ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

შენ არ შეგიძლია შეცვალო საკუთარი წარსული − შეცვალე მომავალი!

მაკო ჭიაბრიშვილი 24 ნოემბერი, 2016
მაკო ჭიაბრიშვილი

ვერაფერს მოუხერხებ გრძნობას, რომელიც გამაყრუებლად გიმეორებს, რა უნდა გაგეკეთებინა და არ გააკეთე… გიმეორებს, რომ ბევრი უნდა მოგესწრო… გაცილებით ბევრი და დრო ფუჭად არ დაგეკარგა…

უსიამოვნო, გამაწვრილებელ ტკივილს გრძნობ იქ, სადაც წესით გული უნდა გქონდეს, მაგრამ დაგიფლითეს…

ვერაფრით უშველი ხელიდან ბოლო იმედივით გამოცლილ ადამიანებს, რომლებმაც გაჩვენეს, როგორ თეთრდება დილა შავად და როგორ დადიხარ დღიდან დღემდე ნისლშემორტყმული…

ვერაფერს გახდები ემოციასთან, რომელიც ხერხემალს გიგრეხს… როგორ ვერ გაგიგეს, უარგყვეს, ვერ დაგაფასეს, გატკინეს და მოგაგეს სიკეთის წილ ბოროტი…

შენში იგროვებ მეათასედ დასერილ დარდებს, წუხილს იმისას, რომ ვერ გაპატიეს ადამიანური სისუსტე… ვერ გაიმეტეს სიტყვები: „ადამიანები ვცდებით“, „ამასაც გადავლახავთ“, „შენთან ვარ“… ისეთი განცდა გაქვს, თითქოს, ხანჯალამოღებულნი ელოდებოდნენ შენს წაბორძიკებას იმისათვის, რომ ჭრილობა მოეყენებინათ.

შენ არ შეგიძლია შეცვალო შენი წარსული…

დგახარ ახლა, ჰაერს ყლუპ-ყლუპად ყლაპავ, რადგან სასუნთქი მილი კბილებით გადაგიღრღნეს და ვერ ხვდები გარიჟრაჟს აივანზე, მადიანად ჩასუნთქვამ ფილტვები საბოლოოდ რომ არ გაგიხეთქოს…

თითქოს ხარ და არც ხარ…

თითქოს არც ხარ…

და ყოველ ღამით ფიქრობ, რა საჭირო იყო შენი დაბადება და ისედაც პრობლემებით ავსებული საყვარელი ადამიანების ყოფითობის დამძიმება… რომ შენ მხოლოდ ის შეგიძლია იყო – ვერშემდგარი შვილი…
და მაინც… სამყარო ასეთი რომ არ ყოფილიყო…
იმ კონკრეტულ მომენტში შანსი რომ გქონოდა..
უიღბლო რომ არ ყოფილიყავი…
ასე რომ გაგეკეთებინა ან თუნდაც ისე…
ფიქრობ…

გულის სიღრმეში იცი, რომ ყველაფრის სათავე შენშია, მაგრამ შენ არ შეგიძლია დააბრუნო დრო უკან და შეცვალო შენი წარსული!

დამშვიდდი! მე გადარჩენის სიტყვა მაქვს შენთვის.

შენ შეიძლება არც გსმენია გამამხნევებელი სიტყვები. სიტყვები, რომლებიც ფრთებს ისხამენ, რომლებიც ისეთივე რეალურია, როგორიც შენ ხარ შენი ტკივილის წინაშე, წიგნივით გადაშლილი. სიტყვები, რომლებიც იკვრებიან ერთ სიტყვად, რომელიც თანაარსობს ღმერთთან და სიტყვა, რომელიც „თავად არის ღმერთი“.

დაივიწყე წარსული, მთელი შენი გულით მიენდე ცოცხალ ღმერთს და შენს გონიერებას ნუ მიენდობი. ისწრაფე უფლის შეცნობისკენ და „ის მოგისწორებს ბილიკებს“.

სულის სიმშვიდე მხოლოდ ღმერთშია. შენ, რომელიც ვეღარ სწევ საკუთარ ტვირთს, უფალი გპირდება მოსვენებას. ცხოვრების განმავლობაში კუზივით წამოზრდილი განსაცდელების მიყუჩებას და ახალ ცხოვრებას, რომლის „უღელი სასიამოვნოა“ , ხოლო „ტვირთი მსუბუქი“.

შენ, რომელიც ფიქრობ, რომ ახლიდან დაწყება შეუძლებელია, აუცილებლად უნდა იცოდე, რომ ღმერთის მეშვეობითა და თანადგომით ყველაფერი შესაძლებელია, ისიც კი, რაც ახლა წარმოუდგენლად გეჩვენება. ფერფლიდან აღგადგენს ის და ოდესღაც „არარაობას“ დიდებულ სტატუსს მოგანიჭებს: შენ მის „ძედ“ იწოდები.

ხვდები, რატომ იყო აქამდე შენი ცხოვრება უმიზნო და უფერული?

შენ უნდა დაბადებულიყავი! სამყაროს შემოქმედი, რომელმაც შექმნა ყველაფერი, რასაც ხედავ და რასაც ვერ ხედავ, რაზედაც ოდესმე რამე გსმენია ან არ გსმენია…

დიდებული ღმერთი… მას ისე უყვარხარ… „რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე“, რათა მის მორწმუნეს „ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“.

დგახარ სარკის წინ შებრუნებული და ვერ პატიობ თავს წარსულად ქცეულ ნათქვამსა თუ საქციელს. საკუთარ თავს მსჯავრს სდებ… მაგრამ არსებობს უზენაესი, რომელსაც იმაზე მეტად უყვარხარ, ვიდრე შენ გიყვარს საკუთარი თავი. სიყვარული კი მპატიებელია და არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, ვინც ირწმუნეს ქრისტე.

წარსულს ვერ შეცვლი, მაგრამ არის ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდე − უფლის მოყვარულთ ყველაფერი სასიკეთოდ ეწევათ.

ის, რაც შენთვის შეუძლებელია, ღმერთისთვის შესაძლებელია. მას შეუძლია უხვად გაკურთხოს და მადლი გაგიმრავლოს. გესმის? იმისათვის, რომ უხვი იყო კეთილი საქმისთვის. ხედავ შანსს, რომელსაც შეუძლია შენი წარსული გააცამტვეროს?

უფალი ამბობს, რომ უძლურებაში ხდება სრულყოფილი მისი ძალა. ამისთვის მხოლოდ მისი მადლია საჭირო. შენი დაუოკებელი წყურვილი ჭეშმარიტების შემეცნებისა, თავმდაბალი და მოსიყვარულე გული. რა ცოტას ითხოვს უფალი, რათა მიგიღოს საკუთარ შვილად! იფიქრე!

იგი გპირდება შენ ძალას, სიყვარულსა და თავშეკავებას. წარსულში ჩაბუდებული სიმხდალის სულის დათრგუნვა მხოლოდ მას შეუძლია. გადადგი ნაბიჯი!

შენ არ შეგიძლია შეცვალო საკუთარი წარსული, მაგრამ შეგიძლია თავიდან დაიწყო და შეცვალო საკუთარი „ფინიში“.

24 ნოემბერი, 2016 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ლურჯი სამყარო − საზღვრებისა და შეზღუდვების გარეშე

ნატალია ჩიქოვანი 11 ნოემბერი, 2016
ნატალია ჩიქოვანი

ტექნოლოგიურმა პროგრესმა ერთი დიდი, ვირტუალური თამაშის გმირებად გვაქცია… ისეთი, რაღაცნაირად უემოციო, „სმაილებით“ ჩანაცვლებული მიმიკებით… ჩვენი არსებობა პატარა, მრგვალ მწვანე ციმციმასთან გაიგივდა… რაღაცნაირად მუზეუმში გამოფენილ ექსპონატებს დავემსგავსეთ, დამთვალიერებლის გულს რომ ახარებენ.

არასდროს ყოფილან ადამიანები ასე ახლოს და ამავდროულადმ ასე შორს. მაშინ, როცა სივრცითი პრობლემა დაძლეულია, როცა შეგვიძლია გვესმოდეს ერთმანეთის ხმა მსოფლიოს ერთი წერტილიდან მეორეში და არა მარტო გვესმოდეს, ვხედავდეთ კიდეც, ჩვენ უბრალოდ გავუუცხოვდით ერთმანეთს…

რეალური სამყაროსგან განსხვავებით აქ საკუთარი სივრცე გვაქვს, შეუზღუდავი და ულიმიტო სიტყვის თავისუფლება, აქ საკუთარი პიროვნების რეალიზება გაცილებით ადვილია, რადგან ეს ყველაზე კომფორტული საჯარო სივრცეა, სადაც ენა არ დაგებმება სიტყვით გამოსვლისას…

აქ დაწერილის ჩასწორებაც უპრობლემოდ შეიძლება და წაშლაც, რაც სრული კონტროლის შეგრძნებას გვანიჭებს. ეს განცდა იმდენად მოგვწონს, რამდენადაც რეალურ სამყაროში არ გამოგვდის გარკვეული საკითხების დალაგება.

ამ ლურჯ სამყაროში აბსოლუტური თავისუფლებაა, საზღვრების გარეშე, ანონიმურობის გარანტიით, ყველაზე მეტად კი ამ ინტერნაციონალურ სივრცეში იდეალური თანასწორობის იდეა გვიზიდავს. ეს სამყარო დროში მოგზაურობის საშუალებას გვაძლევს და ჩვენი წარმოსახვა რაღაცნაირად ხელშესახები ხდება, მეხსიერების დაძაბვა საჭირო არ არის, რადგან „მემორი“ არსებობს, რომელიც დეტალურად იმახსოვრებს თითოეულ წვრილმანს.

სოციალური სამყაროს ეპოქაში ადამიანი ინტერნეტ-სამყაროს ცენტრში ექცევა. მომხმარებელი თავად ქმნის იმას, რაც სხვისთვისაც საინტერესო ხდება. განუსაზღვრელი დროით ქსელში ყოფნა ადამიანს ართმევს ცხოვრების აღქმის უნარს, წყვეტს რეალობას და აკარგვინებს დღევანდელობის შეგრძნებას.

ის ასევე ეფექტურად ნიღბავს ყველა იმ ნაკლს, რომელიც თითოეულ ადამიანს ახასიათებს და აძლევს მათ შეუზღუდავი ინტერაქციისა და მოქმედების საშუალებას სრულიად თავისუფლად და შეუზღუდავად. ერთი მხრივ, მოგვწონს საკუთარ ნაკლოვანებათა შენიღბვა, მაგრამ მეორე მხრივ, გვინდა კი იმ ადამიანების ნაკლის შესახებ წარმოდგენაც არ გვქონდეს, ვისთანაც ურთიერთობა გვაქვს?!

ამ სამყაროში „საკუთარი თავის შექმნა“ შეგვიძლია და ალბათ, ყველაზე მეტად ეს მოგვწონს. აქ ადვილია ისეთი იყო, როგორიც გინდა და არა ისეთი, როგორიც რეალურად ხარ… ეს სიადვილე არაფერს ცვლის. შედეგად ჩვენი ინტერნეტსახე ხშირად უბრალოდ შაბლონია და სხვა არაფერი.

ჩვენ იმდენად დამოკიდებულნი გავხდით ინტერნეტზე, რომ „სმაილით“ ემოციის გამოხატვა უფრო გვეადვილება, ვიდრე ცოცხალი მიმიკით. გვეადვილება, რომ ადამიანი „მაუსის“ ერთი დაწკაპუნებით მოწყენილი „სმაილით“ ვანუგეშოთ და ზოგჯერ ეს უმიზნო „სქროლვა“ იმდენ დროს გვართმევს, არ გვრჩება ადგილი რეალობისთვის: ცხელი ყავისთვის, ვინმეს ტკივილის მოსმენისთვის, ჩახუტებისთვის…

ვირტუალურ სამყაროში თავაზიანობაც არჩევითია: ვისაც აწუხებს, დაწერს, თუ დრო გექნება წაიკითხავ, ისიც „ვრცლად“ ღილაკამდე დაწერილმა თუ დაგაინტერესა, ან ტექსტი არ გედიდა. ამ ლურჯ სამყაროში თითოეული ჩვენგანი კომფორტულად მოვკალათდით საკუთარ „ექაუნთში“ და მოგვწონს კონტროლის ეს საოცარი შეგრძნება.

აქ უხილავი „კედლები“ გვიცავენ რეალობისგან. არასასურველი ადამიანებისთვის ე.წ. „შავი სიაც“ გავქვს, რომელიც არ საჭიროებს რაიმეს გარკვევას, ნერვების მოშლას ან მიზეზ-შედეგობრივი დეტალების გამოკვლევას, ხელის ერთი მოძრაობაც საკმარისია ურთიერთობების დასასრულებლად და ალბათ, გაცილებით ადვილია, როდესაც ვერ ხედავ ადამიანის გაბრაზებულ, დანაღვლიანებულ, თუ გაუგებრობით სავსე თვალებს.

მერედა რა კომფორტულია, როდესაც საკუთარი გაბრაზება თუ წყენა, შეგიძლია მესამე პირში, უსახელოდ ნათქვამით, საჯაროდ გამოხატო „გამგების“ გასაგებად… ვითომდა საკუთარმა პირადმა სივრცემ და მასზე კონტროლის მაღალმა ხარისხმა, სინამდვილეში ღია და საჯარო გაგვხადა ყველასათვის….

და მაინც, მე მიყვარს ეს ლურჯი სამყარო, 21-ე საუკუნის ანარეკლი, თავისი მწვანედ მოციმციმე ადამიანებით… შესაძლებლობებით, თანასწორობის პრინციპით, ღიაობით და საჯარო სივრცეზე წვდომით, ურთიერთობების სიმარტივით, სიტყვის თავისუფლებით, ინფორმაციულობით და ოპერატიულობით, ეს სია კიდევ შეიძლება გავაგრძელოთ… უბრალოდ არასდროს უნდა ვცადოთ ვირტუალურით რეალურის ჩანაცვლება და გვახსოვდეს, რომ ერთი მეორეს ვერასდროს შეცვლის.

11 ნოემბერი, 2016 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

უფალი ჩემი მწყემსია

ნატალია ჩიქოვანი 7 ნოემბერი, 2016
ნატალია ჩიქოვანი

ნუ დაუჯერებ ტყუილს, რომ ყველამ მიგატოვა, უფალია შენთან!

ნუ დაუჯერებ ღამეს, რომ აღარ გათენდება, უფალი გაგინათებს სიბნელეს!…

ნუ დაუჯერებ ნისლს, რომ ვეღარ დაინახავ, რადგან თავად ღმერთი იქნება შენი თვალის სინათლე…

ნუ დაუჯერებ წვიმას, რომ აღარ გამოიდარებს…

უფალი ჩამოგწმენდს ტალახს და სირცხვილს და ისევ აიმაღლებ ხმას, რათა ადიდო იგი თავის საწმინდარში. ნურც ტკივილს დაუჯერებ, რომ არ გაივლის, რადგან ღმერთი დაგიამებს ჭრილობებს…

ნუ დაუჯერებ დაცემას, რომ წამოდგომა აღარ იქნება, რადგან შვიდჯერაც რომ დაეცე, უფალი წამოგაყენებს, თუ მას ეიმედები…

ნუ დაუჯერებ ნასროლ ტალახს და ნურც ფეხქვეშ დაგებულ პალმის რტოებს, რადგან უფალია შენი მწყემსი! ის დაგამდაბლებს თავისი ძლიერი ხელის ქვეშ და აგამაღლებს თავის დროზე. ნუ გეგონება, რომ ღმერთი ადამიანთა მსგავსია! ნუ გაიქვავებ გულს და ნუ დაიხშობ სასმენელს…

ღმერთი გეძახის! მნიშვნელობა არ აქვს, სად ხარ, ცხოვრების რომელ კუნჭულში ჩარჩი… კალენდრის რომელ ფურცელზე… ღმერთი გეძახის!

ნუ იტყვი, რომ არავის სჭირდები… უფალი გელოდება, გაქვს მოწოდებაც და ადგილიც… ნუ უგულებელყოფ! მოიშორე ყველანაირი იმედგაცრუება და გაარღვიე გალავანი, გარშემო რომ შემოიშენე, დაამსხვრიე კოლექციასავით მოგროვილი სტერეოტიპები და უბრალოდ დაინახე ადამიანები, რომელთაც შენზე მეტად სჭირდებათ ნუგეში…

ნუ დაიჯერებ, რომ არაფერი შეგიძლია, რადგან უძლურებაშია სრულყოფილი მისი ძალის ძლიერება შენში…

ნუ დაიჯერებ, რომ წერტილი დაგისვა ცხოვრებამ, რადგან უფალია ყოველივეს მპყრობელი, ის კი მძიმეს სვამს მხოლოდ და გაგრძელების შანსს გაძლევს… სანამ ხარ…

ნუ დაიჯერებ, რომ მცირედი არაფერს ნიშნავს, წყალი დუღს 211 გრადუსზე ფარენჰეიტით, ხოლო 212 გრადუსზე წარმოიქმნება ორთქლი, რომელიც საჭიროა ორთქლმავლის ასამუშავებლად… ერთი გრადუსი, ერთი ნაბიჯი, ერთი გადაწყვეტილება…. თქვი: „უფალი ჩემი მწყემსია!…“  მიჰყევი მის ხმას, ის წაგიყვანს წყნარ წყლებზე და მოგასვენებს თავის სიმშვიდეში… მიენდე შენი ცხოვრების ბობოქარ ქარიშხლებში ღმერთს და დარჩი მშვიდად, რადგან უფალი შენი მწყემსია…

7 ნოემბერი, 2016 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ადამიანები ერთმანეთს წამლავენ უსიყვარულობით

ნატალია ჩიქოვანი 8 აგვისტო, 2016
ნატალია ჩიქოვანი

მოვდივართ არსაიდან და მთელი ცხოვრება ქარის წისქვილებს ვებრძვით…

უზარმაზარი ასაწყობი ნახატი თავსატეხის ნაწილებივით ვაგროვებთ გამოცდილებას, წარმოდგენებს, შიშსა თუ სიხარულს…

ციხესიმაგრესავით ვიშენებთ გარშემო წარმოდგენებსა და შეხედულებებს, იარლიყებსა და სტერეოტიპებს და მახსოვრობის საკუჭნაოში, თაროებზე თანმიმდევრულად, დასახელებების მიხედვით ვამწკრივებთ შეგრძნებებსა და ემოციებს…

ყველაფერს სახელსა და ახსნას ვუძებნით, თითქოს ყოველივე ვიცით და ყველაფერი შეგვიძლია…

ვაკოწიწებთ პრინციპებს და ღირსებებს, რომ ვიამაყოთ და ვტრაბახობთ იმით, რაც წარმავალია…

ფუტკრებივით ვბზუით და ჭიანჭველებივით ვფუსფუსებთ, ვიძენთ და ვაგროვებთ, ვიხვეჭთ და ვისაკუთრებთ, ვიგონებთ წესებსა და დოგმებს, ვაწესებთ ჩარჩოებს და ძალაუფლების ტკბილი ილუზია გვიპყრობს. ავდივართ სოციალურ კიბეზე და ნელ–ნელა წელში ვიმართებით, თითქოს რამე მომატებოდეს ჩვენს ადამიანურ ღირსებას, რაღაცნაირად ვეჩვევით ცქერას ზემოდან ქვემოთ და რაც დიდხანს ვიყურებით, მით მეტად ვრწმუნდებით საკუთარ ძალასა და გავლენაში…

ღიმილისმომგვრელი კი მთელ ამ უმიზნო ხმაურში ისაა, რომ თავადაც ვიჯერებთ ამას…

დადიან ადამიანები გაბღენძილნი, ჰაერით გატენილი საჰაერო ბუშტებივით უმისამართოდ და საკუთარ სიდიდეს ამტკიცებენ, ზოგჯერ ერთმანეთს ეჯახებიან და ბრაზისგან ხმაურით სკდებიან. სამასკარადო ნიღბებივით ვიპრანჭებით ერთმანეთის წინაშე და ვცდილობთ წარმოვაჩინოთ საკუთარი უნიკალურობა, გვაინტერესებს სხვების აზრი (ალბათ იმიტომ, რომ ტაშის დამკვრელი აუდიტორია გვჭირდება) და ამავე დროს სხვაზე უკეთესი გვგონია ჩვენი თავი, თითქოს ერთი ნაბიჯით ვუსწრებდეთ დანარჩენ კაცობრიობას. ნარცისიზმით შეპყრობილები ირონიით ვუყურებთ ყველაფერ განსხვავებულს და ასე ერთი შეხედვით კანონზომიერ ცხოვრებაში იბადება სიძულვილი…

სამყარო ვეღარ იტევს სიძულვილის შხამს, ყოველდღე, ყოველ წამს ადამიანები ერთმანეთს წამლავენ უსიყვარულობით. მნიშვნელობას ანიჭებენ არაფასეულს და საშიში სწრაფვით – დაიმსგავსონ ირგვლივ ყველა და ყველაფერი, სამყაროს მრავალფეროვნებას ანადგურებენ…

ობობას ქსელივით წებოვანია ამქვეყნიური ამაოება და ქარაფშუტა კოღოსავით მასში გახვეულები ვერც კი ვხვდებით, როგორ ვიხოცებით, რადგან მათრობელა სისხლის სიტკბოება გვაბრუებს, ახლახან სხვას რომ ამოვწოვეთ…

ნელ–ნელა ადამიანური ურთიერთობები ველურ ბუნებას ემსგავსება, შიშველ ინსტინქტებს, გადარჩენისთვის ბრძოლას, სადაც ძლიერი სუსტს ჭამს…

სამყარო ვეღარ იტევს სიძულვილს, ტკივილსა და გლოვას… სამყაროს სჭირდება ქრისტე, ადამიანებს სჭირდებათ ნათელი, ბნელიდან გამოსასვლელად. ადამის მოდგმას სჭირდება შეხსენება, რომ ძლიერი კი არ უნდა ჭამდეს სუსტს, არამედ ეხმარებოდეს…

ადამიანები საჭიროებენ გათავისუფლებას მიწის ბორკილებისგან, რომელზეც ისე მყარად არიან მიჯაჭვულნი, თითქოს არ არსებობდეს ზეცა…

ჩვენ გვჭირდება გამოფხიზლება ილუზიებისგან, ძველი, გახრწნილი კაცის აღქმა სამასკარადო ნიღაბს იქით…

სამყარო ვეღარ იტევს სიძულვილს, ტკივილსა და გლოვას… სამყაროს სჭირდება ქრისტე! ჩვენ ყველას გვჭირდება განახლება! არის იმედი, სანამ ვარსებობთ, რადგან კურსის შეცვლა ყოველთვის შეგვიძლია… თვით უკანასკნელ ამოსუნთქვამდეც…

„ისმინე ყოველივე ამის დასკვნა: გეშინოდეს ღვთისა და დაიცავი მისი მცნებანი, რადგან ეს არის უმთავრესი ყველა ადამიანისთვის“ (ეკლესიასტე 12 :13).

8 აგვისტო, 2016 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

სიკვდილი არ არის დასასრული…

ნატალია ჩიქოვანი 22 ივლისი, 2016
ნატალია ჩიქოვანი

მართლაცდა რა არის ადამიანი… ერთ დღეს რომ წყვეტს ამქვეყნიურ არსებობას და ტოვებს უზარმაზარ სიცარიელეს… მხოლოდ მაშინ ხვდები დაკარგულ სისავსეს, რომელიც არასდროს შეგიმჩნევია. თითქოს ისეა ყველაფერი, როგორც უნდა იყოს: თენდება, ვსუნთქავთ, ვცხოვრობთ, ვიღიმით, გვტკივა და… და ერთ დღეს, სულ უბრალო დღეს, რომელსაც თან მთელი ცხოვრებაა ელი და თან არ იცი, დღეს, რომელიც არ დაგიგეგმავს და არ მოგინიშნავს კალენდარზე… დღეს, რომლის მიღმა უამრავ რამეს გეგმავდი, ისე შეუძლებელი და სანატრელი ხდება ერთი უბრალო ამოსუნთქვაც კი… ერთი გულის ფეთქვა… და იმ დღეს სიცარიელე უცერემონიოდ მოდის ადამიანებთან, რომელთაც უყვარდი და ჭირისუფალივით, შავი პირბადით მთელ სივრცეს იკავებს ოთახში, მთელ ჰაერს ისრუტავს და სული გეხუთება საშინელი მარტოობისგან, 7 მილიარდი ადამიანიც რომ ვერ შეავსებს…

სიმწარე სულმოუთქმელად გადაკრული ალკოჰოლივით ედება სხეულს და ტკივილი გამუდმებით ჩაგჩურჩულებს ყურში: “რატომ, ღმერთო?” თითქოს კითხვაცა და პასუხიც ამ ორ სიტყვაში გაგეერთიანებინოს და თითქოს არ გსურდეს სხვა არაფრის გაგონება, ისე იმეორებ გონებაარეული ამ ორ სიტყვას. ეჭვები ხელბორკილს გადებენ და სიკვდილის ცივი სუნთქვა ცდილობს დაგაჯეროს, რომ სიცოცხლე არ არსებობს…

ნუ დაეცემი, როცა სიკვდილი საკუთარი ოთახის შუაგულში ობობასავით გააბამს ქსელებს… ნუ დაიჯერებ, რომ სიცოცხლე დამთავრდა, რადგან ნამდვილი სიცოცხლე მხოლოდ სიკვდილის შემდეგ იწყება… ნუ ჩაახშობს შენში იმედს საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი… ნუ მოკლავ რწმენას, რადგან ეს ცხოვრება აჩრდილია, ანარეკლია ნამდვილი სიცოცხლის, სადაც არ არის ცრემლი და გოდება, სადაც ყველა ტკივილი ყუჩდება და ყველა ტვირთი მსუბუქდება… უფალი ერთგულია… ყოველთვის!!! იესოც მოკვდა, მაგრამ დაგვიტოვა იმედი მკვდრეთით აღდგომის და ნეტარია ყველა, ვინც მხოლოდ ამ ცხოვრებაში არ ეიმედება ქრისტეს… ჩვენ ყველა წავალთ, მაშინ, როდესაც უფალი იტყვის: “დაბრუნდით, ადამის ძენო!” და არ დაიხოცებით… უბრალოდ სახლში დაბრუნდებით, რადგან ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია (ფილიპ. 3:20).

22 ივლისი, 2016 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

გავცოცხლდით ქრისტეში, რათა მისი სიცოცხლით გვეცოცხლა…

ნატალია ჩიქოვანი 14 ივლისი, 2016
ნატალია ჩიქოვანი

“რადგან თქვენ დაიხოცეთ და თქვენი სიცოცხლე დაფარულია ქრისტესთან ღმერთში.” (კოლასელთა 3:3)

იქ, იმ დღეს, როცა სინდისის აღთქმით მოვუკვდით ცოდვას, გავცოცხლდით ქრისტეში, რათა მისი სიცოცხლით გვეცოცხლა…

მერე გაგრძელდა ეკლიანი გზა ზეცისკენ… მიდიხარ და ხედავ, ეკალ–ბარდებით დახეული ხორცის ძონძებიდან როგორ მოძვრება ზედაპირულად დამარხული “მეობა”, თვალი ფართო გზისკენ უჭირავს და გამხმარი თითებით ჩაგფრენია მაჯაში, თითქოს ეშინია, არსად გაექცე. გამუდმებული “ვაჭრობა” საკუთარ მეობასთან გავიწყებს, რომ მკვდარი ხარ, მკვდარი, რომელსაც არ ესმის, ვერ გრძნობს და ვერ ხედავს… და აი, შენც ნელ–ნელა ხედავ შენ წინ მიმავალი ხალხის სიშიშვლეს (ისე, როგორც შენ უკან მომავალი – შენსას), გესმის ტკივილისა და წყენის გულისგამაწვრილებელი ზუზუნი, ამპარტავნობის ქარი კი პირდაპირ სახეში გცემს… უკვე აღარ ხარ მკვდარი, თუმცა არც ცოცხალს გავხარ… მიდიხარ ასე ცოცხალ–მკვდარი და გინდა, როგორღაც შეუთავსო სიკვდილი და სიცოცხლე ერთმანეთს… მიდიხარ და ყურთასმენას საწყენი საუბრები იპყრობს, ბრაზობ, მრისხანებ, ტირი და შფოთავ, ეძებ სიმშვიდეს, რომელიც სადღაც გზის დასაწყისში ეკლიან ბუჩქზე “მეობის” ნაცვლად დატოვე… სამაგიეროდ “ცოცხალი” ხარ, ცოცხალი ცოდვისთვის და ეს “სიცოცხლე” ყოველ ნაბიჯზე გკლავს… ძალას გაცლის და მომავლის იმედს გიკარგავს… მიდიხარ და ხედავ შენ ირგვლივ გამეფებულ ტკივილს, ობლობასა და მიუსაფრობას… ხედავ ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთს თელავენ კვარცხლბეკზე მოსახვედრად; მათ, ვისაც დაავიწყდათ, რისთვის იბრძოდნენ; მათ, ვინც სიყვარული ძველმოდურ ცნებად მიიჩნია; მათაც, ვინც ეკალ–ბარდებით დახეული ხორცის ძონძებს ქვეყნიერების ფერადი საკერებელი დაადო…

იქ, იმ დღეს, როცა სინდისის აღთქმით მოვუკვდით ცოდვას, გავცოცხლდით ქრისტეში, რათა მისი სიცოცხლით გვეცოცხლა… ხშირად შეხსენება გვჭირდება, რომ მკვდრები ვართ… მკვდრები საწყენი საუბრებისთვის, ცილისწამებისთვის, ხორცის გულისთქმებისთვის. მკვდრები ვართ სიძულვილისთვის, შურისძიებისთვის, სიამაყისთვის და მეობისთვის. მკვდარი ვერაფერს გრძნობს, ვერც სხვის ნაკლს ხედავს და არც სხვისი განკითხვა შეუძლია… ჩვენ მკვდრები ვართ საკუთარი სურვილით, სინდისის აღთქმით ღმერთთან, მკვდრები, რომლებიც საფლავიდან დგებიან ნახევრად გახრწნილი ძვლებით და ბნელში დაძრწიან, მაშინ, როცა ნამდვილი სიცოცხლე სულ ახლოს ჩქეფს… საუკუნო სიცოცხლე, რომელიც მკვდრეთით აღდგომას გვპირდება სრულყოფილებაში. ქრისტიანობას ბევრი პარადოქსი აქვს, მაგრამ ერთ–ერთი უმთავრესი სიცოცხლეა, სიკვდილის შემდეგ! უნდა მოუკვდე ცოდვას, რომ იცოცხლო ქრისტეში!

იქ, იმ დღეს, როცა სინდისის აღთქმით მოვუკვდით ცოდვას, გავცოცხლდით ქრისტეში, რათა მისი სიცოცხლით გვეცოცხლა…

14 ივლისი, 2016 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

და როცა შეხედავ ცას, ჩემი თითების ნამოქმედარს…

ნატალია ჩიქოვანი 13 ივლისი, 2016
ნატალია ჩიქოვანი

აქ, მარადისობაში, გამუდმებით შენ გეძებ. თვალჩაციებით გიმზერ მზით გამთბარი ღრუბლების მიღმა და შენზე ვფიქრობ… ბევრს… ძალიან ბევრს. იმდენად ბევრს, რომ შენს თავზე ყველა თმის ღერი დავთვალე. გიმზერ სიყვარულით და მამობრივი მზრუნველობით და იმდენად ძვირფასი ხარ, რომ ყველა, ვინც შენ გეხება, ეხება ჩემი თვალის გუგას…

მე შენთან ვარ, როცა დილით ნაჩქარევად გარბიხარ სახლიდან ისე, რომ მოსალმებასაც ვერ ასწრებ… მაშინაც შენთან ვარ, როცა არ მიხმობ და მაშინაც, როცა იატაკზე მჯდარი გულამოსკვნილი ქვითინებ: “რატომ მიმატოვე, ღმერთო?”… მე კი ვდგავარ შენს კართან და განუწყვეტლივ ვაკაკუნებ, რომ გითხრა პასუხი კითხვებზე, რომ განუგეშო და გულში ჩაგიკრა, მაგრამ კარს არ მიღებ… და მაინც, მე გელი, რადგან ვიცი, ერთ დღესაც მოხვალ ქვეყნიერების ხეტიალიდან და ცრემლებს შეგიშრობ, ჩამოგბერტყავ იმედგაცრუების მტვერს და იარებს შეგიხვევ…

როდესაც ფიქრობ, რომ მარტო ხარ, გახსოვდეს, რომ მე ვიცი, რა არის სიმარტოვე; როდესაც გტკივა, იცოდე, რომ მე ვიცი, რა არის ტანჯვა; როდესაც უარგყოფენ, გახსოვდეს, რომ მე გავიარე “ვია დოლოროსას” ქუჩაზე ეკლის გვირგვინით… შენ არ ხარ მარტო შენს ოთახში, იატაკზე მჯდარი ცრემლების ზღვაში, არ ხარ მარტო შენს ტკივილებში და დაცემაში, რადგან მე ვარ შენთან მაშინაც, როცა გგონია, რომ მიგატოვე…

გახსოვდეს, რომ არასდროს დავუშვებ იმაზე მეტს, ვიდრე გადატანას შეძლებ… მე მჯერა შენი! მჯერა, რომ განუზომელია ჩემი ძალის ძლიერება შენში, რომელსაც გწამს ჩემი. იცოდე, რომ ყველა ტკივილი გაძლიერებს, ყველა დაცემა გწვრთნის და ყველა განსაცდელი რწმენით გავსებს… ნუ გეშინია და ნუ ფრთხი, უბრალოდ მომენდე…

და როცა შეხედავ ცას, ჩემი თითების ნამოქმედარს, იცოდე, რომ იქ, მარადისობაში მე შენ დაგეძებ და შენზე ვფიქრობ… და თუ სულ ერთი წამით, ქვეყნიერების ხმაურის მიღმა, შენს სმენას პატარა ჩქამი მისწვდება, იცოდე, რომ ეს მე ვარ… კვლავაც ვდგავარ და ვაკაკუნებ, რადგან ვიცი, რომ ერთ დღესაც მოხვალ…

13 ივლისი, 2016 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

წერილი მარადისობიდან

ნატალია ჩიქოვანი 9 ივნისი, 2016
ნატალია ჩიქოვანი

იქ, სადაც ზეცა ლაჟვარდისფერია და სინათლეს არა აქვს დასასრული… სადაც, არ არსებობს სიმშვიდე, სიკეთე და იმედი, როგორც ასეთი… რადგან არ სჭირდება განსაზღვრება იმას, რაც განუსაზღვრელია, რასაც არ აქვს გამყოფი საზღვარი სხვა არსებითობასთან… იქ, სადაც მზისფერი მინდვრები ზღვასავით ღელავენ და ყველაფერი უკიდეგანო სიყვარულშია შთანთქმული.

იქ, სადაც შორია მიწა და ღრუბლები ხელის გაწვდენაზე დაცურავენ, საუცხოო ქალაქია… იქ, სადაც არ არის მზე და სინათლე უფრო თვალისმომჭრელია… იქ, სადაც ქრება ყველა ტკივილი და შუშდება ყველა იარა; იქ, სადაც უფერულდება ყველა იმედგაცრუება და ძალას კარგავს დრო… იქ, სადაც ერთადაა დასაწყისიც და დასასრულიც, სადაც სიცოცხლის წყალი მოსჩქეფს და ცისარტყელა აფერადებს ღრუბლის ნაკუწებს… იქ, სადაც ანგელოზთა გალობას არა აქვს ბოლო და სადაც არ არსებობს დაღლა, ძრწოლა და შიში… იქ, სადაც სიკვდილი შთანთქმულია ძლევით და სიცოცხლეს არ აქვს დასასრული… იქ, იმ საუცხოო ქვეყანაში ის მოუმზადა ღმერთმა მის მოყვარულებს, რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია და ადამიანს გულზე ფიქრად არ მოსვლია…

ეს მიწა, ტალახი, ბრძოლა, ტკივილი და შიში დროებითია… რადგან ერთ დღეს დროც შეწყვეტს სუნთქვას და მისი პულსი გაჩერდება, რადგან ცხოვრება უბრალოდ სიზმარია, ერთი ამოსუნთქვა… პირველ ტირილსა და უკანასკნელ, დამჭკნარ სახეზე ჩამოგორებულ ცრემლს შორის გაელვებული მონაკვეთი… ვარსკვლავია, ცას რომ სერავს და წამის მეასედში წყვდიადში ინთქმება, თითქოს არც უარსებია… სიჩქარეა, რადგან გამუდმებით რაღაცის მოსწრებას ვლამობთ, თუმცა სიკვდილი არ არის დასასრული და არც დასასრულია უკანასკნელი, რადგან მარადიულ სიცოცხლეს დროის წამზომი არ აქვს ჩართული… მას თავად უჭირავს ხელში ქვიშის საათში გამომწყვდეული დრო და გამოცდის დასრულებას მოთმინებით ელოდება… დადგება დღე, როცა აზრს და მნიშვნელობას დაკარგავს გრძნობები და ემოციები, შეიძვრება მთელი სამყარო და დარჩება ის, რაც უძრავია – ჭეშმარიტება, საუკუნო სიცოცხლე და მიუწვდომელი ნათელი… წამზომი გაჩერდება და აღარ იქნება დრო არაფრის შეცვლისთვის… უამრავი ჩვენგანი აღმოაჩენს გაფლანგულ რესურსებს, არასწორ პრიორიტეტებს და ბნელ ადგილებს… ამაოდ დახარჯულ სიტყვებს და წყენისთვის დათმობილ დიდ ადგილს სიყვარულის ნაცვლად, საწყენ საუბრებს და დაჭრილ გულებს, განკურნების სანაცვლოდ… და არ იქნება დრო რაიმეს შესაცვლელად…

დღეს არის შანსი, სანამ ჯერ კიდევ სუნთქავს დედამიწა, სანამ დროის გულისცემა შემწყდარა, არის დრო შეცვლისთვის, რადგან იქ, სადაც ზეცა ლაჟვარდისფერია და სინათლეს არ აქვს დასასრული… სადაც არ არსებობს სიმშვიდე, სიკეთე და იმედი, როგორც ასეთი… რადგან არ სჭირდება განსაზღვრება იმას, რაც განუსაზღვრელია… იქ, სადაც მზისფერი მინდვრები ზღვასავით ღელავენ და ყველაფერი უკიდეგანო სიყვარულშია შთანთქმული, იქ, იმ საუცხოო ქვეყანაში ის მოუმზადა ღმერთმა მის მოყვარულებს, რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია და ადამიანს გულზე ფიქრად არ მოსვლია…

9 ივნისი, 2016 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ადექი და აიღე შენი ჯვარი!

ნატალია ჩიქოვანი 9 ივნისი, 2016
ნატალია ჩიქოვანი

ადექი და აიღე შენი ჯვარი… იტვირთე სიმძიმე და მიხვდები, რომ არ დარჩება ადგილი დრტვინვისა და წუხილისთვის… ადექი და აიღე შენი ჯვარი, ხელი გაუშვი სასოწარკვეთას და იმედგაცრუებას, ხელი გაუშვი ყველაფერს, რასაც ბოლო იმედივით ჩაფრენილხარ გახელებით, ხელი გაუშვი სიმწარეს, ტკივილსა და მარტოობას. იტვირთე შენი ჯვარი და ნუ წაეპოტინები მიუწვდომელს.

ადექი და აიღე შენი ჯვარი! ჩამოიფერთხე ქვეყნიერების მტვერი და გარეცხე სამოსელი… გამართე დაშვებული მხრები და ხმას ნუ დაუხშობ დადარაჯებულ სინდისს… იარე წინ და ნუ დატოვებ შენს ჯვარს პირველივე გზაჯვარედინზე. იარე წინ, მიუხედავად ტკივილისა, წვიმისა და ქარისა, სიცხისა და სიცივისა… იარე წინ! და თუ იგრძნობ, რომ ვეღარ მიდიხარ, თუ ჯვრის სიმძიმემ გადაგძალა და მაინც დაეცი, მაშინ იხოხე… ოღონდ გზა განაგრძე… იტირე, მაგრამ ჯვარს ხელი არ გაუშვა, არ დანებდე ტყუილს სიმსუბუქეზე, რადგან არ არსებობს ცოდვაზე დიდი ტვირთი ამქვეყნად…

და თუ სადმე, ცხოვრების უდაბნოში, ქვიშის ქარიშხალი თვალებს მტვრით ამოგივსებს, თუ გზიდან გადაუხვევ და უცხო ცეცხლთან, უცხო ხალხთან ერთად შემორჩები, ნუ ჩამოხვალ საკუთარ თავს ფსონად ცხოვრების კაზინოში… ზეცას ახედე! ის გიჩვენებს უკან დასაბრუნებელ გზას და შობის ვარსკვლავი გაგინათებს ბილიკს სახლისკენ… და თუ უკან დაბრუნებას გადაწყვეტ, გზად უსათუოდ იპოვი მტვერში დაგდებულ ჯვარს… ადექი და აიღე შენი ჯვარი! ეს ერთადერთი გზაა, ზეცაში რომ მიდის…

9 ივნისი, 2016 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 2

    მხსნელი უფალი

    26 თებერვალი, 2020
  • 3

    მედროვე ადამიანთა ქმედებები…

    22 მარტი, 2019
  • 4

    მეორე ლოყის მიშვერის შესახებ

    2 აპრილი, 2019
  • 5

    დალურსმული ხელები

    23 აპრილი, 2022


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ