სიყვარულის გარეშე ქრისტიანობა პრინციპების გროვად გადაიქცევა, ქცევათა მკაცრად განსაზღვრულ კოდექსად, ის ერთგვარი ეტიკეტი იქნება და მეტი არაფერი. ცდება ის ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ სიყვარული ერთ-ერთი მცნებაა. სიყვარული ახალი აღთქმის არსია, მასზე დგას რწმენა, როგორც იესო გვასწავლის, მასზე კიდია რჯული და წინასწარმეტყველნი, მისითაა გაჯერებული სახარება, ანუ სასიხარულო ამბავი. უნდა გიყვარდეს დაღუპვის გზაზე მდგომი ის ადამიანი, ვისაც სახარებას უზიარებ. სახარება სასიხარულო უწყებაა ქრისტეს სიყვარულის შესახებ. შენ ახარებ მათ, ვინც ჯერ კიდევ არ იცის იმის შესახებ, რომ ისე შეიყვარა ღმერთმა თითოეული ჩვენგანი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე…
ძველ აღთქმაში, ადამიანსა და ღმერთს შორის ჩატეხილი ხიდის გამო, ურთიერთობა უფალთან საჭიროებდა შუამდგომლობას, რისთვისაც შემოქმედი წინასწარმეტყველებს იყენებდა. სიყვარული ვერ მკვიდრობს იქ, სადაც არ არის უშუალო ურთიერთობა, ამიტომ იყო, რომ ებრაელ ერს ღვთის შიში უფრო ჰქონდა, ვიდრე სიყვარული. წარმოიდგინეთ, უდაბნოში, სინაის მთასთან დაბანაკებული ხალხი, რომელიც ღვთის ყოველი მოახლოებისას ხედავდა აკვამლებულ მთას, ესმოდა გრუხუნი და ფეხქვეშ მიწა ერყეოდა…
ადამიანის მიერ უარყოფილი და დანგრეული ურთიერთობის აღდგენა ისევ ღმერთმა გადაწყვიტა და ამჯერად, არა მარტო ებრაელ ერს, არამედ მთელ კაცობრიობას დაუდო ახალი აღთქმა, სიყვარულის აღთქმა. ახალი აღთქმის ეპოქაში ღმერთი აცხადებს თავის არსს: „ღმერთი სიყვარულია!“ (1იოანე 4:8). აქ საუბარია არა შემოქმედის ერთ-ერთ თვისებაზე, არამედ მის არსზე, ის მოსიყვარულე კი არ არის, არამედ თავად არის სიყვარული.
ჩვენ ვხედავთ არა ღმერთს, რომელიც მოდის დასასჯელად, არამედ მამას, რომელსაც სურს შერიგება: „რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არც ერთი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16).
ღმერთის სიყვარულის მტკიცება ჩვენდამი იესო ქრისტეა, რომელშიც მოგვეცა ყოველივე, რომლითაც იძვრის ყოველი არსება და რომლითაც დგას ყოველივე: „მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი ამტკიცებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით.“ (რომაელთა 5:8)
მაშინ, როცა იესოს ფარისეველი ეკითხება იმის შესახებ, რომელია რჯულში ყველაზე დიდი მცნება, იგი პასუხობს: „შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.“ (მათე 22:37), ხოლო მეორე ამის მსგავსი: „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.“
1 იოანე 4:7 „საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან ღვთისგანაა სიყვარული. ხოლო ყოველი, ვისაც უყვარს, ღვთისგან არის შობილი და იცნობს ღმერთს.“
1 პეტრე 4:8 „უპირველეს ყოვლისა კი, იქონიეთ გულითადი სიყვარული ერთმანეთისადმი, რადგან ცოდვათა სიმრავლეს სიყვარული ფარავს.“
იოანე 13:34-35 „ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ.“
სახარებაში იესო ქრისტეც და მოციქულებიც ბევრს საუბრობენ სიყვარულის შესახებ. გვასწავლიან, რომ არავისი არაფერი დაგვედოს ვალად, გარდა სიყვარულისა, რომელიც რჯულის აღსრულებაა. ჩვენ ერთმანეთის „ვალი“ გვაქვს და ეს სიყვარულია, რადგან უფალს არ მოუცია უსიყვარულობის უფლება. ის არის ღმერთი, რომელიც გვასწავლის, რომ უნდა გვიყვარდეს ჩვენი მტრები და სიკეთე უნდა გავუკეთოთ ჩვენს მაწყევრებს და თუ მტრები უნდა გვიყვარდეს, მით უმეტეს, ახლობლები და ნათესავები, რადგან უფალი ამბობს, რომ ვინც თავის ახლობლებზე არ ზრუნავს, განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია… პავლე, რომელმაც შეასრულა ყველა დროის უდიდესი მისიონერული პროგრამა, რაც კი ოდესმე ვინმეს შეუსრულებია, ამბობს:
1 კორინთელთა 13:1-3 „თუ მე ადამიანთა და ანგელოზთა ენებით ვლაპარაკობ, ხოლო სიყვარული არა მაქვს, მაშინ ჟღარუნა რვალი ვარ ან ჩხარუნა წინწილა. წინასწარმეტყველებაც რომ მქონდეს, ყოველი საიდუმლო და მთელი ცოდნაც რომ ვუწყოდე, სრული რწმენაც რომ მქონდეს, ისეთი, მთების გადაადგილება რომ შემეძლოს, ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნებოდი. მთელი ჩემი ქონება რომ დავარიგო და ჩემი სხეული დასაწვავად გავწირო, ხოლო სიყვარული არ მქონდეს, არაფრად ვევარგები.“
ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ გვიყვარდეს ერთმანეთი:
ეფესელთა 4:2 „მთელი თავმდაბლობით, სიმშვიდითა და სულგრძელობით შეიწყნარეთ ერთმანეთი სიყვარულში.“
1 იოანეს 4:18 „სიყვარულში არ არის შიში, არამედ სრულყოფილი სიყვარული სდევნის შიშს, ვინაიდან შიში ტანჯვაა, ხოლო მშიშარა არ არის სიყვარულში სრულყოფილი.“
1 კორინთელთა 13:13 „ახლა კი რჩება რწმენა, სასოება, სიყვარული – ეს სამი. მათგან უდიდესი კი სიყვარულია.“
სიყვარული რწმენაზე დიდია, სიყვარული იმედზე დიდია! შეუძლებელია გიყვარდეს და არ გწამდეს, შეუძლებელია გიყვარდეს და იმედი არ გქონდეს… ბავშვი, რომელსაც მამა ჰაერში ისვრის, კისკისებს, რადგან უყვარს, რადგან სჯერა, რადგან ენდობა და იცის, ის ძირს არ დაანარცხებს… ჩვენ გვიყვარს კი ასე ერთმანეთი?! სწორედ ამიტომაა, რომ არ გვჯერა ერთმანეთის, არც ვენდობით, არამედ ვკიცხავთ კიდეც, ვასამართლებთ კიდეც… გვგონია, რომ სიძულვილი განყენებული ცნებაა და აუცილებლად რაღაც საშინელს მოიცავს თავის თავში. არა! სიძულვილი უბრალოდ სიყვარულის არარსებობაა, ზუსტად ისე, როგორ ფიზიკაში არ არსებობს ყინვა, ყინვა, ფიზიკის კანონების მიხედვით, სითბოს არარსებობაა და იგი თავისთავად საერთოდ არ არსებობს. ასევე სიბნელე, სიბნელე სინათლის უქონლობაა, სინამდვილეში თავისთავად სიბნელე არ არსებობს! სიძულვილიც ასეა. ის უბრალოდ სიყვარულის არარსებობაა და თავს ნუ მოვიტყუებთ, თუ არ გვიყვარს, ე.ი. გვძულს! ე.ი. არ გვჯერა! ე.ი. არ ვენდობით! ე.ი. ადვილად განვიკითხავთ!
იგავნი 10:12 „სიძულვილი განხეთქილებას აღვივებს, სიყვარული კი ყველა ცოდვას ფარავს.“
მრავალჯერ არის ნახსენები, რომ სიყვარული ფარავს ცოდვათა სიმრავლეს. ჩვენს „ინტერესებშია“ შევიყვაროთ, რადგან უცოდველი არავინაა, რადგან რასაც თესავ, იმასვე იმკი! რადგან კანონების შესრულებით კი არა, სიყვარულით სრულდება რჯული! რადგან იმისთვის მოევლინე, რომ გყვარებოდა ღმერთი და ადამიანები! რადგან უფალი სიყვარულია!
ღმერთის სიყვარული ადამიანების სიყვარულში ვლინდება, ვინაიდან ვერ შეიყვარებ უხილავ ღმერთს, თუ არ გიყვარს შენ გვერდით მდგომი; თუ არ შეგიძლია მეგობარს უერთგულო, ვერ შეძლებ, ერთგულად ემსახურო ღმერთს, რომელიც ზეცაშია და არავის უხილავს.
იოანეს 15:13 „იმაზე დიდი სიყვარული არავის აქვს, როცა ვინმე თავს სწირავს თავისი მეგობრებისთვის.“
უფალი ამბობს: შეიყვარე! ანუ ჩვენ გენეტიკურად არ დაგვყვება სიყვარული დედის მუცლიდან, ჩვენ ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა წარმოვაჩინოთ სიყვარული ჩვენს რწმენაში! ვისაც იცნობ, ვისთანაც ურთიერთობა გაქვს, ის გიყვარს კიდეც. ჩვენ ხშირად არ ვეძებთ ღმერთს და არ ვიცნობთ მას, მის მამობრივ გულს! ამიტომაც არ გვიყვარს ის. შეხედე შენ გვერდით მდგომს და დაინახე უფალი მასში, რადგან მან თავის ხატად შეგვქმნა. შეიყვარე შენი გვერდით მყოფი და უფალსაც შეიყვარებ, რომელიც თითოეულ ჩვენგანში ვლინდება. ის აღარ მოდის გრუხუნით სინაის მთაზე, არამედ მკვიდრობს ჩვენში, დადის ჩვენში, ჩვენ ვართ მისი ტაძრები და თუ ერთი ადამიანი მაინც არ გიყვარს და არ ხარ კაცთმოყვარე, ე.ი. არ გიყვარს ღმერთი, რომელიც მასში მკვიდრობს!
ჩვენ თუ შევიყვარებთ უფალს და ჩვენ გვერდით მყოფთ, თავისთავად დავიცავთ მცნებებს და არ დაგვჭირდება დიდი ძალისხმევა მათ შესასრულებლად, რადგან 1 კორინთელთა 13:4-8 ამბობს:
„სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია, არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს, არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს, არ მრისხანებს და არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს. ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის სასოება აქვს და ყოველივეს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება.“
და ბოლოს:
რომაელთა 13:10 „სიყვარული არ უბოროტებს მოყვასს. ამიტომ სიყვარული რჯულის აღსრულებაა.“