სული დამიმახინჯდა. ამქვეყნიურ გზაზე სიარულში მანკიერებები გავიჩინე. ხან რომელ ლაფში ჩავდგი ფეხი და ხან რომელში. ჭუჭყიანია ჩემი ფეხსაცმელი. გამოცვლა მჭირდება. ახალი სამოსიც მინდა. თეთრი, სპეტაკი სამოსი, რომ სუფთად, შეულახავად და წმინდად ვიგრძნო თავი. მაგრამ სამოსისა და ფეხსაცმლის გამოცვლა განა შეძლებს ჩემი სულის მანკიერებების გაქრობას? ვფიქრობ, ვერა. შემიძლია, ჩავიცვა ახალი ტანსაცმელი, მაგრამ სულით ხომ იგივე ვრჩები. ჩემი იდენტობა ამით არ იცვლება. ბინძურ თუ სუფთა, ლამაზ თუ ულამაზო ტანსაცმელში მე მაინც იგივე პიროვნება ვარ. იმავე დამახინჯებული სულით.
უდაბნო კარგი ადგილია ამ ყველაფერზე საფიქრელად. როცა ოაზისის პერიოდი იდგა ჩემს ცხოვრებაში, მაშინ არ ვფიქრობდი ამაზე. ახლა კი ყოველდღე ამაზე მეფიქრება. რა ვუშველო ჩემს დამახინჯებულ სულს? მით უმეტეს ახლა, როდესაც უდაბნოში ვარ, კიდევ უფრო რთულია სულის გადარჩენაზე ფიქრი. აქ ჯერ ფიზიკურად უნდა გადავრჩე. ჯერ სხეული უნდა გადავარჩინო, შემდეგ კი სამშვიდობოზე გასულმა, იქნებ სულზეც ვიფიქრო. არადა, ჩემი სული უკვე ფერმკრთალდება, იღვრება, იცრიცება… სასწრაფოდ წყალი სჭირდება მასაც… მხოლოდ სხეულს არა, სულსაც სჭირდება წყალი სიცოცხლისა, წყალი უკვდავებისა, წყალი დაუშრეტელი… სად ვიპოვო ასეთი წყალი? მოვთქვამ და ზეცაში ვიხედები უნებურად, ხელებაპყრობილი, თითქოს ზეციდან ველი ჩემს კითხვებზე პასუხს.
„ვინც იმ წყალს დალევს, რომელსაც მე მივცემ, საუკუნოდ აღარ მოსწყურდება; რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მასში იქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდენს“, – მესმის ხმა.
– ქრისტე, შენა ხარ? – წამოვიძახე. თურმე ჯერ კიდევ შერჩენია ჩემს სულს უფლის ხმის გარჩევის უნარი.
– ჩემგან მოცემული წყლის დამლევს არასდროს მოსწყურდება… თითქოს ჩემი კითხვა ვერ გაიგო უფალმა, ისევ გააგრძელა თავისი სიტყვა.
– მე მწყურია, უფალო, ჩემთვის სამყოფი წყალი არა მაქვს… იქნებ ერთი წვეთი წყალი მოგეცა… – დავიწყე ხვეწნა-მუდარა.
– მართალია. წყალი გაკლია…
– კი, უფალო, ასეა. – გამიხარდა, უფალი რომ დამეთანხმა.
– ჩემს წყალს თუ დალევ, საუკუნოდ აღარ მოგწყურდება.
– ჰოდა, მომეცი ეგ წყალი, უფალო, – ამოვიგმინე…
– შენ ფიზიკურ წყალს ითხოვ ახლა. მე სხვა რამეზე გელაპარაკები.
– ეგ წყალიც მინდა, უფალო.
– არ იცი, რას ითხოვ.
– დიახ, ვიცი, უფალო. ვიცი, რომ სულისთვისაც მჭირდება წყალი.
– შენს სულს წყალი ნამდვილად სჭირდება?
– კი, უფალო. ჩემს სულს გადარჩენა სჭირდება. – გავბრაზდი უფლის კითხვაზე.
– განა წეღან მხოლოდ ფიზიკურ წყალზე არ ოცნებობდი, ნეტავ ერთი წვეთი წყალი მაინც დამალევინაო. ახლა უცბად სულის გადარჩენა მოგინდა? – მომიგო უფალმა.
– კი… სულის გადარჩენაც მინდა.
– აი, ისევ… სულის გადარჩენა(ც) მინდაო, ისე ამბობ, თითქოს ეგ დანამატია. ჯერ სხეულს გადაირჩენ და მერე ბარემ სულიც მივაყოლოთ, ხომ? – ირონიის ხასიათზე დამდგარა უფალი, ვატყობ.
– მე ეგ არ მითქვამს…
– მაგრამ ეგ იგულისხმება შენს სიტყვებში.
– არა, დანამატი არ არის სულის გადარჩენა.
– აბა, რა არის?
– არ ვიცი…
– სწორია, არ იცი. ჯერ კიდევ ვერ მიხვედრილხარ, რომ სულის გადარჩენაა ყველაზე მნიშვნელოვანი. შენ კი დღემდე სხეულის გადარჩენაზე ფიქრობ…
– ოღონდ ამ უდაბნოდან გავაღწიო და გადავრჩე, მეტი არაფერი მინდა… – ვაგრძელებ გოდებას.
– და რომ გადარჩები, მერე რას იზამ? ალბათ, ისევ იმავე ცხოვრებას დაუბრუნდები. და, შესაბამისად, ისევ აღმოჩნდები უდაბნოში.
– არა, უფალო… ოღონდ აქ ნუღარ დამაბრუნებ…
– რატომ? შენ ხომ აქ ბევრი რამ ისწავლე… ბევრი რამ გადააფასე… ახლა იცი, ფასეული რა არის ცხოვრებაში, შენი თავი უკეთესად გაიცანი, ჩემი შეცნობის კუთხითაც გაიზარდე…
– აქ მაინც აღარ მინდა დაბრუნება…
– მადლიერი უნდა იყო, უდაბნომ ხომ გამოგწვრთნა?..
– არ მინდა აქ დაბრუნება! – ვიყვირე მე.
– კარგი. და სად გინდა, რომ წახვიდე?
– იქ, სადაც არ ცხელა და არ ცივა. სადაც წყალია…
– შენ ბუნებრივად მიილტვი სიცოცხლის წყაროსკენ. ეს მიდრეკილება მე ჩავდე შენში… ყველა ადამიანში…
– სად არის ეგ წყარო? იქნებ მიმიყვანო მასთან…
– თავად სიცოცხლის წყარო მოვედი შენთან და ნუთუ აქამდე ვერ მიხვდი?!
გავოგნდი ამ სიტყვებზე. აქამდე ამაზე არ მიფიქრია… უფალი – სიცოცხლის წყარო? არაფერი მსგავსი არ მომისმენია, არ მინახავს და არ შემიგრძნია…
– მე… ვერ მივხვდი… – როგორც იქნა, გულწრფელად ვაღიარე.
– დაბინდულია შენი სულიერი თვალები. არ იყურები იქ, სადაც უნდა იყურებოდე. – მომიგო უფალმა.
– არ ვიცოდი, რომ შენ იყავი სიცოცხლის წყარო, უფალო… ეს ყველაფერს ცვლის ახლა…
– და მაინც, რას ცვლის? ახლა დაიწყებ სიცოცხლის წყაროსგან წყლის მიღებას თუ ისევ ამქვეყნიურ წყაროს ეზიარები?
– რა არის ამქვეყნიური წყარო?
– დიდება, წარმატება, სტატუსი, ფული, მეგობრები…
– მაგრამ ეგენი ხომ საჭიროა, უფალო?
– ეგენი შენი კერპებია, რასაც თაყვანს სცემ… – სწორედ მტკივნეულ წერტილს შეეხო უფლის სიტყვები…
– არა. მე თაყვანს არ ვცემ ნივთებსა და ადამიანებს, უფალო…
– არ არის აუცილებელი, მათ უჩოქებდე და მათი ხატები გაიკეთო. ეს ყველაფერი შენს დამოკიდებულებაში ჩანს…
მინდოდა, კიდევ შევპასუხებოდი უფალს, მაგრამ გასამართლებელი არგუმენტი ვერ ვიპოვე და გავჩუმდი.
– რატომ გაჩუმდი? გასამართლებელი მიზეზები გამოგელია? – თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხა უფალმა.
– კი, გამომელია. – უკვე მეორედ გამოვთქვი გულწრფელი აზრი. უფალთან რამის დამალვას რა აზრი ჰქონდა.
– მომწონს, როდესაც გულწრფელი ხარ ჩემთან. მინდა, რომ ყოველთვის გულწრფელი იყო და არაფერი დამიმალო. მაშ, რას იტყვი? ისევ გინდა, სიცოცხლის წყალს ეზიარო?
– კი, მინდა, მინდა… ძალიან მინდა… – წამოვიძახე და მზად ვიყავი, დამეჩოქა, თუმცა ფიზიკურად ჯერ კიდევ ვერავის ვხედავდი ჩემ გარშემო…
– მინდა წყალი… სხეულის, სულისა და გონების გადასარჩენად… მიწილადე ეგ წყალი, უფალო… სულ ცოტაც მეყოფა…
– მართალია. სულ ცოტა წყალიც კი შეძლებს შენში მდინარეების წარმოშობას… და წარმოიდგინე, ბევრი წყალი ოკეანედ გადაგაქცევს.
– არ მინდა ბევრი წყალი, უფალო… ერთი წვეთიც კი გამომაცოცხლებს. თან შენ მილიარდობით შვილი გყავს, იმათაც ხომ უნდა უწილადო…
– ყველასთვის სამყოფი წყალი მაქვს.
– ეგ როგორ?
– განა დაგავიწყდა, რამდენად უსაზღვრო შეძლებისაა შენი ზეციერი მამა?!
– კი, ვიცი, რომ ყოვლისშემძლე ხარ!..
– და ის თუ იცი, რომ შვილებზე ვზრუნავ?
– კი, ეგეც ვიცი.
– მაშ, ნუღარ ეჭვობ. მოდი და მიიღე წყალი, რომელიც ჩემგან მოდის.
უფლის ხმა გაქრა. დავიწყე ქრისტეს ძახილი, მაგრამ აღარსად ჩანდა… ჩემთვის წყალი უნდა მოეცა… ნეტავ სად არის ეს წყალი? მე ვარო წყალი, ხომ მითხრა. ოჰ, უფალო, ხანდახან ისეთი ქარაგმებით საუბრობ, რომ ვერ ვიგებ ხოლმე შენს ნათქვამს… მივდივარ უდაბნოში და ვბურტყუნებ ჩემთვის… უცბად მხარზე გადაკიდებულ ჩანთაში ჩადებული „ახალი აღთქმა“ გამახსენდა. ამდენი ხანი როგორ არ გამხსენებია?.. იმედია, ქარიშხალმა არ მომტაცა. გავხსენი ჩანთა და გაცრეცილი და დამტვერილი ახალი აღთქმა ამოვიღე. მტვერი გადავაცალე, გადავშალე და კითხვა დავიწყე. ჩემი სული ხარბად ისრუტავდა იქ ამოკითხულ სიტყვებს. სიცოცხლის წყალი შემოდიოდა ჩემში და არწყულებდა ჩემი სულის ხრიოკებს. ჩემი სულის ნაფლეთები ნელ-ნელა მთელდებოდა, რადგან მე ვსვამდი სულიერ სასმელს სულიერი კლდიდან.