ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ

მოდი, უფალო, ჩვენს დაბნელებულ ქვეყანაში

თამუნა ბაღდავაძე 8 სექტემბერი, 2020
თამუნა ბაღდავაძე 8 სექტემბერი, 2020 366 ნახვა
366

ყველაზე ძლიერი სიბნელე გათენებამდე იცის. ყოველი უკუნეთი ღამის შემდეგ სინათლე მოდის, ასე დააწესა უზენაესმა. მხოლოდ სინათლეს შესწევს ძალა, გაფანტოს სიბნელე და რა კარგია, რომ ეს ასეა, და რა ბედნიერებაა, რომ არსებობს ისეთი სინათლე, რომელსაც ვერასოდეს მოიცავს ბნელი.

ახლა კი… ვიხედები ირგვლივ და სიბნელეა. არაფერი ჩანს. თითქოს უკუნეთის ანგელოზი ქვესკნელიდან ამოვიდა და ბინა დაიდო ამ ქვეყანაში. და ამ სიბნელეში მხოლოდ ხმების გარჩევაა შესაძლებელი. სადღაც ძლივს ისმის ჩუმი ქვითინი, ცოტა შორიდან კი სასოწარკვეთილი გულის ბაგაბუგი აღწევს. უიმედობასაც ჰქონია ხმა ‒ შემზარავი სიჩუმე. ის აქ ყველაზე მკაფიოდ ისმის ღამის საათებში. მრისხანე ყვირილი, დამცინავი ხმა და განწირული კივილი ერთმანეთში ირევა. ბოროტების სუნთქვა სუფევს ყველა ქუჩაზე…

მუხლებზე ვეცემი და ტირილს ვიწყებ: „სად ხარ, ღმერთო? რატომ მიგვატოვე და გაგვხადე ბოროტის ლუკმა? რატომ დაუშვი ამდენი ძალადობა ამ მიწაზე?!..“  მაგრამ ეს შენ კი არა, ჩვენ მიგატოვეთ და მგონი არც არასდროს გეძებდით და გიცნობდით. ახლა კი ჩვენი გულისთქმისა და ცოდვის შედეგებს ვიმკით.

მოდი, უფალო… მოდი, ჩვენს დაბნელებულ ქვეყანაში, მოდი ამ ხალხთან, რომელიც არ გიცნობს. მოინახულე, უფალო, ჩვენი დაბები და სოფლები, დაიარე ქალაქების ქუჩები, ჩიხები, ყოველი კუთხე და შესახვევი. იპოვე ყველა უიმედო, ტკივილით დამძიმებული სული, ყველა სასოწარკვეთილი გული, ყველა დაჩაგრული, მიტოვებული და განწირული, ყველა ტყვე და მონა, ყველა სანახევროდ მკვდარი. მოგვინახულე სიკვდილის აჩრდილის ქვეყანაში მსხდომნი.

ვიცი, შენ ყველა ბარაბას ნახავ, ყველა ქურდს და ავაზაკს, ყველა მკვლელს და მოძალადეს მოძებნი. შენი შემბრალე გული, შენი თანაგრძნობა და წყალობა ვერ აუვლის მათ გვერდს. შენ გარდა, აბა, ვინ უშველის მათ?..

ოღონდაც მოდი, უფალო. შენ იქით არ გვაქვს სხვა იმედი და სხვაში არავისში არ არის ხსნა, უფალო იესო. შენშია სინათლე, რომელიც სიბნელეს ფანტავს და სულს გვინათებს, გზას გვიჩვენებს, გვათბობს და გვანუგეშებს. შენშია სიყვარული, რომელიც ყველაფერს კურნავს. შენშია ჭეშმარიტება, ბორკილებს რომ ამსხვრევს და ათავისუფლებს. შენშია სიცოცხლე, სიკვდილს რომ ამარცხებს. შენშია მადლი, რომელიც გვცვლის. შენშია იმედი, რომელიც ძალას გვაძლევს. შენშია მშვიდობა, რომელიც გვიცავს.

შენ ხარ ყველაფერი, რაც გვჭირდება ადამიანთა მთელ მოდგმას. შენ ხარ იმაზე მეტი, ვიდრე სჭირდება მთელ სამყაროს. შენ ხარ სიცოცხლე. შენ ხარ სინათლე. შენ ხარ ყველაფერი!..

„მასში იყოს სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა სინათლე. სინათლე ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი.“

(იოანეს 1:4-5).

თამუნა ბაღდავაძე

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის წევრი.
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ქრისტიანულ არხში.

დატოვე კომენტარი პასუხის გაუქმება

შეინახე ჩემი სახელი, ელ.ფოსტა და ვებგვერდი ამ ბრაუზერში, შემდგომი კომენტარების დასატოვებლად.

შემთხვევითი ბლოგები

ღმერთი – ყველაზე მშვენიერი მელოდია

30 ივნისი, 2023

მოისმინე მისი ხმა…

18 ივნისი, 2019

საკუთარი დედის გინების შესახებ…

7 მარტი, 2019

სინანული თუ მონანიება?

28 აპრილი, 2019

უდაბნო დასასრული არაა

15 ივლისი, 2021

მოუსმინე საკუთარ გულში მოსაუბრე ღმერთს

11 სექტემბერი, 2020

გავცოცხლდით ქრისტეში, რათა მისი სიცოცხლით გვეცოცხლა…

14 ივლისი, 2016

მალე უფალი გოლგოთას შეუდგება

15 აპრილი, 2020

აქ ამბობენ, რომ მოკვდი… – წერილები ღმერთს

15 მარტი, 2017
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    პატიება

    5 დეკემბერი, 2015
  • 2

    უფალი ლაპარაკობს!

    23 დეკემბერი, 2020
  • 3

    სწორად აღვლენილი ლოცვა

    20 სექტემბერი, 2021
  • 4

    ერთის სიკვდილი საკმარისია!

    19 დეკემბერი, 2019
  • 5

    „დაემორჩილე უფლის ხმას, წამოდექი!“

    9 ივნისი, 2022


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ