ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ

ქრისტიანობანა

ნატალია ჩიქოვანი 2 თებერვალი, 2017
ნატალია ჩიქოვანი 2 თებერვალი, 2017 259 ნახვა
259

ყოველი დღე საზრუნავით იწყება, ათასგვარი ფიქრით, თუ სად, რას, როგორ, რანაირად… ჩვეულებრივია დილაც, სურნელოვანი ფინჯანი ყავაც, მზის სხივებიც… თითქოს ასეც უნდა იყოს, არადა გვავიწყდება, რომ სადღაც, ვიღაცისთვის აღარ გათენდა. ჩვენ კი „დამსახურებულად“ გათენებული დილიდან ცხოვრების თავბრუდამხვევ რიტმში ვეშვებით.

დავდივართ ყოვლისმცოდნე, შეწუხებული სახეებით, თითქოს მთელი სამყაროს ტვირთი გვედოს მხრებზე. დავდივართ ამაყები, მოწესრიგებულები, სარკეში დაყენებული მიმიკებით და სულში ნაგვის გროვას დავატარებთ.

ყოველდღიურად ვზრუნავთ გარეგნობაზე და სათნო იმიჯმორგებულები ვერ ვხვდებით, როდის ვიწყებთ ქრისტიანობანას თამაშს. ვხდებით ზედაპირულები და არ ვუკვირდებით ღრმასა და დაფარულს, ჩვენს მოტივებს, ზრახვებს და გვიკვირს, რატომ ვერ ვაღწევთ დასახულ მიზნებს.

ვეჯაჭვებით ხილულს და გვავიწყდება, რომ უხილავი სამყაროს შვილები ვართ, ზეცის მოქალაქეები. ვეიმედებით ადამიანებს, მთავრობებს და ხელისუფალთ და ვდრტვინავთ, როდესაც გვჩაგრავენ, გვდევნიან და გვავიწროებენ. ვწუწუნებთ უსაშველოდ ბევრს და ფარ-ხმალს ვყრით პირველივე შემოტევისას…

ცოტა დროს ვატარებთ მუხლებზე ღმერთის წინაშე და მთელი სამყაროს შეცვლა გვსურს. ვირგებთ როლებს და ვხარჯავთ ტალანტებს, მაგრამ ძალიან ხშირად მსახურება საქმედ გადაგვექცევა ხოლმე, მისი დიდების ძიებას კი საკუთარი თავის რეალიზაციის ქვეცნობიერი სურვილი ცვლის.

დრო გადის, წლები მიდიან, გამოცდილება გვემატება, „ვბრძენდებით“, გარკვეულ იმიჯს ვიყალიბებთ, გავცემთ რესურსებს და ვცარიელდებით, ვიფიტებით, რადგან არ ვივსებით ღმერთის სულით, რადგან არ გვცალია უფალთან ურთიერთობისთვის, დრო არ გვრჩება წერილის კითხვისთვის და მისი გარჩევისთვის. დაკავებულები ვართ და იმდენად საქმიანები, რომ ჩვენი ლოცვები დიალოგის ნაცვლად მონოლოგად გადავაქციეთ, რომელშიც ხშირად ისმის სიტყვები: „მაკურთხე“, „მომეცი“, „დამეხმარე“… ჩვენ არ ველოდებით პასუხს და პრინციპში, ზოგჯერ არც გვჭირდება, იმიტომ, რომ თავად ვიცით, როგორ უნდა გავაკეთოთ, იმიტომ, რომ არ ვართ მზად უპირობო მორჩილებისთვის….

ჩვენ უბრალოდ ვთამაშობთ… ზოგჯერ ბავშვური გულწრფელობით, მთელი არსებით, მაგრამ მაინც ვთამაშობთ ქრისტიანობანას. არ ვართ მზად გაღებისთვის, რადგან მიღებას დავეჩვიეთ, არ ვართ მზად სხვების მსახურებისთვის, რადგან მომსახურება გვიყვარს, არ ვართ მზად შეცვლისთვის, რადგან მოგვწონს ჩვენ მიმართ გამოვლენილი მოთმინება და ვთამაშობთ, რადგან თამაში ადვილია, რადგან თამაშის წესებს თავად ვიგონებთ, ვქმნით ახალ სტერეოტიპებს და დოგმებს.

ზოგჯერ უბრალოდ უნდა გაჩერდე, შეწყვიტო ყველაფრის კეთება და დარჩე მარტო ღმერთთან, იქ, ძალიან ღრმასა და დაფარულში, სადაც არ გჭირდება საკუთარი თავის გამოგონება, სადაც ხარ ისეთი ნამდვილი, როგორიც ხარ და სადაც საკუთარი ფიქრების, ზრახვებისა და მოტივების ორპირ ქარში დგახარ, სადაც არ გაქვს სიტყვები თავის მართლებისთვის და მხოლოდ ერთი რამ იცი, რომ ის დიდებული ღმერთია და შენ მხოლოდ ერთი არჩევანი გაქვს: უნდა შეიცვალო! შეწყვიტო თამაში და დაიწყო თავიდან, მასთან ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ…

ნატალია ჩიქოვანი

"ქრისტიანული არხის" ჟურნალისტი.
რუსთავის სახარების რწმენის ეკლესიის წევრი.
მინი-თეატრალური დასის და საკვირაო სკოლის მსახური.

დატოვე კომენტარი პასუხის გაუქმება

შეინახე ჩემი სახელი, ელ.ფოსტა და ვებგვერდი ამ ბრაუზერში, შემდგომი კომენტარების დასატოვებლად.

შემთხვევითი ბლოგები

ილაპარაკე!..

21 მარტი, 2019

უდაბნო დასასრული არაა

15 ივლისი, 2021

კვლავ დაგიბრუნდი, მამა

13 სექტემბერი, 2022

თანამგრძნობი მსახური

31 იანვარი, 2017

მოზარდული იმპულსები…

8 მარტი, 2019

სიკვდილის სურნელი აქვს ამ დღეს, რათა სიცოცხლე ეგრძნო...

24 აპრილი, 2022

მარადისობისთვის შექმნილი – ადამიანი

2 თებერვალი, 2021

ენდე ღმერთის მიერ წარმართულ პროცესს

17 თებერვალი, 2023

ოცნება, რომელიც ახალი წლის ღამეს მოდის

7 იანვარი, 2021
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    ბარაბას ადგილზე რომ ვყოფილიყავით…

    14 აპრილი, 2023
  • 2

    განსაკუთრებული საჩუქარი

    28 იანვარი, 2021
  • 3

    სულიერ სიცარიელეს მხოლოდ უფალი კურნავს

    10 მარტი, 2021
  • 4

    ღმერთი საკმარისია!

    24 იანვარი, 2020
  • 5

    ჩემგან იწყება ცვლილება

    4 მარტი, 2021


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ