ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ

შენ შეგიძლია მთის დალაშქვრა

მიმი ტიელიძე 8 მაისი, 2020
მიმი ტიელიძე 8 მაისი, 2020 141 ნახვა

ძალიან მიყვარს ბუნებაში ლაშქრობა და მთებთან შერკინება. ერთხელაც მეგობრებთან ერთად წავედი მორიგი მთის დასალაშქრად, თუმცა ეს მოგზაურობა სხვებს არ ჰგავდა, რადგან რაღაცას მივხვდი, დავინახე ის, რასაც აქამდე კარგად ვერ ვხედავდი, ამიტომ მინდა, ჩემი ისტორია გაგიზიაროთ.

წინ მივიწევდით. მთის წვერი არა და არ ჩანდა. მრცხვენოდა იმის აღიარების, რომ დავიღალე და მსურდა, ორიოდე წუთით სული მომეთქვა. მალე წვიმა დაიწყო. ფეხები გვისხლტებოდა, კიდევ კარგი, შესაბამისი სალაშქრო ფეხსაცმელი მეცვა. მაგრამ მალე სეტყვაც დაემატა და თავი უსუსურად ვიგრძენი. ჩემ წინ უზარმაზარი მთა იყო დასალაშქრი. წვიმა და სეტყვა ჩვენს თავზე ბობოქრობდა, წელში გასწორების საშუალებას არ მაძლევდა, სახეში სეტყვა მეყრებოდა და სახეს მწვავდა. საშინლად ციოდა. თითქოს სულამდეც მიაღწია ამ სიცივემ და კანკალმა ამიტანა. ვეღარ ავიტანე და გავტყდი. საკუთარი თავის გმობა დავიწყე.

– რატომ წამოვედი, რატომ დავთანხმდი ამ გამოწვევას? ხომ ხედავ, ჩემო თავო, რომ არ შეგიძლია? გინდა მოკვდე? რად გინდა ასეთი მთის დალაშქვრა? ნეტავ, ახლა მშვიდობით დავბრუნდე სახლში და მეტჯერ ფეხს აღარ გამოვადგამ… ვწუწუნებდი გულში, შემჩნევით კი არაფერს ვიმჩნევდი.

ჯგუფის ლიდერმა ცოტა ხნით შეგვასვენა. ხომ არ დაიღალეთო. არა-მეთქი, თავი მოვიკატუნე. როგორ მეთქვა ამ ხალხისთვის, რომ ჩემ გამო მთაზე ასვლა გადაედოთ, ან სახლში დავბრუნებულიყავით. მე ვერ ვამბობდი, რომ მეშინოდა. უფრო მეტიც, ძალიან მეშინოდა. ისე ძალიან, რომ ჩემს თავს ვერ ვცნობდი. ამინდი განადგურებას მპირდებოდა, რადგან მხოლოდ ამინდს შევცქეროდი.

ისევ დავიძარით. თავს მაღლა ვერ ვწევდი. ღმერთო, გთხოვ, დამეხმარე, რომ ბოლომდე გავძლო-მეთქი, ვიმეორებდი გულში. სახლში დაბრუნებაზე მეტად აღარაფერი მინდოდა, არადა სულ რაღაც ერთი საათის წინ ძალიან მიხაროდა, მთის დასალაშქრად რომ მივდიოდი. ასე აკანკალებულს უცბად თვალები ამეხილა. მივხვდი იმას, რომ ჩემი ლაშქრობა უბრალოდ ლაშქრობა არ იყო, რომ ეს ყველაფერი არ ხდებოდა შემთხვევით. გამახსენდა იესო ქრისტეს მიერ წყალზე სიარული და პეტრეს შიში, რომელმაც ზღვის მრისხანე ტალღებს შეხედა და წყალში ჩაძირვა ამიტომ დაიწყო. მხოლოდ გარემო პირობებს როდესაც ვუყურებთ, ვწყდებით უფალს და გვავიწყდება, რომ სამყაროს შემოქმედი ყველანაირ ამინდზე, ავადმყოფობაზე, უიმედობასა და გამოუვალ მდგომარეობაზე მაღლაა და შეუძლია შენთვის იმედის მოცემა და შიშის გაქრობა.

მე მაშინებდა ციცაბო კლდე, სეტყვა და წვიმა, რომელიც ყოველ წამს დაღუპვას მიქადდა. არ მინდოდა, მთის დალაშქვრისას მოვმკვდარიყავი, ჩემი შიში კი რეალური იყო. თუმცა შიშს რწმენა უპირისპირდება, რწმენა იმისა, რომ ყველაფერს შეძლებ, გადაულახავ მთებსაც გადალახავ და შეუსრულებელ მისიასაც შეასრულებ. თან არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ამ ძალიან დიდი სირთულეების დროსაც კი შენ მარტო არ ხარ, რადგან შენთან არის უფალი, რომელსაც ყოველ ცოცხალ არსებაზე მეტად უყვარხარ. სწორედ ის არის შენი მფარველი, რომელსაც შეუძლია შენი სავალი გზის გაადვილება. გზა, რომელიც არის და იქნება ციცაბო; ხან იწვიმებს, ხან სეტყვა მოვა, ხან დაიჭექებს, შეიძლება კლდიდან გადავარდნა გემუქრებოდეს, შეიძლება ახლოს იყო სიკვდილთან, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენი უფალი იესო ქრისტე არასდროს დაგტოვებს, ხელს გამოგიწოდებს და მიგიყვანს საბოლოო მიზნამდე, თუკი დაუძახებ მას.

თითქმის მივაღწიეთ მთის წვერს. ჯგუფის ლიდერმა თქვა, რომ უფრო შორს ვეღარ წავიდოდით, რომ მორჩა ჩვენი ლაშქრობა, რომ მისია შესრულებულია. რამდენიმე წუთის წინ არ მჯეროდა, რომ ჩვენ ამას შევძლებდით. ისეთი მშვიდობა მოვიდა გულში, რომ საშიშროების მიუხედავად, ჩვენ ეს შევძელით. რომ მე, ყველაზე სუსტმაც შევძელი რაღაც. ერთხელ მთაზე თუ ახვედი, მეორეჯერაც ახვალ იქ. მეტიც, უფრო მაღალ მთებზე ასვლასაც შეძლებ. მე ეს ვიცოდი და თუკი ორი საათის წინ თავს ვუწყრებოდი, რატომ წამოვედი მთის დასალაშქრად-მეთქი, ახლა გონებაში უკვე ვსახავდი სამომავლო გეგმებს, ახლა სად წავიდოდი და რომელ მთას შევერკინებოდი.

მაშინ, როდესაც შენ ფიქრობ, რომ რომელიმე მთის დალაშქვრა, ანუ კონკრეტული მისიის აღსრულება და წარმატების მიღწევა არ შეგიძლია, იქნებ საკუთარ სისუსტეზე მუდმივად ფიქრს სჯობია, რომ შენს შიშს შეებრძოლო და არ თქვა უარი რომელიმე მთის დალაშქვრით გამოწვეული სიხარულით ტკბობაზე? მთაზე ასვლისას იქნებ გვირგვინი გელოდება? რატომ უნდა თქვა უარი ჯილდოს მიღებაზე?

მე პრაქტიკული გაკვეთილი მასწავლა უფალმა. ახლა შენი ჯერია. თუ არ არის იესო შენი უფალი, გაუღე მას გულის კარი და თუ უკვე შენი უფალია, სთხოვე, გასწავლოს შიშთან ბრძოლა, გასწავლოს მთებისა და მწვერვალების დალაშქვრა წუწუნის ნაცვლად, რადგან მასთან ერთად შენ ამას შეძლებ. აუცილებლად ახვალ მთაზე და მიხვდები, რომ რისიც უწინ გეშინოდა, უმარტივესი ყოფილა.

მიმი ტიელიძე

დატოვე კომენტარი პასუხის გაუქმება

შეინახე ჩემი სახელი, ელ.ფოსტა და ვებგვერდი ამ ბრაუზერში, შემდგომი კომენტარების დასატოვებლად.

შემთხვევითი ბლოგები

ითოვოს ნეტავ…

26 აპრილი, 2018

შეგვინდე, ღმერთო…

11 ოქტომბერი, 2021

ერთიდან შეგვქმნა…

4 მაისი, 2016

თითოეული ჩვენგანია საქართველო…

21 ივნისი, 2019

სამყაროს სჭირდება ქრისტე!

24 აპრილი, 2019

მე ვირჩევ იესოს! არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ან...

18 ოქტომბერი, 2019

ახალი ქმნილება

21 თებერვალი, 2017

რა კარგია, რომ მოხვედი, იესო

27 თებერვალი, 2020

რის გამო ორგულობ ღმერთს?

27 აპრილი, 2019
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    მოიშორე ტვირთი…

    17 ოქტომბერი, 2019
  • 2

    რატომ, ღმერთო?!

    17 აპრილი, 2020
  • 3

    ცოდვა – კაცობრიობის ერთადერთი პრობლემა

    12 თებერვალი, 2019
  • 4

    გადამწყვეტი წუთი

    26 თებერვალი, 2020
  • 5

    განსაცდელში უფალს მიენდე

    27 სექტემბერი, 2019


@2022 - ყველა უფლება დაცულია.

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ