საღამო ხანს, როდესაც მზე საბოლოოდ ჩაესვენა ჰორიზონტს მიღმა, ნავით შევცურე ზღვაში. ნაპირისგან საკმაოდ შორს ვიყავი, როდესაც საშინელი შტორმი ამოვარდა… ძლიერი ქარი, წვიმა, ჭექა-ქუხილი, ელვა… მრისხანე ზღვის ტალღები ჩემს ნავს და მასთან ერთად მეც, ფსკერზე დამარხვას გვიქადდნენ… მოულოდნელად ელვამ გაანათა არემარე, მღელვარე ტალღებს შორის კაცის მსგავსი სილუეტი შევნიშნე, მიახლოვდებოდა… ვიდრე შიშისგან შევყვირებდი, მისი ხმა მისწვდა ჩემს ყურებს: „გამხნევდი, მე ვარ, ნუ გეშინია!“ (მათეს 14:27), ეს ჩემი უფალი გახლდათ. მისი ხმის გაგონებისას სიბნელე გარბის ჩემი ცხოვრებიდან! წყალზე სვლით მოვიდა ჩემთან. ვუთხარი:
– უფალო, თუ ეს შენ ხარ, მიბრძანე, წყალდაწყალ მოვიდე შენთან. (მათეს 14:28).
და გავიგონე:
– მოდი. (მათეს 14:29).
ეს სიტყვა წყალზე სიარულს ჩემთვის შესაძლებელს ხდიდა. ნავიდან გადმოვაბიჯე და წყალზე მყარად დავდგი ფეხი. უფლისკენ დავიწყე სვლა. სადაც არის, ხელს ჩავკიდებ. უცებ ჭექა-ქუხილის გამაყრუებელი ხმა გაისმა, შავი ღრუბლიდან ელვა გაიკლაკნა და არემარეს სინათლე კიდევ ერთხელ მოჰფინა… ახლა უფალს აღარ ვუყურებდი… მძვინვარე ზღვას შევხედე, წყალზე ვიდექი, შუა ზღვაში! მიწისგან, მყარისგან შორს!!! ამის გაფიქრება და შიშის კლანჭები ჩაებღაუჭა ჩემს სულს… იმედი და სიხარული ჩემი შთანთქა, სული გამეყინა… ფეხქვეშ მყარი გამომეცალა და ჩაძირვა დავიწყე… თითქოს ახლაღა გამახსენდა, მთელი ძალით შევყვირე:
– უფალო, მიხსენი! (მათეს 14:30).
მაშინვე გამომიწოდა ხელი, ამომიყვანა წყლიდან და გავიგონე მისი ნათქვამი:
– რატომ დაეჭვდი, მცირედმორწმუნევ? (მათეს 14:31).
ნავში ჩავსხედით, ქარი ჩადგა, ზღვა ჩაწყნარდა, წვიმა, შტორმი, ჭექა-ქუხილი სადღაც გამქრალიყო… ირგვლივ სიმშვიდე სუფევდა.
– შიში… ღამის სიჩუმეში უფლის ხმა გაისმა… ერთმანეთის პირისპირ ვისხედით, თვალებში მიყურებდა…
– იცი, შიში რას მართებს ადამიანს? ‒ განაგრძო მან.
– მითხარი, უფალო…
– ის რწმენასა და იმედს გაცლის. თუ შენს ცხოვრებაში მოქმედების უფლებას მისცემ, გაიძულებს, აღელვებულ ზღვას, შტორმს უყურო და თვალი მოსწყვიტო შენს უფალს, რომელიც შეუძლებელს შესაძლებლად ხდის, რომელსაც ემორჩილება ზღვაც, ქარიც, შტორმიც და ყოველივე! იცი, ამას რატომ აკეთებს?
– რატომ, უფალო? ‒ ვიკითხე გაფაციცებით.
– ვინაიდან იცის, მე შენს რწმენას ვკვებავ, ამით კი ის სუსტდება და უმოქმედო ხდება. ხოლო როდესაც გარემოებებს შესცქერი, შენი რწმენა „შიმშილობს“, შიში კი იკვებება. გახსოვდეს, რასაც გამოკვებავ, ის გაიმარჯვებს.
უფლის საუბრის მოსმენით ჩემი სულის ბნელ კუნჭულებს სინათლე ეფინებოდა.
– ნუ მოუსმენ შტორმს, საიდანაც ბოროტი გელაპარაკება… განაგრძობდა ჩემს დარიგებას, მისი თითოეული სიტყვა სითბოდ მეღვრებოდა გულში და გაყინულ სულს მითბობდა…
– ჩემს სიტყვებს უსმინე, გახსოვდეს, რასაც გეუბნებოდი და გასწავლიდი… მე არ დაგპირებივარ უდარდელ ცხოვრებას ამქვეყნად, არამედ გითხარი: „წუთისოფელში ჭირი გექნებათ, მაგრამ გამხნევდით, მე ვძლიე წუთისოფელს.“ (იოანეს 16:33). მე აღგჭურვე, გაგამაგრე და გითხარი: „ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ, ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ; განგამტკიცებ, შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სიმართლის მარჯვენით.“ (ესაია 41:10). ასევე გითხარი: „განა ნაბრძანები არ მაქვს შენთვის, განმტკიცდი და ძლიერ გამხნევდი-მეთქი? რადგან შენთან იქნება უფალი, შენი ღმერთი, ყველგან, სადაც კი წახვალ!“ (იესო ნავეს ძე 1:9).
განა დაგპირდი, დროგამოშვებით ვიქნები-მეთქი შენთან? არა! ყველგან! ყველგან შენთან ვიქნები! განა წინასწარ არ გაგაფრთხილე, შეგებრძოლებიან-მეთქი? მაგრამ იმასაც დაგპირდი, რომ ვერ დაგძლევდნენ! რატომ ვერ დაგძლევდნენ?
– რადგან შენ ხარ ჩემთან, ჩემს გადასარჩენად! (იერემია 1:19), – ვუპასუხე სიხარულით აღვსილმა.
– ამას შენი უფალი გპირდება, ‒ განაგრძო სახეგაბადრულმა, ‒ თუ აზრებში მტკიცე იქნები, სრულ მშვიდობაში დაგიფარავ, ვინაიდან მეცოდინება, რომ ჩემზე ხარ მონდობილი (ესაია 26:3), მომენდე, დაემორჩილე ჩემს სიტყვას და მე გასწავლი, როგორ აღუდგე წინ ბოროტს და ის გაიქცევა შენგან! (იაკობის 4:7). თუ ერწმუნები ჩემს აღთქმებს, შენი უფალი იბრძოლებს შენთვის, ხოლო თუ უფალია შენკენ, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გამოვა შენ წინააღმდეგ?! (რომაელთა 8:31), ‒ მკითხა ნიშნის მოგებით.
მის ფეხებთან ჩავიმუხლე, ხელი გამომიწოდა, სიყვარულით თავზე გადამისვა, შემდეგ თავლებში ჩამხედა და სიყვარულნარევი, მაგრამ გამაფრთხილებელი ხმით მითხრა:
– ნეტარია, ვინც არ შეცდება ჩემში. (მათე 11:6).