ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

ადექი და აიღე შენი ჯვარი!

ნატალია ჩიქოვანი 9 ივნისი, 2016
ნატალია ჩიქოვანი

ადექი და აიღე შენი ჯვარი… იტვირთე სიმძიმე და მიხვდები, რომ არ დარჩება ადგილი დრტვინვისა და წუხილისთვის… ადექი და აიღე შენი ჯვარი, ხელი გაუშვი სასოწარკვეთას და იმედგაცრუებას, ხელი გაუშვი ყველაფერს, რასაც ბოლო იმედივით ჩაფრენილხარ გახელებით, ხელი გაუშვი სიმწარეს, ტკივილსა და მარტოობას. იტვირთე შენი ჯვარი და ნუ წაეპოტინები მიუწვდომელს.

ადექი და აიღე შენი ჯვარი! ჩამოიფერთხე ქვეყნიერების მტვერი და გარეცხე სამოსელი… გამართე დაშვებული მხრები და ხმას ნუ დაუხშობ დადარაჯებულ სინდისს… იარე წინ და ნუ დატოვებ შენს ჯვარს პირველივე გზაჯვარედინზე. იარე წინ, მიუხედავად ტკივილისა, წვიმისა და ქარისა, სიცხისა და სიცივისა… იარე წინ! და თუ იგრძნობ, რომ ვეღარ მიდიხარ, თუ ჯვრის სიმძიმემ გადაგძალა და მაინც დაეცი, მაშინ იხოხე… ოღონდ გზა განაგრძე… იტირე, მაგრამ ჯვარს ხელი არ გაუშვა, არ დანებდე ტყუილს სიმსუბუქეზე, რადგან არ არსებობს ცოდვაზე დიდი ტვირთი ამქვეყნად…

და თუ სადმე, ცხოვრების უდაბნოში, ქვიშის ქარიშხალი თვალებს მტვრით ამოგივსებს, თუ გზიდან გადაუხვევ და უცხო ცეცხლთან, უცხო ხალხთან ერთად შემორჩები, ნუ ჩამოხვალ საკუთარ თავს ფსონად ცხოვრების კაზინოში… ზეცას ახედე! ის გიჩვენებს უკან დასაბრუნებელ გზას და შობის ვარსკვლავი გაგინათებს ბილიკს სახლისკენ… და თუ უკან დაბრუნებას გადაწყვეტ, გზად უსათუოდ იპოვი მტვერში დაგდებულ ჯვარს… ადექი და აიღე შენი ჯვარი! ეს ერთადერთი გზაა, ზეცაში რომ მიდის…

9 ივნისი, 2016 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ერთიდან შეგვქმნა…

ნატალია ჩიქოვანი 4 მაისი, 2016
ნატალია ჩიქოვანი

…ერთიდან შექმნა ადამიანთა მთელი მოდგმა… წინასწარ დააწესა მათ დასამკვიდრებლად დრონი და საზღვრები, რათა ეძიონ ღმერთი, ვინძლო შეიგრძნონ იგი და იპოვონ, და შორს როდია თითოეული ჩვენგანისაგან… რადგან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ, რადგან მისი მოდგმა ვართ… მაგრამ ღმერთმა დაუშვა უმეცრების ხანა და ახლა აუწყებს ადამიანებს, ყველას ყველგან, რომ მოინანიონ… (საქმ. 17:26–30)

…ერთიდან შეგვქმნა და მოვდივართ სამყაროს დასაბამიდან ერთ, უსასრულო, უწყვეტ ჯაჭვად დროის უძრაობაში. მოდიან ადამის ძენი და უკან ტოვებენ ეპოქებს, იმპერიებს, ომებს… კრიალოსნის მარცვლებივით ითვლიან საუკუნეებს… ვითარდებიან, ქმნიან… და მაინც ადამია მათში… რადგან ერთიდან შეგვქმნა… მივდივართ შორს ედემის ბაღიდან გაფრენილი ისრებივით, უკან ვიტოვებთ ეგვიპტეს, უდაბნოს, ვიხდით მონობის სამოსს და გოდოლის აშენებას ვცდილობთ… ცას გვინდა მივწვდეთ… და გვავიწყდება, რომ ადამია ჩვენში, რადგან ერთიდან შეგვქმნა…

პატარა სათამაშო კაცუნებს ვგავართ, სხვადასხვა ჩინი რომ აქვთ, მაგრამ ყველა ერთი ყალიბით არის ჩამოსხმული… და მაინც მოვდივართ მტკიცედ, თითქოს არ არსებობდეს მჭედელი, რომელმაც გამოგვჭედა… ათასწლეულებს ვახევთ კედელზე ჩამოკიდებულ მარადისობის კალენდარს და ვცდებით საზღვრებს, ვიჭრებით კოსმოსში და ვქმნით… ვქმნით მომავალს, სადაც აღარ არის ადგილი შემოქმედისთვის…

მოდიან ადამის ძენი ამაყად, თითქოს მათ შექმნეს ყველაფერი, რასაც ხედავენ… მოდიან და ქმნიან, ფლობენ, აგროვებენ, აშენებენ, ყიდულობენ, ავსებენ… და მაინც სიცარიელეა მათ გულებში, რადგან ერთიდან შეგვქმნა…

ეძებენ ადამიანები სიმშვიდეს, რომელსაც ვერ ყიდულობენ… ბედნიერებას და სიხარულს, რომელიც არ მოაქვს ფლობას… ეძებენ ადამის ძენი ხანგრძლივ სიცოცხლეს და არ იციან, რომ არსებობს “უკვდავების წამალი”, ეძებენ, რადგან მარადისობა ჩადო მათ გულებში მან, ვინც ერთიდან შეგვქმნა… მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ… მისი მოდგმა ვართ…

ეძებენ ადამიანები კეთილდღეობას, სიმდიდრეს და კომფორტს და არ იციან, რომ ღმერთია ყველაფერი, რაც გვჭირდება!

…ათასწლეულებს ვახევთ კედელზე ჩამოკიდებულ მარადისობის კალენდარს და ვუახლოვდებით მომენტს, როდესაც ჩვენს სმენას მისწვდება ხმა, რომელიც არავის ხმას არ ჰგავს, მსგავსი, როგორც ბევრი წყლის ხმაური: “დაბრუნდით უკან, ადამის ძენო!”… და აღარ იქნება დრო შეკითხვისთვის, ძიებისთვის და შეცვლისთვის… ღმერთმა დაუშვა უმეცრების ხანა, მაგრამ ახლა აუწყებს ადამიანებს, ყველას ყველგან, რომ მოინანიონ…

ღმერთია ყველაფერი, რაც გვჭირდება!…

4 მაისი, 2016 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ჩემ მაგიერ…

ნატალია ჩიქოვანი 4 მაისი, 2016
ნატალია ჩიქოვანი

იყო მომენტები, როცა ქარიშხალგადავლილი ცხოვრების ნარჩენებთან მარტო ვრჩებოდი, როცა საკუთარ შეცდომებთან ერთად ნაგვის ურნაში მეც გადამიძახებდნენ ხოლმე…

როცა მეც მქონდა იარლიყი იმ ავაზაკივით, უკანასკნელ საათებს შენთან ერთად რომ ითვლიდა, უფალო…

დღეს, როგორც არასდროს, მინდა მოვიდე…

მინდა მოვიდე შენს ფეხებთან, ღმერთო, საკუთარი ცრემლებით სველი სულით…

მინდა მოვიდე და ცრემლებად დავღვარო ეს სიყვარული შენს ფეხებთან, როგორც სურნელოვანი ნელსაცხებელი…

დღეს, ჩემთვის ჯვარს უნდა ეცვა, ჩემ მაგივრად უნდა ზიდო მძიმე ჯვარი, საკუთარ სხეულზე უნდა მიითვალო ჩემთვის განკუთვნილი თითოეული დარტყმა…

ჩემთვის – ვინც არაფრად უღირს კაცობრიობას, ერთი რიგითისთვის 7 მილიარდიდან, მისთვის, ვინც არაფრად დაგიდევდა შენს სიტყვას, ვინც თავით ხტებოდა ცოდვის მორევში და გულიანად იცინოდა, როცა სიტყვა ‘ჯოჯოხეთი’ ესმოდა…

ის, ვინც ქედმაღლურად დადიოდა შენგან ბოძებულ მიწაზე და ყველაფერი თავისი ეგონა; ვინც კლავდა სიტყვით, განიკითხავდა და ასამართლებდა…

ეკლის გვირგვინს დაიდგამ მისთვის, ვინც ამაოების ქარს ედევნებოდა და არ ჰქონდა დრო შენთვის… სულ მცირე დრო…

დღეს, როგორც არასდროს, მინდა მოვიდე…

მასთან, ვინც არარაობა აირჩია, რათა შეერცხვინა დიდებულები. მასთან, ვისთვისაც არ ვართ გადაყრილნი საკუთარ შეცდომებთან ერთად. მასთან, ვინც ხედავს გულს, გარეგნული შირმის მიღმა, ვინც თქვა… დიახ, მე მოვკვდები მის გამო!… ყველასგან მიტოვებულნი შენ არ მიგვატოვე, ღმერთო. შენ დადე იმედი ჩვენს მომავალზე მაშინ, როცა აღარ იყო არანაირი იმედი… შენ თქვი: „მე მოვკვდები მისთვის!”

იყო მომენტები, როცა ქარიშხალგადავლილი ცხოვრების ნარჩენებთან მარტო ვრჩებოდი, როცა საკუთარ შეცდომებთან ერთად ნაგვის ურნაში მეც გადამიძახებდნენ ხოლმე… როცა მეც მქონდა იარლიყი იმ ავაზაკივით, უკანასკნელ საათებს შენთან ერთად რომ ითვლიდა, უფალო… დღეს, როგორც არასდროს, მინდა მოვიდე… მინდა მოვიდე და ცრემლებად დავღვარო ეს სიყვარული შენს ფეხებთან, როგორც სურნელოვანი ნელსაცხებელი…

4 მაისი, 2016 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ნუ განიკითხავ…

ნატალია ჩიქოვანი 4 მაისი, 2016
ნატალია ჩიქოვანი

როცა უყურებ იმას, რაც არის, გგონია, რომ ესაა ყველაფერი, რასაც ხედავ,  მაგრამ გახსოვდეს, რომ არსებობს რაღაცები, რაც დაფარულია და ხშირად ის, რასაც ვხედავთ, უბრალოდ მიზეზშედეგობრივი კავშირია…

ხშირად ვუყურებთ ადამიანს და ვაკრიტიკებთ მას სიუხეშის გამო, მაგრამ ვერ ვხედავთ უთვალავ დარტყმას, რამაც მისი სათუთი გული ცხოვრების მტვრიანი ქერცლისა და ტკივილის გისოსებში გამოამწყვდია…

ადვილია იმსჯელო ადამიანზე მისი გარეგნობის, ქცევისა თუ სიტყვების გამო, მაგრამ ადვილი არ ნიშნავს სწორს…

ნუ განიკითხავ, თუ არ იცი, რამდენჯერ გაუზომავს მანძილი თვალით ფანჯრიდან მიწამდე…

ნუ გამოუტან განაჩენს, თუ არ გინახავს, ცხოვრების მტვრიან შარაგზაზე მუხლებგადაყვლეფილი როგორ აგრძელებდა გზას ხოხვით…

ნუ მიაკრავ იარლიყს, თუ არ იცი, როგორ ტიროდა მარტოდ დარჩენილი ღვთის წინაშე…

ადვილია განსაჯო…. მაგრამ ადვილი არ ნიშნავს სწორს…

ძნელია გიყვარდეს, ხელს უწვდიდე და გულში იკრავდე… ძნელია, მაგრამ სწორი…

ნუ განიკითხავ, თუ არ აგიწონია ცრემლი, რომელიც სინანულს იტევს…

ნუ განიკითხავ…

“ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ, ვინაიდან რომელი განკითხვითაც განიკითხავთ და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ თქვენ.” (მათე 7:1–2).

4 მაისი, 2016 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

მე მიგავლენ შენ…

ნატალია ჩიქოვანი 4 მაისი, 2016
ნატალია ჩიქოვანი

„აჰა, მე ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს ღვთის მარჯვნივ მდგომს…“ – ეს იყო ბოლო სიტყვები, რაც გამძვინვარებული ბრბოს სმენას მისწვდა… მოწმეებმა თავიანთი ტანსაცმელი ერთი ჭაბუკის ფეხებთან დააწყვეს, რომელსაც ერქვა სავლე და იწონებდა სტეფანეს მოკვლას… ის დევნიდა ყველას, ვისაც ქრისტეს სახელთან რაიმე აკავშირებდა, იჭერდა და საპყრობილეში ყრიდა მათ. არ ინდობდა არავის, მათ შორის, არც ქალებს…

მოგვიანებით, როცა ქრისტეს რჯულზე მოქცეულ პავლეს (სავლეს) ემუქრებოდნენ ჩაქოლვით, ის ამოწმებდა მათ წინაშე: „…და მითხრა მე ანანიამ, შენ იქნები მისი მოწმე ყველა ადამიანის წინაშე…“ და მე ვთქვი: „უფალო, როცა შენი მოწამის, სტეფანეს სისხლი იღვრებოდა, მეც იქ ვიდექი და ვიწონებდი, ვდარაჯობდი მის მკვლელთა ტანისამოსს… „და მითხრა ღმერთმა: ‘წადი, მე მიგავლენ შენ წარმართებთან!’“

ყველაფერი, რაც დაწერილა, ჩვენ სასწავლებლად არის დაწერილი (რომ. 15:4). ხშირად, როცა ღმერთი გვეუბნება: „მე მიგავლენ შენ!“ ჩვენ უამრავი მიზეზი გვაქვს, თუ რატომ ვერ წავალთ… ზოგჯერ ხელს წარსული გამოცდილება გვიშლის, ზოგჯერ სტერეოტიპები და ჩარჩოები, ზოგჯერ უბრალოდ გვეშინია…

მაშინ, როდესაც ღმერთი გვეუბნება: „მე მიგავლენ შენ!“ ადგილი არ რჩება არანაირი მიზეზისთვის, რადგან დამწყები კეთილი საქმისა, მოგვცემს კიდეც ძალას, რომ დავასრულოთ. მაშინ, როდესაც ღმერთი გეუბნება, რომ მიგავლენს, უბრალოდ უნდა წახვიდე და უკან მოიტოვო შენს თავზე საკუთარი და საზოგადოების შეხედულება, ჩამოიფერთხო ეჭვები და იმედგაცრუებანი, გაჰყვე მის მითითებას, რადგან მხოლოდ მას შეუძლია გაქციოს ახალ ქმნილებად ქრისტეში.

მაშინ, როდესაც ღმერთი გეუბნება, რომ მიგავლენს… უბრალოდ უნდა წახვიდე…

4 მაისი, 2016 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

სად არის, სიკვდილო, შენი ნესტარი? სად არის, ჯოჯოხეთო, შენი ძლევა?!

ნატალია ჩიქოვანი 1 მაისი, 2016
ნატალია ჩიქოვანი

…მიდიოდნენ მასთან და ეუბნებოდნენ: “გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ! ” და სახეში სცემდნენ… პასექის პარასკევი იყო, იქნებოდა მეექვსე საათი და უთხრა პილატემ იუდეველებს: “აჰა, თქვენი მეფე!”, მათ კი იყვირეს: “ჯვარს აცვი იგი!”

უფუარობის დღეები იდგა, იქ, ისრაელში, სადაც იესო ძოწეულით მოსილი, ნაგვემი იდგა ხალხის წინაშე და ბრბო გამძვინვარებული გაჰყვიროდა: “ჯვარს აცვით იგი!” იქ, მრავალი საუკუნის წინ, გოლგოთის მთაზე მოხდა რაღაც, რამაც უბრალოდ კი არ შეცვალა მოვლენათა განვითარება, არამედ თვითონ გახდა ამ მოვლენათა თანმდევი… მოვლენა, რომელიც დროის მიღმა და ისტორიის ფურცლებზე კი არ ჩარჩა, არამედ ცოცხალ აწმყოდ იქცა თითოეული ჩვენგანისთვის.

მან თავისი სიკვდილით დაძლია ჯოჯოხეთის კარიბჭეები და მკვდრეთით აღდგომით იზეიმა სიბნელეზე გამარჯვება. მან, ვინც თითოეული ჩვენგანისთვის განკუთვნილ ჯვარს მიათრევდა საკუთარი მხრებით, ვისაც არ მიუძღოდა არანაირი ბრალი, მაგრამ ჰქონდა დიადი მიზანი – მოეცა ჩვენთვის საუკუნო სიცოცხლე, დაძლია სიკვდილი, თითოეული ჩვენგანისთვის განკუთვნილი… საკუთარ სხეულზე მიიღო ჩვენი წილი დარტყმების სიმძიმე და უხმოდ აიტანა ჩვენთვის გამზადებული დამცირება… ეკლის გვირგვინი და დაცინვის მოსასხამი ერგო ჩვენ გამო მას, ვის მიერ და ვისთვისაც შეიქმნა ქვეყნიერება და ვისი ძალითაც დგას მთელი სამყარო.

არ არსებობს სხვა ფიზიკური თუ არამატერიალური ახსნა, რას შეიძლებოდა დაეჭირა დიადი ღმერთი რომაელთა საწამებელ იარაღზე, გარდა ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარულისა…

სიკვდილი შთაინთქა ძლევით!

1 მაისი, 2016 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

“ნუ გეშინია, რადგან მე შენთან ვარ…”

ნატალია ჩიქოვანი 16 აპრილი, 2016
ნატალია ჩიქოვანი

შიში ის გრძნობაა, დაბადებიდან რომ თან დაგვყვება და სიკვდილამდე არ გვტოვებს. გვეშინია ყველაფრის: უცხო გარემოდან დაწყებული, მომავლით დამთავრებული. სულ პირველი ამოსუნთქვიდან განვიცდით სტრესს უცხო გარემოსთან შეხვედრით და შემდგომ ნელ-ნელა, დროის მსვლელობასთან ერთად, ახალ-ახალი შიში უერთდება ჩვენს ცხოვრებას. ჩვილობის ასაკში გვეშინია უცხო ადამიანების, ხმაურის. ცოტა მოგვიანებით, საკუთარი საწოლის ქვეშ შეხედვა, სიბნელე და სხვა ოთახში გასვლა გვაშინებს; თან გვდევს შეგრძნება, რომ იქ უჩინარი არსებაა, რომელიც ეს-ესაა ხელს წაგვატანს. გადის დრო და საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას ვიწყებთ, რასაც თან მოაქვს წარუმატებლობის, დამარცხების, საზოგადოებისგან არმიღების შიში…

უფრო მოგვიანებით, როცა სხვათა ზრუნვის ასაკიდან გამოვდივართ და თავად ვხდებით პასუხისმგებელნი საკუთარ ცხოვრებაზე, გვაშინებს მომავალი. ცოტა უფრო მოგვიანებით, როდესაც სტატუსს, ოჯახს და ქონებას შევიძენთ, ყველაფრის დაკარგვის შიში გვიპყრობს; ხანში შესულები ბევრს ვფიქრობთ მარტოობაზე და ჩვენი სიცოცხლის ბოლო წლებში მარტოდ დარჩენის შიში გვიფორიაქებს ცხოვრებას. ამ ყველაფერს, მთელი ცხოვრების განმავლობაში, თან სდევს გაუცნობიერებელი შიშიც სიკვდილისა…

ჩვენი ცხოვრების სწრაფი რიტმი და ინფორმაციის უსაზღვრო რაოდენობა მუდმივად აფართოებს „ნორმალური” ადამიანის მდგომარეობის საზღვრებს. იმისათვის, რომ ყველაფერი მოვასწროთ, ჩვენი ცხოვრების „დაჩქარება“ გვიწევს, მუდმივად სადღაც გავრბივართ ან გვაგვიანდება. გამუდმებული შიში, რომ რაღაც გამოგვრჩება, ან რაღაცას ვერ მოვასწრებთ, მუდმივად დაძაბულ, ნერვულ მდგომარეობაში ყოფნას გვაიძულებს. შედეგად გვიძნელდება სიმტკიცისა და თავდაჯერებულობის შენარჩუნება კრიტიკულ სიტუაციებში. თვითშეფასების დაცემა გარშემო ბევრ რამეს გაუგებარს და სახიფათოს ხდის, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი გონება ამას ასე აღიქვამს. ტექნიკური პროგრესი და მანქანა-დანადგარების დახვეწილი მოდელები გვაიძულებს, გამუდმებით ვამტკიცოთ, რომ საჭირონი ვართ… და გვეშინია… გვეშინია, რომ ერთ დღესაც უსარგებლონი აღმოვჩნდებით, გვეშინია გაუცნობიერებლად და გაცნობიერებულად, ზოგჯერ არც კი ვიცით, რისი, მაგრამ სულს საფრთხის მოახლოების განცდა გვიფორიაქებს…

რა არის შიში? რატომ ვატარებთ მთელ ცხოვრებას მასთან ერთად?…

იობის ისტორია, ერთი შეხედვით, უსამართლობის განცდას გვიტოვებს; თითქოს ღმერთმა და ეშმაკმა ერთგვარი გარიგება დადეს, რომ გამოეცადათ იგი, მაგრამ არის ერთი რამ, რაც ხსნის მთელი ამ ისტორიის მიზეზს: „რადგან მეწია შიშის ზარი, მე რომ მზრავდა; რასაც ვუფრთხოდი, თავს დამატყდა.“ (იობი 3:25) – ამბობს იობი, რომელსაც ჰქონდა ყველაფერი: ოჯახი, შვილები, ქონება, სტატუსი, მეგობრები და სწორედ ამ ყველაფრის დაკარგვის ეშინოდა მას. ძირითადად, ჩვენ საკუთარი გულისთქმანი გვცდიან… 

როგორც წესი, ჩვენი ძლიერი მხარეები არ გვაშინებს და რისი გვეშინია ჩვენ? სად არის ჩვენი სუსტი წერტილი?… შიში ეშმაკის იარაღია, რითაც ნელ-ნელა ბორკილებს გვადებს და უმოქმედოს გვხდის. შიში გვაიძულებს, ერთ ადგილას ვიდგეთ, დამარცხების შიში იძულებულს გვხდის, არც არაფერი გავაკეთოთ გამარჯვებისთვის.

უშიშარი ადამიანები არ არსებობენ, ჩვენ ყველას გვეშინია ტკივილის, ავადმყოფობის, პატივისცემის დაკარგვის. უშიშარი შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი გახდეს, ისევე, როგორც მშიშარა გედეონი, რომელსაც ღმერთმა „მამაცი მეომარი“ უწოდა. არის ერთი გზა შიშისგან თავდასაღწევად, ეს გზაა, დაუპირისპირდე მას – უბრალოდ უნდა შეიხედო საწოლის ქვეშ და აღმოაჩინო, რომ იქ არავითარი „არსება“ არ ზის. სულ ესაა.

იესო ამბობდა: „ნუ გეშინია!..“, რადგან ის ხედავდა ადამიანებს – შებორკილთ სიკვდილისა და ავადმყოფობის მარწუხებით; ადამიანებს, რომლებსაც ეშინოდათ მომდევნო დღის გათენების, რომლებიც შიშით შესცქეროდნენ მომავალს. ეს ადამიანები, ღმერთის რჩეული ერიდან, აღთქმულ მესიას ელოდნენ, მაგრამ მათი ხედვა ფოკუსირებული იყო არსებულ პრობლემებზე, მათ იმედს აღემატებოდა ხვალინდელი დღის შიში…

ზუსტად ასევე, ჩვენც გვავიწყდება, რომ ღმერთის გეგმები ჩვენდამი საიმედოა, კეთილი და სრულყოფილი (რომ. 12:2), გვავიწყდება, რომ სრულყოფილი სიყვარული დევნის შიშს (1 იოანე 4:18), რომ არ მოგვეცა შიშის სული, არამედ გაბედულების, იმედის და მშვიდობის, რომ ღვთის შიში არის ერთადერთი შიში, რომელიც უფრო გაბედულს გვხდის, „უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, რათა განერიდო სიკვდილის მახეს“ (იგავ. 14:27). ახლაც, როგორც 2000 წლის წინ იესო ანუგეშებდა ადამიანებს, ისმის სულიწმიდის ჩურჩული: „ნუ გეშინია, რადგან მე შენთან ვარ; ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ მე. გაგამაგრებ და შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სიმართლის მარჯვენით!“ (ესაია 41:10).

16 აპრილი, 2016 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

უდაბნოს იქით…

ნატალია ჩიქოვანი 16 აპრილი, 2016
ნატალია ჩიქოვანი

გარინდებულ უდაბნოში მიეხეტები, ფეხისგულებს ქვიშის სიმხურვალე გიწვავს და მზერაში დაუსრულებელ, უდაბურ ტრამალებს ირეკლავ. გასცქერი შენი ცხოვრების უდაბნოს და გიძნელდება წარმოიდგინო მოჩუხჩუხე წყაროები, მწვანე ბალახი და ცის სილურჯე… თითქოს უდაბური რეალობა შინაგანში იჭრება და ყოველგვარ ცოცხალს კლავს.

მიდიხარ და ნელ-ნელა დროის შეგრძნებას კარგავ, თითქოს ერთი დიდი ქვიშის საათის ფსკერზე დგახარ და დროის მარცვლები თავზე გაცვივა უსასრულოდ… ეფლობი ამ აურწყავი დროის საფლობში და გავიწყდება, სად მიდიოდი… მიდიხარ, თითქმის გამომშრალი, დაწრეტილი ყოველგვარი სასიცოცხლო ძალისგან და ტომარასავით მიათრევ საკუთარ სხეულს…

მიდიხარ, რადგან იცი, გაჩერება სიკვდილის ტოლფასია. ქვიშისფერია ირგვლივ ყველაფერი და რაღაც წუთს ხვდები, რომ ეს ყველაფერი შენშია, შინაგანში ჩასახლებული, და უბრალოდ უნდა გამოიბერტყო, რომ სხვა ფერებიც აღიქვა… მიდიხარ და „ძველი კაცი“ ტალახიანი ხელებით გებღაუჭება მთელი ძალით, მუშტებს აბრახუნებს გულში გამომწყვდეული იმედის კარზე და აღსასრულმოახლოებული თავის გადარჩენას ცდილობს… გზადაგზა უდაბნოში მიმოფანტულ ძვლებს აწყდები და შიში გამხმარი თითებით გაფრინდება მაჯაზე, ცდილობს გაგაქვაოს ერთ ადგილზე, რომ ვერ გადარჩე…

შენ კი მიდიხარ, ხან შეუვალი, ხანაც დაცემული მიხოხავ, მაგრამ მიდიხარ. ჰორიზონტზე ოაზისს ხედავ და ყოველ ნაბიჯთან ერთად ახალ ძალას გრძნობ… იცი, რომ უდაბნოს იქით იმედია, სიცოცხლეა, გამარჯვებაა სიკვდილზე…

იარე, მეგობარო, არ გაჩერდე! არ დანებდე! არ შეშინდე! არ მოიდრიკო, რადგან სიცოცხლეა უდაბნოს იქით…

ფსალმუნები: თავი 90-ე

1. უზენაესის საფარქვეშ დამკვიდრებული ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ ისვენებს.
2. ეტყვის უფალს: „ჩემი მფარველი და სიმაგრეა ჩემი ღმერთი, რომელსაც ვესავ.“
3. რადგან ის დაგიხსნის მონადირის ხაფანგიდან, მომსრავი ჭირისაგან;
4. თავის ფრთებს გადაგაფარებს და მის კალთებქვეშ შეაფარებ თავს. ფარი და ბურჯია მისი  ჭეშმარიტება.
5. ნუ შეგაშინებს საშინელება ღამისა, ისარი – დღისით გაფრენილი,
6. შავი ჭირი – ბნელში მოარული, სენი – შუადღისას მძარცველი.
7. დაეცემა შენ გვერდით ათასი და ათი ათასი შენ მარჯვნივ, შენ კი არ მოგეკარება.
8. ოღონდ შენი თვალებით შეხედე და დაინახავ მისაგებელს ბოროტეულთა.
9. რადგან, ღმერთო, შენ ხარ ჩემი თავშესაფარი, შენ საცხოვრისად აირჩიე უზენაესი,
10. არ შეგემთხვევა სიავე და წყლული ვერ მიეკარება შენს კარავს.
11. რადგან თავის ანგელოზებს უბრძანა შენზე, დაგიცვან ყველა შენს გზაზე,
12. ხელში აყვანილს გატარებენ, რომ ფეხი არ წამოჰკრა ქვაზე.
13. ლომსა და უნასს ფეხს დაადგამ, ლომის ბოკვერს და ურჩხულს გაქელავ.
14. რაკი შემიყვარა, – ამბობს უფალი, – გადავარჩენ მას, დავიფარავ მას, რადგან იცნო სახელი ჩემი;
15. მომიხმობს მე და ვუპასუხებ, მასთან ვიქნები გასაჭირში; გამოვიხსნი და ვასახელებ,
16. დღეთა ხანგრძლივობით გავაძღებ და შემწეობას მოვუვლენ ჩემსას.

16 აპრილი, 2016 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

არის ძალა!..

ნატალია ჩიქოვანი 30 მარტი, 2016
ნატალია ჩიქოვანი

არის მომენტები, როცა გგონია, რომ მორჩა… ყველა გზა ამოწურე, რომ გაგრძელება აღარ არის…

როცა გრძნობ, როგორ იხურება ყველა კარი, რომელზეც აკაკუნებ… რომ ძალა გეცლება… არის მომენტები, როცა ფიქრობ, რომ ყველაფერი, რისიც გჯეროდა, რისთვისაც იბრძოდი და მსხვერპლს იღებდი, ამაო ყოფილა… რომ ქანცგამოლეული, სადმე კუთხეში დაჯდები და დაელოდები დასასრულს… არის მომენტი, როცა გგონია, რომ დამთავრდი…

თუ ახლა ამ სტრიქონებს კითხულობ და გეღიმება, იმიტომ, რომ მათ შორის შენეული ტკივილი ამოიკითხე, მინდა გითხრა, რომ არის ძალა!…

არის ძალა იესოს სახელში!

არის ძალა უძლურებაში!

არის ძალა ლოცვაში!

არის ძალა განდიდებაში!

არის ძალა მიძღვნაში!

არის ძალა ღვთის მორჩილებაში!

არის ძალა მოთმინებაში!

„და რა განუზომელია მისი ძალის სიდიადე ჩვენში, ვისაც საქმით გვწამს მისი ძალის ძლიერება“ (ეფეს. 1:19). ადექი, აიღე ღვთის სრული საჭურველი და გაიმარჯვე! შენ გაქვს ძალა, უბრალოდ ეს უნდა გაიაზრო, გახსოვდეს, რომ ის, ვინც ჩვენშია, იმაზე მეტია, ვინც ქვეყნიერებაზეა… თუ ძალა გამოგეცალა, მიირბინე წყალობის ტახტთან და უფალს მიეწებე, თუ მარტო ხარ და ეს გაწუხებს, იცოდე, რომ ღმერთი შეავსებს ყველა ცარიელ ადგილს და იმაზე დიდ მხარდაჭერას იგრძნობ, ვიდრე 7 მილიარდი ადამიანის შენს მხარეზე ყოფნისას. შენ ყოვლისშემძლე ღმერთი გყავს, რომელსაც სრულყოფილი გამოსავლის მოცემა შეუძლია, მას აქვს იმედი და მომავალი შენთვის (იერ. 29:11). ადექი და აიღე საჭურველი, იმიტომ, რომ… არის ძალა!..

30 მარტი, 2016 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    ბარაბას ადგილზე რომ ვყოფილიყავით…

    14 აპრილი, 2023
  • 2

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 3

    პატიება

    5 დეკემბერი, 2015
  • 4

    ჩემი ტკბილი უფალი

    17 ოქტომბერი, 2019
  • 5

    მოიშორე მწუხარება შენი გულიდან

    4 ივლისი, 2022


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ