ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

ისევ გათენდება…

ნატალია ჩიქოვანი 11 ივნისი, 2015
ნატალია ჩიქოვანი

და ამოდის მზე… თენდება და გრძელდება ცხოვრება… ხან შენთან ერთად, ხანაც უშენოდ, მაგრამ გრძელდება!..

…და როცა გტკივა, ხელისგულებით იფარავ თვალებს, რომ არ გათენდეს… როცა ცეცხლისგან ალანძული სახით და ქვეყნიერების მტვრისგან დაფარული ხელებით, საკუთარი სულის მივიწყებულ კარს შეაღებ… მოგეჩვენება, რომ საუკუნეა, რაც არ ყოფილხარ „სახლში.“ დამტვერილ მაგიდას ხელისგულით წმენდ და სტუმარივით ჯდები სკამზე, რომელსაც ჰქვია „შეჩერდი და გაიგე“… ვერ იხსენებ, როდის შეჩერდი ბოლოს, ან როდის გაიგე, რომ ის არის ღმერთი!.. მაგიდაზე მოგონებების კარადიდან გამოღებული სქელტანიანი ტომები უწესრიგოდ ყრია… იხსნი საკუთარი მსოფლმხედველობის სათვალეს, მეობის ნიღაბს ოთახის კუთხეში ისვრი და ცრემლმორეული თვალებით „კითხულობ“ თითოეულ მოგონებას… კადრები გარბიან ძველი ფილმის წყვეტილი ფირივით და იხსენებ ადამიანებს წარსულიდან… ადამიანებს, რომლებიც უკან დატოვე წარსულში, მათ, ვისაც გული ატკინე… და მათაც, ვინც გული გატკინა… ხვდები ბავშვობის მეგობრებს… დავიწყებულ ღიმილს… დაკარგულ სიწრფელეს… ობობის ქსელში გამოხვეულ იმედს… ხავსმოდებულ სიყვარულს… გარბიან კადრები და ნელ-ნელა ფერს კარგავს ყველაფერი ფერადი და ღირებული… ხშირდება ნაცრისფერი დღეების გროვა, რაღაცნაირად რომ ერთნაირობს…. ცრემლები გზას კვალავენ შენს ღაწვებზე და ვეღარაფერს ხედავ, გარდა იმისა… როგორ გჭირდება თავისუფლება… თავისუფლება მეობისგან… სტერეოტიპებისგან, საზოგადოებრივი აზრისგან, სტატუსებისგან, საკუთარი შეხედულებებისგან. ვერც კი მიხვდი, როდის იქეცი მონად ყველაფერ იმისა, რომელიც საშუალება იყო, მიზნისკენ მიმავალ გზაზე… გწყურია თავისუფლება ყველაფრისგან, რაც გაშორებს ღმერთს და ხვდები, როგორ მოგნატრებია პირველი სიყვარული… აღმაფრენა და უბრალოება… როგორ დაკარგე ცხოვრების ორომტრიალში და ყოველდღიურ საზრუნავში მხიარული გული, როდის დაგავიწყდა ღიმილი, როდის გაიზარდე… როდის გახდა სასწაულები ჩვეულებრივი, როდის „მიისაკუთრე“ და „დამსახურებულად“ მიითვალე თითოეული გათენება… როდის მიიჩნიე, რომ დიახ, ეს ასეც უნდა იყოს!

…და ახლა ზიხარ საკუთარი სულის მივიწყებულ კუთხეში და ვერ გაგიგია, რატომ შენ?!..

რატომ გტკივა, რატომ დაეცი, რატომ გრძნობ ტალახს ხელისგულებზე ან რატომ ხარ მარტო… იქ, სულის მივიწყებულ კუთხეში… ასე შორს სამყაროსგან და ასე ახლოს ღმერთთან… ტირი და გული გეკუმშება ყველა შექცეული ზურგის დანახვაზე… კანს გიწვავს ზიზღნარევი მზერა ხალხისა, რომელთაც უყვარდი… და აღარ გინდა გათენდეს…

…მაგრამ ისევ ამოვა მზე! და ისევ გაგრძელდება ცხოვრება… ნუ გეშინია ყველაფრის დაკარგვის! ნუ გეშინია, თუ ერთ დღეს აღარ იქნები ხალხისთვის ის, ვინც იყავი ადრე… ნუ გეშინია დამცირების ქუჩების, ნურც სირცხვილის დერეფნების… ნუ გეშინია სიმარტოვის და შეურაცხყოფის… რადგან ცოცხალია ისრაელის ღმერთი!… რადგან შენი უფალი იყო ის, ვინც გაიარა ეს გზა; ვინც იყო უარყოფილი და დამცირებული; ტანჯული და შეფურთხებული; ის, ვინც იყო მიტოვებული და საძულველი კაცთაგან, მათგან, ვისაც აპურებდა და კურნავდა, მათგან, ვისაც პატიობდა და უყვარდა… და მან გაიმარჯვა შენთვის! იმისთვის, რომ თავი აგეწია და ცხოვრება გაგეგრძელებინა, მრავალჯერ დაცემის მერეც… და თუ დღეს ფიქრობ, რომ ყველაფერი დაკარგე, იცოდე, კურთხევით დაიბრუნებ ყველაფერს!.. არ დანებდე!.. ისევ გათენდება…

11 ივნისი, 2015 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ყალბი ქრისტიანობა – სხვის ჩასაქოლად აღმართული ქვა ცოდვილის ხელში

ნატალია ჩიქოვანი 23 აპრილი, 2015
ნატალია ჩიქოვანი

მის ფეხებთან იყო დაჩოქილი, შეურაცხყოფილი, დამცირებული და ელოდა განაჩენს… ზურგს უწვავდა უამრავი ავადმომზირალი თვალი და ყურებში ზარივით რეკავდა ბრბოს ხმა: „ჩაქოლეთ!“… ჰო, ასეთია მისი განაჩენი და სამართლიანიც, რადგან მან შეურაცხყო რჯულის კანონი თავისი ცხოვრებით… ისრაელის მიწას უმზერდა დახრილი თვალებით და ფიქრობდა, რომ ის ბოლო იყო, რის დანახვასაც მოასწრებდა… და აი, უცნობი დაიხარა მიწისაკენ… „ალბათ, ისიც ქვას ეძებს ჩასაქოლად…“ გაიფიქრა მან და შემაძრწუნებელ ლოდინს მიეცა თვალდახუჭული… უსასრულოდ გაჭიმულ წამში გაისმა უცნობის ხმა: „დედაკაცო, არავინ დაგდო მსჯავრი?! არც მე გდებ, წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ!“…

ამ ისტორიის გახსენებისას რამდენჯერ შეგვცოდებია მრუში დედაკაცი, რომელიც იესოს ფეხებთან დაჩოქილი ელოდა სიკვდილს, რამდენჯერ გვიტირია ქადაგებისას ამ მონაკვეთის მოსმენისას, რამდენჯერ გაგვიიგივებია თავი ამ უბედურ ქალთან, რომელიც მასზე არანაკლებ ცოდვილთა ხელიდან მოელოდა დასჯას… ალბათ, ბევრჯერ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარი სინდისი გვამხილებდა და ფართოდ გახელილი თვალებით ვხედავდით წყალობის საჭიროებას. ალბათ, არიან ადამიანებიც (მოწიფული ქრისტიანები), რომლებიც ამ ისტორიის მოსმენისას საკუთარ თავს დაჩაგრულის პოზიციაში კი არა, ქვის მსროლელთა რიგებში ხედავენ, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ადამიანებს გვიყვარს მსხვერპლად თავის წარმოჩენა… ეს ადამიანური, დაცემული ბუნების შედეგია – ვხედავდეთ საკუთარ თავს მუდმივად დაჩაგრულის პოზიციაში; ვეძლეოდეთ თვითშეცოდებას; ვხედავდეთ იესოს სათქმელში იმას, რაც ჩვენ გვინდა და არა იმას, რასაც მან გაუსვა ხაზი. იშვიათად შეხვდებით ქრისტიანს, რომელიც მცნებას „არ დასწამო ცილი!“ და „არ ინდომო“ , საკუთარ თავს უკითხავს. ჩვენ მივეჩვიეთ ბიბლიის კითხვას მესამე პირში, ვიღაც სხვისთვის, ვისაც შურს, ვინც ცილს სწამებს, ვინც ცრუობს, ვინც ორგულობს… ასეთია ადამიანური ბუნება, უჭირს საუბარი პირველ პირში, უჭირს აღიარება და ყველაფრისთვის სახელის დარქმევა… ბიბლია კი წერილია ღმერთისა იმ ერთი, კონკრეტული ადამიანისათვის, ვინც მას კითხულობს…

ხშირად ვგავართ ხოლმე იმ მონას, 10 000 ტალანტი რომ ეპატია და 100 დინარის გულისათვის მეგობარს ახრჩობს; იმ ფარისეველსაც, ამაყად თავაწეული რომ მადლობდა უფალს იმისათვის, რომ გვერდით მდგომ მებაჟეს არ ჰგავდა, რომელიც თავმოდრეკილი მჯიღს იცემდა გულში და უფალს შეწყალებას სთხოვდა. იმასაც, ვის შესახებაც იესო ამბობდა: „ბევრი მოვა და მეტყვის: ‘უფალო! უფალო!..’ მე კი ვეტყვი მათ: ‘გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო, არასდროს გიცნობდით თქვენ!’“…

ჩვენი ცოდვების არსებობის შესახებ, ხშირ შემთხვევაში, მიტევებისთანავე გვავიწყდება და ეს თვითნებური „ამნეზია“ უფლებას გვაძლევს, ბეწვი ვეძებოთ სხვის თვალებში, როცა დირე ვერ ამოგვიღია საკუთარიდან და სწორედ ეს დავიწყება გვაშორებს ნელ-ნელა პირველ სიყვარულს, ისეთს, იოანეს რომ ჰქონდა იესოს მიმართ. ნაცვლად იმისა, მის მკერდზე გვედოს თავი და მის გულისცემას ვუსმენდეთ, პირველივე გამოცდაზე ვიჭრებით და ჩვენი საქციელით ვამბობთ: „არ ვიცნობ მას!“ ხშირად ამას ისე ჩავდივართ, რომ ვერც ვხვდებით, სად იწყება სიყალბე… ერთხელ რომ ითამაშებ და კარგი ქრისტიანის როლს მოირგებ ისე, როგორც პეტრე ეფიცებოდა იესოს, რომ არასდროს მიატოვებდა, მომდევნო როლის თამაში და ქვის სასროლ მანძილზე მოშორება უკვე ნაკლებრთულია და როგორ აღმოვჩნდებით ხოლმე უცხო ცეცხლთან, თავადაც ვერ ვხვდებით…

იქ, სადაც ქრისტიანები ფიზიკურ დევნას არ განიცდიან, არის უფრო დიდი საფრთხე, ვიდრე ამქვეყნიური სიცოცხლის დაკარგვაა და ეს ხორციელი, ყალბი ქრისტიანობაა, რომელსაც ყველაზე მნიშვნელოვანის – სულის დაღუპვა შეუძლია… ჩვენ ვტირით იესოს შესახებ ფილმის ყურებისას, რომელიც მის წამებას ასახავს და ჭეშმარიტად გვგონია, რომ 2000 წლის წინ, იქ რომ ვყოფილიყავით, ჩვენ არ ვიქნებოდით მათ რიგებში, ვინც დაჟინებით ითხოვდა: „ჯვარს აცვით იგი!“… გვგონია და ვერ ვაცნობიერებთ, რომ არასწორი გადაწყვეტილებებით, როლების თამაშით და ყასიდი ქრისტიანობით, ჩვენ უფრო ხშირად გვიჭირავს მათრახი ხელში, ვიდრე ჯარისკაცებს იმ ცნობილ კინოსურათში…

ძალიან ხშირად, დღეს, ქრისტიანობა ქრისტიანობანას თამაში უფროა, ვიდრე უდრეკი რწმენა და ურყევი მორალური პრინციპები, მიუხედავად იმისა, რა გარემოებანი შეიძლება იყოს ჩვენ გარშემო. ეკლესიაში, მსახურებაზე ჩვენ ვამბობთ „ამინ!“ და ამის შემდგომ, ვალმოხდილებს შეგვიძლია აგრესია ვაფრქვიოთ სოციალური ქსელის პირად გვერდზე თუ მავანთა სტატუსის კომენტარებში; ჩვენ ვამბობთ „ამინ!“ და პირველივე განსაცდელისას ვნებდებით; ჩვენ ვამბობთ „ჭეშმარიტად!“ და პირველივე კაკუნზე ფართოდ ვუღებთ კარს და ადგილს ვაძლევთ ეშმაკს… საინტერესოა, სად ქრება ჩვენი მორალი, სიმშვიდე, სიმტკიცე და უდრეკობა?! არსად, ისინი არსად არ მიდიან, იმიტომ, რომ არც არასდროს უარსებიათ; მოჩვენებითობა − ეს ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია, რომელიც მირაჟივით ქრება…

სულიერი ქრისტიანობა – ესაა მოწიფულობა ქრისტეში, ეს უდაბნოგამოვლილი რწმენის გამარჯვებაა… ყველა ჩვენგანი გადის ხორციელ ქრისტიანობას, მოჩვენებითობას, სიყალბეს, ახალგაზრდულ რადიკალიზმს, მაგრამ ეს უნდა გავიაროთ, თავისი სახელი დავარქვათ და დავუპირისპირდეთ… აუცილებლად გავიმარჯვებთ, თუ იესოს ნაკვალევზე ვივლით, რადგან „ის ჩვენთან არის, თუ მასთან ვართ!“ (2 ნეშტ. 15:2).

P.S. ეს სტატია ეძღვნება, უპირველეს ყოვლისა, მის ავტორს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ ეს სიტყვები მასაც ეხება. გისურვებთ მხნეობას სულში! უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!

23 აპრილი, 2015 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

უყურე ცხოვრებას ფხიზელი თვალით – დალევა გამოსავალი არ არის!

ნატალია ჩიქოვანი 22 აპრილი, 2015
ნატალია ჩიქოვანი

ნუ დაითვრებით ღვინით, რომელშიც აღვირახსნილობაა, არამედ აღივსენით სულით.

ეფესელთა 5:18

ალკოჰოლიზმი ის ტერმინია, რომელსაც ყური ისე შეეჩვია, რომ ყოფით მდგომარეობას უფრო ასახავს, ვიდრე საშიშ დაავადებას. არ არსებობს სტატისტიკა, არ არსებობს მასთან ბრძოლის სტრატეგია, არანაირი პროგრამა ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ. იგი ისე დამკვიდრდა ჩვენს ცნობიერებაში, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა. სინამდვილეში კი ის არანაკლებ საშიშია, ვიდრე ნარკომანია. უნდა აღინიშნოს, რომ ალკოჰოლიზმის უფრო მეტად იმ ქვეყნებშია გავრცელებული, სადაც მევენახეობა და მეღვინეობაა განვითარებული და არსებობს ალკოჰოლური სასმელების მიღებისათვის ხელშემწყობი პირობა ტრადიციების სახით. ასევე განმსაზღვრელია ალკოჰოლის მიღებისადმი საზოგადოებრივი აზრის დამოკიდებულება, ერთ-ერთი მიზეზია ალკოჰოლური სასმელების შედარებითი ხელმისაწვდომობაც.

საქართველოში ძნელია დაინახო ზუსტი ზღვარი ალკოჰოლიზმსა და ქართულ, ტრადიციულ სუფრის კულტურას შორის, რომელიც ხასიათდება სმით ფეხის არევამდე, გრძელდება დილით ხაშზე მიყოლებული 100 გრამი არყით, შედეგად მიღებული შებრუნებული სიმთვრალით და ეს რამდენიმედღიანი გადაპატიჟება-გადმოპატიჟება, დათრობა-ნაბახუსევი-შებრუნება შემდეგ ე. წ. „ზაპოის“ (გაბმულას) სახეს იღებს…. სამასკაციანი ქორწილები, ხმაურიანი დაბადების დღეები, ნათლობები, ქრისტიანული დღესასწაულები თუ ქელეხები აქ ერთნაირად გამოირჩევა განსხვავებული სასმისებით, ყანწებით, ვაზებით, ლამპის შუშებით, კრამიტის ნატეხებით და ლხინისა თუ ჭირის ხმაურიანი დასასრულით. ეს საქართველოა! საქართველო ღვინის ქვეყანაა და აქ დალევა აუცილებელი ფაქტორია, რომელიც ვაჟკაცობასთან პირდაპირ კავშირშია. კულტურული ფაქტორი ერთ-ერთი განმსაზღვრელია იმ პრობლემისა, რასაც ალკოჰოლიზმი ჰქვია, რადგან სმა აქ ცუდი ტონი არ არის, პირიქით ახალგაზრდა, ნორმალური მამაკაცი თუ თავს იკავებს სასმელის მიღებისგან, არა მარტო გაკვირვების, არამედ, ზოგჯერ, გაკიცხვის და დაძალების ობიექტიც ხდება.

მართალია, ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ ექიმები პირადი დაკვირვების საფუძველზე აღნიშნავენ, რომ დაავადება გაახალგაზრდავდა, რაც ძალიან საშიში და საყურადღებო ტენდენციაა. სოციალური ფონი ალკოჰოლიზმის განვითარების კუთხით ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია. ასევე ცხოვრების აჩქარებული ტემპი, ბრძოლა ადგილის დამკვიდრებისთვის, სტრესი, დაძაბულობა და ქრონიკული დაღლილობა ის მიზეზებია, რომელიც ადამიანს ხშირად უბიძგებს ალკოჰოლისკენ. ადამიანი ზემოხსენებული პრობლემებისგან განტვირთვას სასმელით ცდილობს და გარკვეული პერიოდის შემდეგ მასზე დამოკიდებული ხდება. ალკოჰოლზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებისთვის სასმელის სახეობას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. წამყვანი ფაქტორი მისი მოხმარების ხანგრძლივობაა. საქართველოში ახალგაზრდები (და არა მარტო ახალგაზრდები) დიდი ოდენობით მოიხმარენ ლუდს და მას უსაფრთხო სასმელად მიიჩნევენ, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ის იწვევს ისეთივე დამოკიდებულებას, როგორც ნებისმიერი სხვა სახის ალკოჰოლი, თუ მას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რეგულარულად მოიხმართ. გარდა ამისა, ლუდზე დამოკიდებულ ადამიანებში საკმაოდ ხშირია ჰორმონული დარღვევები…

ალკოჰოლიზმი იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ღვიძლის სხვადასხვა პათოლოგია და მისი დაშლა, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, ალკოჰოლური პანკრეატიტი (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება), ალკოჰოლური კარდიომიოპათია, ენდოკრინული დარღვევები, ალკოჰოლური გასტრიტი, ალკოჰოლური ენცეფალოპათია, ალკოჰოლი იწვევს ორგანიზმში ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტს, ხოლო ხანგრძლივი ალკოჰოლიზაცია − ორგანიზმის გამოფიტვას. ალკოჰოლი არღვევს შვილოსნობის ფუნქციას, მთლიანად შლის ქალის ენდოკრინულ სისტემას, ქალებში აძლიერებს მამაკაცური ჰორმონების გამომუშავებას, ხოლო მამაკაცებში ტესტოსტერონის დონის მკვეთრ დაქვეითებას იწვევს. ორსულობის დროს ალკოჰოლური სასმლის მიღება საერთოდ არ შეიძლება, განსაკუთრებით კი პირველ ტრიმესტრში, რადგან მაღალია ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომის განვითარების რისკი. ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ დაავადებებისა, რასაც ალკოჰოლიზმი იწვევს, რომ არაფერი ვთქვათ ფსიქიკურ პრობლემებზე და ადამიანის დაკარგულ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელების სისტემური მოხმარება ხშირად განაპირობებს: ოჯახების ნგრევას, პრობლემებს სამსახურში, უბედურ შემთხვევებს, ძალადობას და კრიმინალურ აქტებს.

არსებობს მოსაზრება, რომ სპირტიანი სასმელის მცირე დოზით მიღება ჯანმრთელი ორგანიზმისთვის მავნე არ არის. ახალგაზრდები ხშირად თავს იტყუებენ, რომ ალკოჰოლთან მათი დამოკიდებულება ზომიერებით შემოიფარგლება, მაგრამ, გარდა იმისა, რომ ზომიერება სასმელთან მიმართებაში ფარდობითი ცნებაა, მისი ხშირად, თუნდაც ზომიერად მიღებაც აჩენს დამოკიდებულების განვითარების საფრთხეს.

რას ამბობს წმინდა წერილი ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებაზე?!

ვის „ვაი“ და ვის „უი“ ? ვის შუღლი? ვის საჩივარი? ვის ამაო ჭრილობები? ვის თვალების სიწითლე? ღვინოზე გვიანობამდე დამხანებელთ, განზავებული ღვინის საჭაშნიკოდ მავალთ. ნუ უყურებ ღვინოს, რომ წითელია, თასს რომ აძლევს თავის ფერს, პირდაპირ რომ გადადის ყელში. შემდეგ კი, გველივით გიკბენს და ასპიტივით გიჩხვლეტს. შენი თვალები უცხო ხილვებს იხილავენ და შენი გული უკუღმართობას ილაპარაკებს. იქნები ზღვის გულში მწოლარესავით, ან ანძის წვერზე. „მცემენ – არ მეტკინება! მირტყამენ – ვერ ვიგრძნობ! როდის გავიღვიძებ? – ისევ მას დავუწყებ ძებნას.

იგავები 23:29-35

ასევე ესაიას წიგნში ვკითხულობთ:

ვაი „დილაადრიან ამდგართ, რომელნიც სასმელს მისდევენ და გვიან ღამემდე უსხედან – ღვინო აღაგზნებს მათ.

ესაია 5:11

…ვაი, ღვინის სმაში ვაჟკაცთ და მის ჩამოსხმაში მამაცთ.

ესაია 5:22

სხვა ბიბლიურ მუხლებში კი წერია:

გაიღვიძეთ, ლოთებო! იტირეთ და ივალალეთ, ღვინის მსმელნო, ყურძნის წვენის გამო, ბაგეს რომ მოგწყვიტეს!

იოელი 1:5

ღვინო კაცს ამასხრებს, ლუდი შფოთს ატეხინებს, ვინც მათ ეტანება, უგუნურია.

იგავები. 20:1

ბიბლიაში ხაზგასმულია, რომ მსახურისათვის ერთ-ერთი მოთხოვნაა არ ეტანებოდეს სასმელს, მსახური 24 საათის განმავლობაში თავისი უფლისა და ბატონის წინაშე დგას და, როგორც მიუღებელია სამსახურში ალკოჰოლის მიღება, ასევე მსახურს მოეთხოვება იყოს ფხიზელი, რადგან მისი სამსახური არ მთავრდება დღის რომელიმე მონაკვეთში, ის ვერ განსაზღვრავს, რა დროს მოუწევს ღმერთის დავალების მიღება და შესრულება, რა დროს დასჭირდება მისი ლოცვა თუ ნუგეში მოყვასს, ამიტომ მსახური ვალდებულია ცხოვრებას ფხიზელი თვალით უყუროს.

ვინაიდან ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, როგორც ღვთის მნე, არა თვითნება, არა გულფიცხი, არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არა ანგარების მოყვარე

ტიტე 1:7

დიაკვნებიც პატიოსნები უნდა იყვნენ, არა ორპირნი, ღვინოს ნაკლებად მიძალებულნი, არა ანგარნი.

1 ტიმოთე 3:8

დღეს, ადამიანები ეძებენ განტვირთვას პრობლემებისგან, ცდილობენ დაივიწყონ სირთულეები, ებრძვიან სტრესს თრობით, ან ზოგჯერ უბრალოდ კარგი განწყობის შექმნა სურთ, ცდილობენ თავი დააღწიონ სიცარიელეს…მიზეზები, რომელთა გამოც ადამიანი ალკოჰოლის მიღებას იწყებს, ისევ მიზეზებად რჩებიან გამოფხიზლების შემდეგაც. არსებითად იცვლება მხოლოდ ჯანმრთელობა და ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში ყველა ზემოჩამოთვლილ პრობლემას ემატება საზოგადოებრივი ცხოვრებისგან გათიშულობაც. დალევა არ არის გამოსავალი! ღმერთს შეუძლია შეცვალოს თქვენი ცხოვრება, მას შეუძლია აავსოს თქვენი ცხოვრება სიცოცხლით და სიხარულით, მიიტანეთ თქვენი საჭიროებანი მასთან და მიხვდებით, რომ არსებობს სხვა გზაც… ალკოჰოლის და მასში „ჩაკლული“ ემოციების გარეშე. გადმოღვარეთ თქვენი სული უფლის წინაშე, ის საუკეთესო მსმენელია და ის ერთადერთია სამყაროში, ვისაც ძალუძს ჩვენში არსებული სიცარიელის ამოვსება… ჯერ კიდევ არ არის გვიან! შეხედე ცხოვრებას ფხიზელი თვალით – ალკოჰოლი არ არის გამოსავალი!

22 აპრილი, 2015 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

არის სხვა გზაც….

ნატალია ჩიქოვანი 28 თებერვალი, 2015
ნატალია ჩიქოვანი

მიხვალ ბილიკებზე… და ცხოვრებისგან გათელილი, ამაოდ ეძებ გვირაბის ბოლოს უცნობ სინათლეს… ეს სხვა გზაა, სხვა გვირაბია, რომლის ბოლოს ახალი სიბნელე იწყება…

მიდიხარ დაქანცული და არ უჩანს ბოლო „ამაოების ბაზარს“… ყიდი და ყიდულობ, ყიდი და გყიდიან… ეძებ მოსვენებას, ხარკს უხდი საჭიროებებს, რომ მოგასვენონ და როგორც კი გგონია, რომ ცოტაც და შეხვალ სიმშვიდეში, ყველაფერი მირაჟივით ქრება…

ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს, იმ კალენდრის ფურცლებივით, დილაობით რომ ახევ და არ იცი, უნდა გიხაროდეს თუ გწყინდეს, რომ უახლოვდები დასასრულს… მიდიხარ, მაგრამ არ იცი, სად! არ იცი, იპოვი თუ არა ბოლოს და ბოლოს მოსვენებას… ეგებ და ის დაიმედებული მოსვენებაც მირაჟია… არ იცი, მაგრამ ფიქრის დრო არ გაქვს…

ხვალ, სხვა დროს, სხვა გზაზე იფიქრებ ამაზე… ახლა არა, ახლა ხარკი უნდა გადაუხადო ყველა იმ „მჭამელს“, კართან რომ გელოდება და საზრუნავს რომ არ გილევს… ყველა გეძახის, ყველა რაღაცას ითხოვს, ყველას უნდა ჩაუდო „ლუკმა“, რომ მომდევნო დღემდე გააჩუმო, სულ ცოტა ხნით რომ ამოისუნთქო და აი, როგორც კი დაიწყებ ფიქრს… ყველაფერი თავიდან იწყება, წრეზე ბრუნვას იწყებს… და შენც ხვალ… სხვა დროს… სხვა გზაზე იფიქრებ ამაზე…

შენ აღარ დადიხარ, უკვე დარბიხარ, რომ ერთი ნაბიჯით გაუსწრო ცხოვრებას, რომელიც თავის საჭიროებათა ნუსხით უკან მოგდევს და ჩაყლაპვას გიქადის… გარბიხარ და გრძნობ, როგორ გებჯინება გული ყელში, როგორ მოიქანცე… და ახლა, როგორც არასდროს, გინდა ის ჯერ არნაფიქრი სიმშვიდე, ხვალისთვის რომ გადადე და იმ „ხვალსაც“ რომ არ აქვს დასასრული…

დაიღალე გამუდმებული შეჯიბრებით საკუთარ თავთან, შეჯიბრებით სხვასთან, ბრძოლით ადგილის დამკვიდრებისთვის, თითქოს არ არსებობდეს ადგილი ყველასთვის… მიდიხარ… მირბიხარ და ვერ გასცდი „ამაოების ბაზარს“… ყოველდღე ხედავ ყასბებს… დაფლეთილ გულებს დახლზე… ყიდი და გყიდიან… ატყუებ და გატყუებენ… იცი და მათაც იციან, მაგრამ, რაღაცნაირად, ჩვეულებრივია ეს ყველაფერი…

ყოველ გარბენილ მეტრზე იკლებს სინდისის ქენჯნა… მისი ხმა სულ უფრო შორიდან გესმის და კიდევ უფრო ჩვეულებრივი ხდება ყველაფერი… სულ ერთი წუთით, დაძინებამდე რაღაცას იგრძნობ, თითქოს მოგესმა, მაგრამ არა, ახლა არა… ხვალ… სხვა დროს… სხვა გზაზე იფიქრებ ამაზე…

გარბიხარ და მშვენივრად იცი, რომ სინდისი სიკვდილმისჯილთა ბნელ საკანში გამოკეტე, შენი გულის შორეულ კუთხეში, მაგრამ სინანულის დრო არ გაქვს, ახალი დღეა…  უყურებ ყასბების ხარხარს და თავბრუ გესხმის… აღარ გაქვს ძალა… იცი, რომ არ უნდა წაიქცე; თუ დაეცემი, ნაკუწებად დაგგლეჯენ… დაგითითოებენ, მერე გაგყიდიან… ისე, როგორც შენ ყიდდი სხვებს…

შენ უკვე ფიქრობ და ხვდები, განიცდი შენი ცხოვრების ამაოებას… ახლაღა იგებ ცრემლის სიმწარეს, ყოველდღე რომ ხედავდი სხვათა ღაწვებზე… ითავისებ დაცემულის ხვედრს, გახსენდება სიკვდილმისჯილი სინდისი და გიხარია, რომ ჯერ კიდევ არ მოგიკლავს იგი… ნანობ, ყველაფერს ნანობ… რომ შეგეძლოს, რომ შეგეძლოს, დროს უკან დააბრუნებდი… თუმცა გგონია, რომ ვეღარ შეძლებ წამოდგომას, ვეღარ მოახევ კალენდარს ხვალინდელ ფურცელს და ვეღარ გადადებ ჯერ არდამდგარი ხვალისთვის ფიქრს სხვა ცხოვრებაზე, რომელიც გვირაბის ბოლოს გრძელდება… შენთვის აღარ დადგება ‘ხვალ’… ხუჭავ თვალებს და ელოდები, როდის დაგეტაკება ცოფმორეული ცხოვრება, როგორ დაგითითოებენ ყასბები, როგორ გაგყიდიან…

თუმცა არა, ეს არ არის დასასრული… არის სხვა გზაც!.. გრძნობ, ვიღაც გწმენდს ცრემლებს და შენს ძველ კაცს მიათრევს ჯვრისკენ, ახლაღა ხვდები მის სიმძიმეს, სიბილწესა და სულიერ გატიალებას… და პირველად გრცხვენია, რომ ეს შენ იყავი… ცრემლებით იბან ცოდვებით დასვრილ სულს და გრძნობ, რომ პირველად, ცხოვრებაში პირველად ამოისუნთქე, ზუსტად ისე, როგორც დაბადებისას ატირდი თავდაპირველი ამოსუნთქვისას…

შენ ახალი ქმნილება ხარ ქრისტეში…. და ახლა უკვე იცი, რომ არის სხვა გზაც… სხვა გვირაბიც, რომლის ბოლოსაც საუკუნო ნათელია… და გიკვირს, რომ შენი გასავლელი იგივეა, რომ ეს ორი გზა მხოლოდ შენშია, შენს გულზე გადის… შენ ისევ ნახავ „ამაოების ბაზარს“, ყასბებს, ისევ გამოგედევნება ცხოვრება მოთხოვნათა გრძელი ნუსხით… მაგრამ შენ უკვე სხვა ხარ… ახლა იცი, როგორ უნდა იარო ღირსეულად… ზუსტად მის ნაკვალევზე…

28 თებერვალი, 2015 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

წუთისოფლის მარილი

ნატალია ჩიქოვანი 10 თებერვალი, 2015
ნატალია ჩიქოვანი

თქვენ ხართ მარილი მიწისა და თუ მარილი გამტკნარდა, რითღა დამარილდეს? აღარად ვარგა, თუ არა გადასაყრელად და კაცთა მიერ ფეხით სათელად…
მათე 5:13

იესო ქრისტე, დედამიწაზე ყოფნის დღეებში, ადამიანებთან საუბრისა თუ ქადაგების დროს ხშირად მიმართავდა ალეგორიული ხასიათის იგავებსა და შედარებებს. სახარებისეული  იგავები თუ ალეგორიული გამონათქვამები თვალსაჩინოდ წარმოაჩენს ადამიანის ბუნებას, მის ხასიათს და დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე. მესამე პირზე საუბრისას ადამიანი უკეთ ხედავს საკუთარ თავს, ვიდრე პირდაპირი შეგონებისა თუ მხილების დროს, თუმცა ახლა ამ საინტერესო ჟანრის ფართო სპექტრით განხილვას არ ვაპირებ. ჩემი ყურადღების საგანი კონკრეტული სიმბოლო – მარილია, რომელსაც იესო უფლის ხალხის, მისი მიმდევრების მისამართით იყენებს. რატომ მარილი?!… ცხადია, მსგავსება საგნის თვისებებსა და ადამიანის ბუნების ხასიათში მდგომარეობს.

მარილი ადრეულ ეპოქაში ძვირად ფასობდა, იყო დრო როცა იგი ფულის მაგივრობასაც სწევდა. ძველი ბერძნები მონებს მარილზე ყიდდნენ. აფრიკის ზოგიერთ ტომში კი ქვამარილის ფილები ფულის ერთეულს წარმოადგენდა.  ამრიგად, ადამიანის დახასიათებისას სიტყვა „მარილის“ გამოყენება ერთგვარად   ძვირფასს, დასაფასებელს გულისხმობს. ამაზე მიუთითებს ბერძნული გამოთქმა: „მარილის ფასადაც კი არ ღირს..“ და ქართულ ენაში დამკვიდრებული მიმართვა „მარილიანი ადამიანიაო“, რომელიც ადამიანის კარგ თვისებებს უსვამს ხაზს.

აღმოსავლური ტრადიციის მიხედვით მეგობრები, რომლებიც შეთანხმებას დებდნენ, ერთად ჭამდნენ და შეთანხმების ნიშნად საჭმელს ზემოდან მარილს აყრიდნენ. ძველ რომშიც სტუმარს მარილს მიართმევდნენ ხოლმე მეგობრობის ნიშნად. ასევე ზოგიერთ ქვეყანაში ერთგულების ფიცს მარილზე დებდნენ, რადგან მარილი არ ფუჭდება და არასდროს ქრება –  ის დიდი ოდენობით იხსნება წყალში, მაგრამ წყლის აორთქლების შემდეგ კვლავ კრისტალებად იქცევა. სწორედ ამიტომ, მარილი სტაბილურობისა და მუდმივობის სიმბოლოა. ბიბლიაში ვხვდებით „მარილის აღთქმას“,

მთელი წმინდა ღალა, რომელსაც ისრაელიანები უხდიან უფალს, შენთვის, შენი ვაჟებისა და ქალიშვილებისთვის მომიცია, სამარადისო წესით. ეს არის აღთქმა მარილისა უფლის წინაშე შენთვის და შენი შთამომავლობისთვის…
რიცხვნი 18:19

ზუსტად რას გულისხმობდა „მარილის აღთქმა” დაბეჯითებით თქმა ძნელია, თუმცა კონტექსტიდან გამომდინარე მუდმივობას, საიმედოობას, სიმყარეს და ურთიერთშეთანხმებას გულისხმობდა.

მაშინ, როდესაც სიტყვა „მარილი“ გვესმის, პირველი, რაც აზრად მოგვდის, მისი გემოვნებითი თვისებაა, როგორც ვიცით მას კერძს ბოლოს უმატებენ და რომ არა ეს ბუნებრივი კონსერვანტი, საკვები დაუსრულებელი და უგემური იქნება. მარილი გემოს სძენს საჭმელს. აკი იობიც ამბობს „თუ ჭამენ უგემურს? უმარილოს?…“ (იობ. 6:6)

ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებები, რომლებიც, ვფიქრობ, მათეს 5:13-ში იგულისხმა იესომ, სიწმინდე, უხრწნელობა და წყურვილის შეგრძნების წარმოშობაა. მარილი რომ სიწმინდის სიმბოლოა, ეზეკიელ წინასწარმეტყველის 43-ე თავის 24-ე მუხლშიც ჩანს:

მიიყვანე უფლის წინაშე  და დააფრქვიონ მათ მღვდლებმა მარილი, და აღსავლენად აღუვლინონ უფალს.
ეზეკიელი 43:24

ასევე, მე-4 მეფეთა წიგნის მე-2 თავის 21-ე მუხლში ვკითხულობთ:

ავიდა წყლის სათავესთან და ჩაყარა მარილი, თქვა: ასე ამბობს უფალი: ‘განმიკურნავს ეს წყალი. ამიერიდან ნუღარ იქნება მისგან სიკვდილი და უნაყოფობა…
ეზეკიელი 43:24

ებრაული ტრადიციის მიხედვით ახალშობილს მარილს აყრიდნენ განწმენდის ნიშნად

შენი დაბადებისას, იმ დღეს, როცა დაიბადე, ჭიპლარი არ მოუჭრიათ შენთვის და წყალში არ განბანილხარ, რომ განწმენდილიყავი, მარილით არ გახეხილხართ და  ჩვრებში არ გახვეულხარ…
ეზეკიელი 16:4

მარილი ბუნებრივი კონსერვანტია, რომელიც უზრუნველყოფს სხვა პროდუქტის შენახვას და ხრწნისგან დაცვას, სწორედ უხრწნელობის ნიშნად ამარილებდნენ ძღვენს ებრაელები.

ყოველი საძღვნო მარილით დაამარილე და არ დატოვო საძღვნო შენი ღვთის მარილის გარეშე. ყოველ შესაწირავზე მიიტანე მარილი.
ლევიანთა 2:13

და ბოლოს, მარილი აწყურებს! და თუ მარილი ქრისტიანების სიმბოლოა, მაშინ ისინიც უნდა ბადებდნენ წყურვილის განცდას საზოგადოებაში. ცხოვრობდნენ და მოქმედებდნენ ისე, რომ მიუთითებდნენ ღმერთის დიდებაზე. ქრისტიანები, რომელთა რწმენაც მათ ცხოვრებაში პოვებს ასახვას, აუცილებლად დაბადებენ კითხვებს ხალხში, მათი ცხოვრების წესის შესახებ.

იესოს ამაღლების შემდეგ საქმე მოციქულთა წიგნში ჩვენ ვხედავთ მოციქულების პირველ ქადაგებებს. საინტერესოა, რომ პირველი მახარებლობა არაა დაგეგმილი, არამედ სპონტანურია, სულიწმიდის ნიჭით სხვადასხვა ენაზე ალაპარაკებული მოწაფეების ხილვაზე ხალხი ამბობდა: „იუდეველნი და პროზელიტნი, კრეტელნი და არაბნი ვისმენთ, როგორ ღაღადებენ ისინი ჩვენი ენით ღვთის სიდიადეს. უკვირდა ყველას და გაოგნებულნი ეუბნებოდნენ ერთმანეთს: რას მოასწავებს ეს?“ სწორედ ამ შეკითხვას მოჰყვა პეტრეს პირველი ქადაგება, რომლის შედეგადაც იმ დღეს 3000 სული შეემატა ეკლესიას. პეტრეს მეორე ქადაგებაც ხალხის გაოცებით და დაინტერესებით იყო გამოწვეული, რაც დავრდომილი ადამიანის განკურნებას მოჰყვა. უამრავი მსგავსი მაგალითის დასახელება შეიძლება, როდესაც ქრისტიანები აღძრავდნენ ადამიანებში წყურვილსა და დაინტერესებას.

იესოს სიტყვები იგივე რჩება უკუნისამდე, რადგან გუშინ, დღეს და სამუდამოდ იგივეა, ის დღესაც გვეკითხება თითოეულ ჩვენგანს: „…თუ მარილი განქარდა, რითღა დამარილდეს?…“ თუ დღეს ჩვენი რწმენა მხოლოდ სიტყვებად დარჩება; თუ ჩვენი თანაგრძნობა თავის გადაქნევასა და შეწუხებულ მზერას არ გასცდება; თუ მოყვასის სიყვარული ვალდებულებად, ხოლო მტრისა – მითად გადაიქცევა; თუ შუამდგომლობით ლოცვას სათხოვრებისთვის ლოცვები გადაფარავს; თუ იგივენი ვიქნებით, როგორნიც ვიყავით გუშინ… არავის მოსწყურდება!

„თქვენ ხართ მიწის მარილი!..“ დღესაც იგივეა ჩვენი უფალი, დღესაც გაისმის ჩვენი მისამართით მისი სიტყვები. ჩვენ ვართ დედამიწის „უხრწნელების“ მიზეზი. მსოფლიო სავსეა ყველაფრით, და მაინც, არის სიცარიელე, რომელსაც უღმერთობა ჰქვია… ხშირად, ჩვენ ვცდილობთ ვუქადაგოთ ადამიანებს და მოვანანიებინოთ, თუმცა სანამ ვინმეს ეტყვი, რომ გადარჩენა სჭირდება, ჯერ უნდა ის გააგებინო, რომ დაღუპვის გზაზე დგას. საუკეთესო ახსნა კი კონტრასტია ქრისტიანსა და არაქრისტიანს შორის და სამწუხაროა, რომ ეს კონტრასტი ხშირად მეტისმეტად გაცრეცილია. სიტყვებს ყველა იტყვის, მაგრამ ღმერთის სიტყვა სიტყვებზე მეტია! ეს ცხოვრების წესია! უფალს სურს გვიხილოს არა მხოლოდ მომსმენნი, არამედ მისი მცნებების შემსრულებელნი…. დღეს ყველაფერია მსოფლიოში და მაინც, არის სიცარიელე, რომელსაც უქრისტეობა ჰქვია….

დაე, მოსწყურდეს… მთელ ქმნილებას მოსწყურდეს!

10 თებერვალი, 2015 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ნუ გეშინია!

ნატალია ჩიქოვანი 18 დეკემბერი, 2014
ნატალია ჩიქოვანი

ნუ გეშინია, ყველა ქარტეხილი გადაივლის!..

ნუ გეშინია, თუ დაკეტილ კართან დგახარ და არ იცი, როგორ გააგრძელო გზა…

თუ უკანასკნელ იმედს ელოლიავები…

თუ ფიქრობ, რომ ყველამ მიგატოვა…

ნუ გეშინია, თუ შენი ცრემლიანი თვალებიდან ვეღარ ხედავ სავალ ბილიკს; თუ უარყოფილი ხარ კაცთაგან და დევნილი ხარ სიმართლის გამო…

თუ იტანჯები რწმენისათვის, თუ გიწევს დაცინვისა და დამცირების ატანა…

არ შეშინდე,  თუკი მარტოობა თავის ცივ ხელებს შემოგხვევს, რადგან შენ არ ხარ განწირული მარტოობისთვის!..

რადგან მე შენთან ვარ!.. შენი ღმერთი ვარ! არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ უკუნისამდე, რადგან საუკუნოა ჩემი აღთქმა… რადგან ერთგული ვარ მე! ნუ გეშინია ქარიშხლის და ადიდებული წყლის, ნურც აზვირთებული ტალღების, რადგან მე ვარ, რომელიც ვარ; რადგან მე მემორჩილებიან ქარებიც და წყლებიც… მე ვარ გასაღები, რომელიც აღებს ყველა დაკეტილ კარს, მე ვარ შენი იმედი, რომელსაც არა აქვს დასასრული… მოვალ და მოგწმენდ ცრემლს თვალებიდან და გაჩვენებ ჭეშმარიტ გზას, რადგან მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე… ნუ  გეშინია, თუ გდევნიან ჩემ გამო, ვინაიდან მე ვარ შენი მხსნელი…

ნუ დაემონები ქვეყნიერებას, რადგან ჭეშმარიტად თავისუფალი ხარ შენ!.. ნუ დანებდები, რადგან ჩემშია შენი ძლიერება და გახსოვდეს, როცა ხარ უძლური, მაშინ ხარ ძლიერი, რადგან განუზომელია ჩემი ძალის ძლიერება შენში. ნუ მოიხრი ქედს ამ ქვეყნის ძლიერთა წინაშე, რადგან უკუნისამდე ცოცხალია შენი ღმერთი, რადგან მჭამელი ცეცხლია იგი! ნუ დაითრგუნები, არამედ გაიხადე მჭმუნვარების სამოსელი და შეიმოსე ქება-დიდების საბურვლით, რადგან უფალია შენი შემწე! გახსოვდეს, შავეთის ველზეც რომ იარო, გლოვის ველიც რომ გედოს წინ, გაივლი და ჭას აღმოაჩენ, რადგან მე ვარ ნათელი, რომელიც გაგინათებს უკუნ ღამეში და წყალი, რომელიც მოგიკლავს წყურვილს… ნუ აღელდები, რადგან ჩემს მოყვარულებს და ჩემი განზრახვით მოწოდებულებს ყოველივე სასიკეთოდ ეწევათ…

ნუ მოგეჩვენება, რომ მაღალია მთა, რომელიც შენ წინ აღმართულა, არამედ ელაპარაკე მას ჩემი სახელით, რადგან მორწმუნისათვის შესაძლებელია ყველაფერი!.. არ დაემონო ცოდვას! რადგან მე გაგათავისუფლე შენ ცოდვის მონობისაგან, გამოგისყიდე საკუთარი სისხლის ფასად… მოიხსენი წარსულის ტვირთი, რადგან მე ავზიდე ის შენ მაგივრად ჯვარზე…

ნუ მისცემ შენს გულს მსჯავრდადების უფლებას, რადგან რწმენით მშვიდობა გაქვს ჩემთან… გახსოვდეს, რომ კურთხეული ხარ ყველა შენს გზაზე, რადგან მე გავხდი წყეული შენ ნაცვლად. ნუ მისცემ უფლებას ტკივილს და ავადმყოფობას, მოიცვას შენი სხეული, რადგან ჩემს ჭრილობებში განიკურნე შენ!.. გამოჰყევი ჩემს ნაკვალევს, გამოიარე, გამაგრდი, რადგან მე ვძლიე წუთისოფელს!.. გაიხსენე „ვია დოლოროსას“ ქუჩა, გაიხსენე ჩემი მსხვერპლი, შენთვის გაღებული… გჯეროდეს ჩემი სიყვარულის შენდამი… ნუ გეშინია, თუ განსაცდელში ხარ, რადგან მე შენთან ვარ, ვინ გამოვა შენ წინააღმდეგ?… არ დაიწვები ცეცხლში, რადგან არ მიგატოვებ სირთულეთა ჟამს, შენი საყრდენი ვარ ძნელბედობისას!..

გადმოდგი ერთი ნაბიჯი და გადმოვდგამ ორს, მომიახლოვდი და მოგიახლოვდები, მეძებე და გაპოვნინებ თავს… მე ვარ შენი ღმერთი… გამაგრდი, რადგან მე ვძლიე წუთისოფელს!.. გახსოვდეს, რომ იგივე ვარ გუშინ, დღეს და სამუდამოდ!.. ნუ გეშინია!.. ყველა ქარტეხილი გადაივლის!

18 დეკემბერი, 2014 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    ბარაბას ადგილზე რომ ვყოფილიყავით…

    14 აპრილი, 2023
  • 2

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 3

    პატიება

    5 დეკემბერი, 2015
  • 4

    ჩემი ტკბილი უფალი

    17 ოქტომბერი, 2019
  • 5

    მოიშორე მწუხარება შენი გულიდან

    4 ივლისი, 2022


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ