დავდივარ და გეძებ, უფალო, იქნებ სადმე გიპოვო.
დავდივარ ეკლესიიდან ეკლესიაში და ვერ გხედავ. დაცარიელებულა ტაძრები ხალხისგან, ვერსად ვგრძნობ შენს თანდასწრებას.
გეძებ საქართველოში, გეძებ თურქეთში, გეძებ ესტონეთსა და ბრიტანეთში.
რატომ ვერ გხედავ, უფალო, ნუთუ სხვა ღმერთებივით არ არსებობ?
ვინ მოთვლის, რამდენჯერ მომსვლია ასეთი აზრები… რამდენჯერ შევსულვარ ქართულ თუ უცხოურ ტაძრებში, ყველგან გეძებდი; თუმცა, ეს შენ ისურვე ჩემი პოვნა და თავად მომიყვანე შენთან. მითხარი, რომ უნდა მომეძებნე. ჩემით ვერ მივხვდი, რომ შენ არსებობდი. ადამიანებმა დამახინჯებული ინფორმაცია მომაწოდეს, რომ უფლის არსებობა მხოლოდ ჯვრის ჩამოკიდებას და პირჯვრის გადაწერას ნიშნავდა… რომ წელიწადში ერთხელ ეკლესიისთვის უნდა შემომევლო და მისი კუთხეები დამეკოცნა და ასე შემდეგ. ოჰ, ღმერთო, როგორ გაგაუბრალოეს, როგორ შელახეს შენი სახელი ადამიანებმა, რომ უფლისადმი თაყვანისცემა მხოლოდ რელიგიური ტრადიციების აღსრულებაღა გამხდარა..
არ გეძებენ, უფალო, ადამიანები მთელი გულით. გიკეტავენ კარს, როდესაც შენ ამ კარზე აკაკუნებ.
მე რით დავიმსახურე, რომ ჩემს კარზე დააკაკუნე? მე ხომ შენთვის ფეხებიც კი არ დამიბანია, მე შენთვის ზეთი არ მიცხია თავზე. შენთვის გაზქურაზე წყალი არ შემომიდგამს, რომ ჩაი ამედუღებინა, მე ხომ შენთვის არ გამიშლია ლოგინი. მე ხომ ვახშამი არ გამიმზადებია შენთვის. რით დავიმსახურე შენი სიყვარული, უფალო?..
დავდივარ და ვერ გამიაზრებია, რომ სამყაროს შექმნამდე გამომძერწე, რომ საუკუნეების წინ მიცნობდი უკვე, მე კი წესიერად ჩემს თავსაც კი არ ვიცნობ. არ ვიცი, ვინ ვარ და რა მინდა. შენ კი ჩემზე უკეთესად იცი, ვინ ვარ და რისთვის ვარსებობ.
მითხარი, უფალო, მითხარი, ვინ ვარ, რა ჩაიფიქრე ჩემზე, რისთვის შემქმენი… იქნებ შევძლო, რომ ცოტათი მაინც გავამართლო შენი იმედები. იქნებ გავხდე ღირსი, რომ შემეხო, რომ ამიხილო თვალები… რომ არ გავაკეთო ის, რაც გულს გატკენს…
მე კი რამდენჯერ გატკინე გული, გაგცვალე მეგობრებზე, გაგცვალე ფულზე, გაგცვალე კომფორტზე, გაგცვალე სიყვარულზე, გაგცვალე ოცდაათ ვერცხლზე, ან იქნებ ნაკლებზეც… ვერ შეგაფასე, უფალო… სწორად რომ შემეფასებინე, აბა, ერთი დღის სიამოვნებისთვის ხომ არ დაგივიწყებდი?! ხომ არ დავუშვებდი, რომ ადამიანებს დაეცინათ შენთვის? ხომ არ დავუშვებდი, რომ მათი სამასხარაო გამხდარიყავი?! მაგრამ შენ არ გჭირდება ჩემი, ამ უსუსური არსების დაცვა. შენ ხომ ყოვლისშემძლე ხარ. შენ ჩემი დაცვა არ გჭირდება. რასაც შენ ითხოვ, მხოლოდ ჩემი წრფელი, მიძღვნილი გულია. შენ მხოლოდ იმას ითხოვ ჩემგან, რომ მიყვარდე, მიყვარდე ბავშვურად, ისე მიყვარდე, როგორც შვილს უყვარს მშობელი. რადგან შენ ჩემი მშობელი ხარ, მე კი შენი შვილი.
დავდივარ და გეძებ, უფალო. დაცარიელებულა ტაძრები. აქ მხოლოდ ბრჭყვიალა საგნებს ვამჩნევ. სად ხარ, უფალო?..
მახსენდება, უცხო ქვეყანაშიც კი რამდენჯერ მომაგენი და ხელი გამომიწოდე.
და მე ვიჯექი ფეხმორთხმული სტამბულის მეჩეთში, ჩამეღუნა თავი და შენს სახელს მოვუხმობდი, აქ, მუსლიმანების ქვეყანაშიც კი მომისმინე. აქაც კი მომაგენი.
შემდეგ მეგონა, თითქოს სამშობლოდან შორს მყოფს – ესტონეთში ვერ მიპოვიდი. თურმე კვალდაკვალ დამყვებოდი. აქაც მომაგენი, ამ პაწაწინა, შორეულ ქვეყანაში. არც აქ დამტოვე მარტო.
სად გავიქეცი, უფალო, და სად ვერ მომაგენი? სადაც შენი სახელი ვახსენე, ყველგან გამოჩნდი და ყველგან გამომეპასუხე. ძალიან შორს, ბრიტანეთშიც კი მომაგენი და დაკარგვისგან, მარტოობისგან და დეპრესიისგან გადამარჩინე.
თურმე მე კი არ გეძებდი, არამედ შენ მეძებ, შენ დამყვები კვალდაკვალ, რომ დამიფარო ხიფათისგან, მტრისგან, ეშმაკისგან და მისი კლანჭებისგან. და რაღა მეთქმის მე? მაშინაც კი, როდესაც გულს ვიქვავებ, შენ გახსნილი გულით მელოდები, მელოდები ყველგან, სამშობლოში თუ საზღვარგარეთ. შენს თვალებს ვერსად დავემალები. შენ ყველგან მხედავ, ყველგან დამყვები და გთხოვ, უფალო, ნურასდროს ნუ მიმატოვებ! არასდროს მიმატოვო, უფალო, მშობლებმა და უახლოესმა მეგობრებმაც რომ მიმატოვონ, შენ არ მიმატოვო, ღმერთო! შენი დაკარგვა ყველაფრის დაკარგვას ნიშნავს. მე აღარ მინდა, დაგკარგო. ძლივს გიპოვე იქ, სადაც სიბნელე იყო, იქ, სადაც ვერავინ მამჩნევდა, იქ, სადაც არავის ვუყვარდი. შენ ხომ ნაგავსაყრელიდან და ჭაობიდან ამომიყვანე. არ გამიშვა ხელი, მე შენი კალთის ქვეშ ყოფნა მჭირდება, მე მხოლოდ შენი სიყვარული მათბობს და გზას მინათებს. შენსავით არავის ვუყვარვარ და ვერც ვერასდროს, ვერავის ვერ ვეყვარები ასე. გთხოვ, არასოდეს დამტოვო. გმადლობ, რომ მიპოვე. გმადლობ, რომ შენი შვილი მქვია. გმადლობ, რომ არსებობ და ჩემში ცხოვრობ, უფალო!..