ამ თემაზე ბევრი ითქვა და ბევრიც დაიწერა. ვიხილეთ, როგორც ყოველთვის, ორ რადიკალურ მხარედ გახლეჩილი საზოგადოება: ერთნი ქოქოლას აყრიდნენ საყურიან, ფერად, რუსთაველზე კლუბურ მუსიკაზე აცეკვებულ ახალგაზრდებს, მეორენი კი მხარს უჭერდნენ მათ. ჩვენი საზოგადოებაც ქართული მედიასივრცის ეკვივალენტურია – სხვადასხვა არხზე გადართვისას გგონია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობ, ვერ ხვდები, სად ასახავენ და სად „ქმნიან” რეალობას. როგორც ყოველთვის, ამ ურთიერთსაპირისპირო პოზიციებს შორის, გამოგვრჩება ხოლმე სიტუაციის თანმიმდევრული და მიზეზშედეგობრივი ანალიზი, რაც პრობლემის პრობლემად დარჩენას განაპირობებს და ის უბრალოდ პასიური ხდება სიტუაციის მომდევნო დაძაბულობამდე.
ეს კი იმის ბრალია, რომ ბოლო დროს სიჩუმეს მივეჩვიეთ. მივხვდით, რომ აზრი არ აქვს იყვირო იქ, სადაც ერთი კაცის ნება-სურვილით ხეებიც კი „დადიან“, ამიტომ პირში წყალი ჩავიგუბეთ და თევზებივით დინებას მივყევით. სიჩუმეც არის და სიჩუმეც, დემოკრატიულ ქვეყანაში სოფლის შენებას მარტო პირველი, მეორე ხმა და ერთიც კარგი ბანი არ ჰყოფნის, ყველა ადამიანის ხმა მკაფიოდ უნდა ისმოდეს, ამიტომ გადავწყვიტე, მეც მეთქვა.
მეც ამ თაობის წარმომადგენელი ვარ, ოთხომგამოვლილი, ემიგრაციაში წასული დედების შვილების, „კერასინკის“ სუნისა და უეცარი ცვლილებების შედეგად გარდაქმნილი თაობის წარმომადგენელი, სულ რომ ეშინია, დროებას არ ჩამორჩეს, თვითდამკვიდრებისა და თავის გადარჩენისთვის რომ იბრძვის. თაობის, რომელსაც, წესით, უნდა ეთქმოდეს მნიშვნელოვანი სიტყვა ამ ქვეყანაში, მაგრამ პოლიტიკური კლანების დიქტატურა და ჩვენი ქვეყნისათვის დამახასიათებელი ნეპოტიზმი არ აძლევს საშუალებას,იყოს ქვეყნის ცხოვრებაში აქტიურად ჩართული, ქვეყნის, რომელსაც მხოლოდ ერთი „მოქალაქე“ ჰყავს.
ამ თაობის წარმომადგენლებმა საკუთარი „თავისუფლების“ კუნძული შექმნეს, საკუთარი საქართველო, ღამის საზღვრებით გარშემორტყმული, ელექტრონული მუსიკითა და „ბედნიერების“ აბებით სავსე, სადაც გამოგონილი და ცრუ „ბედნიერება“ ასე იზიდავთ.
ჩვენ ვიქეცით თაობად, რომელიც თავს ირთობს, ნაცვლად იმისა, ამ ქვეყნის მომავალს ცვლიდეს, თაობად, რომელსაც უბრალოდ დრო გაჰყავს.და მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ „კუნძულს” შეეხო ვიღაც, მხოლოდ მაშინ გამოვიდა ღამის სიბნელიდან თაობა, რომელშიც არის ძალა, რომელსაც შეუძლია ცვლილებები და არა მაშინ, როდესაც ძალადობა სერიოზული პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის; არც მაშინ, როცა მიყოლებით კლავენ მოქმედი თუ ყოფილი ქმრები ქალებს; არც მაშინ, როცა 21-ე საუკუნის საქართველოში ბავშვები შიმშილით იხოცებიან, როცა მიუსაფარი ბავშვებითაა სავსე თბილისის ქუჩები და მიწისქვეშეთი;არც მაშინ, როდესაც კლუბურ ნარკოტიკს ახალგაზრდების სიცოცხლე შეეწირა, თუმცა ხმამაღალი კლუბური მუსიკის ჰანგებში არც იმ ადამიანების განწირული ხმა ისმის, ვისაც კლავენ, არც მათი მოთქმა, ვისაც შიათ და არც მათი ბოლო ამოსუნთქვა, ვინც გაურკვეველი ნივთიერების მიღების გამო ვეღარ გაიღვიძა… მაშინ, როდესაც თქვენი ხმა ბევრ რამეს შეცვლიდა! დიახ, ბევრჯერ გავჩუმდით, როცა თქმა იყო საჭირო! ვგმობ იმ სპეკტაკლს, რაც „ბასიანის“ მიმართ განხორციელდა, მაგრამ ბუნდოვანია, რას გულისხმობთ სიტყვა „თავისუფლებაში“.
თქვენ შექმენით საკუთარი საქართველო, სადაც არ არის ადგილი „არაპროგრესულად“ მოაზროვნეთათვის, „ჰომოფობებისთვის“, „საბჭოთა გადმონაშთებისთვის“, მეორე მხრივ კი, არის თაობა, რომელმა მკვეთრი სადემარკაციო ხაზი გაავლო თავის საქართველოსა და თქვენს საქართველოს შორის. არც იქ არის ადგილი პირსინგიანი, საყურიანი, ფერადტანსაცმლიანი და ფერადი ორიენტაციის მქონე ხალხისთვის.
მივიღეთ ორი ბანაკი, ორი აზრი, ორი უკიდურესობა, სადაც არ განიხილავენ მესამეს, რომ ამ ორ ბანაკს შორის დიალოგია საჭირო, რომ ერთ სივრცეში ერთად ცხოვრება და არსებობა უნდა ვისწავლოთ, რომ ვაღიაროთ წარსულის შეცდომები და გამოსწორების გზებზე ვიფიქროთ…
ხელისუფლებაც თავის საქართველოში ცხოვრობს, სავარძელგამთბარ, ხელფასგაზრდილ, კაბინეტის ფანჯრიდან დანახულ საქართველოში, სადაც ხალხის ხმა საერთოდ არ აღწევს, სადაც თბილა და პროგრესი სამუშაო მაგიდაზე თვლემს…
ეკლესიასაც(კონკრეტულ დენომინაციას არ ვგულისხმობ) თავისი საქართველო აქვს, ტაბურეტმომარჯვებული საქართველო, დამმოძღვრავი, ჭკუისმასწავლებლური, არაკაცთმოყვარე და არაშემწყნარებლური. იქნებ იმიტომაც არ მოდიან ცოდვილნი ეკლესიაში, რომ წმინდანთა გამკიცხავი მზერის ეშინიათ, იქნებ ამიტომაც ირჩევენ – იცხოვრონ ღამის „ჯოჯოხეთში“?
ყველას თავისი წილი საქართველო აქვს „მოზომილი“. დროა, დეფაქტო საზღვრები გავაუქმოთ და გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. დროა, გავიაზროთ, რომ თითოეული ჩვენგანი მოქალაქეა.
დროა, გამოვფხიზლდეთ ფერადი სიზმრებისა და აბებით გამოწვეული ილუზიებისგან და ვიბრძოლოთ ჩვენი მომავლისთვის, ჯანსაღი მომავლისთვის! დროა, ნომინალური ქრისტიანობის მოსასხამი გავიხადოთ და თუ გვწამს, გულით გვწამდეს. დროა…ნამდვილად დროა…
P.S. „ისმინე დასკვნა ყოველივე ამისა: გეშინოდეს ღვთისა და დაიცავი მისი მცნებები, რადგან ეს არის უმთავრესი ყველა ადამიანისათვის“ (ეკლესიასტე 12:13).