ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

სტანდარტული ქრისტიანობა საკმარისი არ არის

რომა შალამბერიძე 19 მარტი, 2019
რომა შალამბერიძე

 

ხშირად, შესაძლოა, გვსურს  წინსვლა და წარმატება, თუმცა რაღაც გვიშლის ხელს, რომ დავიმკვიდროთ ეს ყოველივე. თითქოს ყველაფერი კარგადაა და მიზანიც გამოკვეთილი გვაქვს – თუ რას გვინდა მივაღწიოთ, თუმცა როდესაც თვალს გადავავლებთ ჩვენს განვლილ გზას, ვხვდებით, რომ უფრო წინ უნდა ვყოფილიყავით. რა ხდება? რა გამოვტოვეთ?

ძვირფასო მკითხველო, მთელი გულით გთხოვ, არ დაკარგო არც ერთი სიტყვა. გაუფრთხილდი, გულში ღრმად ჩაიმარხე და ეს შეცვლის შენს ცხოვრებას.

შესაძლოა, ვერ აღწევდეთ მიზანს, რადგან როდესაც იწყებთ, იღლებით  და მალევე ჩერდებით. საჭიროა, იმაზე მეტი გააკეთოთ, რაც გევალებათ, რასაც თქვენი ზემდგომი დაგავალებდათ; აუცილებელია, წაიკითხოთ ერთი გვერდით მეტი ბიბლია, ილოცოთ ერთი წუთით მეტი და თავად იხილავთ ცვლილებებს.

თავად იესო ქრისტე საუბრობს სასუფევლის დამკვიდრების მაღალ სტანდარტზე, რომ საკმარისი არ არის, უბრალოდ გსურდეთ რაიმე, თქვენ ამისთვის რაღაც აღმატებული უნდა გააკეთოთ, ამისთვის ბოლომდე უნდა გამოიყენოთ თქვენი შესაძლებლობანი.

„…ცათა სამეფო ძალისხმევით აიღება, და ძალისმხმეველნი წარიტაცებენ მას.“ (მათეს სახარება 11:12).  თუ გსურთ უფალთან ერთობის დამყარება და მისგან კურთხევის მიღება, მაგრამ, რაღაც მიზეზის გამო, ეს ყოველივე აყოვნებს, ნება მიბოძეთ, გითხრათ, რომ თქვენ არ  გსურთ ის, როგორც, ვთქვათ, მხიარულება, საყვარელი გადაცემის ყურება ტელევიზორში, ინტერნეტსიახლეების ნახვა, მიმოწერა, აუცილებელი ზარები, ტკბილი ურთიერთობანი და ა.შ. თუ რაიმე გენიშნათ, ესე იგი, თქვენ რეალურად არ გინდათ ეს.

შესაძლოა, ძილი უფრო მეტად გიყვართ, ვიდრე უფალთან ერთობა. თუ თქვენ გსურთ უფალთან ერთობა და წარმატება მასში, მაშინ თანახმა უნდა იყოთ, უარი თქვათ თუნდაც ძილის ხანგრძლივობაზე. იმდენად უნდა გსურდეთ ეს, რომ გავიწყებდეთ ჭამას. თუ გინდათ, იყოთ ის ადამიანი, რომელიც იქნება ძალისმხმეველი უფლის სასუფევლის დასამკვიდრებლად, მაშინ დიდი შრომის გაწევა მოგიწევთ.

არ დაწვეთ დასაძინებლად, სანამ რაიმეს არ გააკეთებთ თქვენი მიზნის მისაღწევად. იქ, სადაც თქვენ ხართ, არაა საკმარისი – უბრალოდ მცნებების დამცველი იყოთ, თქვენ გჭირდებათ გული, მაგრამ როგორი გული? ისეთი, რომელიც თავს შეგაწირვინებთ ღვთისთვის ახლა და ამწუთას, თქვენი მდგომარეობით. ეს უკანასკნელი წინადადება მე არ მეკუთვნის, ამას მსოფლიოში ცნობილი მქადაგებლებიც უსვამენ ხაზს, რომ აუცილებელია, შენს საქმეს აღმატებული სულით აკეთებდე, თუმცა ამის შესახებ უპირველეს გაკვეთილს ბიბლიიდან ვიღებთ.

ნება მიბოძეთ, უფრო განვმარტო; თქვენ შეიძლება მოხვედით ეკლესიაში უფლის სიტყვის მოსასმენად, მაგრამ კონკრეტულ მომენტებში ის უფრო გაინტერესებთ, თუ რა ხდება თქვენს ტელეფონში. ამით კარგავთ შანსს, რომ დაიმდაბლოთ თქვენი გული, რათა უფრო დაუახლოვდეთ უფალს. როდესაც თვალს გადაავლებთ სხვა ადამიანებს, ხედავთ, რომ ისინიც მსგავსად იქცევიან და თამამად ამშვიდებთ საკუთარ ეგოს, რომ რადგან სხვა აკეთებს, ესე იგი, თავადაც გაქვთ ამის უფლება, მაგრამ გვავიწყდება მარტივი ჭეშმარიტება: „სტანდარტებს ადგენს ქრისტე და არა მორწმუნე ადამიანი.“ მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, თქვენ გარშემო მყოფი ადამიანები არ ერგებოდნენ ქრისტეს სტანდარტს, თქვენ უფლება არ გაქვთ, უღალატოთ წმინდა სულს  და ყური არ დაუგდოთ მის ძახილს.

და მართლაც, „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს…“

ეს ყოველივე, რაც ვახსენე, სამწუხაროდ, გულს გვიქვავებს და  გვეხმარება იმაში, რომ მოვწყდეთ სიცოცხლის წყაროს… მაგრამ არის იმედი! მადლობა ღმერთს, რომ მან მოგვაცილა ქვის გულები და მოგვცა აღმატებული მსახურება მამის წინაშე.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თავები შევწიროთ ღმერთს ნებისმიერ მომენტში. ვიღაცას შეიძლება ეს მაშინ მოუწიოს, როდესაც საყვარელ გადაცემას უყურებს ტელევიზორში, ან მეგობრებთან ერთად უწევს გასართობად წასვლა. ეს არის მომენტი, როდესაც ღმერთი გეძახის, რომ შესწირო შენი დრო ზუსტად ახლა, რათა მეორეხარისხოვანი არ იყოს ის შენს ცხოვრებაში. ბევრ ჩვენგანს შეუძლია, საათები და დღეები შესწიროს საყვარელ საქმეს. მე ასე ვიტყოდი, თუ თქვენ დაივიწყებთ ტელეფონებს, უარს იტყვით ვიდეოთამაშებისთვის დახარჯულ საათებზე მაშინ, როდესაც ღმერთი მასთან ურთიერთობის სურვილს ჩადებს თქვენს გულში, თუ დაივიწყებთ კონკრეტულ სატელევიზიო „შოუს“ და თქვენი გულის ძახილს მოუსმენთ, რომ ახლა ღმერთთან ერთობის დროა, თქვენ მიიღებთ კურთხევას უფლისაგან. მაგრამ თუ ამას არ გააკეთებთ, ამით დაადასტურებთ, რომ თქვენი ადამიანური მიდრეკილებანი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ღმერთი და წარმატება მასში. მე უნდა გითხრათ ეს, შეიძლება გაწყენინოთ, მაგრამ უნდა ვთქვა. ზოგიერთმა თქვენგანმა უნდა დატოვოს ურთიერთობები, დაივიწყოს ტელეფონები და სატელევიზიო გადაცემები, გართობაც – საჭირო და კონკრეტულ დროს, რადგან მასზე დახარჯულ დროში შეიძლება იყოს ჩვენი წარმატების გასაღები.

იმ გამოცხადებას, რაც კონკრეტული ლოცვის დროს უნდა მიგეღო, ვეღარ მიიღებ და გაიგებ შემდეგში, მაგრამ სხვისგან, რადგან ღმერთს ჩვენთვის ყოველდღე ახალი გამოცხადება აქვს და ქრისტიანობაში არ არის განმეორებითი გაკვეთილები; ვინც აცდენს გაკვეთილს, მას ეს ტკივილის ფასად შეიძლება დაუჯდეს.

ჩაეჭიდეთ უფალს, როდესაც თქვენს გონებაში აზრი გაჩნდება, რომ ბიბლიის წაკითხვა ან ლოცვა გჭირდებათ, თუნდაც  ეს ორი წუთის წინ გაგეკეთებინოთ, კვლავ გააკეთეთ, ამაში თქვენი წარმატების გასაღები დევს.

ნუ გეშინიათ, უბრალოდ საკმარისია გაიაზროთ, რომ ღმერთს სურს, თქვენი გულის ზრახვები კეთილსურნელება იყოს მისთვის. მხოლოდ გულწრფელი გააზრების შემდეგ მიხვდებით, თუ რა სურს ღმერთს და რატომ ამბობს, რომ სხეული გავუმზადოთ მას.

მას წყალობა სურს მსხვერპლზე მეტად. მსხვერპლი, ეს ჩვენი გულის გამოხატულებაა, რათა უფრო ვიკურთხოთ.

დაე, ღმერთმა გაკურთხოთ და ყოფილიყავით ისეთები, რომლებიც სრულად შესწირავენ მას საკუთარ თავებს ნებისმიერ მომენტში.

„ამიტომ, გევედრებით, ძმებო, ღვთიური თანაგრძნობის მეშვეობით წარუდგინეთ თქვენი სხეულები ცოცხალ და წმინდა, ღვთისათვის სასურველ მსხვერპლად, ანუ თქვენი გონივრული მსახურება.“ (პავლე მოციქულის წერილი რომაელთა მიმართ 12:1).

 

19 მარტი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

თვალი მიაპყარი ზეცას

მარიამ ბაიდაშვილი 15 მარტი, 2019
მარიამ ბაიდაშვილი

ჯოჯოხეთმა, რომელსაც გულში ცოდვა დაუმწიფდა, ხელი ჩაჰკიდა დედამიწას და სისხლით შეღება მიწის კალთები. ო, ზეცავ, რა შორი გახდა შენი ხელები დედამიწისთვის, შემოხვიე შენი მკლავები ამ მიწას, მკერდში ჩაიკარი, იქნებ ამან გვიხსნას სისხლისგან და ცრემლისგან. სად ხარ, უფალო, შენს ხელებში აიყვანე დამფრთხალი დედამიწა და შენი თბილი სახე აჩვენე. გვიჯობს, შენმა მზერამ გაათბოს ჩვენი ბაგიდან გამოძერწილი ლოცვები, ვიდრე ჯოჯოხეთის სიმხურვალე წვავდეს მათ.

ჯოჯოხეთიდან ამოვიდნენ ახლად დამწიფებული ცოდვები და ამაყად მიაბიჯებენ ქუჩებში, ზეცისკენ გაშვერილ ხელებს ბორკილებს ადებენ და შენამდე არ უშვებენ, უფალო. დაიარება ბოროტება და ადამიანთა მკერდში იშენებს ბინას. დაიარება ანგარება და ადამიანთა ხელებს აიძულებს მიწისკენ დაშვებას და საკუთარი ძმის სპეტაკ სამოსზე ტალახიანი ხელის გაწმენდას.

ო, ზეცავ, შენამდე აღმართეს ათასობით საფეხური და კლდეები, რათა შენკენ წამოსული კაცი გზად დაიღალოს და კლდიდან გადავარდეს, მიწად დაეცეს და ბინძური ხელები შეაშველოს მშიერმა ჯოჯოხეთმა. გაიქეცი, სულო, გაიქეცი, იქნებ ზეცად აიჭრე და ხმამაღლა იყვირო: „შენთვის, შენთვის ატირდა ზეცა, რათა მისმა ცრემლმა განბანოს სისხლიანი მიწა და ჩააქროს ჯოჯოხეთიდან ამოტანილი ცეცხლი. და შენ გევედრება მთელი ზეცა, რომ თუ ჯოჯოხეთმა ბორკილები დაადო ცისკენ აღმართულ შენს ხელებს, ნუ ჩამოუშვებ მიწად, ნუ შეგაშინებს ეს ბორკილები. ზეცისკენ აღაპყარი, თუნდაც მიწა გევედრებოდეს დაბლა დაშვებას, ცისკენ აღმართულ შენს ხელებს უფლის თვალები მიაპყრობს მზერას და ჩასჭიდებს თავის ძლიერ ხელს და ვერავითარი ცეცხლი ან ბოროტება ვერ გაწყვეტს ამ კავშირს.“

ნეტავ განახვათ, როგორ სწრაფად ცემს უფლის გული, როცა შენ გიჭირს. გთხოვ, ნუ დაუშვებ ამ დაღლილ ხელებს სისხლიანი მიწისკენ და ნუ მისცემ უფლებას მწიფე ცოდვებს, რომ შენი გული თავის სახლად აქციოს. ისევ შენთვის წვიმს, ისევ შენთვის, მხოლოდ შენთვის, რომ კვლავ განბანოს ზეცამ შენს ფეხქვეშ მყოფი დასვრილი მიწა.

15 მარტი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

მოზარდული იმპულსები…

თორნიკე ხუბაშვილი 8 მარტი, 2019
თორნიკე ხუბაშვილი

მახსოვს, როდესაც მოზარდები ვიყავით, ე.წ. ”ბირჟას” ვამაგრებდით; მუშტებზე ვიყურებოდით; როდესაც სისხლი უთანხმოებას ეძებდა და სტერეოტიპები თოჯინებივით გვმართავდა ყველას; სანამ მივხვდებოდით, სინამდვილეში როგორი სუსტები, სხვისი აზრით მართულნი და სხვისი ცხოვრებით მცხოვრებლები ვიყავით.

ერთი ხნიერი კაცი სულ გვეუბნებოდა: ცხოველებსა და ადამიანებს შორის ის განსხვავებაა, რომ ცხოველებს შეუძლიათ, სიკვდილამდე იომონ, კბილების მტვრევამდე უკბინონ ერთმანეთს, ხოლო ადამიანები გონიერი არსებები ვართ და უნდა შეგვეძლოს საუბარი, განხილვა და შეთანხმებაო.

ასე რომ, მოზარდებო, მართეთ თქვენი ემოციები, რადგან ძალიან დიდია შანსი იმისა, რომ რასაც დღეს აკეთებთ, ხვალ რადიკალურად მიუღებელი აღმოჩნდეს თქვენთვის, საერთოდ შეიცვალოთ აზრი გარკვეულ საკითხებზე და სამარცხვინოდ ჩათვალოთ თქვენი ქმედებანი. შესაძლოა, თქვენმა დღევანდელმა საქციელმა, რომელიც ემოციებიდან გამომდინარეობს, განსაზღვროს მთელი თქვენი მომავალი.

თუ დღეს რაიმე საკვები გაწყენთ, ხვალ იმავეს აღარ შეჭამთ, მაგრამ, საუბედუროდ, არსებობს უფრო დიდი შეცდომებიც, რომლის შედეგებთან ერთადაც შეიძლება მოგიწიოთ თანაცხოვრება.

ადვილი არ გეგონოთ იმ იარლიყისგან თავის დაღწევა, რომელსაც ხალხი მოგაწებებთ თქვენი დაუფიქრებელი და სხვის წარმოდგენებსა თუ პრინციპებზე აყოლილი ქმედებების გამო. გაუფრთხილიდით საკუთარ ხვალინდელ დღეს…

იყავი პრინციპული, იმოქმედე გონებით და არა ემოციით, აირჩიე პატიოსნება ყველა ადამიანის მიმართ. გეშინოდეს ღმერთის, გიყვარდეს ადამიანები, გიყვარდეს შენი ოჯახი და ყოველთვის გეცოდინება განსხვავება სწორსა და არასწორს შორის…

8 მარტი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

საკუთარი დედის გინების შესახებ…

თორნიკე ხუბაშვილი 7 მარტი, 2019
თორნიკე ხუბაშვილი

რა ღირს კაცური სიტყვის სანდოობა დღეს? მახსოვს, „ხევისბერ გოჩაში“ ჯარისკაცები ამბობენ „ვინც მტერს შეუშინდეს, საკუთარი დედამც შეირთოს ცოლადო.“

სინამდვილეში ჯარისკაცები ამით გამოხატავდნენ შემდეგ სათქმელს: როგორც ნამდვილი კაცი დედას ცოლად არ შეირთავს, ისევე წარმოუდგენელია ღალატი და მტრის შიში მათთვის. დღეს კი როგორი სიმახინჯეა, როდესაც ვაჟკაცები დგანან (უკვე ქალებიც) და იმისათვის, რომ საკუთარ სიტყვებს სანდოობა შემატონ, საკუთარ დედას იგინებიან.

ისე, რომ ვთქვათ, მე ნაკლებად დავიჯერებდი კაცის სიტყვებს, რომელსაც დედის დაგინება სჭირდება, რომ არ ტყუის და რატომ? თუ ყოველთვის აკეთებ იმას, რასაც ამბობ, მაშინ რაღატომ გჭირდება ფიცი და გინება? გამიგონია, როგორ ამბობენ: „როგორ არ დავუჯერო, ამოიწყვიტა ყველაფერი და…“ „აბა, დაიგინე?“ „შვილის სულს გეფიცები“, „ტყუილად ხომ არ დავიგინებდი?“ და სხვა მრავალი.

მოდით, ამ საკითხს ქრისტიანული კუთხითაც შევხედოთ.

უფალი საუბრობს, არათუ გინებაზე საკუთარი სიმართლის დასამოწმებლად, არამედ ფიცზეც კი: „არ დაიფიცოთ, რადგან იყოს თქვენი ‘ჰო’ ჰო და ‘არა’ არა, რაც ამაზე მეტია, ბოროტისგანაა“, ანუ ის გვეუბნება, რომ ადამიანი უნდა იყოს მართალი და მისი „ჰო“ და „არა“ იყოს ყველა ფიცზე მყარი და სანდო!

მე ვფიქრობ, სამყაროში ყველაზე დიდი ვაჟკაცი იესო ქრისტე იყო და არის! ამის მრავალი მაგალითი მოგვცა სახარებაში…

P.S.: გასაგებია, რომ ხანდახან არ გვიჯერებენ, მაგრამ მოდით, პატივი ვცეთ საკუთარ თავს და მივეჩვიოთ უბრალოდ „ჰოს“ და „არას“ თქმას. როდესაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი „ჰო“, ის სხვისთვისაც მნიშვნელოვანი გახდება.

7 მარტი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

წერილი უფალს ბნელი ღამისას

მარიამ ბაიდაშვილი 6 მარტი, 2019
მარიამ ბაიდაშვილი

წერილი უფალს ბნელი ღამისას:

ახლა ღამეა, უფალო, პრობლემებში ჩაძირული. ახლა ღამეა, უფალო, სირთულეებით გამუქებული. მტკივნეული სიჩუმეა, მაგიდაზე თავი დავდე და გაგიღიმე. უფალო, ჩვენი ღიმილი ერთმანეთისადმი ისე ლამაზია, როგორც ბნელ ღამეში ვარსკვლავები. ახლა ღამეა, უფალო, მაგრამ მე ვეჭიდები ვარსკვლავს, რომელიც შენი ღიმილია. შენი სუნთქვა ჩემს სულს აწყნარებს. ძვირფასო უფალო, ღამემ თავისი ცივი ხელები შემოხვია ჩემს გულს, მაგრამ შენ მიღიმი და შენი ღიმილი მათბობს. სანამ ინათებს, შენი ხმა დამამშვიდებს მე.

უფლის წერილი ზეციდან ბნელი ღამისას:

ბნელ ღამეში ხმას რომ გაიგებ, რომელიც შენს სულს მოეფერება, იცოდე, რომ ეს მე ვარ, შვილო. როდესაც ღამე ტკივილს გაყენებს, დახუჭე თვალები და მოუსმინე ხმას, რომელიც შენთან ახლოვდება, ეს შენი უფლის ნაბიჯებია. დახუჭე თვალები და იფიქრე ჩემზე, შენს უფალზე, რომელიც დაგარწევს თავის მკლავებში და გეტყვის, რომ ბრძოლაში მარტო არ ხარ. დახუჭე თვალები, მე შენ გვერდით ვარ, მალე გათენდება, ჩემო შვილო, მალე შეწყდება წვიმა, და ქარიშხალი შორს, მთის იქით გადაიხვეწება შენ გამო; სანამ წვიმა გადაიღებს, ჩემი ფრთების ქვეშ აგიშენებ სახლს და მამის სუნთქვა გაგათბობს შენ. და თუ ისევ გეშინია ღამის, ჩახედე მამას თვალებში და დაგამშვიდებს მისი მზერა. შეეხე ჩემს გულს, შენი უფლის გულს, ეს გული შენი სახლია და ყოველთვის შენთვის ძგერს, ჩემო პატარა კრავო. მალე გათენდება და ნუ შეგაშინებს ეს ბნელი ღამე, რადგან სანამ ინათებს, შენს გულს ეფერება ჩემი სუნთქვა.
მშვიდად იძინე ამ ღამით.

შენი მამა, უფალი.

6 მარტი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

როცა გაიცნობ ღმერთს…

გუჯა ჩაჩანიძე 6 მარტი, 2019
გუჯა ჩაჩანიძე

მხოლოდ ღმერთის სულის თანდასწრებაში ვხვდებით, რამხელა ძალა აქვს უფალს, როდესაც შენი შინაგანი კაცი იმსხვრევა ათას ნაწილაკად და უსისხლხორცდება ღმერთის სულს. სწორედ მაშინ ხდება მისი ნება შენი, სწორედ მაშინ კვდება ჩვენი ბუნება და ცოცხლდება ქრისტე, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი ბორკილისგან.

მაშინ ხვდები, რა არის ჭეშმარიტი თავისუფლება და რამხელა ძალა აქვს სამყაროს შემოქმედს;

სწორედ მაშინ გარდაიქმნება ჩვენი მშრალი ლოცვები ცეცხლის მატარებელ გზავნილებად;

მაშინ გადაიქცევა ჩვენი ფუჭი ლაპარაკი სიცოცხლის მიმნიჭებელ წყაროდ;

სწორედ მაშინ გარდაიქმნება ჩვენი ნებისმიერი ქმედება ღვთის სადიდებელ მოქმედებად; შენ მიხვდები, რომ ღმერთი შეუძლებელი შესაძლებლობების ღმერთია; მიხვდები, რომ მას არაფერი დაემალება და რომ მან ისიც კი იცის, თავზე რამდენი ღერი თმა გაქვს; მიხვდები მისი წყალობის სიდიადეს, მისი სულის სიძლიერეს; მიხვდები, რომ მის წინაშე არანაირი დაბრკოლება არ არსებობს. შენ ამას მიხვდები, ამით აივსები, ამით დაიმუხტები და… შენ იტყვი სიტყვას და ხალხი გათავისუფლდება, ილოცებ და ღმერთი დაიწყებს ცვლილებების მოხდენას; შენი ნებისმიერი მოქმედება იქნება ღვთიური სიხარულით სავსე.

პრობლემები შეგექმნება? სიხარულით იქნები სავსე; გაგიჭირდება? კვლავ სიხარული იქნება შენს გულში; ამ სიხარულს ატარებ მთელი შენი შინაგანით, რადგან შენი თითოეული ნამსხვრევი იქნება სამყაროს შემოქმედი უზენაესი ღმერთის სულით ავსებული. შენი თითოეული ნაწილაკი გაანათებს მთელი ბრწყინვალებით; მიიტან სინათლეს იქ, სადაც ბნელა; მიიტან სიხარულს იქ, სადაც ტკივილია; მიიტან იმედს იქ, სადაც უიმედობაა და ხალხი იტყვის, რომ შენ ჩვეულებრივი არ ხარ, რაღაც სხვანაირი ხარ და დაიწყებენ ფიქრს, თუ რატომ ხარ ასეთი; შენ კი გეცოდინება ამის მიზეზი; გეცოდინება, რომ ყველაფერი ფუჭია ღმერთის სულის გარეშე; გეცოდინება, რომ შენი თითოეული ნამსხვრევი ღვთის სულითაა სავსე და შენ კი აღარ ცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს შენში.

შენ ეს გეცოდინება, შენ ამას იგრძნობ, ამით იცხოვრებ, ამით ისუნთქებ და ამით იცოცხლებ, ეს შენ აღარ იქნები, არამედ ქრისტე იქნება შენში.

და ასე გაგრძელდება, თუ ყოველდღიურად მოუკვდები საკუთარ თავს, თუ დარჩები უფლის თანდასწრებაში, თუ მოუსმენ მას, თუ გაიღვიძებ და დაიძინებ იმ ფიქრით, რომ მასზე ძვირფასი, მასზე ერთგული, მასზე მოსიყვარულე არავინაა; თუ გაიჟღინთები მისი სიტყვით ყოველდღიურად, მისი სულით – ყოველი გაღვიძებისას; თუ გექნება მისი იმედი და გეცოდინება, რომ მის გარეშე არავინ ვართ; თუ გეცოდინება, რომ შენი „მტკიცე ბუნება“ უფრო სუსტია, ვიდრე შენი თითოეული ნამსხვრევი, რომელიც ღმერთის სულითაა გაჟღენთილი და მისი სისხლითაა განწმენდილი.

და ეს ყველაფერი შენშია, ეს ყველაფერი შენი საკუთრებაა; თუ შენ იქნები ღმერთის საკუთრება და მის თანდასწრებაში ივლი, მის სულში, მის სიტყვაში, მის სიყვარულში ივლი, ეს ყველაფერი შენი საკუთრება იქნება…

ეს შენ ხარ, რომელიც მკვდარია საკუთარი თავისთვის და ცოცხალია ქრისტესთვის…

ეს შენ ხარ… და შენ სხვანაირი ხარ, რადგან უფლის მარადიული სულით ხარ სავსე.

6 მარტი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ღმერთის ნება იყო?

გიორგი ოდიაშვილი 5 მარტი, 2019
გიორგი ოდიაშვილი

ჩემი გადმოსახედიდან, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც უმრავლესობას ჰქვია ქრისტიანი, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ უმცირესობაში თუ არის შესაძლებელი ქრისტეს ამოცნობა. (მე ვლოცულობ და მჯერა ცვლილებების, გამოღვიძების).

მინდა შევეხო საკითხს, რომელზედაც წერა, მსჯელობა და საუბარი არცთუ ისე მარტივია ჩემთვის, რადგან მრავალი ჩემი მეგობარი თუ ნაცნობი და თავად მეც უიმედოდ ვმდგარვართ ამ შემზარავი ტკივილის წინაშე, მაგრამ აღარ მსურს ჩუმად ყოფნა, როდესაც ვისმენ დამახინჯებულ აზრებს ქრისტეზე, ჩემს უფალზე.

გარდაიცვლება შუახნის ადამიანი (ეს სამწუხაროა), რომელიც მთელი ცხოვრება ალკოჰოლიკი იყო და ეს იმიტომ, რომ ოდესღაც თავისი უბნის „ავტორიტეტი“ კაცებისგან მოისმინა: „აბა რა, კაცი უნდა სვამდეს, მეტი რა შეგვრჩება“, და ახლა ყველა ამბობს, რომ თურმე რაც გიწერია, არ აგცდება… ნუთუ შეიძლება, რომ ღმერთი იყოს ის, ვინც თავისივე თითებით შექმნილ ადამიანს ასეთ სასტიკ ბედს უწერს?!

იღუპებიან ახალგაზრდა ბიჭები (ახლაც თვალწინ მიდგას მათი გაყინული და გალურჯებული სახეები) ავტოავარიებში და თურმე ღმერთსაც კარგი ადამიანები ნდომებია თავისთვის და ასე გადაწყვიტა მათი წაყვანა… ნუთუ ღმერთი ზის თავის უზენაეს ტახტზე და გეგმავს, როგორ დახოცოს ახალგაზრდები?!

და თუ მაინც ღმერთს ვინმეს წაყვანის სურვილი გაუჩნდა, წმინდა წერილში ვხედავთ, თუ როგორ უსაფრთხოდ, უვნებლად და სასწაულებრივად წაიყვანა ელია წინასწარმეტყველი ანდა ენოქი. (დაბ. 5:24; 2 მეფ. 2:11).

მახსოვს, 12 წლის ასაკში, როდესაც შუაღამეს მარტო ვიყავი ჩემი მეგობრის საფლავზე და ვფიქრობდი, რომ ღმერთი ბოროტია, რადგან დაუშვა ასეთი პატარა და უდანაშაულო ბავშვის სიკვდილი.

ოხ, მართლაც რომ ვაი და ოხ, რადგან ჭკუის სწავლების მიზნით კი არა, გულის ტკივილით, თანაგრძნობითა და ოხვრით ვწერ… მრავალ მოტირალთან მიტირია იმის გამო, რომ მათმა საყვარელმა ადამიანებმა არ გააკეთეს სწორი არჩევანი და ოჯახს ცოცხლები ვეღარ დაუბრუნდნენ…

დაბადების წიგნში აღწერილია, თუ როგორ შექმნა ღმერთმა ადამიანი თავისუფალი ნებითა და არჩევანის უფლებით და არა დაპროგრამებული რობოტი.

ღმერთმა გააფრთხილა ადამი და ევა, რომ არ ეჭამათ სიკეთისა და ბოროტების შემეცნების ხის ნაყოფი, მაგრამ მათ მაინც იგემეს, რადგანაც ჰქონდათ თავისუფალი ნება, რომელიც ღმერთს არ წაურთმევია მათთვის.

ჩემი ცხოვრების ყოველი დღე შედგება უამრავი არჩევანისაგან… მაგალითად, ღმერთმა ჩადო ჩემს გულში ამ ყველაფრის დაწერის უნარი, მაგრამ მე შემეძლო, არ დამეწერა, რადგან მან დამიტოვა არჩევანის უფლება…

მოდით ვნახოთ, რას ამბობს ღმერთი წმინდა წერილის მეშვეობით:
მეორე რჯული 30:19: „…სიცოცხლე და სიკვდილი, კურთხევა და წყევლა დაგიდე წინ. ამოირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ.“

ჩვენი ცხოვრება ჩვენს ხელშია. ღმერთი არ არის ის, ვინც ძალით იჭრება ვინმეს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ის, როგორც კეთილი მამა, გვაძლევს დარიგებას, რომ ავირჩიოთ სიცოცხლე, რათა ვიცოცხლოთ ჩვენ და ჩვენმა შთამომავლობამ, მაგრამ არჩევანი შენზეა…

ჩვენი ქვეყნის მენტალიტეტიდან გამომდინარე, მსურს, პიროვნების მიერ გაკეთებულ კონკრეტულ არჩევანს შევეხო: დალევ თუ არა, მოწევ თუ არა, ნარკოტიკს მიიღებ თუ არა, სიფხიზლეს შეინარჩუნებ თუ არა, სწორ მაგალითს მისცემ თუ არა მომავალ თაობას, გადააჭარბებ დადგენილ სიჩქარეს თუ არა, გახვალ ამ სახიფათო გასწრების შესასრულებლად თუ არა… შენს პატარა არჩევანზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, ასე რომ, ფრთხილად იყავი – რას ირჩევ…

ასევე, მინდა შევეხო ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ადამიანს არ გაუკეთებია „ცუდი“ არჩევანი, არ მოუწევია, არ დამთვრალა, არ დაუკარგავს სიფხიზლე, სიჩქარისთვის არ გადაუჭარბებია, მაგრამ მისი სიცოცხლე, სამწუხაროდ, მაინც დასრულებულა.

სიმართლე გითხრა, არ ვიცი, ამაზე რა გიპასუხო, ან როგორ განუგეშო… ვფიქრობ, ძალიან უგუნური ვარ საიმისოდ, რომ ამ საკითხებზე დასკვნები გამოვიტანო, მაგრამ მინდა გითხრა, რომ ეს მაინც არ ყოფილა ღმერთის ნება.

ბიბლია გარკვევით ამბობს, რომ ღმერთის ნება არ არის სიკვდილი, სნეულება, ცრემლები, ტკივილი, მარტოობა… მისი ნება არის კეთილი, სასურველი და სრულყოფილი! (რომ. 12:2).

ბოლოს და ბოლოს, როგორ შეუძლია ქრისტეს, დაგეგმოს მათი სიკვდილი და უბედურება, ვის გამოც თავად გახდა წყეული და მოკვდა ჯვარზე?!

ჩემო მკითხველო, არ გეგონოს, რომ არ ვიზიარებ შენს ტკივილს. ვიზიარებ და თანაც როგორ! მაგრამ გთხოვ, ღმერთს ნუ გადააბრალებ ყველაფერს და ნუ დაადანაშაულებ იმაში, რაშიც არ მიუძღვის ბრალი… ღმერთი კეთილი და მწყალობელია, მას უყვარხარ და თუ მაინც ეძებ იმას, ვინც დამნაშავეა სიკვდილში, იესომ თქვა: „ქურდი/სატანა მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. მე კი იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ და უხვად ჰქონდეთ.“ (იოანე 10:10).

როგორც თქვა მოციქულმა იოანემ: „ღმერთი არის სინათლე და არავითარი სიბნელე არ არის მასში.“ (1 იოანე 1:5)

ჩემო მკითხველო, თუ გექნება სურვილი უფრო მეტი და სიღრმისეული საუბრისა, გახსნილი ვარ ჯანსაღი და სწორი ურთიერთობისთვის… გაკურთხოს უფალმა!..

5 მარტი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

გადაწყვიტე, გაიმარჯვო!

თამუნა შაქარაშვილი 26 თებერვალი, 2019
თამუნა შაქარაშვილი

სანამ წერას დავიწყებდე, თქვენ კი წაიკითხავდეთ, მინდა ვილოცოთ, რათა ღმერთმა გაგვიცხადოს თავისი სიბრძნის სულით, და დაწერილი იყოს ყველასთვის გასაგებად და, რაც მთავარია, ღვთივსულიერად.

„ზეციერო მამავ, მოვდივართ შენ წინაშე მადლიერებით და წინასწარ აკვიატებული აზრის გარეშე. გთხოვთ, დაწერილი გაგვიცხადე შენი სიბრძნისა და გამოცხადების სულით და განადიდე შენი სახელი უკუნისამდე, ამინ!“

მე, ალბათ, შენც, ჩვენ… ადამიანებს გვგონია, რომ როდესაც გვაქვს ღმერთის სიტყვის ცოდნა და სიყვარული, ეს თავდაჯერებულობას გვმატებს, შესაძლოა, სიამაყესაც… სიამაყეს იმისა, რომ გვგონია, ამ ყველაფერს არასოდეს დავკარგავთ, განა ვერასოდეს, არამედ არასოდეს, მაგრამ შეიძლება გავიდეს ცოტა დრო, სულ ცოტა და მიხვდე, რომ ყველაფერი არათუ შემოგეძარცვა, არამედ შენ დაუშვი, რომ შემოგძარცვოდა.

შენ დაუშვი, რომ ხელცარიელი, გულცარიელი და სიტყვისგანაც ცარიელი ყოფილიყავი.
ხანდახან, როდესაც კარგად ვართ, როდესაც ჩვენი გული სავსეა ღმერთის სიტყვით, სწორედ მაშინ ზოგიერთები არ ვფხიზლობთ და ვერ ვიცავთ იმას, რაც გვაქვს, რაც მოგვეცა და რაც მივიღეთ.

იოანეს სახარება 10:10:
„ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს, ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ.“

მოდით, შევხედოთ ჩვენს ცხოვრებას, რამე ხომ არ მოგვპარეს ან გვპარავენ? რამდენად იცავ იმას, რაც მოგეცა და რისთვისაც იშრომე?

შეიძლება იბრძოდი და იბრძვი კიდეც, შეიძლება გტკიოდა და ახლაც გტკივა, შეიძლება გინდოდა ბევრი რამის შეცვლა და ახლაც გინდა…

იბრძოლე! იბრძოლე!..

არ გაუშვა ბრძოლის იარაღს ხელი, რადგან ცხოვრება ბრძოლაა, სულიერი ბრძოლა.
ამ ბრძოლაში კი მხოლოდ შენ არ იბრძვი, ისიც იბრძის, ვისაც მიუძღვენი შენი სიცოცხლე და ის მაშინაც შენთან არის, როცა ვეღარ გრძნობ, როცა გული გტკივა და როცა გგონია, რომ ყველაფერი დამთავრდა.

შენ მარტო არ ხარ. თუ შერცხვენილი ხარ ან უიმედო, და დაკარგე შენი თავის რწმენა, მიმართე ღმერთს. თუ ერთხელ არ გამოგივიდა, არა უშავს, კიდევ სცადე. ცხოვრებაში სირთულეები გვაძლიერებს. შენ უნდა გადაწყვიტო, გინდა იყო გამარჯვებული, ძლიერი და მტკიცე, თუ დამარცხებული, დაუძლურებული და მერყევი.

მიქა წინასწარმეტყველი 7:8:
„ნუ ხარობ ჩემზე, ჩემო მტერო! თუმც დაცემული ვარ, აღვდგები; თუმც ბნელში ვზივარ, უფალია ჩემი ნათელი!“

შეიძლება ბნელში ზიხარ, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ ის არის სინათლე, ვისაც მიუძღვენი სიცოცხლე, და თუ ჯერ არ გადაგიდგამს ეს ნაბიჯი, მაშინ იცოდე, რომ ღმერთი არის სინათლე, გზა ჭეშმარიტი, რომელიც არასოდეს დაგტოვებს და არასოდეს გაგიშვებს ხელს.
როდესაც ძლიერი, გაბედული და მამაცი ხარ, ამას ყველა ხედავს, მაგრამ რის ხარჯზე, რამდენი ბრძოლისა და ტკივილის ხარჯზე, ეს მხოლოდ შენ და ღმერთმა იცით…

გადაწყვიტე, გაიმარჯვო დღეს!..

26 თებერვალი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ვისთვის რა არის თავისუფლება?!..

ნატალია ჩიქოვანი 19 თებერვალი, 2019
ნატალია ჩიქოვანი

ალბათ, არ არსებობს იმაზე მეტი სულიერი დაძაბუნება, ვიდრე მონობაა. შეუძლებელია, იმაზე მეტად გატეხო ადამიანი სულიერად, ვიდრე წაართვა მას თავისუფალი არჩევანის უფლება და მონად აქციო.

ადამიანები იბრძვიან თავისუფლებისთვის, ადამიანთა ძარღვებში თითქოს ადუღებული სისხლივით მოჩქეფს იგი. ის სანუკვარია, მას მიელტვიან, მასზე ოცნებობენ, ამ იდეით ცხოვრობენ, უიმისობას ვერ ეგუებიან, რადგან ასეთია ადამიანი, შექმნილი თავისუფალი სულით, უფლის სადიდებლად…

ნეტავ რას ფიქრობდა ღმერთი, როდესაც ადამს ქმნიდა? როდესაც საკუთარი სუნთქვა შთაბერა მის ნესტოებში და ცოცხალ ქმნილებად აქცია, როდესაც თავისდა ხატად შექმნა… არ ვიცი, მაგრამ შეგვიძლია შევხედოთ ადამიანს და ვივარაუდოთ, რადგან მისი ქმნილებანი ღაღადებენ მის სიდიადეზე. ის სამართლიანია, წმინდაა, სულია და სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა. (2 კორინთელთა 3:17) ის არ ეხება ჩვენს თავისუფალ ნებას, არაფერს გვაძალებს…

და მაინც, ვისთვის რა არის თავისუფლება?!

რატომ მიელტვიან ადამიანები ე.წ. „თავისუფლებას“, რომელშიც მონობა უბრალოდ თავისუფლების სარეკლამო აბრის მიღმა იმალება? იქნებ ფიქრს გადავეჩვიეთ, იქნებ არ მივიჩნევთ დიდ ტრაგედიად, ვიყოთ ვინმეზე ან რამეზე დამოკიდებულნი? იქნებ გვგონია, რომ ნებისმიერ მომენტში შევწყვეტთ ამ დამოკიდებულებას და კონტროლის ეს განცდა ყოვლისშემძლეებად გვაგრძნობინებს თავს? და იქნებ გვიან არის ხოლმე, როცა აღმოვაჩენთ, რომ უბრალოდ თავს ვიტყუებთ?

სიმართლე ისაა, რომ ჩვენში არსებული ცოდვილი ბუნება მაგნიტივით გვიზიდავს, მძლავრად გვხვევს ხელებს და გვაჯანყებს უფლის მცნებების წინააღმდეგ, თითქოს ის გვბორკავდეს და მძიმე ხუნდებად გვედოს თავისუფლებისაკენ მიმავალ გზაზე, რომელიც სინამდვილეში ჩვენი ხორცის კარნახი და გულისთქმაა მხოლოდ. იქნებ ასე ფიქრობდნენ ადამი და ევაც… რეალობა კი ისაა, რომ უფლის მცნებები გვიცავს და ბოროტებას გვარიდებს.

 „ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი აშენებს.“ (1 კორ. 10:23).

ჭეშმარიტად თავისუფალი ხარ, როდესაც არ ცხოვრობ სტერეოტიპებით, ჩარჩოებით, არ თამაშობ კარგი ადამიანის როლს სხვათა აზრის გამო, ღამით მშვიდად გძინავს, არ გეშინია მომავლის, არ ხარ „შეპყრობილი“ საკუთარი თავით, არაფერს აკეთებ სხვათა ტაშისა და მადლიერების გამო… თავისუფალი მაშინ ხარ, როდესაც არ გაწუხებს, რამდენად გაფასებენ თუ არ გაფასებენ ადამიანები, რადგან ზუსტად იცი ფასი, რომელიც შენშია გადახდილი – ქრისტეს ძვირფასი სისხლი.

თავისუფალი ხარ, როდესაც ფლობ საკუთარ ზრახვებსა და მოტივებს, ფიქრებსა და სიტყვებს; თავისუფალი ხარ, როდესაც თავისუფლდები წყენისგან, ბრაზისგან და უსამართლობის განცდისგან, რადგან სამართლიანობა, როგორც ასეთი, არც არსებობს ღმერთის გარეშე, ღმერთში კი თავისუფლებაა, რადგან ის გვათავისუფლებს ტვირთისგან, ის გვწმენდს ცრემლს თვალთაგან, ის ბატონობს ჩვენს გულში…

ღმერთო, გვასწავლე თავისუფლება საკუთარი თავისგან, მეობისგან, ხასიათისგან, წყენისგან, საკუთარი ფიქრებისგან; დაგვიცავი, პირველ რიგში, საკუთარი თავისგან და შემდეგ ყოველი ბოროტებისაგან, უფალო…

ვისთვის რა არის თავისუფლება…

შენთვის რა არის თავისუფლება?!

„ხოლო თქვენ, თავისუფლებისათვის ხართ მოწოდებულნი, ძმებო, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს.“ (გალატელთა 5:13).

P.S. ნუ იბრძოლებ იმ ცრუ თავისუფლებისთვის, რომელშიც მონობა უფრო მეტია, ვიდრე სადმე სხვაგან…

19 თებერვალი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    ბარაბას ადგილზე რომ ვყოფილიყავით…

    14 აპრილი, 2023
  • 2

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 3

    პატიება

    5 დეკემბერი, 2015
  • საუბარი ღმერთთან

    4 მაისი, 2018
  • 5

    ჩემი ტკბილი უფალი

    17 ოქტომბერი, 2019


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ