ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

და რა გვაბრკოლებს, რომ გადავრჩეთ?!

გიორგი ბარამია 18 სექტემბერი, 2018
გიორგი ბარამია

ალბათ ხშირად გსმენიათ ფრაზა, რომ ცხოვრება დიდი გაუკვალავი ბილიკია და რომ ამ ბილიკის გაკაფვა ჩვენითვე გვიწევს; რომ ყველაფრისდა მიუხედავად ვართ მარტონი და სწორედ აქედან იქცევა ეგოიზმი ჩვენს მმართველ ძალად; გვაიძულებს, ვიმოქმედოთ ინსტინქტებით და არა სურვილებით; გვაიძულებს მოვკლათ, მოვიპაროთ, ვიცრუოთ და რისთვის?!

მხოლოდ იმისთვის, რომ ხორციელი “მე” გავახაროთ, ხორციელი “მე”, რომელიც ძირგავარდნილი ქვევრივითაა გაუმაძღარი, ვერასდროს შევძლებთ მის ავსებას, მაგრამ მაინც მზად ვართ, მთელი ცხოვრების განმავლობაში ვტენოთ და ვტენოთ ამ ქვევრში ცოდვები და ამაში ვპოვოთ ბედნიერება, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ცხოვრების გაუკვალავი ბილიკი სულაც არ არსებობს, არსებობ შენ და არსებობს ღმერთი, ხოლო თქვენ შორის დამაკავშირებელი არა ბილიკი, არამედ ერთი კარია, რომელზედაც კაკუნი გაისმის და შენ უგნური იმდენად ბრიყვი ხარ, რომ თავს იყრუებ და ზურგს აქცევ მას, ზურგს აქცევ იესოს, შენი გადარჩენის ერთადერთ გზას.

იცით, ჩვენი, ადამიანების, ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ვერ ვიაზრებთ, თუ რა არის მარადისობა. ვიცით, რომ ამ ქვეყანაზე ყველაფერი წარმავალია… დადგება დღე, როცა აქ აღარ იქნები და იქ, უფლის სამსჯავროზე, ცოდვებით დამძიმებულს სამარადისო ტანჯვა გელის. “ტანჯვა” – ამ ერთი შეხედვით პატარა სიტყვის გააზრებისას ჩემში უცბად იმდენი ტკივილი იბუდებს, რომ ამ ტკივილების სამარადისოდ წარმოდგენაც კი მზარავს…

და რა გვაბრკოლებს, რომ გადავრჩეთ?! რაშია სირთულე?! ნუთუ ასე რთულია კართან მომდგარი მწყემსის შენს გულში შემოშვება?! სულაც არა, მთავარია, კარის გასაღებად ცოდვებისგან განწმენდილი და სუფთა გულით წახვიდე.

18 სექტემბერი, 2018 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

უფალთან ურთიერთობას აქვს საწყისი, მაგრამ არა – ბოლო

ნიკა ჯიაძე 3 სექტემბერი, 2018
ნიკა ჯიაძე

ორი რამ იზიდავს ადამიანს.

მათითაა განპირობებული ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობა, მათზეა დამოკიდებული, რანი ვიქნებით და მათ გარეშე ყველაფერი აზრს კარგავს.

პირველი, რისკენაც მივილტვით, აშკარაა და შესამჩნევი – ეს თვითონ ჩვენნაირი ადამიანები არიან. პირველად ადამმაც ხომ მარტოდ იგრძნო თავი, როცა მისნაირი მეორე არ არსებობდა და შემდეგ გაიხარა ევას გამოჩენით.

ქრისტიანულ ბანაკში ვიყავი, უამრავ ადამიანთან მქონდა შეხება. ისე მივეჩვიეთ და შევიყვარეთ ერთმანეთი, რომ დასრულებამ უდიდესი სიცარიელე დაგვიტოვა. და მივხვდი, რომ ადამიანი ადამიანის გარეშე ცოდოა. ალბათ ამიტომაა, რომ ვიჩენთ მეგობრებს (მეგობრობა ხომ ცხოვრებას ალამაზებს), ვხვდებით სხვადასხვა საზოგადოების ნაწილი, ვქორწინდებით და ოჯახს ვქმნით. სიკვდილს მიახლოებული ყველა ადამიანი აღიარებს, რომ მათთვის უმნიშვნელოვანესი იყო ახლობლებთან გატარებული წუთი და ნანობენ ყოველ ამაოდ დაკარგულ წამს. არც ერთი გონიერი ადამიანი არ ისურვებს მარტო, თავისთავად ცხოვრებას, პირიქით, ასეც იტყვიან: „ისწრაფოდე სხვათა ბედნიერებისათვის – უტყუარი გზაა ბედნიერებისაკენ.”

მეორე, რისკენაც ვისწრაფვით, რთულად შესამჩნევია, ჭუჭრუტანიდან მომდინარე მცირე სხივის ოდენაა და შესაძლოა ადამიანი ისე მოკვდეს, ამ ლტოლვის ობიექტს ვერასდროს მიაგნოს.

ამ მიზიდულობამ ჩამოაყალიბა სხვადასხვა რელიგიები, იგი ადამიანებში ბადებს შიშს, უბიძგებს არაორდინალური მოქმედებისკენ და უცნაური ამბების შეთხზვისაკენ.
ეს ლტოლვა არის შემოქმედისადმი ლტოლვა.

ამას ჩვენ ნათლად ვერ ვამჩნევთ, მაგრამ უთუოდ ჩვენშია.

ეს სწრაფვა იღვიძებს გასაჭირის დროს;

ღვივდება მარადისობაზე ფიქრისას;

ძლიერდება მაშინ, როცა მოვწყდებით ყველაფერს და განვმარტოვდებით.

იცით, ჩვენ ადამიანის თუ სხვა საგნის ფასს მაშინ ვიგებთ, როცა ვკარგავთ მას. მაგრამ ჯერ უნდა გვყავდეს / გვქონდეს, სანამ დავკარგავთ და მის ფასს გავიგებთ.

ხშირად უფალი ჩვენს ცხოვრებაში იმდენად შორსაა, არ ვიცით, რაოდენ დიდია და რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის იგი.

ამიტომ ვერ ვხვდებით მის ფასეულობას ჩვენთვის.

ვერ ვხდებით, რომ უფალი მოვიდა, რათა „უხვად მოგვცეს სიცოცხლე.”

ის ამბობს, რომ თავად არის სიცოცხლე.

და რისკენ იღვწის კაცობრიობა, თუ არა სიცოცხლისკენ და რა ამაოა ჩვენი მცდელობა – სხვადასხვა რამეში ვეძებოთ სიცოცხლე (ხშირად ბინძურ საქმეებში), თუ არა თავად უფალში?!

როგორც ადამიანთან, ასევე უფალთანაც უნდა გვქონდეს ურთიერთობა, რის გარეშეც ჩვენი პიროვნების არსებობა აზრს კარგავს და შეუძლებელი ხდება ჩვენი სრული პოტენციალის გამოვლენა.

ადამიანებთან ურთიერთობა შესაძლოა აქ დაიწყოს და აქვე დასრულდეს, მაგრამ უფალთან ურთიერთობას აქვს საწყისი, მაგრამ არა – ბოლო. უდიდესი სიკეთეა უფალთან ყოფნა და სიკეთეც ხომ მაშინაა სრულფასოვანი, როცა სასრული არ აქვს და მუდმივია. და რამდენად უსუსური და უმწეონი ვიქნებით შემოქმედის გარეშე, როცა მან იცის, რეალურად რას წარმოვადგენთ და რა უნდა ვაკეთოთ ამ ცისქვეშეთში…

ასე რომ, არც ერთის უარყოფა არ შეიძლება, ჯერ ღმერთი, შემდეგ ადამიანი.

ასე გვასწავლა ქრისტემაც: „გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით. ეს არის პირველი და უდიდესი მცნება. და მეორე, ამის მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.”

3 სექტემბერი, 2018 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

მე მარიამი ვარ, ღვთისმშობელი

თეონა მენაბდიშვილი 29 აგვისტო, 2018
თეონა მენაბდიშვილი

მე მარიამი ვარ, ღვთისმშობელი.

გინახავთ ზეცად ამაღლებული მაცხოვარი?

მე ვნახე მთაზე, ღრუბლებში გახვეული როგორ მოეფარა თვალს.

გინახავთ, როგორია ღვთის სისხლით გათხვრილი ჯვარი?

მე ვნახე მასზე მილურსმული ქრისტე.  საკუთარი ხელებით შევიგრძენი მისი სისხლის სითბო, ეს თვალები უყურებდა ცაზე შეკრებილ შავ ღრუბლებს, ეს გული კანკალებდა მიწისძვრისას.

გინახავთ, როგორ აგლიჯეს წვერი მესიას?

მე ვუსმენდი მის გმინვას, ვუყურებდი, როგორ ტოვებდნენ  მის ბეჭებზე  ცოდვილ ანაბეჭდს. მოვისმინე, როგორ აირჩია ყველამ ბარაბა, არ დააყოვნეს და იყვირეს ერთხმად:  „ჯვარს აცვით.“

მთელი ღამე გაატარა ლოცვაში, გულში მახვილის დარტყმის ხმა და ღალატის გემო ჰქონია იუდას კოცნას.

ფეხები სათითაოდ დაჰბანა ყველას.

საკუთარი „სისხლი“ შეასვა მოღალატეს.

როგორ ყვიროდა ხალხი „ოსანას“  – პალმის რტოებით შეეგება ყველა მესიას.

ის ამჩნევდა ქვრივის ორ ლეპტას, იცავდა მამის სამლოცველო სახლს, მას ესმოდა ბარტიმეოსის ძახილი, ის იყო ბავშვებთან მოთამაშე ღმერთი.

ფერისცვალება ახილვინა უბრალო მეთევზეებს, განკურნა ეშმაკეულნი, აალაპარაკა მუნჯნი, ხეიბართ სიარული შეაძლებინა, იზრუნა ხალხის შიმშილზე.

ქარიშხალს სიტყვით აწყნარებდა, წყალზე მოაბიჯებდა მშვიდად.

მრუშებთან და მებაჟეებთან ჭამდა.

მეთევზეებს მოუწოდა ტბასთან.

ქორწილში წყალი ღვინოდ აქცია.

სულ 12 წლის იყო, როცა ტაძარში რჯულისმცოდნეებს ესაუბრებოდა.

ნაზარეთში გაიზარდა, ღვთის სული იყო მასთან.

მისი შობისას კი ყველამ იხილა კაშკაშა ვარსკვლავი, იქ, იმ ბაგაში, სამყაროს მეფე იბადებოდა.

ანგელოზმა მაუწყა, რომ ჩემგან მოევლინებოდა სამყაროს.

ერთ დღეს ჩემს მუცელში მყოფმა, ტანჯვის გავლით, სხვათა გულებში დაიდო  ბინა.

თქვენ ის არ გინახავთ, არ შეხებიხართ, ხელით არ მოგისინჯავთ, მაგრამ იცნობთ…

თქვენ გამო თავი გაწირა, მან დაგიხსნათ, მარადიულ სამკვიდრებლად ამოგირჩიათ, თქვენში იშვა, თქვენში რჩება, სავანეს გიმზადებთ და სამუდამოდ მისი ოჯახი იქნებით.

მე მარიამი ვარ, ღვთისმშობელი თქვენ კი – ღვთისშობილნი.

29 აგვისტო, 2018 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

როგორ უნდა გამოიყურებოდეს ქრისტიანი სოციალურ ქსელში?!

ნატალია ჩიქოვანი 2 ივლისი, 2018
ნატალია ჩიქოვანი

ტექნოლოგიურმა პროგრესმა ვირტუალურ სამყაროში გადაგვისროლა და ეს ვირტუალური იმდენად ხელშესახები და რეალური გახადა, რომ სოციალური ქსელი იქცა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად.

მე მიყვარს ეს ლურჯი სამყარო თავისი მწვანედ მოციმციმე ადამიანებით… შესაძლებლობებით, თანასწორობის პრინციპით, ღიაობით და საჯარო სივრცეზე წვდომით, ურთიერთობების სიმარტივით, სიტყვის თავისუფლებით, ინფორმაციულობით და ოპერატიულობით, თუმცა არსებობს საფრთხეები და საკითხები, რომლებზეც უნდა დავფიქრდეთ.

ჩემთვის, როგორც „ქრისტიანის ბლოგის“ ბლოგერისთვის, აქტუალურია კითხვა: როგორ უნდა გამოიყურებოდეს ქრისტიანი სოციალურ ქსელში და რას ამბობს ბიბლია ამ საკითხზე? შესაძლოა გაგიკვირდეთ და გაგეღიმოთ კიდეც, მაგრამ ღვთის სტანდარტები უცვლელია და ის მკაფიოდ ლაპარაკობს ამაზე:

1) 2 კორინ. 3:2-3: „თქვენ ხართ ჩვენი წერილი, ჩვენს გულებში დაწერილი, რომელსაც ცნობს და კითხულობს ყოველი ადამიანი. თქვენ აჩვენებთ, რომ თქვენ ხართ ქრისტეს წერილი, ჩვენგან შექმნილი, დაწერილი არა მელნით, არამედ ცოცხალი ღმერთის სულით, არა ქვის დაფებზე, არამედ გულის ხორციელ ფიცრებზე.”

ჩვენ ვხედავთ, რასაც პავლე სწერს კორინთოელ ქრისტიანებს, თუმცა ეს თითოეულ  ჩვენგანს დღესაც გვეხება. ჩვენ ვართ „წერილი“, რომელსაც კაცობრიობა კითხულობს, ჩვენ ვაჩვენებთ გარშემომყოფებს, თუ რა არის ქრისტიანობის არსი. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა, რას ასახავს თქვენი პროფილი, გადახედეთ თქვენს ქრონიკას და იფიქრეთ ამ მუხლზე, არის კი თქვენი სოციალური აქტივობა წერილთან თანხმობაში?

2) კოლასელთა 4:5-6: „ბრძნულად მოიქეცით გარეშეთა მიმართ და გამოისყიდეთ დრო. თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლით იყოს სავსე, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა პასუხი გასცეთ.“

რა შუაშია ეს მუხლი სოციალურ ქსელთან?  მე ბევრი დრო გამიფლანგავს უმიზნო „სქროლვაში“ და თუ სოციალური ქსელის მომხმარებელი ხართ, დარწმუნებული ვარ, ერთხელ მაინც გქონიათ მსგავსი შემთხვევა. ეს ციტატა მკაფიოდ ამბობს, რომ დრო უქმად კი არ უნდა დავკარგოთ, პირიქით, რაც შეიძლება გონივრულად გამოვიყენოთ იგი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ეს მუხლი ხაზს უსვამს, არის ის, თუ როგორ ვპასუხობთ სხვებს. არცთუ იშვიათად მინახავს კომენტარებში დაპირისპირებული ქრისტიანები, რომლებიც პირადულ შეურაცხყოფაზეც კი გადადიან ხოლმე. ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი სიტყვა-პასუხი „მარილით იყოს შეზავებული“, დაბალანსებული, გაწონასწორებული და ვიცოდეთ, ვის როგორ უნდა ვუპასუხოთ.

3) ეფესელთა 5:3-5: „ოღონდ სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და ანგარება აღარ იხსენებოდეს თქვენ შორის, როგორც წმინდებს შეშვენით. ასევე არ შეგფერით ბილწსიტყვაობა, ლაქლაქი და დაცინვა, არამედ, პირიქით, მადლიერება.“

ეს ადგილი ბიბლიიდან ცხადად ამბობს, რა არ შეშვენის ქრისტიანს და რას არ უნდა დაეთმოს თქვენი პირადი სივრცე სოციალურ ქსელში.

4) მათეს სახარება 18:15-17: „თუ შენი ძმა შესცოდავს, მიდი და ამხილე იგი, როცა მარტონი იქნებით; თუ გაიგონებს, შეგიძენია შენი ძმა. ხოლო თუ არ გაიგონებს, წაიყოლე კიდევ ერთი ან ორი სხვა, რათა ორი ან სამი მოწმის პირით განმტკიცდეს ყოველი სიტყვა. თუ არც მათ გაუგონებს, ეკლესიას უთხარი; ხოლო თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშინ იყოს იგი შენთვის, როგორც წარმართი ან მებაჟე.“

ეს პრინციპები მოქმედებს ვირტუალურ სივრცეშიც. არ არის აუცილებელი, სამხილებელი პოსტი დაწერო ელვის სისწრაფით საკუთარ კედელზე, სადაც არ იტყვი, ვინაა „კოლმეურნეობის თავმჯდომარე“, მაგრამ ყველა მიხვდება. თუკი ფიქრობ, რომ მეგობრის პოსტი არაქრისტიანულად გამოიყურება და ლახავს მის და ეკლესიის იმიჯს, ნუ გააკეთებ ვრცელ სამხილებელ კომენტარს პოსტის ქვემოთ. პირველ ეტაპზე საკმარისია მისწერო პირადად, რადგან ხშირ შემთხვევაში მეგობრულ მიდგომას და ახსნას დადებითი შედეგები მოაქვს, ხოლო თუ არ გაიგონებს, შეგიძლია მიჰყვე მუხლის შემდგომ მითითებებს.

5) გამოსვლა 20:3: „არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემ გარდა.“

ერთი შეხედვით, ეს მუხლი ჩემს თემასთან უადგილოა, თუმცა, თუ კარგად დავფიქრდებით, აღმოვაჩენთ, რომ პირიქით, მჭირდო კავშირშია მასთან. „სხვა ღმერთები“ არ არსებობენ, თუმცა ადამიანს შეუძლია თავად „შექმნას“ ისინი. ვინ არის შენთვის ღმერთი, ამას განსაზღვრავს ის, თუ ვინ არის შენი თაყვანისცემისა და მსახურების ობიექტი.

ზოგადად, რაც გვაინტერესებს, იმასვე ვამზეურებთ ჩვენს ფეისბუკ-კედელზეც, შეგიძლიათ გადახედოთ და თავად მიხვდებით, გყავთ თუ არა ობიექტი, ვისაც ან რასაც თაყვანს სცემთ და ემსახურებით. შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ ეს არის თქვენი ოჯახი, ბავშვები, საყვარელი საქმიანობა, მანქანა, მოტოციკლი, საკუთარი თავი და ბოლოს, თავად სოციალური ქსელიც კი, რადგან შესაძლოა, მას უთმობთ თქვენი დროის უდიდეს ნაწილს…

P.S. ძვირფასო მკითხველო, გახსოვდეს, რომ ყველგან და ყოველთვის თქვენ ხართ ის, ვინც ხართ და თუ ქრისტიანი ხართ, აჩვენეთ ეს ყველა იმ საშუალებით და იმ სიტუაციაში, რასაც ცხოვრება გთავაზობთ.

2 ივლისი, 2018 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ნუ გახდები სტერეოტიპების მსხვერპლი

თორნიკე ხუბაშვილი 2 ივლისი, 2018
თორნიკე ხუბაშვილი

დღეს არის სტერეოტიპების დრო, რომლებიც ძლიერ ზეგავლენას ახდენენ ჩვენზე − ახალგაზრდებზე. ფიქრობ ერთს და ამბობ მეორეს, რადგან შენს თანატოლებს, შესაძლოა, შენს შეხედულებებზე გაეცინოთ. სხვათა ზეგავლენის გამო გეძარცვება აზრები და სინდისიც კი. ცოტა ხანში თავადაც ერთ-ერთი მათგანი ხდები.

დღეს არის დრო, როცა სიწმინდე, ქრისტიანული ღირებულებები, ქრისტიანული ეთიკა და მორალი აღარ ფასობს.

დღეს არის დრო, როდესაც ახალგაზრდა, ნიჭიერ, სწავლულ და ჯანმრთელ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ქრისტიანული ცხოვრება მოძველებული თემაა. სიწმინდე?! ესეც ინდივიდუალურად გასაგები და მოსარგები რამ გახდა, ყველას შეუძლია საკუთარი ქცევის გამართლება.

დღეს დადგა დრო, რომ სკოლებში მოზარდ გოგონებს რცხვენიათ ქალწულობის, ეს „გოიმობად” მიაჩნიათ და ისინი იძულებულნი არიან, მოიქცნენ სხვებივით იმისათვის, რომ გარიყულნი არ დარჩნენ. უამრავი პატარა გოგონაა ამის მსხვერპლი.

დღეს ადამიანები გმობენ იმას, რასაც თვითონ მტკიცედ ვერ აღუდგნენ წინ. სურთ, სხვებსაც გაუუფასურონ ფასეულობა, რომელიც უფლისგანაა, რათა თავი სხვებზე ბინძურად არ იგრძნონ. ეს მახსენებს მეორე კლასში ნასწავლ ისტორიას შერცხვენილი მელიის შესახებ, რომელსაც კუდი ხაფანგში ჩაჰყვა და მოსძვრა. მელია, ნაცვლად სირცხვილის აღიარებისა, მეგობარ მელიებს არწმუნებდა, რომ კუდი საჭირო არ არის და ის მხოლოდ ხელს უშლის მას თავისუფლად ნავარდში. წმინდა წერილი ასეთ ადამიანებზე ამბობს: “თვითონ სცოდავენ და სხვებსაც ტაშს უკრავენ.”

დღეს არის დრო, როცა სტერეოტიპები სინდისსა და ღმერთის წყურვილს ახშობენ ახალგაზრდების გულში. ჰპირდებიან თავისუფლებას, მაგრამ ისინი ვერ ხვდებიან, რომ ცოდვის მიერ არიან შებორკილნი და დამონებულნი. მიჩვენეთ, როდის მოუტანია სიწმინდეს ზიანი?! მიჩვენეთ, როდის დაუნგრევია ურთიერთობები სისუფთავეს?! განსხვავებით მრუშობის, ნარკოტიკის, გარყვნილი ცხოვრების წესის, ტყუილის, ფარისევლობისა და მოჩვენებითობისაგან, რომლებსაც დიდად დაუზარალებია ადამიანები.

სინამდვილეში, ქრისტიანობა მოდაში არასოდეს ყოფილა, რადგან წერია სახარებაში: „ის გუშინ, დღეს და უკუნისამდე იგივეა.” ქრისტიანობის საფუძველი არ იცვლება, ქრისტეს სტანდარტები არ უფასურდება!

მოდი, რასაც ვაკეთებთ, გავაკეთოთ საკუთარი შემოქმედის სადიდებლად, ნუ ვიქნებით „თანამედროვე” ადამიანების ზეგავლენის ქვეშ ისევე, როგორც ფანატიკოსი რელიგიური ხალხის გავლენის ქვეშ, რომელთაც საკუთარი ცხოვრების შეცვლაზე მეტად რიტუალების შესრულება და დღეობების აღნიშვნა სჩვევიათ, თვითონ კი ცოდვაში რჩებიან.

ღმერთი იმაზე რეალურია, ვიდრე  „შეიძლება / არ შეიძლება”.

ჩემს თანატოლებს ვურჩევდი, რომ დასვან კითხვები საკუთარ ცხოვრებაში: რისთვის შემქმნა ღმერთმა? რისი ძალა და ნიჭი მომცა? რა უნდა გავაკეთო? რა არის ჩემი მოწოდება და დანიშნულება? ერთხელ ცხოვრობ და სწორად უნდა გაატარო ცხოვრება. ამისათვის კი საჭიროა, შემქმნელს ჰკითხო, რა არის შენი დანიშნულება…

არის სახარება, გზავნილი, ღმერთის უწყება ჩვენდამი, რომლის კითხვის დროსაც ნათელი ხდება, ვინ არის ღმერთი, ვინ არის ადამიანი და როგორ უნდა მოხდეს ამ ორი პიროვნების ურთიერთობა! იკითხეთ სახარება, ის ყველაზე აქტუალური წიგნია მთელ სამყაროში, თავად გამოიძიეთ და ნახავთ.

ღმერთს ვუყვარვართ და ელოდება, როდის დავსვამთ ახალგაზრდები სწორ კითხვებს ჩვენს ცხოვრებაში, როდის დავიწყებთ სახარების კითხვას და შევიტყობთ უფრო და უფრო მეტს უფლის შესახებ. სინამდვილეში სათქმელი ძალიან ბევრია და ეს ნაგლეჯი არაფერია იმ დიად სათქმელთან შედარებით, რაც ბიბლიაშია დაწერილი.

ღმერთს შეუძლია გაპატიოს და მიგიღოს, აღადგინოს ფერფლიდან შენი სიცოცხლე, უიმედობა და მომავლის შიში შეცვალოს იმედითა და მშვიდობით, მას ყველაზე კარგად გამოსდის ახალგაზრდა ადამიანის გულის ავსება სწორი აზრებითა და სიხარულით.

იამაყე, თუ ბრბოში ხარ და არ ხარ მისი ნაწილი, არამედ ხარ ქრისტიანი არა სახელით, არამედ ცხოვრებით, ქცევით და სიტყვით! ყოველთვის ყველაფერი იდეალურად არ გამოვა, მაგრამ ღმერთი პატიობს და ძალას აღუდგენს ახალგაზრდას, რათა აღასრულოს მისი ნება ამ ქვეყანაზე!

 

2 ივლისი, 2018 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

მე შენთვის ავირჩიე ჯვარი

გიორგი ოდიაშვილი 19 ივნისი, 2018
გიორგი ოდიაშვილი

– ო, უფალო, ზოგჯერ ისეთი ძლიერია შემოტევა, ზოგჯერ ისეთი რთულია, წინააღმდეგობა გავუწიო საკუთარ სიბრძნეს, საკუთარ სურვილებს, საკუთარ ოცნებებს; ზოგჯერ ისეთი დიდია ურწმუნოება, ისეთი ძლიერია ხმა, რომელიც მეუბნება, რომ საკუთარ ცხოვრებას მივხედო, რომ ვიზრუნო ხვალინდელ დღეზე, ვიზრუნო საკუთარ სიამოვნებაზე! გთხოვ, მიხსენი ჩემი გეგმებისგან, ჩემი სურვილებისგან, გამიცხადე შენი ნება…

– გახსოვდეს, მე მქონდა არჩევანი; მე შემეძლო, ვყოფილიყავი ისრაელში ყველაზე კარგი, ყველაზე ხელგაწაფული ხურო; შემეძლო, ეს საქმიანობა განმევითარებინა, რაც აუცილებლად უზრუნველყოფდა ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებას. შემეძლო – სხვა, უფრო იოლი გზა ამერჩია, მაგრამ მე ავირჩიე – ვყოფილიყავი ჯვარცმული! მე ეს იმისთვის არ გამიკეთებია, რომ „ღვთის ძის“ ტიტული მომეპოვებინა. ეს ტიტული მარადიულად მქონდა. მე ეს შენთვის გავაკეთე. შენ გამო უარვყავი ყველა სხვა არჩევანი. უარვყავი ყველა სხვა გზა, ყველა სხვა შემოთავაზება და შევბრუნდი ჯვრისაკენ – ჩემი ტკივილისა და შენი სიხარულისკენ, ჩემი დასნეულებისა და შენი ჯანმრთელობისკენ, ჩემი სიკვდილისა და შენი მარადიული ხსნისაკენ! ჩემთვის ძვირფასო! მე იმისათვის კი არ ვიტანჯე, რომ შენ აღარ დატანჯულიყავი, არამედ იმისათვის, რომ ჩემი ტანჯვით მაგალითი მომეცა შენთვის (1 პეტრე 2:21). ნუ აირჩევ შენს გზას, გაჰყევი ჩემს გზას! უარყავი კარგი და იარე წინ – საუკეთესოსკენ! განაგრძე სვლა ჯვრის გზით. ჯვარი არ არის დამარცხება, ეს გამარჯვებაა! გზის ბოლოს გელოდები…

შენი ჯვარცმული და მკვდრეთით აღმდგარი წინამძღოლი!

 

19 ივნისი, 2018 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ცოცხალი სიტყვა, ანუ როგორ „აღმოვაჩინე” რეალური ღმერთი

გიორგი ოდიაშვილი 7 ივნისი, 2018
გიორგი ოდიაშვილი

ალბათ, შენც მჯდარხარ „გაყინულ“ ბიბლიასთან, ჩემსავით. ალბათ, შენც გაგიტარებია დრო მის ფურცვლაში იმ იმედით, რომ რაღაც ახალს „იპოვიდი“ და კიდევ ერთ მუხლს გააფერადებდი, მაგრამ ამაოდ. თუ ასე არ ყოფილხარ, ძალიან კარგი, ნურც გამოგეცადოს! მაგრამ არის რაღაც, რაც სულიწმიდამ ამიხსნა და მინდა, რომ შენც გაგიზიარო. თავიდან, როდესაც პირველად შევიძინე კომპიუტერი (მშობლებმა მიყიდეს), ძალიან მიხაროდა მისი გამოყენება. ვიწერდი თამაშებს, ვთამაშობდი, ვმხიარულობდი, ზოგჯერ ვიგებდი, ზოგჯერ ვაგებდი, მეგობრებთან სათამაშოდ აღარ გავდიოდი, გაკვეთილებს უფრო მალე ვსწავლობდი ან საერთოდ არ ვსწავლობდი, დილით ადრე ვდგებოდი, სკოლაში წასვლამდე რომ მქონოდა თავისუფალი დრო და ღამეც გვიან ვიძინებდი, რათა მეტი დრო მომეტოვებინა მასთან დროის გასატარებლად. თუმცაღა, მოვიდა დრო, როდესაც „დავხურე“ ყველა ის თამაში, რომელიც ასე ძალიან მომწონდა… შემდეგ მეორედ დავიწყე ახლიდან და კვლავაც „დავხურე“…  „Need for speed – Most wanted“ (თამაში ავტორბოლებზე) 4-5- ჯერ მაქვს „დახურული“, ასევე სხვა თამაშებიც… საბოლოოდ, მივედი იმ მდგომარეობამდე, რომ კომპიუტერი ძალზე მოსაბეზრებელი გახდა ჩემთვის… სანატრელი ნივთისაგან ის იქცა ნივთად, რომელიც უბრალოდ დიდ ადგილს იკავებდა ჩემს ოთახში და ამას ისიც ემატებოდა, რომ რამდენიმე დღეში ერთხელ მისი გადაწმენდა მიწევდა, რაც ძალიან მეზარებოდა.

გავიდა არცთუ ისე დიდი დრო და ჩვენს უბანში (სოფელში) ინტერნეტის შემოყვანა გახდა შესაძლებელი… მისი შემოყვანის შემდეგ, მინდა გითხრათ, რომ კომპიუტერი კვლავაც ჩემს უსაყვარლეს ნივთად იქცა. ახლა აღარ მეჩვენებოდა ის ვეებერთელა, უსარგებლო და მოსაბეზრებელ საგნად და მისი გადაწმენდაც აღარ მეზარებოდა, რადგან მასთან კვლავაც დიდ დროს ვატარებდი, შეიძლება მეტადაც, ვიდრე თავდაპირველად… რატომ მოხდა ასე? რამ გამოიწვია ეს? რადგან ინტერნეტის მეშვეობით შემეძლო ყოველდღე რაღაც ახალი აღმომეჩინა იმავე კომპიუტერში, იმავე ოთახში… შემეძლო, მქონოდა ურთიერთობა სხვა ადამიანებთან (არ ღირს ამ ურთიერთობათა შესახებ დაწვრილებით საუბარი, მაშინ ქრისტეს გარეშე ვცხოვრობდი), რის გამოც კომპიუტერი აღარ იყო მოსაბეზრებელი, რადგან ვიჯექი ტექნოლოგიურ მოწყობილობასთან, მაგრამ ურთიერთობა მქონდა ნამდვილ, რეალურ პიროვნებასთან, რომელიც მონიტორს მიღმა იმყოფებოდა…

ჩემო ძვირფასებო, ზუსტად იგივე მოხდა ჩემს ცხოვრებაში ბიბლიის მიმართაც… როდესაც ეკლესიაში მოვედი, არ მქონდა სრული ბიბლია, მხოლოდ ახალი აღთქმა… იგი რამდენჯერმე წავიკითხე… პირველად ძალიან აღფრთოვანებულმა, მეორედ − ნაკლებად აღფრთოვანებულმა, მესამედ − კიდევ უფრო ნაკლებად და ყოველი წაკითხვის შემდეგ ჩემი აღფრთოვანებაც ქრებოდა… ვლოცულობდი, რომ ბიბლია მქონოდა და რამდენიმე დღეში ჩემმა კლასელმა მაჩუქა ის! მახსოვს, როგორ ვიკეტებოდი ოთახში და საათობით ვკითხულობდი. არ გავდიოდი შეყვარებულის სანახავად, რათა ბიბლია წამეკითხა; არ მივდიოდი სტადიონზე ფეხბურთის სათამაშოდ, რათა ბიბლია წამეკითხა; აღარ მივდიოდი ინტერნეტკაფეში მეგობრებთან ერთად „Counter Strike“-ის (თამაში სპეცრაზმსა და ტერორისტებს შორის მტრულ დამოკიდებულებაზე) სათამაშოდ, რათა ბიბლია წამეკითხა; მაგრამ მოხდა იგივე, რაც კომპიუტერის შემთხვევაში… ის თანდათან უფრო მოსაწყენი ხდებოდა, რადგან უკვე ყველა „ტური“ გავიარე, ყველა წიგნი წავიკითხე. უკვე მიძნელდებოდა ფეხბურთის თამაშის გადადება, მეგობრების უარით გასტუმრება, შეყვარებულისთვის მიზეზების გამოქექვა, რადგან თითქოს ბიბლია გაიყინა, თითქოს დაიკეტა, თითქოს ამოიწურა… სწორედ ამ მომენტში უფალმა კიდევ ერთხელ დაუშვა თავისი წყალობა ჩემზე და მომივლინა შემდეგი გამოცხადება: „ზუსტად ისევე, როგორც კომპიუტერი გახდა მოსაბეზრებელი ინტერნეტის გარეშე (რეალურ პიროვნებასთან ურთიერთობის შესაძლებლობის გარეშე), ბიბლიაც დროდადრო მოსაბეზრებელი ხდება სულიწმიდასთან (რეალურ პიროვნებასთან) ურთიერთობის გარეშე!“

ჩემო ძვირფასო, როდესაც ზიხარ შენს ოთახში, სმარტფონით ხელში და კითხულობ „ვინმეს“ მოწერილს, შენ ეჭვიც არ გეპარება, რომ ეს შეტყობინება რეალურმა პიროვნებამ გამოგიგზავნა… მით უმეტეს, ნუ დაეჭვდები ბიბლიის წაკითხვისას, რომ ის სულიწმიდამ (რეალურმა პიროვნებამ) მოგწერა! ასე, მასთან ურთიერთობაში გაცილებით საინტერესოდ და გაცილებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად დაიწყებ წმინდა წერილის კითხვას! შეუდექი ბიბლიის კითხვას ახლებურად! გაკურთხოს უფალმა!

„არა მხოლოდ პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის ბაგიდან გამომავალი ყოველი სიტყვით“ (მათე 4:4).

 

ავტორი: გიორგი ოდიაშვილი

7 ივნისი, 2018 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ბარტიმეოსმა მოუხმო ქრისტეს…

გიორგი ოდიაშვილი 4 ივნისი, 2018
გიორგი ოდიაშვილი

ბარტიმეოსი ისევ იმ ქუჩაში იჯდა “სამათხოვროდ”, სადაც გუშინ და გუშინწინ იჯდა. ეს ქუჩა ისევ ისეთი მტვრიანი იყო, როგორც სამი, ოთხი და ხუთი დღის წინ იყო მტვრიანი. მისი ხელები ისევ ისეთი გამომშრალი და დახეთქილი იყო ქარისა და სიცხისაგან, როგორც უკვე გასული რამდენიმე წელი იყო დახეთქილი. მისი თვალები ისევ ისე იყო ნათელდაკარგული, როგორც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში. მისთვის უჩვეულო და უცნაური არ ყოფილა სიბნელე. მისი დღე იწყებოდა სიბნელით და ზუსტად იმავე სიბნელით მთავრდებოდა. მას არ ჰყავდა მეურვე, არავინ ზრუნავდა მასზე. არავის აღელვებდა მისი ბედი. არავის არაფერი დააკლდებოდა, თუ ერთ დღეს ბარტიმეოსი იქ აღარ იჯდებოდა, ალბათ, ვერც ვერავინ შეამჩნევდა მის იქ არყოფნას და მხოლოდ ის შეიცვლებოდა საზოგადოებისთვის, რომ ახლა თავიანთ ფულს სხვა ხელგაწვდილი მათხოვრის ხელებში ჩაყრიდნენ…

ერთ დღეს იმ ქუჩაზე იესომ ჩამოიარა. ის მოდიოდა და ხალხი გარს ერტყა ისე, როგორც ჩემი უბნის ბავშვები მოვაქცევდით ხოლმე წრეში ჩვენს უბანში მოსულ მენაყინეს…

ბარტიმეოსმა ყური მოჰკრა იესოს სახელს და ხმამაღლა აყვირდა: “მიხსენი, უფალო!” ბრბო მის გაჩუმებას ცდილობდა, ვითომდა იესოზე ზრუნავდნენ, რომ ბინძურ მათხოვარს არ შეეწუხებინა, არც კი იცოდნენ, რომ სწორედ მის გამო გამოიარა იესომ დღეს ამ ქუჩაზე!

ო, რამხელა პატივია, როდესაც იესო შენ გამო გამოდის იმ ქუჩაზე, სადაც შენ ხარ! ბარტიმეოსი კვლავ იმავეს გასძახოდა, ბრბო კი კვლავაც განაგრძობდა მის გაჩუმებას; მაგრამ იმდენად ძლიერი იყო მისი ამოძახილი, იმდენად განწირული, იმდენად სასოწარკვეთილი (თითქოსდა ხსნამ წინ ჩაგიარა, შენ კი მისი მიღება ვერ შეძელიო. ეს ხომ ასეც იყო!), რომ ხალხის ზღვამაც კი ვერ შეძლო ჩაეხშო მისი ხმა, რომ იესოს ყურამდე არ მიეღწია! იესო შეჩერდა! რა დიდებულია, ის შეჩერდა!

ვისთვის? მათხოვრისთვის, რომელსაც უკვე დიდი ხანია ისევ ისეთი საშინელი სუნი ასდის, როგორიც ადრე ასდიოდა. ბარტიმეოსისთვის! კაცისთვის, რომლის არსებობაც ან პირიქით, არარსებობა არავის აინტერესებს! რატომ? რადგან უყვარს! რადგან სტკივა იგი! რადგან განსაკუთრებულია მისთვის!

დიახ, იესო შეჩერდა და ბარტიმეოსმა მიიღო ის, რასაც ვერც ერთი გამვლელი ვერ მისცემდა მას. ბარტიმეოსმა მიიღო სინათლე! მან მიიღო ფერები! მან მიიღო დღე და ღამე! მიიღო მთვარე და მზე! მიიღო ღამის მშვენიერი უღრუბლო ცა! მიიღო განთიადი! მიიღო მზის ჩასვლა! მიიღო ზღვის ზედაპირზე გაბრწყინებული მზის სხივები!

დიახ, ბარტიმეოსმა მიიღო ახალი სიცოცხლის დაწყების შესაძლებლობა სწორედ იმიტომ, რომ ერთ დღეს მთელი არსებით, მთელი თავგანწირვით, მთელი ძალით, მთელი გულით, მთელი სულით, მთელი ტკივილით მოუხმო იესო ქრისტეს! (მარკ. 10:46-52)

მოუხმე შენც!..

ავტორი: გიორგი ოდიაშვილი

რედაქტორი: მანანა ტვინიკაძე

4 ივნისი, 2018 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ჩვენც მოვხუცდებით…

გიორგი ოდიაშვილი 31 მაისი, 2018
გიორგი ოდიაშვილი

ვუმზერდი მოხუცებულს, რომელიც ცდილობდა, ქუჩა ისევ ახალგაზრდულად გადაერბინა, მაგრამ დაჟანგებული სხეული არ აძლევდა ამის უფლებას… მე ვუმზერდი მას ზუსტად ისეთი სიბრალულით, როგორც, ალბათ, თავად უმზერდა ჩემს ასაკში მყოფი თავის ახლანდელ ასაკში მყოფ მოხუცებულს და ალბათ, ისიც ჩემსავით ფიქრობდა, რომ ის არასოდეს მოხუცდებოდა…

“აჰა, გოჯებით მომეცი დღენი, არაფერია შენ წინაშე ჩემი ცხოვრება; ჭეშმარიტად, ერთი ამოსუნთქვაა კაცის სიცოცხლე!” (ფსალ. 38:5).

ჩვენც მოვხუცდებით. ვეღარც ჩვენ შევძლებთ ველოსიპედით სეირნობას, კიბეებზე სწრაფად არბენ-ჩარბენას, ქუჩის გადაკვეთას ფართო ნაბიჯებით. ჩვენც მოგვიწევს, შორიდან ვუმზიროთ იმ მოედანზე მორბენალ ახალგაზრდებს, სადაც ერთ დღეს ჩვენ დავრბოდით. ჩვენც შეგვეშლება სიტყვები საუბრისას, ჩვენც გვიმტყუნებენ თვალნი ჩვენნი, ჩვენც შემოგვხედავენ ჩვენივე მსგავსი ახალგაზრდები სიბრალულით აღსავსე თვალებით ისევე, როგორც ჩვენ ვუყურებთ ახლა მოხუცებს. შინაგანად ჩვენც ისევ ახალგაზრდები ვიქნებით, მაგრამ სხეული აღარ დაგვემორჩილება…

ნამდვილად, როგორც ამბობს ღმერთის სიტყვა – ბიბლია, პატივი ვცეთ ჭაღარას (ლევ. 19:32), რადგან ყოველი ჩვენგანის ხვედრია იგი.

31 მაისი, 2018 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    ბარაბას ადგილზე რომ ვყოფილიყავით…

    14 აპრილი, 2023
  • 2

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 3

    პატიება

    5 დეკემბერი, 2015
  • 4

    ჩემი ტკბილი უფალი

    17 ოქტომბერი, 2019
  • საუბარი ღმერთთან

    4 მაისი, 2018


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ