ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

სიკვდილის შიშის გარეშე… აღდგომა!..

გიორგი ოდიაშვილი 28 აპრილი, 2019
გიორგი ოდიაშვილი

„იარაღი დააგდე, თორემ მოგკლავ!“ – ასე მივმართავდით ხოლმე ერთმანეთს ბავშვები, როდესაც ჩვენს სათამაშო პისტოლეტებს ერთმანეთს ვუმიზნებდით.

5-7 წლის პატარები, რომელთაც ჯერ უბნის გარეთ არსებულ სამყაროსთანაც კი არ გვქონია შეხება, მაგრამ მაინც ვიცოდით, რომ სიკვდილის მუქარა ყველაზე საშიში იყო; თითქოს ბავშვობიდან ვიცოდით, რომ სიკვდილი ჩვენი მტერი იყო.

არ ვიცი, 10-13 წლის ასაკში უნდა ფიქრობდნენ თუ არა ადამიანები სიკვდილზე, მაგრამ მე, რატომღაც, ვფიქრობდი ხოლმე.

როდესაც გავიგებდი, რომ ვინმე მოკვდა, გონებაში მომდიოდა თავის ამატკივებელი უამრავი ფიქრი სიკვდილის შესახებ... ბევრი არაფერი ვიცოდი მასზე, მაგრამ მოტირალი ადამიანებიდან გამომდინარე, ვხვდებოდი, რომ ეს არ იყო კარგი, ეს იყო რაღაც კარგის – სიცოცხლის – დასასრული.

ვფიქრობდი ხოლმე: „რა უაზრობაა, ნუთუ იმისთვის დავიბადეთ, რომ დავიხოცოთ?”

ბევრი ღამე ყოფილა, როდესაც დასაძინებლად დაწოლილი საბნის ქვეშ შევძვრებოდი და ვფიქრობდი, თუ როგორ გაანადგურებდა სიკვდილი ჩემს ცხოვრებას. მეფიქრებოდა იმის შესახებ, რომ ერთ დღეს მოკვდებოდა ყველა ჩემი მეგობარი, ჩემი საყვარელი ხალხი და მე მარტო დავრჩებოდი; ანდა იმაზე, რომ ერთ დღეს მე მოვკვდებოდი და სამყარო ჩემ გარეშე გააგრძელებდა არსებობას და ასე, სტრესსა და ჩუმ ცრემლებში მეძინებოდა ხოლმე.

ყველაზე ცუდი კი ამ დროს ის იყო, რომ ამ ფიქრებს ვერავის ვუზიარებდი…

ბავშვობიდან შემიპყრო სიკვდილის შიშმა. ეს არ ყოფილა ფიზიკურად შესამჩნევი. დავდიოდი სკოლაში, ვთამაშობდი ფეხბურთს, კომპიუტერულ თამაშებს, ვერთობოდი, ვვარჯიშობდი, მაგრამ ყოველთვის, როდესაც მარტო მიწევდა დარჩენა, სიკვდილი თითქოს მელაპარაკებოდა, თავს მახსენებდა და ამის გამო არ შემეძლო, შინაგანად სიმშვიდე და კმაყოფილება მქონოდა.

14-16 წლის ვიყავი, როდესაც ჩემს სოფელში, მოკლე დროის მონაკვეთში, დაიღუპა რამდენიმე ახალგაზრდა… ძალიან მიჭირდა მაშინ, მარტო დარჩენა აღარ იყო აუცილებელი, სიკვდილი ყველგან მახსენებდა თავს: ტრანსპორტში, ქუჩაში, სკვერში, სახლში… გამუდმებით მომდიოდა ფიქრები, რომ ახლა ყველაფერი დასრულდებოდა, რომ ახლა მოვკვდებოდი… იმდენად რთული იყო ეს პერიოდი ჩემთვის, თავის მოკვლაზეც კი ვფიქრობდი, რადგან ამ ფიქრებით და ტვირთით ცხოვრება უკვე ყელში მქონდა ამოსული…

ბევრი არაფერი ვიცოდი ღმერთზე, მაგრამ მისდამი წყენასა და ამბოხში აღმოვჩნდი… „ზის თავისთვის ზეცის ტახტზე, თავად არაფერი უჭირს და გვიყურებს იქიდან ადამიანებს, რომელნიც უიმედონი ვართ სიკვდილის წინაშე და არც არაფერს აკეთებს ჩვენ დასახმარებლად. უხ, აბა, ერთი დღე მაინც ჩამოვიდეს და იცხოვროს აქ, სიკვდილისაგან დაპატრონებულ დედამიწაზე.“ – ვფიქრობდი ხოლმე ჩემთვის…

მაშინ ჯერ კიდევ არ მქონდა მოსმენილი ამბავი ნაზარეთელი ყმაწვილისა, განკაცებული ღმერთისა, რომელიც არათუ ერთი დღით, არამედ 33 წლით ყოფილა ჩამოსული ზეციდან…

მე შენ არ გიცნობ, მაგრამ ვიცი შენი შიშის შესახებ. ვიცი, როგორ უიმედოდ და უსუსურად გრძნობ თავს სიკვდილის წინაშე… ეფერები შვილებს და თან გული გტკივა იმაზე, რომ ერთ დღეს სიკვდილი დაგაშორებს მათ… ქმნი ბიზნესს, მაგრამ იცი, ერთ დღეს სიკვდილი ჩამოგაშორებს მასაც… აშენებ სახლს და თავშესაფარს, მაგრამ იცი, ერთ დღეს სიკვდილი მაინც მოგაკითხავს და შენ ვერსად დაემალები მას...

„ვერავინ განაგებს სიკვდილის დღეს…“ (ეკლესიასტე 8:8).

ამიტომაც მსურს, გითხრა კეთილი ამბავი, როგორც ზემოთ ვახსენე, იმდენად შეიყვარა ღმერთმა კაცობრიობა, (ისინიც, ვინც შენ არ გიყვარს, შეიძლება მათი კანის ფერი არ მოგწონს ან რაიმე სხვა მიზეზი გაქვს ამისთვის, მაგრამ ღმერთი არავის ასხვავებს), რომ თავად დამკვიდრდა ხორცში და მოვიდა დედამიწაზე, რათა ჩვენ გამო დაემარცხებინა სიკვდილი, რომელიც მას ისედაც ვერაფერს აკლებდა…

„ის მოვიდა, რათა მიეცა ხსნა მათთვის, რომელთაც მთელი ცხოვრება გაატარეს სიკვდილის შიშის უღელში.“ (ებრაელთა 2:15).

ეს არის კეთილი ამბავი ყველასთვის: ჩემთვის, შენთვის, ცნობილი და უცნობი ადამიანებისთვის, ქალაქების და სოფლებისთვის, მდიდრების და ღარიბებისთვის, რომ იესო ქრისტე ავიდა ჯვარზე ჩვენი ურჯულოების გამო; ჯვარზე მიამსჭვალა ჩვენი ცოდვები; გაგვწმინდა თავისი წმინდა სისხლით; დაიმარხა საფლავში და ორი დღის განმავლობაში მასზე მიფარებული უზარმაზარი ლოდი სიმშვიდეს ჰგვრიდა სიკვდილს, რომელიც ფიქრობდა, რომ კვლავ გაიმარჯვა, რადგან თავად განკაცებული ღმერთიც კი სძლია; მაგრამ კვირის განთიადს, ოხ, ყოველთვის ჟრუანტელი მივლის სხეულში, როდესაც კვირის განთიადზე ვფიქრობ, სიკვდილმა დაინახა, რომ მისი სიმშვიდის მიზეზი, უზარმაზარი ლოდი, ბუმბულივით მოსცილდა სამარხს, თითქოს სული შეუბერესო და იხილა დიდი სინათლის ფონზე კაცის სილუეტი, რომელიც სამარხიდან გამოდიოდა, ოხ, თვალები ამემღვრა…

მეფეთა მეფე თამამად და მშვიდად მოაბიჯებს და სამარხი განწირულია საუკუნო სიცარიელისთვის, სიკვდილი კი – საუკუნო მარცხისთვის, რადგან სიკვდილი მას ვერ დააკავებდა! (საქმ. 2:24).

რა თქმა უნდა, მე ქართველი ვარ და არ ვარ წინააღმდეგი კვერცხების წითლად შეღებვის… არ ვარ წინააღმდეგი საფლავზე გასვლის, უფრო ხშირადაც უნდა გავდიოდეთ, ვიდრე წელიწადში ერთხელ, მაგრამ აღდგომა, ეს გაცილებით მეტია ჩემთვის, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი.

აღდგომა – ეს არის სიმშვიდე პირადად ჩემთვის, სიხარულის, ცეკვის, ლხენის და ყიჟინის მიზეზი, რადგან მტერი, რომელიც ბავშვობიდან არ მაძლევდა მოსვენებას, დაბადებიდან ემუქრებოდა ჩემს სიცოცხლეს, რომელიც ჩემს ბედნიერ მომენტებს მწუხარებით ავსებდა, რომელიც შიშში მამყოფებდა, სამუდამოდ არის დამარცხებული, როგორც წმინდა წერილი ამბობს:

„სად არის, სიკვდილო, ნესტარი შენი? სად არის, ჯოჯოხეთო, ძლევა შენი?“ (1 კორინთელთა 15:55).

რა თქმა უნდა, ერთ დღეს ჩემი სხეული დაძველდება და მოკვდება, მაგრამ მაქვს სიმშვიდე, რადგან მწამს მისი, ვინც თქვა:

„უთხრა მას იესომ: ‘მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს თუ არა ეს?’“ (იოანე 11:25-26).

ჩემო ძვირფასებო, კვირის განთიადს იესო ქრისტე აღდგა!

„აღდგა“ მცირე სიტყვაა, მაგრამ არსი განუზომელი აქვს!

დაე, აავსოს აღდგომის ძალამ ჩვენი გულები, გაკურთხოთ უფალმა!..

28 აპრილი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

სინანული თუ მონანიება?

ნიკა ჯიაძე 28 აპრილი, 2019
ნიკა ჯიაძე

ბერძნულში მონანიების გამომხატველ სამ სიტყვას ვხვდებით:

ერთია „მეტამელომაი”, რაც ნიშნავს სინანულს, მწუხარების გამოხატვას, დანაღვლიანებას, მაგრამ ამ განცდას არანაირ ცვლილებამდე და არანაირ გადაწყვეტილებამდე არ მივყავართ. ეს უფრო გარეგნული ემოციაა.

აი, ეს სიტყვაა გამოყენებული სახარებაში მაშინ, როდესაც იუდამ 30 ვერცხლად გაყიდა იესო: „როცა დაინახა იუდამ, იესოს გამცემმა, რომ მსჯავრი დაადეს, ინანა…” იუდამ სინანული განიცადა, მაგრამ ეს „მონანიებაზე” ნაკლებია.

მეორე სიტყვა ასე ჟღერს: „მეტანოია”, ანუ მონანიება, გონების ან მიზნის შეცვლა, ასევე გულის შეცვლა, და საერთოდ, ცხოვრების მიმართულების შეცვლა.

მესამე სიტყვა – „ეპისთრეფო” – ნიშნავს შებრუნებას, მოქცევას, გარდაქმნას. სახარებაში კი ეს სიტყვა უფლისკენ შებრუნებას, ანუ უფლისკენ მიქცევას გულისხმობს.

ადამიანებს გვახასიათებს სინანული და მწუხარება, რაც კარგია, მაგრამ ეს მონანიებაზე ნაკლებია. მაშინ, როდესაც ვიხსენებთ უფლის ტანჯვის, წამებისა და სიკვდილის ფაქტს, სინანულითა და მწუხარებით გვევსება გული, თვალებიდან ცრემლი გადმოგვდის, მაგრამ ეს გრძნობები დროებითია და არ არის სიღრმისეული.

ბოლო ორი სიტყვის გაერთიანებით, უფალი ჩვენგან სიღრმისეულ მონანიებას და მისკენ გამუდმებულ სვლას მოითხოვს. უფლის მსხვერპლმა და მისმა თავგანწირვამ ჩვენში უნდა წარმოშვას მონანიება, რაც უნდა გამოვხატოთ ჩვენი გონების, გულისა და საერთოდ, ცხოვრების შეცვლით.

სახარებისეულად ეს ასე ჟღერს: „ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული! მე უკვე აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში.“ (გალატელთა 2:20).

წრფელი მონანიებით, ჩვენი ცოდვილი ცხოვრებიდან უფლისკენ მიბრუნებით ჭეშმარიტად გავხდებით უფალთან სიკვდილისა და აღდგომის თანაზიარნი, და ჩვენს გულსა და ბაგეთ აღმოხდება: „ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!“

28 აპრილი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ღმერთი არასოდეს შეგაქცევს ზურგს…

რომა შალამბერიძე 27 აპრილი, 2019
რომა შალამბერიძე

„მეცხრე საათი იქნებოდა, როდესაც დიდი ხმით შესძახა იესომ: ‘ელი, ელი! ლამა საბაქთანი?’ რაც ნიშნავს: ‘ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?’“ (მათე 27:46).

ეს არის პირველი მოვლენა, როდესაც იესო მამას მიმართავს, როგორც ღმერთს.

მამა ღმერთმა მიატოვა იგი და პირი იბრუნა მისგან, როგორც სამყაროს სამართლიანმა განმსჯელმა, რადგან ღვთის თვალები მეტად სუფთაა იმისათვის, რომ უყუროს ბოროტებას და უკანონობას.

„მეტად სუფთაა შენი თვალები, რომ უმზიროს ბოროტებას და უკანონობას ვერ შეხედავ; რატომ უყურებ მტაცებლებს და დუმხარ, როცა ყლაპავს მართალს ბოროტეული?“ (აბაკუმი 1:13).

ზუსტად ეს წინასწარმეტყველება აღსრულდა ქრისტეში ჩვენთვის, როდესაც მამა ღმერთმა მიატოვა იესო და პირი იბრუნა მისგან.

თუ მამა ღმერთი არ გააკეთებდა ამას, მაშინ მას მოუწევდა, რომ დღევანდელ ცხოვრებაში ზურგი ექცია შენი ცოდვისთვის და მიეტოვებინე; მაგრამ რაკი იესოზე იყო ყველა ჩვენგანის ცოდვა, ეს სასჯელიც სწორედ მას დააკისრა სამყაროს შემოქმედმა და მოსიყვარულე ღმერთმა.

იესომ დაიკავა ჩვენი ადგილი ჯვარზე და მან მიიღო ყველა სასჯელი, რასაც ჩვენ ვიმსახურებდით. ახლა კი წერილის საფუძველზე ვხედავთ, რომ უფლის თვალები მოპყრობილია ჩვენკენ.

მიუხედავად იმისა, რომ სამყაროს მოსამართლე ღმერთმა პირი იბრუნა იესოსგან, როგორც მამა, ის განიცდიდა, რადგან მისი ძე კაცობრიობის ცოდვების გამო იყო ჯვარზე გაკრული.

სწორედ იესო გახდა კეთილსურნელება, რომლითაც ჩვენ გვეპატია ცოდვები.

ზუსტად ეს აღსრულდა ჯვარზე: ღმერთის წმინდა თვალებისთვის შეუფერებელი იყო, რომ ემზირა ცოდვილთათვის, ამიტომ აქცია ზურგი საკუთარ ძეს, რათა შენთვის შეხედვა შესძლებოდა. რადგანაც შენი და ჩემი ცოდვა იესომ იტვირთა, მან შეგვარიგა მამასთან და დაფარა ჩვენი ყველა დანაშაული.

ახლა ღმერთი გიღიმის და მისი თვალები მუდამ შენკენ არის მოპყრობილი, რაც არ უნდა დააშავო, თუკი გულით ითხოვ პატიებას და შემობრუნდები ცოდვილი გზიდან, ის არ გაქცევს ზურგს, რადგან იესომ საკუთარი ტანჯვით შენთვის ფასი გადაიხადა ჯვარზე. მან უკვე გააკეთა ეს, რათა სამუდამოდ შეერიგებინე მასთან.

მუდმივად მიდით ღმერთთან იესოს სახელით და მადლობა გადაუხადეთ მას ამ ძვირფასი საჩუქრისთვის და გახსოვდეთ, ღმერთი არასოდეს გაქცევთ ზურგს!..

„რადგან თქვა: ‘არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ.’“ (ებრაელთა 13:5).

27 აპრილი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

„გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი!“

თორნიკე ხუბაშვილი 27 აპრილი, 2019
თორნიკე ხუბაშვილი

„თუმცა ახლაც ამბობს უფალი: დამიბრუნდით მთელი თქვენი გულით, მარხვით, ტირილითა და გლოვით; გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი! მოუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს! ვინაიდან შემწყნარებელი და მწყალობელია იგი, სულგრძელი და დიდად მოწყალე და წუხს ბოროტებაზე.“ (იოველი 2:12-13).

„გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი!“

ეს ძლიერი სიტყვები მიმართულია ყოველგვარი გარეგნულობის წინააღმდეგ, რომელიც არ არის შინაგანი განცდის, სინანულის და გადაწყვეტილების გამოძახილი!

სამოსელი – ყველაფერი, რაც ქმნის ჩვენს იმიჯს ხალხში. ქმედებები, რომლებიც გათვლილია გარეგნულობაზე და არა ღვთის საამებლად მოქცევაზე, თუნდაც იყოს ეს ლოცვა, კითხვა, სანთლის ანთება, მარხვა, ქველმოქმედება და სხვა…

გარეგნულობაზე გათვლილი ქცევები არ ცვლის ჩვენს შინაგან ბუნებას, არამედ ჩვენი შინაგანი მდგომარეობა იწვევს ჩვენს ღირსეულ თუ უღირს ქცევებს. ის, ვინც ივსება ღვთიური რწმენით, იმავეთი ავსებს სხვის ცხოვრებასაც.

ადამიანს, რომელიც გულს იგლეჯს, წრფელია და ადარდებს საკუთარი მრუდე გზები უფლის წინაშე, აუცილებლად შეიწყალებს ღმერთი…

27 აპრილი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

აღდგომა – ტრადიციად ქცეული რიტუალი თუ ქრისტეს გამარჯვება სიკვდილზე?

რომა შალამბერიძე 27 აპრილი, 2019
რომა შალამბერიძე

წყნარად მივაბიჯებდი ქუჩაში, ყურსასმენებში აუდიოლექციას ვუსმენდი, როდესაც ჩემი ყურადღება ერთმა მარტივმა წინადადებამ მიიქცია.

„კერამიკული კვერცხი – ორი ლარი.“

მოგეხსენებათ, სააღდგომო კვირეულია და ეს არავის უკვირს. მეც, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ გავაგრძელე გზა, მაგრამ უცებ დავფიქრდი და კითხვა გამიჩნდა: ნუთუ ამდენად გასართობ და შესაჯიბრებელ დღესასწაულად ვაქციეთ ქრისტეს აღდგომა?

მეც ის ახალგაზრდა ვარ, რომელიც ბავშვობაში გააზრებულად თუ გაუაზრებლად ამბობდა: „ქრისტე აღდგა!“, ხოლო მეგობრის ბაგიდან მოსმენილი პასუხის შემდეგ: „ჭეშმარიტად!“ იწყებოდა შეჯიბრება კვერცხის გატეხაში. და მე მიხაროდა გამარჯვება, თუმცა ორმაგად გახარებული ვიყავი, როდესაც ხელთ მქონდა კერამიკული ან ხის კვერცხი, რომლის შესახებაც მეგობრებმა არ იცოდნენ და ჩემი იმედი მტკიცე იყო, რომ გავიმარჯვებდი. თუ ისინი მკითხავდნენ, ვატყუებდი თუ არა მათ, ვპასუხობდი არას, რადგან მინდოდა, გამარჯვებულის სახელი ღირსეულად მეტარებინა, ეს ხომ ბავშვობის ოინებია… და მე მიხაროდა აღდგომის დადგომა იმიტომ, რომ თანატოლებს შევეჯიბრებოდი და ჩემს გულს ამ სიხარულით დავიკმაყოფილებდი, თუმცა თვალსაწიერიდან მრჩებოდა მთავარი სიხარული, რისთვისაც ღირდა ეს დღე და მთელი კაცობრიობის ცხოვრება; დღე, რომელსაც განსაზღვრავს არა რიცხვი და ადგილი, არამედ ის, ვინც რეალური სიხარულის მიზეზი მოგვცა! ეს არის იესო ქრისტე!

ამ დღეების განმავლობაში, ალბათ, ბევრი ადამიანი ჩაუვლის გვერდით იმავე წარწერებს და ყურადღებას არ მიაქცევს მათ; ბევრი იყიდის კიდეც, რომ გამოიყენოს, მაგრამ ვინც ამ სიტყვებს კითხულობთ, მინდა იცოდეთ, რომ ამ უწყინარი სიტყვების მიღმა დიდი ტყუილი იმალება. ჩვენი მტერი მუდამ ცდილობს – დააკნინოს და შელახოს უფლის საქმე და ვფიქრობ, ეს ამ სფეროშიც კარგად გამოსდის. საზოგადოებამ დაიჯერა, რომ თუნდაც კვერცხის გატეხაში შეჯიბრების დროს მოტყუება არაფერია, ნაცვლად იმისა, რომ ამ დღეს მაინც ესწრაფონ, არ მოატყუონ ერთმანეთს. ის ცდილობს, დანერგოს აზრი, რომ აღდგომა მკვდართა მონახულებისა და კვერცხის გატეხის ტრადიციაა უბრალოდ. ამ ფრაზებით ჩვენ კარი გავუღეთ ტყუილს, რომელიც მიეტმასნა ამ ძვირფას დღესასწაულს – აღდგომას, ამ ძვირფას ფაქტს, რომლითაც გადარჩენილები ვართ ყველანი და რომელი მსხვერპლითაც გამართლება გვაქვს არა მხოლოდ აღდგომის პერიოდში, არამედ მთელი სიცოცხლის განმავლობაში, რადგან ეს უტყუარი მიზეზია.

მოდით, ნაცვლად იმისა, რომ ვიხაროთ საკუთარი „გამარჯვებებით“, იმედი დავამყაროთ ჩვენს მთავარ გამარჯვებაზე, რომელიც არის ქრისტე!

მოდით, გავიხაროთ აღდგომის რეალური არსით, რომ ქრისტემ თავისი მსახურებით შეგვარიგა მამასთან და ნუ დავრჩებით ტყუილში, ნუ მოვატყუებთ მეგობრებს და ნუ შევბღალავთ სააღდგომო კვერცხის გატეხის თუნდაც უწყინარ ტრადიციას.

ყოველი გაგონილი სიტყვის შემდეგ „ქრისტე აღდგა“, ჯერ გულში თქვით: „გმადლობ, იესო!“ და შემდეგ თქვით ბაგით: „ჭეშმარიტად აღდგა!“

ქრისტე აღდგა!

ჭეშმარიტად აღდგა!..

იხილეთ სხვა ბლოგერების მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით:

ადამიანებს გვახასიათებს ზედაპირულობა. კაცობრიობის ისტორიას თუ შევისწავლით და ადამიანის ბუნებას ჩავუკვირდებით, შევამჩნევთ, რომ ადამიანს უძნელდება სიღრმისეული დამოკიდებულება საგანთა და მოვლენათა მიმართ. გვირჩევნია, წესი დავიცვათ, ვალი მოვიხადოთ და არ „დავიხარჯოთ” თანამონაწილეობით.

ასეთები ვართ ადამიანთა, მოვლენათა და დღესასწაულების მიმართაც! ყურადღება ზედაპირულზე, მეორეხარისხოვანზე გადაგვაქვს, ვიდრე მთავარზე. როდესაც აღდგომის დღესასწაული ახლოვდება, გონებაში გვიტრიალებს სასაფლაო, წითელი კვერცხები, ნათესავები, სუფრა… და გვავიწყდება ჩვენი იმედი და მხსნელი, რომლის განუმეორებელმა და უბადლო საქციელმა აღდგომის სიხარული მოგვიტანა; გვავიწყდება მოვლენა, რომელიც უფლის ყოველი მორწმუნის სასოებაა.

ნიკა ჯიაძე


თორნიკე ხუბაშვილი – რამდენადაც სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩემი ქვეყანა აღნიშნავს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს, იმდენადვე სამწუხაროა, რომ ხალხის დიდმა ნაწილმა ეს უხეირო ჩვეულებად აქცია და მოკლებულია იმ სიკეთეს, რაც აღდგომის შინაარსის გააზრებას მოაქვს. აღდგომა – ეს არის ჩვენი რწმენის დასტური; ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს უიმედო მდგომარეობა ქრისტიანისთვის; ეს დღე არის მტკიცებულება სწორი რწმენის, რადგან დაწერილია: „ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, თქვენი რწმენა ფუჭი ყოფილა.“ (1 კორინთელთა 15:17).

27 აპრილი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

რის გამო ორგულობ ღმერთს?

ია ბობოხიძე 27 აპრილი, 2019
ია ბობოხიძე

„ახლა მოიშორეთ უცხო ღმერთები, თქვენ შორის რომ არიან, და მომართეთ თქვენი გული უფლის, ისრაელის ღმერთისკენ.“ (იესო ნავეს ძე 24:23).

და რა არის შენი ღმერთი დღეს?

დიახ, “რა” და არა – “ვინ”.

რა არის შენი ღმერთი დღეს?

როგორ ფიქრობ, შენი რასთან დამოკიდებულება, რასთან მიმართება არ მოსწონს უფალს დღეს?

პირისპირ რომ იდგეს შენთან და გელაპარაკებოდეს, როგორც კაცი კაცს, რას გეტყოდა იგი? რას მოგაშორებინებდა? რაზე მიგითითებდა, რომ დაგეთმო?

რის გამო ორგულობ ღმერთს? რით აძლევ მას ეჭვიანობის საბაბს? შენი რომელი ქმედება სტკენს მას გულს?

სად გაქრა წრფელი ნდომა, წყურვილი? რით ანაცვლებ უფალთან საურთიერთო დროს?

რა არის ფიქრები, რომლებიც თავიანთ მსახურად გხდიან? რომლებიც მონობაში გამყოფებენ, მსგავსად ეგვიპტეში მყოფი ებრაელებისა?

რა გიშლის ხელს აღთქმული მიწის დასამკვიდრებლად, რომელიც გამზადებული აქვს უფალს და პირადად მოგმართავს: „რაღას აყოვნებთ, რატომ არ მიდიხართ იმ მიწის დასამკვიდრებლად, რომელიც მოგცათ უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა?!“ (იესო ნავეს ძე 18:3).

განა ეს მიწა ის დიდებული მომავალი არ არის, რომელიც ქრისტემ თავისი სიკვდილით მოიპოვა კონკრეტულად შენთვის?!

ფასად სისხლი გადაიხადა და სიცოცხლის დათმობით წერტილი დაუსვა ყოველგვარ ურჯულოებას.

ეწამა…

შენთვის ეწამა…

რა არის შენი ღმერთი დღეს?

რა ანაცვლებს იმ ტკივილს, რაც ჯვრამდე მიმავალმა გაიარა?

რა არის ტოლფასი მილურსმული ქრისტეს განცდებისა?

რა არის შენი ღმერთი დღეს?!

შეედრება კი ისეთ სიყვარულს, რომელმაც ერთადერთი ძე არ დაინდო შენ გადასარჩენად?

ნუთუ შეძლებს ადამიანი ყოველივე ამის დაფასებას?!

ნუთუ არსებობს გზა, რომლითაც მადლიერებას გამოხატავს იგი ცოცხალი, აღმდგარი ღმერთის მიმართ?

დიახ, აღმდგარი ღმერთის მიმართ.

2000 წლის წინ შენი გადარჩენისთვის ნაწამები, თუმცა სამი დღის შემდეგ სამარადისოდ აღმდგარი ღმერთის მიმართ.

სამარადისოდ!

სამარადისოდ!

მუდამ!

უკუნისამდე!

სამარადისოდ!

საჭიროებ კი სხვა ღმერთს დღეს?

თავისუფალი ნება გაქვს მოცემული, უბრალოდ უნდა გადაწყვიტო, რას ირჩევ დღეს.

„და თუ ბოროტებად თვლით თქვენს თვალში უფლის მსახურებას, დღესვე აირჩიეთ, ვის ემსახუროთ…“ – უთხრა იესო ნავეს ძემ ხალხს, რომელთაც ღმერთებად კერპები ჰქონდათ შექმნილნი.

და დღეს რა არის კერპები? არასწორი ურთიერთობანი, დამოკიდებულებანი, შეხედულებანი... ჩარჩოები, დამახინჯებული აზროვნება, რელიგიურობა, წესები... მიჯაჭვულობა ნივთებზე, ქცევებზე, ინტერნეტზე, ადამიანების ხელთა ნამოქმედარზე…

და ვის ირჩევ შენ დღეს?

ადამიანის ფანტაზიითა და ხელით შექმნილ უსულო „ღმერთებს“, თუ ცოცხალს, რომელმაც „ისე შეიყვარა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე!..“ (იოანე 3:16).

გილოცავთ და გისურვებთ ქრისტეს აღდგომას თქვენს გულებში, თქვენს ცხოვრებაში, ერთხელ და სამუდამოდ, რათა აღსრულდეს უფლის ნება, რომელიც არის კეთილი, სასურველი და სრულყოფილი, და თქვენს ცხოვრებაში მეფობდეს ის ერთადერთი, რომელიც ჭეშმარიტად არის ღირსი ქების, დიდების, პატივისა და თაყვანისცემის!..

27 აპრილი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

სამყაროს სჭირდება ქრისტე!

ნატალია ჩიქოვანი 24 აპრილი, 2019
ნატალია ჩიქოვანი

სამყარო ტკივილის ბუდედ გადაიქცა… ან იქნებ არც გადაიქცა და სულ ასეთი იყო, მას შემდეგ, რაც ცოდვამ დაიბუდა ბედნიერებისთვის შექმნილ დედამიწაზე.

ნაძალადევ ღიმილს ამოფარებული ადამიანთა სევდა ქარივით დაქრის ჰაერში და ნერვების დაჭიმული სიმები უხილავ ბადეს ქსოვს ადამიანთა შორის. თითქოს ერთ არასწორ მოძრაობას მოელის ყველა, რომ აფეთქდეს დენთად ნაგროვები სიძულვილი ადამის ძეთა ძარღვებში და სამყაროს სისხლის წვეთებად დაედინოს.

ძალადობას ფესვები გაუდგამს სიყვარულისთვის შექმნილ დედამიწაზე… არავის უნდა, ხიდი იყოს… ხიდი სიძულვილსა და სიყვარულს შორის… ხიდი ცოდვის მონობასა და თავისუფლებას შორის… ხიდი, რომელზეც გადაივლიან და უკვდავებას მისწვდებიან… არავის უნდა მოსმენა… ჩვენ დავემსგავსეთ ადამიანებს, ერთდროულად რომ ყვირიან, ტკივილისგან იგრიხებიან და ვერაფერს ხედავენ საკუთარი ტკივილის გარდა…

სამყარო იხრჩობა გულგრილობის ჭაობში… ადამიანებმა შემოიშენეს ციხესიმაგრეები საკუთარი თავის გარშემო, რათა თავი დაიცვან ერთმანეთისგან… სიყვარულისთვის შექმნილი დედამიწა გმინავს… ირგვლივ უნდობლობა და უარყოფაა, წრფელი ღიმილის ნაცვლად მწარე ირონია იკითხება სახეებზე… ძარღვებში სიძულვილი დუღს… სიყვარულისთვის შექმნილ დედამიწას თალხი გადაჰკვრია…

ნუთუ ასე ძნელია, გვიყვარდეს?! ნუთუ ასე ძნელია, სხვისი ტკივილი გვტკიოდეს?! ნუთუ ასე ძნელია, არ ვიყოთ გულგრილნი?! ნუთუ რთულია, მშვიდობის ძეებად და ასულებად ვიწოდებოდეთ?! ნუთუ შეუძლებელია, ვიყოთ ხიდი… ხიდი სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის?!

ძნელი არ არის, თუმცა ქრისტეს გარეშე შეუძლებელია!..

სამყაროს სჭირდება ქრისტე!

შენ გჭირდება ქრისტე!

მე მჭირდება ის… ჰაერზე მეტად, სიცოცხლეზე მეტად, არსებობაზე მეტად…

და მერე აღარაფერი იქნება შეუძლებელი!..

24 აპრილი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

მითხარი პრობლემა, უფალს მისი გადაჭრა რომ არ შეეძლოს

ნიკა ჯიაძე 18 აპრილი, 2019
ნიკა ჯიაძე

მითხარი პრობლემა, უფალს მისი გადაჭრა რომ არ შეეძლოს!..

  • საყვარელი ადამიანი ავად გყავს?

წმინდა წერილში წერია, რომ რწმენით სხვისთვისაც რომ ითხოვო განკურნება, თუნდაც შორს მყოფმა, ის აგისრულებს საწადელს.

უფალი მკურნალია!

  • გულგატეხილი ან გულდაჭრილი ხარ?

ბიბლია გვასწავლის, რომ უფალი ახლოსაა ასეთ ადამიანებთან!

ის კურნავს გულგატეხილს და ჭრილობას უხვევს მას.

  • მეგობართან შერიგება გინდა?

დაწერილია: თუ უფლისთვის მოსაწონია კაცის გზები, მტერსაც კი შეარიგებს მას!

მითხარი პრობლემა, უფალს მისი გადაჭრა რომ არ შეეძლოს!..

  • ფიქრობ, რომ წარმატებას ვერასოდეს მიაღწევ?

ღმერთი გეუბნება – დადე იმედი ჩემზე და მე აგისრულებ გულის წადილს.

  • მარტოდ გრძნობ თავს? ფიქრობ, რომ არავის უნდა შენთან ურთიერთობა?

უფალი ამბობს, რომ სინათლედ გაქცევს, რომლისკენაც ილტვის ხალხი… თუკი დაემორჩილები მას!

  • შეშინებული და ნერვიული ხარ?

დაწერილია: შეჩერდით და გაიგეთ, რომ მე ვარ ღმერთი!

მითხარი პრობლემა, უფალს მისი გადაჭრა რომ არ შეეძლოს!..

  • გგონია, შემთხვევითობა ხარ, ან შენს არსებობას აზრი არ აქვს?

უფალმა თავისი ხელებით გამოგძერწა დედის მუცელში, და უნიკალურს, დედამიწის შექმნამდე, წინასწარ განგიწესა კეთილი საქმეები საკეთებლად.

  • სიბნელე და წყვდიადი გაკრავს გარს?

ღმერთი აგზავნის უმცირეს ნათელს, უმცირეს ვარსკვლავს და თუ მას გაჰყვები, მიხვალ თავად უფალთან და უკან განსხვავებული დაბრუნდები, როგორც მოგვები – ქრისტეს შობისას.

მითხარი პრობლემა, უფალს მისი გადაჭრა რომ არ შეეძლოს!..

  • გგონია, რომ მარტო ებრძვი გამოწვევებს?

არა! ლომი იუდას ტომიდან – უფალი იესო ქრისტე – გამოვა შენთან ერთად საბრძოლველად.

  • ფიქრობ, რომ უმცირესობაში ხარ?

ღმერთთან ერთად უმრავლესობაში ხარ! თუ ღმერთია შენკენ, ვინ აღდგება შენ წინაშე?

  • კიდევ ფიქრობ, რომ რაიმე შეუძლებელია უფლისთვის?

რა სიმაღლის, სიგრძისა თუ სიგანის წინაღობასაც არ უნდა შეეჯახო, რა გარემოებაშიც არ უნდა მოხვდე, გახსოვდეს ერთი რამ – უფალი ყოვლისშემძლეა!..

შენს უმცირეს გასაჭირს ვერ დაგაძლევინებს?!

შენს პაწაწინა ტკივილსა თუ იარას ვერ მოგიშუშებს?!

დაცემულს ვერ წამოგაყენებს?!

სუსტს ვერ გაგაძლიერებს?!

დაიმახსოვრე – ის მკვდარსაც კი გაგაცოცხლებს!

ის ამბობს: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე!

ჩემთან მოსულს არასოდეს გავაძევებ!..

მითხარი პრობლემა, უფალს მისი გადაჭრა რომ არ შეეძლოს!..

18 აპრილი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

„უწყინარი“ შური

გიორგი ოდიაშვილი 15 აპრილი, 2019
გიორგი ოდიაშვილი

ვიდრე გააზრებულად მივუდგებოდი ქრისტიანობას და ქრისტეს სწავლებას, ჩემს ერთადერთ ცოდვად ბილწსიტყვაობას მივიჩნევდი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც არ მაწუხებდა ამ ცოდვაში ცხოვრება და თავს კომფორტულად ვგრძნობდი.

გადიოდა დრო და რაც უფრო ვიზრდებოდი ქრისტეს მოძღვრების შემეცნებაში, რაც უფრო ვუახლოვდებოდი სინათლეს, მით უფრო მეტ სიბნელეს ვხედავდი საკუთარ გულში და ვხვდებოდი, რომ ცვლილების დრო იყო. თურმე ბილწსიტყვაობაზე არანაკლებ საშიში ყოფილა ის ცოდვები, რომლებიც შესისხლხორცებული მქონია და ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ეს ყველაფერი ცოდვა იყო.

არ მსურს, ჩამოგითვალოთ ეს ცოდვები, თქვენ ისედაც კარგად იცით ისინი, მაგრამ მინდა, გამოვყო ერთი ცოდვა.

სხვა ცოდვებისაგან განსხვავებით, შური ბევრად შეუმჩნეველია, მით უმეტეს, თუ ადამიანს ეხერხება მსახიობობა. შური, ეს არის ცოდვა, რომელიც ცვლის მთელ შენს მსოფლმხედველობას; გაიძულებს, ყველგან და ყოველთვის საკუთარ თავს ადარებდე სხვას, და ყველას და ყველაფერს მუქი ჭრილიდან უყურებდე.

ეს არის ცოდვა, რომელიც გაიძულებს, აღიქვა ძმები, დები, თანამშრომლები კონკურენტებად. ცოდვა, რომელიც აბრმავებს შენს გულს და გაწყებინებს ბრძოლას მთელ სამყაროსთან; სადაც შენი მიზანი მხოლოდ ის არის, რომ ყველამ აღიაროს შენი განსაკუთრებულობა, სიდიადე, გამჭრიახობა და კიდევ მრავალი რამ, რაც რეალურად, შეიძლება, არც კი გაგაჩნია, ოღონდ ამ დროს შენ ჩვეულებრივი, მოღიმარი და უწყინარი სახე გაქვს და „ალელუიასაც“ დამაჯერებლად შესძახებ ხოლმე.

„მაგრამ თუ გული მწარე შურითა და შუღლით გაქვთ სავსე, ნუ ტრაბახობთ და ნუ ცრუობთ ჭეშმარიტების წინააღმდეგ.“ (იაკობი 3:14).

მე ვყოფილვარ შურით და შუღლით შეპყრობილი და ვიცი, როგორ ფიტავს და ძარცვავს ეს ცოდვა ქრისტიანს ღვთიური სიხარულისა და კმაყოფილებისაგან…

„ისევ ის შეაქეს. მე ვეღარ მამჩნევენ. მის ფოტოებს მეტი მოწონება აქვს. მას უკეთესი მანქანა ჰყავს. ის დააწინაურეს, არადა მე ვიმსახურებდი. ამ საქმეს გავაკეთებ, იქნებ ახლა მაინც მიხვდნენ, რომ მასზე უკეთესი ვარ. ალბათ, ის ჩემზე მეტად უყვართ…“

ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. თვით სახარების ქადაგებაც კი ყოფილა შესაძლებელი შურის და არა სიყვარულის გამო. „თუმცა ზოგიერთი შურითა და ჯიბრით, ზოგი კი კეთილი განზრახვით ქადაგებს ქრისტეს.“ (ფილიპელთა 1:15).

ნებისმიერ მომენტსა და სიტუაციაში, სულ რომ სასიხარულო ატმოსფერო იყოს შენ ირგვლივ, ვერ შეძლებ გახარებას, რადგან შური ცდილობს, დაგანახვოს თანამშრომელი კონკურენტად და მოყვასი – მტრად.

შურიანი ადამიანი, ეს არის მოტყუებული ადამიანი, რომელსაც ვერ გამოიყენებს ღმერთი თავის საქმეში. განა პირველი მკვლელობაც შურის ნიადაგზე არ მოხდა?! (დაბადება 4:1-8).

„რადგან, სადაც შური და შუღლია, იქ შფოთი და ყოველგვარი ბოროტმოქმედებაა.“ (იაკობი 3:16).

თუ ორი ქრისტიანი ერთმანეთს ეჯიბრება, აუცილებლად გაიმარჯვებს ეშმაკი.

ასე რომ, ნუ მივცემთ სატანას ადგილს. დაე, შევიმოსოთ ქრისტეს თავმდაბლობით, გვიყვარდეს, გავუფრთხილდეთ და საკუთარ თავებზე მეტად შევრაცხოთ ერთმანეთი.

გაკურთხოთ უფალმა!

 

15 აპრილი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    ბარაბას ადგილზე რომ ვყოფილიყავით…

    14 აპრილი, 2023
  • 2

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 3

    პატიება

    5 დეკემბერი, 2015
  • 4

    ვისთვის რა არის თავისუფლება?!..

    19 თებერვალი, 2019
  • საუბარი ღმერთთან

    4 მაისი, 2018


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ