ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ

ისევ გათენდება…

ნატალია ჩიქოვანი 11 ივნისი, 2015
ნატალია ჩიქოვანი 11 ივნისი, 2015 414 ნახვა
414

და ამოდის მზე… თენდება და გრძელდება ცხოვრება… ხან შენთან ერთად, ხანაც უშენოდ, მაგრამ გრძელდება!..

…და როცა გტკივა, ხელისგულებით იფარავ თვალებს, რომ არ გათენდეს… როცა ცეცხლისგან ალანძული სახით და ქვეყნიერების მტვრისგან დაფარული ხელებით, საკუთარი სულის მივიწყებულ კარს შეაღებ… მოგეჩვენება, რომ საუკუნეა, რაც არ ყოფილხარ „სახლში.“ დამტვერილ მაგიდას ხელისგულით წმენდ და სტუმარივით ჯდები სკამზე, რომელსაც ჰქვია „შეჩერდი და გაიგე“… ვერ იხსენებ, როდის შეჩერდი ბოლოს, ან როდის გაიგე, რომ ის არის ღმერთი!.. მაგიდაზე მოგონებების კარადიდან გამოღებული სქელტანიანი ტომები უწესრიგოდ ყრია… იხსნი საკუთარი მსოფლმხედველობის სათვალეს, მეობის ნიღაბს ოთახის კუთხეში ისვრი და ცრემლმორეული თვალებით „კითხულობ“ თითოეულ მოგონებას… კადრები გარბიან ძველი ფილმის წყვეტილი ფირივით და იხსენებ ადამიანებს წარსულიდან… ადამიანებს, რომლებიც უკან დატოვე წარსულში, მათ, ვისაც გული ატკინე… და მათაც, ვინც გული გატკინა… ხვდები ბავშვობის მეგობრებს… დავიწყებულ ღიმილს… დაკარგულ სიწრფელეს… ობობის ქსელში გამოხვეულ იმედს… ხავსმოდებულ სიყვარულს… გარბიან კადრები და ნელ-ნელა ფერს კარგავს ყველაფერი ფერადი და ღირებული… ხშირდება ნაცრისფერი დღეების გროვა, რაღაცნაირად რომ ერთნაირობს…. ცრემლები გზას კვალავენ შენს ღაწვებზე და ვეღარაფერს ხედავ, გარდა იმისა… როგორ გჭირდება თავისუფლება… თავისუფლება მეობისგან… სტერეოტიპებისგან, საზოგადოებრივი აზრისგან, სტატუსებისგან, საკუთარი შეხედულებებისგან. ვერც კი მიხვდი, როდის იქეცი მონად ყველაფერ იმისა, რომელიც საშუალება იყო, მიზნისკენ მიმავალ გზაზე… გწყურია თავისუფლება ყველაფრისგან, რაც გაშორებს ღმერთს და ხვდები, როგორ მოგნატრებია პირველი სიყვარული… აღმაფრენა და უბრალოება… როგორ დაკარგე ცხოვრების ორომტრიალში და ყოველდღიურ საზრუნავში მხიარული გული, როდის დაგავიწყდა ღიმილი, როდის გაიზარდე… როდის გახდა სასწაულები ჩვეულებრივი, როდის „მიისაკუთრე“ და „დამსახურებულად“ მიითვალე თითოეული გათენება… როდის მიიჩნიე, რომ დიახ, ეს ასეც უნდა იყოს!

…და ახლა ზიხარ საკუთარი სულის მივიწყებულ კუთხეში და ვერ გაგიგია, რატომ შენ?!..

რატომ გტკივა, რატომ დაეცი, რატომ გრძნობ ტალახს ხელისგულებზე ან რატომ ხარ მარტო… იქ, სულის მივიწყებულ კუთხეში… ასე შორს სამყაროსგან და ასე ახლოს ღმერთთან… ტირი და გული გეკუმშება ყველა შექცეული ზურგის დანახვაზე… კანს გიწვავს ზიზღნარევი მზერა ხალხისა, რომელთაც უყვარდი… და აღარ გინდა გათენდეს…

…მაგრამ ისევ ამოვა მზე! და ისევ გაგრძელდება ცხოვრება… ნუ გეშინია ყველაფრის დაკარგვის! ნუ გეშინია, თუ ერთ დღეს აღარ იქნები ხალხისთვის ის, ვინც იყავი ადრე… ნუ გეშინია დამცირების ქუჩების, ნურც სირცხვილის დერეფნების… ნუ გეშინია სიმარტოვის და შეურაცხყოფის… რადგან ცოცხალია ისრაელის ღმერთი!… რადგან შენი უფალი იყო ის, ვინც გაიარა ეს გზა; ვინც იყო უარყოფილი და დამცირებული; ტანჯული და შეფურთხებული; ის, ვინც იყო მიტოვებული და საძულველი კაცთაგან, მათგან, ვისაც აპურებდა და კურნავდა, მათგან, ვისაც პატიობდა და უყვარდა… და მან გაიმარჯვა შენთვის! იმისთვის, რომ თავი აგეწია და ცხოვრება გაგეგრძელებინა, მრავალჯერ დაცემის მერეც… და თუ დღეს ფიქრობ, რომ ყველაფერი დაკარგე, იცოდე, კურთხევით დაიბრუნებ ყველაფერს!.. არ დანებდე!.. ისევ გათენდება…

ნატალია ჩიქოვანი

"ქრისტიანული არხის" ჟურნალისტი.
რუსთავის სახარების რწმენის ეკლესიის წევრი.
მინი-თეატრალური დასის და საკვირაო სკოლის მსახური.

დატოვე კომენტარი პასუხის გაუქმება

შეინახე ჩემი სახელი, ელ.ფოსტა და ვებგვერდი ამ ბრაუზერში, შემდგომი კომენტარების დასატოვებლად.

შემთხვევითი ბლოგები

ჯვარს ეცვა… 

20 სექტემბერი, 2018

და როცა შეხედავ ცას, ჩემი თითების ნამოქმედარს…

13 ივლისი, 2016

უდაბნო დასასრული არაა

15 ივლისი, 2021

კაცთა სისუსტე – ძილი!

17 სექტემბერი, 2019

შობა, იმედის ზეიმი

16 დეკემბერი, 2021

რომელ მეფეს მიუტევებია მიუტევებელი?

14 აპრილი, 2023

ენდე ღმერთს

11 მარტი, 2021

შეიწმინდე ცრემლი, საკმარისად გიტირია

4 სექტემბერი, 2020

როგორ ვრცელდება ჭორები, ანუ რაც თვალს არ უნახავს...

30 მაისი, 2018
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    „გაიქეცი უფალთან შესახვედრად“

    27 ოქტომბერი, 2021
  • 2

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 3

    ხელი უფლისა, ჩემთვის ნალურსმევი – წერილები ღმერთს

    27 მარტი, 2017
  • 4

    რაც არ ამირჩევია მე, მოწოდებაა შენგან

    4 ნოემბერი, 2021
  • 5

    რწმენით მიღებული ფრთები

    2 დეკემბერი, 2020


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ