სანამ ასპარეზზე გავიქცეოდი, მოვემზადე, ბევრი ვივარჯიშე, ბოლოს კი, როცა საყვირის ხმა გაისმა, სირბილი დავიწყე. თავიდან კარგად შევუდექი საქმეს, ძალა მქონდა და მთელი ჩემი არსებით წინ, მიზნისკენ მივიწევდი, გზად კი ნელ-ნელა ვუყურებდი, როგორ ეცემოდა მრავალი მოასპარეზე, ისინიც ჩემსავით დიდხნიანი ვარჯიშის შემდეგ დაადგნენ დიად გზას, ახლა კი, როდესაც გარშემო მიმოვიხედე, მრავალი ვნახე, რომელიც დაეცა. მათმა შემყურემ სვლა შევანელე, ბევრის კრიტიკა დავიწყე, ბევრი გავასამართლე, ისეთი მინიმალური რაღაც უშლიდათ ხელს მიზნამდე და როგორ ვერ სძლიეს ცდუნებას-მეთქი. ვუყურებდი ადამიანებს და მივხვდი, რომ მათ შემყურეს ჩემი მთვარი მიზანიც გამომრჩენოდა მხედველობის არიდან და განახლებული ძალებით კვლავ გავაგრძელე ასპარეზზე სირბილი.
დიდხანს ვირბინე, ვიძუნძულე, ვიარე, და ბოლოს, როდესაც ღონემიხდილს ხოხვის თავი ძლივსღა შემრჩენოდა, მიწაზე განვერთხე. მივხვდი, რომ მეც იმ მრავალ დაცემულ ადამიანს ვუერთდებოდი, რომლებმაც ვეღარ შეძლეს პირვანდელი სახით ბოლომდე მყარად დგომა. ტირილი დავიწყე, ვხვდებოდი, ძალა აღარ მქონდა, მხოლოდ ცრემლები, ცრემლები და ისევ ცრემლები იყო ჩემ გარშემო და ჩემს შინაგანშიც. ჩემი სული აქვითინდა, მივხვდი, რომ დაჭრილი ვიყავი. გულში ბევრი ისარი მოურტყამთ და იმდენად მწყუროდა მიზნის მიღწევა, რომ ყურადღება არც მიმიქცევია, ეს ისრები როგორ მაცლიდა ენერგიას, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ასპარეზზე ყოფნისას.
ისრები, ისრები, ახლა მხოლოდ და მხოლოდ ისრებია ჩემს გულში და ჩემს სულსაც მისწვდომია… თავიანთი წვეტიანი თავებით ჩაუკაწრავთ მთელი შინაგანი. ზოგ ისარს წყენა ერქვა, ზოგს შური, ზოგს ჭორი, ზოგს რა და ზოგსაც რა. უპატიებლობა, გაუმაძღრობა, სურვილი და ლტოვა იმათზე, რაც „აკრძალულია“, სურვილი სიახლის გასინჯვის და შემდგომ პასუხისმგებლობის მოხსნის, ტყუილის ისრები საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა, ყველაფერს თავი ერთად მოვუყარე და მივხვდი, ერთადერთი გამოსავალი, რომლითაც გადარჩენას შევძლებდი, ამ ცოდვის ისრებისგან გათავისუფლება იყო… ბოლო ძალები მოვიკრიბე, კონებად შევკარი ყველა ისარი და მივეახლე მადლის ტახტს. მთელი ჩემი ცრემლები, წყენა, მთელი ჩემი გული გადმოვღვარე ზეციერი მამის წინაშე, მის ფერხთით ერთი სულის მოთქმით გადმოვშალე და ვთქვი:
– იესო, მხოლოდ შენ, უფალო, მხოლოდ შენ ერთს შეგიძლია გამიგო, რას ვგრძნობ ახლა, მხოლოდ შენ იცი, ღმერთო… 2000 წლის წინ თავად გამოცადე ყველაფერი საკუთრ თავზე, რათა ჩემთვის ხსნა და გადარჩენა მოგეტანა. მხოლოდ შენ იცი, რას ნიშნავს, როდესაც კეთილის წილ ბოროტს მოგაგებენ და სიკეთის მაგივრად ლანძღვით გპასუხობენ. შეგაფურთხეს, დაგამცირეს, ცილიც დაგწამეს, ეშმაკის ძალას მიაწერეს ყველა შენი სასწაული და მთელი შენი დიადი მიზანი. ეკლის მწარე გვირგვინი ჩაგადგეს თავზე და დაგცინოდნენ: „თუ მესია ხარ, იხსენი შენი თავი“ – გეუბნებოდნენ… შენ კი მხოლოდ წყალი ისურვე და მაშინაც ძმრით დაგისველეს ტუჩები. ფერდი განგიგმირეს და გოლგოთის სიმძიმე მხრებზე აგკიდეს, შენ კი, როცა შეგეძლო, მთელი შენი დიდებით გებრძანებინა ანგელოზთა ჯარისთვის და შური გეძია მათი ბორტების გამო, თქვი: „მიუტევე, უფალო, რადგან არ იციან, რას აკეთებენ.“
და ახლა, უფალო, მეც გთხოვ, რომ მომცე ძალა, ვაპატიო ყველას, ვინც კეთილის წილ ბოროტი მომაგო და ცილი დამწამა, მხოლოდ შენ, იესო, მხოლოდ შენ გესმის ჩემი ყველაზე უკეთ.
შენ ჯვარი დაითმინე ჩემთვის, რათა ყოველთვის მქონდეს იმედი, რომ მყავს ღმერთი, რომელიც ნუგეშით მიპასუხებს მაშინ, როდესაც ბრბო ჩემს ჩაყლაპვას გადაწყვეტს, როდესაც პირს შეკრავენ ჩემს გასანადგურებლად, მე კი ვიცი, რომ შენ შემეწევი შენი მარჯვენის ძლიერებით და გამამაგრებ, უფალო… ჰოდა მეც, როგორც შენს შვილს შემფერის, გთხოვ, მომცე ძალა მიტევების, რადგან რომ ხვდებოდნენ საკუთარი საქციელის საზღურს, არ გაამწარებდნენ შენს ხატად შექმნილ ადამიანს…
ნელ-ნელა ისრებმა დაშლა და გაქრობა დაიწყო, ჩემი გული გამთელდა და მივხვდი, რომ განვიკურნე, ყველა ჭრილობა შეხორცდა და ისეთი დიდი ძალით შევიმოსე, ვიდრე სირბილის დაწყებისას ვიყავი. განახლებული ძალებით, ახალი შემართებით ავიღე გეზი და აგერ, წითელი ლენტიც გაიჭრა, მე გავხდი გამარჯვებული, დიახ, მე გავიმარჯვე, რადგან ჩემთან ყოვლისშემძლე ღმერთია, რომელიც ყველას აძლევს იმაზე მეტ რესურსს, ვიდრე საჭიროა. ის სიყვარულია, მას კი ყველა და ყველაფერი უყვარს, რაც მისი შექმნილია.