ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

აქ ვარ, უფალო…

ნატალია ჩიქოვანი 30 მაისი, 2017
ნატალია ჩიქოვანი

დღესაც დამიღამდა… დამსახურებულად მივითვალე თითოეული წამი და წუთი, თითქოს მეკუთვნოდა, ან წვლილი მიმიძღვოდა სამყაროს არსებობაში, ისე დავაბიჯებდი…

და აი, მოვედი შენ წინაშე, მოვედი და მდუმარედ ვდგავარ, დაღლილი ფიქრებით, გეგმებით, საზრუნავებით და არ ვიცი, საიდან დავიწყო. დღეს აღარ მინდა ვილოცო წლების განმავლობაში დაზეპირებული ფრაზებით შენს სიკეთესა და წყალობაზე, არ მინდა ლამაზი სიტყვები გითხრა, სიტყვები სამყაროს ბოლომდე გამოყოლის შესახებ, შენდამი უკიდეგანო სიყვარულზე და სხვა მისთანანი.

უბრალოდ აქ ვარ, უფალო, შენ წინ ვდგავარ. ვიცი, ყოველივეს ხედავ და ვიცი, რომ აზრი არ აქვს ახლა ღვთისმოსავი სახის მიღებას და ხელების აპყრობას, თავის მართლებას და გადაბრალებას…

ვიხსენებ, როდის დამავიწყდა, რომ შენ ხარ უფალი ღმერთი ჩემი და იმდენი სხვა „ღმერთია” გარშემო, რომელიც დროს, მსახურებას და „თაყვანისცემას” ითხოვს, რომ შენთვის კვირა დღე შემოვინახე, ამბოხებული სინდისის გასაჩუმებლად.

თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ, როგორ მოდიხარ ყოველდღე და აკაკუნებ ჩემი გულის კარზე, მე კი იმდენად მოუცლელი ვარ, ხშირად იმ საქმეებით, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით შენს დიდებას ემსახურება, თუმცა ახლა, შენი თანდასწრებისას ვხვდები, რომ უადგილოა ამ საქმეებით ტრაბახი.

იატაკზე ვზივარ და ჩემს დაღლილ თვალებს ძილი არ ეკარება, რადგან სიცარიელეა უშენოდ… სიზმრებიც უფერულია, სანუგეშო სიტყვები კი უძარღვო და სისხლისგან დაწრეტილი. როგორ მჭირდები, ღმერთო, როგორ მჭირდები… რამდენი ხანი დამჭირდა ქრისტიანობანას თამაში, რომ ამას მივმხვდარიყავი, ბევრი დრო გასულა. უამრავი დრო დავხარჯე საკუთარ იმიჯზე, გარეგნობაზე, წარმოდგენებისა და მითების შექმნაზე სხვათა თვალში და როგორღაც გამომრჩა, მეკითხა: შენ რას ფიქრობ ჩემზე? შენ თუ მოგწონვარ?..

დღეს არა, დღეს არ ვილოცებ ლამაზი სიტყვებით და არ დაგიდებ აღთქმას სამყაროს კიდემდე გამოყოლის შესახებ, უბრალოდ მოვედი ისეთი, როგორიც ვარ. გვერდით გადავდე ყველა „ლამაზი” წარმოდგენა საკუთარ თავზე და მინდა, შენი აზრი მოვისმინო…

დღეს არა, დღეს არ დაგღლი სათხოვრებითა და საყვედურებით, არც იმას გკითხავ: „რატომ, უფალო?” დღეს უბრალოდ მოსასმენად მოვედი, შენს გულზე ყურის დასადებად, შენი გულის ფეთქვის მოსასმენად, შენი სიყვარულის შესაგრძნობად…

დღეს არა, არსად მეჩქარება, უფალო, მივხვდი, რომ არსად მეჩქარება… შენ ხარ სიცოცხლე, გზა და ჭეშმარიტება და სად უნდა წავიდე, როცა  სიცოცხლის სიტყვები შენ გაქვს…

დღეს არა, არსად გაგექცევი. არ გეტყვი, რომ ყველაფერი, რაც ლოცვისას გამომრჩა, ისედაც იცი და მიმიხვდები. დღეს არა, ჩემი დუმილი ახლა სიტყვებზე მეტია და ჩემი ცრემლები მონანიებას იტევს… უბრალოდ მოვედი, რადგან მომწყურდი, რადგან უშენოდ ყველა სისავსე ცარიელია…

აქ ვარ, უფალო…

30 მაისი, 2017 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

მას სჯერა შენი…

თეონა მენაბდიშვილი 13 მაისი, 2017
თეონა მენაბდიშვილი

რა მნიშვნელობა აქვს, რას გეუბნება წარსული? რა აზრი აქვს, რამდენჯერ დაეცი, რამდენჯერ არ გამოგივიდა? როგორ შეგიძლია, ფეხზე მხოლოდ იმის შიშის გამო არ წამოდგე, რომ ისევ დაეცემი? როგორ შეგიძლია, პატიება იმის შიშით არ ითხოვო, რომ ისევ შეგეშლება?

ჰო, ვიცი, რომ მძიმეა ტვირთი, რომ ბევრჯერ შეცდი. ვიცი, რომ აღარ გჯერა საკუთარი თავის, რომ ფეხზე წამოდგომისას უკვე ხედავ დაცემას, რომ გრცხვენია უფლისა და რა გსურს? შეგიბრალო? არ მებრალები…

განაგრძე ასე ცხოვრება. წარსულის გამო ეშმაკს დაუმორჩილე აწმყოც და მომავალიც, სათითაოდ დაუთმე ოჯახის წევრები და მეგობრები, დანებდი… უბოძე საკუთარი თავი, დაიდგი მონობის უღელი და მორჩილად გაჰყევი ჯოჯოხეთამდე. გაცვალე ძნელად შესანარჩუნებელი სიწმინდე მარტივ სიბინძურეზე. მოშორდი ლამპარს და სიბნელეს შეეგუე, დათმე ზეცა…

მაგრამ მანამდე, გოლგოთასთან გაჩერდი.

თვალებში ჩახედე ჯვარცმულ მაცხოვარს, ჩახედე ღვთის ძის სისხლიან თვალებს და უთხარი, რომ არ შეგიძლია. უთხარი, რომ უკვე ბევრჯერ დაეცი და აზრი არ აქვს მცდელობას, რომ არ ხარ საკმარისად ძლიერი. უთხარი, რომ მომავლის არ გჯერა, რომ სისუსტეს ვერ მოერევი.

შეხედე ქრისტეს თვალებში და უთხარი, რომ ამაოა მისი მსხვერპლი…

იცი მისი პასუხი… მას სჯერა შენი…

ადექი! იბრძოლე!

13 მაისი, 2017 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ნუ ცხოვრობ წარსულით, წინ მომავალია!

თამუნა შაქარაშვილი 24 აპრილი, 2017
თამუნა შაქარაშვილი

ადამიანები ხშირად ამახვილებენ ყურადღებას წარსულში დაშვებულ შეცდომებზე.

რა თქმა უნდა, შეცდომების დაშვება არ არის კარგი, მაგრამ ამას უარყოფითთან ერთად დადებითი მხარეც აქვს. კარგია, როდესაც ვხვდებით ჩვენს შეცდომებს და მათი მეშვეობით ვსწავლობთ. ცხადია, ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომები უნდა მოვინანიოთ და  თუ შესაძლებელია, გამოვასწოროთ კიდეც, თუმცა წარსულის შეცდომებს არ უნდა მივცეთ უფლება, რომ განგვისაზღვროს მომავალი ცხოვრება.

ქრისტეს სისხლი წარსულში დაშვებულ შეცდომებზე ბევრად აღმატებულია, ამიტომ ის გვწმენდს ჩვენ ყოველგვარი ცოდვისგან და ღმერთი არც ერთ მათგანს აღარ გვიხსენებს.

გავიხსენოთ, რას ეუბნება იესო მარიამ მაგდალინელს: „გეპატია შენი ცოდვები. წადი და აღარ შესცოდო.“

ქრისტე თავისი სისხლით გვწმენდს და ივიწყებს წარსულს, თუმცა ამით არ უნდა ვისარგებლოთ და არ უნდა განვაგრძოთ შეცდომების შეგნებულად დაშვება იმ იმედით, რომ იესო მაინც გვაპატიებს.

არ უნდა გვეშინოდეს, უფალს უნდა მივენდოთ, მისი ხელი არ დამოკლებულა და მისი აღთქმები არ შეცვლილა.

ჩვენ, ადამიანებმა, უნდა გადავლახოთ განსაცდელები, რათა გავძლიერდეთ და მიზანს მივაღწიოთ.

მთავარია გავიაზროთ, რომ შევცოდეთ უფლის წინაშე და რომ მონანიებისა და განახლების დროა.

გადაწყვიტე, რომ გაჰყვე მას!

შენ კონკრეტული მიზნისთვის ხარ გაჩენილი. საკუთარ შეცდომებზე ისწავლე და გამოცდილება გამოიყენე ჯერ საკუთარი თავის და შემდეგ სხვა ადამიანების წამოსაწევად, მათ გასამხნევებლად და დასარიგებლად. შენ შეგიძლია, დაშვებული შეცდომები კურთხევად შემოაბრუნო და ემსახურო სხვებს.

იყავი ის ადამიანი, რომელიც ქარის, წვიმისა და ნებისმიერი დაბრკოლების მიუხედავად მაინც იდგება.

იყავი ის ადამიანი, რომელიც ასჯერ დაცემული ას მეერთეჯერ წამოდგება და იტყვის: “დიდება უფალს! მე ვაგრძელებ ბრძოლას, რომელშიც უკვე გავიმარჯვე!”

ქრისტიანული ცხოვრება ჩვენი ყოველდღიური არჩევანი უნდა იყოს.

ყოველდღე აირჩიე უფალი და მას ემსახურე. მან ჯერ კიდევ მაშინ შეგვიყვარა, როდესაც ცოდვილნი ვიყავით და ეს არ ყოფილა დაბრკოლება მისთვის, უბრალოდ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ და უარი ვთქვათ ცოდვაზე.

შევიძულოთ ცოდვა!

ჩვენი რწმენა მის სიტყვებზე უნდა დავაფუძნოთ, რადგან მისი სიტყვა ჭეშმარიტია.

(ესაია 43:1,2) “ნუ გეშინია, რადგან მე გამოგისყიდე, მოგიწოდე შენი სახელით; ჩემი ხარ შენ. როდესაც გაივლი წყლებში, მე შენთან ვარ, მდინარეებში გატოპავ და ვერ წაგლეკავენ ისინი. ცეცხლში გაივლი და არ დაიწვები, მისი ალი არ მოგედება.“

არ დაგავიწყდეს, რომ  უფალი თავისი სიტყვის ერთგულია.

(ესაია 43: 18,19) “ნუ გაიხსენებთ წარსულს და მომავალზე ნუ იფიქრებთ, რადგან მე შევქმნი ახალს.“

უფალი შექმნის ახალ კაცს შენში! უფალი წაგიძღვება ყოველივეში. მან უკვე გაპატია და გითხრა, წადი და ნუღარ შესცოდავ.

შენ გეპატია ცოდვები, თუკი რწმენით მიიღე მისი სიტყვები და გულში ჩაიბეჭდე.

უფლის ხელი არ დამოკლებულა შენზე. აღიარე იესო ქრისტე შენს ღმერთად და მიეცი საშუალება, იუფლოს შენზე.

არ გეგონოს, რომ შეცდომები აღარ იქნება. რა თქმა უნდა, იქნება, რადგან ჩვენ ადამიანები ვართ, მაგრამ არ უნდა დავრჩეთ ამ მდგომარეობაში.

დაცემული ხარ? წამოდექი! ასჯერ რომ დაეცე, ასმეერთედ წამოდექი!

შენ უფლის შვილი ხარ!

არასდროს დანებდე!

24 აპრილი, 2017 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

როგორ მოჩანდა ჯვრიდან სამყარო? – წერილები ღმერთს

თეონა მენაბდიშვილი 14 აპრილი, 2017
თეონა მენაბდიშვილი

დღეს ყველა შენს ტანჯვაზე საუბრობს, სიბრალულით იხსენებენ შენს წამებასა და ჯვარცმას, მე კი არ ვიცი, რატომ აკეთებენ ამას, რას გრძნობენ, როცა მივიწყებულ ღმერთს ტრადიციის გამო იხსენებენ, ან რას გრძნობ შენ, როცა მთელი „ქრისტიანული“ სამყარო შენ მოსანახულებლად ისე მოდის, როგორც თავშესაფარს მიბარებულ მოხუცთან…

არავის ესმის, ვერავინ ხვდება, სინამდვილეში რას ნიშნავდა ეს დღე შენთვის და მეშინია იმის გააზრება, რომ მათ შორის მეც ვარ, დღემდე ვერაფერი გამიგია…

კვლავ ბევრი კითხვა მაქვს…
რას გრძნობდი, როცა ფეხს ჰბანდი უღირსთ?
რა ხმა გამოსცა პურის გატეხვამ?
რა გემო ჰქონდა შენ მიერ შესმულ ღვინოს?
შენ რას ხედავდი პეტრეს თვალებში, როცა დაიფიცა, რომ არ გაგცემდა?
რა ფერი ჰქონდა იმ ღამით შენს ცას?
რას გამოთქვამდა შენი ბაგენი?
რის ამოოხვრას ლამობდა სული, რის თქმას ცდილობდა ოფლით და სისხლით?
როგორ ეძინათ მათ, ვინც ვერ შეძლეს, ეფხიზლათ შენთვის?
როგორ შეეხო შენს წმინდა სახეს იუდას ბაგე?
რას გრძნობდი, როცა გასამართლებდნენ უსამართლონი?
როგორ შეძელი მორჩილება მათი სასჯელის?
რატომ დატოვე უპასუხოდ პილატეს კითხვა?
შენც გსურდა, ხალხთან ერთად გეყვირა „ბარაბა“?
როგორ დაიტიე ტკივილი და სიყვარული ერთად?
შენთვის რას ნიშნავდა ეკლის გვირგვინით მეფედ კურთხევა?
როგორ შეძელი გრძელი გზის გავლა?
როგორ შეეხო ლურსმანი ხელებს?
რა გემო ჰქონდა ნაღველნარევ ძმარს?
როგორ მოჩანდა ჯვრიდან სამყარო?
რად მიგატოვა მამამ გოლგოთას?
რა ფასი დაჯდა ფრაზა „აღსრულდა“?

ბევრი კითხვა მაქვს, უფალო, ისევ…
ეს ყველაფერი მართლაცდა რისთვის?
ვისთვის, უფალო…
ჩემთვის?
ჩვენთვის?

დღეს ყველა შენს ტანჯვაზე საუბრობს…

14 აპრილი, 2017 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ხელი უფლისა, ჩემთვის ნალურსმევი – წერილები ღმერთს

თეონა მენაბდიშვილი 27 მარტი, 2017
თეონა მენაბდიშვილი

„გამომიწოდა სიმღლიდან ხელი და ამომიყვანა; მრავალი წყლისაგან გამომიხსნა“ (ფსალმუნი 17:17)

ვიძირებოდი…

წყალმა დაფარა ჩემი სხეული.

ვეღარაფერს ხედავდნენ თვალები.

რა ძლიერად ვცდილობდი წყლიდან ამოსვლას და როგორ მივისწრაფოდი ფსკერისკენ…

ვიძირებოდი და თანდათან ბუნდოვანი ხდებოდა ყველა მოგონება.

ძლიერად მსურდა, ერთი წამით მაინც, სრულად გამეხსენებინა, როგორი იყო შენთან ყოფნა. რას ვგრძნობდი მაშინ, როცა მორჩილად მოგყვებოდი, როცა მთელ სხეულში ვგრძნობდი შენთან ყოფნის სიხარულს, როცა თამამად მოვრბოდი შენ წინაშე და არაფერი მიმძიმებდა სულს.

ვცდილობდი გამეხსენებინა შენთან გატარებული დრო და, წამით მაინც, კვლავ მეგრძნო შენი სიყვარული, შენთან ყოფნის სითბო, შენი მზრუნველობა, ისევ განმეცადა მამასთან ყოფნის სიმშვიდე.

ვიძირებოდი…

უძლური აღმოვჩნდი იმ ძალასთან, რომელიც ასე ბეჯითად ცდილობდა ჩემს ჩამოშორებას შენგან. ძალასთან, რომელიც ერთდროულად ჩემშიც იყო და ჩემ გარეთაც…

ამაო იყო ყველა მცდელობა, მოგონებები ჯერ გაფერმკრთალდნენ, შემდეგ კი გაქრნენ.

სწორედ მაშინ, როცა ასე მოიწევდა დასასრული, როცა ასე ახლოს იყო ფსკერი, კვლავ გამომიწოდე ხელი, ისევ ისე, როგორც მრავალჯერ.

და ეს ხელი ყველაზე მკაფიო მოგონება იყო…

ხელი მხსნელისა, რომელიც არ ცდილობს, ძალით მოიმოქმედოს რაიმე, რომელიც სულ ახლოს მოდის ჩემთან, რომელიც მზადაა, თანხმობის შემთხვევაში, ჩამეჭიდოს და გამომიხსნას.

მე ვიცანი ხელი უფლისა, ვიცანი ჩემთვის ნალურსმევი, სიყვარულით გამოწვდილი ხელი მამისა.

ხელი, რომელმაც ძლიერად გააპო წყალი, რომელმაც გაწყვიტა ყველა ბორკილი და წარმოუდგენელი ძალით მიმიზიდა.

მე ვიცანი შენი ხელი, რომლის წყალობითაც ახლა ტალღებზე ვდგავარ…

27 მარტი, 2017 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

მარტო არა ხარ!

ნატალია ჩიქოვანი 27 მარტი, 2017
ნატალია ჩიქოვანი

„და, აჰა, ატყდა დიდი ღელვა ზღვაზე, ისეთი, რომ ნავი ტალღებით იფარებოდა. მას კი ეძინა. მივიდნენ მასთან, გააღვიძეს და უთხრეს: ‘უფალო, გვიხსენი, ვიღუპებით!’ უთხრა მათ იესომ: ‘რამ შეგაშინათ, მცირედ მორწმუნენო?’ – მერე წამოდგა, შერისხა ქარები და ზღვა, და ჩამოვარდა დიდი მყუდროება.” (მათე 8:24)

იესოს მოწოდებაზე „გამომყევი!“ თითოეულმა დატოვა ყველაფერი, რაც გააჩნდა  და მას გაჰყვა, დადიოდნენ მასთან ერთად და ქადაგებდნენ უფლის სასუფეველს, იმედი მიჰქონდათ სასოწარკვეთილებთან, კურნება – უძლურებთან და მხნეობა – დაჩაგრულებთან…

და აი, კაპერნაუმში  დამღლელი დღის ბოლოს ნავში ჩასხდნენ და იესოს მითითებისამებრ გაღმა ნაპირისკენ აიღეს გეზი. მოულოდნელად ზღვაზე ქარიშხალი ამოვარდა, ტალღები ეხეთქებოდა ნავს და წყლით ივსებოდა იგი, ქარიშხლის ღრიალში ერთმანეთის ხმა ძლივს ესმოდათ. ბნელოდა, რაც კიდევ უფრო ართულებდა ნავის მართვას, იესოს კი მშვიდად ეძინა. მოწაფეები მივიდნენ მასთან, გააღვიძეს და უთხრეს: „უფალო, გვიხსენი, ვიღუპებით!“ ისინი ბრაზობდნენ, დრტვინავდნენ და შიშობდნენ, თითქოს მათ დაავიწყდათ, რომ იესოც მათთან ერთად იჯდა ნავში…

რამდენჯერ ყოფილა თითოეული ჩვენგანი ცხოვრების ქარიშხალში, ცრემლების წვიმასა და ტკივილების ცეცხლში, როდესაც გვგონია, რომ მარტონი ვართ. რამდენ ჩვენგანს დავიწყებია, რომ იესოც აქ არის, ჩვენს გულში, რომ ერთ „ნავში“ ვსხედვართ და ერთად ვებრძვით ქვეყნიერების მორევს. რამდენჯერ გვითქვამს იმედგაცრუებული ტონით: „სადა ხარ, ღმერთო?“ რამდენჯერ დაგვვიწყებია რწმენა, როდესაც თვალებში ჩაგვიხედავს სირთულეთათვის, რამდენჯერ მოგვჩვენებია განსაცდელთა მთა ყოვლისშემძლე უფალზე დიდი… რამდენჯერ…

მაშინ, როდესაც ისევ მოხვდები ცხოვრების შტორმში და აუცილებლად მოხვდები, რადგან მრავალი ჭირით გვმართებს ღვთის სასუფეველში შესვლა (საქმ. 14:22), გახსოვდეს, რომ მარტო არა ხარ! იესო შენთანაა და შენს თავზე თმებიც დათვლილია, არაფერი შეგემთხვევა იმაზე მეტი, ვიდრე გადატანას შეძლებ და გასაჭირში უფალი მოგცემს ძალას, რომ გაუძლო. გადამწყვეტ წამს, როცა დაინახავ, რომ იძირები, საკუთარი ურწმუნოებით ნუ გააძლიერებ ქარიშხალს, ილაპარაკე რწმენის სიტყვები, გულდაჯერებული იმედით იდექი და ნუ დაეყრდნობი ხილულს, რადგან იესო შენთანაა, ერთ „ნავში“… მარტო არა ხარ!

27 მარტი, 2017 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

გული გაიმაგრე, უფლის შვილო… – განსაცდელის დროს საკითხავი

გუჯა ჩაჩანიძე 23 მარტი, 2017
გუჯა ჩაჩანიძე

გული გაიმაგრე, უფლის შვილო, შეიძლება შენს ცხოვრებაში დგას პერიოდი, როცა ყველა ნაყოფი დაგცვივდა და ფოთოლიც აღარ შეგატოვა განსაცდელების ქარიშხალმა.

ისინი კი, ვინც შენით იკვებებოდნენ და შენს ძლიერ ფესვებს პატივისცემით, მორიდებით უყურებდნენ, დღეს დამცინავად ჩაგივლიან და ზემოდან დაგყურებენ, თითქოს სულ ცოტა ხნის წინ არ მოდიოდნენ წელში მოხრილნი და თავიანთ შიშს და ეჭვს შენ წინაშე არ ღვრიდნენ დახმარების მოლოდინში. ახლა კი, როცა შენ წინააღმდეგ თითქოს მთელი ქვეყნიერება აღდგა, ისინიც აჰყვებიან ქვეყნიერების აღმასვლას, გიყურებენ სადღაც მაღლიდან და ამბობენ: „ღმერთმა დალეწა” და როგორც ღმერთის “ერთგული მონები”, ეხმარებიან “უფლის ნების” აღსრულებას და ალმოდებულ ისრებს ისვრიან ზემოდან, რათა ვეღარასდროს შეძლო წამოდგომა. მაგრამ, უფლის შვილო, განა არსებობს მამა, რომელიც შვილს ტანჯვაში დატოვებს?! მოდის დრო, როცა განსაცდელების ქარიშხალი დასრულდება, შენ ისევ შეიმოსები უფლის დიდებით, ისევ აივსები ნაყოფებით, ისევ ამაღლდები უფლის წინაშე და ისევ მოექცევა ქვეყნიერება შენს ფერხთით. ისევ მოიხრებიან წელში შენი აუგად მომხსენიებლები, ისევ მოვლენ და დაღვრიან შენ წინაშე ეჭვებს და შიშებს. ისევ დაელოდებიან შენგან შველას და შენ, უფლის სიმაღლეზე მდგომი, ისევ გაიწვდი ხელს და გაუწოდებ შენს ნაყოფს, ისევ ამაღლდები მათ თვალში, რადგან უფალი მოგცემს ძალას და ავტორიტეტს მათ დასახმარებლად და გეტყვის: “ილოცე, რათა შენი ლოცვით განვკურნო ისინი.” შენ ილოცებ და ისინი განიკურნებიან და იდგები სამარადჟამოდ.

გული გაიმაგრე, უფლის შვილო, თუნდაც ახლა ყველა ნაყოფი დაგცვივდეს, მოდის დრო, როცა შენს მეფობას არ ექნება დასასრული უფალში.

23 მარტი, 2017 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ჭეშმარიტი თავისუფლება – წერილები ღმერთს

თეონა მენაბდიშვილი 20 მარტი, 2017
თეონა მენაბდიშვილი

არ ვიცი, როგორია უდროობა, რომელშიც მკვიდრობ, მაგრამ აქ, დედამიწაზე, დრო სწრაფად გადის და დღითი დღე ყველაფერი სულ უფრო რთულდება.

ქვეყნიერებაზე  ბოროტებაა გაბატონებული და ამ ბატონს დამორჩილებულნი თავისუფალ ადამიანებად იწოდებიან. ყველა თავისუფალია, ვინც ცოდვას დაემონა, ვინც საკუთარ ვნებებსა და გულისთქმებს დაემორჩილა.

თავისუფლები არიან ქალები, რომლებიც საკუთარ სხეულს აშიშვლებენ ყველას თვალწინ, თავისუფალნი არიან მოღალატე ქმრები, ნარკოტიკით  გაბრუებული ახალგაზრდები, ღვთის მაგინებელი განათლებული ადამიანები, მშობლების შეურაცხმყოფელი ბავშვები…

მაგრამ ჩვენ, შენი შვილები, უარს ვამბობთ ასეთ თავისუფლებაზე.

ჩვენ არ ვცნობთ დროის ასეთ სვლას, რადგან ჩვენი  დრო  შენთან  შეხვედრისას გაჩერდა…

შენს ჯვართან  განეშორნენ წამები წუთებს  და დღემდე არაფერი იცვლება.

ისევ აქ დგანან მოტირალი ქალები, ისევ ისმის ქარის დაუნდობელი კივილი და ჯარისკაცთა სიცილი, ისევ აქ ვართ, გოლგოთის მთაზე…

ჩვენ – ცოდვილნი და  შენ – წმინდა მსხვერპლი, ჩვენ გამოსასყიდად.

ჩვენ – სიკვდილის ღირსნი, შენ კი ჩვენთვის ჯვარცმული, სიცოცხლის საბოძებლად.

ჩვენ – ღვთისგან განდგომილნი, ხოლო  შენ –  გამოწვდილი ხელით, შესარიგებლად.

ჩვენ –  ცოდვის მონები,  შენ კი ჭეშმარიტება, თავისუფლების მოსანიჭებლად.

არსად გვსურს წასვლა, არ გვსურს არაფრის ცოდნა, არ გვსურს წუთისოფლის ნაჩუქარი თავისუფლება.

რაც არ უნდა ხდებოდეს სამყაროში, საითაც არ უნდა მიიჩქაროდეს დრო, რასაც არ უნდა ესწრაფოდნენ ადამიანები, ჩვენ  გვსურს დავრჩეთ შენს ჯვართან – ბნელი სამყაროს  ყველაზე ნათელ წერტილთან, დროზე აღმატებულ ღმერთთან, შენთან  – ჩვენს ჭეშმარიტ თავისუფლებასთან …

20 მარტი, 2017 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ჩვენთან უკვე გაზაფხულია… – წერილები ღმერთს

თეონა მენაბდიშვილი 16 მარტი, 2017
თეონა მენაბდიშვილი

ძვირფასო ღმერთო, ჩვენთან უკვე გაზაფხულია…

გახსოვს? ისე ვიქცეოდი, თითქოს უცხო ყოფილიყავი ჩემთვის, ამ დროს, ალბათ, იმ ადამიანს ვგავდი, რომელსაც სუნთქვა დაავიწყდა.

ვიცი, რომ ასეთი ადამიანები არ არსებობენ, არც მე ვარსებობდი…

ცივი იყო ზამთარი, იმდენად ცივი, რომ ერთბაშად გაყინა მიწაც, წყალიცა და ჩემი სულიც.

დიდია სულის სიცივე, თითქოს მთელმა ჯოჯოხეთმა გაიარა გულში, აღარ არსებობს სარკმელი და კარი, მთელ სხეულში დაუნდობლად დაქრის სუსხიანი ქარი.

და ეს სულის ზამთარი იმდენადვე მტკივნეულია, რამდენადაც მარტოსული, იმდენადვე უიმედოა, რამდენადაც ცივი.

ამ ცივ უიმედობაში გამახსენდი…

მზის სხივებივით შემოიჭრნენ ჩემს დამსხვრეულ გულში მოგონებები, მოგონებები შენზე, უფალო…

მოგონებები სიყვარულზე – შენს ჯვარზე…

მადლზე, რომლითაც გამომიხსენი, წყალობასა და მოთმინებაზე, რომლითაც მზრდიდი და ეს საკმარისი იყო სულის გასალღობად.

შენ საკმარისი ხარ ზამთრის შესაცვლელად, საკმარისი ხარ თვით სიცივის გასათბობად.

შენ ჩემი მტანჯველი სიცივის დასასრული ხარ;

დილის მზის სხივებია შენი სიყვარული;

სითბო ხარ ჩემი სულისა და  აღმდგენი  ჩემი გულისა.

დიახ, ძვირფასო ღმერთო, ჩვენთან უკვე გაზაფხულია…

16 მარტი, 2017 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    ბარაბას ადგილზე რომ ვყოფილიყავით…

    14 აპრილი, 2023
  • 2

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 3

    პატიება

    5 დეკემბერი, 2015
  • 4

    ჩემი ტკბილი უფალი

    17 ოქტომბერი, 2019
  • 5

    რაზე აშენებ შენს ცხოვრებას?

    27 აპრილი, 2021


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ