ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ

რომ არა ჯვარი…

თამუნა ბაღდავაძე 20 ოქტომბერი, 2020
თამუნა ბაღდავაძე 20 ოქტომბერი, 2020 498 ნახვა
498

ვზივარ და ვფიქრობ, რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება, რომ არა ქრისტეს ჯვარი. და წინ მხოლოდ სიბნელე წარმომიდგება. როგორი იქნებოდა სამყარო, რომ არა გოლგოთა? ისევ ცოდვას მიყიდულნი დავრჩებოდით, ალბათ, მთელი კაცობრიობა და სიცოცხლისთვის გაჩენილები არსებობასაც ძლივს მოვახერხებდით… ამაოების ჭაობში ჩაფლულები ვერასოდეს ვეზიარებოდით სიცოცხლის ნამდვილ არსს. ყველაზე საშინელება კი ის იქნებოდა, რომ იმედიც არ იარსებებდა დედამიწაზე. რა გაგვაბედნიერებდა ღვთის მარადიულ სიცოცხლესა და ნამდვილ სიხარულს სრულად მოწყვეტილებს?! როგორ უნდა გაგვეხარა შემოქმედის გარეშე მის ქმნილებებს?!

წყეულნი ვიყავით, რადგან სიცოცხლის წყაროს ვაქციეთ ზურგი და გადავწყვიტეთ – ეკლიან გზებზე გვევლო ტანჯვით, გვემით, სირცხვილითა და ათასგვარი უბედურებით სავსე გზებზე… მაგრამ წყევლა უფლის წყალობამ, პატიებამ და მადლმა გადაწონა!

ახლა მზეც სხვაგვარად ანათებს, ცაც სხვა ფერია და ბუნება სხვა იმედით არის სავსე, რადგან ქრისტემ მოგვიტანა ნამდვილი იმედი. მისმა სისხლმა გზა გაგვიკვალა მამისკენ. მხოლოდ გოლგოთაზე გადის გზა ჭეშმარიტი სიცოცხლისაკენ.

…მაგრამ… რა იქნებოდა ჩვენი სიცოცხლე, რომ არა ქრისტეს ჯვარი? ვფიქრობ, ტანჯვისთვის იქნებოდა განწირული, რადგან ვერასდროს გავიგებდით, რას ნიშნავს – გყავდეს ნამდვილი მეგობარი, რომელიც ყოველთვის შენ გვერდითაა. არასოდეს გვეცოდინებოდა, რას ნიშნავს, როდესაც ყოველივეს შემოქმედი ღმერთი შენი მამაა, რომელსაც უპირობოდ უყვარხარ, გიღებს, ზრუნავს შენზე და არასოდეს დაგტოვებს. ვერასოდეს ვიგემებდით მის ყოვლისმომცველ სიყვარულს, ერთგულებას და იმას, თუ რა ტკბილია უფალი.

…რომ არა ჯვარი, ვერასოდეს მოგვიცავდა წმინდა მოშიშება, რადგან ვერ გავიგებდით, რომ არის ღმერთის სამართალი ამქვეყნად და არ გვეცოდინებოდა ასე თვალსაჩინოდ, რა არის ცოდვის საზღაური.

…რომ არა გოლგოთა, ვერასოდეს ვიგემებდით მადლისა და წყალობის უძირო სიღრმეებს… რომ არა ქრისტეს ჯვარი, ვერასდროს მივწვდებოდით წმინდა ღმერთს, ღმერთს, რომელიც მიუწვდომელ ნათელში მკვიდრობს, სიცოცხლის შემოქმედია და მარადიულია სახელი მისი.

ო, რა ტანჯვა იქნებოდა ჩვენი სიცოცხლე, რა ტკივილი, რა ამაოება, მაგრამ არა… გოლგოთაზე დღესაც დგას ჯვარი, დღესაც წვეთავს სისხლი მაცხოვრის ჭრილობებიდან, და დღესაც გაისმის ხმა: „მოდი ჩემთან, მე გამოგისყიდე, მე ავიღე ჩემს თავზე შენი ტკივილი და ტანჯვა. მე მოვისურვე შენთან ყოფნა. მე ვინდომე – გავმხდარიყავი შენი ღმერთი, შენი მამა, შენი მეგობარი, ყველა და ყველაფერი… თუ მოისურვებ, თუ გადაწყვეტ – გამომყვე და ჩემად იწოდებოდე, არასოდეს მიგატოვებ და ვერავინ წაგგლეჯს ჩემი ხელებიდან. მოდი ჯვართან, მოდი ჩემთან, მე ვარ გზა სიცოცხლისა.“

რა იქნებოდა ჩვენი სიცოცხლე გოლგოთისა და ქრისტეს ჯვრის გარეშე?!

…რომ არა ჯვარი, არ დაასველებდა ღვთისადმი უსაზღვრო მადლიერების ცრემლები ახლა ამ ფურცლებს…

და უსასრულოდ შეიძლება გავაგრძელო: „რომ არა ჯვარი, რომ არა გოლგოთა…“, მაგრამ ვხვდები, სიტყვები უძლურია და არ ძალუძს, ბოლომდე გადმოსცეს სათქმელი და მთელი სისავსე ღვთის მადლის, პატიების და სიყვარულისა.

თამუნა ბაღდავაძე

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის წევრი.
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ქრისტიანულ არხში.

დატოვე კომენტარი პასუხის გაუქმება

შეინახე ჩემი სახელი, ელ.ფოსტა და ვებგვერდი ამ ბრაუზერში, შემდგომი კომენტარების დასატოვებლად.

შემთხვევითი ბლოგები

სამყაროს დასალიერის მიღმა…

16 დეკემბერი, 2020

იესო ქრისტე გუშინ, დღეს და სამუდამოდ იგივეა

9 აპრილი, 2020

ნუ ცხოვრობ წარსულით, წინ მომავალია!

24 აპრილი, 2017

„მომეცი ძალა, კიდევ ერთი გადავარჩინო“

30 ნოემბერი, 2016

„გაიქეცი უფალთან შესახვედრად“

27 ოქტომბერი, 2021

გაქცევა არაა გამოსავალი – იმოქმედე!

16 მარტი, 2020

ან დანებდი! ან გაიმარჯვე!

17 სექტემბერი, 2015

ჩვენც მოვხუცდებით…

31 მაისი, 2018

სადა ხარ?

14 თებერვალი, 2023
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 2

    სტანდარტული ქრისტიანობა საკმარისი არ არის

    19 მარტი, 2019
  • 3

    საკუთარი დედის გინების შესახებ…

    7 მარტი, 2019
  • 4

    შენ ხარ ჩემთან, ჩემს გადასარჩენად!

    5 მაისი, 2020
  • 5

    ენდე ღმერთს

    11 მარტი, 2021


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ