ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

ღმერთი სიყვარულია

ნატალია ჩიქოვანი 24 მარტი, 2016
ნატალია ჩიქოვანი

სიყვარულის გარეშე ქრისტიანობა პრინციპების გროვად გადაიქცევა, ქცევათა მკაცრად განსაზღვრულ კოდექსად, ის ერთგვარი ეტიკეტი იქნება და მეტი არაფერი. ცდება ის ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ სიყვარული ერთ-ერთი მცნებაა. სიყვარული ახალი აღთქმის არსია, მასზე დგას რწმენა, როგორც იესო გვასწავლის, მასზე კიდია რჯული და წინასწარმეტყველნი, მისითაა გაჯერებული სახარება, ანუ სასიხარულო ამბავი. უნდა გიყვარდეს დაღუპვის გზაზე მდგომი ის ადამიანი, ვისაც სახარებას უზიარებ. სახარება სასიხარულო უწყებაა ქრისტეს სიყვარულის შესახებ. შენ ახარებ მათ, ვინც ჯერ კიდევ არ იცის იმის შესახებ, რომ ისე შეიყვარა ღმერთმა თითოეული ჩვენგანი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე…

ძველ აღთქმაში, ადამიანსა და ღმერთს შორის ჩატეხილი ხიდის გამო, ურთიერთობა უფალთან საჭიროებდა შუამდგომლობას, რისთვისაც შემოქმედი წინასწარმეტყველებს იყენებდა. სიყვარული ვერ მკვიდრობს იქ, სადაც არ არის უშუალო ურთიერთობა, ამიტომ იყო, რომ ებრაელ ერს ღვთის შიში უფრო ჰქონდა, ვიდრე სიყვარული. წარმოიდგინეთ, უდაბნოში, სინაის მთასთან დაბანაკებული ხალხი, რომელიც ღვთის ყოველი მოახლოებისას ხედავდა აკვამლებულ მთას, ესმოდა გრუხუნი და ფეხქვეშ მიწა ერყეოდა…

ადამიანის მიერ უარყოფილი და დანგრეული ურთიერთობის აღდგენა ისევ ღმერთმა გადაწყვიტა და ამჯერად, არა მარტო ებრაელ ერს, არამედ მთელ კაცობრიობას დაუდო ახალი აღთქმა, სიყვარულის აღთქმა. ახალი აღთქმის ეპოქაში ღმერთი აცხადებს თავის არსს: „ღმერთი სიყვარულია!“ (1იოანე 4:8). აქ საუბარია არა შემოქმედის ერთ-ერთ თვისებაზე, არამედ მის არსზე, ის მოსიყვარულე კი არ არის, არამედ თავად არის სიყვარული.

ჩვენ ვხედავთ არა ღმერთს, რომელიც მოდის დასასჯელად, არამედ მამას, რომელსაც სურს შერიგება: „რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არც ერთი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16).

ღმერთის სიყვარულის მტკიცება ჩვენდამი იესო ქრისტეა, რომელშიც მოგვეცა ყოველივე, რომლითაც იძვრის ყოველი არსება და რომლითაც დგას ყოველივე: „მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი ამტკიცებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით.“ (რომაელთა 5:8)

მაშინ, როცა იესოს ფარისეველი ეკითხება იმის შესახებ, რომელია რჯულში ყველაზე დიდი მცნება, იგი პასუხობს: „შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.“ (მათე 22:37), ხოლო მეორე ამის მსგავსი: „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.“

1 იოანე 4:7 „საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან ღვთისგანაა სიყვარული. ხოლო ყოველი, ვისაც უყვარს, ღვთისგან არის შობილი და იცნობს ღმერთს.“

1 პეტრე 4:8 „უპირველეს ყოვლისა კი, იქონიეთ გულითადი სიყვარული ერთმანეთისადმი, რადგან ცოდვათა სიმრავლეს სიყვარული ფარავს.“

იოანე 13:34-35 „ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ.“

სახარებაში იესო ქრისტეც და მოციქულებიც ბევრს საუბრობენ სიყვარულის შესახებ. გვასწავლიან, რომ არავისი არაფერი დაგვედოს ვალად, გარდა სიყვარულისა, რომელიც რჯულის აღსრულებაა. ჩვენ ერთმანეთის „ვალი“ გვაქვს და ეს სიყვარულია, რადგან უფალს არ მოუცია უსიყვარულობის უფლება. ის არის ღმერთი, რომელიც გვასწავლის, რომ უნდა გვიყვარდეს ჩვენი მტრები და სიკეთე უნდა გავუკეთოთ ჩვენს მაწყევრებს და თუ მტრები უნდა გვიყვარდეს, მით უმეტეს, ახლობლები და ნათესავები, რადგან უფალი ამბობს, რომ ვინც თავის ახლობლებზე არ ზრუნავს, განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია… პავლე, რომელმაც შეასრულა ყველა დროის უდიდესი მისიონერული პროგრამა, რაც კი ოდესმე ვინმეს შეუსრულებია, ამბობს:

1 კორინთელთა 13:1-3 „თუ მე ადამიანთა და ანგელოზთა ენებით ვლაპარაკობ, ხოლო სიყვარული არა მაქვს, მაშინ ჟღარუნა რვალი ვარ ან ჩხარუნა წინწილა. წინასწარმეტყველებაც რომ მქონდეს, ყოველი საიდუმლო და მთელი ცოდნაც რომ ვუწყოდე, სრული რწმენაც რომ მქონდეს, ისეთი, მთების გადაადგილება რომ შემეძლოს, ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნებოდი. მთელი ჩემი ქონება რომ დავარიგო და ჩემი სხეული დასაწვავად გავწირო, ხოლო სიყვარული არ მქონდეს, არაფრად ვევარგები.“

ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ გვიყვარდეს ერთმანეთი:

ეფესელთა 4:2  „მთელი თავმდაბლობით, სიმშვიდითა და სულგრძელობით შეიწყნარეთ ერთმანეთი სიყვარულში.“

1 იოანეს 4:18 „სიყვარულში არ არის შიში, არამედ სრულყოფილი სიყვარული სდევნის შიშს, ვინაიდან შიში ტანჯვაა, ხოლო მშიშარა არ არის სიყვარულში სრულყოფილი.“

1 კორინთელთა 13:13 „ახლა კი რჩება რწმენა, სასოება, სიყვარული – ეს სამი. მათგან უდიდესი კი სიყვარულია.“

სიყვარული რწმენაზე დიდია, სიყვარული იმედზე დიდია! შეუძლებელია გიყვარდეს და არ გწამდეს, შეუძლებელია გიყვარდეს და იმედი არ გქონდეს… ბავშვი, რომელსაც მამა ჰაერში ისვრის, კისკისებს, რადგან უყვარს, რადგან სჯერა, რადგან ენდობა და იცის, ის ძირს არ დაანარცხებს… ჩვენ გვიყვარს კი ასე ერთმანეთი?! სწორედ ამიტომაა, რომ არ გვჯერა ერთმანეთის, არც ვენდობით, არამედ ვკიცხავთ კიდეც, ვასამართლებთ კიდეც… გვგონია, რომ სიძულვილი განყენებული ცნებაა და აუცილებლად რაღაც საშინელს მოიცავს თავის თავში. არა! სიძულვილი უბრალოდ სიყვარულის არარსებობაა, ზუსტად ისე, როგორ ფიზიკაში არ არსებობს ყინვა, ყინვა, ფიზიკის კანონების მიხედვით, სითბოს არარსებობაა და იგი თავისთავად საერთოდ არ არსებობს. ასევე სიბნელე, სიბნელე სინათლის უქონლობაა, სინამდვილეში თავისთავად სიბნელე არ არსებობს! სიძულვილიც ასეა. ის უბრალოდ სიყვარულის არარსებობაა და თავს ნუ მოვიტყუებთ, თუ არ გვიყვარს, ე.ი. გვძულს! ე.ი. არ გვჯერა! ე.ი. არ ვენდობით! ე.ი. ადვილად განვიკითხავთ!

იგავნი 10:12 „სიძულვილი განხეთქილებას აღვივებს, სიყვარული კი ყველა ცოდვას ფარავს.“

მრავალჯერ არის ნახსენები, რომ სიყვარული ფარავს ცოდვათა სიმრავლეს. ჩვენს „ინტერესებშია“ შევიყვაროთ, რადგან უცოდველი არავინაა, რადგან რასაც თესავ, იმასვე იმკი! რადგან კანონების შესრულებით კი არა, სიყვარულით სრულდება რჯული! რადგან იმისთვის მოევლინე, რომ გყვარებოდა ღმერთი და ადამიანები! რადგან უფალი სიყვარულია!

ღმერთის სიყვარული ადამიანების სიყვარულში ვლინდება, ვინაიდან ვერ შეიყვარებ უხილავ ღმერთს, თუ არ გიყვარს შენ გვერდით მდგომი; თუ არ შეგიძლია მეგობარს უერთგულო, ვერ შეძლებ, ერთგულად ემსახურო ღმერთს, რომელიც ზეცაშია და არავის უხილავს.

იოანეს 15:13 „იმაზე დიდი სიყვარული არავის აქვს, როცა ვინმე თავს სწირავს თავისი მეგობრებისთვის.“

უფალი ამბობს: შეიყვარე! ანუ ჩვენ გენეტიკურად არ დაგვყვება სიყვარული დედის მუცლიდან, ჩვენ ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა წარმოვაჩინოთ სიყვარული ჩვენს რწმენაში! ვისაც იცნობ, ვისთანაც ურთიერთობა გაქვს, ის გიყვარს კიდეც. ჩვენ ხშირად არ ვეძებთ ღმერთს და არ ვიცნობთ მას, მის მამობრივ გულს! ამიტომაც არ გვიყვარს ის. შეხედე შენ გვერდით მდგომს და დაინახე უფალი მასში, რადგან მან თავის ხატად შეგვქმნა. შეიყვარე შენი გვერდით მყოფი და უფალსაც შეიყვარებ, რომელიც თითოეულ ჩვენგანში ვლინდება. ის აღარ მოდის გრუხუნით სინაის მთაზე, არამედ მკვიდრობს ჩვენში, დადის ჩვენში, ჩვენ ვართ მისი ტაძრები და თუ ერთი ადამიანი მაინც არ გიყვარს და არ ხარ კაცთმოყვარე, ე.ი. არ გიყვარს ღმერთი, რომელიც მასში მკვიდრობს!

ჩვენ თუ შევიყვარებთ უფალს და ჩვენ გვერდით მყოფთ, თავისთავად დავიცავთ მცნებებს და არ დაგვჭირდება დიდი ძალისხმევა მათ შესასრულებლად, რადგან 1 კორინთელთა 13:4-8 ამბობს:
„სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია, არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს, არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს, არ მრისხანებს და არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს. ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის სასოება აქვს და ყოველივეს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება.“

და ბოლოს:
რომაელთა 13:10 „სიყვარული არ უბოროტებს მოყვასს. ამიტომ სიყვარული რჯულის აღსრულებაა.“

24 მარტი, 2016 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

უთხარი მას…

ნატალია ჩიქოვანი 23 მარტი, 2016
ნატალია ჩიქოვანი

წარსული რვეულში შეცდომით ჩაწერილი ამოცანა არაა, ხელის ერთი მოსმით რომ ამოხიო და თავიდან გადაწერო; არც გაბზარული ჭიქაა, ნაგავში რომ გადაუძახო; არც ფოტოზე აღბეჭდილი კადრია, “ფოტოშოპით” რომ დაამუშაო… და სწორედ მაშინ, როცა ყველაფრის თავიდან დაწყებას გადაწყვეტ, ის აუცილებლად მოვა და გეტყვის, რომ შენ ღირსი არ ხარ; მოვა და მოიტანს წარსულის სკივრიდან ამოქექილ ძონძებს და მტვრიან მოგონებებს და შეეცდება დაგაჯეროს, რომ მხოლოდ წარსული გაქვს…

ნუ შეგეშინდება მისი ბრალდებების, თამამად გაჰყევი მას წარსულის ბნელ ლაბირინთებში და თან უფლის სიტყვის ლამპარი გაიყოლე… თავი ასწიე და გაიარე აბლაბუდით მოქსოვილი კედლები, მხრებში გაშლილმა ჩაუარე ხავსმოდებულ საბრალდებო დასკვნების თაროს, უთხარი მას, რომ ღმერთის შვილი ხარ!

…რომ ძვირფასი სისხლით ხარ გამოსყიდული!

უთხარი, რომ გაქვს მომავალი და იმედი!

…რომ უფალი შენი მწყემსია!

უთხარი, რომ წარსული შენი გამოცდილებაა, ის საძირკველია, რომელზეც მომავალს ააშენებ. ნუ გრცხვენია; ნუ ცდილობ, ღრმად დამარხო, პირიქით, გახსოვდეს, რათა ხედავდე უფლის დიდებას მთელი სიცხადით, იამაყე შენი ღმერთით… ვერავინ მოგაყენებს ტკივილს იმით, რითიც ამაყობ; ვერავინ შეგახსენებს იმას, რაც არასდროს გავიწყდება… აქციე წარსული შენს გამოცდილებად, თავი ასწიე, მხრებში გაიშალე და ცხოვრება განაგრძე. წამოდექი ყოველი დაცემის შემდეგ და თავიდან დაიწყე. დაცემათა და ფეხზე წამოდგომათა რიცხვი მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ არ ნებდები…

ის მოვა, მოვა დაუპატიჟებლად მაშინ, როცა არ ელი და გეტყვის, რომ მხოლოდ წარსული გაქვს, თან მოიტანს სკივრიდან ამოქექილ ძონძებს და მტვრიან მოგონებებს…. უთხარი მას, უთხარი, რომ გაქვს მომავალი და იმედი, რომ უფალი შენი მწყემსია!!!

23 მარტი, 2016 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

მე, მე და მე

ნატალია ჩიქოვანი 23 მარტი, 2016
ნატალია ჩიქოვანი

რამდენი სისულელე ჩაგვიდენია საზოგადოებრივი წნეხის (უფრო იმის, რომ გვსურს მიღებულნი ვიყოთ) გამო: გვიყიდია ის, რაც არ მოგვწონს ან სულაც არ გვჭირდება, ჩაგვიცვამს ის, რაც ჩვენს გემოვნებაში არ ჯდება…

მთელი ჩვენი ცხოვრება ხომ გამუდმებული მტკიცებაა იმისა, თუ ვინ ვართ საზოგადოებისთვის და რომ ვიმსახურებთ აპლოდისმენტებს. ისე ვართ გართულნი ამ დაუსრულებელი შეჯიბრებით, რომ ვერც ვხვდებით, როდის ვიწყებთ ნერვიულობას წვრილმანების გამო, როდის ვანიჭებთ ბუზს სპილოსხელა მნიშვნელობას…

დღის განმავლობაში რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად ვიბრძვით და ყველგან პირველობა გვსურს. ვერაფერს ვუხერხებთ სურვილს იმისას, რომ ვიყოთ შეუცვლელნი, ვფლობდეთ საუკეთესოს, მთავარი როლი ჩვენს შვილს ეკუთვნოდეს საახალწლო ზეიმში, ვაცხობდეთ საახლობლოში ყველაზე გემრიელ ხაჭაპურს და ა.შ…

ვერც კი ვხვდებით, ეს ერთი შეხედვით უწყინარი, სტიმულატორი ამბიცია როდის იქცევა ხოლმე პარანოიად, როდის დაახარისხებს ადამიანებს შენნაირებად და დანარჩენ, „ბოლოს მიღმა“ სამყაროდ. ვერც კი აფიქსირებ, როდის სწავლობ ირონიულ ღიმილს და როდის ხდება პატივმოყვარეობა ადამიანურ ფასეულობებზე ღირებული, როდის ხდები სხვათა გულისტკენისა და დამცირების მიზეზი. სინამდვილეში კი ნელ-ნელა ბრმავდები, მხედველობის არიდან ქრებიან ნაკლებად მნიშვნელოვანი ადამიანები და მოვლენები და ბოლოს ისე ვიწროვდება, რომ მხოლოდ პატარა სივრცეს ხედავ საკუთარი ცხვირის მახლობლად. ცდილობ დაიმსგავსო შენ გარშემო არსებული სამყარო და ყველაფერი განსხვავებული შენი კრიტიკის ობიექტი ხდება. წყვეტ სხვების მაგივრად, ოცნებებსაც კი თავად სახავ შენი შვილებისთვის. გამუდმებულ სწრაფვას იმისას, რომ აკონტროლებდე ყველაფერს, მოაქვს დაძაბულობა და ყველაფერთან ერთად გარშემო მყოფებს აყვედრი კიდეც, რომ მათ მაგივრად ფიქრობ. კარგავ წვრილმანებით სიხარულის მიღების უნარს, დაკავებული ხარ სხვების ცხოვრებით, იქექები დეტალებში და ვერც კი ხვდები, რომ საკუთარ ცხოვრებას კარგავ.

გარკვეულ მომენტში აცნობიერებ, რომ ბევრი ენერგია და დრო დაკარგე და თავს იმედგაცრუებულად გრძნობ. ტირი, რადგან არავინ „გიფასებს“. უბედური ხარ და არ იცი, როდის დაიწყო ეს ერთი დიდი, გაუგებარი მიზეზშედეგობრივი კავშირი…

როგორღაც ისე ხდება, რომ ეს „პრაქტიკულად სრულყოფილება“ დაუმსახურებელი ცხოვრებისთვის გაგწირა სამყარომ და რაც უფრო ამუქებ ფერებს გარშემო, მით უფრო მეტ ნერვების მომშლელ მიზეზს აწყდები. მაგალითად, ზიხარ სამარშრუტო ტაქსიში და შუქნიშანზე გაჩერებულ ჯიპს ნაცემი ძაღლის თვალებით უყურებ, გაგვიანდება საძულველ სამსახურში, იმიტომ, რომ ყოველი ფეხის ნაბიჯზე გაჩერებაა და დროის გასაყვანად სოციალურ ქსელში თავჩარგული ახლობლის (შენი გათვლებით არცთუ ისე ჭკვიანის) დაწინაურების ამბავს იგებ… გულებიან კომენტარს მაინც დაწერ, მაგრამ სამარშრუტო ტაქსის კარის მთელი ძალით მიჯახუნების შემდეგ აღმოაჩენ, რომ სამყარო უსამართლოა შენ მიმართ, ხოლო დაგვიანების გამო მოცემული საყვედური უფროსისგან საბოლოოდ გარწმუნებს, რომ ღმერთი ადამიანებს „ახარისხებს“.

მოკლედ, აი, ასე, ჩვენი ეგო, რომელიც თავს სრულყოფილად მიიჩნევს, მზად არის გადააბრალოს ყველაფერი სხვებს (მათ შორის ღმერთსაც), ოღონდ არ დაუშვას ის, რომ დიახ, თავად ეშლება და დიახ, თავად აირჩია ის ცხოვრება, რომელიც აქვს. მაგალითად, თავის დროზე დაგვეზარა ზედმეტი დროის დახარჯვა განათლებისთვის, შესაბამისად, გვაქვს სამსახური, სადაც მიგვიღეს და რომელიც ჩვენ თავად არ აგვირჩევია; გვაქვს ხელფასი, რომელიც არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიაროთ საკუთარი ავტომობილით და პრინციპში, ისეთი არაფერი გაგვიკეთებია, დაწინაურება რომ დაგვემსახურებინა.

მთელი ჩვენი ტანჯვის მიზეზი ისაა, რომ არ გვინდა არსებული მოცემულობის მიღება, სადღაც მაღლა, ვარსკვლავებს ვეთამაშებით და ძვირფასი დრო გაგვყავს გამუდმებულ წუწუნში, რომ მეტს ვიმსახურებთ. ვკარგავთ „აქ და ახლას“ ადეკვატურ შეგრძნებას და შესაბამისად, რეალობის მიუღებლობითა და აღუქმელობით ვერც ვცვლით მას სასიკეთოდ…

ცხოვრება ვინმესთან შეჯიბრება არ არის და არც ეტალონი არსებობს, რომელსაც უნდა გადავუსწროთ; ეს არც სილამაზის კონკურსია, სტანდარტებს რომ ვაკმაყოფილებდეთ. ეს ჩვენი ცხოვრებაა, თითოეული ჩვენგანის, რომლებიც ვიღვწით ღვთის სასუფევლისთვის. თითოეული ჩვენგანი განსხვავებულია, თითოეული ჩვენგანი ღმერთმა უნიკალურად ჩაგვიფიქრა, რაც ნიშნავს, რომ არ არის სხვა, მსგავსი, რაც თავისთავად მშვენიერი და დიდებულია; ჩვენ ვარსებობთ, ე.ი. ღმერთმა საუკუნეთა უწინ იფიქრა ჩვენზე, დაგეგმა ჩვენი მოვლინება და თავისთავად, ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი პიროვნებები ვართ, ყველაზე უზენაესის – ჩვენი ზეციერი მამისათვის… ნუ ცდილობ დაიმსგავსო სამყარო ან თავად დაემსგავსო მას. იყავი ის, როგორ ადამიანადაც ჩაგიფიქრა ღმერთმა. ისწავლე წვრილმანებით ტკბობა; აუხსენი შენს შვილს, რომ მეორეხარისხოვანი როლის თამაშიც შეიძლება ისე, რომ ოსკარი დაიმსახურო; შეხედე პრობლემებს იუმორით და გახსოვდეს, რომ ესეც გაივლის; შეეცადე დაინახო და გასცე მეტი დადებითი მუხტი; გაიღიმე და ისწავლე სამყაროსთან ერთად თანაცხოვრება; ნუ გააფერადებ გარშემო სივრცეს შენი ფერებით; გახსოვდეს, რომ სხვა ფერებიც არსებობს და მათი შერწყმა გაცილებით ლამაზი და საინტერესოა…

23 მარტი, 2016 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ის მეტია, ვიდრე სიცოცხლე…

მარიამ ჩიტაური 11 მარტი, 2016
მარიამ ჩიტაური

ის ცოდნის გასაღებია! სიბრძნის წყაროა! გზაა სიმშვიდის! კარია ხსნის! შეუძლებელია მისი დამარცხება! უსასრულოდ მეფობს! მუდმივად ძლიერია! აბსოლუტურად წრფელია! გასაოცრად მტკიცეა! მის წყალობას საზღვრები არ უდევს! ვერანაირი საზომით ვერ გაზომავ მის უკიდეგანო სიყვარულს! სამყაროს უდიდესი ფენომენია! ყველაზე ამაღლებული იდეაა ფილოსოფიაში! უმთავრესი პირია ლიტერატურაში! ფუნდამენტური დოქტრინაა ჭეშმარიტი თეოლოგიისა! ის ერთადერთი არქიტექტორია, რომელმაც სამყაროს სიზუსტე დააპროექტა! ის ქმნის უნარებს! ის მთავარი კომპოზიტორია ყველა მუსიკის! მას ემორჩილებიან მეფენი: ადამიანთა… მხეცთა…. ფრინველთა! ქარი მას ეკითხება გეგმებს! სამყარო მისი სიტყვით დგას იქამდე, სანამ ის მოისურვებს!

ყველა, ვინც მიხვდება, ვინ არის ის, მისთვის სიკვდილი და მორჩილება პატივად გადაიქცევა! თავის თავისუფლებას მისდამი მსახურებას ამჯობინებს! ის მეტია, ვიდრე ბედნიერება! მეტია, ვიდრე იმედი! მეტია, ვიდრე სიხარული! მეტია, ვიდრე ოჯახი! მეტია, ვიდრე სიყვარული! მეტია, ვიდრე ენერგია! მეტია, ვიდრე სიმდიდრე! მეტია, ვიდრე სახელი და ღირსება! ის მეტია, ვიდრე სიცოცხლე! მეტია, ვიდრე სიამაყე! მეტია, ვიდრე ყველა სურვილი! ის მეტია, ვიდრე მომავლის საწინდარი! მეტია, ვიდრე კარიერა! ის ყველაფერზე მეტია!

უსიცოცხლო და გამშრალი იქნები მის გარეშე… ერთ ადგილზე გაჩერებული… არაფერში გექნება ცოცხალი და ნამდვილი ემოცია! მასთან სიყვარული გეცოდინება, შეძლებ სიკეთეს, გაცემის სიხარულს იგემებ, მის ადგილს ვერაფერი შეგივსებს!

და თუ შენ მას აირჩევ, მიხვდები, რომ თანმიმდევრულად ხდება ყველაფერი! ჯერ ირჩევ მას და ყველაფერი, რაც მისია, შენი გახდება! პირველი იყოს და ყველაზე მთავარი, არაფრად მიიჩნიო სხვა დანარჩენი და ყველაფერს მოგცემს, რაც სიკეთეს არ ეწინააღმდეგება!

11 მარტი, 2016 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

იქ, არც ისე შორს – შენ გვერდით…

ნატალია ჩიქოვანი 8 მარტი, 2016
ნატალია ჩიქოვანი

ყოველ მომდევნო „ხვალეში“, თვალსა და ხელს შუა ყოველდღიურ ქაოსად რომ გადაიქცევა, მაღვიძარასთან ერთად გაღვიძებს მომავალზე ზრუნვა, ხელში აუსრულებელ და ასრულებულ ოცნებათა ნუსხით… მონოტონურად, დაგეგმილად მიდიხარ წინ, იკარგები რაღაცნაირად, სტანდარტულად ერთნაირი დღეების გროვაში. ცდილობ ფეხი აუწყო გიჟურ ტემპს და ვერ იშორებ იმის შიშს, რომ არ ჩამორჩე ცხოვრებას, არ გახდე მეორეხარისხოვანი, არ დაიკარგო ხალხის მასაში… ეს შიში გაიძულებს, გამუდმებით ხედავდე ილუზიურ კვარცხლბეკს და მთელ ენერგიას მასზე დგომისთვის ხარჯავდე… გამოფიტული და გადაღლილი მაინც პოულობ დროს სოციალური ქსელისთვის, „ჭკვიანი“ სტატუსებისთვის, მნიშვნელოვან მოვლენებზე „კომპეტენტური“ აზრის გამოთქმისთვის…

დაიღალე გამუდმებული ვაჭრობით იმასთან, თუ ვინ ხარ და ვის გინდა ხედავდნენ სინამდვილეში შენში. გულის სიღრმეში გაღიზიანებს ყოველი კომპრომისი საკუთარ პრინციპებთან და გრძნობ, არაფერში გჭირდება მთელი ეს „აღიარება“. ხვდები, რომ საგიჟეთი, სახელად ქვეყნიერება, შეუწყნარებელია მათ მიმართ, ვინც ერთხელ მაინც დაიღლება, ვისაც ერთხელ მაინც დაუცდება ფეხი, ვინც თუნდაც ერთი ნაბიჯით ჩამორჩება… გამუდმებული სწრაფვა, პლუსი დაუსვა შენს ოცნებებს იმ უსასრულო ნუსხაში; მთელი ეს წრეზე ტრიალი საკუთარი ეგოს გარშემო, გაიძულებს ხედავდე მხოლოდ იმას, რაც შენ გეხება. ვერ ხვდები, როდის ცივდება ემოციები, როდის კარგავ მგრძნობიარობას, როდის ხდება სამყარო მხოლოდ ის, რაც შენს მზერაში ხვდება….

რაღაც ირეალური ლურჯი ფრინველის ძიებაში კარგავ პატარ–პატარა ბედნიერებათ; უნარს, გიხაროდეს ცხოვრება, თუნდაც იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ გათენდა. ყოველდღიურ ქაოსში გავიწყდება, რომ იქ, არც ისე შორს – შენ გვერდით ცხოვრებაა, არასტანდარტული და არამონოტონური; იქ, არც ისე შორს – შენ გვერდით არიან ადამიანები, რომელთაც სჭირდები და უყვარხარ სწორედ ისეთი, როგორიც ხარ, ყოველგვარი კვარცხლბეკისა და სტატუსის გარეშეც, მაშინაც, როცა ტაშს გიკრავენ და მაშინაც, როცა ქვას გესვრიან… იქ, არც ისე შორს – შენ გვერდით არიან ადამიანები, რომლებსაც შენი დახმარების ხელი სჭირდება, ვისთვისაც შენი ნუგეშის სიტყვა მომავალს შეცვლის; იქ, არც ისე შორს – შენ გვერდით რეალური ცხოვრებაა სიურპრიზებითა და სირთულეებით… ზოგჯერ უბრალოდ უნდა დაივიწყო შენი სტანდარტები, გვერდზე გადადო შენი გეგმები და პასუხი გასცე იმას, რასაც დღეს ცხოვრება გთავაზობს. იქ რეალური ცხოვრებაა, ყოველგვარი “ფოტოშოპის” გარეშე; იქ, არც ისე შორს – შენ გვერდით…

8 მარტი, 2016 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

როცა გტკივა…

ნატალია ჩიქოვანი 8 მარტი, 2016
ნატალია ჩიქოვანი

როცა გტკივა, გგონია, რომ არავის ესმის შენი… როცა გტკივა, ტკივილის მიღმა სხვა არაფრის დანახვა არ გინდა; როცა გტკივა და გარშემო მყოფები გეუბნებიან, რომ „ესეც გაივლის“, სასაცილოდ არ გყოფნის და გული ყელში გებჯინება, ისე გეცოდება საკუთარი თავი…

როცა ტკივილი სულს გიღრღნის, გძულს მთელი სამყარო; უცხონი ხდებიან ადამიანები; რჩევები მტრულ ნოტაზე ჟღერენ, გამხნევება კი მოვალეობის მოხდად მიგაჩნია…

როცა გტკივა, უსაშველობამდე ცივი, შეუვალი და ჯიუტი ხდები; მკვიდრად ნაგები კედელივით წინ უდგები ყოველგვარ იმედს და რაღაც მაზოხისტურ სიამოვნებას განიცდი იმის წარმოდგენით, რომ დიახაც, არაფერიც არ შეიცვლება უკეთესობისკენ. თითქოს საკუთარი უბედურების მოსალოდნელი პროგნოზით სამაგიეროს უხდიდე მთელ სამყაროს და სადღაც გულის მიუვალ კუნჭულში გატკბობს კიდეც ამის წარმოდგენა… როცა გტკივა, გაბერილი ბუშტივით დახეტიალებ ქარიან ამინდში და ვაი იმ ტოტს, რომელიც შეგეხება. ერთი ამოსუნთქვით დაიცლები, ძველ პრობლემას ახალ კონფლიქტსაც ზედ დაუმატებ და მაინც ვერ გათავსუფლდები სიმძიმისგან…

სინამდვილეში ტკივილი გამარჯვებას გასწავლის, იმდენად ძლიერს გხდის, რომ შეძლო, საკუთარ თავს გადააბიჯო, დაინახო სამყარო საკუთარი ეგოს მიღმაც, აღიქვა, რომ სხვებსაც ასევე სტკივათ… ტკივილი გხდის იმად, ვინც ხარ, ის გაძლევს გამოცდილებას, დაეხმარო სხვებსაც. ტკივილი ის ხიდია, რომლიდანაც შეგიძლია გადახტე და თვითშეცოდების მდინარეში მოიკლა თავი და ის ხიდიცაა, ცხოვრების მორევზე რომ გადახვიდე.

აქციე პრობლემები გამოწვევებად და ყოველთვის გახსოვდეს, რომ ჯერ არც ერთი სირთულე, ტკივილი თუ წნეხი არ ყოფილა ყოვლისშემძლე უფალზე დიდი…

8 მარტი, 2016 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ადამის ძე

ნატალია ჩიქოვანი 8 მარტი, 2016
ნატალია ჩიქოვანი

… და ეძებს ადამის ძე, ოდესღაც რომ ნეკნი დაჰკარგვია და განშტოებული ნაწილის შენივთებას ცდილობს. შენც მაშინ იწყები, როცა ორად გახლეჩილი საწყისი მთლიანობად შეირწყმება და ხდები სასწაულის ნაწილი, რომელსაც მოვლინება ჰქვია… მერე რა, რომ თვითონ სასწაული სასწაულის არსებობაში ეჭვს შეიტან და თვითონ ქმნილება შემოქმედის არარსებობას დაიჯერებ. კართან ჩასაფრებულ ცოდვას კაენივით დანებდები და ღამეულ გულისთქმებთან სარეცელს გაიზიარებ; ცოცხალი ღმერთის უარმყოფელი საკუთარ ღმერთებს გამოძერწავ და საკუთარ წესებს მოიგონებ; სამყაროს საკუთარ სათამაშოდ წარმოიდგენ და ეგოს მისცემ უფლებას, მოკლას აბელი…

„ყოვლისმპყრობელი“ და „მბრძანებელი“, რატომღაც, ხიზანივით დაემალები საკუთარ სინდისს, რომელიც ისე ჩუმად ხმიანობს, რომ მხოლოდ შენ გესმის და მაინც ექოსავით მოიცავს სამყაროს შენ ირგვლივ… შენ კი გარბიხარ, წელში მოხრილი და დაჩიავებული ცოდვის სიმძიმისგან და ეძებ სიბნელეს, საკუთარი სიბნელეც რომ ზედ მიატმასნო. გენებში ფესვმოდებული ცოდვა უფრო მკვიდრად ითხრის საძირკველს შენში და გეჩვენება, რომ მდევარივით მოგდევს სინათლე…

ულმობელი დრო ჭაღარა მოგონებებს როცა ჩამოგათოვს, როცა სიკვდილის ანგელოზი საკუთარი ჩრდილივით დაგიწყებს დევნას, მაშინ შეჩერდები სულის მოსათქმელად სადღაც წარსულისა და სათუო მომავლის გზაგასაყარზე; ხავსიან ქვაზე ჩამომჯდარი თავს ხელებში ჩარგავ და დაგროვილ ტკივილს ცრემლებად იწვიმებ მიწაზე, რომელსაც „მეტანოია“ ჰქვია.

აცნობიერებ, როგორ მიგიყვანა მონობამდე სურვილმა, ყოფილიყავი საკუთარი თავის ბატონი, თავისუფლების ლამაზად მოხატული აბრის მიღმა კი მხოლოდ ტყვეობა გელოდა და აი, ახლა, გვიან, მაგრამ „არასდროს“ რომ სჯობია, ამოხსენი პარადოქსი და ხვდები, რომ უფლის მორჩილებაშია თავისუფლების მთელი საიდუმლოება.

ცხოვრების სიმძიმისგან დაკოჟრილი ხელებით ცრემლებს იწმენდ და აღარ გარბიხარ; ზიხარ მრავალნაიარევ კვერთხს დაყრდნობილი, საკუთარ შეცდომებზე გაწვრთნილი ალღოთი სამყაროს შარაგზაზე და უყურებ, როგორ ეძებს ადამის ძე, ოდესღაც რომ ნეკნი დაჰკარგვია და განშტოებული ნაწილის შენივთებას ცდილობს…

8 მარტი, 2016 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

მაშინ, როდესაც კითხვები რჩება

დაჩი პაპაშვილი 4 თებერვალი, 2016
დაჩი პაპაშვილი

2014 წლის 31 ოქტომბერს ექსპერიმენტული კოსმოსური ხომალდი მწყობრიდან გამოვიდა და მოჰავეს უდაბნოში ჩამოვარდა. დამხმარე მფრინავი დაიღუპა, თუმცა მთავარი მფრინავი სასწაულებრივად გადარჩა. გამომძიებლებმა მალე დაადგინეს მომხდარი, მაგრამ მიზეზს ვერ მიაგნეს. საგაზეთო სტატიის სახელწოდება იწყებოდა შემდეგი სიტყვებით: „კითხვები რჩება“.

ცხოვრებაში ყველა განვიცდით ტკივილს, რომელსაც სათანადოდ ვერ ვხსნით. შეიძლება ეს იყოს დიდი ზიანის მომტანი კატასტროფული მოვლენები, შეიძლება ეს იყოს პირადი ტრაგედია, რომელიც ცვლის ცალკეული ადამიანებისა და ოჯახების ცხოვრებას. ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, რატომ ხდება ასე, მაგრამ ხშირად ეს უფრო მეტია, ვიდრე კითხვები. მაშინ, როცა გვტანჯავს შეკითხვა: „რატომ“, ღმერთი არ წყვეტს თავის უსაზღვრო სიყვარულს ჩვენდამი.

მაშინ, როცა იობმა ერთ დღეში დაკარგა შვილები და სიმდიდრე (იობი 1:13-19), იგი ბრაზმა მოიცვა, სასოწარკვეთილებამ შეიპყრო და ეწინააღმდეგებოდა თავის მეგობრებს, როცა ისინი ცდილობდნენ მისთვის მიზეზების ახსნას, თუმცა იგი ეჭიდებოდა იმ იმედს, რომ ერთ დღესაც უფალი თავად გასცემდა მას პასუხს. სიბნელის დროსაც კი იობს შეეძლო ეთქვა: „მაგრამ მან იცის ჩემი გზა-კვალი და როდესაც გამომცდის, ოქროსავით გამოვალ“ (იობი 23:10).

ოსვალდ ჩემბერსმა თქვა: „ერთ დღესაც ღმერთი პირადად შეგეხება და მაშინ ყოველი ცრემლი და გაურკვევლობა, ყველა შევიწროება და დარდი, ყველა ტანჯვა, ტკივილი და უსამართლობა სრულყოფილად და ყოვლისმომცველად განიმარტება.“

პასუხგაუცემელი შეკითხვების მიუხედავად, ჩვენ შეგვიძლია შველა და იმედი ღმერთის სიყვარულსა და აღთქმებში ვპოვოთ.

4 თებერვალი, 2016 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

პატიება

გიორგი ფიროსმანაშვილი 5 დეკემბერი, 2015
გიორგი ფიროსმანაშვილი

პატიება არის გადაწყვეტილება, დაივიწყო ყოველგვარი ცუდი, რაც შენ მიმართ ჩაუდენიათ. და ამავე დროს არ უნდა გინდოდეს მასზე შურისძიება ან რაიმე ცუდი. შენ მის მიმართ გული თავისუფალი უნდა გქონდეს და არ იყო ნაწყენი და დაბოღმილი.

პატიება არის ცალმხრივი და უპირობო.

ცალმხრივი ნიშნავს, რომ შენ პირადად შენს შინაგანში უნდა აპატიო და არ დაელოდო მის მობოდიშებას და არ უნდა თქვა:

„ბოდიში მომიხადოს და მერე ვაპატიებ.“ ან: „არ დაუმსახურებია და არ ვაპატიებ.“

უპირობო ნიშნავს, რომ არანაირი პირობა არ არის საჭირო იმისთვის, რომ აპატიო.

საჭირო არ არის, დაიმსახუროს პატიება, რომ ვაპატიოთ.

ვპატიობთ იმიტომ, რომ ეს, უპირველესად, ჩვენი მდგომარეობისთვის არის კეთილი და სასურველი.

იმიტომ, რომ იესომ გვასწავლა „მამაო ჩვენო“-ში ასე ლოცვა:

“მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა”

მათეს სახარება 6:12

სადაც „ვითარცა“ ნიშნავს: „როგორც“.

ანუ ასე ილოცეთო: ისე მოგვიტევე ჩვენი ცოდვები, როგორც ჩვენ მივუტევებთ სხვებს.

პეტრემ ჰკითხა იესოს: „რამდენჯერ უნდა ვაპატიო ჩემს ძმას, შვიდჯერ?“

იესომ უპასუხა: „სამოცდაათგზის შვიდჯერ“ (მათეს სახარება 18:21-22),

ანუ 490-ჯერ.

ახლა წარმოიდგინე, ერთ დღეში ერთმა და იმავე ადამიანმა შესაძლოა 490-ჯერ გაწყენინოს?

მაშინ ყოველ 3 წუთში უნდა გაწყენინოს და ამის შანსი არ არის.

ასე რომ, ამით გვასწავლის – სულ ვპატიობდეთ.

იმიტომ, რომ პატიება – ეს ჩვენთვისაა, ჩვენი სულის კარგი მდგომარეობისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის.

თვით იესომ სიკვდილის წინ თქვა: „აპატიე მამა, რადგან არ იციან, რას სჩადიან.“

წარმოიდგინე, ხალხი, ადამიანები, რომლებიც თვითონ ღმერთმა შექმნა, აგინებენ, აფურთხებენ, სცემენ, აუგს ამბობენ, ცილს სწამებენ და ჯვარზე აკრავენ დამცირებულს, თვით ღმერთს, ცოცხალს და ამდენი რამის შემდეგ იესო ამბობს: აპატიეო, მამა.

ხედავ, რამხელა სიყვარულია?

მან მაშინვე გვაპატია!!! მაშინვე!!! მიუხედავად იმისა, რომ არავინ იმსახურებდა ამას. მიუხედავად იმისა, რომ ღირსი არ იყო არცერთი მათგანი ამის. არც ჩვენ.

მაგრამ მას ვუყვარვართ და ამხელა მაგალითი დაგვიტოვა პატიების და მიტევების.

და ჩვენ რა უფლება გვაქვს, უპატიებლობაში ვიყოთ?

უპატიებლობით ვერ მივალთ მამასთან.

გული უნდა გაითავისუფლო და იესოს დაუთმო.

და უმთავრესი, რაც არის: პატიება ჩვენთვის რთულია, მაგრამ ამის ძალას თვით იესო გვაძლევს! მის გარეშე არაფერი შეგვიძლია. მის გარეშე არარაობანი ვართ.

ახლა უნდა დადგე ღმერთის წინაშე და ილოცო, რომ ღმერთმა მოგცეს პატიების ძალა.

მაგრამ ასევე, უნდა დაანახვო ღმერთს, რომ შენ მთელი გულით გაქვს გადაწყვეტილი, რომ გინდა აპატიო და აღარ გაუხსენო სხვებს ის, რასაც აპატიებ; რადგან იესო როცა გვპატიობს, ის ივიწყებს ყველაფერს.

ასევე ჩვენც, როცა ვაპატიებთ, უნდა დავივიწყოთ.

ახლა მოქმედებაღა დარჩა.

ილოცე ღმერთის წინაშე!

5 დეკემბერი, 2015 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    ბარაბას ადგილზე რომ ვყოფილიყავით…

    14 აპრილი, 2023
  • 2

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 3

    პატიება

    5 დეკემბერი, 2015
  • 4

    ჩემი ტკბილი უფალი

    17 ოქტომბერი, 2019
  • 5

    მოიშორე მწუხარება შენი გულიდან

    4 ივლისი, 2022


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ