელია… და გიკვირს, რომ შენი გასავლელი იგივეა, რომ ეს ორი გზა მხოლოდ შენშია, შენს გულზე გადის… შენ ისევ ნახავ „ამაოების ბაზარს“, ყასბებს, ისევ გამოგედევნება ცხოვრება მოთხოვნათა გრძელი ნუსხით… მაგრამ შენ უკვე სხვა ხარ… ახლა იცი, როგორ უნდა იარო ღირსეულად… ზუსტად მის ნაკვალევზე…