ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

ოცნებები ნაგავსაყრელიდან…

თეონა მენაბდიშვილი 6 ნოემბერი, 2018
თეონა მენაბდიშვილი

ზოგჯერ ადვილია დაიჯერო, რომ არსებობს სიკეთე, მაგრამ რთულია გჯეროდეს, რომ სიკეთე შენი ცხოვრებისთვის არსებობს. ადვილია დაიჯერო, რომ ღმერთი კეთილია, მაგრამ გვიჭირს იმის დაჯერება, რომ ღმერთი ჩვენდამია კეთილი, ჩვენთვის სურს სიკეთე.

ჩვენ ხომ ყველაფერს საკუთარი გამოცდილებით ვუყურებთ, მომავლის მზეს ხშირად წარსულის შავი ღრუბლები ფარავს და აწმყოს სიბნელეში, გაურკვევლობასა და უიმედობაში ვატარებთ.

შეიძლება თუ არა, რომ ერთდროულად მეოცნებეც იყო და უიმედოც?

ჩემს შემთხვევაში ასე იყო. მიუხედავად იმისა, რომ გამუდმებით ვოცნებობდი, არასოდეს მქონია იმედი და რწმენა, რომ ღმერთს შეეძლო ჩემი ცხოვრების შეცვლა. ახლა კი ვხვდები, რომ ის გამუდმებით ჩემთან იყო და ჩემთვის წარმოუდგენელს მიმზადებდა.

„ერთ დღეს სამოგზაუროდ წავალ, მსახიობი ვიქნები, მწერალი ან ჟურნალისტი, ლამაზი ფეხსაცმელი მეცმევა, ლამაზი სახლი მექნება…“ – როგორც ყოველთვის, ვოცნებობდი და ნაგავსაყრელზე წინ და უკან სიარულს ვაგრძელებდი.

ნაგავსაყრელი არც ისე დიდი იყო და ბებოს სახლთან მისასვლელად გზად იქ უნდა გამევლო. ყოველთვის ვჩერდებოდი და ერთ საათს მაინც ვატარებდი ძიებაში.

არ ვიცი, რას ვეძებდი, მაგრამ მახსოვს, როგორ მიხაროდა, როცა საინტერესო რამეს ვპოულობდი.

ყველაზე მეტად ფრჩხილის ლაქის პოვნა მახარებდა, შიგნით უმეტესად არაფერი იყო, მაგრამ მაინც ვცდილობდი, როგორმე წამესვა.

„ელეგანტური“ მანიკიურით ვაგრძელებდი ნაგავში ქექვას იმ მედით, რომ რამე ახალს აღმოვაჩენდი. ვიცი, რომ მაშინ, იმ სიბინძურეში, ღმერთი ჩემთან ერთად იყო და ჩემს ფიქრებს უსმენდა.

ახლა შემდგარი ადამიანი ვარ, ვსწავლობ, მაქვს სამსახური, შემიძლია ახალი ნივთების შეძენაც და ლამაზი მანიკიურის გაკეთებაც… მეტირება, როცა ვფიქრობ ღმერთის წყალობაზე და ეს არ ეხება უბრალოდ ფინანსურ მდგომარეობას. გულს მითბობს იმაზე ფიქრი, რომ მე ღმერთი დამყვებოდა ნაგავსაყრელზე, უყურებდა ჩემს ჭუჭყიან ხელებს, გრძნობდა ჩემს სირცხვილს, უსმენდა ჩემს ოცნებებს, მწმენდდა ცრემლებს და იღიმოდა ჩემს მომავალზე.

ვიცი, ბევრი თქვენგანისთვის რთულია, დაიჯეროთ ღმერთის სიკეთე თქვენს ცხოვრებაზე, მაგრამ ეს არ ცვლის მის ბუნებას, ის კეთილი მამაა. მიეცით ნება, გაფანტოს წარსულის შავი ღრუბელი და მომავლის მზედ იბრწყინოს თქვენთვის.

6 ნოემბერი, 2018 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

სიკეთის ენა

ანი ჭილაშვილი 6 ნოემბერი, 2018
ანი ჭილაშვილი

„სიკეთე არის ენა, რომელიც ესმის ყრუს და ხედავს ბრმა.“ – მარკ ტვენი.

სიკეთე არის გზა სრულყოფილებისაკენ. სამყაროს ჩუმი სიკეთე მართავს, მერე რა, რომ ხშირად შეუმჩნეველი რჩება. დავიბადეთ სრულიად ხელცარიელები, თან არაფერი მოგვიყოლებია – არც ფული, არც მეგობრები, არც საქმეები… როგორებიც დავიბადეთ, ისეთები გარდავიცვლებით. ამ ქვეყნიდან ვერაფერს გავიყოლებთ კეთილი საქმეების გარდა.

ყველა კეთილი ადამიანი ძლიერია, რადგან სიკეთეს შესწევს ძალა, ბოროტება დააჩოქოს, დაჩრდილოს და სრულიად გაანადგუროს. როგორი გასაოცარია, როდესაც ეხმარები ადამიანს და მის თვალებში მადლიერებას, ბედნიერებას და სიყვარულს ხედავ. როგორი სასიამოვნოა, როდესაც აცნობიერებ, რომ შეგიძლია, სხვას დახმარების ხელი გაუწოდო, წამოაყენო და სწორ გზაზე დააყენო.

ვფიქრობ, რომ ადამანი უნდა თესავდეს სიკეთეს უანგაროდ და არ ელოდოს სამაგიეროს, ეს კი უდიდესი ძალაა. ძალა, რომელსაც ვერაფერი აღუდგება წინ. ძალა, რომელიც ღმერთისგან მოდის, რადგან არავინაა რეალურად კეთილი ღმერთის გარდა. სწორედ ის დებს ადამიანებში სიკეთის კეთების სურვილს.

სასიამოვნო გრძნობაა, როდესაც სხვათათვის ზრუნავ, რადგან შეგიძლია, სასიკეთოდ შეცვალო თუნდაც ერთი ადამიანის ცხოვრება. ასე რომ, სასარგებლოა, იყო ბრძენი, მაგრამ უდიდესი სიბრძნეა, იყო კეთილი, რადგან აქ მარადიული არაფერია, შესაბამისად, არც ამქვეყნიური სიცოცხლე. ყველანი გარდავიცვლებით, ერთადერთი რამ კი, რაც თან გაგვყვება, ეს ჩვენი გაკეთებული კეთილი საქმეებია და ასევე, კეთილი საქმეები იქნება ის, რითაც დედამიწაზე გაგვიხსენებენ. როგორ მოგვიგონებენ ადამიანები – კარგად თუ ცუდად, ეს ჩვენი გადასაწყვეტია.

6 ნოემბერი, 2018 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

სინათლე უკუნეთ სიბნელეში

გიორგი ოდიაშვილი 5 ნოემბერი, 2018
გიორგი ოდიაშვილი

ერთი ჩვეულებრივი, მშვიდი ღამეა, არადა სადღაც შინაგანში მჯერა, რომ ჩვეულებრივი ღამეები არ არსებობს…

მთელი დღის განმავლობაში აქ ხალხი მოძრაობს, ბავშვები თამაშობენ ქვიშაში, ერთობიან საქანელებზე, მღერიან, ცეკვავენ, სეირნობენ, დიდები საუბრობენ, იცინიან, ფოტოებს იღებენ და “ფეისბუკისთვის” არჩევენ. მეც მათ შორის ვარ, მაგრამ ახლა, როდესაც მზე ნაძვებში დაიკარგა და მთვარე კვლავ დაეპატრონა არემარეს, ყველა თავის სახლში წავიდა, როგორც ხდება ხოლმე…

მეც იქ უნდა ვიყო, ჩემს ოთახში, თბილად, მაგრამ შინაგანმა მოუსვენრობამ არ დამაცადა ოთხ კედელში დარჩენა და აქ, გარეთ გამომიტყუა…

ახლა აქ ვარ, ორ ნაძვს შორის დაკიდებულ ჰამაკში და გაყინული მზერით მივშტერებივარ სიბნელეს. ზუსტად არ ვიცი, აქ მარტო ვარ თუ არა, მაგრამ აი, აქ ვარ…

ჰმ, ციცინათელები… ვუყურებ მათ წამიერ ნათებას და ერთი მხრივ, სასიამოვნო სანახაობაა, მაგრამ მეორე მხრივ, შემზარავია – თითქოს სულის სარკეში ვიხედებოდე. ახლა ჩემი რწმენაც ასეა, როგორც მბჟუტავი პატრუქი, რომელიც ციცინათელასავით წამიერად ანათებს და ისევ ქრება.

– ოჰ, უფალო, თითქოს ისევ იქით მივდივარ, საიდანაც მოვდიოდი, ისევ იქ ვიძირები, საიდანაც ამომათრიე, თითქოს მონობის იმ უღელს ვუბრუნდები, რომლისგანაც გამათავისუფლე…

უფალო, წარმომთქმელო სიტყვებისა: “მბჟუტავ პატრუქს არ ჩავაქრობ…” გთხოვ დამელაპარაკე, მომეცი შენი სიტყვა, მომიმატე რწმენა…

სიბნელე… სიბნელე… სიბნელე…

სინათლე…

– უარი თქვი შიშზე, რომელიც გაიძულებს, უგულებელყო ჩემი მოწოდება, ჩემი უღელი, რომელიც არ არის მძიმე. აიღე შენი ჯვარი და გამომყევი მე!.. იყავი მტკიცე, იყავი შეუდრეკელი, იყავი მიძღვნილი, იყავი ერთგული, თუნდაც ვერავინ გხედავდეს, თუნდაც არავინ შეგამჩნიოს, დარჩი ჭეშმარიტების მხარეს, არსად დატოვო შენი ჯვარი…

შეიძლება ფიქრობ, რომ ჯვრის გარეშე გზის გაგრძელება უფრო შეგიმსუბუქდება და ეს ასეც არის, მაგრამ ჯვრის გარეშე განვლილი გზის ბოლო სიკვდილია…

ბრძოლისაგან დახეთქილი და გამომშრალი ხელები მთელი ძალით მოხვიე ჯვარს და გაიქეცი, გაიქეცი მთელი სისწრაფით, გაიქეცი პირდაპირ სიბნელისკენ. დაინახავ, როგორ გაიფანტება იგი შენგან გამომავალი სინათლის წინაშე. გაიქეცი შენკენ მომავალი ქარიშხლისკენ. დაინახავ, როგორ დაცხრება იგი შენი რწმენის წინაშე. გაიქეცი მტრის ბანაკისკენ. იხილავ, როგორ დაიხევენ უკან შენი გაბედულების წინაშე!

ჯვარი არა ერთ-ერთი, არამედ ერთადერთი იარაღია სიბნელის წინააღმდეგ! რაც არ უნდა მოხდეს, არ გაუშვა ჯვარს ხელი და ერთადერთი, რასაც შენ მიაღწევ, ეს გამარჯვებაა!

სინათლე… სინათლე… სინათლე… რა სასიამოვნოა სინათლე უკუნეთ ბნელში…

5 ნოემბერი, 2018 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

არ დაგავიწყდეთ ღიმილი

ნატალია ჩიქოვანი 1 ნოემბერი, 2018
ნატალია ჩიქოვანი

უკვე ნოემბრის სუსხიან დილას, სამარშრუტო ტაქსის დაორთქლილი მინიდან ბუნდოვნად ვხედავ წარწერას: „ჩვენთან იყიდება ბედნიერება.“ გამეღიმა… და მართლაც, აი, ასე რომ შემეძლოს და შოკოლადის ფილასავით მაღაზიაში ვიყიდო ბედნიერება, სამარშრუტო ტაქსიში ყველას გავუმასპინძლდებოდი ბუზღუნა მძღოლის ჩათვლით, რომელსაც არ მოსწონს, როდესაც ავტომობილის გაჩერებას სთხოვენ… ხშირად მიფიქრია, რა არის ბედნიერება და პასუხის ძიებაში იმდენ ფიქრს მივდებ-მოვდებივარ, გადამვიწყებია საბოლოოდ.

გაჩერებაზე ჩამოვდივარ, მესმის ჩვეული „ბათუმი-ქობულეთი გავდივართ“ და ვხვდები, რომ ყველაფერი ჩვეულ კალაპოტში მიედინება, ვხედავ ნაცნობ სახეებს და კიბეებს ჩქარი ნაბიჯით მივუყვები. და მაინც, რა არის ბედნიერება? ვფიქრობ და ორი წლის განმავლობაში პირველად ვუღიმი კაცს, რომელიც მიწისქვეშა გადასასვლელში ჩვენს მუსიკალურ განწყობაზე ზრუნავს. ისიც მიღიმის და საპასუხოდ კარგ დღეს მისურვებს. თავს კარგად ვგრძნობ. პოზიტივი გადამდებია…

რა არის ბედნიერება? ვფიქრობ ისევ და ამჯერად ჩაიდანი მაწყვეტინებს, მხიარული სტვენით მამცნობს, რომ წყალი მზადაა სურნელოვანი ჩაისთვის. ცხელ ჭიქაზე ხელებს ვითბობ და შემოსულ წერილებს ვპასუხობ… ადამიანები ისტორიებით, კითხვებით, პრობლემებით და ადამიანი, რომელიც გვესალმება. „ჩვენ მალე გიპასუხებთ.“ – პასუხობს ავტომოპასუხე და სწრაფადვე მოდის პასუხი: „უბრალოდ მოსალმება მინდოდა.“ კარგ ხასიათზე დავდექი. ზოგჯერ უბრალოდ ერთი გაღიმება, უბრალოდ ერთი სალამი, ერთი მოკითხვა რამდენს ნიშნავს, რამდენს…

ბედნიერებაზე „ჩაციკლული“ სამყარო გამუდმებით საკუთარ „რეცეპტებს“ გვთავზობს, ჰოროსკოპიდან დაწყებული, შუადღისა თუ ღამის ყვითელი შოუებით დამთავრებული და მაინც, რა არის ბედნიერება, ასე რომ გვაწუხებს, ასე რომ გვაღელვებს… ვართ კი ბედნიერნი მაშინ, როდესაც ყველა ჩვენი საჭიროება დაკმაყოფილებულია? ვართ კი ბედნიერნი მაშინ, როდესაც ერთი შეხედვით ყველაფერი კარგადაა ჩვენ გარშემო? ბედნიერება ყველაფერშია გარშემო, უფალმა ჩვენთვის შექმნა ყოველივე… იქნებ ჩვენ დავკარგეთ სიცოცხლით ტკბობის უნარი? იქნებ ჩვენ გავაიგივეთ ბედნიერება მატერიალურ საგნებთან?

ჩემთვის რა არის ბედნიერება? ვფიქრობ ისევ და ფანჯრიდან მტრედს ჩუმად ვუთვალთვალებ, რომელის მოღერებულ კისერზეც საოცარი ფერები ერწყმიან ერთმანეთს…

ბედნიერებაა ხედავდე იმას, თუ რამდენი მიზეზი გაქვს ბედნიერებისთვის. ბედნიერებაა, როცა თენდება… კიდევ ერთხელ… ბედნიერებაა, როდესაც მძინარე შვილებს ეფერები და სამსახურში მათი თბილი სურნელი მიგყვება… ბედნიერებაა, როდესაც საღამოობით მთელი ოჯახი ერათად იკრიბება სახლში… ბედნიერებაა ჭიქა ყავა დილის გარიჟრაჟზე და ფანჯრიდან დანახული ალიონი… ბედნიერებაა აცნობიერებდე, რომ განსაკუთრებული შეგქმნა ღმერთმა… ბედნიერებაა მადლიერი გული… ბედნიერებაა განსაცდელიც, რომელიც საშუალებას გაძლევს, დაინახო საკუთარი თავი…

და ვხვდები, არ მჭირდება „შოკოლადის ფილასავით“ ნაყიდი ბედნიერება, მე შემიძლია ის ისედაც გავუნაწილო გარშემომყოფთ, არანაირი განსაკუთრებული რეცეპტი, უბრალოდ არ დაგავიწყდეთ ღიმილი და სიყვარული გემოვნებით…

ფილიპელთა 4:4

„მარადის იხარეთ უფალში და კიდევ ვიტყვი: იხარეთ!”
1 ნოემბერი, 2018 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

გარდაქმნა ღმერთში

ნატალია ჩიქოვანი 29 ოქტომბერი, 2018
ნატალია ჩიქოვანი

ღმერთში ცხოვრება განსაკუთრებულია საოცრებებითა და სასწაულებით, ლოგიკას მოკლებული და გასაოცარი ფაქტებით, გარდაქმნებით და დამოწმებებით… შეიძლება დღეს შენ ამ სტრიქონებს უემოციოდ კითხულობ, რადგან ახლა სუსტი ხარ, შეიძლება დაცემულიც, ან გამოსავალს ვერ ხედავ, შესაძლოა გეშინია კიდეც ყოველი მომდევნო წუთის, ან დიაგნოზი გიჭირავს ხელში, რომელიც უფლებას არ გიტოვებს, მომავლის იმედი იქონიო… მაშინ ეს სიტყვები შენ გეკუთვნის.

ჩვენ  ყველა და ყველაფერი „გველაპარაკება“ გარშემო: მშობლები, მეგობრები, მასწავლებლები, კეთილის მსურველები, მეზობლები, ექიმები, დიაგნოზი… ჩვენი სოციალური სტატუსი, საბანკო ანგარიში, ავტომობილის მარკა, მაცივრის შიგთავსი, ჯიბე, სარკე… და სხვა.  ყოველივე, ჩვენ ირგვლივ, გვკარნახობს, თუ ვინ ვართ ჩვენ, ან რამდენად შემდგარნი ვართ იმ კრიტერიუმთა მიხედვით, რომელიც ჩვენ მიმართ მოთხოვნის სახით დგას… და ჩვენც ვირგებთ იმ სოციალურ როლს, რომელსაც გვთავაზობს გარემო და ძალიან ხშირად ვიჯერებთ, რომ არშემდგარი ადამიანები ვართ არშემდგარი ცხოვრებით, არასაკმარისი ძალით, წინ აღვუდგეთ პრობლემებს… სინამდვილეში პრობლემა იწყება იქ, სადაც ჩვენ ამის მიღებას და დაჯერებას ვიწყებთ. როცა არშემდგარობის სინდრომით ცხოვრების გაგრძელებას ვცდილობთ, ჩვენი ყველა მცდელობა მარცხისთვისაა განწირული..

როცა უძლურებისგან თავს დახრი და ხელებს ჩამოუშვებ… იცოდე, არის იმედი იქ, სადაც ადამიანები ყველაფერს ხაზს უსვამენ. იცოდე, რომ ღმერთი დებს შენზე იმედს იქ, სადაც გარშემომყოფნი  ნდობას არ გამოგიცხადებენ. გწამდეს, ღმერთი დაინახავს შენს გულს იქ, სადაც სხვები გარეგნულით განგსჯიან. ბიბლია სავსეა იმ ადამიანთა ისტორიებით, რომელთა უძლურებაც ღმერთმა ძლიერებად გარდაქმნა. საინტერესოა ღმერთის ლოგიკა, როდესაც ვხედავთ მშიშარა  გედეონს, რომელიც საწნახელში ფქვავს ხორბალს, რადგან ემალება მტერს.  „და გამოეცხადა მას უფლის ანგელოზი და ეუბნება: „უფალი შენთანაა, მამაცო მებრძოლო!“ (მსაჯ. 6:11) ღმერთი მამაცს უწოდებს მშიშარას, რადგან ხედავს მას ისეთს, როგორადაც შექმნა იგი.  ღმერთმა არ შეგვქმნა ჩვენ უძლურნი, არც სუსტნი, არც მშიშრები… მან თავის ხატად შეგვქმნა ჩვენ და გვხედავს ისეთებს, როგორადაც ჩაგვიფიქრა…

დავითი, რომელიც საცდურს ვერ მოერია, უფლის გულის სანდომი კაცი გახდა და ებრაელთა წერილში ვკითხულობთ, რომ უფლის ნებაში აღესრულა იგი… ლაჩარი აბრაამი, რომელიც სარას, შიშის გამო, დად ასაღებდა, მრავალი ერის მამა გახდა და იკურთხა მასში ქვეყნიერება… მნიშვნელობა არ აქვს, რას გეუბნება შენი დღევანდელი მდგომარეობა, შენი ნაკლი თუ გარემოებანი… არის იმედი! ღმერთს შეუძლია გარდაქმნა, მას უყვარს შედევრის შექმნა იქ, სადაც არაფერია, მან მტვრისგან შექმნა ადამიანი – სამყაროს გვირგვინი.

და რას იტყვი შენ, როდესაც გაიგებ უფლის ხმას შენს ცხოვრებაში, როცა ის გეტყვის, რომ შენზე დებს იმედს მაშინ, როცა გარშემო არავის სჯერა შენი?! და რას იზამ, როცა დაგავალებს მთების გადადგმას მაშინ, როცა  ჩხირის გადატრიალება არ შეგიძლია?!… დათანხმდი მას, რადგან ის იქნება შენი კლდე და თავშესაფარი, ნუ მოუდრეკ ქედს ცხოვრებას, იყავი ის, ვინც ხარ ღმერთის თვალში. დაინახე შენი თავი, ოღონდ სარკეში არა, ბიბლიის ფურცლებზე, სადაც თითოეული სიტყვა დღესაც ცოცხალია, დღესაც მოქმედია და დღესაც აქვს უნარი – შეცვალოს ჩვენი ცხოვრება. უფლის სიტყვა მარადიულია, ის თავისი სიტყვების უკან დგას და თვალყურს ადევნებს, რომ აღსრულდეს იგი. გწამდეს ღმერთის, რომელიც აღთქმას გიდებს: „მე ვუწყი ზრახვები, რომლებიც განვიზრახე თქვენთვის, სამშვიდობო ზრახვები, რათა მოგცეთ თქვენ მომავალი და იმედი!“ (იერ. 29:11)

29 ოქტომბერი, 2018 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

დაფარულში…

გიორგი ოდიაშვილი 23 ოქტომბერი, 2018
გიორგი ოდიაშვილი

ერთ ჩვეულებრივ დღეს, როდესაც ჩვეულებრივად ვაპირებდი ლოცვას, სულიწმიდამ რწმენის გზის უკეთ გაგრძელების სიტყვა და შესაძლებლობა მომცა…

ფსალმუნი 26:8: „შენგან ამბობს ჩემი გული: მოძებნეთ ჩემი სახე. შენს სახეს მოვძებნი, უფალო.“

რამდენიმე წელია, რაც მორწმუნე ვარ. მეგონა, დრო გარბოდა, მაგრამ თურმე მიფრინავს… მართლაც, მუხთალნი ყოფილან დღენი.

მართლაც რომ საჭიროა, მოვივაჭროთ დღენი. და რა ხდება ახლა, როცა მონანიებიდან წლები გავიდა? უკვე „ბევრი ვიცით“. გადის დრო, გვემატება წლები, გვემატება ცოდნა, მაგრამ სულიერად თუ ვიზრდებით? თუ ვემსგავსებით ქრისტეს? თუ ვვითარდებით? საიდან სად მიდის ჩვენი ცხოვრება: დიდებიდან დიდებაში და რწმენიდან რწმენაში, თუ პირიქით? დიდებიდან დამცირებაში და რწმენიდან ურწმუნოებაში? ხომ არ დავკმაყოფილდით?

ხომ არ ვფიქრობთ, რომ კმარა დილით ადრე ადგომა ან შუაღამისას გაღვიძება იმისათვის, რომ ვილოცოთ? ხომ არ მოვიხიბლეთ საკუთარი თავით? (ნეტავ მართლა ასე გვქონდეს საქმე). ხომ არ დავკარგეთ სიწრფელე და გულუბრალოება ღვთის წინაშე? ერთ ღვთისკაცს უთქვამს: „ახლა უფრო გიყვარს თუ დასაწყისში? ახლა უფრო მიძღვნილი ხარ თუ დასაწყისში? ახლა უფრო ცხოვრობ სიწმინდეში თუ დასაწყისში?“

მინდა გაცოცხლდეს მეფსალმუნის სიტყვები: „როგორც ისრები მეომრის ხელში, ისეა ახალგაზრდა თაობა!“ ხომ გახსოვს უფლის პირველი შეხება? შენი პირველი ცრემლები, პირველი ემოციები, პირველი გრძნობები. ხომ გახსოვს შენი პირველი სიყვარული? როგორ დაუზარავად წამოხტებოდი დილით, რათა შენს ზეციერ მამასთან გესაუბრა. როგორ არ განაღვლებდა არც სიცხე და არც სიცივე! მთავარი ხომ ის იყო, რომ მის წინაშე ყოფილიყავი შენს დაფარულ ოთახში!

დღეს რა ხდება?! ნუთუ უკვე ამოვწურეთ ღმერთი და აღარ არის საჭირო ცრემლებითა და მუდარით სავსე სიტყვები: „როგორი ხარ, უფალო? მახილვინე შენი დიდება. მინდა გიცნობდე.“ ან იქნებ ძალიან დავამცრეთ ღმერთი ჩვენს წარმოდგენაში?

არა და რამდენად დიდია იგი, რამდენად მეტია, რამდენად თბილია! რამდენი აქვს ჩვენთვის სათქმელი, მაგრამ არ გვცალია… ჩვენი საქმე გვაქვს… ჩვენი მსახურება… უკვე მოვიპოვეთ რაღაც სახელი… ალბათ იკლო ჩვენი სიყვარულის ტემპერატურამ და ამიტომაც ახლა სეზონის ტემპერატურაზე ვართ დამოკიდებულნი. თუ ცივა, ვერ ავდგებით, „საწოლში ვილოცებ, ღმერთს ხომ ასეც ესმის ჩვენი?“

უმალ გავაჩუმებთ ხოლმე ჩვენი სინდისის ხმას. თუ გვესმის, რომ ამით სულიწმიდას ვანაღვლიანებთ? არ მესმის, თუ გვიყვარს ღმერთი, როგორ ვძლებთ მთელი დღე ტელევიზორთან, როგორ ვძლებთ მთელი დღე მობილურით ხელში, როგორ ვძლებთ ამდენ ხანს სოციალურ ქსელში? არადა ვამბობთ: „როგორც ფილტვებს სჭირდება ჟანგბადი, თევზს – წყალი, ისე გვჭირდება უფალი.“

სად გვინახავს ადამიანი, რომელიც საათობით ძლებს ერთი ჩასუნთქვის შემდეგ? სად გვინახავს თევზი (ცოცხალი), რომელიც დღეების განმავლობაში ძლებს წყლის გარეშე? და ჩვენ როგორ ვძლებთ ამდენ ხანს ღმერთის გარეშე? როგორ ვძლებთ ამდენ ხანს დაფარულ ოთახში შეუსვლელად?

ხშირად ვფიქრობ, რომ რაღაცები აგვერია… ჩვენს თავს ძალას ვატანთ, რომ ღმერთთან განვმარტოვდეთ, თავს ძალას ვატანთ, რომ ვილოცოთ, რომ ბიბლია წავიკითხოთ, მაგრამ სიამოვნებით ვატარებთ დროს სოციალურ ქსელში, სიამოვნებით ვატარებთ დროს ტელევიზორთან, სიამოვნებით მივდივართ მეგობრებთან ერთად საყვარელი ფეხბურთის გუნდის საგულშემატკივროდ, სიამოვნებით ვატარებთ დიდ დროს უაზრო თამაშებში, რომლებიც არათუ შეგვმატებენ რამეს, არამედ დაგვაკლებენ კიდეც… არადა პირიქით უნდა იყოს…

თუ გვიყვარს ღმერთი, სიხარულით უნდა გავრბოდეთ დაფარულ ოთახში… ერთი სული უნდა გვქონდეს, შევიდეთ ცალკე ოთახში და კარი მოვიხუროთ, რათა ღმერთთან განვმარტოვდეთ.

ახალმოქცეული მორწმუნე როდესაც ვიყავი, მეგონა, სამი დღის განმავლობაში თუ ვიმარხულებდი, კმაყოფილებით ავივსებოდი. ვიმარხულე სამ დღეს, მაგრამ ამან ვერ დამაკმაყოფილა. მსურდა ხალხის წინაშე ქადაგება შემძლებოდა და შევძელი, მაგრამ ამანაც არაფერი მომცა. ვერაფერმა დამაკმაყოფილა…

არც მხოლოდ მორწმუნეებთან ურთიერთობა მავსებს. არც რაიმე საქმის გაკეთება უფლისათვის. მე მჭირდება უფალთან განმარტოება დაფარულში! ვკვდები, როდესაც დაფარულში არ ვატარებ დროს. ვკვდები, როდესაც უფალთან მისვლას „ვერ“ (კვლავაც ვიტყუებ თავს) ვახერხებ…

და რა იქნება, თუ ასე არ ვიცხოვრეთ? ვერ გადავრჩებით? არ ვიქნებით ქრისტეს სხეული? არ ვიცი! მაგრამ ვიცი ერთი რამ… ეგვიპტიდან ყველა ისრაელიანი გამოვიდა, მაგრამ ღმერთი მხოლოდ მოსეს ელაპარაკებოდა პირისპირ და თუ ეს შესაძლებელია, რატომ არ უნდა იყო შემდეგი შენ?!

იყავი ადამიანი, რომელსაც მსხვერპლის გაღება შეუძლია. იყავი მიძღვნილი და ერთგული. ნუ დაგაკმაყოფილებს საკვირაო მსახურება, ნურც სხვა რამ მსახურება, ნურც ის, რომ გარკვეულ დონემდე გაიზარდე და შეიმეცნე უფალი. უფალს კიდევ ბევრი აქვს შენთვის სათქმელი! გამორთე ტელეფონი, გამორთე ტელევიზორი, განმარტოვდი, დაკეტე კარი და უთხარი უფალს: „ამდენი ხნის შემდეგ მე ისევ აქ ვარ, მჭირდები, მამა!“

მხოლოდ დახურულ კარს მიღმა, მუხლებზე მდგომთ, იატაკზე განრთხმულთ შეგვიძლია შევიცნოთ უფალი, გავიცნოთ იგი, მოვძებნოთ მისი სახე…

ვინმემ რომ მკითხოს, რას ვურჩევდი ქრისტიანს, რომელიც ფიქრობს, რომ ღმერთს უკვე ძალიან კარგად იცნობს… ვუპასუხებდი: „მოინანიოს და თავიდან დაიწყოს უფლის სახის ძიება.“

უცნაურია, მაგრამ ზოგჯერ ძალიან მენატრება ღმერთი, რომელიც გამუდმებით ჩემთან არის. ალბათ იმიტომ, რომ მე არ ვარ მასთან.

იესომ თქვა: „ეს არის საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ჭეშმარიტ ღმერთს.“

მას არ უთქვამს: „ეს არის საუკუნო სიცოცხლე, რომ ლოცვა ისწავლონ, სამდღიანი მარხვა შეძლონ, გუნდის ხელმძღვანელები, მქადაგებელნი, ხუცესები გახდნენ“ (რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა იყოს ქრისტიანის ცხოვრებაში), მაგრამ საუკუნო სიცოცხლე ის არის, რომ იცნობდე ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს!

მოდი, გაბედე, რამდენი დროც არ უნდა იყოს გასული, შედი დაფარულში, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს, შედი დაფარულში, რამდენი საქმეც არ უნდა გქონდეს, შედი დაფარულში… სწორედ იქ გელოდება შენი ზეციერი მამა…

23 ოქტომბერი, 2018 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ცხოვრებას თავიდან ვერ ჩართავ…

გიორგი ოდიაშვილი 15 ოქტომბერი, 2018
გიორგი ოდიაშვილი

ცივი, მკაცრი ზამთარია. დინჯი და აუღელვებელი ნაბიჯით მარტო მივუყვები ქუჩას, რომელიც დღისით ხალხით არის სავსე, მაგრამ ღამღამობით მხოლოდ სიცარიელით, სიბნელით, სიცივით და ჩემით თუ აივსება ხოლმე…

მივუყვები ქუჩას, ღრმად ვისუნთქავ იანვრის ცივ ჰაერს და ჩემი ფილტვებიდან ამოსული ორთქლი სახეს წამიერად მითბობს. ჯიბიდან ვიღებ ახლართულ ყურსასმენს, გაყინული თითებით ვასწორებ და ვრთავ სასურველ მელოდიას. ოდნავ დათბა…

მეგობარო, როდესაც მოზარდი ვიყავი, ასეთი სიტყვები მოვისმინე: „რატომ უნდა იფიქრო მელოდიის დასასრულზე, როდესაც მელოდია ძალიან მოგწონს?“

არ მახსოვს, სად ან ვისგან მოვისმინე ეს სიტყვები; არც ის ვიცი, ავტორმა რა იგულისხმა, მაგრამ მახსოვს ის ცხოვრებისეული შეხედულება, რომელიც ამ სიტყვების მეშვეობით წარმოიშვა ჩემში − მთავარია, ახლა კარგად ვგრძნობდე თავს; არ მაინტერესებს, რა იქნება ხვალ. არ მაინტერესებს, როგორი დასასრული ექნება ამას. მთავარია, ახლა მივიღო სიამოვნება.

ჩავრთე სასურველი მელოდია. ოდნავ დათბა და მიუხედავად იმისა, ვფიქრობ თუ არა მელოდიის დასასრულზე, ის მაინც მთავრდება და რა მშვენიერია, რომ შემიძლია ის ხელახლა ჩავრთო იმდენჯერ, რამდენჯერაც მოვისურვებ…

ჰმმ… არ მინდა, შემდეგი სიტყვები უბრალოდ წაიკითხო. მინდა, ჩემთან ერთად გაუყვე ქუჩის დარჩენილ ნაწილს და ყურადღებით მომისმინო.

ყურსასმენს ვიხსნი. ერთად მივდივართ დინჯი ნაბიჯით. სიცივეს შენც ისევე გრძნობ, როგორც მე. შენც სუნთქავ მკაცრი იანვრის იმ ცივ ჰაერს, რომელსაც მე…

აგერ, მივუახლოვდით ქუჩის ბოლოს. ისედაც დინჯ ნაბიჯს კიდევ უფრო ვადინჯებთ. ვჩერდები, თვალებში გიყურებ და ვხედავ, რომ უკვე ძალიან გცივა და სახლში წასვლა გინდა, მაგრამ რამდენიმე წუთითაც უნდა დაგაყოვნო. რაღაც მაქვს სათქმელი და თუ არ გეტყვი, შეიძლება მთელი ცხოვრება ვინანო…

მელოდია, რომელიც ასე ძალიან მოგვწონს, ჩვენი ცხოვრებაა. ის წამი და წუთი, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ… თუ დასრულდება მელოდია, შეგიძლია ხელახლა ჩართო, მაგრამ ცხოვრებას ხელახლა ვერ ჩართავ, თავიდან ვერ დაიწყებ. ეს დღე არც აქამდე ყოფილა და არც ამის შემდეგ განმეორდება. შენ უნდა გამოიყენო ეს წამი, ეს წუთი, ეს დღე.

ერთხელ ვცხოვრობთ ამ მიწაზე და არცთუ ისე ხანგრძლივად. „ვერავინ განაგებს დღეს სიკვდილისას…“ (ეკლესიასტე 8:8).

სწორედ ცხოვრების დასასრულის შიში მაიძულებდა მოზარდ ბიჭუნას, მომეძია ინფორმაცია სხვადასხვა რელიგიასა და მათ ღვთაებებზე. მე ვეძებდი მას, ვისაც შეეძლო ჩემი ცხოვრების გახანგრძლივება (მაშინ არ ვიცოდი, რომ „მან“ აღძრა ჩემი გული ამ ძიებისთვის, როგორც დაწერილია: „ღმერთი დაბადებს თქვენს გულში სურვილსაც და მოქმედებასაც თავისი სათნოებით“ (ფილიპელთა 2:13). მე ვეძებდი მარადისობას, რადგან რეალურად ჩემი გული ამისთვის არის შექმნილი (ეკლესიასტე 3:11).

უამრავი „ღვთაება“, უამრავი რელიგია, უამრავი დიდებული პიროვნება, უამრავი დაპირება იყო მათგან, მაგრამ ვერავინ ვერასოდეს გაბედა, წარმოეთქვა მსგავსი დაპირება: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და სწამს იგი, ვინც მომავლინა, აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ წარუდგება სამსჯავროს, არამედ უკვე გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში“ (იოანე 5:24).

„მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“ (იოანე 11:25).

დიახ, მე სიკვდილის შიშმა მაიძულა, მივსულიყავი იესო ქრისტესთან, კაცობრიობის ერთადერთ მხსნელთან (საქმ. 4:12), სიკვდილის დამმარცხებელთან (საქმ. 2:24), მაგრამ მასთან დარჩენას არა სიკვდილის შიში, არამედ სიცოცხლის სიყვარული „მაიძულებს“.

გადადგი ნაბიჯი, მიდი იესო ქრისტესთან. მოიწვიე იგი შენს ცხოვრებაში, როგორც შენი მხსნელი, უფალი და წინამძღვარი.

 

15 ოქტომბერი, 2018 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ეს შენთვის იყო…

გიორგი ოდიაშვილი 5 ოქტომბერი, 2018
გიორგი ოდიაშვილი

ამ სასწაულებიდან არც ერთი არ ყოფილა ჩემთვის. მე არ ვსაჭიროებდი, რომ წყალი სისხლად გარდამექმნა, გომბეშოებით ამევსო მათი ქუჩები, მათი სახლები კი − მკბენარითა და ბუზანკლით. არ ვსაჭიროებდი, რომ მათი საქონელი ამომეწყვიტა, რომ წყლულით დამეფარა მათი სხეულები, რომ სეტყვით მომესპო მათი მოსავალი და რაც სეტყვას გადაურჩა, კალიებისთვის მიმეცა.

მე არ ვსაჭიროებდი არც სიბნელის მოხმობას და არც მათი პირმშოების ამოხოცვას. მე შემეძლო უბრალოდ მეთქვა და ყველა ისრაელიანი ერთ წამში აღმოჩნდებოდა ეგვიპტის გარეთ. ეს ყველაფერი ჩემი ერისთვის გავაკეთე, რათა, ერთ დღეს, როდესაც უდაბნოში მოსწყურდებოდათ, მოშივდებოდათ, თუ მტრის ჯარს დაინახავდნენ მათ წინააღმდეგ დაძრულს, გახსენებოდათ ყველაფერი, რაც მე მოვიმოქმედე, ჩემდამი რწმენაში განმტკიცებულიყვნენ და გზა განეგრძოთ აღთქმულისაკენ!

ზუსტად ასევე, მე არ ვსაჭიროებდი განკაცებას; არ ყოფილა ჩემთვის საჭირო არც სისხლი, არც ჯვარი. მე შემეძლო, უბრალოდ მეთქვა და შენ ერთ წამში იქნებოდი გამოსყიდული. არავითარი შობა, არავითარი ჯვარი, არავითარი სისხლი, მაგრამ ეს ყველაფერი შენთვის მოვიმოქმედე!

რათა ერთ დღეს, როდესაც მარტო იქნებოდი შენს ოთახში, სიბნელეში და მოგივიდოდა აზრი: „ღირს კი გაგრძელება?! უკვე მერამდენედ არ გამომდის ერთი და იგივე. იქნებ სჯობს, დავნებდე?!“ − გაგხსენებოდა ჯვარი და მოგესმინა პასუხი: „არ დანებდე!“

ეს შენთვის იყო, რომ, ერთ ღამეს, როდესაც მარტო გაუყვებოდი სიცივეში ცარიელ ქუჩებს და მოგივიდოდა აზრი: „ალბათ ღმერთმა მიმატოვა, ალბათ მოჰბეზრდა ჩემი გამოწვრთნა“, გაგხსენებოდა ჯვარი და გცოდნოდა, რომ მიყვარხარ, რომ არ დამისრულებია შენი გამოწვრთნა, რომ ფასით ხარ დახსნილი და არასდროს დაგთმობ!

ჯვარი − ეს შენთვის იყო. განმტკიცდი, წამოდექი, გზა განაგრძე, რადგან მე მჯერა შენი!

5 ოქტომბერი, 2018 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ჯვარს ეცვა… 

თეონა მენაბდიშვილი 20 სექტემბერი, 2018
თეონა მენაბდიშვილი

„დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა, ის იყო დასაბამიდან ღმერთთან. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უიმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა. მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი. ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა  ვერ მოიცვა იგი.“ (იოანეს სახარება)

დასაბამიდან იყო სიტყვა, დასაბამიდან იყო ძე ღვთისა, დასაბამიდან იყო ის, ვინც თავად არის ყოფნა. ყველა ქმნილებას, ხილულსა და უხილავს ჰყავს ავტორი და ჰყავს ადრესატიც; აქვს მიზეზი არსებობისა და აქვს მიზანიც; ყველა ქმნილება, ხილულიცა და უხილავიც მისთვის შეიქმნა, ღვთის ძისათვის. მისთვის შეიქმნა პატარა მინდვრის ყვავილიცა და უდიდესი მყინვარიც, მას ეკუთვნოდა ფერადი კენჭი ოკეანის ფსკერზე და ჩვენთვის მიუღწეველი, უცნობი გალაქტიკის ფერადი პლანეტებიც. მისთვის დაფრინავდა არწივი ცაზე და მისთვის მღეროდნენ ანგელოზნი იქ, სადაც ცა არ არის.

მისთვის შევიქმენით ჩვენც… ხარობდა ღვთის ძე.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სიცოცხლე მის სიკვდილს ირეკლავდა… ხარობდა ღვთის ძე.

თავისი დიდება მოგვახურა სამოსად, სიყვარული იყო მისი ყველა ამოსუნთქვა.

იცოდა, რომ გავექცეოდით და თავად მოუწევდა მოსვლა.

იცოდა, რომ ღმერთობას მოვინდომებდით და თავად გახდებოდა ადამიანი.

იცოდა, რომ ზურგს შევაქცევდით და თავად გასაროზგად გვიჩვენებდა ზურგს.

იცოდა, რომ ხელს აღვმართავდით მასზე, თავად კი დასალურსმად გამოიწვდიდა ხელებს.

მიატოვა ზეცა, დათმო დიდება, გახდა ჩვენი მსგავსი.

მთელი სიცხადით შეიგრძნო ყველაფერი, რაც გვტანჯავდა, რაც გვაწუხებდა, რაც გვკლავდა.

ჯვარს ეცვა…

და სიყვარულის სრული განმარტება გვაჩვენა.

ჯვარს ეცვა…

ზეცა მიწაზე ჩამოიტანა, ცოდვა დაამარცხა, სიკვდილი დაძლია, ჩვენ გამოგვიხსნა.

ჯვარს ეცვა…

და აკაკუნებს ჩვენი გულის კარზე, მის გულს კი საერთოდ არ აქვს კარი, არც კედლები…

ჯვარს ეცვა…

 

20 სექტემბერი, 2018 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    ბარაბას ადგილზე რომ ვყოფილიყავით…

    14 აპრილი, 2023
  • 2

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 3

    პატიება

    5 დეკემბერი, 2015
  • საუბარი ღმერთთან

    4 მაისი, 2018
  • 5

    ჩემი ტკბილი უფალი

    17 ოქტომბერი, 2019


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ