ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

ითოვოს ნეტავ…

თეონა მენაბდიშვილი 26 აპრილი, 2018
თეონა მენაბდიშვილი

ითოვოს ნეტავ…

თეთრად, სპეტაკად, ითოვოს ნეტავ…

რომ ბნელ სამყაროს მოეფინოს მცირე ნათელი,

რომ დანგრეული ქუჩის ბოლოს,

ცეცხლმოკიდებულ სახლების შუქზე,

ფიფქების ცვენამ გაართოს ბავშვი.

ბავშვი, რომელმაც მამა დამარხა

და განაწამებ დედის თვალებში ბოლოჯერ ნახა მკვდარი ძმის სახე…

ითოვოს ნეტავ…

თეთრად, სპეტაკად, ითოვოს ნეტავ…

ნამუსახდილი, ნაცემი გოგოს რომ გადაფაროს სირცხვილი თოვლმა,

რომ გადაფაროს ის სისხლის გუბე, რომელშიც ახლა ეს გოგო წევს და…

ითოვოს ნეტავ…

თეთრად, სპეტაკად, ითოვოს ნეტავ…

რომ დაათოვოს ქვრივი ქალის ჩადრს…

და დაუფაროს თვალთაგან შვილი,

შვილი, რომელიც ცოცხალი იყო,

ახლა კი ათას გვამად ქცეულა.

ითოვოს ნეტავ…

თეთრად, სპეტაკად,

ითოვოს ნეტავ…

ითოვოს მისთვის,

ვინც ახლა სისხლს ღვრის,

ითოვოს მისთვის, ვინც დაღვრილ სისხლს სვამს…

თვალდახუჭული სინათლეს ვხედავ,

თვალებს ვახელ და სიბნელე გვგუდავს…

ეჰ, რა იქნება, ითოვოს ჩვენთვის…

თეთრად, სპეტაკად, ითოვოს ციდან…

26 აპრილი, 2018 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ღმერთო, მივდივარ გოლგოთის მთაზე

მარიამ ბაიდაშვილი 25 აპრილი, 2018
მარიამ ბაიდაშვილი

ღმერთო, მივდივარ გოლგოთის მთაზე,
მივათრევ ცოდვით შებილწულ ჯვარს,
უფალო, მცივა სისხლიან გზაზე,
ცოდვილ ქარებთან კავშირი მკლავს.

შენ ტირი, მამავ?
მეც ვტირი, ღმერთო…
ეს ისევ სულთა გაყიდვის დღეა,
მე სატანას ვარ გადაცემული
და მისთვის კვდომა სიცოცხლის მზეა.

მე მცივა, მამავ,
მე მტკივა, მამავ,
ცოდვის სისხლსა და ქარში ვდგავარ,
ჩემს სულს გაწირავს ბოროტის ტყვია,
განწირულსა და ცოდვის მსხვერპლს ვგავარ.

ისევ თოვს სულში,
ისევ ქარია
და მივაბიჯებ გოლგოთის გზაზე,
ნუ ტირი, მამავ, ნუ ტირი, ღმერთო,
ჯვარს მიმყიდიან ცოდვის გზით მთაზე.

ღამით მივყვები სისხლიან ბილიკს
და მივადექი გოლგოთის მთას,
მაგრამ ჩემამდე ჯვარს აცვეს კაცი,
თუმცა საბრალო უცოდველს ჰგავს.

მივედი ჯვართან, ჩემს ცოდვებს ვხედავ,
ჯვარზე გაკრულან უფლის ხელებთან,
ავხედე მამას და მისი სისხლი
წმენდს ჩემს ტკივილებს უფლის ტერფებთან.

დღეს სულთა ყიდვა გაუქმებულა,
არ მცივა, რადგან ვეკუთვნი ზეცას,
ჩემი გულიდან უფლის გულამდე
უხილავ გრძნობით ნაშენ გზას ვხედავ.

დღეს გოლგოთაზე ჯვარს ვაცვი კრავი,
მოვწყვიტე ზეცას უბიწო მსხვერპლი,
აჟღერდა ზეცად სიცოცხლის ქნარი,
ვდგავარ და მწმენდს მე იესოს ცრემლი.

25 აპრილი, 2018 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

რანაირები ხართ ადამიანები?!..

ნატალია ჩიქოვანი 1 მარტი, 2018
ნატალია ჩიქოვანი

მახსოვს, შემოდგომა იდგა, ნოემბრის წვიმიან და ნისლიან დღეს, ჩემი ორი, მცირეწლოვანი შვილით გზაზე გადასვლას ვცდილობდი ე.წ. ზებრაზე. არავინ აჩერებდა და დიდხანს ველოდებოდი, როდის ჩამოიცლებოდა ავტომობილების ნაკადი.

უცებ, გზის მოპირდაპირე მხრიდან, ფოსფორისფერ ჟილეტში გამოწყობილმა ხანში შესულმა მამაკაცმა სასტვენს ჩაჰბერა და ზოლიანი ჯოხის ქნევითა და სწრაფი ნაბიჯით გადმოჭრა ქუჩა. მოძრაობა გაჩერდა. ჩემი პატარა გოგონა ხელში აიტაცა და გზაზე გადასვლაში დაგვეხმარა.

ეს მაღალი, თმაშეჭაღარავებული მამაკაცი სავაჭრო ცენტრთან ადრეც მინახავს, ზოლიანი ჯოხით, სასტვენითა და ფოსფორისფერი ჟილეტით „შეიარაღებული“, მოქალაქეებს ავტომობილების სადგომზე დაყენებაში ეხმარებოდა და როგორც მრავალი სხვა თვითდასაქმებული „სტაიანშჩიკი“, ისიც ასე ირჩენდა თავს.

გზაზე გადასულმა ჯიბეები მოვიქექე და გაწეული სამსახურისათვის თანხა გავუწოდე. ის შეცბა. შემომხედა და ნაღვლიანად ჩაილაპარაკა: „რანაირი ხალხი ხართ?! მე უბრალოდ დაგეხმარე, ყველაფერი ფულზე არ იცვლება…“ ზურგი მაქცია, მე სირცხვილისგან ვიწვოდი. მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე მოვკარი თვალი, ჩვეული ენერგიით და მონდომებით რომ აკეთებდა თავის საქმეს. კარგა ხანია, ჩვეულ ადგილას აღარ მინახავს, ვინ იცის, რა ბედი ეწია…

იმ შემთხვევამ ბევრ რამეზე დამაფიქრა. ვფიქრობდი, თუ რატომ გადავწყვიტე „გადამეხადა“ მისთვის გაწეული დახმარების სანაცვლოდ და მივხვდი, რომ ვცხოვრობ სამყაროში, სადაც სამომხმარებლო ურთიერთობები ბატონობს, ცხოვრება კი საოცრად ჰგავს აღებ-მიცემობას, ერთ დიდ ბაზარს, სადაც ყველაფერს თავისი ფასი აქვს… მივხვდი, რომ სიტყვა „უანგარომ“ უწინდელი მნიშვნელობა დაკარგა; მივხვდი, რომ უცხო იყო ქუჩაში შემთხვევით შეხვედრილი ადამიანისგან ადამიანური ქცევა… და მართლაც, რანაირი ადამიანები ვართ ზოგჯერ?!..

და ახლა, როდესაც თავად ვეხმარები უცხო ადამიანებს, კვლავ ვაწყდები იმავეს, გაოცებულ თვალებს, ზოგჯერ ამრეზილ მზერას სახელწოდებით: არავის დახმარება არ მჭირდება, ზოგჯერ ირონიასაც და მაშინ, სწორედ ასეთ მომენტში, თვალწინ მიდგება მოხუცის ნაღვლიანი სახე: „რანაირი ადამიანები ვართ?!“

დღეს მსოფლიოს სამომხმარებლო ურთიერთობები მართავს, ცივი და ანგარიშიანი ურთიერთობები და არის ხოლმე – გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მზესავით გამოანათებენ ღრუბლიან ამინდში, სულს გაგითბობენ, სამყაროს გაგიფერადებენ და მაგალითს მოგცემენ, რომ შენც გაანათო.

1 მარტი, 2018 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ღმერთი, რომელმაც ჩვენი შექმნა გადაწყვიტა…

თეონა მენაბდიშვილი 31 იანვარი, 2018
თეონა მენაბდიშვილი

მიუწვდომელ ნათელშია დამკვიდრებული… განუსაზღვრელია მისი ძალა, შეუძლებელია მისი შემოსაზღვრა, არასოდეს ყოფილა წამი, როცა ის არ არსებობდა და ვერასოდეს დადგება დრო, როდესაც ის არ იარსებებს. მისი არსებობა არაფერზეა დამოკიდებული. არ მოიპოვება ადგილი, რომელსაც ის არ აღავსებს, ქმნილებათა შემოქმედია, აბსოლუტურია მისი ნების გავლენა ხილულსა და უხილავზე, მის მიერაა და მას ემორჩილება ყველაფერი.

მისი სრულყოფილების ცვალებადობა შეუძლებელია. მისი სიწმინდე მუდმივია. მის სიცოცხლეს არ აქვს დასაწყისი. ყოველივე მისით დაიწყო. შეუძლებელია, არსებობდეს ვინმე მასზე დიდი, ძლიერი, წმინდა, სრულყოფილი, ნათელი, მასზე ბრძენი, მასზე კეთილი…

ის მზეს აძლევს სინათლეს, მისი ძალით დგას სამყარო, მისი სიცოცხლის ძალით სუნთქავს ყველაფერი, მისი ნებით აღმოცენდება უმცირესი ყლორტი და მისივე ნებით დგანან მიუწვდომელი მთები. მისი ნებით იძვრის ნიავი და მისით იძლევა ზეცა წვიმას. ის თავად არის სიცოცხლეცა და სიცოცხლის შემოქმედიც, თავად არის სინათლეცა და სინათლის მიმნიჭებელიც. ის მეფე იყო საუკუნეთა უწინარეს და კიდევ უწინ, მას ქედს უხრის სამყარო, გამუდმებულად სცემენ თაყვანს, არც ერთი წუთით არ მცირდება მისი დიდება…

ის ღმერთია. ის ღმერთია, რომელმაც ჩვენი შექმნა გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არასოდეს დასჭირდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ვერასოდეს ვერაფერს შევმატებდით ადამიანები, ვერაფერს მივცემდით ისეთს, რაც უკვე არ აქვს, ვერაფერს შეცვლიდა ჩვენი არსებობა. ის ღმერთია, რომელმაც ჩვენი შექმნა გადაწყვიტა.

იცოდა, რომ დაგვკარგავდა. იცოდა, რომ მივატოვებდით, გულს დავუჭრიდით და საკუთარ ჭრილობებსაც მას დავაბრალებდით. იცოდა, რომ იმავე ხელებს დავულურსმავდით, რომლითაც გვქმნიდა, მის მიერ შექმნილ დედამიწაზე, მის ხატად შექმნილი ადამიანები, მის მიერ მონიჭებული სიცოცხლით მდგარნი, მთელ ძალას მოვიკრებდით მაცოცხლებლის მოსაკლავად. მან მიატოვა დიდება, გასამართლდა უსამართლოთა მიერ და მოიკლა ქმნილებათა ხელით.

ის სიყვარულის ერთადერთი სრულყოფილი განმარტებაა. ის თავად არის სიყვარული. ის  ღმერთია, რომელმაც ჩვენი შექმნა გადაწყვიტა.

31 იანვარი, 2018 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

სამყაროში უკვალოდ არაფერი ქრება

ანი ჭილაშვილი 29 ნოემბერი, 2017
ანი ჭილაშვილი

დაორთქლილ მინას ხელით ვწმენდ. გარეთ წვიმს… ისე არა, როგორც ფილმებში, არამედ ნამდვილად წვიმს. ჯერ ერთი წვეთი ჩამოვარდა, შემდეგ ორი, სამი და ბოლოს თითქოს ციდან მდინარეები გადმოიღვარაო, ისე გაწვიმდა… მე ვიცი, რომ ვარსებობ, რადგან ვსუნთქავ; ვგრძნობ გულისცემას, რომელიც რიტმულად ცემს; უკვე რამდენიმე თვეა, რაც რიტმი არ ირღვევა; ალბათ, ასე გაგრძელდება მარად…

რამდენი ხანია, რაც ადამიანი არსებობს დედამიწაზე? 6000 წელი? 7000? იქნებ მეტი ან ნაკლები? ღმერთმა შექმნა ადამიანი საკუთარი ქმნილებებიდან ყველაზე ბოლოს, რათა ებატონა ყოველივეზე, რაც კი მის გარშემო, მიწაზე, ცაში თუ წყალში იძვროდა და არსებობდა.

ხშირად შემიხედავს ადამიანისთვის და მიფიქრია, რა აზრი აქვს მის არსებობას, როცა ასე სტკივა? ვუყურებ და ვხვდები, რომ მისთვის სამყარო შინაარსისგან არის დაცლილი.

თითქოს სულ ერთია, იარსებებს თუ არა, მაგრამ არსებობს… ყოველ ადამიანს აქვს ის ერთი მიზეზი მაინც, რის გამოც იარსებებს… თუნდაც ყოველი ჩასუნთქული ჰაერი აუტანელ ტკივილს აყენებდეს, ამოსუნთქვისას კი უდიდესი ძალის მოკრება სჭირდებოდეს, ის მაინც არ წყვეტს არსებობას…

მჯერა, რომ სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება; ყოველ ქმედებას თუ მოვლენას თავისი მიზანი აქვს, არც ერთი ადამიანი არ იბადება შემთხვევით… თითოეული ჩვენგანის არსებობას აზრი უნდა ჰქონდეს, რის გამოც სიცოცხლე ფასეული გახდება.

ყოველი ადამიანი საკუთარ თავში უნდა ეძებდეს ცხოვრების არსს. სამყაროში უკვალოდ არაფერი ქრება. მას შემდეგ, რაც ადამიანი გარდაიცვლება, ის, პრაქტიკულად, არსებობას წყვეტს, რადგან მისი გული ჩერდება, ფილტვები კი ჰაერს ვეღარ ჩაისუნთქავს; თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი აღარ არსებობს, რადგან ყოველთვის მოიძებნება, სულ მცირე, ერთი ადამიანი მაინც, ვის გულშიც ის მარადიულად იარსებებს…

მაშასადამე, არსებობისთვის სუნთქვა სულაც არ ყოფილა საჭირო…

მაგრამ ყველა ადამიანი ვსუნთქავთ, რათა ვიარსებოთ და დავტოვოთ საკუთარი არსებობის დამადასტურებელი საბუთი სამყაროში ან ერთი ადამიანის გულში მაინც.

მე ვიცი, რომ ვარსებობ დღეს, თუმცა არ ვიცი, ვიარსებებ თუ არა ხვალ ღმერთის გარეშე…

ავტორი: ანი ჭილაშვილი.

29 ნოემბერი, 2017 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

შენ წერ საკუთარ ისტორიას

თამუნა შაქარაშვილი 29 ივნისი, 2017
თამუნა შაქარაშვილი

თითოეული ჩვენგანი  თავად ვწერთ ჩვენი ცხოვრების ისტორიას. ყოველი დღე, ყოველი მიღებული გადაწყვეტილებაც სწორედ ამ ისტორიის ნაწილია. მნიშვნელოვანია საკუთარ ცხოვრებაზე, ყოველ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, მომავალზე დაფიქრება. დავფიქრდეთ, რამდენად მოგვეწონება ჩვენს ყოველდღიურ გადაწყვეტილებათა შესახებ წაკითხვა. ხარ წიგნის გმირი, რომელიც შენს აღფრთოვანებას გამოიწვევს?

რამდენად ნებდები სირთულეებს? რამდენჯერ თმობ და იხევ უკან? როგორი გმირები გიზიდავს? გმირები, რომლებიც ადვილად ნებდებიან, თუ გმირები, რომლებიც იბრძვიან და მაინც იმარჯვებენ მაშინ, როდესაც სხვები უბრძოლველად მარცხდებიან. რომელი გმირი ხარ შენ, ან რომელი გინდა, რომ იყო?

ბოლომდე მოუკვდი შენს ფიქრებს, შენს აზრებს, შენს გრძნობებს და გაჰყევი ღმერთს, გაჰყევი ღვთის სიტყვას. იყავი ბრძენი, რადგან დაწერილია: „შეიძინე სიბრძნე, შეიძინე გაგება, ნუ განაგდებ მას და ის შეგინახავს შენ. გიყვარდეს იგი და ის დაგიცავს შენ“ (იგავები 4:5-6). რამდენად ბრძენი ხარ ცხოვრებაში? რამდენად მოგწონს შენი ცხოვრების სტილი? როგორი ხარ და როგორი გინდა, რომ იყო? ჩვენი ცხოვრების თითოეული დეტალი უმნიშვნელოვანესია!

არ აქვს მნიშვნელობა, შეგიძლია თუ არა წერა, ლამაზად წერ თუ არა, მაგრამ შენ წერ შენი ცხოვრების ისტორიას, რომელსაც ალბათ შვილებს, შვილიშვილებს, ან, უბრალოდ, მეგობრებს მოუყვები. შენს ამბავს თუ სხვებს მოუყვები, რას გაიგებს ხალხი? მიუტან მათ სიცოცხლის სხივს?! იქნები ის ადამიანი, რომელიც თავისი ცხოვრებით იტყვის: არა კომპრომისს, რომელიც არ მაშენებს! არა ცოდვას! არა ორი ბატონის მსახურებას?!

იღაღადებს შენი ისტორია ღვთის დიდებაზე? დაამტკიცებ, რომ უფლის შვილი ხარ. არასოდეს დაგავიწყდეს, რომ შენ ხარ ის მწერალი და ის პერსონაჟი, რომელიც თავად გსურს. შენ წერ ისტორიებს და შენ უნდა გადაწყვიტო, იქნები თუ არა ის მწერალი, რომელიც ხალხს გადარჩენის სარკეებს მიუტანს, რომელიც იქნება ნათელი ღვთის სიტყვის და რომელიც საზოგადოების წინაშე თამამად და მტკიცედ წარადგენს თავის ნაშრომს. ბაგეც მეტყველებს იმაზე, რაც გულშია და ხელიც იმაზე წერს, რაც გულშია.

29 ივნისი, 2017 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

LGBT – გაუკუღმართებული გრძნობები…

თორნიკე ხუბაშვილი 20 ივნისი, 2017
თორნიკე ხუბაშვილი

ბოლო დროს ჩვენს სოციუმში ჰომოსექსუალიზმის მხარდასაჭერ არგუმენტად არაერთმა აზრმა გაიჟღერა, როგორიც არის ”არსებობდნენ გენიოსი ჰომოსექსუალები მსოფლიოში”; ორგანიზება გაეწია ფილმის ჩვენებას, სადაც ლესბოსელები და ჰომოსექსუალები აჯანყებულ მაღაროელებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თანხას უგროვებენ, რომელიც გადამწყვეტ როლს ითამაშებს მათ ცხოვრებაში. თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, ფილმის ჩვენება არ შედგა… ასევე, ბოლო ხანებში ხშირად გვესმის ფრაზა – “ძალიან ბევრი ჰომოსექსუალი ქველმოქმედი არსებობს.”

მსგავსი შინაარსის წინადადებები, დღესდღეობით, უკვე მრავლად შეგიძლიათ მოისმინოთ, მაგრამ მე მიჩნდება კითხვა: იმიტომ არის ჰომოსექსუალობა კარგი, რომ მათ შეუძლიათ ადამიანურად მოიქცნენ? იმიტომ, რომ ქველმოქმედებენ და სიკეთეს აკეთებენ? მესმის, რომ არსებობს ხალხის კატეგორია, რომლებიც არ მიიჩნევენ ჰომოსექსუალებს ადამიანებად – ეს მათი პრობლემაა, მაგრამ თუ თქვენ იმის დამტკიცება გსურთ, რომ თქვენც ადამიანები ხართ, მაშინ გასაგებია… მიღებულია თქვენი არგუმენტი. მაგრამ თუ სიკეთით მანიპულირება გსურთ და საკუთარი ორიენტაციის გამართლება, მაშინ უნდა გესმოდეთ, რომ სიკეთის კეთება ან/და განათლება ჰომოსექსუალობას მისაღებსა და სწორს ვერ გახდის, ისევე, როგორც ბოროტი ადამიანი ვერ გამართლდება იმით, რომ ჰეტეროსექსუალია. ამ მიდგომით ხომ კეთილი ნარკომანებიც მომრავლდებიან, კეთილი ზოოფილები, განათლებული პედოფილები, ქველმოქმედი მოღალატე ქმრები ან/და ცოლები, წესიერი მრუშები და ა.შ… ახლა რა ვქნათ?! რადგან ადამიანებს შეგვიძლია ადამიანურად მოქცევა, ამის გამო ყველაფერი გავამართლოთ, რისი კეთებაც მოგვწონს და არასწორს სწორი ვუწოდოთ?! ვფიქრობ, არასწორი “იარაღიდან ისვრით”. როდესაც საქმე რელიგიას ეხება, საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ ჰომოსექსუალიზმი არის ერთ-ერთი ცოდვა, ისევე, როგორც მრუშობა და მემთვრალეობა. არ აქვს გამართლება, არც კეთილი საქმეებით და არც მაღალფარდოვანი საუბრით. რა პრინციპით არის მრუში ჰომოსექსუალზე სუფთა?! რითი არის მოღალატე, თაღლითი, ქურდი და ა.შ უფრო სუფთა, ვიდრე ლესბოსელი და ჰომოსექსუალი?! არაფრით! განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ სხვა ცოდვები საზოგადოებისთვის უფრო მისაღებია, ვიდრე ჰომოსექსუალიზმი, რაც შეცდომას წარმოადგენს, რადგან სინამდვილეში ღმერთისთვის ორივე საზიზღრობაა.

თუ დღეს ჰომოსექსუალებს უწევთ იმის მტკიცება, რომ ადამიანები არიან – ეს ჩვენი მიდგომის ბრალია! რადგან გავმიჯნეთ ცოდვები და დავყავით ერთმანეთისგან, თითქოსდა ღმერთისთვის დიდი და პატარა ცოდვა ხარისხის მიხედვით მისაღებია. მაგრამ როდესაც ჰომოსექსუალი ამტკიცებს, რომ მისი საქციელი სწორია და არაფერია ამაში არაღვთიური, აი, ეს უკვე პრობლემაა. ადამიანები ყოველთვის სცოდავდნენ, მაგრამ დღეს ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც არა უბრალოდ სცოდავს საზოგადოება, არამედ ცდილობს, რომ ეკლესიებს ამაზე თანხმობა გამოაცხადებინოს, რაც არ მოხდება. ქრისტიანული საზოგადოების წევრებმა უნდა გავიაზროთ, რომ როდესაც ცოდვას ვართ დამონებულნი, ეს ჩვენსა და ღმერთს შორის დგას. ცოდვის სიყვარული ღვთის მტრობაა, რომელ გამოხატულებასაც არ უნდა ვგულისხმობდეთ. თუმცა, გამორჩეულად რატომ არის სექსუალური უმცირესობების მიმართ ბრძოლა გაჩაღებული? იმიტომ, რომ ერთადერთნი არიან, ვინც ამბობენ, რომ რასაც აკეთებენ, ეს უნდა იყოს მისაღები ეკლესიებისთვის, სკოლებისთვის, მოსახლეობისთვის და მათი ბავშვებისთვის. ნაცვლად იმისა, რომ აღიარონ -სცოდავენ, სურთ გაამართლონ, მისაღები გახადონ და დაარქვან ამას განათლება, ჯანსაღი მიდგომა და პირადი არჩევანი. მომისმენია, როგორ ამბობს არაერთი ჰომოსექსუალი: „მე ღმერთის მწამს, მას ვუყვარვარ და ასეთი შემქმნა.” არ არსებობს ისეთი ღმერთი, როგორიც თვითონ შექმნეს საკუთარ გონებაში. აქედან სიმართლე მხოლოდ ისაა, რომ ღმერთს ნამდვილად უყვარს ისინი, მაგრამ სძულს, რასაც აკეთებენ. მათ სჭირდებათ მონანიება და შემობრუნება მისკენ. შემობრუნება ვისკენ? იესო ქრისტესკენ, რომელიც მზად არის, გვაპატიოს ყველა დანაშაული. მისი სიყვარული განუზომელია კაცობრიობის მიმართ…

ჰომოსექსუალობა არ არის უბრალოდ შეცდომა, არამედ ეს არის მტრობა ღმერთისა. თუკი ღმერთის აზრი გვაინტერესებს ამის შესახებ, ბიბლია ამას ავხორცობასა და გაუკუღმართებულ გრძნობებს უწოდებს.

იხ. რომაელთა 1-ლი თავი:

18) ვინაიდან ცხადდება ზეციდან ღმერთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარ უღმერთობასა და უმართლობაზე, უმართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას.
22) თავიანთ თავს ბრძენთ უწოდებენ და გამოსულელდნენ.
24) ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმების უწმინდურებას, რათა თვითონვე შეებილწათ თავიანთი სხეულები ერთმანეთში.
26) ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს, რადგან მათმა ქალებმაც კი შეცვალეს ბუნებრივი ურთიერთობის წესი ბუნების საწინააღმდეგოთი.
27) ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალის ბუნებრივი ურთიერთობის წესი და ავხორცობით გახურდნენ ერთიმეორის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს, და მიიღეს საკადრისი საზღაური თავიანთი ცდუნებისათვის.
28) და რაკი არ ეცადნენ, რომ გონებით ჩასწვდომოდნენ ღმერთს, ღმერთმა უკუღმართ გონებას გადასცა ისინი, რათა დაუწესებელი ეკეთებინათ. 
32) იციან მათ ღმერთის სამართალი, რომ ამის მოქმედნი სიკვდილს იმსახურებენ; მაგრამ არა მარტო აკეთებენ ამას, არამედ გამკეთებლებსაც უწონებენ.”

მოუბრუნდით მამას! შეწყვიტეთ იმ ხიდზე სიარული, რომელსაც ღმერთი არ ამაგრებს! უთხარით “არა” სიცრუეს, რომელიც სწორად გაჩვენებთ უკუღმართს, არასწორად გაჩვენებთ ღმერთის სიყვარულს, და გაბედულებას გაძლევთ, იაროთ ამაყად სიკვდილისაკენ. მოაბრუნეთ თქვენი გზები, შეწყვიტეთ ომი ღმერთის წინააღმდეგ! ის არ დააყოვნებს თქვენს მიღებას! მას შეუძლია, ფერფლიდან აღადგინოს თქვენი ცხოვრება, რადგან იესო ქრისტე სწორედ იმიტომ ეტანჯა ჯვარზე, რომ განეახლებინა ჩვენთვის წართმეული სიცოცხლე!

20 ივნისი, 2017 1 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

„მოგიხმობს სული ჩემი…“- წერილები ღმერთს

თეონა მენაბდიშვილი 6 ივნისი, 2017
თეონა მენაბდიშვილი

ღმერთო, ზოგჯერ ისე ძნელია შენი სახელის წარმოთქმა, როგორც ბავშვისთვის პირველი სიტყვისა, მაგრამ წარმოთქმისთანავე ვხვდები, რომ იგივე სიხარული გეუფლება, რაც მშობელს ამ პირველი სიტყვის გაგონებისას. რაც უფრო დიდხანს ვარ ჩუმად, მით უფრო მძიმდება ბგერები…

აი, ისევ გამოაღწევს სიამაყით დადუმებული ბაგიდან შენი სახელი და ვერ ვხვდები, ამ დროს  სირცხვილი უფრო დიდია თუ შვება. ვგრძნობ, როგორ მთავრდება ჩემი სულის პროტესტი ჩემივე თავთან. ეს პროტესტი კი ყოველთვის იმდენად დიდია, თითქოს ცოტაც და სული გამომექცევა სხეულიდან, ვეღარ გაუძლებს შენსა და მას შორის აღმართულ კედლებს, ჩემ მიერ აღმართულ კედლებს…

სადაც არ უნდა ვიყო, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, რა დროც არ უნდა გავიდეს ჩემი გაჩუმებიდან, ჩემს სულს ახსოვხარ, ან კი როგორ არ უნდა ახსოვდეს ავადმყოფს წამალი და მწყურვალს – წყალი.

შეურაცხადივით მთელი ძალით გაჰყვირის და ანგრევს გულის კედლებს, ტირილით მირტყამს და მთხოვს შენს მოხმობას.

მე კი საგიჟეთში დაბერებული ექიმივით შემიძლია ჩემში დავიტიო შეშლილი სული და დუმილი გავაგრძელო.

ღმერთო, ვიცი, რომ ყველაზე ჩუმია ეს დუმილი ჩემთვის და ყველაზე ხმამაღალი – შენთვის.

ღმერთო, ვიცი, რომ მშობელივით ელი ჩემს “პირველ” სიტყვას, უკვე მერამდენედ…

ღმერთო, სასტიკი ბრძოლა მიწევს ამისთვის.

ღმერთო, მაინც მოგიხმობს ჩემი სული.

ღმერთო, აი, ჩემი პირველი სიტყვა.

ღმერთო!

ღმერთო…

6 ივნისი, 2017 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

აღმთქმელი სარწმუნოა!

თეონა მენაბდიშვილი 30 მაისი, 2017
თეონა მენაბდიშვილი

ყოველთვის მეგონა, რომ არაფრად ვღირდი და სამყაროს შეფასებაც იგივე იყო.

ყოველთვის მეგონა, რომ ოცნებები არ სრულდებოდა და გამოცდილებაც მეთანხმებოდა ამაში.

ყოველთვის მეგონა, რომ მარტო ვიყავი და გარშემო მყოფებიც მეხმარებოდნენ ამის დაჯერებაში.

ყოველთვის მეგონა, რომ სიყვარული და ერთგულება არ არსებობდა და  „სიყვარულიც“ დამეხმარა, ამაში უფრო მეტად დავრწმუნებულიყავი.

ცრუ არის სამყარო.

უგუნურია გამოცდილება.

უძლურნი არიან გარშემო მყოფები.

სიყვარული არ არის „სიყვარული“.

თუმცა…

ყოველთვის მეგონა, რომ არასაკმარისი იყო ჩემი სამყარო, რომ ვარსკვლავები ღამის ცაზე თავად არ  დასხდნენ, რომ შემოქმედი არსებობდა და მისი ყოფნა, როგორღაც კავშირს პოულობდა უბადრუკ „მე“-სთან.

ყოველთვის მეგონა, რომ ჩემი სიცოცხლე ნესტიან საწოლში წოლაზე მეტი უნდა ყოფილიყო.

რომ ჩემი ჭერიდან ჩამოვარდნილი წყლის წვეთივით პატარა და სუსტი ვიყავი, რაღაც დიად ძალასთან შედარებთ.

ყოველთვის მჯეროდა, რომ ერთ დღეს ვიპოვიდი და თავად ის დამეხმარა ამის დაჯრებაში.

ყოველთვის მეგონა, რომ ერთ დღეს მიპოვიდა –  თავად ის დამეხმარა ამის დაჯერებაში.

ეს თითქოს ყველაფრისთვის მნიშვნელობის დაკარგვა და შეძენაა ერთდროულად. ერთდროულად ნგრევაა წარსულის და შენება მომავლის, როცა გპოულობს ის, ვის წინაშეც იდრიკება სამყარო, ვისთვისაც უმნიშვნელოა  შენი გამოცდილება. ვინც მეტია შენზეც და გარშემო მყოფებზეც, ვინც თავადაა სიყვარული.

მან გადაიხადა ჩემში ფასი და შეუფასებლად მაქცია.

მაჩუქა ოცნებები, რომლებიც აუცილებლად ახდება.

აღმითქვა, რომ არასოდეს დამტოვებს მარტო.

შემიყვარა და საუკუნოდ  ერთგულია ამ სიყვარულის.

ჩემთან არის…

გამომიხსნა…

დამიცავს…

წამიძღვება…

ვეყვარები…

არ მიმატოვებს…

P.S  თვითონ დამეხმარა ამის დაჯერებაში.

30 მაისი, 2017 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    ბარაბას ადგილზე რომ ვყოფილიყავით…

    14 აპრილი, 2023
  • 2

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 3

    პატიება

    5 დეკემბერი, 2015
  • 4

    ჩემი ტკბილი უფალი

    17 ოქტომბერი, 2019
  • 5

    რაზე აშენებ შენს ცხოვრებას?

    27 აპრილი, 2021


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ