შენ შეგიძლია, საკუთარ თავს პრობლემებიც მოუტანო და ბედნიერებაც.
შენი თავის მეგობარი თავადვე უნდა იყო, სხვა იმედს გაგიცრუებს, დედამიწის ზურგზე ვერავინ შეძლებს – გიერთგულოს ბოლომდე; სადღაც შეცდება, სადღაც დაინახავ მის ქმედებაში, რომ მისი საქციელით მანძილი შენსა და მას შორის ძალიან გაიზარდა.
ეძებ ადამიანს, ვინც გაღიარებს და მიგიღებს ისეთს, როგორიც ხარ.
ჰო, შენ შეგიძლია, საკუთარ თავს პრობლემები შეუქმნა, რადგან ადამიანები ხშირად განზრახ მივდივართ დათმობაზე, იმის მიუხედავად, რომ ვიცით, შესაძლოა, ამ ქმედებას თან უზარმაზარი განსაცდელი მოჰყვეს.
რატომ ვაკეთებთ ამას?
ამას ვაკეთებთ „იქნებ“-ის მოლოდინით.
იქნებ გამოვიდეს, იქნებ იმედი არ გამიცრუვდეს.
მაგრამ ამ „იქნებ“-ის მოლოდინში გვავიწყდება ერთი რამ, მოლოდინის რეჟიმის მიღმა, შენს გონებაში ამა თუ იმ ქმედების ფინალს ნახულობ, რა თქმა უნდა, დადებითი კუთხით. „იქნებ“-ის მოლოდინში, გონებაში არ უშვებ აზრს, რომ შესაძლოა, ყველაფერი ისე არ დამთავრდეს, როგორადაც ვირტუალურად წარმოსახავ.
რა ხდება მაშინ, როდესაც „იქნებ“-ის მოლოდინში აღმოაჩენ იმას, რასაც გულის სიღრმეში ჩუმად, ყრუდ, მაგრამ მაინც გრძნობდი…
ყველაფერი არ დასრულდა ისე, როგორადაც შენ წარმოსახავდი; ამ ყოველივემ არ მოგიტანა ბედნიერება, არამედ უდიდეს ტკივილს შეეჯახე.
ვერ ყვირი, ვერ გამოხატავ, ვერავის ეუბნები! შენ ხომ თავიდანვე იცოდი, თავიდანვე „იქნებ“-ის მოლოდინით დაიწყე და უბრალოდ ამ ხერხმა არ გაამართლა. მაშ, რატომ გტკივა გული იმის გამო, რაც თავიდანვე იცოდი? უბრალოდ ხომ სცადე?!
შენ იმიტომ გეტკინა, რომ შეცდომა დაუშვი და აი, სად…
არა… არა… მაშინ არ შემცდარხარ, როდესაც „იქნებ გამოვიდესო“ – თქვი და მოქმედება დაიწყე.
შენ მაშინ შეცდი, როდესაც მოლოდინის დროს მხოლოდ იმის ალბათობა დაუშვი, რომ ყველაფერი ბედნიერად დასრულდებოდა, ბალანსი დაარღვიე და წაუყრუე გულის ძახილს: „მოიცადე… იქნებ არ გამოვიდეს…“
ბევრჯერ ვყოფილვარ იმავე მდგომარეობაში და ყოველ ჯერზე მახსენდება ადგილი ბიბლიიდან:
„საუკეთესო მათ შორის ნარ-ეკალსა ჰგავს, უწრფელესი კი ძეძვზე უარესია; დადგა შენი გუშაგის დღე, დღე შენი მონახულებისა. დაგიდგა შფოთვის ჟამი.ნუ ენდობი ახლობელს, ნუ დაეყრდნობი მეგობარს, შენს მკერდზე მწოლისგანაც კი დაიცავი შენს ბაგეთა კარი;
რადგან შვილი არცხვენს მამას, ასული თავისი დედის წინააღმდეგ აღდგა, რძალი – დედამთილის წინააღმდეგ. კაცის მტრები მისი ოჯახის წევრები არიან.“
ალბათ, თვალები გაგიფართოვდა, ამ ადგილს თუ პირველად კითხულობ; როგორ შეიძლება შენი ოჯახის წევრი შენი მტერი იყოს?!
ან შენი საყვარელი მეუღლე, რომელთან ერთადაც დგები და წვები.
რა საშინელებაა, არა? მაგრამ ეს რეალობაა…
ბიბლია ყოველთვის მაფრთხილებდა და მაფრთხილებს: არ ენდო ხალხს!
და ეს მართალია. არ ენდო არავის, ნდობაში ვგულისხმობ იმას, რომ დაიტოვო რაღაც დაფარული შენში, რაც მხოლოდ შენ იცი, არ გააძარცვინო თავი ადამიანებს.
არ გადაუშალო შენი გული ბოლომდე ყველას; ნუ მიიღებ ყველას ახლობლად და ნუ გეგონება, რომ ნებისმიერი, ვინც გიღიმის, შენი მოყვარეა.
არ მოტყუვდე და დაიცავი შენი გული, რადგან ვისაც დღეს ახლობლად მიიჩნევ, ხვალ შეიძლება შენი მტერი იყოს; და ვისაც დღეს მტრად აღიქვამ, მომავალში შეიძლება შენი მეგობარი გახდეს. ცხოვრება ძალიან, ძალიან მრავალფეროვანი და უცნაურია, თავისი კარგი თუ ცუდი მხარეებით.
რაც არ უნდა მოხდეს, არასდროს შეწყვიტო სწრაფვა – გააკეთო იმაზე მეტი, ვიდრე აკეთებ.
არ დანებდე, არამედ თქვი: „იქნებ გამოვიდეს“, ოღონდ გახსოვდეს:
შეიძლება არც გამოვიდეს, მაგრამ მოქმედება უნდა განაგრძო და თქვა: „მე გამომივა“, „მე ამას შევძლებ.“
და თუ არ გამოვიდა, გულს ნუ გაიტეხ, ცრუ მოლოდინი არ შეიქმნა, დააკვირდი მოვლენებს გულდასმით, თავად დაინახავ და აღმოაჩენ გასაოცარ პასუხებს, თუ რატომ არ ხდება ყველაფერი ისე, როგორადაც წარმოსახვაში წარმოვისახავთ ხოლმე.