ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

დაკავებული ქრისტიანი

დაჩი პაპაშვილი 14 თებერვალი, 2017
დაჩი პაპაშვილი

სამწუხაროდ, ხშირად, ჩვენი ლოცვა არაფერია, თუ არა მონოტონური მონოლოგი, რომელიც აღსავსეა  სათხოვრებით და საჭიროებებით და დაცლილია უფლის სახის და მისი ნების ძიებისაგან. ამის გამოა, რომ  უფალთან არა ახლო ურთიერთობა, არამედ საქმიანი დამოკიდებულება ჩამოგვიყალიბდა.

მივდივართ მასთან იმის გამო, რომ ასე ვართ მიჩვეულნი და აუცილებლად უნდა მივიდეთ, იმიტომ, რომ ეს ერთგვარ ტრადიციად გვექცა. მივდივართ მასთან, როგორც საქმიან პარტნიორთან, რომელსაც ბევრ დროს ვერ დავუთმობთ და ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ ის ჩვენი საქმეების და სათხოვრების მოგვარებაში დაგვეხმარება. ამგვარად ვცხოვრობთ ცხოვრებით, რომელიც მოკლებულია ღმერთთან ურთიერთობას და ვლოცულობთ ღმერთის მიმართ ლოცვით, რომელიც დაცლილია მისი თანდასწრებისაგან და მასთან რეალური ურთიერთობისაგან.

ჩვენ ვიქეცით საქმიან ქრისტიანებად! საქმიანი ლოცვით და საქმიანი მსახურებით! საქმეებით, რომელიც უფლისთვისაა, ოღონდ უფლის გარეშე! დიახ, ეს სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ეს ასეა…

არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა საქმეებია ეს, ჩვეულებრივი  ყოფითი საქმეები  თუ ის, რასაც უფლისა და მისი მსახურებისთვის ვაკეთებთ. ახალ აღთქმაში ვხედავთ ამგვარ შემთხვევას მართასა და მარიამის მაგალითიდან:

„განაგრძეს გზა და შევიდა ერთ სოფელში. დედაკაცმა, სახელად მართამ, თავის სახლში მიიწვია იგი. მას ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით დაჯდა და მის სიტყვას ისმენდა. მართა კი გულუხვად გამასპინძლებაზე ზრუნავდა. მივიდა და უთხრა: ‘უფალო, ნუთუ არ განაღვლებს, რომ ჩემმა დამ მარტო დამტოვა სამასპინძლოდ? უთხარი, მომეხმაროს.’ მიუგო უფალმა და უთხრა: ‘მართა! მართა! შენ ბევრ რამეზე ზრუნავ და წუხხარ; საჭირო კი მხოლოდ ერთია. მარიამმა უკეთესი წილი ამოირჩია, რომელიც ვერ წაერთმევა’“. (ლუკა 10:38-42);

მე-19 საუკუნის მოღვაწე, ერთ-ერთი უდიდესი მქადაგებელი ჩარლზ სპერჯენი თავის ერთ-ერთ ქადაგებაში ამბობს, რომ „მართას სული“ გაბატონებულია ეკლესიაში და აზიანებს ჭეშმარიტ მსახურებას. ცხადია, რომ ყველა ეპოქაში ყველა ეკლესია იდგა ამ საცდურის წინაშე.

სახარებაში  ვხედავთ, თუ როგორ შეაქო უფალმა მარიამის გადაწყვეტილება, რომ ყოფილიყო მის ფერხთით და ესმინა მისთვის. რა თქმა უნდა, მნიშნელოვანი იყო ისიც, რასაც მართა აკეთებდა, მაგრამ უფალმა პრიორიტეტი მარიამის არჩევანს მიანიჭა. რასაკვირველია, მნიშნელოვანია ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მაგრამ როდესაც მოკლებულნი ვართ უფლის თანდასწრებას და მასთან ურთიერთობას,  სწორედ მართას მდგომარეობაში აღმოვჩნდებით ხოლმე და ვიწყებთ იმ ადამიანთა განკითხვას, ვინც იმდენს არ აკეთებს, რამდენსაც ჩვენ. ცუდი არაა მართასავით „ბევრ რამეზე ზრუნვა“, ცუდია უფალთან ურთიერთობის არქონა და მის გარეშე მისი საქმის კეთება, რაც აუცილებლად მიგვიყვანს უსიყვარულობამდე და სხვათა განკითხვამდე.

ამ ისტორიაში მოთხრობილია ორ დის შესახებ, რომელთაც ორი განსხვავებული რამ აირჩიეს და აქვე ჩანს უფლის დამოკიდებულებაც მათი არჩევანისადმი. მართა არ საქმიანობდა ქვეყნიერებისთვის, არამედ იმისთვის, რომ უფალს მომსახურებოდა. წარმოიდგინეთ მართას იმედგაცრუება, როდესაც უფალმა მისი დის საქციელი უფრო მოიწონა. მართას მაგალითი ჩვენს სასწავლებლადაა, რომ არ მივიღოთ უფლისაგან ისეთივე პასუხი და არ განვიცადოთ იმედგაცრუება, რომელიც შეიძლება მოჰყვეს პირველხარისხოვანი საკითხის უკანა პლანზე გადაწევას.

დაფიქრდი, რომლის არჩევანი უფრო შეესაბამება შენს მდგომარეობას, მართასი თუ მარიამის. რა მიგაჩნია პირველხარისხოვნად? ის, რაც თავად გეჩვენება სათნო საქმედ უფლისთვის, თუ ის, რასაც უფალი უპირველესად მოითხოვს შენგან: მოსმენა, მორჩილება და პირადი ურთიერთობა. რას არჩევ შენ, უფლის ფერხთით ყოფნას და მის შექებას, თუ ფუჭ ფაციფუცს და იმედგაცრუებას?.. არჩევანი შენზეა…

14 თებერვალი, 2017 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ქრისტიანობანა

ნატალია ჩიქოვანი 2 თებერვალი, 2017
ნატალია ჩიქოვანი

ყოველი დღე საზრუნავით იწყება, ათასგვარი ფიქრით, თუ სად, რას, როგორ, რანაირად… ჩვეულებრივია დილაც, სურნელოვანი ფინჯანი ყავაც, მზის სხივებიც… თითქოს ასეც უნდა იყოს, არადა გვავიწყდება, რომ სადღაც, ვიღაცისთვის აღარ გათენდა. ჩვენ კი „დამსახურებულად“ გათენებული დილიდან ცხოვრების თავბრუდამხვევ რიტმში ვეშვებით.

დავდივართ ყოვლისმცოდნე, შეწუხებული სახეებით, თითქოს მთელი სამყაროს ტვირთი გვედოს მხრებზე. დავდივართ ამაყები, მოწესრიგებულები, სარკეში დაყენებული მიმიკებით და სულში ნაგვის გროვას დავატარებთ.

ყოველდღიურად ვზრუნავთ გარეგნობაზე და სათნო იმიჯმორგებულები ვერ ვხვდებით, როდის ვიწყებთ ქრისტიანობანას თამაშს. ვხდებით ზედაპირულები და არ ვუკვირდებით ღრმასა და დაფარულს, ჩვენს მოტივებს, ზრახვებს და გვიკვირს, რატომ ვერ ვაღწევთ დასახულ მიზნებს.

ვეჯაჭვებით ხილულს და გვავიწყდება, რომ უხილავი სამყაროს შვილები ვართ, ზეცის მოქალაქეები. ვეიმედებით ადამიანებს, მთავრობებს და ხელისუფალთ და ვდრტვინავთ, როდესაც გვჩაგრავენ, გვდევნიან და გვავიწროებენ. ვწუწუნებთ უსაშველოდ ბევრს და ფარ-ხმალს ვყრით პირველივე შემოტევისას…

ცოტა დროს ვატარებთ მუხლებზე ღმერთის წინაშე და მთელი სამყაროს შეცვლა გვსურს. ვირგებთ როლებს და ვხარჯავთ ტალანტებს, მაგრამ ძალიან ხშირად მსახურება საქმედ გადაგვექცევა ხოლმე, მისი დიდების ძიებას კი საკუთარი თავის რეალიზაციის ქვეცნობიერი სურვილი ცვლის.

დრო გადის, წლები მიდიან, გამოცდილება გვემატება, „ვბრძენდებით“, გარკვეულ იმიჯს ვიყალიბებთ, გავცემთ რესურსებს და ვცარიელდებით, ვიფიტებით, რადგან არ ვივსებით ღმერთის სულით, რადგან არ გვცალია უფალთან ურთიერთობისთვის, დრო არ გვრჩება წერილის კითხვისთვის და მისი გარჩევისთვის. დაკავებულები ვართ და იმდენად საქმიანები, რომ ჩვენი ლოცვები დიალოგის ნაცვლად მონოლოგად გადავაქციეთ, რომელშიც ხშირად ისმის სიტყვები: „მაკურთხე“, „მომეცი“, „დამეხმარე“… ჩვენ არ ველოდებით პასუხს და პრინციპში, ზოგჯერ არც გვჭირდება, იმიტომ, რომ თავად ვიცით, როგორ უნდა გავაკეთოთ, იმიტომ, რომ არ ვართ მზად უპირობო მორჩილებისთვის….

ჩვენ უბრალოდ ვთამაშობთ… ზოგჯერ ბავშვური გულწრფელობით, მთელი არსებით, მაგრამ მაინც ვთამაშობთ ქრისტიანობანას. არ ვართ მზად გაღებისთვის, რადგან მიღებას დავეჩვიეთ, არ ვართ მზად სხვების მსახურებისთვის, რადგან მომსახურება გვიყვარს, არ ვართ მზად შეცვლისთვის, რადგან მოგვწონს ჩვენ მიმართ გამოვლენილი მოთმინება და ვთამაშობთ, რადგან თამაში ადვილია, რადგან თამაშის წესებს თავად ვიგონებთ, ვქმნით ახალ სტერეოტიპებს და დოგმებს.

ზოგჯერ უბრალოდ უნდა გაჩერდე, შეწყვიტო ყველაფრის კეთება და დარჩე მარტო ღმერთთან, იქ, ძალიან ღრმასა და დაფარულში, სადაც არ გჭირდება საკუთარი თავის გამოგონება, სადაც ხარ ისეთი ნამდვილი, როგორიც ხარ და სადაც საკუთარი ფიქრების, ზრახვებისა და მოტივების ორპირ ქარში დგახარ, სადაც არ გაქვს სიტყვები თავის მართლებისთვის და მხოლოდ ერთი რამ იცი, რომ ის დიდებული ღმერთია და შენ მხოლოდ ერთი არჩევანი გაქვს: უნდა შეიცვალო! შეწყვიტო თამაში და დაიწყო თავიდან, მასთან ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ…

2 თებერვალი, 2017 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

გვიღირს ბრძოლა…

გუჯა ჩაჩანიძე 1 თებერვალი, 2017
გუჯა ჩაჩანიძე

„და იქნებიან გმირებივით, ბრძოლაში რომ მტერს თელავენ ტალახივით; იბრძოლებენ, რადგან უფალი იქნება მათთან და შეარცხვენენ მტრის მხედრიონებს.“ (ზაქარია 10:5)

რამდენი რამ ანგრევს ადამიანის ფსიქიკას, რამდენი რამ აყალიბებს მის არასწორ მსოფლმხედველობას, რამდენი რამ ცვლის მის შინაგან სამყაროს უარყოფითისკენ. დღეს თითქოს მთელი მსოფლიო საკუთარი თავის წინააღმდეგ აღდგა. თითქოს ადამიანი, რომელმაც განვითარების უმაღლეს საფეხურებს მიაღწია, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, სულ უფრო და უფრო უკან იხევს „ადამიანობაში“.

დღეს ყველგან ბრძოლა მიმდინარეობს, ყველგან საჭიროა თავის დამკვიდრება, ყველგან საჭიროა ბრძოლა იმისათვის, რომ პატივს გცემდნენ. ხშირად ადამიანების გულებში ისადგურებს შიში იმისა, რომ არ მიგვიღებენ, დაგვჩაგრავენ, რომ ვერ შევძლებთ… ადამიანები იბრძვიან საკუთარი მეთოდებით, ზოგი თავისი ინტელექტის წარმოჩენას ცდილობს, ზოგი თავის ძალას ეყრდნობა, ზოგიც მჭევრმეტყველებით ან გარეგნობით ცდილობს სასურველ შედეგს მიაღწიოს. მეთოდი მრავალია, მიზანი კი ერთი… მიზანი, რომელიც ამართლებს საშუალებას.

მაგრამ არსებობს ერთი მსოფლმხედველობა, რომელიც არ არის ადამიანური ბუნების მატარებელი და ისიც მებრძოლი ხასიათისაა…

ეს ადამიანობაა.

მასში ბრძოლა ბევრად უფრო რთულია, რადგან იგი არ იბრძვის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ სიბნელის სამყაროს მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ (ეფესელთა 6:12) და მისი არსი სიყვარულში მდგომარეობს, სწორედ ეს არის ქრისტიანობა, რომელიც თითქოსდა „დიდი დოზითაა“ ჩვენ გარშემო, თუმცა იმდენად მცირეა ჭეშმარიტების მარცვალი ამ მრავლობითობაში, რომ მისი დანახვა თითქმის შეუძლებელია ხოლმე…

როგორც მაჰათმა განდიმ თქვა: „მე მომწონს ქრისტე, მაგრამ არ მომწონს ქრისტიანები, ისინი ქრისტეს საერთოდ არ ჰგვანან.“
სწორედ ასეა, ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ქრისტეს მიმდევრები ვართ, მაგრამ ჩვენი ბუნება, ქცევები, გადაწყვეტილებები საერთოდ არ ჰგავს ქრისტეს ხასიათს.

ხშირად ვერც კი ვიაზრებთ, როგორ გვაკვირდებიან… სცადე და განაცხადე, რომ ქრისტიანი ხარ, ეკლესიაში დადიხარ და დაელოდე, როგორ დაგიწყებენ დაკვირვებას გარშემო მყოფები; როგორ გაეცინებათ შენ შეცდომებზე; როგორ „გამხელენ“, როცა შეგეშლება… ასეა, ქრისტიანის შეცდომა გამადიდებელი ლუპის ქვეშ მოქცეულ დაკვირვების საგანს წარმოადგენს და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან თუ ვაღიარებთ, რომ ქრისტესნი ვართ, უნდა ვიქცეოდეთ კიდეც მის მსგავსად, ჩვენ არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ იქ, სადაც ვერ გვხედავენ ადამიანები, გვხედავს ის, ვის სახელსაც ვატარებთ.

ყველაზე ხშირად კი ადამიანებთან ურთიერთობებში ვცდებით. ვცდებით, რადგან ქრისტიანობა წესების კრებული გვგონია, გაკვეთილივით სასწავლი, რომ როცა რაიმეზე აზრს გვკითხავენ, პასუხები გამზადებული გვქონდეს. მოგვწონს, როცა ყველაფერზე პასუხი გვაქვს. ამასთან ერთად კი არ გვესმის ელემენტარული საკითხები: პატიება, თანაგრძნობა, გამხნევება, საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლა და სხვისი მომსახურება.

დიახ, ეს ბრძოლაა და გაცილებით ძნელია, ვიდრე თავის დამკვიდრება. იგავებში მეფე სოლომონი წერს, რომ საკუთარი თავის მმართველი ქალაქის ამღებს სჯობია (იგავნი 16:32). სახარება ამბობს, რომ ცათა სასუფეველი ძალისხმევით წარიტაცება (მათე 11:12). ასეა, ცათა სასუფეველში შევა ის, ვინც საკუთარ თავს ხელში აიყვანს, ვინც გადადებს საკუთარ სიცოცხლეს ქრისტესთვის.

უამრავი ბრძოლის გადატანა გვიწევს, მაგრამ გვიღირს, გვიღირს ქრისტესთვის, რადგან მან გადმოდგა პირველი ნაბიჯი, პირველმა მან იბრძოლა, მან გაწირა საკუთარი სიცოცხლე ჩვენთვის. (1 ტიმოთე 2:6).

გვიღირს ბრძოლა პატიებისთვის…
გვიღირს ბრძოლა შეყვარებისთვის…
გვიღირს ბრძოლა გაღებისთვის…
გვიღირს ბრძოლა თავმდაბლობისთვის…
გვიღირს ბრძოლა თანადგომისთვის…

ხშირად გვეჩვენება, რომ არანაირი რესურსი არ გაგვაჩნია ამ ბრძოლისთვის, თითქოს სუსტები ვართ, მაგრამ შეგვიძლია, შეგვიძლია იმ გმირების მსგავსად, რომლებიც ქუჩის ტალახს თელავენ ბრძოლაში და აწბილებენ ცხენებზე ამხედრებულთ, რადგან უფალია მათთან (ზაქარია 10:5).

თუ უფლის მხარეს იბრძვი, გამარჯვება ყოველთვის მოვა, გამარჯვება საკუთარ თავზე და გარემოებებზე.

იბრძოლო საკუთარი თავის ხელში ასაყვანად და ყოველდღე ემსგავსებოდე ქრისტეს, აი, ეს არის ქრისტიანობა…

1 თებერვალი, 2017 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

თანამგრძნობი მსახური

გიორგი აგურაშვილი 31 იანვარი, 2017
გიორგი აგურაშვილი

საქმეების მე-2 თავის მე-14 მუხლში ვკითხულობთ: „ხოლო პეტრე თერთმეტთან ერთად წამოდგა, ხმა აიმაღლა და უთხრა მათ: ‘იუდეველნო და იერუსალიმის მკვიდრნო! დაე, ცნობილი იყოს ეს თქვენთვის…’“ ჩვენ ნათლად ვხედავთ პეტრეს გაბედულებას სულიწმიდით ნათლობის შემდეგ, ნაცვლად იმ მომენტისა, რომელიც მათეს სახარების 26:74-შია აღწერილი: „და იწყო წყევლა და ფიცილი, არ ვიცნობ ამ კაცსო. ამ დროს იყივლა მამალმა…”

იესოს დაპატიმრების შემდეგ პეტრეს ვხედავთ გაუბედავს და გაურკვევლობისგან შეშინებულს, რომელიც ერთ უბრალო დედაკაცთანაც კი ვერ აღიარებს ქრისტეს ნაცნობობას. საბოლოოდ იგი უარყოფს იესოს და დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ საერთო არაფერი ჰქონია მასთან, სანამ მამლის ყივილი არ ამხელს, რაც დიდ ნაღველს და უიმედო მდგომარეობას მოუტანს. სულიწმიდით ნათლობის (საქმ. 2:14) შემდეგ კი ვხედავთ, თუ როგორ გაბედულად აღიარებს არა მხოლოდ იესოსთან ნაცნობობას, არამედ როგორ ასწავლის სხვებსაც. ის უხსნის შეკრებილ ხალხს სულიწმიდის გადმოღვრის შესახებ, რომელზეც ღმერთი ჯერ კიდევ წინასწარმეტყველ იოველის ბაგით ლაპარაკობდა და ამოწმებს ქრისტეს შესახებ, არა როგორც უბრალო ნაცნობზე, რომელიც ერთ დროს უარყო, არამედ მისთვის თავგანწირულ მხსნელზე და მოუწოდებს ადამიანებს მონანიებისკენ. აუწყებს ადამიანებს სულიწმიდის ნიჭის შესახებ, რომელიც ყველა იმ ადამიანისთვისაა გამზადებული, ვინც აღიარებს ქრისტეს თავის უფლად და მხსნელად (საქმ. 2:38-39). პეტრე ხაზგასმით მიუთითებდა ღვთის მიუკერძოებლობაზე და ქადაგებდა, რომ ღმერთი სულიწმიდას მოაფენდა არა მარტო იმ ადამიანებზე, რომლებიც იმ დროს იქ იყვნენ, არამედ მათ შვილებზე და მათთვის უცნობ ადამიანებზეც, რომლებიც ირწმუნებდნენ იესოს. პეტრეს გაბედულება სულით აღვსების შემდეგ იმდენად დიდი იყო, რომ მისი პირველი ქადაგებისას 3000-მა ადამიანმა მოინანია, მოინათლა იესოს სახელით და მიიღო სულიწმიდის ნიჭი.

მინდა ვისაუბრო არა მხოლოდ გაურკვევლობისგან შეშინებულ პეტრეზე, რომელიც სულიწმიდით ნათლობის შემდეგ გაბედულ, მცოდნე მქადაგებლად გარდაიქმნა, არამედ თანამგრძნობ მსახურზე, რომელიც ემსგავსებოდა ქრისტეს თავისი ხასიათით.

ლუკა მახარებელი ზედმიწევნით კარგად აღწერს ისტორიას, თუ როგორ განკურნა პეტრემ დაბადებიდან დავრდომილი (საქმ. 3:3-7): „ტაძარში შემავალ პეტრეს და იოანეს დავრდომილმა მოწყალება სთხოვა. პეტრე დააკვირდა მას და უთხრა – ‘ შემოგვხედე.’ დავრდომილი დაჟინებით უყურებდა მათ იმ იმედით, რომ რამეს მიიღებდა მათგან. ბოლოს პეტრემ უთხრა: ‘ვერცხლი და ოქრო არ გამაჩნია, მაგრამ რაც მაქვს, იმას გაძლევ. იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, იარე! მარჯვენაზე მოკჰიდა ხელი და წამოაყენა; მყისვე გაუმაგრდა მას ფეხები და სახსრები.”
ჩვენ ვხედავთ, რომ პეტრე არა მხოლოდ გაბედულ, ძლიერ მქადაგებლად ჩამოყალიბდა, არამედ გაჭირვებულთა მსახური და თანამგრძნობიც გახდა. დავუფიქრდეთ პეტრეს ქმედებას, ის აკვირდებოდა დავრდომილს, უყურებდა მას მთელი სიყვარულით, შეებრალა იგი და უნდოდა დახმარებოდა მას, ამიტომ მყისვე რწმენის ნაბიჯი გადადგა და არა მხოლოდ სიტყვა უთხრა, არამედ ხელიც მოჰკიდა, წამოაყენა და ღმერთმაც არ დააყოვნა მისი განკურნება.

მე, როგორც ქრისტიანი, საოცარ მსგავსებას ვხედავ პეტრესა და იესოს ქცევას შორის, როდესაც მას ბრმები წყალობას სთხოვდნენ. „შეებრალა იესოს ისინი, შეეხო მათ თვალებს და მყისვე აეხილათ და გაჰყვნენ მას” (მათე 20:34). იესომ უბრალოდ არ უთხრა მათ, თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ, ის არ სჯერდებოდა მხოლოდ სიტყვებს და არ ათავისუფლებდა კურნებას მათზე, არა, იესოს შეებრალა ისინი, დააკვირდა მათ მთელი სიყვარულით და თანაგრძნობით შეეხო მათ ჭრილობებს… პეტრეს ქცევაშიც იმავეს ვხედავთ: სიბრალულს, თანაგრძნობას, სიყვარულს, მოქმედებას და გულმოდგინე ჩარევას დავრდომილის განკურნებისთვის.

პეტრეს მაგალითზე ცხადად ჩანს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, ქრისტიანი იყოს გაბედული მოწმე იესო ქრისტესი და ამავდროულად, თანამგრძნობი მსახური გაჭირვებულთათვის, ავადმყოფთათვის, რომელთაც არა მხოლოდ განკურნება ან მატერიალური დახმარება, არამედ გამხნევება, სწავლება და თანაგრძნობა სჭირდებათ.

31 იანვარი, 2017 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

წერილი ღმერთს

მაკო ჭიაბრიშვილი 21 დეკემბერი, 2016
მაკო ჭიაბრიშვილი

ძვირფასო ღმერთო,

ვერ იქნა და ვერ ისწავლა ადამიანმა ფეხაუცდენლად სიარული.

აცდენილ ნაბიჯებს ძლიერი გუგუნის ხმა აქვს. მაპატიე, ხანდახან ვახშობ ხოლმე ამ ხმას მაშინ, სუნთქვის შეკვრას რომ ვეღარ ვუძლებ.

პირველი გამაყრუებელი გუგუნის ხმა მაშინ ვიგრძენი, როდესაც მივხვდი, რომ ადამიანთა უმეტესობას მხოლოდ მაშინ უყვართ, როცა სჭირდებათ. შემეშინდა, სიყვარული არ ყოფილიყო ადამიანივით პატარა.

წლებთან ერთად გუგუნს პატივმოყვარეობისა და გაუმაძღრობის სუნიც მოჰყვა. ეს ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მთელი სხეული გტკივა, გემტვრევა, ნაწილებად იშლები და ვეღარასდროს იქნები მთლიანი… შენ ყველაზე უკეთ იცი უარყოფით გამოწვეული სევდის გემო.

მიუხედავად ამისა, მე კვლავ მწამს, რომ ყველა ადამიანმა უნდა ეძიოს თავისი წილი ღვთისმოსაობა და სხვა ადამიანებს აჩუქოს ის, რასაც ისინი არ ეძებენ, მაგრამ სჭირდებათ.

ვუყურებ ალეპოში მიმდინარე მოვლენებს და ვხედავ შენს უზარმაზარ ცრემლებს, მძიმეს, მართალსა და გამჭვირვალეს. ნუთუ ასეთი გულნამცეცა ჰგონიათ ადამიანებს, ჩემო ღმერთო, შენი სიღრმე, რომელიც არავის უნახავს და სამკვიდრებელი, რომელმაც უნდა მიგვიღოს?

სირიაში პაწაწინა არსებები, რომელთა თვალებშიც სულ ცოტა ხნის წინ თვალისმომჭრელად ელავდა პოლარულ ვარსკვლავთა ნათება, შორეული თეთრი მთების სევდამ მოიცვა… ადამიანები კვლავ აგრძელებენ სუნთქვას უსიყვარულოდ… მე კი გამოგიტყდები, რომ ყოველდღიური ცხოვრებისას, როცა მეცინება რაღაცაზე, მრცხვენია, რადგან ალეპოა სადღაც!

მე ვნახე მამა, რომელსაც წინ ორი პატარა გოგონა ესვენა, თოჯინების მსგავსი, თვითონ კი არარსებული მიმართულებით არარსებული წერტილისკენ იყურებოდა. მე ვიცი, რომ შენც ისევე შეამჩნიე ეს, როგორც მე და ეს ორმაგად მტკივნეული იყო.

მე ვიცი, ღმერთო, ეს ადამიანები, რომლებიც ახლა თავისი ქედმაღლობით ბორკილებში მოქცევას გიპირებენ, ადამიანები, რომლებსაც არ სჯერათ შენი ძალის, მაინც შენთან მოვლენ, როდესაც სიყვარული არ ეყოფათ. ზოგ მათგანს სიყვარულის ძიება სიცოცხლეშივე მოიყვანს, სინანულით გაჟღენთილთ, ზოგს კი თავად სიკვდილი.

მანამდე კი მიდიან ადამიანები − ფიტულები არსაითკენ და უკან შიშის ნაბიჯებს ტოვებენ… შიშის − მიზანმიუღწევლობის, არასრულფასოვნების… ამ ნაბიჯებში სისხლია ჩაგუბებული და მათ დატოვებულ შიშს თავად ეშინია თავის თავში ჩაღვრილი ბლანტი სითხის.

მიდიან ადამიანები არსაითკენ და მიაქვთ სხვა ადამიანების აღარარსებული, დაუთვლელი ცხოვრების კადრები. ადამიანები, რომლებმაც დაუცველ არსებებში გათხარეს სანგრები.

ვერ იქნა და ვერ ისწავლა ადამიანმა სიყვარული, ღმერთო!

21 დეკემბერი, 2016 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

აჩუქე სითბო…

ნატალია ჩიქოვანი 20 დეკემბერი, 2016
ნატალია ჩიქოვანი

დეკემბერია. ჰაერში შობის სურნელი ტრიალებს… მიყვარს წლის ეს დრო… ჭირხლი ფანჯრებზე, განათებული ქუჩები, გირლანდებით მორთული ვიტრინები, საახალწლო ფასდაკლებები… განსაკუთრებით კი ღიმილი მიყვარს ადამიანთა სახეზე… ასე მონატრებული და უჩვეულო… პოზიტივი მიყვარს და გულდაჯერებული იმედი, ყოველ ახალ შობას რომ მოაქვს ჩვენს სახლებში მეკვლეს მოტანილი ტკბილეულივით.

ფაციფუცი მიყვარს, აჩქარებული სამზადისი, თითქოს სადღაც გვაგვიანდება… ურთიერთობები მონატრებულ ადამიანებთან, ხალხით გატენილი აეროპორტები და სადგურები მიყვარს, საშობაოდ სახლში რომ მიეჩქარებათ თავისიანებთან…

მიყვარს შობა, ჯადოსნური ჯოხივით რომ აფერადებს ნაცრისფერ სამყაროს და გვაბრუნებს ღიმილიან, სიყვარულით სავსე სამყაროში… წელიწადში ერთხელ თითოეულ ჩვენგანს ახსენდება, რომ მკაცრი, რუტინული ცხოვრების მიღმა ჩვენ იგივენი ვართ, ვისაც ხშირად ჩასძინებია ფანჯრის რაფაზე ირმებიანი მარხილის მოლოდინში…

ამ დღეს ერთიანად ვივიწყებთ ყველაფერს, რაც მთელი წელი ასე გვაღელვებდა და ერთმანეთით ვცხოვრობთ… უფრო სწორად ერთმანეთი გვახსენდება და ვხვდებით, რა მნიშვნელოვანია ცოცხალი ურთიერთობები, რომლებიც მეორე შობამდე ისევ რუტინული და ნაცრისფერი ხდება… ხშირად ჩვენ იმდენად ვერთობით სადღესასწაულო სუფრის მომზადებით, საშობაო დეკორაციის მოწყობითა და საზეიმო ვარცხნილობით, რომ შობის არსს ვივიწყებთ…

ეს ის დღეა, როდესაც უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაპატიეს, რომ ამ დღეს იესო დაიბადა, რათა ჩვენთვის მომკვდარიყო… ეს ის დღეა, როდესაც უნდა გახსოვდეს, რომ არიან ადამიანები, ვისაც იმედი და სასწაული სჭირდება და შენ შეგიძლია აჩუქო სითბო. ეს ის დღეა, როდესაც შენ გაპატიეს და უნდა გახსოვდეს ადამიანები, ვისაც ახლა შენ უნდა აპატიო…

მიყვარს შობა… ბედნიერების სურნელით ჰაერში და საშობაო ანგელოზებით მორთული ქუჩები, ღიმილი მიყვარს ადამიანთა სახეზე და იმედი მათ თვალებში… მიყვარს შობა მთელი თავისი არსით: გომურში მოვლენილი ყრმის შესახებ ისტორიებით, საუკუნო სიცოცხლით და იმედის აღთქმით, რომ კვლავ დაბრუნდება…

P.S. საყვარელი ადამიანებისთვის საშობაო საჩუქრები თუ ჯერ არ შეგირჩევიათ, აჩუქეთ მათ თქვენი სითბო და ბევრი ღიმილი. მერწმუნეთ, არასდროს დაავიწყდებათ! ბედნიერ შობას გისურვებთ!

20 დეკემბერი, 2016 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

რა ღირს ადამიანი?

ნატალია ჩიქოვანი 1 დეკემბერი, 2016
ნატალია ჩიქოვანი
„გამხდარ თხას, დაკოჭლებულ ცხენს, ჩახმახდამტვრეულ თოფს ფასი ეკარგება, ადამიანს კი ერთი და იგივე ფასი აქვს ყოველთვის და ყოველგან, იმერეთის სამეფოს არგუნებს თუ დანელიას მეღორეთ გააჩენს უფალი… ადამიანის ღირებულება არაფრით არ გაიზომება… ადამიანი მუდამ ადამიანია – არც მეტი და არც ნაკლები”. (ნიკო ლორთქიფანიძე)

ერთხელ, ერთ-ერთ სემინარზე მოვისმინე, რომ მინერალები, რომლებისგანაც შედგება ადამიანი, 2 დოლარის ღირებულებას შეადგენს… მეცნიერებისთვის 2 დოლარის ღირებულების „მტვრის გროვა“ ვიღაცისთვის მთელი სამყაროა, ვიღაცისთვის − დროის მცირე ნაწილი, ვიღაცისთვის − ყველაფერი და ვიღაცისთვის კიდევ არაფერია…

და მაინც, რა ფასი აქვს თითოეულ ჩვენგანს ამ სამყაროში? რატომ ვცდილობთ გამუდმებით საკუთარი ღირსების წარმოჩენას, რატომ გვსურს შეგვამჩნიონ და დაგვაფასონ? რატომ გვინდა, რომ ვგრძნობდეთ საკუთარ მნიშვნელოვნებას ? ჩვენ ხომ ძალიან ბევრს ვშრომობთ, რომ „ვიყოთ“, მერე ასევე ბევრს ვშრომობთ, რომ „გვქონდეს“ და გარკვეულ საფეხურზე შეჯიბრებას ვიწყებთ გარშემო მყოფებთან… და ასე, დაუსრულებლად დავდევთ საკუთარი „ღირსების“ შეგრძნებას…

რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ თანასწორობაზე, მაინც ყველაზე უთანასწორო სამყაროში ვცხოვრობთ. მაინც ვყოფთ ადამიანებს ცუდებად და კარგებად; თეთრებად და შავებად; წარმატებულებად და წარუმატებლებად; ღირსეულებად და უღირსებად… მაინც გვინდება საუკეთესო ადგილი შევთავაზოთ მდიდრულად ჩაცმულ ადამიანს და ჭუჭყიანი მაწანწალის დანახვაზე მკვეთრ ზღვარს ვავლებთ ჩვენსა და მას შორის, თითქოს თავს ვიმშვიდებთ, რომ ჩვენ მის ადგილას არ ვართ… არადა შეიძლება ვყოფილიყავით… ზოგჯერ ცხოვრება გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ ვალუტასავით „ვუფასურდებით“, ან პირიქით, თითქოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვიძენთ, თუკი რაიმე წარმატებას ვაღწევთ.

ტალახში ჩავარდნილ მონეტას ფასი არ ეკარგება! მისი ღირებულება იგივეა! მნიშვნელობა არ აქვს, ქვეყნიერებისთვის რა ფასი გაქვს, რომელ კატეგორიას თუ სოციალურ კლასს ეკუთვნი… შემოქმედისთვის შენ ის ხარ, ვისთვისაც საკუთარი, მხოლოდშობილი ძე გაწირა: „ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16). მას შეუძლია გაგვწმინდოს ყოველგვარი ცოდვისგან და ფეხზე წამოგვაყენოს მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი დაკარგული გვგონია.

მნიშვნელობა არ აქვს „რა ღირხარ“ დღეს, როგორ გაფასებს საზოგადოება, ან საკუთარი თავის თვალში როგორ „გაუფასურდი“… იცოდე, რომ შენ უნიკალური ხარ, ერთადერთი და ძვირფასი. შენ იგივე ფასი გაქვს, რაც იესოს, რადგან სიცოცხლე გაგიცვალა ჯვარზე. ნუ დაიჯერებ, რომ ტალახიან მონეტას ფასი არ აქვს, რადგან „ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი ამტკიცებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“ (რომაელთა 5:8).

1 დეკემბერი, 2016 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

შეხედე საკუთარ თავს ღმერთის თვალებით…

ანა ხუბაშვილი 30 ნოემბერი, 2016
ანა ხუბაშვილი

კალიფორნიის შტატში არის უდაბნოს მცენარე, რომელიც ისეთი პატარაა, რომ ბოტანიკოსებს მიწაზე დაწოლა და გამადიდებელი შუშით უწევთ მისი შესწავლა. მისგან არც ისე შორს კი უზარმაზარი, წითელი ხის ტყეა… ერთი შეხედვით რა უმნიშვნელონი ჩანან ეს პატარა მცენარეები ამ ხეებთან შედარებით, მაგრამ ბოტანიკოსებს თუ დავუჯერებთ, მომცრო ზომის მიუხედავად, არანაკლები მნიშვნელობის მატარებელნი არიან, რადგან ღმერთი შემთხვევით არ ქმნის, უფრო მეტიც, არც ერთი მცენარე არ არის სხვა მცენარის მსგავსი…

ზამთარში მილიონობით თოვლის ფიფქი ეცემა ძირს, რომლებიც თითქოსდა იდენტურები არიან, მაგრამ მიკროსკოპის საშუალებითაც კი ვერ აღმოაჩინეს მსგავსება ორ ფიფქს შორს. ასევეა თითის ანაბეჭდის და თითოეული ადამიანის შემთხვევაშიც.

ეკლესიაში არიან ადამიანები, რომლებიც უყურებენ სხვა ღვთისმსახურებს და მათით აღფრთოვანებულნი ცდილობენ, რომ დაემსგავსონ მათ… მონდომებით აკეთებენ იმას, რასაც ისინი, და თუ არ გამოუვათ, ამაზე დანაღვლიანდებიან ხოლმე. ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი ისინი ნებდებიან, რადგან არასრულფასოვნების კომპლექსი იპყრობთ…

წავიკითხოთ პავლე მოციქულის I წერილი კორინთელთა მიმართ 7:7

„ვინაიდან მსურს, ყველა ადამიანი იყოს, როგორც მე ვარ. მაგრამ ყველას თავისი ნიჭი აქვს ღვთისაგან, ზოგს ასეთი და ზოგს ისეთი.“

ზოგჯერ ჩვენს მოწოდებას არ ვპასუხობთ და სხვა ადამიანებს შევყურებთ, რომლებიც თავიანთი ნიჭებით ემსახურებიან ღმერთს. ჩვენს ტალანტს კი „მიწაში ვმარხავთ“. ამაზე პასუხი ნამდვილად მოგვეთხოვება, ამიტომ დროა, გამოვიდეთ კომპლექსების ნიჟარიდან…

საკუთარ თავს ყოველდღე შევახსენოთ, რომ თითოეული ჩვენგანი ღირებული და საჭიროა ღმერთისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის, ჩვენი ოჯახისთვის… თითოეულ ჩვენგანს აქვს განსხვავებული ნიჭი და ამ ნიჭით უნდა ვემსახურებოდეთ უფალს…

გახსოვდეთ, რომ პატარა ხელსაწყოს შეუძლია მოერგოს იქ, სადაც დიდი ზომის ხელსაწყო უსარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს. იყავით ინდივიდუალურნი და შეხედეთ საკუთარ თავს ღმერთის თვალებით.

30 ნოემბერი, 2016 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

„მომეცი ძალა, კიდევ ერთი გადავარჩინო“

მაკო ჭიაბრიშვილი 30 ნოემბერი, 2016
მაკო ჭიაბრიშვილი

დღეს სრულიად მოულოდნელად გადავწყვიტე კინოში წასვლა… კინოთეატრში ოსკაროსანი რეჟისორის, მელ გიბსონის, ფილმი „ჰაქსოს გმირი“ გადიოდა, რომელსაც 2017 წელს ოსკარს უწინასწარმეტყველებენ… შინაარსი წინასწარ ვიცოდი. მოვლენები მეორე მსოფლიო ომის ფონზე ვითარდება, ამერიკელების ბრძოლა იაპონელებთან და გმირი, რომელიც ქრისტიანობის გამო იღებს გადაწყვეტილებას, წავიდეს ომში, ოღონდ არა ადამიანთა დასახოცად, არამედ მათ გადასარჩენად.

ერთი შეხედვით, ყველაფერი თითქოს ფანტასტიკას ემსგავსება, მაგრამ ვიცოდი, რომ ფილმი რეალურ მოვლენებს ეფუძნებოდა და მოკლედ, დაინტერესებული და ბევრი ბატიბუტით ხელში ჩავუჯექი ფილმს.

მთავარი გმირი ომში მოხალისედ მიდის, თუმცა უარს აცხადებს იარაღის ხელში აღებაზე და განმარტავს, რომ მისი ღმერთი მოუწოდებს „არ კლა“… მიუხედავად ამისა, არავის ესმის მისი ომში ყოფნის დანიშნულება, ვერავინ უგებს პაციფისტ დოსს, რისთვის მიდის ასეთ დიდ რისკზე.

ამის გამო ჯარისკაცები მას ამცირებენ და უპირებენ სახლში დაბრუნებას ლაჩრის იარლიყმიკრულს, თუმცა ამერიკის კონსტიტუციამ (დოსის მამის ძალისხმევით) „სულზე“ მიუსწრო ახალგაზრდა ქრისტიანს და გადაარჩინა უდანაშაულოსთვის განწესებული სასჯელისგან.

მიუხედავად ამდენი დამცირებისა, დოსი ყოველთვის პოულობდა სულიერ ძალას, მდგარიყო იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მას ხალხის წინაშე დამცირებას, შერცხვენას უქადდა და დოსის მამაც, რომელმაც შეძლო თავისი შვილისთვის უიარაღოდ ომში წასვლის ნებართვა მოეპოვებინა, თითქოს ერთგვარი პასუხი იყო მის ლოცვებზე, პასუხი, რომელიც ეუბნებოდა, სად იყო მისი ადგილი.

ომი საშინელებაა, ადამიანი კი მუდმივად განიცდის შიშს, რომელიც უსაზღვრო სისხლისღვრას, დაფლეთილი ადამიანების ყურებას, საყვარელი ადამიანების ვეღარ ნახვის საშიშროებას, სიკვდილის სუნს უკავშირდება. ომში, სადაც მხოლოდ ერთი წესი არსებობს − როგორმე გადარჩე, რიგითი დოსი იბრძვის იმისათვის, რომ როგორმე სხვა გადაარჩინოს…
ბრძოლის ადგილზე, საიდანაც ყველამ უკან დაიხია, რჩება მხოლოდ ის და მთელი ღამის განმავლობაში დაჭრილების სიცოცხლის გადასარჩენად ძალას არ იშურებს. იმ დროს, როდესაც ქვეყნის იმედად შერაცხული, იარაღასხმული ბიჭები არსად ჩანან მოძმეთა დასახმარებლად, ერთი უბრალო „ფანატიკოსი ქრისტიანი“ მთელი ღამე იბრძვის დაჭრილთა სიცოცხლისთვის.

თავიდან, როდესაც დოსი გადაწყვეტილების წინაშე დადგა, გადაერჩინა საკუთარი სიცოცხლე, დანარჩენთა მსგავსად უკანმოუხედავად გაქცეულიყო და ეფიქრა, რომ დატრიალებულ უბედურებას ვერც ერთი დაჭრილი ვერ გადაურჩებოდა, ან… ან… და ამ დროს იგი გულწრფელად ეკითხება ღმერთს, თუ რა უნდა მისგან და სწორედ ამ მომენტში ესმის დაჭრილის ხმა, რომელიც გადარჩენას ითხოვს…

ახლა მისთვის გასაგებია უფლის პასუხი… ახლა მან ზუსტად იცის, წრფელი კითხვის პასუხი, იცის, რას ითხოვს მისგან უფალი… მისი სული ნელ-ნელა ფოლადივით იწრთობა და ყოველი დაჭრილის საიმედო ხელებში ჩაბარების შემდეგ იგი მხოლოდ ერთ ფრაზას იმეორებს: „მომეცი ძალა, კიდევ ერთი გადავარჩინო“…

„მომეცი ძალა, კიდევ ერთი გადავარჩინო“… მესმოდა განუწყვეტლივ გონებაში… „მომეცი ძალა, ერთი მაინც გადავარჩინო“, – ვჩურჩულებდი ჩემთვის… რა გინდა შენ ჩემგან, უფალო? რა გინდა, რომ გავაკეთო? უშენოდ არაფერი შემიძლია, მომისწორე ბილიკები და მომეცი მიზანი, რომელიც ემსახურება შენს საქმეს. „მომეცი ძალა, ერთი მაინც გადავარჩინო…“ უცებ სინათლე აინთო დარბაზში და ხალხმა დაშლა დაიწყო. გამოვერკვიე აზრებიდან და მეც წამოვდექი…

ახლა სახლში წავალ და დავიძინებ, ხვალ ახალი დღე დაიწყება და თუ კარგად არც გავაანალიზებ ნანახს, შეიძლება ეს ყველაფერი მხოლოდ ემოციურ ფონად დარჩეს ჩემში, არც იმოქმედოს გონებაში გამუდმებულად მოტრიალე აზრებმა, ფიქრებმა იმის შესახებ, თუ რამდენი დაღუპვის პირას მისული სიცოცხლე გვაქვს ქრისტიანებს გადასარჩენი და ის, რომ ჩვენ მოწოდებულნი ვართ გადასარჩენად და არა მოსაკლავად. მე ვიცი, რომ ეს რეალური ცხოვრებაა. ვიცი, რომ ეს არ შეიძლება იყოს წამიერი ემოციის მოზღვავება…

„მომეცი ძალა, კიდევ ერთი გადავარჩინო“… მთელი ღამე მიტრიალებს ფრაზა გონებაში… „მომეცი ძალა, ერთი მაინც გადავარჩინო“, – ვიმეორებ ჩემთვის…

მე მწამს, რომ უფალი ხედავს წრფელ გულს და ისმენს გულმხურვალე ლოცვას და ისიც ვიცი, რომ ხვალინდელი დღე აღარ იქნება ისეთი, როგორიც გუშინდელი იყო…

30 ნოემბერი, 2016 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები

პოპულარული ბლოგები

  • 1

    უფალი ხედავს ღრმასა და დაფარულს…

    12 ივნისი, 2019
  • 2

    ყალბი ქრისტიანობა – სხვის ჩასაქოლად აღმართული ქვა ცოდვილის ხელში

    23 აპრილი, 2015
  • 3

    ბარაბას ადგილზე რომ ვყოფილიყავით…

    14 აპრილი, 2023
  • 4

    გამოფიტული გულები

    30 ივლისი, 2020
  • 5

    ღმერთი არ არის საშუალება

    5 დეკემბერი, 2022

TOP.GE

©2025 - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ