ჰმ… სად ვარ?! ესკალატორი, სუნი, ხმაური, მეტრო… ოხ, ისევ გამოვითიშე… ნეტავ როგორ აღმოვჩნდი აქ ან საით მაქვს გეზი? ბოლოს მახსოვს, გავიღვიძე, მოვაწესრიგე ჩემი სხეული, მაგრამ კვლავაც ვერა – შინაგანი სამყარო… სარკესთან ისევ ის მძიმე და ცივი ნიღაბი მოვირგე, რომელსაც უხსოვარი დროიდან ვირგებ, სახლის კარი მოვიჯახუნე და აი, აქ მოვედი გონს…
ალბათ, ერთფეროვნების, ან უფრო გულწრფელი რომ ვიყო, უფერულობის გამოა, რომ ასე გამოვითიშები ხოლმე და ბევრ რამეს დაპროგრამებული რობოტივით ვაკეთებ, რადგან უკვე აღარც კი მახსოვს იმდენი ხანია, რაც ჩემი ცხოვრება შავ–თეთრი კადრებით მიმდინარეობს…
გავდივარ „სადგურის მოედანზე“ გრძელ და მყრალ გვირაბს და ჩემი თვალები სწრაფად გადადიან ჩემ საპირისპიროდ მომავალ ზღვა ხალხში სახიდან სახეზე, ნაცნობს ვეძებ. ვიცი ეს სახეები, სამარშრუტო ტაქსიში, ქუჩაში, მეტროში მინახავს ისინი, მაგრამ რა სამწუხაროა, რომ ამდენ ნაცნობ სახეში მაინც ყველა უცხოა…
ისევ შემეშალა სადგურის ამოსასვლელი და სიმართლე გითხრათ, ბევრჯერ მინატრია, დავკარგულიყავი, რადგან შინაგანად უკვე წლები იქნება, რაც დაკარგული ვარ და ნეტავ შეძლოს ვინმემ ჩემი პოვნა…
უაზროდ, უსიცოცხლოდ და უმისამართოდ მივუყვები ლამპიონებისგან განათებულ, მაგრამ მაინც ბნელ ქალაქს. ვჩერდები, უკან ვიხედები, ვათვალიერებ არემარეს, თვალებს აქეთ–იქით ვაცეცებ, ვიღაცას ვეძებ. დიდი ხანია უკვე, რაც ეს “მჭირს“. ზუსტად არ მახსოვს, 13-14 წლის ვიქნებოდი, როცა პირველად მოვიქეცი ასე... უეცრად გავჩერდი, უკან მივბრუნდი და დავიწყე ვიღაცის ძებნა, ვიღაცის, ვინც ჩემს დახმარებას შეძლებდა, მაგრამ ამაოდ და დღესაც ზუსტად ისეთივეა შედეგი, როგორიც პირველ ჯერზე იყო – ამაო…
თავს მატკივებს და მღლის, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს ფიქრი. ვფიქრობ, ვფიქრობ და ალბათ, ჯობს, ბნელ დილეგში იყო სასიკვდილოდ განწირული, მაგრამ იცოდე, რომ სადღაც, გარეთ ვიღაცას უყვარხარ და ენატრები, ვიდრე გარეთ იყო „თავისუფალი“, მაგრამ არავის უყვარდე და ენატრებოდე… ჰმ…
წარმოვიდგენ ხოლმე, მარტოსულობა რომ ისეთი ტკივილი იყოს, რომელიც ხმას გამოსცემს, ალბათ, შემზარავი ხმების თანხლებით მოგვიწევდა ცხოვრება…
ჩემო მკითხველო, არ ვიცი შენი სახელი და გვარი, არც შენი მისამართი… ძალიან მინდოდა შენი ნახვა და ამ ყველაფრის პირისპირ თქმა, მაგრამ გადავწყვიტე, მომეწერა შენთვის…
ჩემი მუზა არა ეს დაჯღაბნილი და ნახევრად ცარიელი ფურცელი, არამედ შენი ცარიელი და მომაკვდავი თვალებია... ხოლო ჩემი მიზანი არა კარგი ჩანაწერის შექმნა, არამედ შენი გათავისუფლებაა შინაგანი პატიმრობისგან.
ჩემო ძვირფასო მკითხველო, არ ვიცი, ჩემი წერილი როგორ და როდის მოაღწევს შენამდე, მაგრამ ღმერთისთვის მიმინდია!
ჩემი ცხოვრება შეიცვალა, დღეს აღარ ვცხოვრობ სიცარიელესა და უფერულობაში, დღეს აღარ ვარ მონა მოღიმარი ნიღბისა, მატარებელი – ცარიელი თვალებისა, პატიმარი – მარტოსულობის საკნისა, მაგრამ იმის გამო, რომ ამ საკანში დიდი დრო მაქვს გატარებული, კარგად, ძალიან კარგად მესმის მიზეზი შენი დამძიმებული სუნთქვისა.
თუ არ გიჭირს ჩემს ნაწერში საკუთარი თავის ამოცნობა, მინდა გითხრა, რომ შენთვის არის იმედი უკეთესი ხვალინდელი დღისა, რადგან ასეთი იმედი ჩემთვისაც მოიძებნა.
არ მინდა “რელიგიურად” გამომივიდეს რაიმე, მაგრამ არ ვიცი, სხვანაირად როგორ უნდა ვთქვა ის, რომ იესო ქრისტემ შეცვალა ჩემი ცხოვრება. მას და მხოლოდ მას შეუძლია ამის გაკეთება:
ლუკა 4:18: “უფლის სულია ჩემზე, რადგან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და ბრმათათვის თვალის ასახელად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად.”
ადამიანები ყოფენ საკუთარ ცხოვრებას სხვადასხვანაირად. მაგალითად: უნივერსიტეტამდე და მის შემდეგ, ჯარში მსახურობამდე – მის შემდეგ, სამსახურამდე – მის შემდეგ და ა.შ., მაგრამ მე ჩემს ცხოვრებას ასე დავყოფდი: ქრისტემდე (მხსნელამდე, მის მიერ ჩემ დახსნამდე) – და ქრისტეს შემდეგ.
მეგობარო, მე მჯერა შენი ღიმილის, შენი გულიანი სიცილის. მჯერა შენი მხიარული ცეკვის (შინაგანი სიხარულის გამოსახატავად), შენი სიცოცხლით სავსე თვალების, შენი იმედიანი მომავლის, მე მჯერა შენი ცხოვრების შეცვლის, რადგან მჯერა ქრისტესი, რომელსაც შეუძლია და სურს ამის გაკეთება!
არ ვიცი, ოდესმე თუ შევხვდებით ერთმანეთს, ან თუ შეხვდები სხვა ადამიანს, რომელიც “დაგეხმარება” ლოცვაში, მაგრამ მინდა გითხრა: თუ შენი გული განიცდის სიცოცხლის საჭიროებას, ქრისტეს საჭიროებას, სადაც არ უნდა იყო, გთხოვ, ილოცე (მიმართე ღმერთს) გულწრფელად: “უფალო იესო, თუ ყველაფერი მართალია, რასაც ეს ადამიანი წერს, რომ შენ შეგიძლია ჩემი ცხოვრების შეცვლა, გთხოვ, შეცვალე ჩემი ცხოვრება.”
მე არ ვიცი, სად, როდის და როგორ წარიმართება შენი ცხოვრება, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ღმერთმა იცის, როგორ იხსნას ადამიანი.
გაკურთხოს უფალმა!