მე მოვდიოდი… და გზა უსაშველოდ გრძელი იყო, უჩვეულოდ დამღლელი, დასასრული არ უჩანდა განშორების ბილიკებს და ეჭვების ეკალ-ბარდებს. მოვდიოდი დარცხვენილი, თავჩაქინდრული, წელში მოხრილი, თუმცა მთავარი მაინც ის იყო, რომ მოვდიოდი… მაგრამ ამას მოსვლაც არ ჰქვია, ალბათ, უფრო მოვხოხავდი, რადგან დგომაც არ შემეძლო… ზუსტად არ ვიცოდი, რის იმედი მქონდა, მაგრამ ვიცოდი, მე სახლში ვბრუნდებოდი… მამასთან! უკან მომძახოდა მთელი ჯოჯოხეთი, დემონების ხარხარი სწვდებოდა ჩემს სმენას და როცა ძალაგამოლეული დანებებას გადავწყვეტდი, მახსენდებოდა, რომ მე ვბრუნდებოდი სახლში… მამასთან და ხოხვას განვაგრძობდი.
მზე მცხუნვარე იყო და ვგრძნობდი, როგორ მწყუროდა სიცოცხლის წყალი. მუხლებს მიწვავდა ცხელი მიწა და სიკვდილის სუნი სხეულში მქონდა გამჯდარი, თვალებში მხოლოდ მისი აჩრდილი მედგა და ვერაფერს ვხედავდი, გარდა წყვდიადისა… მაგრამ იქ, გულის სიღრმეში, მე ვიცოდი, რომ სახლში ვბრუნდებოდი, მამასთან!… და გზა გრძელდებოდა…
და როცა უსასრულო გზის დასასრულს მივაღწიე, როცა უკანასკნელი ძალაც გამომელია, როცა სიცოცხლე და სიკვდილი მჭიდროდ გადაიხლართა ერთმანეთში… მე მოვედი… თუმცა ამას მოსვლაც არ ჰქვია… მუხლებზე ვიყავი დაცემული შენ წინ და მეშინოდა თავის აწევის, მეშინოდა შენი თვალების დანახვის. არ ვიცოდი, რა დამხვდებოდა იქ: რისხვა, წყრომა თუ ტკივილი, ჩემი წასვლით გამოწვეული… არ ვიცოდი, გაშლიდი თუ არა მკლავებს ჩემ შესაგებებლად… არ ვიცოდი, კვლავაც მოგინდებოდა თუ არა ჩემი გულში ჩაკვრა… ქვეყნიერების ტალახით დასვრილი სამოსით ვიდექი შენ წინ, ერთ დროს საზეიმოდ რომ მისახსოვრე და მისი სითეთრე მაოცებდა… ახლა მისი ნაგლეჯებიღა მიფარავდა სხეულს…
და მე ვიგრძენი ცხელი წვეთები ჩემს ხელებზე… შენ ტიროდი და ისე მაგრად მიკრავდი გულში, როგორც არასდროს… შენ გიყვარდი, ჩემი უარყოფის მიუხედავად გიყვარდი… და ყველაზე დიდი ტკივილიცა და სიხარულიც ის იყო, რომ მივხვდი – მელოდი, მელოდი ყოველ წამს ჩემი წასვლის შემდეგ, რომ შენი თვალები, მთელი ეს დრო, გზას გასცქეროდა; მელოდი უძრავად იმ ადგილას, სადაც დაგტოვე… ვგრძნობდი, როგორ გარემომიცავდა შენი სიყვარული, როგორ ფარავდა ჩემს ცოდვებს იესოს სისხლი და ვგრძნობდი, როგორ ხარობდა ზეცა შენთან ერთად…
მე მოვედი, მამა! სახლში დავბრუნდი!..
P.S. არასდროს დაკარგოთ ღმერთთან მისვლის გაბედულება, გახსოვდეთ, რომ ის მოწყალე მამაა.