მახსოვს დღე, როდესაც შენგან წასვლა გადავწყვიტე. თავი ყველაზე მართალი ადამიანი მეგონა, მრავალი არგუმენტით ვამართლებდი ჩემს საქციელს, ბრალიც კი დაგდე… რა სასაცილოა, არა?
ბრალი დაგდე მე, ქმნილებამ შემოქმედს… მეგონა, აგვიანებდი პასუხებს ჩემს ცხოვრებაში; მეგონა, უპასუხოდ დამტოვე; მეგონა, დაგავიწყდი; მეგონა, დაგღალე, ბოლოს კი ისიც ვიფიქრე, რომ თავად დამღალე. წესები, მცნებები, ო, როგორი დამღლელი იყო მხოლოდ მცნებებად დარჩენილი მცნებები, უსიყვარულოდ და უშენოდ დარჩენილი ყველა წესი ძალიან დამიმძიმდა. სხვადასხვა საზრუნავზე გადართულს დამავიწყდა, რატომ ვიცავდი ყოველ შენს დადგენილებას და ამ ქაოსში თავად შენ დაგკარგე. ტკივილების ქარცეცხლმა გამომტაცა შენი ხელი და იმდენად წავყევი შორს ამ აზვირთებულ ქარტეხილს, რომ შენს გამოწვდილ ხელს ვეღარ მოვწვდი, ვეღარ ჩაგკიდე ხელი და ბოლოს სახე ვიბრუნე შენგან…
მეგონა, ამ ქარიშხალში ვიპოვიდი ჩემს წილ ბედნიერებას…
…ვიხსენებ ქარტეხილის დღეებს… ქარმა შორს წამიყვანა, შენგან ძალიან შორს… დინებას მივყვებოდი, წინააღმდეგობა არაფრისთვის და არავისთვის გამიწევია, ბევრი ვიხეტიალე… რამდენი ორმო ყოფილა… ყველა ორმოში ტყვედ ვიქეცი… მონობის ერთი სამყაროდან, მეორე სამყაროში დავაბიჯებდი, მტკიოდა… ჩემი ყოველი დღე მტკიოდა უშენოდ გატარებული, ბოლოს კი შევეჩვიე, თითქოს დამავიწყდი, დავივიწყე ჩემი თავი, უშენობას შევეჩვიე და უკან მოვიტოვე ყველა წელი შენს სახლში გატარებული…
ახალი სახლი ავიშენე. მეგონა, ყველაზე მყარ სახლს ვაშენებდი. გალავანი შემოვარტყი, გუშაგად თავად დავდექი. მეგონა, ჩემი გულის კარს თავად დავიცავდი და ვერავინ შეძლებდა შემოტევას და ზიანის მოყენებას.
მტერს სხვაგან ვეძებდი, მაგრამ საკუთარი თავის მტერი თავადვე ვყოფილვარ… საკუთარი ხელით დავისერე გული და თავადვე ვცდილობდი მის მკურნალობას, მაგრამ ამაოდ…
ავადმყოფს ექიმი სჭირდება, შენ მჭირდებოდი, ღმერთო, და იმის მაგივრად, რომ შენთან მემკურნალა, ისევ ჩემი ძალებით ვეცადე მკურნალობას…
რამდენ რამეს მივედ-მოვედე, რამდენჯერ გავხდი ავყიათა საკრებულოს წევრი…
სად იყო ჩემი წილი ბედნიერება?
არსად… ვერსად ვერ ვნახე სიხარული…
ვერც სიყვარული ვნახე უანგარო;
ვერც ცრემლი – გულწრფელი;
ვერც მეგობრობა – თავგანწირული;
ვერც მშვიდობა – შენმიერი.
ვერაფერი ვნახე ისეთი, რაც შენს თავს გადაწონიდა..
ისევ ჩემს ქარცეცხლში ვიყავი, როცა გამახსენდა „მამაჩემის სახლი“, შენი სახლი, უფალო…
როგორ ვცხოვრობდი შენთან, როგორი სიხარული მქონდა შენთან, როგორი მეგობარი იყავი ჩემი, როგორი მტკიცე ნუგეში მქონდა შენგან. როგორი ნამდვილი და უპირობო სიყვარულით გიყვარდი და გიყვარვარ ახლაც…
გამახსენდა, მამა, როგორ მშვიდად ვდგებოდი და ვწვებოდი, როდესაც შენზე ვამყარებდი იმედს…
გამახსენდა გალობა, რომლითაც ქებას გიძღვნიდი და ვიგრძენი, როგორ დაწყნარდა ნელ-ნელა ქაოსი, ვიყურებოდი წინ და შენს ხელს ვხედავდი გამოწვდილს, კვლავაც დალურსმულს… კვლავაც შენს დაღვრილ სისხლს ვიცხებ შენი ასული, რათა განვიწმინდო…
შენამდე შავი მანტიით მოვედი და ვხედავ, ნელ-ნელა როგორ გამისპეტაკე სამოსი; შენ გამწმინდე, უფალო, ყველა ცოდვისგან და ვხედავ, ცოდვებს მპატიობ; არ გაინტერესებს, რა ჩავიდინე, რამდენჯერ შევცოდე, რამდენ ორმოსა თუ ჭაობში ჩავიძირე… მხოლოდ ერთი რამ გახარებს, მხოლოდ ერთი რამ…
შენი ასული კვლავაც შენს სახლს დაუბრუნდა…
მადლიერი ვარ, მამა, მადლიერია ჩემი გული, რადგან მონობის სამეფოდან დამიხსენი, სამოსი გამისპეტაკე, გამწმინდე და თავი მაღლა ამაწევინე, შვილი მიწოდე და ჩემი ცოდვები წარხოცე.
ო, რა დიდია, უფალო, შენი ჯვარცმა…
ო, რა დიდია, უფალო, გოლგოთაზე დაღვრილი სისხლი… როგორი ძლიერია, ერთი წვეთიც კმარა ჩემს განსაწმენდად…
მადლიერია ჩემი გული, უფალო, რომ ორი ათასი წლის წინ ჯვარს ჩემ გამოც გაეკარი, რათა ახლანდელი ცოდვები მომტევებოდა და კვლავაც მომიტევებ.
მსჯავრი გააუქმე და მადლი მომანიჭე…
ღირსება აღმიდგინე და ცათა სამეფო მიბოძე… მადლიერი ვარ, ღმერთო…
მე დაგიბრუნდი…
უშენოდ სახლი ავიშენე, უსაძირკვლო, პირველივე ქარზე რომ დაინგრა…
მოვიდა მდინარე და მთლიანად დაშალა, უსახლოდ დავრჩი, მაგრამ შენ შენი სამეფო მიბოძე; ყველაფერი, რაც გაქვს, მიწილადე, გამათავისუფლე და ფეხზე დამაყენე.
ახლა კი ისღა დამრჩენია, შენი გზებით ვიარო, შენს ჩრდილქვეშ შევაფარო თავი და დღედაღამ ჩემს გზებს ჩავუკვირდე, რათა კვლავ არ დამიცდეს ფეხი გზიდან, რომელიც:
გზაა სიცოცხლის,
გზა გადარჩენის,
გზა სიყვარულის და
გზა მარადიული სიცოცხლის.