ბარაბა, ცნობილი პატიმარი, კაცის მკვლელი, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყებაში მონაწილეობდა, ჯვარს უნდა აცვან. ალბათ, წარმოგიდგენიათ მისი განცდა, შფოთვა, გაურკვევლობა, შიში, უიმედობა… ვფიქრობ, წინასწარ ეგუებოდა სირცხვილს, რომელიც გოლგოთის გზისკენ მიმავალს უნდა განეცადა; ვინაიდან ზოგიერთნი შეიკრიბებოდნენ სამართლის აღსრულებისთვის, ზოგიერთნიც – სიკვდილით დასჯის საჯარო სანახაობისათვის. ალბათ, ძნელად თუ მოიძებნებოდნენ ადამიანები, რომლებსაც გული ეტკინებოდათ ბარაბაზე და არ ენდომებოდათ მისი სიკვდილი.
ესმა ხმა, როგორ საუბრობდნენ მცველები ქრისტეზე, როგორ დააკავეს და როგორ ითხოვდა ხალხი მის ჯვარცმას. გაუკვირდა, რადგან სმენოდა მისი სწავლებანი; სმენოდა, რომ ის კურნავდა, ათავისუფლებდა, მკვდრებსაც კი აცოცხლებდა… გაიფიქრა ბარაბამ, ნუთუ ერთნაირი სიკვდილი გვეკუთვნის მე, კაცის მკვლელს, და ქრისტეს, რომელსაც კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია?! ფიქრი არც კი ჰქონდა დასრულებული, როდესაც მცველი მივიდა ბარაბასთან და ცივად უთხრა: „პილატე გიხმობს პრეტორიუმში.“ შიშმა მოიცვა, ფიქრობდა, რომ წამებით სიკვდილს უახლოვდებოდა; მთელი გზა მთლიანი სხეულით გრძნობდა გულისცემას; ყოველი გადადგმული ნაბიჯი სტკიოდა; რაც უფრო მეტად უახლოვდებოდა პრეტორიუმს, მით უფრო იაზრებდა და ნანობდა თავის დანაშაულს, თუმცა გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ვერაფერს შეცვლიდა.
პილატემ ბრბოს წარუდგინა მკვლელი ბარაბა და უდანაშაულო ქრისტე, რომელიც შურით გასცეს. გამგებელს წესად ჰქონდა დღესასწაულზე იმ პატიმრის გათავისუფლება, რომელსაც ხალხი მოითხოვდა, ამიტომ უთხრა მათ პილატემ: „ვინ გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ: ბარაბა თუ იესო, ქრისტედ წოდებული?“ რადგან იცოდა, რომ შურით გასცეს იგი… ხოლო მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა დაარწმუნეს ხალხი, რომ ბარაბა გამოეთხოვათ, იესო კი დაეღუპათ. მიუგო გამგებელმა და უთხრა მათ: „ამ ორიდან რომელი გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ?“ მათ უთხრეს: „ბარაბა.“ შეხედა ბარაბამ ქრისტეს, რომელიც სიყვარულისა და იმედის თვალებით შეჰყურებდა ბარაბას. „ეუბნება მათ პილატე: ‘იესოს რაღა ვუყო, ქრისტედ წოდებულს?’ ყველამ თქვა: ‘ჯვარს ეცვას!’ ხოლო მან იკითხა: ‘რა ბოროტება ჩაუდენია?’ მაგრამ ისინი დაჟინებით ყვიროდნენ: ‘ჯვარს ეცვას!’ როდესაც პილატემ დაინახა, რომ ვერაფერს შველის, არამედ შფოთიც კი იწყება, აიღო წყალი, დაიბანა ხელები ხალხის წინაშე და თქვა: ‘უბრალო ვარ ამ მართლის სისხლისაგან. თქვენ იცით.’ … მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გაამათრახებინა და გადასცა, რომ ჯვარს ეცვათ იგი.“
თავისუფალ ბარაბას ბორკილებს ხსნიან, წარმოუდგენელ სიხარულს განიცდის, ისეთი რამ მოხდა მის ცხოვრებაში, რომლის იმედის ნაპერწკალიც კი აღარ ჰქონდა, მას სიცოცხლე აჩუქეს, თუმცა რის ხარჯზე… ჩაფიქრდა ბარაბა, თან ქრისტეს მზერა თვალწინ დაუდგა, რომელიც ასე მშვიდად, სიყვარულითა და იმედიანი თვალებით შეჰყურებდა. თქვა თავის გულში: „ნუთუ მეკუთვნოდა სიცოცხლე უდანაშაულოს სიკვდილის ხარჯზე?“ მას ჯერ კიდევ ვერ გაეგო, რომ ხალხს კი არ აურჩევია ბარაბას თავისუფლება, არამედ ეს თავად ქრისტემ აირჩია, რომ გათავისუფლებულიყო ბარაბა და მის ნაცვლად თავად წამებულიყო.
„მაშინ წაიყვანა პილატემ იესო და გააშოლტვინა. ჯარისკაცებმა ეკლის გვირგვინი დაწნეს და თავზე დაადგეს, თან ძოწეული მოასხეს. მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ: ‘გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!’ და სახეში სცემდნენ. პილატე ხელახლა გამოვიდა გარეთ და უთხრა მათ: ‘აჰა, თქვენთან გამომყავს იგი, რათა იცოდეთ, რომ ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში.’ მაშინ გარეთ გამოვიდა იესო ეკლის გვირგვინით და ძოწეულით შემოსილი. პილატემ უთხრა მათ: ‘აჰა, ადამიანი!’ იესო რომ დაინახეს მღვდელმთავრებმა და მსახურებმა, აყვირდნენ: ‘ჯვარს აცვი! ჯვარს აცვი!’ უთხრა მათ პილატემ: ‘თავად წაიყვანეთ და ჯვარს აცვით, რადგან მე ბრალს ვერ ვპოულობ მასში.’ მიუგეს იუდეველებმა: ‘ჩვენ გვაქვს რჯული და ჩვენი რჯულის მიხედვით, ის უნდა მოკვდეს, რადგან თავს ღმერთის ძეს უწოდებს.’“
„წუთისოფელი მის მიერ შეიქმნა და წუთისოფელმა ვერ იცნო იგი. თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს იგი.“ იესო გოლგოთისკენ მიმავალ გზას დაადგა. ზოგი შურით, ზოგიც უმეცრებით გაჰყვიროდა: „ჯვარს აცვით! ჯვარს აცვით!“ იქვე ბრბოსთან ახლოს ბარაბა მალულად უყურებდა ქრისტეს, რომელმაც სიცოცხლე აჩუქა.
„თხემად წოდებულ ადგილზე რომ მივიდნენ, იქ აცვეს ჯვარს ისიც და ავაზაკებიც – ერთი მის მარჯვნივ, მეორე კი – მარცხნივ.“
თვალები ცრემლით აევსო, ვეღარ ბედავდა, ქრისტესთვის შეეხედა; დანაშაულის გრძნობამ მოიცვა; იცოდა, რომ იმ ორ ავაზაკს შორის ჯვარცმული თვითონ უნდა ყოფილიყო; ამბობდა თავის გულში: „მაპატიე…“
„თქვა იესომ: ‘მამაო, მიუტევე მათ, ვინაიდან არ იციან, რას აკეთებენ.’ წილი ყარეს და გაიყვეს მისი სამოსელი.
იდგა ხალხი და შეჰყურებდა. მთავრებიც დასცინოდნენ და ამბობდნენ: ‘სხვებს იხსნიდა, ახლა თავისი თავი იხსნას, თუ ქრისტეა, ღმერთის რჩეული!’
ჯარისკაცებიც დასცინოდნენ, მიდიოდნენ და ძმარს სთავაზობდნენ;
და ეუბნებოდნენ: ‘თუ იუდეველთა მეფე ხარ, იხსენი შენი თავი.’
მის ზემოთ ბერძნული, რომაული და ებრაული ასოებით დაწერილი წარწერა იყო: ‘ეს არის იუდეველთა მეფე.’
ერთი ჩამოკიდებული ავაზაკი გმობდა მას: ‘განა ქრისტე არა ხარ? იხსენი შენი თავი და ჩვენც.’
მეორე გაუჯავრდა და უთხრა: ‘ნუთუ ღმერთისა არ გეშინია, როცა შენც იმავე სასჯელში ხარ?
ჩვენ სამართლიანად დავისაჯეთ, ვინაიდან რასაც ვაკეთებდით, იმის საკადრისი მივიღეთ, მაგას კი ცუდი არაფერი ჩაუდენია.’
და უთხრა: ‘იესო, გამიხსენე, როცა შენს სამეფოში მიხვალ.’
იესომ უთხრა: ‘ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში.’
უკვე დღის ექვსი საათი იქნებოდა, რომ მთელი დედამიწა ბნელმა მოიცვა ცხრა საათამდე.
დაბნელდა მზე და ტაძრის ფარდა შუაზე გაიხა.
დიდი ხმით შესძახა იესომ და თქვა: ‘მამაო, შენს ხელთ ჩამიბარებია ჩემი სული.’ ეს თქვა და სული განუტევა.“
ბარაბა მუხლებზე დაეცა, გულში მჯიღს იცემდა და გაჰყვიროდა: „მაპატიე, ვინაიდან მე ჩემი ცოდვების გამო ვიმსახურებდი სიკვდილს, შენ კი, უცოდველი, ჩემს კუთვნილ ჯვარზე გაეკარი, რომლითაც გამათავისუფლე მე.“
ბარაბას თავისი დანაშაულის საფასური სიცოცხლით უნდა გადაეხადა; მას უნდა გაევლო გოლგოთის გზა, სადაც იგემებდა სირცხვილსა და დამცირებას; იგი იქნებოდა კაცთაგან მოძულებული, მიტოვებული; ბარაბა თავის კუთვნილ ჯვარზე წამებით უნდა მომკვდარიყო; იგი უნდა გამხდარიყო ხალხისთვის სანახაობა, მაგრამ გამოჩნდა სიცოცხლე, რომელმაც გარდაქმნა მისი რეალობა.
ჩვენც, ბარაბას მსგავსად, ჩვენი ცოდვების გამო სიკვდილს ვიმსახურებდით, მაგრამ წყალობით მდიდარმა ღმერთმა თავისი დიდი სიყვარულით შეგვიყვარა და ჯვარს ეცვა ჩვენი ცოდვებისთვის; აღდგა ჩვენდა გასამართლებლად, ამაღლდა და ღვთის მარჯვნივ დაჯდა თავისი დიდებით, შემდგომ კი კვლავ დაბრუნდება.