უფალმა მუცლის ნაყოფად შემქმნა: ქათქათა თეთრი სახე გამომიძერწა, ძარღვები და გული ჩააქსოვა ჩემს სხეულში, ულამაზესი შავი თმებით შემმოსა და პატარა, ანცი თვალები დააბნია ჩემს სახეს ღილებად. პაწაწინა, ცოცხალ თოჯინად გამაჩინა ღმერთმა და მომათავსა მშობლების კალთაში. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად მშობლების გარემოცვაში ვიზრდებოდი, მაინც ყოველთვის მარტო ვგრძნობდი თავს…
რატომ ვგრძნობ ჩემს სახლში თავს უცხოდ? რატომ ვერ მივიჩნევ თავს მათს ნაწილად? მთელი ცხოვრება ამგვარი კითხვები მაწუხებდა. წლები გრძელდებოდა ეს ყველაფერი… რატომ ვარ მარტო, როდესაც გვერდით ამდენი ადამიანია? რატომ ვერავის ვეუბნები, რა მაწუხებს? რატომ ვერ მიგებენ ჩემი ოჯახის წევრები? იქნებ მათ არ ვუყვარვარ? თავს საკმარისად მიღებულად ვერ ვგრძნობდი და ეს შინაგანად მანგრევდა. ამიტომ, როდესაც საშუალება მქონდა, სახლიდან გავრბოდი. უბრალოდ გავიქცეოდი ხოლმე ქუჩაში და იქამდე დავრბოდი უგზო-უკვლოდ, სანამ ქანცი არ გამწყდებოდა. არ მსურდა იქ ვყოფილიყავი, სადაც არ მიღებდნენ, სადაც არ ვუყვარდი, სადაც არ მპატიჟებდნენ, სადაც არ უხაროდათ ჩემი დანახვა… ამიტომაც ვეწებებოდი მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც მოსწონდათ ჩემ გვერდით ყოფნა. სულ ასეთ ადამიანებთან ვატარებდი ხოლმე დროს. თუმცა მაინც დგებოდა ის მომენტი, როდესაც გამომშვიდობება მიწევდა მეგობრებთან. აი, ამ დროს კი ისევ მარტო ვრჩებოდი – ფიზიკურად ადამიანების გარემოცვაში, მაგრამ სულიერად მარტო.
წლები ვებრძოდი ამ მარტოსულობის შეგრძნებას. ნამდვილი მეგობარი არ მეღირსა. კლასელებთანაც არ ვმეგობრობდი დიდად. ნათესავებსაც ვერ ვენათესავებოდი სულიერად. სად არიან ჩემი სულის მოსაწონი ადამიანები, ღმერთო? რამდენჯერაც აღმოვაჩინე ასეთი განსაკუთრებული ადამიანები, მალევე გაქრნენ ჩემი ცხოვრებიდან. არ შეიძლება, სამუდამოდ ვინმე ჩანერგო ჩემს ცხოვრებაში? ვუჩიოდი ღმერთს გაუთავებლად. მას ვაბრალებდი იმას, რომ ერთი მუდმივი მეგობარი ვერ გაიმეტა ჩემთვის…
ახლა კი უდაბნოში ვარ, სადაც რამეზე ოცნებამ აზრი დაკარგა. აქ, ამ გაჭირვებაში, აზრადაც აღარ მომდის, ვისურვო ვინმე ან რამე. აქ მთავარი გადარჩენაა. და მე ვოცნებობ, რომ გადავრჩე. აღარ მაინტერესებს, თუკი აქამდე მსურდა მყოლოდა ოჯახი, და-ძმა, ძაღლი… მქონოდა მანქანა ან სახლი, მემოგზაურა სხვადასხვა ქვეყანაში, გამომეცადა ექსტრემალური სპორტის სახეობები, მესწავლა ცურვა, გამეხსნა უპატრონო ცხოველების თავშესაფარი, სიურპრიზები მომეწყო საყვარელი ადამიანებისათვის. აღარაფერი აღარ მაინტერესებს. საერთოდ არაფერი. ჩემმა ფილტვებმა ჟანგბადი მიიღოს, ამაზე ვდარდობ. ჩემმა გულმა ფეთქვა არ შეწყვიტოს, ამაზე ვოცნებობ. ჩემმა სხეულმა წყალი მიიღოს, იმაზე მაქვს მთელი ყურადღება გადატანილი. დღისით მზემ არ დამწვას, ხოლო ღამით უდაბნოს სიცივემ არ შემიწიროს, ამის დარდი მაწუხებს. ჩემმა სოციალურმა სტატუსმა და განათლებამაც კი დაკარგა ღირებულება. უდაბნოში აღარ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ, რას წარმოადგენ, რა გაგიკეთებია ცხოვრებაში. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, თუ რამდენად შეგიძლია – გადარჩე.
ფეხის ყოველი გადადგმა ტკივილს მაყენებს, რადგან სისხლი მდის ფეხის ტერფებიდან. იქნებ მივაღწიო ცივილიზებულ დასახლებას. იქნებ, ჰორიზონტი გამოაჩინო, ღმერთო. ის მაინც მითხარი, კიდევ რამდენი უნდა ვითმინო… ისე, ვფიქრდები და ვხვდები, რომ ამ სხეულის დატოვება ჩემთვის დიდი შვება იქნებოდა. საერთოდ, რად მინდა სიცოცხლე, როდესაც ასე ტვირთად მექცა იგი? უფრო მარტივი არ იქნება, რომ მოვშორდე ამ გაძვალტყავებულ სხეულსა და გალეულ სულს? აღარ დავამძიმებ დედამიწას, ჩემი წუწუნიც შეწყდება, ღმერთო… ალბათ, როგორ მოგაბეზრე თავი? არ მეუბნები, მაგრამ ვხვდები, რომ თავი მოგაბეზრე. საერთოდ, ამდენი ხანი როგორ მომითმინე?.. სჯობია, გავჩუმდე… მაგრამ როგორ გავჩუმდე, მე ხომ სულგამწარებული ვარ… ეს ტკივილი თუ არ გამოვხატე, გავნადგურდები… უფრო სწორად, უკვე ვნადგურდები. ცოცხლად ვკვდები. ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს?
ბრძოლაზე უარის თქმა და დანებებაა ყველაზე უარესი რამ ცხოვრებაში, – ნივთდება ჩემს გონებაში ეს აზრი. ფიზიკურად და სულიერად რომც იყო განადგურებული, არ ნიშნავს, რომ ყველაზე უარეს მდგომარეობაში ამ დროს ხარ. ყველაზე საშიში სიტუაცია მაშინ დგება, როდესაც ბრძოლას შეწყვეტ და იტყვი, რომ არანაირ მცდელობას არ აქვს აზრი, – მეუბნება შინაგანი ხმა. – როდესაც ხელს ჩაიქნევ და იმედს გადაიწურავ, აი, მაშინ გეშინოდეს, რადგან მხოლოდ დანებებამ შეიძლება მიგიყვანოს განადგურებამდე. არ დანებდე იმ აზრს, რომ უკეთესი ვერ გახდები. არ დანებდე იმ აზრს, რომ რაღაც არ გამოგივა; რომ რამეს ვერ შეძლებ, ვერ მიაღწევ მწვერვალებს; რომ სხვადასხვა შიშს და კომპლექსს ვერ დაამარცხებ; რომ ღირსი არ ხარ – კარგად მოგეპყრონ… ვერაფერი დაგამარცხებს, თუკი არ დანებდები.
ჩემი გონება და გული სავსეა ამ ფრაზებით და ვგრძნობ, რომ ისინი ნელ-ნელა ენერგიით მავსებს. ნელ-ნელა იფანტება ჩემი უიმედობა… თანდათან მოტივაცია ჩნდება ჩემში. უფრო მეტ სიმსუბუქეს ვგრძნობ სხეულში. გონება ახლა ნაკლებ მარწუხებშია მოქცეული… მივხვდი, ჩემში მოსული ყველა აზრი სწორი და ჭეშმარიტია. გავიაზრე, რომ დანებების გამო მიჭირს ამ უდაბნოს გავლა… არა, უფრო მეტიც, რომ დავნებდი ცხოვრებაში და ხელი ჩავიქნიე, ზუსტად იმიტომ აღმოვჩნდი ამ უკიდეგანო უდაბნოში. დანებება უფრო მარტივი გამოსავალი მეჩვენა, ვიდრე ბრძოლა. ბრძოლა ხომ დიდ ენერგიასა და შემართებას მოითხოვს. დავნებდი და სწორედ ამიტომ მოვხვდი გაუვალ ლაფში, უსასრულო უდაბნოში, სადაც დღისით მზე მწვავს და საღამოს ქარი მთოშავს… აქ ბრძოლამ ისე გამომფიტა, აქაც დავნებდი… და კიდევ უფრო მეტად გავნადგურდი სულიერ-ემოციურად… არ უნდა დავნებებულიყავი. არც მაშინ და არც ახლა…
მიშველე, უფალო, – ამოვიძახე სულგამწარებულმა. – თუ ძალიან გვიანი არ არის, ბრძოლას გავაგრძელებ. მართალია, არანაირი ენერგია და ძალა აღარ შემრჩა ამისთვის, მაგრამ შევეცდები მაინც, რომ ვიბრძოლო. წლების განმავლობაში ხელჩაქნეული და იმედგაცრუებული ჩემს თავს ბრძოლის შანსს არ ვაძლევდი… ვამბობდი, რომ არ გამოვა, არაფერი არ შეიცვლება.. ახლა ავდგები და კიდევ ერთხელ ვცდი… შენ კი, თუ ისევ ჩემ გვერდით ხარ, შემეწიე და გამამაგრე…
ვიბრძოლებ, უფალო… შენ ხომ ყოველთვის ასე გსურდა, რომ მებრძოლა ბოლომდე, რომ ნამდვილი მებრძოლი ვყოფილიყავი…
ავდექი და შევუდექი უდაბნოს ცხელ გზას. რამდენჯერმე წავიქეცი კიდეც, ტანსაცმლის ნაწილი კიდევ უფრო შემომეხა. ფეხები უფრო მეტად დამიწყლულდა. მაგრამ მაინც ვაგრძელებდი სიარულს… რამდენიმე საათის შემდეგ პატარა ბუჩქს მოვკარი თვალი. მისკენ გავლასლასდი. მცირე ნაყოფი აღმოვაჩინე ამ ბუჩქზე და მაშინვე გავსინჯე. შემდეგ კიდევ ცოტა ვიარე. ახლა რამდენიმე ხე დავინახე. ოაზისის ტერიტორიაზე დამიდგამს ფეხი. წყალი რომ დავინახე, სიხარულისგან მინდოდა მეყვირა, მაგრამ ყელიდან ხმა არ ამომივიდა, ენა სასაზე მიმკრობოდა. მაშინვე დავეწაფე წყალს და ხარბად ვსვი. გული ვიჯერე წყლის სმით და იქვე, ქვიშაზე გადავწექი…
ღმერთო, ბოლოს იმდენი ხნის წინ დავლიე წყალი, რომ ახლა მისი გემო მეუცხოება. ისე ვგრძნობ თავს, თითქოს ბრილიანტი ეჩუქებინოთ ჩემთვის. როგორი კმაყოფილი ვარ… ხის ჩრდილი და წყალი მაქვს… ის, რაც ყველაზე მეტად მენატრებოდა…
„და ეს იმიტომ, რომ არ დანებდი. ეს იმიტომ, რომ იმედს ჩაებღაუჭე. იმედს მომავლისა, იმედს უკეთესობისა, იმედს სიკეთისა, ანუ მე ჩამეჭიდე…“ – ჩემს გულს დაელაპარაკა უფალი.
და მე იმწამსვე გავიაზრე, რაც მოხდა. უფალი მელოდებოდა, როდის გადავდგამდი ნაბიჯს, როდის დავიჯერებდი, რომ რაღაც შეიცვლებოდა ჩემს ცხოვრებაში… დავიჯერე, ანუ იმედი შემოვუშვი ჩემში, რამაც ნაბიჯი გადამადგმევინა… როგორც კი მოქმედება დავიწყე, უფალიც ჩაერია… შეცვალა ჩემი სიტუაცია… მომცა ის, რაც მჭირდებოდა.
და მიმახვედრა – დანებება არასდროს არ არის გამოსავალი.
გამარჯვება ბრძოლაშია.