ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

ცოდვა – კაცობრიობის ერთადერთი პრობლემა

გიორგი ოდიაშვილი 12 თებერვალი, 2019
გიორგი ოდიაშვილი

ყველაფერი თავის ადგილას იყო… არაფერი ყოფილა არც ზედმეტი და არც ნაკლები… ყველა და ყველაფერი ისე მოძრაობდა, რომ ერთმანეთს მოძრაობაში ხელს არ უშლიდნენ…

ადამიანი სრულ ჰარმონიაში იმყოფებოდა ღმერთთან და სამყაროსთან, მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანის მიერ წამოწყებული ხრიკებისგან (ეკლესიასტე 7:29) წარმოიქმნა შავი ლაქა – ცოდვა, რომელიც ადამიანს სიმსივნესავით (რეალურად სიმსივნეზე უარესია) გაუჩნდა, ხოლო შემდეგ მოედო ყველაფერს, რასაც ადამიანი შეეხო და ასე, სულ რაღაც მცირე ხანში, ამ შავმა ლაქამ მოიცვა ის შესანიშნავი სამყარო, რომელიც ღმერთმა თავის დროზე შესანიშნავად შექმნა. (ეკლესიასტე 3:11).

ცოდვა – კაცობრიობის პირველი და ერთადერთი პრობლემა…

ცოდვის შედეგად გაჩნდა სნეულება – ის, რის გამოც ბევრი საყვარელი ადამიანი დავკარგეთ და შეიძლება დღეს თავადაც ვებრძვით მას.

არ იყო ფიზიკური ტკივილი, რადგან არაფერს შეეძლო ადამიანის ვნება, და არც სულიერი ტკივილი, რადგან ადამიანი სავსე იყო ღვთის სულით და თვით მარადიულობა იდო მის გულში (ეკლ. 3:11), მაგრამ მარტოსულობის საშინელი განცდა, რომელსაც მთელი ცხოვრებაა ებრძვი და ვერ ამარცხებ, სწორედ ცოდვის გამოა შენს შინაგანში.

ცოდვის გამო მოხდა, რომ ადამიანის გაუსაზღვრელი სიცოცხლე განისაზღვრა და მეტიც, ფიზიკური სიკვდილის შემდეგ მას გარანტირებული ჰქონდა მარადიული ჯოჯოხეთი. (რომაელთა 5:12).

სწორედ ამ ცოდვის გამო იყო, რომ კაენი კბილებს აღრჭენდა და გაცხოველებულად სუნთქვდა, უყურებდა რა აბელის მომაკვდავ სხეულს, ადამიანის, რომელთან ერთადაც გაიზარდა, თამაშობდა, ჭამდა, სვამდა, სანადიროდ დადიოდა, ესაუბრებოდა და თავის ფიქრებს უზიარებდა, მაგრამ ცოდვა იმდენად ძლიერი პრობლემა აღმოჩნდა, რომ ძმას “აიძულა” ძმის მოკვლა.

ჰმ… ძმა – ძმის, მეზობელი – მეზობლის, გვარი – გვარის, სოფელი – სოფლის, ქალაქი – ქალაქის, ერი – ერის წინააღმდეგ, და ეს ყველაფერი იმის გამო, რომ ადამი ამბოხდა ღვთის წინააღმდეგ.

შინაგანი ბორკილები, რომლებიც უფრო ცივია, ვიდრე პატიმრის ბორკილები მკაცრ ზამთარში.

შინაგანი ტვირთი, რომელიც უფრო მძიმეა, ვიდრე მთელი სამყაროს ქვიშა.

შინაგანი სიკვდილი, რომელიც უფრო მწარე და ხანგრძლივია, ვიდრე ფიზიკური… აი, რა მოიტანა ცოდვამ ჩვენს ცხოვრებაში. დამნაშავეს – სასჯელი, ცოდვილს (მე და შენ) – სიკვდილი.

ეს ღვთაებრივი დადგენილებაა, რომელიც, შეიძლება, არცთუ ისე სასიამოვნო, მაგრამ სავსებით სამართლიანია. (რომ. 6:23).

ცოდვა – ადამიანის პირველი და ერთადერთი პრობლემაა…

რომ არა ჯვრის ამბავი, ასე ტრაგიკულად მომიწევდა ამ ჩანაწერის დასრულება, მაგრამ მადლობა ღმერთს ჯვრისთვის, ცოდვების პატიებისთვის და მეორე შანსის მოცემისთვის…

იოანე 3-16: “ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ცოდვილი ქვეყნიერება, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.”

ძე ღვთისა ახლა უკვე ძე კაცისაც არის… ასი პროცენტით ღმერთი ახლა უკვე ასი პროცენტით კაციც არის…

რამდენიმე დღის წინ წავიკითხე:

“გასაოცარი ის კი არ არის, რომ ადამიანი დააბიჯებდა მთვარეზე, არამედ ის, რომ ღმერთი დააბიჯებდა დედამიწაზე.”

ეს მართლაც საოცრებაა.

ის არ მოსულა, რათა ცხოვრება მოეწყო დედამიწაზე; საიდანაც მოვიდა, იქ უკეთესი “ცხოვრება” ჰქონდა… ის მოვიდა რაღაც უფრო მეტისთვის. ის მოვიდა, რათა მომკვდარიყო ჯვარზე ჩვენ ნაცვლად და გავეთავისუფლებინეთ ბორკილებისგან, სნეულებისგან და სიკვდილისგან, რომელთაგანაც საკუთარი ძალისხმევით ვერასოდეს გავთავისუფლდებოდით.

ჩემს შინაგან სამყაროში ჯვარცმა და შემოდგომა ყოველთვის ასოცირდებოდა ერთმანეთთან, რადგან სამწუხაროა ის, რასაც გარდაცვალება ჰქვია და მაინც მშვენიერია ის, რასაც ფოთოლცვენას ვუწოდებთ.

რა სამწუხაროა ის, რასაც სიკვდილი ჰქვია და მაინც მშვენიერია ის, რასაც ჯვარცმა – ცოდვის დამარცხება, მისგან გათავისუფლება ეწოდება.

ჩემო ძვირფასებო, იესო თავისი ნებით  მოვიდა დედამიწაზე, რათა დაემტკიცებინა შენდამი სიყვარული ისე, როგორც აქამდე ეს არავის დაუმტკიცებია არავისთვის!

ჩემო ძვირფასებო, იესო თავისი ნებით ეწამა ჯვარზე ჩვენ ნაცვლად და დაამარცხა ცოდვა! ეს ჭეშმარიტებაა!.. (იოანე 10:18).

 

12 თებერვალი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

რამდენიმე მცდარი აზრი ვაჟკაცობაზე

თორნიკე ხუბაშვილი 7 თებერვალი, 2019
თორნიკე ხუბაშვილი

ვაჟკაცი უკან არასოდეს იხევს…

სინამდვილეში უკან დახევას, ბოდიშის მოხდას, საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებას მეტი ვაჟკაცობა სჭირდება და მოაქვს მეტი გამოცდილება, მეტი ავტორიტეტი და სანდოობა ხალხის თვალში, ვიდრე სიჯიუტეს და საკუთარი აზრის ჯიუტად გატანას.

ვაჟკაცი არავის ემსახურება…

სამყაროში უდიდესმა ვაჟკაცმა, უფალმა იესო ქრისტემ, შეხედა თავის მიმდევრებს, როცა ისინი დავობდნენ, თუ ვინ იყო მათ შორის უფრო დიდი, ვინ ვის მოემსახურებოდა და პატივს მიაგებდა. ამის შემხედვარემ აიღო წყლით სავსე სათლი, წელზე შემოირტყა ნაჭერი, მივიდა თითოეულ მათგანთან, მუხლზე დაიჩოქა და სათითაოდ დაჰბანა ფეხები მათ და შემდეგ უთხრა: “თქვენ შორის ვისაც სურს, რომ ყველაზე დიდი იყოს, ის იყოს ყველას მსახური.” ამ ქმედებით მაცხოვარმა დაამსხვრია თითოეული მათგანის წარმოდგენა ვაჟკაცობაზე. ის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ერთმანეთს ვემსახუროთ, არის სისუსტე, კომპლექსი და არასრულფასოვნება. სუსტია ის, ვისაც ჰგონია, რომ მას უნდა ემსახურონ.

ვაჟკაცი და ხმაური…

ბევრს ჰგონია, რაც მეტს იხმაურებს, უფრო გულადი გამოჩნდება. რაც უფრო დემონსტრაციული იქნება ხალხის თვალში, უფრო აიმაღლებს ავტორიტეტს. ხმაური მართლაც მოქმედებს, როცა გინდა, რომ წიწილები დააფრთხო, მაგრამ ვაჟკაცობა უფრო ღირსეული ცნებაა, რომელიც გამოიხატება ჩვენს დამოკიდებულებებში, ღირსებაში, ერთგულებაში, შეწყალებაში, დახმარებაში, აშენებაში და არა ნგრევაში, გამთელებაში და არა გაფუჭებაში, ურთიერთობების აღშენებაში და არა დანგრევაში, პატივისცემაში და არა ქედმაღლურ საუბრებში.

P.S. ვაჟკაცობა არ არის ხმაური, სიჯიუტე, ფეთქებადობა და ბატონობა. ეს ჩვენი ხასიათი, დამოკიდებულებანი და ღირსებანია ადამიანთა წინაშე.

7 თებერვალი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

არის იმედი!

გიორგი ოდიაშვილი 31 იანვარი, 2019
გიორგი ოდიაშვილი

ჰმ… სად ვარ?! ესკალატორი, სუნი, ხმაური, მეტრო… ოხ, ისევ გამოვითიშე… ნეტავ როგორ აღმოვჩნდი აქ ან საით მაქვს გეზი? ბოლოს მახსოვს, გავიღვიძე, მოვაწესრიგე ჩემი სხეული, მაგრამ კვლავაც ვერა – შინაგანი სამყარო… სარკესთან ისევ ის მძიმე და ცივი ნიღაბი მოვირგე, რომელსაც უხსოვარი დროიდან ვირგებ, სახლის კარი მოვიჯახუნე და აი, აქ მოვედი გონს…

ალბათ, ერთფეროვნების, ან უფრო გულწრფელი რომ ვიყო, უფერულობის გამოა, რომ ასე გამოვითიშები ხოლმე და ბევრ რამეს დაპროგრამებული რობოტივით ვაკეთებ, რადგან უკვე აღარც კი მახსოვს იმდენი ხანია, რაც ჩემი ცხოვრება შავ–თეთრი კადრებით მიმდინარეობს…

გავდივარ „სადგურის მოედანზე“ გრძელ და მყრალ გვირაბს და ჩემი თვალები სწრაფად გადადიან ჩემ საპირისპიროდ მომავალ ზღვა ხალხში სახიდან სახეზე, ნაცნობს ვეძებ. ვიცი ეს სახეები, სამარშრუტო ტაქსიში, ქუჩაში, მეტროში მინახავს ისინი, მაგრამ რა სამწუხაროა, რომ ამდენ ნაცნობ სახეში მაინც ყველა უცხოა…

ისევ შემეშალა სადგურის ამოსასვლელი და სიმართლე გითხრათ, ბევრჯერ მინატრია, დავკარგულიყავი, რადგან შინაგანად უკვე წლები იქნება, რაც დაკარგული ვარ და ნეტავ შეძლოს ვინმემ ჩემი პოვნა…

უაზროდ, უსიცოცხლოდ და უმისამართოდ მივუყვები ლამპიონებისგან განათებულ, მაგრამ მაინც ბნელ ქალაქს. ვჩერდები, უკან ვიხედები, ვათვალიერებ არემარეს, თვალებს აქეთ–იქით ვაცეცებ, ვიღაცას ვეძებ. დიდი ხანია უკვე, რაც ეს “მჭირს“. ზუსტად არ მახსოვს, 13-14 წლის ვიქნებოდი, როცა პირველად მოვიქეცი ასე... უეცრად გავჩერდი, უკან მივბრუნდი და დავიწყე ვიღაცის ძებნა, ვიღაცის, ვინც ჩემს დახმარებას შეძლებდა, მაგრამ ამაოდ და დღესაც ზუსტად ისეთივეა შედეგი, როგორიც პირველ ჯერზე იყო – ამაო…

თავს მატკივებს და მღლის, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს ფიქრი. ვფიქრობ, ვფიქრობ და ალბათ, ჯობს, ბნელ დილეგში იყო სასიკვდილოდ განწირული, მაგრამ იცოდე, რომ სადღაც, გარეთ ვიღაცას უყვარხარ და ენატრები, ვიდრე გარეთ იყო „თავისუფალი“, მაგრამ არავის უყვარდე და ენატრებოდე… ჰმ…

წარმოვიდგენ ხოლმე, მარტოსულობა რომ ისეთი ტკივილი იყოს, რომელიც  ხმას გამოსცემს, ალბათ, შემზარავი ხმების თანხლებით მოგვიწევდა ცხოვრება…

ჩემო მკითხველო, არ ვიცი შენი სახელი და გვარი, არც შენი მისამართი… ძალიან მინდოდა შენი ნახვა და ამ ყველაფრის პირისპირ თქმა, მაგრამ გადავწყვიტე, მომეწერა შენთვის…

ჩემი მუზა არა ეს დაჯღაბნილი და ნახევრად ცარიელი ფურცელი, არამედ შენი ცარიელი და მომაკვდავი თვალებია... ხოლო ჩემი მიზანი არა კარგი ჩანაწერის შექმნა, არამედ შენი გათავისუფლებაა შინაგანი პატიმრობისგან.

ჩემო ძვირფასო მკითხველო, არ ვიცი, ჩემი წერილი როგორ და როდის მოაღწევს შენამდე, მაგრამ ღმერთისთვის მიმინდია!

ჩემი ცხოვრება შეიცვალა, დღეს აღარ ვცხოვრობ სიცარიელესა და უფერულობაში, დღეს აღარ ვარ მონა მოღიმარი ნიღბისა, მატარებელი – ცარიელი თვალებისა, პატიმარი – მარტოსულობის საკნისა, მაგრამ იმის გამო, რომ ამ საკანში დიდი დრო მაქვს გატარებული, კარგად, ძალიან კარგად მესმის მიზეზი შენი დამძიმებული სუნთქვისა.

თუ არ გიჭირს ჩემს ნაწერში საკუთარი თავის ამოცნობა, მინდა გითხრა, რომ შენთვის არის იმედი უკეთესი ხვალინდელი დღისა, რადგან ასეთი იმედი ჩემთვისაც მოიძებნა.

არ მინდა “რელიგიურად” გამომივიდეს რაიმე, მაგრამ არ ვიცი, სხვანაირად როგორ უნდა ვთქვა ის, რომ იესო ქრისტემ შეცვალა ჩემი ცხოვრება. მას და მხოლოდ მას შეუძლია ამის გაკეთება:

ლუკა 4:18: “უფლის სულია ჩემზე, რადგან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და ბრმათათვის თვალის ასახელად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად.”

ადამიანები ყოფენ საკუთარ ცხოვრებას სხვადასხვანაირად. მაგალითად: უნივერსიტეტამდე და მის შემდეგ, ჯარში მსახურობამდე – მის შემდეგ, სამსახურამდე – მის შემდეგ და ა.შ., მაგრამ მე ჩემს ცხოვრებას ასე დავყოფდი: ქრისტემდე (მხსნელამდე, მის მიერ ჩემ დახსნამდე) – და ქრისტეს შემდეგ.

მეგობარო, მე მჯერა შენი ღიმილის, შენი გულიანი სიცილის. მჯერა შენი მხიარული  ცეკვის (შინაგანი სიხარულის გამოსახატავად), შენი სიცოცხლით სავსე თვალების, შენი იმედიანი მომავლის, მე მჯერა შენი ცხოვრების შეცვლის, რადგან მჯერა ქრისტესი, რომელსაც შეუძლია და სურს ამის გაკეთება!

არ ვიცი, ოდესმე თუ შევხვდებით ერთმანეთს, ან თუ შეხვდები სხვა ადამიანს, რომელიც “დაგეხმარება” ლოცვაში, მაგრამ მინდა გითხრა: თუ შენი გული განიცდის სიცოცხლის საჭიროებას, ქრისტეს საჭიროებას, სადაც არ უნდა იყო, გთხოვ, ილოცე (მიმართე ღმერთს) გულწრფელად: “უფალო იესო, თუ ყველაფერი მართალია, რასაც ეს ადამიანი წერს, რომ შენ შეგიძლია ჩემი ცხოვრების შეცვლა, გთხოვ, შეცვალე ჩემი ცხოვრება.”

მე არ ვიცი, სად, როდის და როგორ წარიმართება შენი ცხოვრება, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ღმერთმა იცის, როგორ იხსნას ადამიანი.

გაკურთხოს უფალმა!

 

31 იანვარი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

„ძე კაცისა” – სრული ღმერთი და სრული ადამიანი

ნიკა ჯიაძე 14 იანვარი, 2019
ნიკა ჯიაძე

დადგა ჟამი სისრულისა და დედამიწაზე იშვა ღმერთი, რომელიც კაცად მოევლინა ქვეყნიერებას. უწინ ღმერთი მრავალგზის და მრავალმხრივ ესაუბრებოდა თავის ერს, ხოლო ახლა გამოვლინდება თავის ძეში, რომლის უწყებაც გასცდება იერუსალიმს, იუდეას და მთელ ქვეყნიერებას მოედება მრავალთა სახსნელად. თავის თავს „ძე კაცისას“ უწოდებდა ერთადერთი მართალი ადამიანი, მაგრამ ამასთანავე სრული ღმერთი, რომლის გარეშეც სინათლეს ვერასდროს ვიხილავდით, რომლის გარეშეც იმედდაკარგულნი ვიქნებოდით. მთელი მისი ცხოვრების შესწავლა ერთი დიდი თავგადასავალია რჩეულთათვის და თავსატეხი – მრავალთათვის; გადარჩენის გარანტი მასზე მინდობილთათვის და დაბრკოლების ქვა – სხვათათვის.

ეგვიპტის ფარაონები თავს ღმერთებად მიიჩნევდნენ, ხალხთა მიერ განდიდებულნი დიად პირამიდებს იშენებდნენ, მაგრამ მათი დიდება ჩაესვენა.

რომის იმპერატორებს თავი ღმერთებად მოჰქონდათ, აკეთებდნენ რა ყველაფერს, რაც მათ ხელს ძალუძდა, მაგრამ მათი სახელი წარიხვეტა.

ალექსანდრე მაკედონელს დიდს უწოდებდნენ თავისი ძლევამოსილების აღსანიშნავად, მაგრამ ბრბომ იხილა მისი შიშველი დასამარება მიწაში.

ცოტაც და დედამიწაზე იშვა ჭეშმარიტი ღმერთი, მეფეთა მეფე – ემანუელი, „ღმერთი არს ჩვენთან”, რომელიც ბაგაში დაიბადა და რომელმაც თქვა: „მე მოვედი, რათა გემსახუროთ“. მისი დიდება აწ და მარადის და უკუნისამდეა. ვინც ის იხილა, დიდად გაიხარა, მაგრამ ვინც ვერ იხილა და მაინც ირწმუნა, ნეტარად ჩაითვალა!

ალექსანდრე მაკედონელმა, იულიუს კეისარმა, კარლ დიდმა თუ ნაპოლეონმა თავინთი იმპერიები ძალაზე დააფუძნეს და თავად აღიარეს, რომ იმპერიის შესანარჩუნებლად და იმისთვის, რომ მეომრებს მათთვის თავი გაეწირათ, გამუდმებით მათი თანდასწრება იყო საჭირო – ზემოქმედება სიტყვებით და გამხნევება გაძღოლით. „ძე კაცისამ“, ქრისტემ კი სიყვარულზე დააფუძნა თავისი სასუფეველი და დღესაც მისი სიყვარულით აღვსილი მილიონობით ადამიანი შესწირავს საკუთარ თავს მას. ასეთია ქრისტე და მისი სამეფო – მის მიერ დაარსებული!

14 იანვარი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ტკივილი…

თორნიკე ხუბაშვილი 14 იანვარი, 2019
თორნიკე ხუბაშვილი

ტკივილი ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. არავის სიამოვნებს მისი გახსენება და არსებობა, მაგრამ არ შეიძლება დაემალო იმას, რაც შენი ცხოვრების ნაწილია… ჩვენ ვცხოვრობთ ტკივილის მოლოდინში, მაგრამ მაინც გვიღირს სიცოცხლე.

ვიცით, რომ სიყვარულს ტკივილი ახლავს და მაინც… გვიყვარს, რადგან უსიყვარულობას სიყვარული სჯობს…

შესაძლოა გვეშინოდეს შვილების დაკარგვის, მაგრამ ეს შიში დედებს ხელს არ უშლის, გააჩინონ შვილები და გაზარდონ ამ სამყაროში, რადგან უშვილობას შვილის ყოლა ურჩევნიათ…

რა თქმა უნდა, ღმერთმაც იცოდა, რომ ადამიანი შესცოდავდა და ამას შედეგად ტკივილი მოჰყვებოდა! მაგრამ, ალბათ, ჩვენს არარსებობას ჩვენი არსებობა ერჩივნა…

სინამდვილეში არ არსებობს ისეთი ბედნიერება, რომელშიც ტკივილი არ არის. ეს ორი რამ ერთმანეთზეა გადაჯაჭვული იქამდე, სანამ ამ დედამიწაზე ვიმყოფებით. მომავლის იმედი, განკურნება, გათავისუფლება, პატიება, სიხარული და ყველა სხვა სასიამოვნო განცდაც კი ტკივილის ხარჯზე გვაქვს და ეს ტანჯვა იესომ დაითმინა ჯვარზე. მისი ძვირფასი სხეული ეწამა ჩვენთვის, რათა მოეტანა პატიება და კურნება თითოეული ჩვენგანისთვის…

ამიტომ ტკივილს ნუ გავექცევით, არამედ ვისწავლოთ ღმერთის დანახვა ამ ტკივილებში, რათა იგი სიკვდილის მიზეზად კი არა, ძალად გადაიქცეს! დეპრესიის მიზეზი კი არა, არამედ ბედნიერებისაკენ მიმავალი გზა გახდეს! ღმერთთან დაშორების მიზეზი კი არა, მასთან დაახლოების საშუალება გამხდარიყოს ეს ტკივილები!

14 იანვარი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ქრისტე სტუმრად (საშობაო ამბავი)

ნიკა ჯიაძე 7 იანვარი, 2019
ნიკა ჯიაძე

ერთ პატარა სოფელში შობის დღესასწაული ახლოვდებოდა. ნეტავი გენახათ, რა სიხარულს ჰქონდა ადგილი! საშობაო სამზადისი ყველაფერს აცოცხლებდა. იქ მცხოვრებნი სახლებს შიგნიდან და გარედან საოცრად რთავდნენ, ერთმანეთსაც კი ეჯიბრებოდნენ ხოლმე მორთვა-მოკაზმვაში. საკმაოდ შეძლებული სოფელი ითქმოდა ჩვენს პაწაწკინტელა სოფელზე. ერთადერთი, მინავლებული და მიფერმკრთალებული – ეს იყო ობოლი ბიჭის სახლი, რომელიც სოფლის ბოლოს იდგა. მხოლოდ ის ეგებებოდა შობის დღესასწაულს უქეიფოდ და სევდით სავსე. მას ხომ დიდი უბედურება დაატყდა თავს ცოტა ხნის წინ.

მაგრამ ვის ახსოვს ეს „ობოლი ბიჭუნა”?! ახლა ხომ შობაა! შობას ყველაფერი მხიარულად უნდა იყოს!

აი, დგება ის დღეც. ბედად ციდან თოვლის ფიფქებიც იწყებს ცვენას. ეზოში ბავშვების ორომტრიალია. თოვლის ბაბუებს აბურთავებენ, ნაძვის ხეებს რთავენ. დასვენებაა და დიდი თუ პატარა გარეთაა.

ანაზდად, სოფელში ერთი უცხო ადამიანი შემოდის. დაძონძილი სამოსლით, უსიამოვნო შესახედაობის… გაძვალტყავებული… აშკარად დახმარებას მოკლებული. აქაურები არ იყვნენ ჩვეულნი უცხო სტუმრებს… არავინ დაინტერესდა, არც ერთმა არ მოისურვა განწყობის შეცვლა, იმიტომ, რომ…

თუმცა, რა დროს ესაა! შობაა, ბოლოს და ბოლოს!

უკვე მოსაღამოვდა და კარზე კაკუნის ხმა გაისმა, იმ სახლის კარზე, რომლის მიგნებაც ამ ღამეში გაგიჭირდებოდათ. ეს ზუსტად იმ ბიჭის სახლი იყო. მან სიხარულით გააღო კარი და თვალწინ ის სოფლის უცხო სტუმარი შემოხვდა. ყველას მიმართ სიყვარულითა და თანაგრძნობით გამსჭვალულმა ჩვენმა ბიჭმა იგი შინ მიიპატიჟა. თავის ღარიბულ სუფრაზე მიიწვია, მცირე ულუფა, რაც თავისთვის ჰქონდა, სტუმარს უწილადა, სამოსი გამოუცვალა, გაათბო… ძალიან უცნაური გარემო შეიქმნა… უკიდეგანო სიჩუმე სუფევდა ოთახში… არც ერთი არაფერს არ ამბობდა. თითქოს ორივეს უსიტყვოდ ესმოდა ერთმანეთის. მხოლოდ ერთმანეთს გადახედავდნენ ხოლმე. სტუმრის თვალებში კი არნახული თანაგრძნობა და შეუდარებელი სიყვარული ისახებოდა.

შობის დღემ ჩაიარა. დილით ბიჭმა გაიღვიძა თუ არა, სტუმრისკენ გაეშურა, თუმცა ის აღარ იყო. დაღონებულმა მაგიდაზე ფურცელი შენიშნა, სადაც ეწერა:

„მთელი დღე სოფელში მიმოვდიოდი.

ყოველი სახლის კარზე ვაკაკუნებდი.

იქ, სადაც ქრისტეს სინათლის მოლოდინში ფანჯარასთან სანთელი ბჟუტავდა, დავაკაკუნე და არ მიმიღეს.

იქ, სადაც ვახშმის წინ ილოცეს და მადლიერნი იყვნენ ამ დღის გამო, დავაკაკუნე და არ მიმიღეს.

იქ, სადაც ერთმანეთს ქრისტეს გულში დაბადებას უსურვებდნენ, დავაკაკუნე და არ მიმიღეს.

იქ, სადაც გალობდნენ: „მოგვევლინა უფალ ღმერთად, მხსენლად ამა ქვეყნისაო”, დავაკაკუნე და არ მიმიღეს.

დავაკვირდი, რომ ამ სოფელში არავის ახსოვხარ. ამ ამბის ავტორმაც კი თითქოს გვერდი აგიარა. თუმცა არავის ახსოვდი, მე მახსოვხარ!

მუდამ გახსოვდეს, მე ვზრუნავ შენზე, ისე, როგორც ყველაზე. მაგრამ შენთან დავაკაკუნე და გამიღე კარი, შენთან გავათიე შობის ღამე…

ყველამ იცოდეს: აჰა, ვდგავარ კართან და ვაკაკუნებ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან. მე მასთან ვივახშმებ და ის ჩემთან.”

დაასრულა კითხვა, მაგრამ ბოლომდე ვერ ჩასწვდა, ვინ იყო ის… მთელი დღე ფიქრობდა, გონებიდან არ უვარდებოდა სხვადასხვა აზრები… და ბოლოს გაახსენდა ნაწყვეტი წმინდა წერილიდან:

„მაშინ ეტყვის მეფე მარჯვნივ მდგომთ: მოდით, მამაჩემის მიერ კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ წუთისოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სამეფო. ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და მიმიღეთ; შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მიპატრონეთ; საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ. მაშინ ეტყვიან მას მართლები პასუხად: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ან მწყურვალი და გასვით? როდის გიხილეთ უცხო და მიგიღეთ? ან შიშველი და შეგმოსეთ? როდის გიხილეთ სნეული, ან საპყრობილეში მყოფი და მოგაკითხეთ? მეფე მიუგებს მათ პასუხად: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს გაუკეთეთ, მე გამიკეთეთ.”

ყველაფერი ცხადი გახდა. სასწაული მოხდა, სასწაული!

და ბიჭის შინაგანში გაიღვიძა მიძინებულმა სიხარულმა! და ეს სიხარული იმდენად დიდი იყო, რომ მას ვერ დაიტევდა ვერც თვითონ ის, ვერც ის სახლი, ვერც ის სოფელი და ვერც მთელი ქვეყნიერება!

7 იანვარი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

კერპთმსახურება, როგორც შინაგანი მდგომარეობა…

თორნიკე ხუბაშვილი 24 დეკემბერი, 2018
თორნიკე ხუბაშვილი

„არ გაიკეთო კერპები და არც რაიმე ხატი იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ. თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ეჭვიანი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს მესამე და მეოთხე თაობაში. და წყალობის მყოფელი ათასობით თაობისათვის, ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთათვის.” (გამოსვლა 20:4-6)

აქ მთავარი სიტყვებია “არ სცე თაყვანი მათ და არც ემსახურო.” კერპს წარმოადგენს არა თავად საგანი, არამედ მას კერპად ხდის ჩვენი დამოკიდებულებები; როცა ჩვენ ვეთაყვანებით და ვემსახურებით ქმნილებებს, ან გამოვისახავთ მათ ამ მიზნით, ეს არის ცოდვა.

ღმერთი ხატვისა ან/და ხუროთმოძღვრების წინააღმდეგი კი არ იყო, არამედ საუბრობდა კერპთმსახურების საშიშროებაზე, რომლისკენაც მიდრეკილნი ვართ ადამიანები. ხილულს მეტი ძალა აქვს ჩვენს ცხოვრებაში და გვიძნელდება, რწმენით გვყავდეს ღმერთი.

კერპთმსახურება იწყება ჩვენი შინაგანი მდგომარეობიდან, ეს არც ნახატს ჰგავს და არც ნაგებობებს, ეს ჩამონათვალი უფრო შინაგანი მდგომარეობის შედეგია. ეს არის ღმერთის დამახინჯებულად აღქმის შედეგი. როდესაც არ გვსურს, მივიღოთ ღმერთი ისეთად, როგორადაც ის თავის სიტყვაშია გადმოცემული, მაშინ ჩვენ ვქმნით ჩვენთვის მისაღებ ღმერთებს.

მოდით ვნახოთ, როდის გააკეთა ისრაელმა კერპი: “დაინახა ხალხმა, რომ აყოვნებდა მოსე მთიდან ჩამოსვლას, შეიკრიბნენ აარონთან და უთხრეს: ‘ადექი, გაგვიკეთე ღმერთი, რომელიც ჩვენი წინამძღოლი იქნება, რადგან არ ვიცით, რა შეემთხვა იმ კაცს, მოსეს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან.’” (გამოსვლა 32 თავი)

მოსე არ ჩანდა, ხალხის რწმენა კი უხილავზე კი არა, ხილულზე იყო დაფუძნებული და მათაც შექმნეს ხილული ღმერთი, რომელსაც გააკონტროლებდნენ და თვალწინ ეყოლებოდათ. მოლაპარაკე სასწაულმოქმედი ღმერთი გაცვალეს ოქროს და სპილენძის უსულო გროვაში…

ნუ შეიქმნი სტერეოტიპებს ღმერთზე, ის არც კაცია, არც ქალი და არც ხორცის გროვა, ის ღმერთია! ნუ შემოსაზღვრავ შენი ადამიანური ფიქრებით, უბრალოდ გწამდეს მისი სიტყვის და მიიღე ისეთი, როგორიც მის სიტყვაში – წმინდა წერილშია და შენ იხილავ, რომ ღმერთი მართლაც არავის ჰგავს, უფრო მეტიც, შენ გენდომება, რომ დაემსგავსო მას და არა პირიქით, ის მიამსგავსო რაიმეს!

24 დეკემბერი, 2018 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

და მაინც, მან მოგიწოდა

გიორგი ოდიაშვილი 20 ნოემბერი, 2018
გიორგი ოდიაშვილი

არასოდეს არაფერი მომხდარა ისე, რომ ღმერთს წინასწარ არ სცოდნოდა… არ ჩამოვარდნილა ხიდან ფოთოლი, ციდან წვიმის წვეთი ანდა ფიფქი ისე, რომ ღმერთს ეს არ სცოდნოდა. სწორედ ამ ღმერთის ყოვლისმცოდნეობის საშუალებით იქნა წარმოთქმული ყველა წინასწარმეტყველება ბიბლიაში, რომელთა რაოდენობაც არცთუ ისე ცოტაა… როგორც უთქვამს ერთ ღვთისმეტყველს: „ის, რომ კაცმა გამოიგონა და შექმნა კომპიუტერი, არ ნიშნავს იმას, რომ ეს კაცი ამ კომპიუტერში ზის და იქიდან მართავს მას. ზუსტად ასევე, ის, რომ ღმერთმა შექმნა დრო, არ ნიშნავს, რომ თვითონაც მოექცა დროის გავლენის ქვეშ… ღმერთი დროის მიღმა იმყოფება და ის ერთნაირად ხედავს ჩვენს წარსულს, აწმყოს და მომავალსაც.“ მან წინასწარ იცოდა ადამის და ევას დაცემის შესახებ.

მან იცოდა, რომ ისინი განუდგებოდნენ მას, მაგრამ მაინც საგულდაგულოდ განაგრძობდა მათ გამოძერწვას საკუთარი თითებით. აბრაამთან აღთქმის დადებისას ის ხედავდა მის ურწმუნოებას, რომელიც აგართან შესვლით „დაგვირგვინდა“, მაგრამ აღთქმის დადება არ გადაუფიქრებია. ხედავდა, როგორ ღაფავდა სულს ურია ხეთელი ფრონტზე დავითის მზაკვრობის გამო, მაგრამ მაინც არ დაუშვა ელიაბის მეფედ ცხება სამუელის ხელით, არამედ დავითი გამოარჩია. ხედავდა პეტრეს სასოწარკვეთილ სახეს მამლის ყივილის გაგონებისას, მაგრამ იქ, გალილეის ზღვის პირას გვერდი არ აუქცევია მისთვის და მაინც უთხრა: „გამომყევი და კაცთა მებადურად გაქცევ.“

არ მინდა ცოდვების ნუსხა ვაწარმოო, მაინც გამომრჩება რამე… კარგად ვიცით ჩვენი ნაკლოვანებანი, ჩვენი სისუსტენი, რომლებიც ლოცვის ძალას გვართმევს და თავს უსუსურად გვაგრძნობინებს… თითქოს ეს არ კმაროდეს და სატანა თავის მხრივ გვეუბნება სულ: „შენ ეს არ გეკადრებოდა. უღირსი ხარ. უკვე მერამდენედ?! ღმერთმა მიგატოვა… ხომ იცი, ვერასოდეს განთავისუფლდები. შენ ცოდვის მონა ხარ. შენგან არაფერი გამოვა. წამოდგომას აზრი არ აქვს, მაინც მალე დაეცემი.“

ღმერთი რომ მრავალმოწყალე არ იყოს, მონანიებიდან თხუთმეტ წუთში კვლავაც ჯოჯოხეთისთვის ვიქნებოდი განწირული. თხუთეტი წუთიც ბევრია. მრავალმოწყალე რომ არ იყოს ღმერთი, ალბათ აქ მომიწევდა ბოლო წერტილის დასმა, მაგრამ რა საოცარია მისი ჯვარი…

ღმერთმა ყოველთვის ყველაფერი წინასწარ იცოდა… არასოდეს მომხდარა რაიმე ისეთი, რაც მას გააოცებდა, რადგან მან უკვე იცოდა, რომ ასე მოხდებოდა… მან იცოდა შენი ნაკლოვანებანი, იცოდა შენი ფიქრები, შენი სიზარმაცე, შენი შურიანობა შენზე „უკეთეს“ ადამიანთა მიმართ. იცოდა შენი უპატიებლობა და შენი კრიტიკა სხვების მიმართ. მან იცოდა და მაინც აგირჩია. მას შეცდომა არასოდეს დაუშვია… აგირჩია, რადგან ის კიდევ უფრო მეტს ხედავდა… ის ხედავდა ადამს, მამას, რომელიც პატარა აბელსა და კაენს მსხვერპლის მიტანას ასწავლიდა ღვთის წინაშე. ხედავდა აბრაამს, რომელიც დანას თავისი ერთადერთი ძის გულს უმიზნებდა. ხედავდა დავითს, რომელიც ისრაელის მანათობელი ლამპარი იყო.

ხედავდა პეტრეს, კაცთა მებადურს, რომელიც გზის ბოლოს არსებული ჯვრისკენ თამამად და მშვიდად მიდიოდა უფლის სიყვარულის გამო. ის გხედავდა შენც. გხედავდა, როგორც საიმედო, ერთგულ ქრისტიანს. მლოცველ ადამიანს… გხედავდა რწმენის ადამიანად, რომელიც იქნებოდა თავისი ჯვრის ღირსეულად მატარებელი… ის გხედავდა და დღესაც გხედავს, როგორც ქვეყნიერების სინათლეს და მარილს, თუნდაც ასე სულაც არ გრძნობდე ახლა თავს! სიკვდილმონატრებული, მიძინებული ელია ანგელოზმა გააღვიძა და უთხრა ის, რასაც დღეს შენც გეუბნება ღმერთი: „ადექი, ჭამე (ღვთის სიტყვა), წინ შორი გზა გაქვს გასავლელი!“

ის არ დაიწყებდა შენში მოქმედებას, თუ ეცოდინებოდა, რომ საქმის აღსრულება შეუძლებელი იქნებოდა… ის არ გამოუცხადებდა სიბნელის სამეფოს ომს შენი გულისთვის, თუ დაინახავდა, რომ კვლავაც დაგკარგავდა. „და დარწმუნებული ვარ, რომ ის, ვინც დაიწყო თქვენში კეთილი საქმე, დაასრულებს კიდეც იესო ქრისტეს დღემდე“ (ფილიპელთა 1:6).

ცრემლები მოიწმინდე, ფეხზე ადექი და ახლავე შეუდექი მის განდიდებას და თაყვანისცემას, რადგან ღირსია იგი.

20 ნოემბერი, 2018 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

წერილი ღმერთს

ნატალია ჩიქოვანი 6 ნოემბერი, 2018
ნატალია ჩიქოვანი

მე სულ გეძებდი… ხშირად გაუცნობიერებლად, უფრო ხშირად შეგნებულად, მაგრამ იქ არასდროს, სადაც უნდა მომეძებნე… გეძებდი, ღმერთო, იმიტომ, რომ მჭირდებოდი! უშენოდ არარაობა ვიყავი, არაფერს წარმოვადგენდი… განა ფერწერული ტილო ან კარგი წიგნი მის ავტორზე არ მიუთითებენ?! განა ვან გოგის ჩვეულებრივი მზესუმზირები არაჩვეულებრივი სწორედ იმიტომ არ არის, რომ ვან გოგს ეკუთვნოდა?! მეც არარაობა ვიყავი ჩემი შემოქმედის გარეშე.

ვგრძნობდი, რომ მწყუროდა სიცოცხლის წყარო. ვიცოდი, მხოლოდ შენ შეძლებდი ჩემში არსებული სიცარიელის ამოვსებას… მე ამას ვგრძნობდი, ჩემი შინაგანით, მთელი არსებით, მაგრამ გეძებდი: ტაძარში, აბსტრაქციაში, ცაში, უსასრულობაში, უკიდეგანობაში… მეგონა, სადღაც თეთრ, ქათქათა ღრუბელზე იჯექი, ხელში კვერთხი გეჭირა და დიდი, თეთრი წვერი გქონდა. გამოგიტყდები და შენი მეშინოდა კიდეც. ცარიელი სულის გამოცოცხლებას ფილოსოფიური აზრებით ვცდილობდი და რადგან ვერ გპოულობდი, უფრო ადვილი იყო დამეჯერებინა, რომ საერთოდაც არ არსებობ…

ერთადერთი, სადაც არ შემიხედავს, ჩემი გულის პაწაწინა კუნჭული იყო, სადაც შენ ცოცხლობდი, ღმერთო! როგორ მოგძებნიდი, როცა იმდენად დიდი ხარ, რომ სამყარო ვერ გიტევს და იმდენად პატარა, რომ ჩემს გულში ეტევი… თან აქ ხარ, თან ჩემში, თან ყველგან. შენ არასდროს მტოვებდი, როგორც ყოველთვის, მე მივდიოდი შენგან, სულ ჩემს კართან იდექი, უფალო, მე კი არ მესმოდა შენი ხმა. შენ სულ მიცავდი, მე კი ყველაფერს შემთხვევითობას ვაბრალებდი… შენ მე გიყვარდი, იესო, ყველაფრის მიუხედავად, ჩემგან მრავალჯერ უარყოფის შემდეგაც გიყვარდი…

იყო უსიცოცხლო წლები, უწყლო უდაბნო, ნელ-ნელა ვიწრიტებოდი ყველანაირი საციცოცხლო ძალისგან, მერე ყველაფერი გაირინდა, გაჩერდა და ყველაფერი, რაც ღირებული მეგონა, ერთ დღეში დავკარგე. მეგონა, ცხოვრება დამთავრდა… თუმცა სწორედ ეს იყო დასაწყისი! მაშინ მივხვდი, რომ არასდროს შემიხედავს იქ, სადაც ყოველდღე უნდა შემეხედა, არასდროს გამისწორებია თვალი იმ სიყალბისთვის, რომელიც გულში იზრდებოდა… პირველად მაშინ გესაუბრე, ღმერთო, მაშინ დაგინახე ჩემი გულის კუნჭულში, სტუმარივით კუთხეში მდგარი, გულცივი დახვედრით გულდაწყვეტილი და მუხლებზე მოგეხვიე, ჩემო უფალო, გულით გთხოვე, არ დაგეტოვებინე, რადგან მჭირდებოდა შენი უსაზღვრო სიყვარული… მე გიწამე, ვიწამე შენი ჯვრის, ჩემთვის დაღვრილი წმინდა სისხლის, ჩემი გამოსყიდვისთვის გავლილი ტანჯვების გზის…

მე უკვე ვიცი, რომ ჩემს გულში ცხოვრობ, რომ ჩემს თავზე თმაც დათვლილია და ახლა ვხვდები, რატომაა ჩვეულებრივი “მზესუმზირები” არაჩვეულებრივი, იმიტომ, რომ ის ვან გოგისაა…

6 ნოემბერი, 2018 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    ბარაბას ადგილზე რომ ვყოფილიყავით…

    14 აპრილი, 2023
  • 2

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 3

    პატიება

    5 დეკემბერი, 2015
  • საუბარი ღმერთთან

    4 მაისი, 2018
  • 5

    ჩემი ტკბილი უფალი

    17 ოქტომბერი, 2019


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ