სიცარიელე (ვხედავ ჩემში) აივსო გრძნობით,
(უხასიათო გამოხედვით, ზიზღით და მტრობით),
გრძნობით, რომელიც ვერ მოკვდება ყოველდღე თრობით,
თითქოს ძარღვებში იჭედება წყეული თრომბი.
თითქოს მეძახის მე სატანა, მიმიხმობს მასთან,
მეც თითქოს ვუსმენ და მივიწევ ბნელეთის მთასთან,
თითქოს არ ვიბრძვი და ვჩერდები, თითქოსდა ვკვდები,
თითქოს ჩამითრევს თავისთან და მეც დავნებდები.
მაგრამ ეს მხოლოდ თითქოს არის, მე არ ვნებდები!
მე ვიბრძვი! ვცდილობ! მუხლს მოვიდრეკ ლოცვა-ვედრებით,
ღმერთო, არ შემწევს მარტო ბრძოლის ძალა უშენოდ,
ღმერთო, მიშველე, ნუ დამტოვებ ასე უმწეოდ.
ქარი ბობოქრობს, ვით სიბნელის შავი აჩრდილი…
ღამე წყვდიადით შემოსილი, ელვით დაჭრილი…
ვდგავარ სიცივის სადარაჯოდ სახეაჭრილი…
და შველას ვითხოვ ზეცისაკენ ხელებაწვდილი…
მე ცოდვილი ვარ, ცოდვა მახრჩობს, ცოდვაში ვხვდები,
მორევი მითრევს, მექაჩება, მშიშარა ვხდები,
მე ვეძებ ვინმეს, ვინც მიშველის, ვინც გადამარჩენს,
ვინც ხელს ჩამკიდებს მე ცოდვილს და ვინც განმაახლებს.
ვეძებ მას, ვისაც ვუყვარვარ და ვინც არ დამტოვებს,
ვინც სულ ჩემ გვერდით იდგება და არ მიმატოვებს,
მას, ვინც სიყვარულს ავლენს საქმით და არა სიტყვით,
ვინც იწოდება მესიად და ცოდვისგან მიხსნის.
ვეძებ ერთადერთ ჭეშმარიტ და ცოცხალ შემოქმედს,
დავეხეტები მთა-გორებზე, ვნატრობ ‒ შემომხვდეს,
ფეხსაცმელები შემომაცვდა, გრძნობა განელდა,
საგზლად აღარ მაქვს არაფერი, წყალიც დამექცა.
სრულიად მარტო, უდაბნოში აღმოვჩნდი უცებ,
თვალცრემლიანი ჩემ ზემოთ მფრენ ყორანებს ვუცქერ,
თითქოს ელიან, რომ მოვკვდები, რომ მერე მეცნენ,
რომ ნაწილ-ნაწილ და ნელ-ნელა ჩემს სხეულს გლეჯდნენ.
თუმც ვერ მივართვი! ჯერ ადრეა ჩემი სიკვდილი!
თუმცა ჯერ ისევ ძირს ვაგდივარ ღონემიხდილი,
უკვე ნათლად ვგრძნობ, რომ წასვლის დრო ჯერ არ დამდგარა,
ქრისტეს აღდგომა ანგელოზმა ახლა მახარა.
მეც გადავწყვიტე, მივატოვო ჩემი ცხოვრება
და ღმერთს მივმართო, რომ მივიღო მისგან ცხონება,
ჰოდა, ამ გზაზე იმიტომაც აღმოვჩნდი ახლა,
რომ მოვინდომე უფალ იესოს ახლოდან ნახვა.
მე მარტოობის სიყვარულმა დამღუპა სწორედ,
და დასასრულის დასაწყისიც აქ არის, ვგონებ,
დრო მოვიდა, რომ მე ხელახლა ვიშვა ზეციდან,
ქრისტეს მივუძღვნა მე სიცოცხლე ამიერიდან.
გეძებ, უფალო, და ვიცი, რომ არსებობ სადღაც,
მინდა გიხილო, მიპასუხე, გეძახი კვლავაც,
ფარ-ხმალს არ დავყრი და მოვიცდი, ვიდრე არ მოხვალ,
ვიდრე დაკარგულ ცხვარს მიპოვი, ვიდრე დამმოძღვრავ.
უფალო, სად ხარ? დამეხმარე, ღმერთო, მიშველე,
წარსულ შეცდომებს მომარიდე, ხელს არ მიშვებენ,
დამტანჯა ცოდვამ, დამიმძიმდა უკვე უღელი,
მე შენს დიდებას და წყალობას გულით ვუმღერი.
მჯერა, უფალო, ჩემთან ხარ და მუდამ იქნები,
შენ მე გიყვარვარ, მე კი ‒ ნახე, როგორ ვიქცევი?!
იესო ქრისტე, მაპატიე ჩემი ცოდვები,
მე შენ წინაშე მადლიერი დავიჩოქები.
მიყვარხარ, ღმერთო! მიყვარხარ! და ძლიერ მჭირდები!
მიყვარხარ, ღმერთო! ერთადერთო! მე შენ გპირდები,
რომ შევეცდები ‒ გამოვსწორდე, ვიბრძოლებ შენთვის,
ვიცი, ეს ბრძოლა გაამართლებს, მთლიანად შემცვლის.
გხედავ, იესო, შენ ახლოს ხარ, ჩემთან მოხვედი,
ჩემი ვედრება შეისმინე და ხსნა მომეცი,
გავთავისუფლდი წარსულისგან, ვგრძნობ, შევიცვალე,
მადლობას გიხდი, რომ მიპოვე, რომ შემიყვარე.
მინდა, მოგიძღვნა ჩემი გული და გემსახურო,
მინდა, გაგიცნო უფრო ახლოს და გესაუბრო,
მე შენ გეკუთვნი, ჩემო მხსნელო, მუდამ გადიდებ,
მჯერა, იზრუნებ და შენს მზერას არ მომაცილებ.
ჩემი სიცოცხლე შენ გეკუთვნის ამიერიდან,
რადგან ამქვეყნად ეს ცხოვრება წამიერია,
შენ კი, იესო, ჩემო მხსნელო, შენ ხარ უკვდავი!
ჩემი ცხოვრების სიყვარული, ჩემი უფალი!