ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

აღვზარდოთ თაობა ქრისტესთვის

გიორგი ოდიაშვილი 30 მაისი, 2018
გიორგი ოდიაშვილი

ჩვენ ვასწავლით ჩვენს შვილებს გინებას (პატარას უხდებაო) და შემდეგ გვიკვირს, როცა ჩვენ მიმართ იყენებენ ჩვენგანვე ნასწავლს. ჩვენ ვგზავნით უბნის მაღაზიაში ჩვენს შვილებს ლუდსა და სიგარეტზე და შემდეგ გვიკვირს, როდესაც სკოლის მასწავლებლები გვიბარებენ და გვეუბნებიან, რომ ჩვენი შვილები ეწევიან და სვამენ.

ჩვენ ვმართავთ ღრეობებს, ვსვამთ უგონოდ, ვჩხუბობთ, ვაყურებინებთ ამ ყოველივეს ჩვენს შვილებს და შემდეგ გვიკვირს, თუ საიდან გახდნენ ისინი ზუსტად ისეთები, როგორებადაც ჩვენ გვხედავდნენ მთელი ბავშვობის განმავლობაში. ჩვენ არ ვთესავთ ჩვენს შვილებში პატრიოტიზმს და შემდეგ გვიკვირს, თუ რატომ არ აქვთ ქართული სულისკვეთება.

ჩვენ ვისვრით ნაგავს მანქანებიდან ჩვენი ბავშვების თვალწინ და შემდეგ გვიკვირს მათი ანალოგიური ქმედება. ჩვენ ვჩხუბობთ, ვკამათობთ და ვილანძღებით ოჯახებში, ჩვენი ბავშვების დასანახად და შემდეგ გვიკვრის, როდესაც აგრესიას ვხედავთ მათში…

ჩვენ ვთესავთ ჩვენს ბავშვებში სიძულვილს და შემდეგ გვიკვირს, სიყვარულს რატომ არ ვიმკითო? ჩვენ ვზრდით ჩვენს შვილებს ქრისტეს სიტყვის გარეშე და შემდეგ გვიკვირს, სატანას როდის მიჰყიდეს სულიო?!

იგავნი 22:6: “გაწვრთენი ყმაწვილი, რომ სწორ გზაზე იაროს და სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას.”

დაე, ჩვენი შვილები გავწვრთნათ პატიოსან მოქალაქეებად, ვაჟკაცებად და ყმაწვილქალებად, სიყვარულის მთესველებად, ბოროტის წილ კეთილით გადამხდელებად, სიბნელესთან სინათლით მებრძოლებად, გაჭირვებულის დამხმარეებად, ცუდ გზაზე მდგომის გამომსწორებლებად. დაე, ქრისტეს მოსიყვარულეებად, მოშიშებად, ერთგულებად აღვზარდოთ და გავწვრთნათ ჩვენი შვილები – ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობა.

ავტორი: გიორგი ოდიაშვილი

 

30 მაისი, 2018 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

როგორ ვრცელდება ჭორები, ანუ რაც თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია

ნატალია ჩიქოვანი 30 მაისი, 2018
ნატალია ჩიქოვანი

„უფლის მოშიშება აავსებს მას. დანახულით არ განსჯის, და გაგონილით არ გადაწყვეტს. ღარიბთა საქმეებს პატიოსნად განსჯის, და სისწორით განიკითხავს ამ ქვეყნის ჩაგრულთ. ქვეყანას დასჯის თავისი სიტყვების კვერთხით, თავის ბაგეთა ქარით მოკლავს უკეთურს.”/ესაია 11 : 3-4/

ჭორები სწარაფად ვრცელდება, ყურიდან ყურში ბგერის სისწრაფით გადადის და საცეცებს შლის საზოგადოებაში. ხშირად გამიზნულად, ზოგჯერ გაუთვალისწინებლობით ვყვებით ამბებს ადამიანებზე, რომლებიც საკუთარი თვალით არ გვინახავს, საკუთარი ყურით არ მოგვისმენია და იმ ადამიანს გულზე ფიქრადაც არ მოსვლია. ასე, მთიდან დაგორებული თოვლის გუნდასავით იზრდება ყოველი ადამიანიდან ადამიანამდე წარმოდგენები და შეხედულებები სხვათა მისამართით, რომლებიც ხშირად არ შეესაბამება სიმართლეს.

ხშირად არც კი ვფიქრობთ, რომ ჩვენი შეხედულება კონკრეტული ადამიანის შესახებ  დაზიანებულ ნახატს ჰგავს, ასაწყობ ნახატს დაკარგული ნაწილებით, რადგან ვუყურებთ მთლიანობაში და არ ვიცით, კონკრეტული სიტუაციები, დაცემები, აღმაფრენები და ტკივილები, რაც მას ასეთად აქცევს. ზოგჯერ კი პირიქითაც ხდება, ერთ კონკრეტულ სიტუაციას ვაზოგადებთ და ერთ შეცდომას იარლიყად ვაქცევთ სხვათა ცხოვრებისთვის… რთულია უყურო სამყაროს ტელესკოპიდან, რომელშიც მხოლოდ ერთი ვარსკვლავი ჩანს და აღიქვა მთელი ქმნილების მშვენიერება.

იქნებ ასე ბევრს იმიტომ ვსაუბრობთ სხვათა ცხოვრებაზე, რომ საკუთარი გვაწუხებს?

ყოველი ადამიანი მაკროსამყაროა თავისი მიკროსისტემით, თითოეული მათგანი სამყაროს თავისი განზომილებიდან აკვირდება და ის არის ცენტრი ყველაფრისა, რაც მის გარშემო ხდება… ეს პატარა, ქაოსური „გალაქტიკები” ხშირად კვეთენ ერთმანეთის ორბიტებს, ურთიერთობები ხომ ასე სასიცოცხლოდ აუცილებელია ადამიანებისთვის და ამავდროულად, პრობლემათა კასკადის სათავეა თითოეული ჩვენგანისთვის.

სხვანაირად რომ ვთქვათ, ურთიერთობები არარეგულირებულ გზაჯვარედინს ჰგავს, სადაც ინტერესები და შეხედულებები ერთმანეთს კვეთენ, შესაბამისად, ავარიული შეჯახებებისგან დაზღვეული არავინ ვართ. სწორედ იმიტომ, რომ ადამიანი სოციალური არსებაა, ურთიერთობების გარეშე ცხოვრება არ ძალუძს, ურთიერთობები კი თავის თავში მოიცავს ინტერესთა კონფლიქტსაც. ზოგჯერ სწორედ ეს ხდება სხვათა კრიტიკის მიზეზი, კრიტიკას კი არცთუ იშვიათად მივყავართ სხვათა განკითხვისკენ.

ერთი მხრივ, ჩვენი შეხედულებები „გვატყუებენ ” თავად ჩვენ და ცვლიან დამოკიდებულებებს სხვათა მიმართ და მეორე  მხრივ, ვერ ვიტევთ ხოლმე ამ „დიად გამოცხადებებს” ჩვენს გულში და სხვათათვის მისი გაზიარება გვინდება. ასე გადადის ბგერის სისწრაფით ყურიდან  ყურში და გულიდან გულში შეთხზული ამბები და ადამიანები ჩვენ ირგვლივ მითიურ პერსონაჟებს ემსგავსებინ. რამდენჯერ გითქვამთ სიტყვები: „სხვანაირი მეგონე”, ან კიდევ  „თურმე სხვანაირი ყოფილხარ”?  სწორედაც რომ „მეგონა” არის ხშირად ჩვენი ცუდი მრჩეველი ადამიანებთან ურთიერთობისას…

ნუ იტყვი იმას, რაც საკუთარი თვალით არ გინახავს და საკუთარი ყურით არ მოგისმენია და იმასაც ნუ იტყვი, რაც ნახე და გაიგონე, რადგან ხშირად საკუთარი აღქმაც გვღალატობს.

ბიბლია ამბობს: „დანახულით არ განსჯის და გაგონილით არ გადაწყვეტს.” /ესაია 11:3-4/

„შევხედოთ რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფელს – იესოს, რომელმაც იმ სიხარულისთვის, რომელიც მოელოდა, დაითმინა ჯვარი, უგულებელყო შერცხვენა და ღმერთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა.” /ებრაელთა 12: 20/

შევხედოთ მას, რომელიც „ნაგვემ ლერწამს არ გადატეხს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს, ვიდრე სამართალს გამარჯვებამდე არ მიიყვანს.”/მათე 12:20/

შევხედოთ მას, ვინც „ყველას თავისი საქმეებისამებრ  მიუზღავს.” /რომაელთა 2:6/

შევხედოთ და მივბაძოთ, რადგან  „ამისთვის ხართ მოწოდებულნი, ქრისტეც ხომ იტანჯა თქვენთვის და მაგალითიც დაგიტოვათ, რათა მის კვალს მიჰყვეთ.” /1 პეტრე 2:21/

შევხედოთ, მივბაძოთ და მივყვეთ!..

ავტორი: ნატალია ჩიქოვანი

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

 

30 მაისი, 2018 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ღმერთმა გაჩუქა სახელი

რომა შალამბერიძე 24 მაისი, 2018
რომა შალამბერიძე

ჩვენ გარშემო ბევრი ისეთი ადამიანია, რომელთაც ქრისტიანულ ცხოვრებაში გაბედულად სიარული არ შეუძლიათ, რადგან ისინი, თავიანთ ფიქრებში, საკუთარი თავისაგან დამოუკიდებლად წყვეტენ, რომ ღვთისმსახურებისთვის აუცილებელია ჩვენი სიმართლე  გვქონდეს, რათა შერცხვენილები არ წარვდგეთ მის წინაშე. ეს, ერთი შეხედვით, უწყინარი და საინტერესო მსჯელობაა, თუმცა ასე მოაზროვნე ადამიანები ღმერთთან საერთოდ აღარ მიდიან, როდესაც სცოდავენ; რადგან ისინი ფიქრობენ, რომ არ გააჩნიათ საკუთარი სიმართლე და ჰგონიათ, რომ ღმერთი მხოლოდ სინდისის დამშვიდების შემდეგ მოუსმენს მათ.

თუ თქვენც ყოფილხართ მსგავსად მოაზროვნე, ან ხართ, მაშინ ეს თქვენთვის არის.
ღმერთმა გაჩუქათ სახელი და ეს სულაც არ გულისხმობს, რომ ამ სახელის მატარებელნი მაშინ ვართ, როდესაც წმინდად ვცხოვრობთ. ეს არასწორი ლოგიკაა.

ღმერთმა გაჩუქათ სახელი და ეს სახელი არის: წმინდა, გამოსყიდული, მართალი და ა.შ. ამის მაგალითს თავად ბიბლია გვაძლევს; როდესაც ღმერთი პირდაპირი თუ ირიბი გაგებით სახელებს უცვლიდა ან ჩუქნიდა  მის შვილებს, ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებდა, რომ ჩვენი ქმედებით ვერასდროს გვექნებოდა მშვიდობა ღმერთთან.

როგორც პავლე მოციქული ამბობს: “ჩვენი სიმართლე ქრისტეა” და ჩვენ ღმერთთან უნდა მივდიოდეთ არა ჩვენი სიმართლით, როდესაც ყველაფერი რიგზე გვაქვს, არამედ ქრისტეს სიმართლით, რომელიც მაშინაც კი გვესაუბრება ჩვენი სინდისის ხმით, როდესაც ვცდებით.
ჩაეჭიდეთ ამ ძვირფას საჩუქარს.

ღმერთმა უბრალოდ გაჩუქათ და მოგანდოთ მართლის სახელი. ახლა თქვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ გაუფრთხილდებით და შეინარჩუნებთ ამ სახელს.

 

24 მაისი, 2018 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

უფლის წუხილი დაკარგულ კრავზე

მარიამ ბაიდაშვილი 15 მაისი, 2018
მარიამ ბაიდაშვილი

– ჩემო შვილო, ჩემგან მიდიხარ?

– ჰო, მამა, მე მსურს თავისუფლება.

– მაგრამ საბრალო კრავი გიპოვე და გამოგგლიჯე მგელთა ხელიდან.

– მე არ მსურს მონად გადამაქციო, მე შენი შვილი არც კი ვყოფილვარ.

– და  ჩემს კალთაზე გაზრდილი ჩვილი ამბობს, რომ თურმე მამად არ ვღირვარ?

– არა, უფალო, არ მსურს მარადჟამს ანგელოზებთან ერთად მატარო, არა, არ მინდა მონად დაგიდგე, მე მთებში უნდა გავინავარდო!

– მე მონად არ მსურს გადაგაქციო, ეს დამონება არ არის, შვილო. შენს ნაფეხურებს კვალდაკვალ დავდევ, რომ სადმე ჭმუნვა არ მოგეკაროს. რამდენი ორმო ამომივსია, შენს ფაქიზ ტერფებს მშვიდად რომ ევლო, ჩემო პატარა კრავო უფლისა, როგორ არ მინდა, რომ დამეკარგო.

– გამიშვი ხელი! არ მსურს ვისმინო, საბრალო ღმერთის წუხილი ჩემზე.

– მიყვარხარ, შვილო და ვტირი ახლა, რომ გიშვებ მარტოს შავეთის ველზე…

მე გამოვგლიჯე ღმერთს ჩემი ხელი

და მისმა ცრემლმა გზები დანამა,

უფლის კალთებს რომ მოსწყდა ჩვილი,

ამაზე მწარე არის განა რა?!

ყველაფერი დაიწყო წამიდან, წამიდან, რომელსაც სიკვდილის მელოდია ჰქვია. უფლის ხელს ძლიერად გამოვგლიჯე ჩემი ხელი და მის ცრემლებს უფლება არ მივეცი, ჩემს გულზე დაცემულიყო. ვფიქრობდი, განა ღმერთს არ ჰყავდა არავინ, ვისაც დაელაპარაკებოდა? ვინც მარტოობას არ აგრძნობინებდა? მე ვხედავდი ღმერთს მარტოსულს, მიტოვებულს, თუმცა ვცდებოდი. ეს მე ვიყავი მარტო უფლის გარეშე, ეს მე ვიყავი, ვისაც სჯეროდა, რომ თავისუფლებაში ხალხი ელოდა, რომელთან ერთადაც იფრენდა.

მე იმ ფრთებით დავიწყე აფრენა, რომლებიც ოდესღაც უფალმა მაჩუქა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მე არ ვიცოდი მათი გამოყენება. გზად კაცი შევნიშნე, რომელიც მარტო ხეტიალობდა ბნელ ადგილებში. ის განწირული კიოდა და მისი ფრთები მიწად იყო დაცემული, თუმცა როდესაც დამინახა, დახმარება შემომთავაზა. მითხრა, რომ ფრთების გამოყენება იცოდა. მეც დავმორჩილდი, მაგრამ შევცდი. მან ფრთები მომამტვრია და მეც მასთან ერთად დაცემული აღმოვჩნდი. ამ დროს გავიგონე ზეციდან ანგელოზთა გლოვა. ამ წამიდან დაიწყო მოგზაურობა ჯოჯოხეთში.

მე ვერ გავფრინდი თავისუფლებაში, თუმცა ხოხვით და ტანჯვით მივაღწიე თავისუფლებას, რომელიც მხოლოდ ილუზია აღმოჩნდა და ეს იყო ადგილი, სადაც სატანა მეფობდა. მე დავიწყე ყვირილი, ვინანე, თუმცა დავაგვიანე. სატანა მაჩვენებდა იმ კადრებს, როცა ის ზეიმობდა, მაშინ, როდესაც ღმერთს ხელი გავუშვი. მე დიდებულად შემმოსა მან, ყველაზე ლამაზი სამკაული ჩამომკიდა და ისე შემიტყუა თავის სამფლობელოში. შემიტყუა და მიმაგდო. ტალახში ამოსვრილი, ფრთებმოტეხილი და დასახიჩრებული ვიყავი. არ არსებობდა სიმშვიდე, ერთი წამითაც არ მიგრძნია სურნელი სიცოცხლისა. მწყუროდა ის სიმშვიდე, რომელსაც გამოვექეცი. არ ვიცი, რამდენი დრო გავიდა, თუმცა, უეცრად, დავინახე, როგორ მოემართებოდა ჩემკენ კაცი, რომელსაც არც ერთი ბოროტება არ ჰქონდა მოცხებული ტანზე. ვხედავდი კაცს, რომელსაც სუფთა პერანგი ეცვა, არც კი იყო დასვრილი, თუმცა მის ორივე ხელზე დიდი ნალურსმევი შეიმჩნეოდა. ის ჩემკენ მოდიოდა, თუმცა არ მჯეროდა, არ მჯეროდა, რადგან ის ჰგავდა ღმერთს, რომელსაც გამოვექეცი. ის  ჩემამდე მოვიდა, სპეტაკი სამოსით ტალახში შემოვიდა ჩემ გამო და მითხრა:

– სანამ არ დაგვიანდა, გამომყევი მე.

– მაგრამ, უფალო, მე აღარ შემიძლია ფრენა და არც სიარული.

– ნუ გეშინია, უბრალოდ მომეცი ხელი, რომ დაგეხმარო.

მე ხელი გავუწოდე მას, მან კი ხელში ამიყვანა და გამიყვანა სატანის სამფლობელოდან. გამიყვანა და მიხვევდა ჭრილობებს, რომელიც სატანამ მომაყენა. მისმა ცრემლებმა მთლიანად გაწმინდა ჩემი დასვრილი სხეული და მე გადავწყვიტე, აღარასდროს, აღარასდროს გამეშვა ხელი მისთვის.

15 მაისი, 2018 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

თუკი ადამიანი უფალს ირწმუნებს…

ნიკა ჯიაძე 14 მაისი, 2018
ნიკა ჯიაძე

ერთხელ, ერთ ადამიანს ჩაეძინა და სიზმარი ნახა: სიზმარში იგი ერთ მაგიდასთან აღმოჩნდა, რომელზეც დიდი წიგნი იდო. მივიდა, სკამზე წამოჯდა და წიგნი გადახსნა. ფურცლავდა და მიხვდა, რომ ეს მისი ცხოვრების ისტორია იყო, დაბადებიდან დღემდე. წაიკითხა თავისი ბალღობის შესახებ, როცა მშობლები სულ ხელით ატარებდნენ. გადაიკითხა ბავშვობის წლებიც, როცა მხოლოდ და მხოლოდ გართობით იყო დაკავებული. ისიც ეწერა, როგორ დაეღუპა მამა ავტოკატასტროფაში და როგორი ბნელი ღამეები გაატარა. მის პირველ შეყვარებულზეც ეწერა და თავიანთი ფათერაკებით სავსე ისტორიებიც გაიხსენა. წაიკითხა, როგორ დატოვა დედამ ბებიისა და ბაბუის ანაბარა, როცა უცხო ქვეყანაში წავიდა, სიდუხჭირის გამო. ეს წიგნი არაფერს მალავდა. აქ ძალიან ბევრ ცოდვაზე წაიკითხავდით. ო, როგორი სამარცხვინო იყო მისთვის – ქურდობა, ბოროტმოქმედება, სიამაყე, შური, მრუშობა, ლოთობა… ისიც ეწერა, ერთხელ, დანით, ლამის რომ ადამიანი შემოაკვდა. ისიც, პრობლემების გამო ყველაფერზე რომ მიდიოდა. ამოიკითხა სასოწარკვეთის, უიმედობის დღეები და თვეები, და რაც ყველაზე უარესია – უღმერთოება, რომელიც მთელ მის ცხოვრებას გასდევდა. ასეთი ამბებით იყო დატვირთული და გაბერილი ეს წიგნი.

გავიდა ხანი და ეს ადამიანი ეკლესიაში აღმოჩნდა. აქამდე არასდროს ყოფილა იქ. უცნაურად ეჩვენებოდა ყველაფერი, მაგრამ რაღაც ძალა აკავებდა. იგი ისმენდა ისტორიებს იესო ქრისტეზე, მის სიყვარულსა და სასწაულებზე, მიტევებასა და გათავისუფლებაზე. ისმენდა სიტყვებს: „მოგეტევა ცოდვები” და თვალებიდან ცრემლები სდიოდა, გული აჩქარებული ჰქონდა. მოისმინა ისტორია, როცა იესო ქრისტემ მრუშ დედაკაცს ცოდვები აპატია და უთხრა: „წადი და ნუღარ შესცოდავ.” ბიჭი მიხვდა, რომ ეს მისი შანსი იყო. ირწმუნა უფლისა და ამ სიტყვებისა.

იმ ღამეს ისევ ეზმანა ბიჭს სიზმარი. ზუსტად იგივე ადგილი, ზუსტად იგივე მაგიდა, მაგრამ არა წიგნი. წიგნი იგივე აღარ იყო, თითქოს დაპატარავდაო. ისეთი მძიმეც აღარ აღმოჩნდა, როგორც უწინ. გადაშალა და რას ხედავს, წიგნიდან ისტორიები გამქრალიყო! ზუსტად ის ისტორიები, სადაც მის მიერ ჩადენილ დანაშაულთა და ცოდვათა შესახებ იყო მოთხრობილი. აღარსად ეწერა ისინი. გაოგნდა, ვერ მიხვდა, რატომ. და მოესმა ხმა: „გეპატია შენი ცოდვები, წადი და ნუღარ შესცოდავ.”

ეს ისტორია გვასწავლის, როგორი მოსიყვარულე და მპატიებელია უფალი. ასეა დღესაც, თუკი ადამიანი უფალს ირწმუნებს, ბოროტებას ზურგს შეაქცევს და შემობრუნდება უფლის სასიკეთოდ, მას ცოდვები ეპატიება!

წმინდა წერილში წერია: „როგორც აღმოსავლეთია დაშორებული დასავლეთისგან, ისე განგვაშორა მან ჩვენი დანაშაული.”

უფალი ამბობს: „მე ვარ ის, ვინც დანაშაულს ჩამოგბანს, ჩემივე გულისთვის და შენს ცოდვებს აღარ გავიხსენებ.”

14 მაისი, 2018 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ჩვენისთანა ბედნიერი… – წერილი ახალგაზრდებს

ნატალია ჩიქოვანი 14 მაისი, 2018
ნატალია ჩიქოვანი

ამ თემაზე ბევრი ითქვა და ბევრიც დაიწერა. ვიხილეთ, როგორც ყოველთვის, ორ რადიკალურ მხარედ გახლეჩილი საზოგადოება: ერთნი ქოქოლას აყრიდნენ საყურიან, ფერად, რუსთაველზე კლუბურ მუსიკაზე აცეკვებულ ახალგაზრდებს, მეორენი კი მხარს უჭერდნენ მათ. ჩვენი საზოგადოებაც ქართული მედიასივრცის ეკვივალენტურია – სხვადასხვა არხზე გადართვისას გგონია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობ, ვერ ხვდები, სად ასახავენ და სად „ქმნიან” რეალობას. როგორც ყოველთვის, ამ ურთიერთსაპირისპირო პოზიციებს შორის, გამოგვრჩება ხოლმე სიტუაციის თანმიმდევრული და მიზეზშედეგობრივი ანალიზი, რაც პრობლემის პრობლემად დარჩენას განაპირობებს და ის უბრალოდ პასიური ხდება სიტუაციის მომდევნო დაძაბულობამდე.

ეს კი იმის ბრალია, რომ ბოლო დროს სიჩუმეს მივეჩვიეთ. მივხვდით, რომ აზრი არ აქვს იყვირო იქ, სადაც ერთი კაცის ნება-სურვილით ხეებიც კი „დადიან“, ამიტომ პირში წყალი ჩავიგუბეთ და თევზებივით დინებას მივყევით. სიჩუმეც არის და სიჩუმეც, დემოკრატიულ ქვეყანაში სოფლის შენებას მარტო პირველი, მეორე ხმა და ერთიც კარგი ბანი არ ჰყოფნის, ყველა ადამიანის ხმა მკაფიოდ უნდა ისმოდეს, ამიტომ გადავწყვიტე, მეც მეთქვა.

მეც ამ თაობის წარმომადგენელი ვარ, ოთხომგამოვლილი, ემიგრაციაში წასული დედების შვილების, „კერასინკის“ სუნისა და უეცარი ცვლილებების შედეგად გარდაქმნილი თაობის წარმომადგენელი, სულ რომ ეშინია, დროებას არ ჩამორჩეს, თვითდამკვიდრებისა და თავის გადარჩენისთვის რომ იბრძვის. თაობის, რომელსაც, წესით, უნდა ეთქმოდეს მნიშვნელოვანი სიტყვა ამ ქვეყანაში, მაგრამ პოლიტიკური კლანების დიქტატურა და ჩვენი ქვეყნისათვის დამახასიათებელი ნეპოტიზმი არ აძლევს საშუალებას,იყოს ქვეყნის ცხოვრებაში აქტიურად ჩართული, ქვეყნის, რომელსაც მხოლოდ ერთი „მოქალაქე“ ჰყავს.

ამ თაობის წარმომადგენლებმა საკუთარი „თავისუფლების“ კუნძული შექმნეს, საკუთარი საქართველო, ღამის საზღვრებით გარშემორტყმული, ელექტრონული მუსიკითა და „ბედნიერების“ აბებით სავსე, სადაც გამოგონილი და ცრუ „ბედნიერება“ ასე იზიდავთ.

ჩვენ ვიქეცით თაობად, რომელიც თავს ირთობს, ნაცვლად იმისა, ამ ქვეყნის მომავალს ცვლიდეს, თაობად, რომელსაც უბრალოდ დრო გაჰყავს.და მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ „კუნძულს” შეეხო ვიღაც, მხოლოდ მაშინ გამოვიდა ღამის სიბნელიდან თაობა, რომელშიც არის ძალა, რომელსაც შეუძლია ცვლილებები და არა მაშინ, როდესაც ძალადობა სერიოზული პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის; არც მაშინ, როცა მიყოლებით კლავენ მოქმედი თუ ყოფილი ქმრები ქალებს; არც მაშინ, როცა 21-ე საუკუნის საქართველოში ბავშვები შიმშილით იხოცებიან, როცა მიუსაფარი ბავშვებითაა სავსე თბილისის ქუჩები და მიწისქვეშეთი;არც მაშინ, როდესაც კლუბურ ნარკოტიკს ახალგაზრდების სიცოცხლე შეეწირა, თუმცა ხმამაღალი კლუბური მუსიკის ჰანგებში არც იმ ადამიანების განწირული ხმა ისმის, ვისაც კლავენ, არც მათი მოთქმა, ვისაც შიათ და არც მათი ბოლო ამოსუნთქვა, ვინც გაურკვეველი ნივთიერების მიღების გამო ვეღარ გაიღვიძა… მაშინ, როდესაც თქვენი ხმა ბევრ რამეს შეცვლიდა! დიახ, ბევრჯერ გავჩუმდით, როცა თქმა იყო საჭირო! ვგმობ იმ სპეკტაკლს, რაც „ბასიანის“ მიმართ განხორციელდა, მაგრამ ბუნდოვანია, რას გულისხმობთ სიტყვა „თავისუფლებაში“.

თქვენ შექმენით საკუთარი საქართველო, სადაც არ არის ადგილი „არაპროგრესულად“ მოაზროვნეთათვის, „ჰომოფობებისთვის“, „საბჭოთა გადმონაშთებისთვის“, მეორე მხრივ კი, არის თაობა, რომელმა მკვეთრი სადემარკაციო ხაზი გაავლო თავის საქართველოსა და თქვენს საქართველოს შორის. არც იქ არის ადგილი პირსინგიანი, საყურიანი, ფერადტანსაცმლიანი და ფერადი ორიენტაციის მქონე ხალხისთვის.

მივიღეთ ორი ბანაკი, ორი აზრი, ორი უკიდურესობა, სადაც არ განიხილავენ მესამეს, რომ ამ ორ ბანაკს შორის დიალოგია საჭირო, რომ ერთ სივრცეში ერთად ცხოვრება და არსებობა უნდა ვისწავლოთ, რომ ვაღიაროთ წარსულის შეცდომები და გამოსწორების გზებზე ვიფიქროთ…

ხელისუფლებაც თავის საქართველოში ცხოვრობს, სავარძელგამთბარ, ხელფასგაზრდილ, კაბინეტის ფანჯრიდან დანახულ საქართველოში, სადაც ხალხის ხმა საერთოდ არ აღწევს, სადაც თბილა და პროგრესი სამუშაო მაგიდაზე თვლემს…

ეკლესიასაც(კონკრეტულ დენომინაციას არ ვგულისხმობ) თავისი საქართველო აქვს, ტაბურეტმომარჯვებული საქართველო, დამმოძღვრავი, ჭკუისმასწავლებლური, არაკაცთმოყვარე და არაშემწყნარებლური. იქნებ იმიტომაც არ მოდიან ცოდვილნი ეკლესიაში, რომ წმინდანთა გამკიცხავი მზერის ეშინიათ, იქნებ ამიტომაც ირჩევენ – იცხოვრონ ღამის „ჯოჯოხეთში“?

ყველას თავისი წილი საქართველო აქვს „მოზომილი“. დროა, დეფაქტო საზღვრები გავაუქმოთ და გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. დროა, გავიაზროთ, რომ თითოეული ჩვენგანი მოქალაქეა.

დროა, გამოვფხიზლდეთ ფერადი სიზმრებისა და აბებით გამოწვეული ილუზიებისგან და ვიბრძოლოთ ჩვენი მომავლისთვის, ჯანსაღი მომავლისთვის! დროა, ნომინალური ქრისტიანობის მოსასხამი გავიხადოთ და თუ გვწამს, გულით გვწამდეს. დროა…ნამდვილად დროა…

P.S. „ისმინე დასკვნა ყოველივე ამისა: გეშინოდეს ღვთისა და დაიცავი მისი მცნებები, რადგან ეს არის უმთავრესი ყველა ადამიანისათვის“ (ეკლესიასტე 12:13).

 

14 მაისი, 2018 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

რით ფარავ შენს სიშიშვლეს?

დაჩი პაპაშვილი 7 მაისი, 2018
დაჩი პაპაშვილი

ხშირად ადამიანები მიდრეკილნი ვართ საკუთარი ნაკლოვანებების დაფარვისკენ, ზოგჯერ ქრისტიანებს გვახასიათებს მათი „შეფუთვა” ან დამალვა. მაშინ, როდესაც ადამი და ევა მიხვდნენ, რომ შიშვლები იყვნენ, თავიანთი სიშიშვლის დაფარვა ლეღვის ფოთლებით სცადეს (დაბადება 3:7). ჩვენც ხშირად ვართ მსგავს მდგომარეობაში, როდესაც ვცდილობთ საკუთარი სიშიშვლე დავმალოთ და ამისთვის სხვადასხვა საშუალებას მივმართავთ. ხშირად თავი ისე გვიჭირავს, თითქოს ყველაფერი კარგადაა, თითქოს ისეთი არაფერი მომხდარა და შემოსილნი ვართ.

ჩვენ დავიხვეწეთ, ვისწავლეთ წმინდა წერილი და შესაძლოა იმდენიც კი მოვახერხოთ, რომ წმინდა წერილიდანაც მოვიყვანოთ მტკიცებულებები ჩვენი მდგომარეობის გასამართლებლად. ზოგჯერ ჩვენი თავხედობა სცდება ყოველგვარ ზღვარს და ვცდილობთ ვითამაშოთ არა მხოლოდ ადამიანთა, არამედ უფლის წინაშეც.

გულწრფელად გვიკვირს, როგორ იფიქრეს ადამმა და ევამ, რომ ყოვლისშემძლე ღმერთს დამალვოდნენ ბუჩქების უკან და როგორ ცდილობდნენ მის წინაშე ლეღვის ფოთლებით დაეფარათ საკუთარი სიშიშვლე, თუმცა გვავიწყდება, რომ თავადაც ხშირად ვართ მსგავს მდგომარეობაში.

ხშირად ვიყენებთ შირმად უფლისადმი მსახურებას და მისთვის საქმეების კეთებას. ჩვენ ჩვენი საქმეები მოგვაქვს ღმერთის წინაშე და თითქოს თავს ვიმართლებთ, რადგან გვგონია, რომ ამ საქმეებს შეუძლია გადაფაროს ჩენი რეალური მდგომარეობა. ვცდილობთ, ამით დავფაროთ, რომ ცოდვაში ვართ და არასწორ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რომ უფალთან მოზიარეობა შევწყვიტეთ.

უფლის სიტყვა ცხადად გვასწავლის, რომ არაფერის კეთებას არ აქვს აზრი ღმერთისთვის, თუ არასწორ მდგომარეობაში ვართ. როდესაც სულიერ კრიზისს გავდივართ, უბრალოდ უნდა გვეყოს გაბედულება, მუხლებზე დავდგეთ და უფალს შევღაღადოთ, ნაცვლად იმისა, რომ უფრო მეტი საქმე ვაკეთოთ და ამით დავმალოთ ჩვენი რეალური შინაგანი მდგომარეობა. სამწუხაროა, მაგრამ ხშირად ვინიღბებით მსახურებით, ან უფლისადმი რაიმე მსხვერპლის გაღებით და ამით თავს ვარიდებთ რეალობის აღიარებას.

“რად მიმრავლებთ შესაწირს? – ამბობს უფალი, – გამძღარი ვარ სრულადდასაწველი ვერძებითა და მსუქანი საქონლის ცხიმით; არ მახარებს მოზვერთა, ცხვართა და ვაცთა სისხლი. ჩემ წინაშე წარსადგომად რომ მოდიხართ, ვინ მოგთხოვათ ჩემი ეზოების გათელვა?აღარ მომიტანოთ ამაო ძღვენი; თქვენი საკმეველი სისაძაგლეა ჩემთვის, ისევე, როგორც ახალმთვარობის და შაბათების სადღესასწაულო შეკრებები; ვერ ვიტან ურჯულოებას და დღესასწაულს!თქვენი ახალმთვარობანი და კრებულნი შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად მექცა, მიმძიმს მათი ზიდვა. ხელებს რომ იწვდით, მე თვალს გარიდებთ, რამდენიც უნდა ილოცოთ, არ მოგისმენთ – ხელები სისხლით გაქვთ სავსე. განიბანეთ, განიწმინდეთ, მოიშორეთ ავი საქმენი ჩემ წინაშე, ბოროტებას ნუ სჩადიხართ. სიკეთის ქმნა ისწავლეთ, სამართალი ეძიეთ; ჩაგრულს დაეხმარეთ, ობოლი განიკითხეთ, ქვრივს გამოესარჩლეთ. მერე მოდით და ვიდავოთ, – ამბობს უფალი. – მეწამულივით რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება და ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლივით გათეთრდება.” (ესაია 1:11-18).

იყავი გულწრფელი, ნუ ეცდები ითვალთმაქცო უფლის და მოყვასის წინაშე. უფლის სიტყვა ამბობს, რომ ცოდვის დაფარვით ადამიანი უფრო ირთულებს მდგომარეობას, ხოლო მისი აღიარებით და მიტოვებით უფლის წყალობა მოდის. „ვინც თავის დანაშაულს მალავს, წარმატება არ ექნება, მათი ამღიარებელი და მიმტოვებელი კი წყალობას პოვებს“ (იგავები 28:13). ამიტომ ნუ ეცდები „ღვთისთვის სათნო“ საქმეებით დაფარო შენი სიშიშვლე. მიდი უფალთან ისეთი, როგორიც ხარ, ნუ ეცდები „შემოსილად” წარმოაჩინო თავი, სრულად გაშიშვლდი მის წინაშე და აღიარე შენი რეალური, სულიერი მდგომარეობა, რადგანაც სწორედ საკუთარი მდგომარეობის გაცნობიერებას და უფლის წინაშე აღიარებას მივყავართ ჭეშმარიტი მონანიებისა და ცვლილებებისკენ.

დაჩი პაპაშვილი

 

7 მაისი, 2018 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

საუბარი ღმერთთან

ანი ჭილაშვილი 4 მაისი, 2018
ანი ჭილაშვილი

„იცი, უფალო, რა არის ცრემლი? ვერ მივამსგავსებთ შენ მიერ შექმნილ წვიმას. ცრემლი ისაა, როდესაც ებრძვი, ცრემლი ის არის, როდესაც გტკივა“ (თემურ ელიავა, “დიალოგი ღმერთთან”).

ღმერთო, შენ კარგად იცი ყველას მიერ განვლილი თუ განუვლელი გზა. იცი ყველას ფიქრები და ხედავ ყველას გულს. შენ კარგად გეცოდინება ჩემი ცხოვრებაც და ფიქრებიც.

შენ ხედავ იმ ერთადერთს, რომელსაც ვერავინ ხედავს − გულს. ისიც გეცოდინება, თუ რა აწუხებს მას. რამდენიმე კითხვა მაქვს შენთან, დიდ დროს ნამდვილად არ წაგართმევ! სულ რაღაც რამდენიმე წუთით ვბედავ შენი ყურადღების თხოვნას. რატომ არის ქვეყნად ტკივილი? შენ ხომ არ შეგიქმნია ადამიანი იმისთვის, რომ იტანჯოს, იმისთვის, რომ სტკიოდეს. რატომ არის ქვეყნად შური?

რატომ დაკარგეს ადამიანებმა ნდობა? რატომ გახდა ხალხი უფრო გულცივი? რატომ დაკარგეს სიტყვებმა ფასი? სიყვარული რატომ გახდა ფარსი? რატომ დაკარგეს გრძნობებმა ფერი? ერთგულება რატომ გახდა ძნელი? რატომ იფეთქა გულიდან ბოღმამ? რატომ გამეფდა ქვეყნად სიკვდილი?…

„იცი, უფალო, რა არის ცრემლი, ვერ მივამსგავსებთ შენ მიერ შექმნილ წვიმას. ცრემლი ის არის, როდესაც ებრძვი, ცრემლი ის არის, როდესაც გტკივა…”

„ვიცი, რა არის ცრემლი. ვიცი ეს ყველა გულისტკივილი. მე არ შემიქმნია ადამიანი სიკვდილისთვის, ცრემლისთვის. მე ადამიანი ბედნიერებისთვის შევქმენი, მაგრამ ადამიანმა თავისით დაიწყო მოქმედება. ადამიანებმა დამივიწყეს მე და უჩემოდ დაიწყეს ცხოვრება. მე ადამიანს მივეცი არჩევანი, რომ სწორად ეცხოვრა და ბედნიერი ყოფილიყო, მაგრამ ადამიანებმა სხვა გზა აირჩიეს.

მათ თავად აირჩიეს, რაც სურდათ და მე არ ვარ დამნაშავე იმაში, რომ ისინი უბედურები არიან. მე არ მსურს, რომ ვინმე თავს უბედურად გრძნობდეს. ისე ატარებენ დღეებს, ერთხელ არ მეტყვიან მადლობას ლამაზი, მშვიდობიანი დღისთვის, საზრდოსთვის და რაც მთავარია, იმისათვის, რომ ცოცხლები არიან, რადგან ბევრს არ უთენდება დილა. მათ მხოლოდ მაშინ ვახსენდები, როცა თვალზე ცრემლი აქვთ და როცა სტკივათ. მე მიყვარს ყველა ადამიანი მათი დადებითი თუ უარყოფითი თვისებების მიუხედავად. მე ადამიანი ჩემი საკუთარი ხელებით შევქმენი და ჩემი უკვდავი სული შთავბერე.

ადამიანებმა კი რა ქნეს? ზურგი შემაქციეს იმის ნაცვლად, რომ მადლობელნი ყოფილიყვნენ. დაიწყეს ჩემი დადანაშაულება იმაში, რომ უბედურნი არიან; რომ სტკივათ, რომ მათ სიტყვებს არ აქვს ფასი; ბრალს მდებენ იმაში, რომ სხვების სიყვარული მათდამი ფარსია. მე კი არა, მხოლოდ თქვენ აგებთ თქვენს არჩევანზე პასუხს და სხვა არავინ! ნურც ბედისწერას დაადანაშაულებთ, რადგან ის არ არსებობს. ბედისწერას თქვენ თავად ქმნით. ამრიგად, სანამ გადაწყვეტთ ჩემს დადანაშაულებას თქვენი არასწორი ცხოვრების გამო, საკუთარ თავში ეძიეთ ცხოვრების არსი და სიყვარული აღარ იქნება ფარსი“, – მითხრა მან.

 

ანი ჭილაშვილი

4 მაისი, 2018 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

პატიება, როგორც მდგომარეობა

დაჩი პაპაშვილი 1 მაისი, 2018
დაჩი პაპაშვილი

„მე არასოდეს ვაპატიებ!“ – უთქვამს ერთხელ თავისი მეგობრისთვის ერთ ცნობილ სამხედრო მოხელეს. „მაშინ ვიმედოვნებ, მეგობარო, რომ შენ არასოდეს შესცოდავ.“ – იყო პასუხი გულწრფელი მეგობრისა. „ის, ვისაც არ შეუძლია აპატიოს სხვას, ანადგურებს იმ ხიდს, რომელზეც თვითონ უნდა გაიაროს, რადგანაც არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ სჭირდებოდეს პატიება.“ ამრიგად, მაქვს უფლება, რომ არ ვაპატიო? დიახ, იმ შემთხვევაში, თუ მიაღწევ იმ მდგომარეობას, როდესაც აღარაფერი გექნება საპატიებელი ღმერთისგან.

არის საკითხები, რომელიც განსაზღვრავს უფლის წინაშე ჩვენს დგომას და დაცემას. ერთ-ერთი ასეთი პატიებაა. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც სხვისთვის არ აქვს რაიმე საპატიებელი და არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ეპატია. ადამიანური ბუნება ყოველთვის ეძებს ზღვარს, თუ რამდენჯერ, ან რა სიტუაციაში უნდა აპატიოს. ეს კარგად ჩანს მოციქულ პეტრეს შეკითხვაში იესოს მიმართ: „მოძღვარო, რამდენჯერ უნდა ვაპატიო?“

„მაშინ მივიდა მასთან პეტრე და ჰკითხა: ‘უფალო! რამდენჯერ უნდა მივუტევო ჩემს ძმას, ჩემ წინააღმდეგ რომ შესცოდავს?  შვიდჯერ?’  უთხრა მას იესომ: ‘არ გეუბნები, შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ.’“ (მათე 18:21-22).

ფარისევლებს მიაჩნდათ, რომ სამჯერ პატიება იყო პატიების მაქსიმუმი, მაგრამ პეტრემ ეს რიცხვი უფრო გაზარდა და იესოს ჰკითხა: „უფალო, რამდენჯერ უნდა ვაპატიო ჩემს მოყვასს, შვიდჯერ?“ პეტრე ალბათ ფიქრობდა, რომ იესო მის სულიერებას შეაქებდა, რადგანაც მის მიერ დასახელებული რიცხვი ორჯერ მეტად აღემატებოდა ფარისეველთა მიერ მიჩნეულ პატიების ზღვარს. მაგრამ იესოს პასუხი რადიკალურად განსხვავებული იყო, ის პასუხობს: „სამოცდაათგზის შვიდჯერ.“

შეუძლებელია, ადამიანმა 490-ჯერ გაწყენინოს დღეში. იესოს პასუხში მთავარი არა კონკრეტული რიცხვის რაოდენობა იყო, არამედ გულის მდგომარეობა, რომელიც მზად იქნებოდა პატიებისთვის. მოდი, ვიყოთ გულახდილები. მოდი, გამოვუტყდეთ ჩვენს თავებს. ჩვენ ხშირად სამჯერ და შვიდჯერ პატიებისთვისაც არ ვართ მზად. ერთია თეორიული ცოდნა და საუბარი პატიებაზე და მეორეა რეალურ ცხოვრებაში ამის განხორციელება. ქრისტიანულ ცხოვრებაში თუ რაიმე საკითხში არსებობს კონტრასტი თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ ცხოვრებას შორის, ერთ-ერთი პატიებაა.

ასე ძლიერ რატომ ამახვილებს უფალი ყურადღებას პატიების მნიშვნელობაზე? ამის შემდეგ უფალი წარმოთქვამს იგავს ორ მონაზე (მათე 18:23-35). ერთ-ერთი მიზეზი აქ შეგვიძლია ვიპოვოთ. ამ იგავში მოთხრობილი ისტორია, ალბათ, ყველამ კარგად ვიცით. მონამ, რომელსაც ბატონმა იმდენი ვალი აპატია, რამდენსაც მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ვერ გადაიხდიდა, არ აპატია თავის თანამონას იმდენად მცირე ვალი, რომლის შედარებაც კი არ შეიძლებოდა მისთვის ნაპატიები ვალის სიდიდესთან. ამ იგავში ჩვენზეა საუბარი.

ჩვენ ვართ ის მონა, რომელსაც ამდენი ეპატია, მაგრამ არ ვპატიობთ ჩვენ მიმართ მცირედ შემცოდე ძმას. რატომ განრისხდა ბატონი ამ მონაზე? იმიტომ, რომ ამ მონამ ვერ გააცნობიერა და ვერ დააფასა ის, რაც ეპატია. რატომ მრისხანებს ღმერთი უპატიებლობაზე? უპატიებლობა შეურაცხყოფს ღმერთს, რადგანაც ეს ნიშნავს ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლის იგნორირებას და დაუფასებლობას. არ აპატიო, ნიშნავს, რომ ჩადგე იმ მონის მდგომარეობაში, რომელმაც არ მიუტევა თავის თანამონას და რომელსაც იმდენივე ეპატია, რამდენიც ჩვენ. უფლისაკენ მიმავალ გზაზე უპატიებლობა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება, რომელიც შეიძლება, რომ თავად აღვმართოთ ჩვენსა და უფალს შორის. პატიობდე, ნიშნავს, აცნობიერებდე შენს ცხოვრებას ქრისტემდე, ქრისტეს გამომსყიდველ მსხვერპლს და შენს სიცოცხლეს ქრისტეში; ხედავდე შენს თავს და გარშემო მყოფებს ღვთის სიტყვის პერსპექტივაში.

უფალი ამბობს: „ხოლო, როცა ლოცულობთ, მიუტევეთ, თუ რაიმე გაქვთ ვინმეს წინააღმდეგ, რათა თქვენმა ზეციერმა მამამაც მოგიტევოთ თქვენი ცოდვები. ვინაიდან, თუ თქვენ არ მიუტევებთ, არც თქვენი მამა, რომელიც ზეცაშია, არ მოგიტევებთ თქვენს ცოდვებს.“ (მარკოზი 11:25-26).

უფლის დავალება მკაფიო და ნათელია. როდესაც ვილოცებთ, უნდა ვაპატიოთ. თუ ვერ შევძლებთ პატიებას, ეს ლოცვა ისევ ჩვენ დაგვდებს მსჯავრს.

კითხვა შემდეგში მდგომარეობს: „რამდენჯერ უნდა ვაპატიოთ?“ პასუხი უბრალო და მარტივია: „რამდენჯერაც ვლოცულობთ.“ რამდენჯერ უნდა ვილოცოთ? უფლის სიტყვა ამბობს, რომ გამუდმებით. „ილოცეთ განუწყვეტლივ“ (1 თესალონიკელთა 5:17).  რანაირად შეიძლება, ვილოცოთ განუწყვეტლივ? განა ეს შესაძლებელია? სინამდვილეში გამუდმებით ლოცვა ნიშნავს ლოცვით მდგომარეობაში ყოფნას. გამუდმებით ლოცვა კი ნიშნავს, ყოველთვის შეგვეძლოს პატიება. შეუძლებელია, ვიყოთ განუწყვეტელ ლოცვით მდგომარეობაში, პატიების უნარის გარეშე. შესაბამისად, თუ გვსურს, ვიყოთ ლოცვის მდგომარეობაში, ასევე მოგვიწევს, რომ ადვილად შეგვეძლოს პატიება.

1 მაისი, 2018 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    ბარაბას ადგილზე რომ ვყოფილიყავით…

    14 აპრილი, 2023
  • 2

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 3

    პატიება

    5 დეკემბერი, 2015
  • 4

    ჩემი ტკბილი უფალი

    17 ოქტომბერი, 2019
  • 5

    მისი თვალები შეხვდა ჩემს თვალებს

    20 დეკემბერი, 2019


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ