ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

მძიმე თუ წერტილი?!…

ნატალია ჩიქოვანი 4 ოქტომბერი, 2015
ნატალია ჩიქოვანი

ზიხარ სიმარტოვის ცივ ოთახში და ფანჯრიდან უყურებ, როგორ გრძელდება ცხოვრება შენ გარეშე.

უმიმიკოდ, უემოციოდ მოგორავენ ცრემლები უკვე გაკვალულ კალაპოტში, სახეს რომ ისტორიად აჩნევია და არ იცი, ვინ ხარ, ან შენს ყოფნას თუღა აქვს აზრი. უსახელო სევდის აჩრდილი მდუმარედ ასვეტილა ოთახის კუთხეში და მაინც მთელ სივრცეს ავსებს, აღარ გაწუხებს, უკვე შეეჩვიე… ყველაფერმა შეჩვევა იცის – ტკივილმაც, რომელიც არსად მიდის, უბრალოდ მასთან ერთად ცხოვრებას სწავლობ… ქუჩის ხმაური სწვდება სმენას და ხვდები, რომ იქ სხვა ცხოვრებაა, რომელიც გრძელდება და შენ იქ არ ხარ…

დამთავრდი თითქოს და ახლა ზიხარ ამ სიმარტოვის ცივ ოთახში, საკუთარ თავს რომ მიუსაჯე და სასვენ ნიშანს ეძებ: მძიმე თუ წერტილი?!… ჰაერი მძიმეა, ფიქრებით გაჟღენთილი და დაღლილობა მძიმედ გაწვება მხრებზე. ეძებ ძალას, რომელიც არ გაქვს და გახსენდება, რომ როცა ხარ უძლური, მაშინ ხარ ძლიერი… “ძლიერი” იმეორებ მონოტონურად რამდენჯერმე და ისევე უემოციოდ იღიმი, როგორც ტირი… მძიმე თუ წერტილი?! წერტილი თუ მძიმე?! – ტრიალებს თავში მორბენალი სტრიქონივით და თავბრუ გესხმის, ოთახი ბრუნავს და უსახელო სევდის აჩრდილი უკვე ყველა კუთხეში დგას მხრებაწურული…

“როცა ვარ უძლური, მაშინ ვარ ძლიერი!” – იმეორებ ისევ და უჩვეულო ძალას გრძნობ, არა შენსას… ღრიჭედ დარჩენილი ფანჯრიდან იმედის სუნთქვა შემოდის და გაყინულ მინას ორთქლავს… ისევ ტირი, ამჯერად შვებისგან და უკვე იცი, რომ გაგრძელდები…

P.S. როცა უძლური ხარ, მონახე იმდენი ძალა საკუთარ თავში, რომ თქვა “იესო” და ის მოვა… აუცილებლად მოვა. მაშინაც, როცა ყველა დაგტოვებს… მაშინაც, როცა ყველა იმედი გადაიწურება… როცა ყველა კარს მოგიხურავენ და როცა იტყვი, რომ დამთავრდა… მას აქვს გაგრძელება შენთვის!

4 ოქტომბერი, 2015 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

აღთქმის ორი მხარე − პარადოქსების რელიგია

ნატალია ჩიქოვანი 4 ოქტომბერი, 2015
ნატალია ჩიქოვანი

არსებობს პარადოქსები ქრისტიანობაში, პარადოქსები, რომლებიც მოქმედებს…

სწორედ ესაა ის, რაც უკვირს მთელ კაცობრიობას, სწორედ ეს „ალოგიკურობა“ აბნევს მის მოწინააღმდეგეთ.

ზუსტად ის, რაც სხვათათვის სასაცილოა, ხშირად მათი დადუმების მიზეზი ხდება, რადგან ის მოქმედია.

რაც უფრო მეტს გასცემ, მით უფრო მეტს მიიღებ; რაც უფრო მეტი ცრემლითა და ტკივილით თესავ, მით უფრო მეტს მოიმკი; რაც უფრო დაიმდაბლებ თავს, მით უფრო მეტად ამაღლდები; როცა დაზარალებულად დარჩენას ამჯობინებ რწმენის გამო, უფრო მეტად მოგებული აღმოჩნდები, ვიდრე გეგონა…

გარეშენი აღთქმის მხოლოდ ერთ მხარეს ხედავენ და ხშირად მათ თვალში სასაცილონიც კი ვჩანვართ, მაგრამ ქრისტიანმა იცის, ვინ დგას აღთქმის მეორე მხარეს…

ქრისტიანობა არ არის მოქცეული კანონზომიერების ჩარჩოებში, ის თავადაა ყველაზე დიდი კანონზომიერება სამყაროში. მას სხვა საზომი და ანგარიში აქვს, ამიტომაც არის ორი ლეპტა ას დინარზე მეტი; ამიტომაც უწოდა უფლის ანგელოზმა მშიშარა გედეონს მამაცი მეომარი; ამიტომაც იქნება ზოგიერთი პირველი − უკანასკნელი და პირიქით. ქრისტიანობა ის რელიგიაა, რომელიც რიტუალებსა და მკაცრ დოგმებში არ არის გამოკეტილი, რომელიც ხედავს ადამიანს „შინაგანად“ და მთლიანად, არა კონკრეტულ დროსა და მომენტში, არამედ წარსულიანად და მომავლიანად, ამიტომაც უწოდებს ღმერთი არაარსს არსს. ეს არაა წესები, რომლებიც უკეთ ცხოვრებას გთავაზობს, ეს ცვლილებაა, რომელიც სიცოცხლეს გჩუქნის…

ქრისტეს დროიდან დღემდე არის ერთი დიდი პარადოქსი, რომელსაც ვერავინ ვერაფერს უხერხებს. ეს დევნაა, რომელსაც ქრისტიანობის უფრო დიდი ზრდა მოსდევს. ქრისტიანობა, ერთდროულად, ყველაზე დევნილი და ყველაზე გავრცელებული რელიგიაა.

შესაძლოა ეკლესია დაარბიო, მაგრამ სახარება დარჩება უკუნისამდე; შესაძლოა მახარობელს ქადაგება აუკრძალო, მაგრამ ქრისტიანობა სიტყვებზე მეტია და ის მორწმუნეთა ცხოვრების მეშვეობითაც იქადაგებს… მათი სიკვდილის მეშვეობითაც, თუ ეს საჭირო გახდა; შეიძლება ქრისტიანი მოკლა, მაგრამ მისი სიკვდილი რწმენის მოწმობა გახდება სხვათათვის… ეს რელიგიაა, რომელსაც სიკვდილის არ ეშინია, არამედ იმარჯვებს მასზე.

ეს პარადოქსების რელიგიაა…

4 ოქტომბერი, 2015 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ჩაეჭიდე აღთქმას!

ნატალია ჩიქოვანი 17 სექტემბერი, 2015
ნატალია ჩიქოვანი

„ამ საწყობის ქვედა ნაწილში ვიყავი.ზუსტად აქ, 20 მეტრის ქვევით, სამი წლის განმავლობაში განმარტოებულ საკანში.

მთვარე და მზე არ მინახავს ამ დროის განმავლობაში. თითქმის ყოველდღე მცემდნენ. ახლა ბიბლიები და ჩემი წიგნებია აქ შენახული, ამაზე უკეთესს რაღას მოიმოქმედებდა ღმერთი!…“ (რიჩარდ ვურმბრანდი)

ქრისტიანის ცხოვრება რაღაცით კარდიოგრამის ფურცელს ჰგავს, აღმართს დაღმართი ცვლის, სწორ მონაკვეთს აქ ვერ ნახავ, თუმცა სიცოცხლეს სწორედ ეს უსწორმასწორო ხაზი „ქმნის“… თითოეული ჩვენგანი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე დგება ეჭვის, ტანჯვის, დაცემის, ავადმყოფობისა თუ იმედგაცრუების პირისპირ და მაინც, სწორედ ესაა, რაც გვაძლიერებს. ჩვენზეა დამოკიდებული, რას ვხედავთ, პრობლემას თუ გამოწვევას.

ეჭვი

შენ თუ ფიქრობ, რომ ყველაფერი ისე არ მიდის შენს ცხოვრებაში, როგორც ოდესღაც ღმერთმა გითხრა, გახსოვდეს, რომ მიზნამდე მისასვლელი ჩვენი ხედვა და ღმერთის გზები განსხვავდება ერთმანეთისგან. ზოგჯერ პარადოქსულ და ალოგიკურ სიტუაციებში ვხვდებით. ხშირად კითხვაც გვიჩნდება: „რატომ, ღმერთო?!“ ხანდახან კი თითქმის ვრწმუნდებით, რომ ჩვენმა ცხოვრებამ გეზი იცვალა, მაგრამ თუ უფალში რჩები ყოველთვის, გახსოვდეს: „მტკიცედ უნდა მივყვეთ იმედის აღსარებას, ვინაიდან აღმთქმელი ერთგულია!“ (ებრ. 10:23)

ტანჯვა

იმ დროს, როცა იტანჯები და ურთულესი პერიოდია შენს ცხოვრებაში, ძნელია იფიქრო ნათელ მომავალზე, ძნელია თვალი მოსწყვიტო შენ ირგვლივ არსებულ რეალობას და მზერა ღმერთის დიდებულ აღთქმებს მიაპყრო. ძნელია… მაგრამ არა შეუძლებელი, რადგან წერილი ამბობს, რომ „მორწმუნისათვის ყველაფერი შესაძლებელია.“ (მარკ. 9:23)

დაცემა

იმ დროს, როცა ფიქრობ, რომ პრობლემა ან შეცდომა გაფერხებს ღვთის სასუფევლისათვის მსახურებაში, შეეცადე შეხედო ყველაფერს ღმერთის თვალით. მას შეუძლია შენი ნაკლი თავისი დიდების კიდევ ერთხელ დასამოწმებლად გამოიყენოს. ღმერთს შეუძლია შენი პრობლემა შენს ძლიერ მხარედ გარდაქმნას და სხვებისთვის კურთხევად გაქციოს. გამხნევდი და იმედიანად იყავი, რადგან „ღვთის მოყვარულებს და მისი განზრახვით მოწოდებულებს ყოველივე სასიკეთოდ ეწევათ“. (რომ. 8:28)

ავადმყოფობა

იმ შემთხვევაში, თუ მძიმე დიაგნოზს ებრძვი და სიკვდილის სუნთქვა სულ ახლოს გიგრძნია, ფარ-ხმალს ნუ დაყრი. სანამ ცოცხალი ხარ − იცოცხლე და გწამდეს, გწამდეს შეურყევლად იქამდე, სანამ არ იხილავ შენთვის დაწერილს: „მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ…“ (ესაია 53:5)

იმედგაცრუება

იმ შემთხვევაში, თუ განგიცდია უარყოფა, სიმარტოვე და დამცირება, თუ ბევრჯერ მოგცარვია ხელი და ფიქრობ, რომ ყველაფერი დამთავრდა, თუ გგონია, რომ მომავალი აღარ არსებობს, მაშინ გაიხსენე უფლის სიტყვები და გამხნევდი: „მე განვიზრახე თქვენთვის სამშვიდობო გეგმები, რათა მოგცეთ თქვენ იმედი და მომავალი“. (იერ. 11:29)

უფლის სიტყვა არ არის მხოლოდ შავი ასოები თეთრ ფურცელზე დაწერილი, ის ცოცხალია, მოქმედია და ჩვენი ცხოვრების გარდაქმნის ძალა შესწევს. შენი ცხოვრების რთულ მომენტებში უფრო მეტად იკვებე უფლის სიტყვით, გამხნევდი და ჩაეჭიდე ღვთის აღთქმებს. აღმთქმელი ერთგულია!

17 სექტემბერი, 2015 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ან დანებდი! ან გაიმარჯვე!

ნატალია ჩიქოვანი 17 სექტემბერი, 2015
ნატალია ჩიქოვანი

მახსოვს პირველი ნაბიჯები ქრისტიანულ რწმენაში… იმ მომენტში გგონია, რომ, როგორც იქნა, იპოვე მშვიდი ნავსაყუდელი და წინ მზიანი დღეები გელის.

ესეც ერთგვარი უკიდურესობაა, რადგან ადამიანები, როგორც წესი, უკიდურესობებს ვირჩევთ, გვიჭირს ოქროს შუალედის მოძებნა და ამიტომაც, ხშირად, იმედგაცრუებულნი ვრჩებით. ხშირად, ქვეყნიერების მტვრიანი და დამღლელი გზის შემდეგ ოაზისს ვეძებთ და ვფიქრობთ, რომ ეკლსია სწორედ ისაა, რასაც ვეძებდით… გარკვეული დროის შემდეგ აღმოვაჩენთ, რომ ომში ვართ და ქანაანისკენ მიმავალ გზაზე უამრავი ბრძოლა, დაჭრა, დაცემა და ტკივილი გველის.

თითოეულ ჩვენგანს, ისევე როგორც ეგვიპტიდან გამოსულ თითოეულ ებრაელს, სურს ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ პირდაპირ ქანაანში მოხვდეს, თუმცა ეს არარეალურია და რეალურიც რომ იყოს, თვითონ ჩვენ არ ვიქნებით მზად მის მისაღებად.

ტკივილი, რომელიც ქრისტიანის ცხოვრებას თან სდევს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ღვთის გეგმაში. სულიერი ტკივილი გვაიძულებს, ყურადღება მივაქციოთ მნიშვნელოვანს, ისევე, როგორც ფიზიკური ტკივილი იწვევს ტვინის პროვოცირებას, რომ მან სიგნალი გადასცეს მთელ სხეულს. არავის არ სურს ტკივილის ატანა და ძალიან ხშირად, ჩენ ვნებდებით მაშინ, როცა შეგვიძლია განსაცდელი ჩვენ სასარგებლოდ შემოვაბრუნოთ და უფრო გავძლიერდეთ რწმენაში, უფრო ამტანნი, მომთმენნი და მტკიცენი გავხდეთ.

თუ ახლა განსაცდელში ხარ, პირველი, რაც უნდა გააკეთო, არის ის, რომ გააცნობიერო – ტკივილი, ეს ცხოვრების ნაწილია, იარაღია შენ გასაძლიერებლად. მთავარი კი მისადმი შენი დამოკიდებულებაა და ეს ორ რამეში შეიძლება გამოიხატოს: ან დანებდი! ან გაიმარჯვე!

მესამე გზა არ არსებობს…

17 სექტემბერი, 2015 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

“წადი იერუსალიმში!”

მარიამ ჩიტაური 17 სექტემბერი, 2015
მარიამ ჩიტაური

ერთხელ იესო ქრისტემ თქვა, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმში და ხალხის მიერ წამებულიყო, ამის გამო მოწაფემ უსაყვედურა და უთხრა, რომ არ წასულიყო იქ, სადაც სიკვდილი ელოდა და იესომ ასეთი პასუხი გასცა: “შენ ღმერთისაზე კი არ ფიქრობ, არამედ კაცისაზე.“

ყველაფერში, რაშიც გინდა, რომ გამარჯვებას მიაღწიო, მოგიწევს ჯვარზე ასვლა! მოგიწევს საკუთარი ეგოისტური სურვილების უარყოფა. ყველაფერში, რაშიც გინდა, რომ გამარჯვებას მიაღწიო, მოგიწევს შენი გულის გადასინჯვა უფლის წინაშე, გადამოწმება შენი ფასეულობებისა, არის კი ისინი უფლისთვის მოსაწონი. ხომ არ არის რაიმე ღმერთზე ძვირფასი?!  თუ შენ არ მოუკვდები საკუთარ გულისთქმას უფლის ნების გამო, აღდგომა იმ საკითხში, არ გექნება.

 „თუ უფალი არ აშენებს სახლს, ამაოდ ირჯებიან მისი მშენებლები; თუ უფალი არ იცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი.“  (ფსალმუნი 126:1)

უფალი ამბობს: “რომ ქარისა და წვიმის დროს ერთადერთი შენობა გადარჩება, შენობა, რომელიც კლდეზე აშენდება და ეს კლდე ქრისტეა!” და ეს შენობაც მისი სიტვის მორჩილებით შენდება. წარმატებას, კარიერას, ოჯახსა და ყველაფერს მოუწევს გამოცდა და თუ ქრისტეზე ნაშენები არ იქნება, უსაძირკვლო სახლივით, დროთა განმავლობაში, ჩამოიშლება…

ერთხელ იესოს ხალხმა მეფობა  დაუპირა… ერთადერთი, რის გამოც უფალს არ სურდა თავისი საქმეების გახმაურება იყო ის, რომ მას არ უნდოდა ამქვეყნიური გზებით გამეფება… იქამდე გამეფება, სანამ არ აღასრულებდა მამის ნებას.  “მას არ სურდა მეფობა ხალხისგან!” მას არ სურდა ამქვეყნიური გზებით გამეფება, არამედ უნდოდა, რომ ღმერთს მიეცა მისთვის მეფობა. ამქვეყნიური სურვილები ბევრ რამეს დაგაკარგვინებს, რაც უფალს შენთვის სურდა… გზები, რომელიც სიკვდილზე არ გადის, გზები, რომელიც მოთმინებაზე არ გადის, არც აღდგომაზე გავა!

“ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა, მარტო დარჩება; და თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოიღებს.” (იოანე 12:24)
 
დიდია საზღაური მათთვის, ვინც თავისაზე კი არა, მამისაზე ფიქრობს! რა მარცვალიც დათესა უფალმა, თუ არ მოკვდა, არ გაცოცხლდება! ითესება ხრწნილი და აღდგება უხრწნელი! ითესება დამცირებით და აღდგება დიდებით! ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებაში! ითესება მიწიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული!

თუ ინახავ შენს თავს, თუ უფრთხილდები შენს თავს, თუ გვერდზე გადადე შენი შეცვლის გზები, მაშინ დაკარგავ შენს თავს, ასე წერია! ვინც უფლისთვის დაკარგავს თავის სულს, ის შეიძენს მას! რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენს სიცოცხლეს არ დავზოგავთ უფისათვის, ის მოგვცემს ნამდვილ სიცოცხლეს! არ გადადო შენი შეცვლის გზები, შენი სიკვდილის გზები, არ თქვა, რომ ადრე თუ გვიან შეიცვლები… უფალი მოვა ,როგორც ქურდი, ქურდს კი არასოდეს ელოდებიან… ეს რომ ასე არ ყოფილიყო, უფალი არ გვეტყოდა. სხვა გზა რომ ყოფილიყო, აუცილებლად გვეცოდინებოდა… აღდგომის გზა ტკივილსა და სიკვდილზე გადის! შეგიძლია, არ წახვიდე იერუსალიმში, სადაც გაგშოლტავენ, გაფურთხებენ, დიდების გვირგვინის მაგივრად ეკლისას დაგადგამენ და მოგკლავენ კიდეც, მაგრამ დიდია შენი საზღაური და ესაა ძალა ზუსტად, რომ წახვიდე!  მიწაში ჩავარდნილი თესლი თუ არ მოკვდა, ნაყოფს ვერ გამოიღებს…

ნუ გგონია, რომ თავი დაიძვრინო… ნუ გგონია, რომ ეშმაკს გამოეპარება ის სფერო, რომელშიც მიძღვნილი არ ხარ…

დაივიწყე ყველა გზა, რაც აქამდე არსებობდა შენს გონებაში და სიკვდილზე არ გადიოდა, რადგან არავის შეუძლია, იცხოვროს საკუთარი თავისთვის და ამავდროულად, ღმერთის ნებაში დარჩეს.

არასოდეს მოკვდება კაცი, რომელიც ამბობს: “მე კი არა, ქრისტემ უნდა იცოცხლოს ჩემში!”

“იესომ თქვა: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინ არის, ვინც ჩემი ანდა სახარების გულისთვის მიატოვებს სახლს ან ძმებს, ან დებს, ან მამას, ან დედას, ან ცოლს, ან შვილებს, ან ყანებს, და ასწილად არ მიიღებს ახლა, ამ ჟამს, სახლებს, ძმებს და დებს, დედებს და შვილებს, და ყანებს, ამ დევნასთან ერთად, ხოლო მომავალ საუკუნეში – საუკუნო სიცოცხლეს.'” (მარკოზი   10:29)

ძალას სიკვდილისას აღდგომის იმედი გაძლევს. უნდა იცოდე, რა აღგითქვა უზენაესმა! იმის რწმენა, რომ შეუმჩნეველი არ დარჩება შენი მცდელობა, ყველაფრის ძალას მოგცემს! იესოს რწმენა და ძალა მესამე დღის მოლოდინში იყო! მან იცოდა, რომ კაცის ძე ეტანჯებოდა მამის ნებისთვის, მაგრამ ეს მხოლოდ ორ დღეს და ამის შემდეგ დადგებოდა “მესამე დღე”!

იესომ პირველმა დაამტკიცა, რომ ღირს მამისათვის ერთგულება!

“ვისაც წილი არ ექნება მის სიკვდილში, არც მის აღდგომაში ექნება წილი!

წადი იერუსალიმში! მოუკვდი საკუთარ თავს, აღასრულე უფლის ნება და გექნება საზღაური როგორც ზეცაში, ისე ქვეყანაზე!

17 სექტემბერი, 2015 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

გამშორდი, უფალო, ვინაიდან ცოდვილი კაცი ვარ

გუჯა ჩაჩანიძე 14 სექტემბერი, 2015
გუჯა ჩაჩანიძე

ერთხელ პეტრე გენესარეთის ტბასთან თევზაობდა, მთელი ღამის შრომის შედეგად ვერაფერი დაიჭირა. ამ დროს უფალი იესო ქრისტე, რომელსაც ღვთის სიტყვის მოსასმენად ხალხის ბრბო აწყდებოდა, ავიდა სიმონ-პეტრეს ნავზე და სთხოვა, ნაპირს ცოტა მოშორებოდა, რათა ხალხს მისი დანახვა და მოსმენა შესძლებოდა. პეტრემ უყოყმანოდ შეასრულა მისი თხოვნა. როდესაც უფალმა ქადაგება დაასრულა, უთხრა სიმონ-პეტრეს, ღრმად შეცურებულიყო წყალში და ბადეები მოესროლა თევზის დასაჭერად. პეტრემ, რომელიც გამოცდილი მეთევზე იყო, უთხრა: „მოძღვარო, მთელი ღამე ვითევზავეთ და ვერაფერი დავიჭირეთ.“ გულში, ალბათ, ფიქრობდა კიდეც, რომ აზრიც არ ჰქონდა ამის გაკეთებას, მაგრამ ერწმუნა მოძღვრის სიტყვებს და უთხრა: „მაგრამ იყოს შენი სიტყვისამებრ.“

როდესაც პეტრემ ბადე მოისროლა და იმდენი თევზი დაიჭირა, რომ ბადეები ეხეოდათ, საოცარი რამ მოუვიდა; ალბათ, ბევრი ჩვენგანი ძალიან გაიხარებდა და დიდ მადლობას გადაუხდიდა მრჩეველს, მაგრამ პეტრე სულ სხვა გრძნობამ მოიცვა, იგი საკუთარმა უწმინდურებამ შეაწუხა. (ეს რომ დაინახა სიმონ-პეტრემ, დაეცა იესოს მუხლებთან და უთხრა: „გამშორდი, უფალო, ვინაიდან ცოდვილი კაცი ვარ.” რადგან შიშმა შეიპყრო იგი და ყველა მასთან მყოფი იმ თევზის ჭერის გამო, მათ რომ დაიჭირეს).

ასეა, როდესაც ჩვენ, ცოდვილი ადამიანები, უფლის მრავალმოწყალე სასწაულის მომსწრენი ვხდებით და როდესაც უფალი მოქმედებას იწყებს ჩვენი დანაშაულებების მიუხედავად, ჩვენ ვხვდებით, რომ მისი მოწყალება სამყაროზე დიდია და როცა მისი მადლი ჩვენს ბნელ ცხოვრებას გაანათებს თავისი სასწაულებრივი მოქმედებებით, ჩვენ ჩვენს ცოდვებს და დანაშაულს ვხედავთ და ეს ყველაფერი გვიბიძგებს მონანიებისკენ. ამ დროს ღმერთის კურთხევა ორმაგია. ხელში გვრჩება მისი სასწაული და მოსანანიებლად შემობრუნებული ჩვენი აზროვნება და გული.

საოცარია უფალი.

14 სექტემბერი, 2015 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

დაბრუნდი! შენ გელოდებიან!

ნატალია ჩიქოვანი 28 ივლისი, 2015
ნატალია ჩიქოვანი

სირთულენი, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში იჭრება, ხშირად ჩვენი გამარჯვების საფუძველი და არანაკლებ ხშირად, ჩვენი დაცემის მიზეზი ხდება… როგორ იქცევიან ადამიანები, როცა შეცდომას უშვებენ? ალბათ, ლოგიკური იქნებოდა გვეთქვა, რომ ისინი შეცდომის გამოსწორებას ცდილობენ, მაგრამ, ყველაზე ხშირად, ისინი უბრალოდ მიდიან… მიდიან, რადგან გაცილებით ადვილია წახვიდე, კარი გაიჯახუნო და თვითშეცოდების გრძნობით, მთელ სამყაროზე განაწყენებულმა იცხოვრო, ვიდრე დარჩე და იბრძოლო. დარჩენა ნიშნავს შეცდომის აღიარებას და სინამდვილისათვის თვალის გასწორებას; დარჩენა გულისხმობს მეობაზე გადაბიჯებას; დარჩენა ნიშნავს შედეგებზე პასუხისმგებლობის აღებას. ადამიანები, რომლებიც მიდიან, უბრალოდ სინამდვილეს გაურბიან. ადვილია წახვიდე, რადგან ეს სისუსტეა, სისუსტე კი არასოდეს არის რთული. რთულია, იყო ძლიერი და გვერდზე გასწიო საკუთარი სურვილები, მოიქცე ისე, როგორც საჭიროა და არა ისე, როგორც გინდა.

ხშირად ადამიანები გარბიან ღმერთისგან, სწორედ ისევე, როგორც ადამი გაურბოდა მას შეცოდების შემდეგ. გარბიან, რადგან სიბნელე გარბის სინათლის თანდასწრების დროს და როცა ჩვენ ვცოდავთ, შეუძლებელი ხდება ღმერთთან მოზიარეობა.

რამდენ ჩვენგანს უთქვამს: „უფალო, არასდროს მიგატოვებ!“ პეტრეც ამას ჰპირდებოდა იესოს და სწორედ იმავე დღეს, მამლის ყივილამდე სამჯერ უარყო იგი. იუდაც ჭამდა მისი ჯამიდან და ოცდაათ ვერცხლად გაყიდა ის. ორივემ შესცოდა, ორივემ დატოვა ღმერთი, ორივე გაიქცა…

რას გრძნობს ადამიანი, რომელიც შეცდომას უშვებს, მით უმეტეს მსახური, რომელსაც აქვს ავტორიტეტი და ძალაუფლება? ყველაზე ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ წასვლით უშველიან სირცხვილს, ჩრდილში ყოფნით დაავიწყებენ საზოგადოებას თავს და ჯერ ქვის სასროლ მანძილზე შორდებიან ღმერთს, მერე უარყოფენ და ბოლოს უცხო ცეცხლთან თბებიან.

ადამიანებს ახსოვთ, რომ ღმერთი მჭამელი ცეცხლია, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ის მოწყალეცაა. პეტრეც და იუდაც, ორივე განიცდიდა მომხდარს, თუმცა მხოლოდ პეტრემ შეძლო, მორეოდა სიამაყეს და ბევრი ადამიანისათვის კურთხევა გამხდარიყო. ჩვეულებისამებრ, უკან, დაცემის ადგილას დაბრუნებაში ხელს გვიშლის განწყობა: „ეს მე არ უნდა დამმართნოდა“, რაც სიამაყიდან გამომდინარეობს. მერე იწყება გადაბრალებათა მთელი ციკლი კონკრეტულ და აბსტრაქტულ მიზეზთა შესახებ. ვერ ვხვდებით, რომ სინამდვილეში ტრაგედია ის კი არ არის, რაც მოხდა, არამედ ჩვენი შინაგანი მდგომარეობა, რომელიც საშუალებას არ გვაძლევს, უბრალო გულითა და თავმდაბლობით ვითხოვოთ პატიება და გზა განვაგრძოთ.

არსებობს დიდი ტყუილი, რომელსაც უამრავი ადამიანი იჯერებს. ტყუილი, რომელიც გარწმუნებს, რომ ღმერთს აღარ სჭირდები მას შემდეგ, რაც დაეცი.
არსებობს ტკივილი, რომელიც გეუბნება, რომ არ აპირებს გაქრობას და გაიძულებს ფარდაჩამოფარებულ ოთახში იცხოვრო.

არსებობს თვითშეცოდება, რომელიც გაჯერებს, რომ უბედური და საცოდავი ხარ, რომ არავის ესმის შენი.
არსებობს მარტოობა, რომელიც გკარნახობს, რომ არავის სჭირდები ამქვეყნად.
არსებობს სასოწარკვეთა, რომელიც გარწმუნებს, რომ ცხოვრება დამთავრდა!…
ღმერთი გეუბნება დღეს, რომ არ ხარ მარტო, არ ხარ საცოდავი, რომ გაქვს მომავალი და იმედი!

მნიშვნელობა არ აქვს, რა მოხდა, როგორ დაეცი ან რამდენი ხანი გავიდა… შენ უნიკალური ხარ და შენს ადგილს ვერავინ დაიკავებს, ღმერთს უყვარხარ და სჭირდები. მთელი ზეცა გელოდება… უარი თქვი სისუსტეზე, რადგან ღმერთს არ შეუქმნიხარ სუსტი, მან ძლიერება ჩადო შენში.

მტკივნეულია დაბრუნება; მტკივნეულია, გადალახო აზრი იმის შესახებ, თუ „რას იფიქრებს ხალხი“; მტკივნეულია, დაიწყო თავიდან… მაგრამ სწორედ ტკივილი გვაძლიერებს. უბრალოდ გადაწყვიტე, რომ იყო ძლიერი!
დაბრუნდი! შენ გელოდებიან!…

ნატალია ჩიქოვანი

28 ივლისი, 2015 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ტანჯვის ქუჩა

ნატალია ჩიქოვანი 30 ივნისი, 2015
ნატალია ჩიქოვანი

დახეტიალებ იქ, იმ ქუჩაზე, აბრაზე რომ „მოგონება“ აწერია და ძველი კინოს გაცრეცილი კადრივით გახსოვს, როგორ აუარე გვერდი ტანჯვის ქუჩას… რა უდარდელი ღიმილით, თავაწეული მიაბიჯებდი მხრებზე მოცმული სიყალბის მანტიით და როგორ გემსუბუქებოდა დედამიწა… მერე იყო გრძელი გზა დაძონძილი სიმართლით, ბუნდოვანი რწმენით, დამსხვრეული ოცნებით, ეკლიანი ეჭვებით… გზა მოჩვენებითი თავისუფლებით და სულში ბორკილებდადებული ჭეშმარიტებით; გზა ხელში მირაჟივით ჩამომდნარი ბედნიერებით და დიდი ტკივილით სულის ფარდაჩამოფარებულ სიღრმეში…

ბევრი იარე, წლები გასულა და აი, კვლავ დაბრუნდი… დგახარ ტანჯვის ქუჩის შესასვლელთან და ახლაღა აცნობიერებ, რომ ყველა სხვა გზას წრეზე მიჰყავხარ…

აკანკალებული ხელით საყრდენს ეძებ და იქვე ხის ხავსმოდებულ ძელზე ჯდები, დამჭკნარი ხელებით იფარავ ცრემლიან თვალებს და უცებ გახსენდება, რომ ოდესღაც აქ ჯვარი დატოვე… გახსენდება, რა მსუბუქად და უდარდელად მოგქონდა მხრებით ძვირფასი ტვირთი, მერე როგორ დამძიმდა თანდათანობით და… აი, ახლა ზიხარ, წლების წინ შენ მიერ მიტოვებულ ხავსმოდებულ ჯვართან და ტირი…

და გადაწყვიტე, რომ უნდა გაიარო! მტვერსა და ნაცარში უნდა ჩაიცვა სინანულის ძაძები… რომ აღარ უნდა დანებდე!.. „მე შევძლებ!“ – ამბობ ხმადაბლა და თითქოს გრძნობები დაგცინიან შინაგანში, მაგრამ შენ იცი, რომ ეს რწმენის სიტყვებია… შენ იცი, რომ სანამ ცოცხალი ხარ, სანამ სუნთქავ, სანამ არსებობ, არის შანსი; იცი, რომ ზეცაში ვერაფერს შეცვლი, რადგან იქ მხოლოდ შედეგებია… იცი და მტკიცედ მიიწევ ეკლიან გზაზე, მძიმეა ჯვარი… და გტკივა… ძალიან გტკივა.

ცრემლები ღვარად მოდიან ტკივილისგან გაყინულ სახეზე და მაინც, რაღაცნაირად ბედნიერი ხარ… იცი, რომ მან პირველმა გაიარა „ვია დოლოროსას“ ქუჩა; იცი, რომ მის ნაკვალევს მიჰყვები და ისიც იცი, რომ იმად, სადაც ეს გზა მიგიყვანს, ღირს ტანჯვა.

მიდიხარ ჯიუტად… ქარში, წვიმაში, თავსხმაში, ღვარცოფში, დარსა თუ ავდარში… ეცემი და დგები… ზოგჯერ მიხოხავ კიდეც, მაგრამ წინ მიდიხარ…

დაე, იარე… იარე მტკიცედ, შეუპოვრად და უკანმოუხედავად. უყურე მიზანს და არასდროს დანებდე. ზურგს უკან ყველა ხიდი დამწვარია, გამორიცხულია ნებისმიერი კომპრომისი და მოკლე, მოვლითი გზები. შენ ქრისტეს მეომარი ხარ! ნამდვილი მეომრები კი არასდროს ნებდებიან….

არასოდეს დანებდე – ეს ნიშნავს სრულ უიმედობაში, იმედის მიღმა იმედით ერწმუნო ღმერთს; ეს ნიშნავს ფეხზე წამოდგე, როცა დაცემათა რიცხვი ირონიულად გეუბნება, რომ არაფერი გამოგივა… დაე, იარე…

P.S. „გიხაროდეთ, როგორც ქრისტეს ტანჯვათა მოზიარეებს, რათა მისი დიდების გამოცხადებისას თქვენც იხაროთ და იმხიარულოთ“ (1 პეტრე 4:13).

„რადგან ჩვენი მსუბუქი და ხანმოკლე ტანჯვა დიდ და გარდამეტებულ საუკუნო დიდებას გვიმზადებს“ (2 კორ. 4:17).

„რადგან როგორც ქრისტეს ტანჯვანი მრავლობს ჩვენში, ასევე მრავლობს ჩვენი ნუგეშისცემა ქრისტეს მიერ“ (2 კორ. 1:5).

30 ივნისი, 2015 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

მამა, მე მოვედი…

ნატალია ჩიქოვანი 19 ივნისი, 2015
ნატალია ჩიქოვანი

მე მოვდიოდი… და გზა უსაშველოდ გრძელი იყო, უჩვეულოდ დამღლელი, დასასრული არ უჩანდა განშორების ბილიკებს და ეჭვების ეკალ-ბარდებს. მოვდიოდი დარცხვენილი, თავჩაქინდრული, წელში მოხრილი, თუმცა მთავარი მაინც ის იყო, რომ მოვდიოდი… მაგრამ ამას მოსვლაც არ ჰქვია, ალბათ, უფრო მოვხოხავდი, რადგან დგომაც არ შემეძლო… ზუსტად არ ვიცოდი, რის იმედი მქონდა, მაგრამ ვიცოდი, მე სახლში ვბრუნდებოდი… მამასთან! უკან მომძახოდა მთელი ჯოჯოხეთი, დემონების ხარხარი სწვდებოდა ჩემს სმენას და როცა ძალაგამოლეული დანებებას გადავწყვეტდი, მახსენდებოდა, რომ მე ვბრუნდებოდი სახლში… მამასთან და ხოხვას განვაგრძობდი.

მზე მცხუნვარე იყო და ვგრძნობდი, როგორ მწყუროდა სიცოცხლის წყალი. მუხლებს მიწვავდა ცხელი მიწა და სიკვდილის სუნი სხეულში მქონდა გამჯდარი, თვალებში მხოლოდ მისი აჩრდილი მედგა და ვერაფერს ვხედავდი, გარდა წყვდიადისა… მაგრამ იქ, გულის სიღრმეში, მე ვიცოდი, რომ სახლში ვბრუნდებოდი, მამასთან!… და გზა გრძელდებოდა…

და როცა უსასრულო გზის დასასრულს მივაღწიე, როცა უკანასკნელი ძალაც გამომელია, როცა სიცოცხლე და სიკვდილი მჭიდროდ გადაიხლართა ერთმანეთში… მე მოვედი… თუმცა ამას მოსვლაც არ ჰქვია… მუხლებზე ვიყავი დაცემული შენ წინ და მეშინოდა თავის აწევის, მეშინოდა შენი თვალების დანახვის. არ ვიცოდი, რა დამხვდებოდა იქ: რისხვა, წყრომა თუ ტკივილი, ჩემი წასვლით გამოწვეული… არ ვიცოდი, გაშლიდი თუ არა მკლავებს ჩემ შესაგებებლად… არ ვიცოდი, კვლავაც მოგინდებოდა თუ არა ჩემი გულში ჩაკვრა… ქვეყნიერების ტალახით დასვრილი სამოსით ვიდექი შენ წინ, ერთ დროს საზეიმოდ რომ მისახსოვრე და მისი სითეთრე მაოცებდა… ახლა მისი ნაგლეჯებიღა მიფარავდა სხეულს…

და მე ვიგრძენი ცხელი წვეთები ჩემს ხელებზე… შენ ტიროდი და ისე მაგრად მიკრავდი გულში, როგორც არასდროს… შენ გიყვარდი, ჩემი უარყოფის მიუხედავად გიყვარდი… და ყველაზე დიდი ტკივილიცა და სიხარულიც ის იყო, რომ მივხვდი – მელოდი, მელოდი ყოველ წამს ჩემი წასვლის შემდეგ, რომ შენი თვალები, მთელი ეს დრო, გზას გასცქეროდა; მელოდი უძრავად იმ ადგილას, სადაც დაგტოვე… ვგრძნობდი, როგორ გარემომიცავდა შენი სიყვარული, როგორ ფარავდა ჩემს ცოდვებს იესოს სისხლი და ვგრძნობდი, როგორ ხარობდა ზეცა შენთან ერთად…

მე მოვედი, მამა! სახლში დავბრუნდი!..

P.S. არასდროს დაკარგოთ ღმერთთან მისვლის გაბედულება, გახსოვდეთ, რომ ის მოწყალე მამაა.

19 ივნისი, 2015 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    ბარაბას ადგილზე რომ ვყოფილიყავით…

    14 აპრილი, 2023
  • 2

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 3

    პატიება

    5 დეკემბერი, 2015
  • 4

    ჩემი ტკბილი უფალი

    17 ოქტომბერი, 2019
  • 5

    მოიშორე მწუხარება შენი გულიდან

    4 ივლისი, 2022


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ