ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

იყოს ნება შენი…

თამუნა შაქარაშვილი 15 მარტი, 2017
თამუნა შაქარაშვილი

ხანდახან, ადამიანები რაღაცას ან რაღაცებს ვითხოვთ ღმერთისგან და გვიძნელდება დაველოდოთ ჟამს, როდესაც ეს განხორციელდება. ხანდახან ადამიანები ვითხოვთ ჩვენსას, რაც ადამიანური სურვილები და მოთხოვნილებებია, ამასობაში კი გვავიწყდება ღვთიური, გვავიწყდება ღმერთის ნება.

ვთხოვთ და გვინდა დაუყოვნებლივ. გადის დრო, თუმცა არ გვეძლევა, შემდეგ კი იბადება კითხვა: რატომ?! იმიტომ, რომ ბოროტს ვითხოვთ, ვითხოვთ იმას, რაც რეალურად დაგვაზიანებს, მაგრამ ჩვენ ხომ მაინც გვინდა!

ამის შემდეგ, იმედგაცრუებულნი შევჩივლებთ ხოლმე ღმერთს, რატომ არ აგვისრულა ჩვენი თხოვნა, ჩვენ ხომ ვითხოვეთ.

ხშირად ფრაზას „შენი ნებით, უფალო“ ვაუბრალოებთ და სინამდვილეში ჩვენი ნება გვინდა და არა უფლის. „შენი ნებით, უფალო“ კი ავტომატური ხდება, რადგან მორწმუნეები ვართ და ვიცით, რომ უფლის ნება უნდა ვითხოვოთ. მაშინ, როცა ვხედავთ, რომ არ გვეძლევა ის, რაც ვითხოვეთ, რატომღა ვჩივით?! სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი ნება გვინდა და არა უფლის, ჩვენ ჩვენი განსაზღვრული დროით გვინდა და არა უფლის.

რა გვინდა, რომ ვთქვათ? ღმერთი აგვიანებს? მან არ იცის, როდის მოგვცეს? როდის გვაკურთხოს ან როდის გვიპასუხოს ლოცვაზე? რა თქმა უნდა, მან იცის…

თუ გვგონია, რომ ღმერთი აგვიანებს, სწორედ იმიტომ, რომ არ ვიცნობთ ღმერთს! ის ყოველთვის ასრულებს იმას, რასაც ამბობს.

როგორც ეკლესიასტეს მე-3 თავში წერია, ყველაფერს აქვს თავისი დრო და ყოველ მოვლენას – თავისი ჟამი ცისქვეშეთში.

ჩვენ უნდა მოვიდრიკოთ გულები და უფლის მადლიერნი ვიყოთ.

როგორც დაბადების წიგნში ვხედავთ, რომ თავდაპირველად ადამმა აირჩია არა ღვთის ნება, არამედ თავისი ნება, ამიტომაც მიიღო დამღუპველი შედეგი.

არ მისცე ბოროტს უფლება, მოგპაროს რწმენა! ითხოვე რწმენით და ეძებე უფლის, ღვთის ნება.

რწმენა თუ დაგვეკარგება, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ მივეცით უფლება ეჭვს და უნდობლობას, მოეპარა  ღმერთისადმი რწმენა და იმედი.

პავლე მოციქულმა თქვა: შემოძარცული გაქვთ ძველი, შეიმოსეთ ახლით.

უფლის სტანდარტი არ მცირდება.

წასვლა თუ გინდა, წადი! ის არ გაკავებს, ის არჩევანის საშუალებას გაძლევს. მას თუ ენდობი, მაშ, მიენდე, დაელოდე, ერწმუნე. ღმერთმა თქვა და აღასრულებს.

უფალი ამბობს: „ჩემი გამგონე მშვიდად იცხოვრებს“ და თუნდაც იგვიანებდეს მისი პასუხები, დაელოდე მის ხმას.

დაე, იყოს ნება მისი…

15 მარტი, 2017 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

აქ ამბობენ, რომ მოკვდი… – წერილები ღმერთს

თეონა მენაბდიშვილი 15 მარტი, 2017
თეონა მენაბდიშვილი

აქ ამბობენ, რომ მოკვდი…

მაგრამ ჩვენ შენს დაკრძალვაზე არ მივედით.

ზოგიერთები სიამაყით ამბობენ, რომ აღარ ხარ, რომ შენი მცნებები მოძველდა და ადამიანებს აღარ სჭირდებათ „მკაცრი მბრძანებელი“.

გვიყურებენ, როგორც დაობლებულებსა და მიტოვებულებს, მათთვის ბავშვებივით ვართ, რომლებსაც გაზრდა დაავიწყდათ…

აქ სიკვდილს ირჩევენ, ღმერთო… 

საკუთარ ცოდვებში, თავისივე ნებით იღუპებიან, ირგვლივ შური და სიამაყე, ცილისწამება, მკვლელობა და მრუშობაა.

დამნაშავენი მოსამართლის ადგილს იკავებენ, გკიცხავენ და განგსჯიან.

სიბნელეს ეკუთვნიან და ჩვენი სინათლით შეწუხებულნი, მუდმივად ცდილობენ ჩაგვაქრონ, ჩვენც აჩრდილებად გვაქციონ. 

გვეშინია, ზოგჯერ ძალიან გვეშინია, მაგრამ არსად გვაქვს წასასვლელი, არ შეგვიძლია იმ ცეცხლის ჩაქრობა, რომელიც შენ აანთე ჩვენში.

მზად ვართ, მივუთითოთ შენს ჯვარზე, ვილაპარაკოთ შენს აღდგომაზე, მზად ვართ, ვიყვიროთ შენს სიყვარულზე, ავაფრიალოთ შენი ხსნის ალამი. მზად ვართ, სიცოცხლის უწყება ვატაროთ თვალებით, ნუგეში ბაგეებით და კურნება ხელებით.

რაც არ უნდა დიდი იყოს სიბნელე, ის ვერასოდეს დაფარავს შენს სინათლეს, უძლურია ყოველგვარი ბოროტება, უშედეგოა ყველა მცდელობა წყვდიადისა, შენ ხომ მუდმივად იყავი, შენ ხომ ხარ და მარადიულად იქნები.

შენ ხარ სიკვდილზე გამარჯვებული სიცოცხლე, შენ ხარ ბოროტებაზე აღზევებული სიკეთე, შენ ხარ სიძულვილის დამმარცხებელი უსასრულო სიყვარული.

მერე რა, თუ აქ ამბობენ, რომ მოკვდი.

ჩვენ შენს დაკრძალვაზე არ მივედით…

15 მარტი, 2017 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

არჩევანი შენზეა!

თამუნა შაქარაშვილი 7 მარტი, 2017
თამუნა შაქარაშვილი

ხანდახან ადამიანებს ვეუბნებით, რომ ღმერთის მიღმა გზა არ არსებობს, თუმცა არა! ღმერთის მიღმაც არის გზა, გზა, რომელსაც დაღუპვისკენ მივყავართ…

არის გზა, რომელიც გადარჩენისკენ მიდის და არის გზა, რომელსაც დაღუპვისკენ მივყავართ.

არჩევანი შენზეა!

შენი ნებაა, ვის გაჰყვები, შენი ნებაა, სად წახვალ. გინდა უფლის გზიდან წასვლა?!.. შეგიძლია წახვიდე, თუმცა გაქვს შესაძლებლობა, წინასწარ იცოდე  ამ არჩევანის შედეგები, რომელზეც ბიბლია ვრცლად საუბრობს.

ადამმაც მოისურვა გაესინჯა ღმერთის მიერ აკრძალული ნაყოფი მიუხედავად  იმისა, რომ წინასწარ იცოდა, თუ რა შედეგი მოჰყვებოდა ამას.

ჭეშმარიტება უბრალოდ არ გვიწესებს დოგმებს, ის ყოველი მხრიდან მიმოიხილავს საკითხს და შედეგებზე გვესაუბრება. ითხოვე სულიერი თვალები, რათა ისწავლო სწორი შეფასება. ხშირად ადამიანები ვხედავთ  წამიერს და  არ შეგვიძლია სულიერი თვალებით უფრო შორს დავინახოთ, მთლიანობაში აღვიქვათ რეალობა…

დააკაკუნე და გაგეღება, ეძებე და იპოვი. არ შეწყვიტო ღმერთის ძიება. დაუსვი საკუთარ თავს კითხვა, თუ რისთვის გინდა ცხოვრება?! რა მიზნები გაქვს?! რა გეგმებს სახავ?! ჩაიხედე საკუთარ გულში, გინდა, რომ ღმერთისთვის იცხოვრო?!

დაამყარე შენი იმედები იესოზე!  გადაწყვიტე შეიყვარო უფალი საკუთარ სურვილებზე და ოცნებებზე მეტად. უფალმა ჩვენდამი სიყვარული იმით დაამტკიცა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე. ყოველივე, რაც გვაქვს, მისგან და მისით გვაქვს, მისით დგას მთელი სამყარო…

დაანახე უფალს, რომ გიყვარს იგი ცოდვაზე მეტად, დაანახე, რომ საკუთარ ოცნებებს და სურვილებს მასთან ურთიერთობა გირჩევნია… ვის უნდა გაჰყვე, როცა იესოს აქვს სიცოცხლის სიტყვები, როდესაც გადარჩენა ღმერთშია.

აირჩიე უკეთესი გზა. იესომ თქვა: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე, ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემით.“

არჩევანი შენზეა!..

7 მარტი, 2017 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ღვთიური სიცოცხლე შენში

თეონა მენაბდიშვილი 23 თებერვალი, 2017
თეონა მენაბდიშვილი

გაიქეცი, უკანმოუხედავად გაიქეცი…

გაირბინე იქამდე, სადამდეც შეძლებ, შემდეგ კი შესაძლებლობებს მიღმა ირბინე.

გაჩერება სიკვდილს უდრის, სიცოცხლეს კი არ შეუძლია დანებდეს…

თუ შენში ღვთიური სიცოცხლეა, გაიქეცი, უკანმოუხედავად გაიქეცი…

რაც არ უნდა ყოფილიყო აქამდე, რის დატოვებაც არ უნდა გიწევდეს უკან,

უბრალოდ გაიქეცი,

ეს არ არის გაქცევა თავდაცვისთვის, ეს რისკია…

მიატოვე მშვიდი ცხოვრება და თავზეხელაღებული მებრძოლივით გაიქეცი,

გაიქეცი ბრძოლის ველზე, თავდაუზოგავად ირბინე შენს ასპარეზზე,

თუნდაც ეს სასიკვდილო გარბენი იყოს…

გაიქეცი უცნობი მომავლისკენ, გაიქეცი სასწაულებისკენ,

ირბინე ფინიშამდე!

გაიქეცი სიკვდილიდან მარადიულობისკენ, გვირგვინისკენ გაიქეცი…

გაიქეცი ღმერთისკენ…

გაიქეცი, უკანმოუხედავად გაიქეცი…

გაირბინე იქამდე, სადამდეც შეძლებ, შემდეგ კი შესაძლებლობებს მიღმა ირბინე…

23 თებერვალი, 2017 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ჩვენც იქ ვიყავით…

თეონა მენაბდიშვილი 22 თებერვალი, 2017
თეონა მენაბდიშვილი

ცხელოდა… მზის მცხუნვარებაც რომაელი ჯარისკაცებივით დაუნდობელი იყო…

მიწის მტვერი ეკვროდა ცრემლიან თვალებს და ცხელ ჰაერში იკარგებოდა მოტირალთა ამაო გმინვა.

საშინელი სუნი იდგა, ოფლის, სისხლისა და უსამართლობის.

ყვირილით დაღლილთ ძლიერ სწყუროდათ… ზოგს წყალი, ზოგსაც სისხლი…

ერთმანეთს აწყდებოდნენ დამნაშავენი უდანაშაულოს დასჯის მოლოდინში.

ის კი დუმდა…

მტკივნეულად ნელა მოდიოდა.

თითქოს სისხლიანი თვალებით ყველას ერთდროულად უყურებდა.

ზიზღს იწვევდა მისი დამახინჯებული სახე,

თვალებზე ხელს იფარებდნენ სანახაობით შეწუხებულნი.

აი, ქვაც ისროლეს…

თითქოს მის ზურგზე ამოკაწრულ სამყაროს ფერები აკლდა და შემატეს კიდეც.

უჭირდა კიდევ ერთი ნაბიჯის დადგმა ცოდვილ მიწაზე,

უჭირდა ჯვრის ზიდვა და ეკლის გვირგვინის ტარება.

უჭირდა ეთქვა: „მიუტევე, მამა“,

უჭირდა და მაინც თქვა: „აღსრულდა!“

ხის ჯვარზე მძიმე იყო ჩვენი ცოდვები,

ჭრილობებზე მეტად ვაჩნდით,

სისხლის წვეთებზე მეტნი ვიყავით,

ჩვენი განდგომილება უფრო მტკივნეული იყო, ვიდრე წვერის გლეჯა,

ჩვენი დუმილი უფრო ხმამაღალი იყო, ვიდრე ბრბოს შეძახილი.

დალურსმულ ხელებზე მეტად ვტკიოდით.

ეს ჩვენ ვიყავით,

იქ ვიყავით…

22 თებერვალი, 2017 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ნუ გეშინია უბრალოდ გწამდეს

ბაჩუკი დოდაშვილი 22 თებერვალი, 2017
ბაჩუკი დოდაშვილი

რატომ გეშინია?

რატომ იბნევი?

რამ შეგაძრწუნა, ჩემო შვილო?

ნუთუ არ იცი?

მე, რომელიც იტყვის და არის!

მე, რომელიც ვქმნი დროს!

მე, რომელიც ვადგენ სამყაროს წესრიგს!

მე,  რომელიც ვარ დასაწყისი და დასასრული!

მე, რომელიც ვარ სული მარადიული!

მე ვარ ცეცხლი შემმუსვრელი!

მე ვარ ის, რომლის თანდასწრებასაც გაურბის სამყარო!

მე ვარ სიწმინდის წყარო!

მე ვარ მზე, მანათობელი სულთათვის!

მე ვარ, რომელიც ვარ!

მე შენში ვარ!

არ შედრკე, ჩემო შვილო!

სიტყვა, რომელიც ჩემშია, მოვიდა შენთან,

რადგან ერწმუნე მას, ის შენში დასახლდა,

როდესაც ეს დავინახე,

შთაგბერე ჩემი სული,

რომელიც არის საწყისი მარადიულობისა

და რომლისგანაც მოედინება სიცოცხლის სუნთქვა.

მე შენთან ვარ! ნუ გეშინია! უბრალოდ გწამდეს!

ჩემთან ერთად ყველაფერი შესაძლებელია!..

ჩვენ ერთად ვართ!

22 თებერვალი, 2017 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ახალი ქმნილება

თამუნა შაქარაშვილი 21 თებერვალი, 2017
თამუნა შაქარაშვილი

ბედნიერებაა, როდესაც წარსული წარსულია და ახალი ქმნილება ხარ.

ბედნიერებაა, როდესაც ცხოვრების მიზანს ხედავ. როდესაც გრძნობ ზრუნვას და  ღვთიურ სიყვარულს. საოცრებაა, როდესაც ყოველივე ახალია. საოცრებაა, როდესაც ხედავ, როგორ იმარჯვებ იმაში, რაშიც გამუდმებით მარცხდებოდი.

ძალა?.. ძალა ღვთიურია. ადამიანისთვის წარმოუდგენელი.

შეუძლებელი შესაძლებელი გახდა ქრისტეში, ძალა კი ღვთისგანაა…

საოცრებაა ცხოვრება, როდესაც მიზანი ერთადერთია, ჭეშმარიტი და ძლიერი, როდესაც ხედავ მოწოდებას და მისკენ ისწრაფვი.

მთავარი?.. ღმერთთან ურთიერთობა და მოზიარეობაა.

ძვირფასი?.. ღმერთის ცოცხალი სიტყვა – ბიბლია.

სიყვარული? გზა? ჭეშმარიტება? სიცოცხლე?.. იესო ქრისტე. უზენაესი ღმერთი, მეფეთა მეფე და უფალთა უფალი.

ძვირფასი საჩუქარი?.. სულიწმიდა…

მიენდე უფალს, ირწმუნე მისი სიტყვები, რომელიც ამბობს: „თქვენ კი უწინარეს ღვთის სასუფეველი ეძიეთ და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე შეგემატებათ“ (მათე 6:33). საოცარია, როდესაც ხედავ, რომ არაფერი გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია.

საოცარია, როდესაც ახალი ქმნილება ხარ… დიდება ღმერთს და მადლობა ყოველივესთვის! დიდია მისი წყალობა და მადლი…

21 თებერვალი, 2017 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ნუ დაგადუმებს დაცემა…

თამუნა შაქარაშვილი 20 თებერვალი, 2017
თამუნა შაქარაშვილი

ალბათ, თითოეულ  ჩვენგანს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გვითქვამს სიტყვები: „ნეტავ დროის უკან დაბრუნება შემეძლოს…“ მეც მიფიქრია ამ თემაზე. ზოგჯერ ადამიანებს გვინდა, კონკრეტული მომენტები წავშალოთ საკუთარი ცხოვრებიდან და ამიტომ ვნატრობთ, დროის უკან დაბრუნება შეგვეძლოს.

ვფიქრობდი, რა ვისწავლე პრობლემებისგან და მივხვდი, რომ სირთულეებს მხოლოდ უარყოფითი თვისებები არ აქვს. იყო დრო, როდესაც ვამბობდი: „მე ამას არასოდეს გავაკეთებ” და თითს ვიშვერდი იმ ადამიანისკენ, რომლის საქციელი ჩემთვის მიუღებელი იყო. გარკვეული ხნის შემდეგ თავადაც მომიწია იმავე სიტუაციების გავლა და ვერაფერი მოვუხერხე საკუთარ თავს.

განსაცდელებმა მასწავლა ენის ალაგმვა, მასწავლა, თუ რატომ არ უნდა განვიკითხო სხვა ადამიანის ქმედებები (თუნდაც გულში და ხმამაღლა გამოხატვის გარეშე). მადლობელიც კი ვარ იმ სირთულეებისთვის, რომლებმაც უამრავი რამ მასწავლა.

განსაცდელი მოდის და თითოეული ჩვენგანი გადის რთულ დღეებს, მაგრამ ეს უნდა გვაძლიერებდეს, გვასწავლიდეს და გვწვრთნიდეს. ეს გაცვლა-გამოცვლის პრინციპია. ცდები, ეცემი, გტკივა, მაგრამ ძლიერდები და ფეხზე წამოდგომას სწავლობ. ცხოვრებისეულმა პრობლემებმა ან საკუთარმა  შეცდომებმა არ უნდა დაგვადუმოს. დაცემისას მოდის მსჯავრი, რომელიც გვაიძულებს გავჩუმდეთ და ჩვენ, ცოდვილებმა, ღმერთის დიდებაზე აღარ ვილაპარაკოთ.

არ დაიჯეროთ! ეს ტყუილია. მას სურს გაგვაჩუმოს, პირიქით, შეცდომებმა ძალა უნდა მოგვცეს და ბაგე გაგვიხსნას, რათა დაცემულები ვანუგეშოთ, წამოვაყენოთ და ზურგი გავუმაგროთ.

დაეცი? დაბლა დასწიე ქრისტიანული ღირებულებების  სტანდარტი? ნუ დარჩები დაცემული, გაიაზრე, წამოდექი, განიწმინდე და გააგრძელე იმ ფასეულობებზე საუბარი, რომელიც უცვლელია. არ დაკარგო მიზანი. იდექი ბოლომდე. პრობლემები გადაივლის და შენ უფრო გაძლიერდები. გახსოვდეს, რომ მისია გაქვს შესასრულებელი. შენი მისია ადამიანების წამოწევაა და დაცემულ    ადამიანთა ნუგეში, რომელთაც ეტყვი: „არა უშავს! გზა განაგრძე!..”

p.s. დაიცავი ღმერთის მცნებები და მისი მცნებებიც დაგიცავს შენ!

20 თებერვალი, 2017 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

არ მრცხვენია სახარების!

თამუნა შაქარაშვილი 15 თებერვალი, 2017
თამუნა შაქარაშვილი

მე არ მეშინია, ვისაუბრო ქრისტეზე, რადგან მას არ შეეშინდა ჯვარცმულიყო ჩემთვის.

მე არ მეშინია, ავიტანო ლანძღვა, რადგან ქრისტეს არ შეეშინდა ჩემ გამო აეტანა დამცირება.

არ მეშინია, ავიტანო დაცინვა, რადგან დიდების მეფემ, უფალთა უფალმა, განკაცებულმა ღმერთმა, ცოდვილი ადამიანისთვის და ცოდვილი ადამიანისგან დაითმინა დაცინვა ჩემ გამო…

მე არ მეშინია, დავამოწმო მის შესახებ, მე არ მეშინია, ვისაუბრო გაბედულად ჩემს გადამრჩენელზე, თუ რა დიდებული და საოცარია იგი.

არ მადარდებს, რას იტყვიან ჩემზე…

არასოდეს დამავიწყდება, რომ მან მიხსნა, არასოდეს დამავიწყდება, რა გადაიტანა ჩემ გამო და იმ ხალხის გამოც, რომლებიც ხმამაღლა ყვიროდნენ: „ჯვარს აცვით, ჯვარს აცვით იგი…“ ის კი არ დანებდა, არ დაეცა და მესამე დღეს აღდგა, გაიმარჯვა სიკვდილზე და გზა გაგვიხსნა ზეცისკენ.

მე არ მრცხვენია მისი… არ მადარდებს, რას იტყვიან ჩემზე… მთელ დიდებას და ქებას მივუძღვნი ჩემს მხსნელს, დიდებულს, ამაღლებულს, ძლევამოსილს და საიმედო დასაყრდენს.

დადგება დღე, როდესაც ქრისტე კვლავ დაბრუნდება…

გადაწყვიტე, რომ იცხოვრო მისთვის, შეიცანი ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს შენ (იოანე 8:32). გახსოვდეს, რომ ის მარად ერთგულია, არ მიგაგდებს და არ მიგატოვებს, არ დაივიწყებს აღთქმებს, რომლებიც დაგიდო, რადგან მაშინაც კი, როდესაც შეეძლო მოეხმო ანგელოზთა ლეგიონებისთვის, მან არჩია, თავი გაეწირა შენთვის ჯვარზე.

არ უარყო მისი მსხვერპლი, ნუ დაივიწყებ, რომ ის შენთვის ეწამა. ნუ შეგრცხვება იესო ქრისტესი…

მე იესო ქრისტეს მორწმუნე ვარ და არ მრცხვენია სახარების!

15 თებერვალი, 2017 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    ბარაბას ადგილზე რომ ვყოფილიყავით…

    14 აპრილი, 2023
  • 2

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 3

    პატიება

    5 დეკემბერი, 2015
  • 4

    ჩემი ტკბილი უფალი

    17 ოქტომბერი, 2019
  • 5

    მოიშორე მწუხარება შენი გულიდან

    4 ივლისი, 2022


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ