ცხოვრებაში არის მოვლენები, რომლებსაც ვერ აირიდებ, მათში უნდა გაიარო… თუმცა გაქვს არჩევანი, მარტო გაივლი თუ უფალს, შენს ღმერთს მოუხმობ, რათა შენთან იყოს…
იმ დღეს მთელი არსებით ვგრძნობდი, რომ ჩემი ცხოვრებისკენ დიდი, დამანგრეველი ქარიშხალი მოემართებოდა და ვერ ავიცილებდი თავიდან, ის უნდა გადამეტანა… ქარიშხლამდე შიში, უიმედობა, უუნარობა, სასოწარკვეთილება – ყველაფერი ერთად, გაერთიანებული ძალით დამესხა თავს… სიბნელეში ჩავიძირე, სული მეყინებოდა. საითაც არ უნდა გამეხედა, სიბნელის გარდა ვერაფერს ვხედავდი. არაფერი მესმოდა, გარდა მათი ხმებისა: „მორჩა! შენ დამარცხდი! ტყუილად იბრძოდი! ამაო იყო შენი ცრემლები – უფლის წინაშე დაღვრილი! ნუთუ ვერ შეიგნე, რომ ამ ბრძოლაში ვერ გაიმარჯვებ?! დანებდი! აზრი არ აქვს!“… მეშინოდა, ძალიან მეშინოდა… ათასი ფიქრი დამტრიალებდა თავს და ყველა უიმედობით აღსავსე… ლოცვა მინდოდა, მაგრამ სიტყვებს ვერ ვპოულობდი, მხოლოდ ცხარე ცრემლების ნიაღვარი ჩამომდიოდა სახეზე… სიბნელე დამცინოდა… ასე მეგონა, ზურგზე უზარმაზარი ლოდი ამკიდეს, რომელიც სადაცაა გამსრესდა, მის სიმძიმეს ვგრძნობდი… თითქმის მიმქრალ იმედს ჩავეჭიდე, ბოლო ძალები მოვიკრიბე და ავლაპარაკდი: „ვერ გგრძნობ, მაგრამ ვიცი, ჩემთან ხარ და არ მიმატოვებ, არ დამაგდებ. ვიცი, რომ ჩემს ყოველ ლოცვას ისმენდი; ვიცი, რომ ყოველი ცრემლი, რომელიც შენ წინაშე დამიღვრია, უძვირფასესია შენთვის!“…
აქამდე თუ სიტყვებს ვერ ვპოულობდი, ახლა ვეღარ ვჩერდებოდი. ხმა, რომელიც ამ დრომდე მიკანკალებდა, განმტკიცდა. ცრემლები, ნიაღვრად რომ იღვრებოდა ლოყებზე, შეწყდა: „ამ ბრძოლაში შენ შემომიძეხი, ეს კი იმას მოწმობს, რომ გამარჯვება უკვე მომეცა, უბრალოდ ის უნდა დავიმკვიდრო! მე ვიცი, რომ ჩემი სიცოცხლით არ თამაშობ; ვიცი, აქ არ მთავრდება ყველაფერი, პირიქით, ახლა იწყება! გამამაგრე, განმამტკიცე, უფალო, რომ არ დავეცე, განდევნე შიში და უიმედობა ჩემგან. მახსოვს სიტყვები, იესო ნავეს ძეს რომ აღუთქვი: ‘განა ნაბრძანები არ მაქვს შენთვის, განმტკიცდი და ძლიერ გამხნევდი-მეთქი? ნუ შეძრწუნდები და შეთრთოლდები, რადგან შენთან იქნება უფალი, შენი ღმერთი ყველგან, სადაც კი წახვალ!’’ (იესო ნავეს ძის 1:9), როგორც იესო ნავეს ძეს ჰპირდებოდი, რომ მასთან იქნებოდი ყველგან, სადაც წავიდოდა, ასევე მპირდები მეც! როგორც იერემიას აღუთქვი: ‘შეგებრძოლებიან, მაგრამ ვერ დაგძლევენ, რადგან მე ვარ შენთან, შენ გადასარჩენად!’ (იერემია 2:19). მებრძვიან, უფალო, მაგრამ ვიცი, ჩემთან ხარ და ეს იმას ნიშნავს, რომ ვერ დამძლევენ! მე ვიცი, რომ ერთგული ღმერთი ხარ, ვიცი, რომ როცა ამბობ, აღასრულებ! ერთგული აღმთქმელი ხარ შენ! უბრალოდ ჩემთან იყავი, გთხოვ…“
სიმძიმე გაქრა… ვერ გავაცნობიერე, როდის გავთავისუფლდი მისგან. როდესაც გამოვერკვიე, ვიგრძენი, რომ თავისუფლად გავიმართე წელში, ჩემს გონებაში სიმშვიდემ დაისადგურა… ეს იყო უდიდესი დასტური იმისა, რომ სამყაროს შემოქმედი ჩემ გვერდით იდგა, მას ჩემი მარჯვენა ეჭირა, ის იყო კლდე ჩემი და საყრდენი, ბურჯი ჩემი, და ის ჩემთან იქნებოდა ქარიშხალში, რომელიც მიახლოვდებოდა… და როდესაც ქარიშხალი, შტორმი დამატყდა თავს, უფალმა „გამაგრებულ ქალაქად მაქცია“ (იერემია 2:18). ვგრძნობდი ფარს, ჩემ წინ აღმართულს, რომელიც მიცავდა ბოროტის გავარვარებული ისრებისგან, განადგურებას რომ მიქადდა. ვიცოდი, რომ მის ფრთებქვეშ ვიყავი დაფარული, მის საფარქვეშ!.. და ზუსტად ვიცი: რომ არა უფალი, ის მოვლენები მართლაც დამანგრეველი იქნებოდა ჩემთვის!..
ქარიშხალი ჩადგა, შტორმი ჩაწყნარდა, მე გადავრჩი, მეტიც, გავიზარდე, ფესვები უფრო ღრმად გავიდგი.
უფალს, შენს ღმერთს მიენდე, ის არ გიღალატებს, არ შეგარცხვენს! მოუხმე, რომ შენთან იყოს ყველგან, სადაც კი წახვალ და მით უმეტეს მაშინ, როდესაც ქარიშხლის შუაგულში იდგები! აზრებში მტკიცე დარჩი, ხმამაღლა წარმოთქვი ნდობის სიტყვები მის მიმართ და სიბნელეს ნუ ალაპარაკებ შენს ცხოვრებაში!