ყველაფერი თავის ადგილას იყო… არაფერი ყოფილა არც ზედმეტი და არც ნაკლები… ყველა და ყველაფერი ისე მოძრაობდა, რომ ერთმანეთს მოძრაობაში ხელს არ უშლიდნენ…
ადამიანი სრულ ჰარმონიაში იმყოფებოდა ღმერთთან და სამყაროსთან, მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანის მიერ წამოწყებული ხრიკებისგან (ეკლესიასტე 7:29) წარმოიქმნა შავი ლაქა – ცოდვა, რომელიც ადამიანს სიმსივნესავით (რეალურად სიმსივნეზე უარესია) გაუჩნდა, ხოლო შემდეგ მოედო ყველაფერს, რასაც ადამიანი შეეხო და ასე, სულ რაღაც მცირე ხანში, ამ შავმა ლაქამ მოიცვა ის შესანიშნავი სამყარო, რომელიც ღმერთმა თავის დროზე შესანიშნავად შექმნა. (ეკლესიასტე 3:11).
ცოდვა – კაცობრიობის პირველი და ერთადერთი პრობლემა…
ცოდვის შედეგად გაჩნდა სნეულება – ის, რის გამოც ბევრი საყვარელი ადამიანი დავკარგეთ და შეიძლება დღეს თავადაც ვებრძვით მას.
არ იყო ფიზიკური ტკივილი, რადგან არაფერს შეეძლო ადამიანის ვნება, და არც სულიერი ტკივილი, რადგან ადამიანი სავსე იყო ღვთის სულით და თვით მარადიულობა იდო მის გულში (ეკლ. 3:11), მაგრამ მარტოსულობის საშინელი განცდა, რომელსაც მთელი ცხოვრებაა ებრძვი და ვერ ამარცხებ, სწორედ ცოდვის გამოა შენს შინაგანში.
ცოდვის გამო მოხდა, რომ ადამიანის გაუსაზღვრელი სიცოცხლე განისაზღვრა და მეტიც, ფიზიკური სიკვდილის შემდეგ მას გარანტირებული ჰქონდა მარადიული ჯოჯოხეთი. (რომაელთა 5:12).
სწორედ ამ ცოდვის გამო იყო, რომ კაენი კბილებს აღრჭენდა და გაცხოველებულად სუნთქვდა, უყურებდა რა აბელის მომაკვდავ სხეულს, ადამიანის, რომელთან ერთადაც გაიზარდა, თამაშობდა, ჭამდა, სვამდა, სანადიროდ დადიოდა, ესაუბრებოდა და თავის ფიქრებს უზიარებდა, მაგრამ ცოდვა იმდენად ძლიერი პრობლემა აღმოჩნდა, რომ ძმას “აიძულა” ძმის მოკვლა.
ჰმ… ძმა – ძმის, მეზობელი – მეზობლის, გვარი – გვარის, სოფელი – სოფლის, ქალაქი – ქალაქის, ერი – ერის წინააღმდეგ, და ეს ყველაფერი იმის გამო, რომ ადამი ამბოხდა ღვთის წინააღმდეგ.
შინაგანი ბორკილები, რომლებიც უფრო ცივია, ვიდრე პატიმრის ბორკილები მკაცრ ზამთარში.
შინაგანი ტვირთი, რომელიც უფრო მძიმეა, ვიდრე მთელი სამყაროს ქვიშა.
შინაგანი სიკვდილი, რომელიც უფრო მწარე და ხანგრძლივია, ვიდრე ფიზიკური… აი, რა მოიტანა ცოდვამ ჩვენს ცხოვრებაში. დამნაშავეს – სასჯელი, ცოდვილს (მე და შენ) – სიკვდილი.
ეს ღვთაებრივი დადგენილებაა, რომელიც, შეიძლება, არცთუ ისე სასიამოვნო, მაგრამ სავსებით სამართლიანია. (რომ. 6:23).
ცოდვა – ადამიანის პირველი და ერთადერთი პრობლემაა…
რომ არა ჯვრის ამბავი, ასე ტრაგიკულად მომიწევდა ამ ჩანაწერის დასრულება, მაგრამ მადლობა ღმერთს ჯვრისთვის, ცოდვების პატიებისთვის და მეორე შანსის მოცემისთვის…
იოანე 3-16: “ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ცოდვილი ქვეყნიერება, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.”
ძე ღვთისა ახლა უკვე ძე კაცისაც არის… ასი პროცენტით ღმერთი ახლა უკვე ასი პროცენტით კაციც არის…
რამდენიმე დღის წინ წავიკითხე:
“გასაოცარი ის კი არ არის, რომ ადამიანი დააბიჯებდა მთვარეზე, არამედ ის, რომ ღმერთი დააბიჯებდა დედამიწაზე.”
ეს მართლაც საოცრებაა.
ის არ მოსულა, რათა ცხოვრება მოეწყო დედამიწაზე; საიდანაც მოვიდა, იქ უკეთესი “ცხოვრება” ჰქონდა… ის მოვიდა რაღაც უფრო მეტისთვის. ის მოვიდა, რათა მომკვდარიყო ჯვარზე ჩვენ ნაცვლად და გავეთავისუფლებინეთ ბორკილებისგან, სნეულებისგან და სიკვდილისგან, რომელთაგანაც საკუთარი ძალისხმევით ვერასოდეს გავთავისუფლდებოდით.
ჩემს შინაგან სამყაროში ჯვარცმა და შემოდგომა ყოველთვის ასოცირდებოდა ერთმანეთთან, რადგან სამწუხაროა ის, რასაც გარდაცვალება ჰქვია და მაინც მშვენიერია ის, რასაც ფოთოლცვენას ვუწოდებთ.
რა სამწუხაროა ის, რასაც სიკვდილი ჰქვია და მაინც მშვენიერია ის, რასაც ჯვარცმა – ცოდვის დამარცხება, მისგან გათავისუფლება ეწოდება.
ჩემო ძვირფასებო, იესო თავისი ნებით მოვიდა დედამიწაზე, რათა დაემტკიცებინა შენდამი სიყვარული ისე, როგორც აქამდე ეს არავის დაუმტკიცებია არავისთვის!
ჩემო ძვირფასებო, იესო თავისი ნებით ეწამა ჯვარზე ჩვენ ნაცვლად და დაამარცხა ცოდვა! ეს ჭეშმარიტებაა!.. (იოანე 10:18).