ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

მეორე ლოყის მიშვერის შესახებ

თორნიკე ხუბაშვილი 2 აპრილი, 2019
თორნიკე ხუბაშვილი

„გსმენიათ, რომ თქმულა: ‘თვალი თვალის წილ და კბილი კბილის წილ.’ მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს; არამედ, თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში სილა გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე მას. თუ ვინმე სასამართლოში გიჩივლებს და შენი სამოსლის წართმევას მოისურვებს, მოსასხამიც თან გაატანე. ვინც ერთ მილზე წაყოლას გაიძულებს, ორზე გაჰყევი. ვინც გთხოვოს – მიეცი; და ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს.” (მათე 5:38–42)

სამწუხაროა, რომ ქრისტიანთა უმრავლესობას ამ ბიბლიური ადგილის ეშინია და გაურბის მის განმარტებას. ასევე სამწუხაროა, რომ ეს ტექსტი ასოცირდება ჩაგრულ, დამცირებულ და ღირსებაშელახულ ქრისტიანთან. რისი თქმა სურს უფალს სინამდვილეში? როდესაც ვსაუბრობთ ამ თემაზე, უნდა გვესმოდეს, რომ აქ სათქმელი არა ასოებსა და სიტყვებში, არამედ მთლიან კონტექსტშია, რაც იმაზე ღრმა სათქმელს წარმოადგენს, ვიდრე უმრავლესობას ჰგონია. ჩვენ არ უნდა ვგლეჯდეთ წერილის ადგილებს, არამედ უნდა განვიხილავდეთ მას მთლიანი კონტექსტის მიხედვით.

ამ მოკლე ტექსტით უფალ იესო ქრისტეს სურდა ეთქვა, რომ მისმა მიმდევრებმა უნდა გადააჭარბონ ყოველგვარ მოლოდინს!

პირველი: წინ ნუ აღუდგები ბოროტს; არამედ, ვინც ერთ ლოყაში გაგარტყამს, მეორეც მიუშვირე მას!

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ყოველგვარი მტრობის ავტორი ბოროტია (ეშმაკია) და არ გვაქვს უფლება, ადამიანებს ვუყურებდეთ, როგორც მტრებს, რამეთუ ჩვენც მტრები ვიყავით უფლისა და მან შეგვიწყალა, გვაპატია და მოგვცა ახალი სიცოცხლე.

ან განა საუბარი იმაზეა, რომ მორწმუნემ თავდასხმისგან თავი არ უნდა დაიცვას? რა თქმა უნდა, არა! საუბარი უფრო დიდ და საკვირველ რამეზეა, რომ უარი თქვა შურისძიებაზე – „კბილი კბილის წილ“, არ დაემსგავსო მოქიშპეს და მონახო ღირსეული, ვაჟკაცური და მშვიდობიანი გზა კონფლიქტის მოსაგვარებლად, ამაში ხელს ღმერთი მოგიმართავს! სხვა გაგებით, „მეორე ლოყის მიშვერა“ ნიშნავს მოლოდინის გადაჭარბებას, რომელიც შეიძლება იყოს განსხვავებული და ღირსეული საქციელი. ნუ მოიქცევი ისე, როგორც შენმა მოქიშპემ ჩაიფიქრა, არამედ გადააჭარბე მის მოლოდინს და აჩვენე ნამდვილი, ვაჟკაცური განსხვავება; გააკვირვე ქმედებით, რომელიც დაფუძნებულია ქრისტეს მშვიდობაზე.

მეორე: „ვინც სამოსლის წართმევა მოინდომოს, მეორეც გაატანე.“

შენიშვნა: ეს არ გულისხმობს, რომ თავი არ უნდა დავიცვათ სასამართლოში, როდესაც ბრალს გვდებენ, ან რაიმეს გვართმევენ, რადგან პავლე მოციქული ხშირად იცავდა თავს კანონებით და ის სარგებლობდა კანონის სიკეთით. არამედ ქრისტიანმა უნდა აჩვენოს, რომ ის მატერიალურ წვრილმანებზე მაღლა დგას საიმისოდ, რომ ომში ჩაებას! ჩვენ უნდა შეგვეძლოს გარჩევა სიტუაციებისა, თუ სად და როდის ღირს, ჩავებათ რაღაცის მტკიცების ომში.

მესამე: „ვინც ერთ მილზე გაყოლა გაიძულოს, ორზე გაჰყევი.“ „ვინც გთხოვოს – მიეცი; და ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს.“

ქრისტიანი არ უნდა იყოს იმდენად ძუნწი და ხელმომჭირნე, რომ იძულება დასჭირდეს სიკეთის საკეთებლად, არამედ ის თავად უნდა იყოს ინიციატორი ყოველგვარი სიკეთის!

და ბოლოს: მორწმუნემ უნდა გადააჭარბოს ყოველგვარ მოლოდინს! და თავისი საქციელით აჩვენოს ქვეყნიერებას, თუ რა არის ნამდვილი ვაჟკაცობა, რომელიც სიყვარულსა და მშვიდობაშია და არა შეჯიბრებაში ან რაიმეს მტკიცებაში!

იხილეთ სხვა ბლოგერების მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით:
  • ნიკა ჯიაძე – უფლის ამ სიტყვებზე და მეტის მოლოდინზე ფიქრისას ვხვდები, რომ ქრისტე ცდილობს, გავიაზროთ აღმატებული გზა, აღმატებული მდგომარეობა და აღმატებული სტატუსი! რაკი მოგვიწოდებს, ესე იგი, შესაძლებელია! ყველა ეს მოწოდება უპირისპირდება უკვე დადგენილ ქცევებს საზოგადოებაში, მაგრამ ქრისტესმიერი მოწოდებით და მისი აღსრულებით ჩვენს ცხოვრებაში – ვემსგავსებით და ვიწოდებით ძეებად ღვთისა, რომელსაც კეთილისა და ბოროტის თავზე ამოჰყავს თავისი მზე. მეტიც, ასეთ დამოკიდებულებას მივყავართ სრულყოფილებისაკენ, როგორიც თავად უფალია.
  • თეონა მენაბდიშვილი – უცნაურია, მაგრამ ქრისტეს შეგონება, რომ წინ არ აღვუდგეთ ბოროტს, სწორედ რომ ბოროტის წინააღმდეგ ბრძოლაა. წინ არ აღუდგე, ნიშნავს, რომ არ იბრძოლო მისნაირი მეთოდებით. ესაა ბრძოლა, რომელიც სრულიად პარადოქსულად გამოიყურება; ბრძოლა შურისძიების, სიძულვილის, უპატიებლობის გარეშე, ბრძოლა ღვთიური წესებით, რომელსაც აუცილებლად მოაქვს გამარჯვება, არა ადამიანის ძლევა, არამედ შეძენა.
  • გიორგი ოდიაშვილი – იქნება ეს მეორე ლოყის მიშვერა, სამოსლის მიცემა, ორ მილზე გაყოლა თუ მტრის სიყვარული, ყველა მათგანი მოითხოვს თავმდაბლობის უმაღლეს გამოვლინებას, რომლის არსებობაც ადამიანში მხოლოდ ქრისტეს მეშვეობით არის შესაძლებელი.
    ერთ ღვთის კაცს უთქვამს, როდესაც ლიმონს ვწურავთ, ლიმონის წვენი გამოდისო, ხოლო როდესაც ქრისტიანი „იწურება“, მაშინ გამოჩნდება, არის თუ არა მასში ქრისტე.
    ვფიქრობ, ზემოთ ჩამოთვლილი ყველა სიტუაცია კარგი შესაძლებლობაა, რათა გამოვავლინოთ ქრისტეს ხასიათი და ვანათებდეთ ბნელ ქვეყნიერებაზე.
იხილეთ ამ თემასთან დაკავშირებული, რამდენიმე მნიშვნელოვანი მუხლი:
  • „და როგორც გინდათ, რომ ადამიანები გექცეოდნენ, თქვენც ასევე მოექეცით მათ.“ (ლუკა 6-31)
  • „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, რადგან ისინი ღმერთის ძეებად იწოდებიან.“ (მათე 5-9)
  • „თუ თქვენი მხრივ შესაძლებელია, ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით.“ (რომაელთა 12-18)
2 აპრილი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ავტორიტეტები და მიმბაძველობა

გიორგი ოდიაშვილი 2 აპრილი, 2019
გიორგი ოდიაშვილი

ჩემს თავზე ვიტყვი, ბავშობიდან მოყოლებული სულ ვცდილობ, ვინმეს მივბაძო.

მულტფილმის გმირები, უფროსკლასელები, საყვარელი მსახიობები, უბნის ავტორიტეტები, მომღერლები, სპორტსმენები, ადამიანები, რომელთა გარეგნობით, ჩაცმის სტილით, ვარცხნილობით თუ სიტყვა–პასუხით მოხიბლულნი ვართ და ვცდილობთ, მათნაირები ვიყოთ.

როგორც ქრისტიანისთვის, ჩემთვის გასაგებია, რომ ყველა ადამიანი არის უნიკალური და შეუდარებელი ქმნილება, მაგრამ დღესაც არიან ადამიანები, რომელთაც ვბაძავ და ისინი ჩემთვის ავტორიტეტები არიან.

პავლე მოციქული წერს:

1 კორინთელთა 11:1: „მე მომბაძეთ, როგორც მე ვბაძავ ქრისტეს.“

ებრაელთა 6:12: „რათა არ გაზარმაცდეთ, არამედ მიჰბაძოთ მათ, ვინც რწმენითა და სულგრძელობით იმკვიდრებს აღთქმებს.“

რეალურად, არ არსებობს ადამიანი, ვისაც არასოდეს მიუბაძავს ვინმესთვის და არც წმინდა წერილი არის მიმბაძველობის მოწინააღმდეგე, მაგრამ იგი მიგვითითებს, თუ ვის უნდა მივბაძოთ.

ის, თუ ვინ ვიქნები მე ხვალ, დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის მივბაძავ და მოვუსმენ დღეს.

გული მწყდება, როდესაც ვხვდები ეკლესიის მოზარდებს და ახალგაზრდებს, რომლებიც ჰბაძავენ, შესაძლოა, კარგ ადამიანებს, მაგრამ არა ქრისტიანებს, რომელთათვისაც უპირატესია ქრისტიანული ფასეულობები.

ჩემთვის რთული იქნებოდა სულიერად ზრდა, თუ არ მეყოლებოდა სწორი ავტორიტეტები... მე არ ვამბობ, რომ ვინმე უნდა გახდეს ჩვენთვის კერპი და ღმერთი უნდა ჩავანაცვლოთ, რა თქმა უნდა, ღმერთი უმაღლესი ავტორიტეტია, მაგრამ გულწრფელი ვიქნები და ყოველთვის არ ვარ ისეთ სულიერ განწყობაზე, რომ ღვთის ხმა ვისმინო, სამაგიეროდ, ყოველთვის შემიძლია, დავურეკო ჩემს სულიერ ავტორიტეტებს და ვკითხო რჩევა ნებისმიერ საკითხზე.

მიჰბაძე და უსმინე მათ, რომელთაც აქვთ რწმენის საქმეები, ვისთვისაც ფასეულია ეკლესია, ვინც ფასის გადამხდელნი არიან რწმენის გამო და რომლებსაც უყვართ ღმერთი და ადამიანი.

ასე შესაძლებლობა გეძლევა, რომ ერთ დღეს შენც გახდე სხვებისთვის მისაბაძი პიროვნება.

უფალმა გაკურთხოს!

2 აპრილი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ტკივილის ზღვაში…

მარიამ ბაიდაშვილი 2 აპრილი, 2019
მარიამ ბაიდაშვილი

ისევ მშიერია ზღვის ტალღები, ღამეს უცდის, რომ მიტოვებულ ნაპირებს ეახლოს, რათა მსხვერპლი თავის მკლავებში მოიქციოს და აღარ დაუბრუნოს მიწას. და აი, ისიც! უმწეო სხეული, რომელიც ემშვიდობება ზეცას და ვეებერთელა ზღვას ჰკიდებს თვალს, ბნელსა და გაშმაგებულს. კიდევ ერთი ღამე, როდესაც ჩაიცინა ტალღამ, რათა სიამაყე ჩაეღვარა გულში, სიამაყე საკუთარი თავისა, რომ ამ ღამესაც არ შემცდარა და ამჯერადაც მოაკითხა სიცოცხლემობეზრებულმა სხეულმა ნაპირებს, იმ სხეულმა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ აღარ სურდა, კიდევ ერთხელ გაეხილა თვალი იქ, სადაც ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, რომ კედლებსაც ანგრევდა, სადაც სევდა ქვებსაც ატირებდა, სადაც ნუგეში შორი და მიუწვდომელი იყო…

დააღეს პირი ტალღებმა და დაიწყო მწუხარებით გაჟღენთილმა სხეულმა ზღვისკენ სვლა. ტალღები ჯერ მის ტერფებს დაეწაფა, შემდეგ მის ხელებსაც მისწვდა და როგორც კი სამუდამოდ უნდა ჩაეკრა გულში ვეებერთელა ზღვას, უეცრად ნაბიჯების ხმა გაისმა. ნაპირს უახლოვდებოდა კაცი, რომლის დანახვაზეც ზღვაც კი შეკრთა, შეშინდა და თითქოს ტალღებმა თავი დახარეს მის წინაშე. დასწვდა უსუსურ სხეულს ხელები, რომლებმაც მე და შენ იმდენჯერ გვიხსნა, რამდენჯერაც აქამდე ამოგვისუნთქავს. ამ ხელებმა გაშმაგებულ ზღვას არ მისცეს უფლება, რომ მე იმ ღამით მშიერი ტალღების საკვები გავმხდარიყავი.

და ტალღები, რომლებიც უმწეო სხეულს აწყდებოდა, ეს ჩვენი წილი ტკივილებია, ეს ჩვენი ბნელი და თითქოს გამოუზამთრებელი პრობლემებია. ისინი მზად არიან, ჩაგყლაპონ, თუმცა გახსოვდეს, ვერ მოგეკარებიან მაშინ, როცა შენში იმედს ჯერ კიდევ თვალი აქვს გახელილი, როცა შენში იმედი ჯერ კიდევ ათბობს სხეულს. ტალღები, ანუ პრობლემები, მხოლოდ მაშინ დააღებენ პირს შენ ჩასაყლაპად, როცა გადაწყვეტ, რომ საკმარისია სიცოცხლე დედამიწაზე და უნდა შეწყდეს იგი; როცა შენს იმედს განთიადის მზეს აღარ დაანახვებ და იტყვი, რომ დასასრულია. მაგრამ გაიხსენე ხელები, რომლებმაც შენი სიცოცხლისათვის, იმისათვის, რომ ახალ დღეს იმედით და რწმენით შეხვედროდი, გოლგოთამდე მძიმე ჯვარი ათრია…

შენ გამო! მხოლოდ შენ გამო! და არა მხოლოდ მთამდე აიტანა ამ ხელებმა ჯვარი, არამედ ჯვარზე გაკვრაზეც თანახმა იყო ის. უდანაშაულო ხელები მაშინაც არ შემკრთალა, როცა ლურსმავდნენ, რომ შენ დღეს ზეცისთვის სირცხვილით და მორიდებით კი არ აგეხედა, არამედ იმდენად ახლოს ყოფილიყავი ზეცასთან, რომ მამის გულსაც მისწვდომოდი.

იესოს ხელისგულებზე შენი გამოსყიდული სიცოცხლე სამუდამოდ ხატია. რაც არ უნდა ეცადო, ეს კვალი მისი ხელებიდან გააქრო, ვერ შეძლებ, რადგან ყოველ ჯერზე, როცა ტკივილებით სავსე ზღვა შენს სხეულს დასწვდება, ეს ხელები მზად არის, აგიყვანოს და ჩაგახედოს იმ ჭრილობებში, რომლებიც იმაზე ღრმაა, ვიდრე პრობლემების ზღვა! ეს ჭრილობები გეუბნებიან, რომ მამის ხელები მზად არის ყოველთვის, ყოველ ჯერზე, ყოველ შენს ძახილზე, გამოწვდილი იყოს დახმარებისთვის, იმისათვის, რომ მასში დაინახო იმედი და ამ იმედმა გაათბოს შენი სიცოცხლე!..

2 აპრილი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ცარიელი ნავი

გიორგი ოდიაშვილი 26 მარტი, 2019
გიორგი ოდიაშვილი

სამწუხაროდ, უმეტესწილად ისე ხდება ხოლმე, რომ სავსე ნავებზე არ მოიძებნება ადგილი ნაზარეთელი ხუროსათვის, ამიტომაც მოუწია მას პეტრეს ცარიელ ნავზე ასვლა. ვინ იცის, იქნებ არც დაეთმო პეტრეს იესოსათვის ნავი, თევზით რომ ყოფილიყო სავსე. (ლუკა 5:3).

ცარიელი ნავი დღეს შეიძლება აღვიქვათ, როგორც ცარიელი საფულე, ცარიელი მაცივარი… კრიზისი, რომელიც პეტრეს ცხოვრებაში იდგა და შეიძლება ახლა შენს ცხოვრებაშიც დგას…

როგორც ჩემი ხუცესი ამბობს ხოლმე, რეალურად, ჩვენი რწმენა იმ ზომისაა, რა ზომის რწმენასაც გამოვავლენთ რთულ ცხოვრებისეულ პერიოდში, რადგან გქონდეს რწმენა მაშინ, როდესაც ყველაფერი კარგადაა – ეს არცთუ ისე რთულია.

რწმენა – ეს არის პოზიტიურად აზროვნება რთულ პერიოდში, როდესაც რაიმე კრიზისია, მაგრამ შენ გწამს ღმერთის სიკეთისა შენ მიმართ.

შეუძლებელია, გქონდეს ნეგატიური ფიქრები და ამავდროულად, გქონდეს პოზიტიური ცხოვრება. ვიღაცას უთქვამს, თუ ტალახში ჩავარდი, თავი გაიმხნევე, რომ სამკურნალოაო.

ასე რომ, თუ შენი ნავი ცარიელია, ნუ მიეცემი მწუხარებას, არამედ გახსოვდეს, ამის შემდეგ როგორ აავსო უფალმა პეტრეს ნავი. (ლუკა 5:4-7).

რომ. 8:28: „ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე სასიკეთოდ ეწევათ.“

26 მარტი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

მედროვე ადამიანთა ქმედებები…

თორნიკე ხუბაშვილი 22 მარტი, 2019
თორნიკე ხუბაშვილი

„ათისა და ოცი კაცის ავაზაკობა ისე ვერ დააზიანებს ერის ცხოვრებას, როგორც სხვაგვარი ავაზაკობა ათასისა და ორი ათასისა. პირველთ ადვილად ვიშორებთ თავიდან; ავაზაკებს ვეძახით; ვდევნით, როგორც ცოფიან ძაღლებს; ვეტევებით თოფით და ხმლით; მოსაკლავად არა ვზოგავთ; ხოლო მეორე ჯურის ავაზაკებს ვძმობილობთ და ვემოყვრებით.“ (ვაჟა-ფშაველა).

მიყვარს ეს გენიოსი მწერალი! მართლაც რომ ასეა! ყოველთვის ორ ჯგუფად იყოფა ჩვენი ქმედებები:

ხშირად აგრესიულად ვეწინააღმდეგებით ქმედებებს, რომელიც ჩვენს მენტალიტეტში არ ჯდება, რომელსაც ისედაც ბევრი მოძულე ჰყავს. მაგრამ რომელი ქმედებაც ისეთივე არასწორია ღმერთისათვის, როგორიც პირველი, თუმცა საზოგადოებისთვის მისაღებია, მათზე თვალს ვხუჭავთ და კუთხე-კუნჭულებში იმავეს ჩავდივართ.

ჩვენი საზომი პატიოსნებასთან მიმართებით ღმერთი კი არა, არამედ მედროვეობა, ადამიანები და მათი აზრებია.

ამიტომ, როგორც დრო გვიკარნახებს, ისეთი მორალი, ეთიკა გვექნება და არა ისეთი, როგორსაც უფალი გვკარნახობს!

სახარება მნიშვნელოვან რჩევას გვაძლევს:

„ადამიანებს რომ ვაამებდე, ქრისტეს მსახური აღარ ვიქნებოდი.“(გალატელთა 1:10).

დასკვნა:

ჩვენი ეთიკის, მორალის საზომი ყოველთვის უნდა იყოს ღმერთის უცვლელი სიტყვა და არა – მედროვე ადამიანთა აზრები…

22 მარტი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ღვთის ნება და ჩვენი მოლოდინი…

თორნიკე ხუბაშვილი 22 მარტი, 2019
თორნიკე ხუბაშვილი

რომაელთა წერილი გვესაუბრება ღმერთის ნება-სურვილზე, რომელიც არის „კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.“ (რომაელთა 12:2).

ღვთის ნება მართლაც არის კეთილი, სასურველი და სრულყოფილი, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანთა სურვილები განსხვავდება ღვთის სურვილებისგან; კაცობრიობის შეხედულება სიკეთეზე განსხვავდება ღვთის სიკეთისგან და ხალხის წარმოდგენაც სრულყოფილებაზე განსხვავებულია ღვთის ფიქრებისგან.

ხშირად, რაც ღმერთს სურს, ის კაცს არ სურს; რაც ღმერთს სიკეთედ მიაჩნია, ის ადამიანს ბოროტება ჰგონია. ამიტომ, იმედგაცრუების ნაცვლად, საკუთარ თავებს შემდეგნაირი კითხვა უნდა დავუსვათ: „თუ წამალი მწარეა და არ გვსიამოვნებს მისი მიღება, განა ეს ნიშნავს იმას, რომ ის ცუდია და ვერ მოგვცემს კარგ შედეგს?“

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ღმერთი უფრო შორს ხედავს, ვიდრე ადამიანი. მან უკეთ იცის, რა არის სასიკეთო, რადგან, როგორც აღვნიშნე, ის შორს ხედავს და ჩვენსავით არ არის ჩაბღაუჭებული აწმყოს ტკივილებს. ის ბრძენია და იცის. ამიტომ, გავიმაგროთ გულები და ვუთხრათ უფალს: „უფალო! იყოს შენი ნება, მომეცი სიკეთე, რომელიც შენგანაა და მომაგე ისე, როგორც შენ გსურს!.. და სურვილები, რომელიც შენგანაა, აუცილებლად სასიკეთოდ მეწევა.“

22 მარტი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

როდის ხარ ძლიერი…

თორნიკე ხუბაშვილი 21 მარტი, 2019
თორნიკე ხუბაშვილი

მდიდარი მდიდარს პატივს მიაგებს, სულაც რომ არ ფიქრობდეს ასე. სახელოვანი სახელოვანს თავს მოაწონებს, თუნდაც ეს არ ადარდებდეს. ძლიერი ძლიერს ჩამოართმევს ხელს, რადგან ორივესთვის ასეა ხელსაყრელი. მაგრამ როდესაც საუბარია მდიდარსა და ღარიბს, სახელოვანსა და სახელის არმქონეს, ძლიერსა და სუსტს შორის ურთიერთობაზე, ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანია, თუ რას ფიქრობს შენზე ღარიბი, სახელის არმქონე და სუსტი, ვიდრე მდიდარი, სახელოვანი და ძლიერი.

ერთხელ უფალმა იესო ქრისტემ თქვა, რომ უნდა მივცეთ, ვასესხოთ და სიკეთე ვუყოთ მათ, ვისაც სამაგიეროს გადახდის საშუალება არ ექნება და სწორედ ესაა მადლი, რადგან ამ დროს არის ჩვენი ქმედება ღირსეული, სუფთა და უანგარო, წმინდა გულით გაღებული. ამ დროს ზუსტად იცი, რომ ერთადერთი მიზეზი შენი ქმედებისა თავად ადამიანის საჭიროებაა და არა სახელი, სარგებელი და სამაგიეროს მოლოდინი.

ამიტომ ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანია, უფრო ვაჟკაცურია – ხელს უმართავდე სუსტებს, ვიდრე ძლიერებს უღიმოდე; უფრო ადამიანურია – პატივს მიაგებდე სუსტს, ვიდრე სახელოვანს თავს აჩვენებდე. უფრო მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ჩვენზე სუსტი, სახელის არმქონე, ღარიბი, ვიდრე ძლიერი, მდიდარი და სახელოვანი.

21 მარტი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ილაპარაკე!..

ნიკა ჯიაძე 21 მარტი, 2019
ნიკა ჯიაძე

ყველა ადამიანი ვალდებულია, თავისი პიროვნება გააცხადოს ადამიანთა წინაშე, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „ილაპარაკოს.“

მაშინ, როდესაც ადამიანი ლაპარაკობს, თავის შინაგანს ავლენს, თავისში მოზღვავებულ აზრებს სიტყვიერად გადმოსცემს, თითქოს საკუთარ არსებობას ამტკიცებს ამით.

ვცდილობთ, საკუთარი აზრი დავაფიქსიროთ, ხშირად – გავიტანოთ კიდეც... კმაყოფილების განცდა გვეუფლება, როცა დიდ აუდიტორიას მოვახსენებთ რაიმეს.

გვიხარია, როდესაც გვისმენენ.

ადამიანი ულაპარაკოდ, ეს იგივეა, რაც უხმო ჩანჩქერი, უსინათლო მზე და უგრძნობი სიყვარული.

მაგრამ რა ხდება, როცა ვწყვეტთ „ლაპარაკს?“

აი, ამ დროს ვიკარგებით!

ვინც „ლაპარაკი“ შეწყვიტა, ღრმა დეპრესიაში გაიდგა ფესვი.

აი, ამ დროს ვიმალებით!

ვინც „ლაპარაკი“ შეწყვიტა, თითქოს არსებობაც შეწყვიტა.

ერთმა დიდმა მწერალმა თქვა, რომ შენში არსებულ გამოუთქმელ ისტორიაზე დიდი აგონია არ არსებობს...

წმინდა წერილში 1,900-ჯერაა გამოყენებული სიტყვები: „უფალი ამბობს.“ რას ნიშნავს ეს? ღმერთი ყოველთვის ამბობს რაღაცას. არასდროს ჩერდება!

ადამიანი ღვთის ხატებაა, მისი მსგავსი პიროვნულად.

ჩვენც გვაქვს ის თვისებრივი მახასიათებლები, რაც მას აქვს.

ესე იგი, ჩვენი სათქმელი უნდა ვთქვათ, არ უნდა დავდუმდეთ!

ჩვენში არსებული „ისტორია“ უნდა გავახმაუროთ.

მაგრამ უბრალოდ ვილაპარაკოთ? არა! უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე, რაც ვაჟკაცობის უდიდესი გამოხატულებაა.

როგორც სიბნელე ქედს იდრეკს ნათებისას…

უნდა ვილაპარაკოთ ის, რაც სწორია და არა ის, რაც მისაღებია.

უნდა ვილაპარაკოთ ჭეშმარიტება, თუნდაც მარტოებმა,

რადგან ერთი ადამიანი ღმერთთან ერთად უმრავლესობას წარმოადგენს.

სჯობს, ერთხელ აენთო და დაიფერფლო, ვიდრე მთელი ცხოვრება კვამლი გახრჩობდეს!..

უნდა ვილაპარაკოთ, რადგან საბოლოოდ, ადამიანებს თავიანთი მტრების კი არა, ჩვენი დუმილი გაახსენდებათ!

ხმა უნდა ავიმაღლოთ, ვინაიდან ნათქვამია:

„ცხოვრება დასრულდება მაშინ, როდესაც ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გავჩუმდებით!“

და ბოლოს, უნდა ვილაპარაკოთ, რადგან უფალი ამბობს: „თუ ესენი დადუმდებიან, ქვები აღაღადდებიან!“

21 მარტი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

გვტკივა, ღმერთო…

თეონა მენაბდიშვილი 19 მარტი, 2019
თეონა მენაბდიშვილი

გვტკივა, ღმერთო, ადამიანებს გვტკივა. დაბადებისთანავე ვტირით, ტკივილითა და ბრძოლით იწყება ჩვენი სიცოცხლე. დედამიწა საშიში ადგილია ჩვენთვის, ყველგან ტკივილი, ცრემლი და სიკვდილია ჩასაფრებული. ზამთრის დაუსრულებელ სიცივეს ვატარებთ მხრებით და წვიმის წვეთებით გაჟღენთილი ღრუბლები გვაქვს თვალებში. მარტონი ვართ. გვტკენენ, ვტკენთ, ჩვენგან განუყოფელი გახდა ტკივილი და ყველაზე ბედნიერ მომენტშიც კი ჩვენი გულის სიღრმეშია ჩამალული, არსად აპირებს წასვლას, გვეჩურჩულება, აქ ვარო. ბევრჯერ იწვიმა ჩვენი თვალებიდან, გვეშინია, ეჭვი კი კვლავ დაუნდობლად გვისერავს გულებს, ნუთუ დაგვივიწყე, ნუთუ არ გადარდებს, ნუთუ არაფერს გააკეთებ.

გვტკივა, ღმერთო, ადამიანებს გვტკივა. ვიცით, აქ ხარ ჩვენ სანუგეშებლად, მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ნუგეშის ძებნის ნაცვლად, გლანძღავთ. ზოგჯერ უსიტყვოდ, ზოგჯერ შეფარვით, მაგრამ შენ გლანძღავთ. უმოქმედობაში გადანაშაულებთ, თითს ვიშვერთ შენკენ, კითხვებს ვსვამთ და შენს ახსნა-განმარტებებს ვითხოვთ. შენ კი, უფალო, არ გაგვირბიხარ, უბრალოდ, მხოლოდ ერთი ადგილი გაქვს პასუხებისთვის. გოლგოთა… აქ, ორ ავაზაკს შორის, ძახილის ნიშნადაა დასმული ჯვარი მაცხოვრისა. პასუხი საბოლოოა – ღვთის ძე, ჩვენთვის მსხვერპლად შეწირული. ყველგან შეგვიძლია გიყვიროთ: „რატომ?!“, მაგრამ აქ არა. გვამუნჯებს გოლგოთის შემზარავი სურათი, ვუყურებთ შენს დასახიჩრებულ სხეულს და არაფერი გვაქვს სათქმელი ჩვენს ტკივილზე. ვერ გეკითხებით, რატომ გვიღალატეს – შენს წმინდა სახეს ამჩნევია იუდას კოცნა. ვერ გეკითხებით, რატომ დაგვამცირეს – ზეცამდე აღწევს ჯარისკაცთა ლანძღვა-გინება. ვერ გეკითხებით, რატომ უარგვყვეს – მესამედ ყივის მამალი უკვე. ვერც იმას ვამბობთ, როგორი რთულია ვინმეს დაკარგვა – ზეცა გრგვინავს და სამყარო იძვრის მამის ტკივილით.

გვტკივა, ღმერთო, ადამიანებს გვტკივა. მაგრამ შენ არ ხარ ის, ვისაც ახსნა სჭირდება, თუ რა გრძნობაა ეს. ღმერთო, შენ არ ხარ ის, ვისკენაც შეგვიძლია თითის გაშვერა, როცა შენგან ნალურსმევი ხელია გამოწვდილი. შენ მთელი სისავსით შეიგრძენი ჩვენი ტკივილი, იმაზე აგე პასუხი, რაც არ დაგიშავებია, გამოგვისყიდე და უპასუხე ჩვენს ყველა კითხვას. ყველაფერგადატანილს შეგიძლია, ყველაფერში თანაგვიგრძნო. ჩვენში დამკვიდრდი, ყველა ისარი შენი გულის გავლით ხვდება ჩვენსას. და სანამ აქ ვართ, სანამ ბოროტებას საბოლოოდ შეუკრავ ხელ-ფეხს, სანამ სინათლე შენი იზეიმებს ამ სიბნელეზე, გვჯერა შენი აღთქმის, გვაიმედებს სიტყვები შენი, რომ ყველა ცრემლს მოგვწმენდ თვალებიდან, რომ დაასრულებ ყოველგვარ ტკივილს, რომ გაასამართლებ ბოროტებას.

გვტკივა, ღმერთო, ადამიანებს გვტკივა. მაგრამ შენი მოიმედენი ვართ, ძალას განგვიახლებ, ავწევთ ფრთებს, როგორც არწივები, გავიქცევით და არ დავიქანცებით, ვივლით და არ დავიღლებით. ძლიერნი ვართ შენს ჯვართან, ჩვენი კითხვების პასუხთან, ჩვენს ნუგეშთან და იმედთან. აქ, გოლგოთაზე, ორ ავაზაკს შორის ძახილის ნიშნად დასმულ მაცხოვრის ჯვართან!..

19 მარტი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    ბარაბას ადგილზე რომ ვყოფილიყავით…

    14 აპრილი, 2023
  • 2

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 3

    პატიება

    5 დეკემბერი, 2015
  • საუბარი ღმერთთან

    4 მაისი, 2018
  • 5

    ჩემი ტკბილი უფალი

    17 ოქტომბერი, 2019


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ