ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ

შენ ხარ სინათლე

ქეთი გვასალია 21 თებერვალი, 2023
ქეთი გვასალია 21 თებერვალი, 2023 302 ნახვა
302

სინათლე, რომელიც შენშია, ყველაზე ხმამაღალი, ჟღერადი ეჟვანია, რომელიც გამარჯვებულის დროშაზეა შებმული.

სინათლე, რომელიც შენშია, აღწევს ყველაზე ბნელ კუნჭულშიც კი და სხვაგვარს ხდის მას; უფრო ნათელს, ვიდრე მანამ იყო; რადგან სინათლე ფანტავს ბნელს.

სინათლე, რომელიც შენშია, უფრო ნათლად ჩანს შენ გარეთ, რადგან მართალთა სინათლე კაშკაშებს.

სინათლე ცვარივით ედება ხავერდოვან მწვანე ბალახზე შენი ნაბიჯების კვალს, რადგან ვინც ნათლის მატარებელია, აუცილებლად ანათებს იქაც კი, სადაც მცირე ნათელია.

ჭაობიან ადგილზე შენს განვლილ ბილიკებსაც თან დასდევს და იქაც ტოვებს კვალს, და თან უფრო აშკარას, უფრო მკაფიოს.

რადგან შენი სინათლით შეხება ზუსტად ჭაობიან ადგილებში არის საჭირო, რადგან შუქჩამქრალ ოთახში აუცილებელია შუქის ანთება.

როგორ უნდა იყო სინათლე? ნუთუ მარტივია ეს? ვის არ სურს, იყოს ნათელი, რომელიც ბნელსაც ანათებს?  ბნელის განათება კი სინათლის უბრალო სხივსაც შეუძლია. შენ შეგიძლია აირჩიო, იყო სინათლე, რომელიც ყველაზე ხმამაღალი „სიტყვაა“ ამ სამყაროში. იგი იმაზე გასაგებად და მიზანმიმართულად საუბრობს, ვიდრე შეგიძლია წარმოიდგინო. და თუ იქნები სინათლე, მოუფრთხილდი მას, რომ ჩრდილი არ მოეფაროს. მე ვაკვირდები ადამიანებს, რომლებიც ანათებენ ისე, თითქოს შობის ვარსკვლავს სჯობნიან. რა არის მათში? ან ვინ? როგორია ეს ნათელი? ეფარება თუ არა მას ჩრდილი? ჩემი ერთი ძვირფასი მეგობარი არის ზუსტად ისეთი ნათელი, ისეთი მკაფიო და აშკარა, რომლის იქითაც არ არსებობს სინათლე; რომელსაც ახლოსაც ვერ ეკარება ჩრდილი. ის იმდენად უბრალოა, რომ ეს უბრალოება ხდის მას ამ სამყაროში ყველაზე ძვირფასს. მასში არის სინათლე, რომელიც ვერ მოიცვა ბნელმა. გაგიმხილოთ? ეს ქრისტეა. ქრისტე ყველაზე დიდი, კაშკაშა სანთელია, რომელიც აუცილებლად გადაუკიდებს შენს ჩამქრალ სანთელს საკუთარ ცეცხლს და გაქცევს სამყაროს ნათელ სიტყვად. და შენც შეძლებ, უწილადო შენი ცეცხლი სხვა ჩამქრალ სანთლებს. გადაუკიდო მათ, ისინი კი შენთან ერთად გაანათებენ ამ ქვეყნიერებას, რომელიც ერთადერთ ნათელს ჰგუობს და ეს ნათელი მზეა.

ეს მზე ვერ სჯობნის ქვეყნიერების სიბნელეს. ქრისტე კი არის ის, რომლის მეშვეობითაც ვიხილე სინათლე, რომელიც აღემატებოდა ბნელს, რადგან იგი ერთადერთი ჭეშმარიტი სინათლეა. 

შენ საუკეთესო შესაძლებლობებით გაჩნდი და სურს უფალს, რომ იყო ყველაზე ნათელი ლამპარი ამ წუთისოფელში; რომ შეძლო და გაუნათო ადამიანებს გზა; მათ სულებს აჩვენო ის შესახვევი, რომელიც სიცოცხლის შუქისკენ მიდის. უფალმა ზუსტად ამისთვის შექმნა ადამიანი, რომ ანათოს მან უფლის დიდებით და გამოჩნდეს სხვა ადამიანების ცხოვრებაში შობის ვარსკვლავივით. მოსტაცოს ისინი ბნელს, რომელსაც დაუნდობლად სურს ყველას ჩაყლაპვა. გახადოს ადამიანთა გულები მგრძნობიარენი ყოველივეს მიმართ. რადგან მგრძნობიარე გულში შემოდის უფალი, ხორცის გულში იდგამს ტახტს და მეფობს გულიდან მთელი სულის გავლით.

თუკი გინდა, იყო ნათელი, მაშინ უნდა იყოს შენში იესო, უნდა მცირდებოდე შენ და იზრდებოდეს იგი შენში, რადგან უფალზე მოიმედე ადამიანი, მისით ავსებული ადამიანი ყველაზე ლამაზი ნათელია ამ წუთისოფელში და შეუძლებელია, იგი მოიცვას ბნელმა. უბრალოა, სპეტაკია, ყველაზე ხმამაღლა ჟღერადი ჰანგია ამ სამყაროში, ხედავ და სიცოცხლე გიხარია, რადგან სიცოცხლე იესოა, შენ კი გაქვს სიცოცხლის ნათელი…

გიხარია…

ეს კი ის სიხარულია, რომელსაც ვერავინ წაგართმევს!

„იესომ თქვა: ‘მე ვარ სინათლე ქვეყნისა, ვინც მე მომყვება, ბნელში აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის სინათლე ექნება მას.”
იოანეს 8:12

 „მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ადამიანთა სინათლე. სინათლე ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი.“
იოანეს 1:4-5

ქეთი გვასალია

დატოვე კომენტარი პასუხის გაუქმება

შეინახე ჩემი სახელი, ელ.ფოსტა და ვებგვერდი ამ ბრაუზერში, შემდგომი კომენტარების დასატოვებლად.

შემთხვევითი ბლოგები

ღვთის ნება და ჩვენი მოლოდინი…

22 მარტი, 2019

სამყარო შენით იწყება

23 აპრილი, 2021

და როცა შეხედავ ცას, ჩემი თითების ნამოქმედარს…

13 ივლისი, 2016

იფიქრე, რაზე ფიქრობ

17 მარტი, 2022

ჩანაწერები გლოვის ველიდან

10 თებერვალი, 2022

ენდე ღმერთის მიერ წარმართულ პროცესს

17 თებერვალი, 2023

ღმერთმა გაჩუქა სახელი

24 მაისი, 2018

ახალი ქმნილება

21 თებერვალი, 2017

კაცთა სისუსტე – ძილი!

17 სექტემბერი, 2019
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 2

    “განმკარგველი თუ მფლობელი?”

    16 დეკემბერი, 2021
  • 3

    მისი სახელია იესო!

    2 დეკემბერი, 2020
  • 4

    მხსნელი უფალი

    26 თებერვალი, 2020
  • ცხოვრების იარები

    12 ნოემბერი, 2021


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ